„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 896
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 30/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.003.437
  • Word
896
26/12/2008
სსმ, 41, 30/12/2008
100.030.010.05.001.003.437
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 48-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულ ქალებს უფლება აქვთ ჰქონდეთ თვეში არა უმეტეს ოთხი პაემნისა, ხოლო მსჯავრდებული მამაკაცებისათვის პაემნების რაოდენობა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთის მოხდის რეჟიმის შესაბამისად. მსჯავრდებულის ქცევის ან შრომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მისი სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და სასჯელის მოხდის რეჟიმისა, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს შეუძლია მისცეს მსჯავრდებულს დამატებითი პაემანი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 681 მუხლი:

  „მუხლი 681. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლა

1. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე წარდგინებით მიმართოს სასამართლოს.

2. დეპარტამენტის მუდმივმოქმედ კომისიას თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის უფლებამოსილი პირი.

3. წარდგინებაში აღინიშნება: მსჯავრდებულის სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, ინფორმაცია ნასამართლობის თაობაზე, ჩადენილი დანაშაულის არსი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მითითებით, სასჯელის ზომა, ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსი, სასჯელის მოხდის წესი და პირობები, სასჯელის მოხდის ადგილი (გეოგრაფიული მდებარეობა, დაწესებულების დასახელება და საქმიანობა), მითითება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს – სასჯელის მოხდის თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას, და მისი წერილობითი თანხმობა, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.

4. სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ პირობებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და სხვა გარემოებებს, რომლებიც ახასიათებს მას. კომისიის წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.

5. დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის უარი, სასამართლოს მიმართოს წარდგინებით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე, უნდა იყოს მოტივირებული.“.

3. 73-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს ჰქონდეს თვეში ოთხი პაემანი, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.“.

4. 74-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, უფლება აქვს ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ერთი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.“.

5. 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულს უფლება აქვს ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ერთი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა.“.

6. 79-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ერთი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა;“.

7. მე-80 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციის მეთვალყურეობით, ჰქონდეს თვეში არა უმეტეს ერთი პაემნისა, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დამატებითი პაემნის გარდა;“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 26 დეკემბერი.

№896–რს