დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3524 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 46, 04/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.030.010.05.001.004.149 |
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) 401 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 401. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევა
1. თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, თუ დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ.
3. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3524–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები