„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1461
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 28/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.003.562
  • Word
1461
16/07/2009
სსმ, 20, 28/07/2009
100.030.010.05.001.003.562
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 49. სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვება განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით

1. მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია უფლება მისცეს მსჯავრდებულს, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება, თუ მიღებული იქნება სარწმუნო ცნობა ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების გარდაცვალების ან სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე.

3. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული ან მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის თავმჯდომარეს. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს დაწესებულების გარეთ ყოფნისთვის განკუთვნილი დრო (შემდგომ – დანიშნულების ადგილი).

4. სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.

5. სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

6. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების უფლება ეძლევათ აღმზრდელობითი, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მათი პიროვნებისა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის გათვალისწინებით. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარე ადგენს მსჯავრდებულის გამცილებელი თანამშრომლების რაოდენობას. გაცილება ხორციელდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დანიშნულების ადგილამდე და უკან.

7. მსჯავრდებულის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები გადაიხდება თავისი ან თავისივე ოჯახის სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

8. სასჯელაღსრულების დაწესებულების დროებით დატოვების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 და 492 მუხლები:

     „მუხლი 491. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

1. მსჯავრდებულს, თუ მას განსაზღვრული აქვს სასჯელის მოხდა საერთო ან მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში და მის მიმართ არ მოქმედებს დისციპლინური ან ადმინისტრაციული პატიმრობა, კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს ისარგებლოს წელიწადში ორჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. არასრულწლოვანს, აგრეთვე ფეხმძიმე ქალს და დედას, რომელსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს, უფლება აქვთ ისარგებლონ წელიწადში სამჯერ სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.

2. მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. მსჯავრდებულს (გარდა არასრულწლოვანი მსჯავრდებულისა) სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეორედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.

3. არასრულწლოვან მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის ერთი მესამედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის ერთი მეორედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის ორი მესამედი.

4. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად მსჯავრდებული ან მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი შუამდგომლობით მიმართავს დეპარტამენტის თავმჯდომარეს. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს ხანმოკლე გასვლის მოტივი და დანიშნულების ადგილი.

5. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შუამდგომლობის განხილვისას მხედველობაში მიიღება:

ა) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში;

ბ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პირობების წარსულში დარღვევის ფაქტები (თუ ასეთი არსებობს);

გ) მსჯავრდებულის პიროვნება;

დ) ოჯახური მდგომარეობა;

ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე;

ვ) დანიშნულების ადგილი;

ზ) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს მსჯავრდებულს.

6. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შუამდგომლობის განხილვისას დეპარტამენტის თავმჯდომარეს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის ღონისძიებები:

ა) გირაო – არანაკლებ 2000 ლარისა;

ბ) პირადი თავდებობა;

გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.

7. შესაძლებელია სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთობლივი გამოყენება.

8. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.

9. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შემთხვევაში მსჯავრდებული პირველივე დღეს უნდა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, სადაც დააფიქსირებს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის დაწყების დროს; ვადის ამოწურვის შემდეგ პრობაციის ბიუროში მსჯავრდებული დააფიქსირებს ვადის დამთავრების დროსაც. თუ მსჯავრდებული ობიექტური მიზეზებით ვერ ახერხებს დაბრუნებას განსაზღვრულ ვადაში, პრობაციის ბიურო უფლებამოსილია გაუგრძელოს მას ვადა არა უმეტეს 2 დღისა.

10. მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გარდა ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) მექანიზმის გამოყენების ხარჯებისა, გადაიხდის თავისი ან თავისივე ოჯახის სახსრებით.

11. მსჯავრდებულის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის თავმჯდომარის მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს მუდმივმოქმედ კომისიაში.

12. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესს, სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესს განსაზღვრავს მინისტრი.

    მუხლი 492. სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიებები – გირაო და პირადი თავდებობა

1. გირაო არის ფულადი თანხა. გირაო სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულების დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, მსჯავრდებულის ოჯახის წევრს ან მისი სახელით სხვა პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

2. დეპარტამენტის თავმჯდომარე ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის ფინანსურ მდგომარეობას.

3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის ვადაში შეიტანება სასჯელაღსრულების დაწესებულების დეპოზიტზე.

4. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში.

5. თუ მსჯავრდებულმა, რომელიც იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის რეჟიმში, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა ვადის ამოწურვის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. მსჯავრდებულის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება გირაოს შემტანს.

7. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, მსჯავრდებულის ოჯახის წევრი ან მისი სახელით სხვა პირი კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევას და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მის დადგენილ ვადაში გამოცხადებას.

8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.

9. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.

10. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ მას მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

11. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებული იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარისა.“.

    მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 491 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 491 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 16 ივლისი.

№1461–რს