დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3630 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/10/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 13/11/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 100.090.000.05.001.002.411 |
საქართველოს კანონი
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) 89-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პატიმარს (ბრალდებულს, განსასჯელს, ასევე ამ კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პატიმარს) შეიძლება ყოველთვიურად მიეცეს არა უმეტეს ორი პაემნის უფლება. პაემნის თაობაზე დაწესებულების ადმინისტრაციას უნდა ეცნობოს პაემნამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. ბრალდებულს პაემნის უფლებას აძლევს გამომძიებელი, პროკურორი. პაემნის მიცემაზე გამომძიებლის, პროკურორის დასაბუთებული უარი ბრალდებულს ეცნობება წერილობით 24 საათის განმავლობაში. უარის გასაჩივრების უფლება ბრალდებულს აქვს მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლო (მოსამართლე) საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს ზეპირი მოსმენის გარეშე, საჩივრის შესვლიდან არა უგვიანეს 48 საათისა. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (მოსამართლის) გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
12. განსასჯელის, ასევე ამ კანონის 85-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პატიმრის პაემნის უფლება განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება შეიზღუდოს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს (მოსამართლის) გადაწყვეტილებით. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს (მოსამართლეს) გადაწყვეტილება გამოაქვს პროკურორის მიერ შუამდგომლობის დაყენებიდან (წარდგენიდან) არა უგვიანეს 48 საათისა. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 27 ოქტომბერი.
№3630–IIს
დოკუმენტის კომენტარები