„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1397
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/07/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 28/07/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 100.030.010.05.001.003.556
  • Word
1397
11/07/2009
სსმ, 20, 28/07/2009
100.030.010.05.001.003.556
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პატიმრობის შესახებ“  საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №38(45), 1999 წელი, მუხ. 182) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 671 მუხლი:

     „მუხლი 671. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია

1. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია შედგება 9 წევრისაგან.

2. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ა) როტაციის წესით – საპარლამენტო უმრავლესობის ერთი წარმომადგენელი, უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ერთი წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენელი;

ბ) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის 6 თანამშრომელი.

3. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი წარმომადგენლის კანდიდატურას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო. საკოორდინაციო საბჭოს უფლება-მოვალეობანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

4. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის 6 თანამშრომელს ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ერთ წარმომადგენელსა და უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა ერთ წარმომადგენელს ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

5. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს კომისიის შემადგენლობიდან (გარდა როტაციის წესით დანიშნული წევრებისა) ირჩევს კომისია.

6. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის ის წევრები, რომლებიც კომისიაში წარადგინეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, უმრავლესობის გარეთ დარჩენილმა პარლამენტის წევრებმა და საკოორდინაციო საბჭომ, ექვემდებარებიან როტაციის წესით შეცვლას ყოველ 3 თვეში.

7. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი.“.

2. 68-ე და 681 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 68. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა

1. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე წარდგინებით მიმართავს სასამართლოს.

2. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი.

3. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით სასამართლოს წარუდგინოს მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის მასალები, თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს. კომისიის წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მასალების წარდგენისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პირობების წარსულში დარღვევის ფაქტები (თუ ისინი არსებობს), მსჯავრდებულის პიროვნება, ოჯახური პირობები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მოხდილი სასჯელი და სხვა გარემოებანი, რომლებიც დადებითად ახასიათებს მას.

5. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უარი, სასამართლოს მიმართოს წარდგინებით მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე, უნდა იყოს მოტივირებული.

    მუხლი 681. თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლა

1. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია უფლებამოსილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3–მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე წარდგინებით მიმართოს სასამართლოს.

2. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის უფლებამოსილი პირი.

3. წარდგინებაში აღინიშნება: მსჯავრდებულის სახელი და გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, მოქალაქეობა, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, ინფორმაცია ნასამართლობის თაობაზე, ჩადენილი დანაშაულის არსი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის მითითებით, სასჯელის ზომა, ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შინაარსი, სასჯელის მოხდის წესი და პირობები, სასჯელის მოხდის ადგილი (გეოგრაფიული მდებარეობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების დასახელება და საქმიანობა), მითითება იმის თაობაზე, თუ სად უნდა განთავსდეს მსჯავრდებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისაგან თავისუფალ დროს – სასჯელის მოხდის თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე, მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობა თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ადგილის საკონტაქტო პირის ვინაობა, რომელიც უშუალოდ გაუწევს ზედამხედველობას მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას, და მისი წერილობითი თანხმობა, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებები.

4. სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პირობების წარსულში დარღვევის ფაქტებს (თუ ისინი არსებობს), მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ პირობებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და სხვა გარემოებებს, რომლებიც ახასიათებს მას. კომისიის წარდგინებას უნდა ახლდეს მსჯავრდებულის პირადი საქმე.

5. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უარი, სასამართლოს მიმართოს წარდგინებით თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე, უნდა იყოს მოტივირებული.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 971 მუხლი:

     „მუხლი 971. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია არის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამონაცვლე.

2. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედმა კომისიამ უზრუნველყოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის წარმოებაში არსებული საქმეების დასრულება კანონით დადგენილი წესით.

3. საქართველოს მთავრობამ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს სათანადო ცვლილებების შეტანა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულებაში.

4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა უზრუნველყოს:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცება;

ბ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 11 ივლისი.

№1397–რს