საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • Word
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/01/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 001, 27/02/1996
სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.05.001.000.123
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
95
31/01/1996
პარლამენტის უწყებანი, 001, 27/02/1996
110.030.000.05.001.000.123
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (15/10/2010 - 05/05/2011)

საქართველოს  ორგანული კანონი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

საქართველოს 199 7   წლის 11 ნოემბრი ორგანული კანონი № 1059 - პარლამენტის უწყებანი 45 , 21.11.1997 წ., გვ. 54

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (შემდგომ – საკონსტიტუციო სასამართლო) არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

    მუხლი 2

საკონსტიტუციო სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, კოლეგიალობის, საქვეყნოობის, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, უფლებამოსილებათა მთელი ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დამოუკიდებლობის, ხელშეუხებლობისა და შეუცვლელობის საწყისებზე.

    მუხლი 3

1. საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციისა და კონსტიტუციური სამართალწარმოების სხვა წესები განისაზღვრება კანონით და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.

2. სავალდებულოა საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შესრულებას და მოსამართლის დამოუკიდებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე ორგანიზაციული კოდით. სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გათვალისწინებული ხარჯების მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინასწარი თანხმობით. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ბიუჯეტის პროექტს წარადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე კანონით დადგენილი წესით.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გადაეცეს მისი საქმიანობისათვის საჭირო შენობა და სხვა ქონება.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურა, უფლებამოსილება, ფორმირებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დამტკიცებული დებულებით.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2009  წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2187 - სსმ I, №40, 07.12.2009 წ., მუხ.288

    მუხლი 4

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავის მოვალეობათა შესრულებისას დამოუკიდებელია. იგი ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.

2. (ამოღებულია) .

3. სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები.

4. სახელმწიფო უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

თავი II

საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა და სტრუქტურა

    მუხლი 5

საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.

    მუხლი 6

1. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად გამწესებისას საჭიროა მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა.

    მუხლი 7

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევისას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ითვალისწინებენ კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც უნდა შეეფერებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს.

საქართველოს 1996  წლის 21 მარტი ს კანონი № 155 - პარლამენტის უწყებანი 5-6 , 24.04.1996 წ., გვ. 73

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2006  წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3399 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.203

     მუხლი 71.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას.

საქართველოს 1996  წლის 21 მარტი ს კანონი № 155 - პარლამენტის უწყებანი 5-6 , 24.04.1996 წ., გვ. 73

     მუხლი 72.

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ასარჩევი კანდიდატურების დასახელების უფლება აქვთ: პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომელიც არ შედის არც ერთ ფრაქციაში.

3. პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარე დამსწრეთ აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის თაობაზე. ყოველ ასარჩევ კანდიდატს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად. კენჭისყრა ფარულია.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

5. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედისა.

6. თუ არჩევნებში მონაწილეობს სამი კანდიდატი და რომელიმე მათგანმა ვერ მოაგროვა ხმათა საჭირო რაოდენობა, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქცია ან პარლამენტის წევრთა ათკაციანი ჯგუფი უფლებამოსილია პარლამენტის წინაშე იგივე კანდიდატურა დასამტკიცებლად წარმოადგინოს პირველი კენჭისყრიდან ათი დღის შემდეგ.

7. თუ პირველი კენჭისყრა ტარდება პარლამენტის სესიის ბოლო დღეს ან დარჩენილ ვადაში შეუძლებელია კანდიდატის არჩევა, ხელახალი კენჭისყრა ეწყობა პარლამენტის მომდევნო სესიის პირველსავე სხდომაზე.

8. თუ არჩევნებში მონაწილეობს სამზე მეტი კანდიდატი და მოსამართლეთა საჭირო რაოდენობა ვერ აირჩა, ეწყობა ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭს უყრიან იმ სამ კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს.

საქართველოს 1996  წლის 21 მარტი ს კანონი № 155 - პარლამენტის უწყებანი 5-6 , 24.04.1996 წ., გვ. 73

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 73

1. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კენჭისყრის შედეგად დანიშნულად ჩაითვლება ის სამი კანდიდატი, რომელიც პლენუმის დამსწრე წევრთა ხმათა ორ მესამედს მიიღებს.

საქართველოს 1996  წლის 21 მარტი ს კანონი № 155 - პარლამენტის უწყებანი 5-6 , 24.04.1996 წ., გვ. 73

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 8

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

    მუხლი 9

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანდასწრებით საკონსტიტუციო სასამართლოში დებს ფიცს: „ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არავის და არაფერს სხვას, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა“.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.

    მუხლი 10

1. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 10 დღისა ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა, რომელიც ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით. ამავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს ერთი კვირისა აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე

3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას ასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრმა.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება ამ კანონის მე-16 მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 11

1. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან.

2. პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი. პლენუმის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

3. კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი. კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

4. კოლეგიის შემადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პლენუმი. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამწესებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები კოლეგიებში რაც შეიძლება თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

5. კოლეგიის შემადგენლობა უნდა გადახალისდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევიდან 10 დღეში.

6. კოლეგიის შემადგენლობა შეიძლება გადახალისდეს აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა რაოდენობის ორი ან ორზე მეტი წევრით შეცვლიდან ერთი თვის ვადაში. თუ კოლეგიის მიერ საქმის განხილვაში ვერ მონაწილეობს ამ კოლეგიის ორი წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია ამ საქმის განხილვისათვის კოლეგიას დროებით მიამაგროს მეორე კოლეგიის ერთ-ერთი წევრი (გარდა კოლეგიის თავმჯდომარისა), რომელიც არ შეიძლება დაინიშნოს მომხსენებელ მოსამართლედ.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17

    მუხლი 12

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე:

ა) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტს და აპარატის დებულებას. რეგლამენტსა და აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მოთხოვნის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს;

ბ) ანაწილებს საქმეებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით;

გ) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურებს;

დ) საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს პლენუმს, უძღვება მის სხდომებს, ხელს აწერს პლენუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, განჩინებას, დასკვნას, საოქმო ჩანაწერსა და სხდომის ოქმს; ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში სტაჟირების გავლის წესს;

ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საქმიანობას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აპარატის მუშაკებსა და სტაჟიორებს; განსაზღვრავს სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას;

ვ) განკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს საბიუჯეტო ასიგნებებს;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2010  წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №3711- სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.367

    მუხლი 13

1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უძღვება კოლეგიის სხდომას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ ფუნქციებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას, თავმჯდომარის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, ასეთი დავალების არარსებობისას კი – უხუცესი მოადგილე.

2. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შესრულებისას ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი კოლეგიის უხუცესი წევრი.

    მუხლი 14

1. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი აირჩევა პლენუმზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთაგან 5 წლის ვადით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების გარდა:

ა) ახორციელებს პლენუმისა და კოლეგიების სხდომების მოსამზადებელ ღონისძიებებს;

ბ) ორგანიზებას უწევს პლენუმისა და კოლეგიების სხდომათა ოქმების წარმოებასა და გაფორმებას;

გ) ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით;

დ) იღებს ზომებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის და თვეში ერთხელ მოახსენებს პლენუმს მათი აღსრულების მიმდინარეობის თაობაზე;

ე) ხელს უწყობს საჭირო ინფორმაციის კომპიუტერული წესით დამუშავების სისტემის ჩამოყალიბებას;

ვ) ორგანიზებას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაციის დაგზავნას.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 15

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, საკონსტიტუციო სასამართლოს დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობის მიცემის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება აღდგება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 16

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებდა ან წელიწადში 3 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებდა თავის მოვალეობას;

ბ) დაიკავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა ამ კანონის მე-17 მუხლით აკრძალულ საქმიანობას;

გ) დაარღვია ამ კანონის 48-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნა;

დ) ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი;

ე) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ვ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ;

ზ) მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

თ) გარდაიცვალა, ან სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ი) გადადგა თანამდებობიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი; „ე“ – „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რეგლამენტით დადგენილი წესით ამოწმებს მისთვის წარდგენილ საბუთებს და მათში აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განკარგულებით აფორმებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დადგენილება, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 20 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაემთხვა საქართველოს პარლამენტის არასასესიო პერიოდს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი გამწესდება პარლამენტის უახლოესი სესიის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 17

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი უნდა გადადგეს სხვა თანამდებობიდან ან შეწყვიტოს ამ მუხლით აკრძალული საქმიანობა ფიცის დადების დღიდან.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 18

თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდება იმ დროს, როდესაც იგი მონაწილეობს საქმის განხილვაში, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

თავი III

საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება

    მუხლი 19

1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:

ა) საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები;

ბ) დავა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე;

გ) მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი;

დ) დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ;

ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;

ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა ან შეთანხმებათა კონსტიტუციურობის საკითხი;

ზ) საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;

თ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საკითხი;

ი) დავა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე;

კ) საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი.

2 . თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

საქართველოს 2008  წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №475 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.182

საქართველოს 2009  წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

    მუხლი 20

კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 21

1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.

3. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, აგრეთვე რეფერენდუმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, გამგებლის, მერის არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს – საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.

4. საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, არ მიიღება სასამართლოში არსებითად განსახილველად, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც კოლეგიის განსჯადია, დაუყოვნებლივ გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას.

5. საქმის განხილვის მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს მონაწილეობა არ მიიღოს კენჭისყრაში და თავი შეიკავოს კენჭისყრისას.

6. თუ კონსტიტუციურ სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის/კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

7. თუ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობა, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოდ მიიჩნია საერთო სასამართლომ, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში აღნიშნული პირის ქმედობით.

7 1 . თუ ამ კანონის 41 2 მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება სადავო აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობა.

8. საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

 საქართველოს 2010  წლის 4 მაისის ორგანული კანონი №3069 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.170

     მუხლი 211

1. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმის გადაცემიდან 7 დღის ვადაში შესაბამისი რეზოლუციით ნიშნავს საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის პლენუმზე განხილვის თარიღს, ხოლო თუ საქმე მიღებულია არსებითად განსახილველად – არსებითი განხილვის თარიღს. რეზოლუციაში ცალკე პუნქტად მიეთითება მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა. თუ საქმის პლენუმისათვის გადაცემა გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 2 კვირის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმზე განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერი/განჩინება, გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17

საქართველოს 2008  წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №77 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.87

საქართველოს 2009  წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

საქართველოს 2010  წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №3711- სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.367

     მუხლი 21 2

1. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შემოსული კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის განაწილებისას მივა დასაბუთებულ დასკვნამდე, რომ განსახილველმა საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა, იგი მისთვის კონსტიტუციური სარჩელის გადაცემიდან 7 დღის ვადაში მიმართავს პლენუმს წერილობით დასაბუთებული წინადადებით საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ.

2. პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში წყვეტს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. განჩინების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს განსახილველად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს ერთ-ერთ კოლეგიას.

3. პლენუმის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქმის შემდგომი განხილვისათვის გამოიყენება ამ კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის პლენუმის მიერ განხილვის საერთო წესები.

4. პლენუმის მიერ ამ მუხლითა და ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული საქმეების განხილვა არ აჩერებს საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა საქმეების განხილვასა და გადაწყვეტას. აღნიშნული საქმეების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

საქართველოს 2009  წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

საქართველოს 2010  წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №3711- სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.367

    მუხლი 22

1. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 2 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2. ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნამდე არა უგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა ეხება არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას.

3. ჩატარებული არჩევნების, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა, ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ საკითხის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 30 დღით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

4. ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება ამავე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებიდან ამ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, აგრეთვე კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებიდან ამ წარდგინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასკვნის ან გადაწყვეტილების გამოტანამდე.

6. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დროს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ იქნა იმავე პუნქტებით განსაზღვრული სხვა სარჩელი, მისი განხილვის ვადა აითვლება არსებითი განხილვის პროცესში მყოფ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.

საქართველოს 1997  წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №1059 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ. 54

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17

საქართველოს 2009  წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

    მუხლი 23

1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს კომპეტენციის დამრღვევი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობას მისი ამოქმედებიდან.

3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის  გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის აქტის გაუქმებას.

4. ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს:

ა) არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;

ბ) დანიშნული არჩევნების (რეფერენდუმის) გაუქმებას, თუ არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნა ეფუძნება არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს;

გ) არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას, თუ არჩევნების (რეფერენდუმის) არდანიშვნა ეფუძნება არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს.

41 . ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს:

ა) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას;

ბ) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ (ცალკეული საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით) ბათილად ცნობას, თუ არაკონსტიტუციურად ცნობილმა ნორმატიულმა აქტმა ან მისმა ნაწილმა არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე და არაკონსტიტუციური აქტის ან მისი ნაწილის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი.

5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული ნაწილების საქართველოსთვის ბათილად ცნობას, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების რატიფიცირების დაუშვებლობას.

6. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს საქართველოს პარლამენტის:

ა) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას, თუ პარლამენტმა მას ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება;

ბ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას მისი ძალაში შესვლის მომენტიდან და მოქალაქის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ცნობას, თუ პარლამენტმა არ ცნო მისი უფლებამოსილება;

გ) შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, თუ მას პარლამენტმა ვადამდე არ შეუწყვიტა უფლებამოსილება;

დ) იმ დადგენილების (ან მისი ნაწილის) ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, რომლითაც პარლამენტმა ცნო პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირთა ქმედობის კონსტიტუციურობას.

8. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

9. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობის დადასტურება იწვევს სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

10. ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადავო აქტი ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

საქართველოს 2009  წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

    მუხლი 24

1. ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული და ფიზიკური პირი, მოქალაქეთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მის წევრთა მიერ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც მათი უფლებამოსილებიდან წარმოდგება.

2. საკონსტიტუციო სასამართლო და მისი წევრები უფლებამოსილი არიან საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ორგანოდან, იურიდიული და ფიზიკური პირისაგან, სამეცნიერო დაწესებულებიდან და საინფორმაციო ცენტრიდან, რეგლამენტის შესაბამისად მოიწვიონ სპეციალისტები საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი წევრების უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოთხოვნის შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.

    მუხლი 25

1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით.

2. არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი იურიდიულ ძალას კარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი მისი გამოქვეყნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, თუ ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგ არ შეიძლება ისეთი სამართლებრივი აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.

41. თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ხოლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შეუსაბამოდ, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი – საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამოდ, და თუ არ არსებობს ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

5. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

საქართველოს 2008  წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №77 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.87

    მუხლი 26

1. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.

1 1 . ამ კანონის 41 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად ნორმატიული აქტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაზე, ხოლო ამავე კანონის 41 2 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის ძალადაკარგულად ცნობას.

2. საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას:

ა) ამოწმებს საქართველოს კონსტიტუციასთან მისი შინაარსის შესაბამისობას;

ბ) არკვევს, დაცულია თუ არა საქართველოს საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციით დადგენილი წესები.

3. ნორმატიული აქტის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სადავო ნორმის არა მარტო სიტყვასიტყვით მნიშვნელობას, არამედ მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას, აგრეთვე შესაბამისი კონსტიტუციური ნორმის არსს.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

საქართველოს 2009  წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

თავი IV

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტის საერთო წესი

    მუხლი 27

1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი, პროფესიული, კომერციული, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს. დახურულ სხდომაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დაესწრონ მოწმეები, ექსპერტები და თარჯიმნები. მხარეთა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება მისცეს სხვა პირებსაც.

3. განჩინება საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს სათათბირო ოთახში.

4. (ამოღებულია).

5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.

საქართველოს 2010  წლის 4 მაისის ორგანული კანონი №3069 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.170

     მუხლი 271

1. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენით, თუ სხვაგვარად შეუძლებელია საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევა.

2. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის ან/და მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე არსებითად განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე.

3. მოსარჩელის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს კონსტიტუციურ სარჩელთან/წარდგინებასთან ერთად, ან მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღეში. საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოპასუხეს.

4. მოპასუხის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების მიღებიდან ან მოპასუხის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღეში. საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოსარჩელეს.

5. თუ მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის, ხოლო მოსარჩელე მოპასუხის მოთხოვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში არ მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17

    მუხლი 28

საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. სასამართლო ვალდებულია მიუჩინოს თარჯიმანი პროცესის იმ მონაწილეს, რომელიც ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას.

    მუხლი 29

მხარეებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ მათგან ამონაწერები, გადაიღონ ასლები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, დაუსვან შეკითხვები მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, მიმართონ შუამდგომლობებით საკონსტიტუციო სასამართლოს, მისცენ მას ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები.

    მუხლი 30

1. მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი ინტერესების დაცვა მიანდონ ადვოკატს ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირს.

2. მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება მიანდონ ნდობით აღჭურვილ პირს – წარმომადგენელს.

    მუხლი 31

1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2009  წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

    მუხლი 32

1. საკონსტიტუციო სასამართლოში მოწმეთა გაფრთხილება, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევთა მიმართ ზომების გამოყენება და მტკიცებულებათა გამოკვლევა წარმოებს კანონით დადგენილი წესით.

2. საქმის განხილვისას წესრიგის დამრღვევ პირს სხდომის თავმჯდომარე აძლევს გაფრთხილებას. წესრიგის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოვლენის შემთხვევაში დამრღვევი პირი სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით შეიძლება გაძევებულ იქნეს სხდომათა დარბაზიდან, რაც არ აბრკოლებს საქმის განხილვა-გადაწყვეტას. პირი სხდომიდან გაძევებულად ითვლება სასამართლო განხილვის დასრულებამდე. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ პირს მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა. მხარის გაძევების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ მხარეს თავად მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17

     მუხლი 321

1. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის სტრუქტურაში შედის საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის სამსახური. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ამოცანაა სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური არის საჯარო მოსამსახურე. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 22 წლიდან, თუ იგი ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად სამსახურის ზღვრული ასაკი არის 50 წელი. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური:

ა) უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებას;

ბ) იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასა და ტერიტორიას;

გ) უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვას;

დ) ასრულებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის თავმჯდომარის მითითებებს წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით;

ე) აღკვეთს სამართალდარღვევას საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე, გამოავლენს სამართალდამრღვევს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში აკავებს მას პოლიციისათვის გადაცემის მიზნით და ადგენს დაკავების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს, თუ სხვა, შედარებით მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით აქვს შემდეგ შემთხვევებში:

ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში და ტერიტორიაზე მყოფ პირებზე თავდასხმის მოგერიებისას;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) დაკავებული სამართალდამრღვევის პოლიციისათვის გადაცემისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი იმის ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფებს.

6. ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური ვალდებულია:

ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო თავისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია ან დაყოვნებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ანდა გამოიწვიოს სხვა მძიმე შედეგები;

ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, რათა მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;

გ) ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათში წერილობით აცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს;

დ) ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

7. აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მიმართ. ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება დასაშვებია, თუ ფეხმძიმე ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და არასრულწლოვნის მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

8. საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ატარებს სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს. სამსახურებრივ ფორმას და სამკერდე ნიშანს ამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17

    მუხლი 33

1. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების, საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე შესაბამის ორგანოთა მიერ მიღებული/გამოცემული ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის ნორმატიული აქტის გამოც არის შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი. თუ კონსტიტუციური სარჩელი ეხება საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებულ/გამოცემულ ნორმატიულ აქტს, მოპასუხეა ამ აქტის მიმღების/გამომცემის უფლებამონაცვლე ორგანო, ამ ორგანოს არარსებობისას კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხენი არიან საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოები.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

    მუხლი 34

1. საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის ფარგლების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კომპეტენცია ან დაირღვა სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლში ჩამოთვლილ სახელმწიფო ორგანოებს, თუ ისინი მიიჩნევენ რომ დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმეში მოპასუხეა ის სახელმწიფო ორგანო, რომლის ნორმატიულმა აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა.

3. კომპეტენციის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ან წარდგინების ასლს გადაუგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი უფლებამოსილების ფარგლების დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია განმცხადებელი მხარედ ჩააბას საქმეში.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

    მუხლი 35

1. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება და მისი მარეგისტრირებელი ორგანო.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 36

1. არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა:

ა) სადავო ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო/თანამდებობის პირი;

ბ) არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნაზე უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი, თუ სადავო ნორმატიული აქტის საფუძველზე ხდება არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნა ან არდანიშვნა.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2009  წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

    მუხლი 37

1. არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის ნორმატიული აქტის გამოც იქნა შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ან/და საარჩევნო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი არჩევნების ჩატარებაზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება:

ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ჩატარებული რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული რეფერენდუმის კონსტიტუციურობას;

ბ) შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობას.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2009  წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

    მუხლი 38

1. საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების შეტანისა – საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.

2. კონსტიტუციური წარდგინება შეიტანება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის თაობაზე, რომლებიც ექვემდებარება რატიფიცირებას. კონსტიტუციური წარდგინების შეტანა შეიძლება მათ რატიფიცირებამდე.

21. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის თაობაზე. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შეიძლება:

ა) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა დენონსირებაზე ან გაუქმებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ უარის თქმიდან 30 დღის ვადაში;

ბ) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა დენონსირების ან გაუქმების საკითხის საქართველოს პარლამენტის წინაშე დასმიდან არა უადრეს 31-ე და არა უგვიანეს მე-60 დღისა, თუ პარლამენტმა 30 დღეში არ გადაწყვიტა საკითხი;

გ) თუ საერთაშორისო ხელშეკრულება ან შეთანხმება არ ექვემდებარება რატიფიცირებას.

3. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების, შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ, რომლებიც რატიფიცირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე, შეიძლება მათი რატიფიცირების შემდეგაც.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს პარლამენტში ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების დენონსირების საკითხის განხილვა აჩერებს ამ ვადას.

5. (ამოღებულია).

6. ამ მუხლის 21 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების დამდები ორგანო/თანამდებობის პირი ან მისი უფლებამონაცვლე.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

    მუხლი 39

1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;[ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება - სსმ IV, №56, 06.07.2010წ., გვ.2]

ბ) საქართველოს სახალხო დამცველს, თუ მას მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევა.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება - სსმ IV, №56, 06.07.2010წ., გვ.2

    მუხლი 40

1. საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე იმ მოქალაქეს, ვისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ საქმეში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 41

1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნების მისაღებად კონსტიტუციური წარდგინების ამ კანონითა და „იმპიჩმენტის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

2. ამ საკითხზე დასკვნის მომზადებისას საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირები.

3. (ამოღებულია).

საქართველოს 1997  წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №1059 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ. 54

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2008  წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №475 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.182

    მუხლი 41 1

1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომელმაც, მოსარჩელეთა აზრით, დაარღვია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი.

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

    მუხლი 41 2

1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტს დადგენილებით.

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღება იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

    მუხლი 42

1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქმის განმხილველ სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგინების ავტორისა და იმ ორგანოს დაუსწრებლად, რომლის აქტიც გახდა დავის საგანი.

2. ამ მუხლში აღნიშნული საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებად ითვლება საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის გადაწყვეტილებით მიღებული წარდგინება.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

     მუხლი 43

1. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებია გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტზე ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს იმ აქტს, რომელიც არ არის დაკავშირებული საქმის განხილვასთან, ხელს აწერენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მდივანი.

4. საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითად წყვეტს წერილობით.

5. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ იღებს საოქმო ჩანაწერს, ხოლო მიუღებლობის შესახებ – განჩინებას.

5 1 . ამ კანონის 25-ე მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლო იღებს განჩინებას.

52. ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლო იღებს საოქმო ჩანაწერს.

6. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვისას, ამ კანონის 41 2 და 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო 38-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დასკვნას.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

8. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი  და დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

9. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობა, თუ არ არსებობს ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი ან სხვა კონსტიტუციური სარჩელის თუ კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებას.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17

საქართველოს 2008  წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №77 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.87

    მუხლი 44

1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა ექვსი წევრი.

2. კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 45

1. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია უფლებამოსილია განიხილოს კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა სამი წევრი.

2. კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 46

1. მხარეს უფლება აქვს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილებაზე თუ:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლოებაში.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილების ან თვითგანრიდების შესახებ განცხადება დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.

    მუხლი 47

1. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი, რომელიც დგება წერილობითი ფორმით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ავტორის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ქვეყნდება პრესაში.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულ ან თანმხვედრ აზრთან ერთად სრული სახით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

საქართველოს 2009  წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

    მუხლი 48

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსი ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია.

    მუხლი 49

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

    მუხლი 50

1. სახელმწიფო ბაჟით იბეგრება:

ა) კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება და გადაწყვეტილება მათი განმეორებით გაცემისას.

2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობას და გადახდის წესს ადგენს კანონი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, სახელმწიფო ბაჟის გაზრდის ან შემცირების უფლება.

    მუხლი 51(ამოღებულია).

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

    მუხლი 52

საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით. ჩაცმულობის ფორმას ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი.

    მუხლი 53

1. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სახელმწიფო გერბიანი ბეჭედი თავისი დასახელებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი ბათუმი.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზსა და მოსამართლეთა სამსახურებრივ კაბინეტებში უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.

საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

საქართველოს 2006  წლის 7 სექტემბრის ორგანული კანონი №3549 - სსმ I, №40, 15.09.2006 წ., მუხ.281

საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1996 წლის 31 იანვარი.

№95–რს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1996  წლის 21 მარტის კანონი №155 - პარლამენტის უწყებანი №5-6, 24.04.1996 წ., გვ. 73

2. საქართველოს 1997  წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №1059 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997 წ., გვ. 54

3. საქართველოს 2002  წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14

შეცდომის გასწორება - სსმ I, №5, 21.03.05, გვ.11

4. საქართველოს 2004  წლის 25 ნოემბრის ორგანული კანონი №599 - სსმ I, №37, 16.12.2004 წ., მუხ.171

5. საქართველოს 2006  წლის 23 ივნისის ორგანული კანონი №3399 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.203

6. საქართველოს 2006  წლის 7 სექტემბრის ორგანული კანონი №3549 - სსმ I, №40, 15.09.2006 წ., მუხ.281

7. საქართველოს 2006  წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4215 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.17

8. საქართველოს 2008  წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №77 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.87

9. საქართველოს 2008  წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №475 - სსმ I, №30, 07.11.2008 წ., მუხ.182

10. საქართველოს 2009  წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199

11. საქართველოს 2009  წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2187 - სსმ I, №40, 07.12.2009 წ., მუხ.288

12. საქართველოს 2010  წლის 4 მაისის ორგანული კანონი №3069 - სსმ I, №25, 17.05.2010 წ., მუხ.170

13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება - სსმ IV, №56, 06.07.2010წ., გვ.2

14. საქართველოს 2010  წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №3711- სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.367

 

 

 

 

 

 

 

 

33. 23/12/2022 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/17/1583 - ვებგვერდი, 28/12/2022 32. 18/10/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1914-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 31. 21/04/2022 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/4/1648 - ვებგვერდი, 29/04/2022 30. 14/04/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1511-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/04/2022 29. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6865-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 28. 06/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3906-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 27. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3265-რს - ვებგვერდი, 10/08/2018 26. 29/12/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/5/768,769,790,792 - ვებგვერდი, 12/01/2017 25. 21/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 170-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 24. 03/06/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 5161-რს - ვებგვერდი, 04/06/2016 23. 19/02/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 4742-IIს - ვებგვერდი, 26/02/2016 22. 27/10/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4390-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 21. 29/05/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3669-IIს - ვებგვერდი, 05/06/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 20/03/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3399-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 19. 24/12/2014 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/2/577 - ვებგვერდი, 12/01/2015 18. 06/09/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1017-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 30/05/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 649-IIს - ვებგვერდი, 12/06/2013 16. 22/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6551-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 15. 05/05/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 4628-Iს - ვებგვერდი, 110525010, 25/05/2011 14. 15/10/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3711-IIს - სსმ, 57, 25/10/2010 13. 06/07/2010 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/466 - სსმ, 56, 06/07/2010 12. 04/05/2010 - საქართველოს კანონი - 3069 - სსმ, 25, 17/05/2010 11. 01/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2187 - სსმ, 40, 07/12/2009 10. 22/10/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1890 - სსმ, 33, 09/11/2009 9. 01/11/2008 - საქართველოს კანონი - 475 - სსმ, 30, 07/11/2008 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 77 - სსმ, 12, 14/07/2008 7. 29/12/2006 - საქართველოს კანონი - 4215 - სსმ, 1, 03/01/2007 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 07/09/2006 - საქართველოს კანონი - 3549 - სსმ, 40, 15/09/2006 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3399 - სსმ, 26, 14/07/2006 4. 25/11/2004 - საქართველოს კანონი - 599 - სსმ, 37, 16/12/2004 3. 12/02/2002 - საქართველოს კანონი - 1264 - სსმ, 4, 05/03/2002 2. 11/11/1997 - საქართველოს კანონი - 1059 - პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997 1. 21/03/1996 - საქართველოს კანონი - 155 - პარლამენტის უწყებანი, 5-6, 24/04/1996