„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1890
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 09/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.04.001.003.660
  • Word
1890
22/10/2009
სსმ, 33, 09/11/2009
110.030.000.04.001.003.660
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დავა რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ;“.

2. 211 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის მიერ საქმის გადაცემიდან 7 დღის ვადაში შესაბამისი რეზოლუციით ნიშნავს საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის პლენუმზე განხილვის თარიღს, ხოლო თუ საქმე მიღებულია არსებითად განსახილველად – არსებითი განხილვის თარიღს. რეზოლუციაში ცალკე პუნქტად მიეთითება მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა. პლენუმი ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული საქმე გადაწყვიტოს საქმის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ პლენუმისათვის საქმის გადაცემა გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი 2 კვირის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმზე განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 212 მუხლი:

     „მუხლი 212

1. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შემოსული კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სამართალწარმოებით გათვალისწინებული წესით საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის განაწილებისას მივა დასაბუთებულ დასკვნამდე, რომ განსახილველმა საქმემ თავისი შინაარსით შეიძლება წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემა, იგი მისთვის კონსტიტუციური სარჩელის გადაცემიდან 7 დღის ვადაში მიმართავს პლენუმს წერილობით დასაბუთებული წინადადებით საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ.

2. პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წინადადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში წყვეტს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რომლის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. განჩინების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს განსახილველად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს ერთ-ერთ კოლეგიას.

3. პლენუმის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქმის შემდგომი განხილვისათვის გამოიყენება ამ კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმის პლენუმის მიერ განხილვის საერთო წესები.

4. პლენუმის მიერ ამ მუხლითა და ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული საქმეების განხილვის დაწყებიდან ჩერდება საკონსტიტუციო სასამართლოში სხვა საქმეების განხილვა და განხილვის ვადის დინება. აღნიშნული საქმეების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.“.

4. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22

1. კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციის მომენტიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 2 თვით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2. ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანება ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნამდე არა უგვიანეს 30 დღისა. აღნიშნული ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სასარჩელო მოთხოვნა ეხება არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას.

3. ჩატარებული არჩევნების, გარდა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა, ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ საკითხის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში სარჩელის განხილვის ვადას არა უმეტეს 30 დღით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

4. ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება ამავე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებიდან ამ სარჩელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, აგრეთვე კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებიდან ამ წარდგინებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასკვნის ან გადაწყვეტილების გამოტანამდე.

6. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დროს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ იქნა იმავე პუნქტებით განსაზღვრული სხვა სარჩელი, მისი განხილვის ვადა აითვლება არსებითი განხილვის პროცესში მყოფ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.“.

5. 23-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს:

ა) არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;

ბ) დანიშნული არჩევნების (რეფერენდუმის) გაუქმებას, თუ არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნა ეფუძნება არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს;

გ) არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნის ვალდებულების დაკისრებას, თუ არჩევნების (რეფერენდუმის) არდანიშვნა ეფუძნება არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმატიულ აქტს ან მის ნაწილს.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს:

ა) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას;

ბ) ჩატარებული არჩევნების ან რეფერენდუმის შედეგების მთლიანად ან ნაწილობრივ (ცალკეული საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების მიხედვით) ბათილად ცნობას, თუ არაკონსტიტუციურად ცნობილმა ნორმატიულმა აქტმა ან მისმა ნაწილმა არსებითი და გადამწყვეტი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგზე და არაკონსტიტუციური აქტის ან მისი ნაწილის არარსებობის შემთხვევაში იქნებოდა არსებულისაგან განსხვავებული შედეგი.“.

6. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას:

ა) ამოწმებს საქართველოს კონსტიტუციასთან მისი შინაარსის შესაბამისობას;

ბ) არკვევს, დაცულია თუ არა საქართველოს საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების კონსტიტუციით დადგენილი წესები.“.

7. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.“.

8. 36-ე და 37-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 36

1. არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა:

ა) სადავო ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო/თანამდებობის პირი;

ბ) არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნაზე უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი, თუ სადავო ნორმატიული აქტის საფუძველზე ხდება არჩევნების (რეფერენდუმის) დანიშვნა ან არდანიშვნა.

მუხლი 37

1. არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის ნორმატიული აქტის გამოც იქნა შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ან/და საარჩევნო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი არჩევნების ჩატარებაზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება:

ა) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ჩატარებული რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული რეფერენდუმის კონსტიტუციურობას;

ბ) შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, თუ კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ჩატარებული არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობას.“.

9. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 47

1. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი, რომელიც დგება წერილობითი ფორმით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ავტორის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ქვეყნდება პრესაში.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულ ან თანმხვედრ აზრთან ერთად სრული სახით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 22 ოქტომბერი.

№1890–IIს