დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 95 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/01/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 001, 27/02/1996 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.030.000.05.001.000.123 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (27/02/1996 - 21/03/1996)
საქართველოს კანონი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (შემდგომ – საკონსტიტუციო სასამართლო) არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 2
საკონსტიტუციო სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, კოლეგიალობის, საქვეყნოობის, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, უფლებამოსილებათა მთელი ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დამოუკიდებლობის, ხელშეუხებლობისა და შეუცვლელობის საწყისებზე.
მუხლი 3
საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციისა და კონსტიტუციური სამართალწარმოების სხვა წესები განისაზღვრება კანონით და საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.
მუხლი 4
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავის მოვალეობათა შესრულებისას დამოუკიდებელია. იგი ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. მის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვა გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე მუხლით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის პროექტს კანონით განსაზღრული წესით.
3. სახელმწიფო ვალდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას.
თავი II
საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა და სტრუქტურა
მუხლი 5
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი.
მუხლი 6
1. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად გამწესებისას საჭიროა მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა.
მუხლი 7
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.
მუხლი 8
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.
მუხლი 9
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თანამდებობის დაკავებამდე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანდასწრებით საკონსტიტუციო სასამართლოში დებს ფიცს: „ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არავის და არაფერს სხვას, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა“.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.
მუხლი 10
1. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 10 დღისა ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა, რომელიც ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით. ამავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს ერთი კვირისა აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე
3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას ასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრმა.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება ამ კანონის მე-17 მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას.
მუხლი 11
1. საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან.
2. პლენუმის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე წევრი. პლენუმის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
3. კოლეგიის შემადგენლობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი. კოლეგიის სხდომებს უძღვება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. კოლეგიის შემადგენლობას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პლენუმი. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამწესებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები კოლეგიებში რაც შეიძლება თანაბრად უნდა იყვნენ წარმოდგენილი.
5. კოლეგიის შემადგენლობა უნდა გადახალისდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევიდან 10 დღეში.
მუხლი 12
1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე:
ა) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასამტკიცებლად საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტს. რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მოთხოვნის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს;
ბ) ანაწილებს საქმეებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით;
გ) წარუდგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურებს;
დ) საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი წესით იწვევს პლენუმს, უძღვება მის სხდომებს, ხელს აწერს პლენუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას, განჩინებას, დასკვნას და სხდომის ოქმს;
ე) ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის საქმიანობას; კანონმდებლობის შესაბამისად სამუშაოზე იღებს და სამუშაოდან ათავისუფლებს აპარატის მუშაკებს;
ვ) განკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოს საბიუჯეტო ასიგნებებს;
ზ) ახორციელებს კანონმდებლობით და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარუდგენს ინფორმაციას საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების შესახებ.
მუხლი 13
1. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე უძღვება კოლეგიის სხდომას, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ ფუნქციებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობისას, თავმჯდომარის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, ასეთი დავალების არარსებობისას კი – უხუცესი მოადგილე.
2. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შესრულებისას ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს, მის მოვალეობას ასრულებს შესაბამისი კოლეგიის უხუცესი წევრი.
მუხლი 14
1. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი აირჩევა პლენუმზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთაგან 5 წლის ვადით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების გარდა:
ა) ახორციელებს პლენუმისა და კოლეგიების სხდომების მოსამზადებელ ღონისძიებებს;
ბ) ორგანიზებას უწევს პლენუმისა და კოლეგიების სხდომათა ოქმების წარმოებასა და გაფორმებას;
გ) ხელს აწერს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით;
დ) იღებს ზომებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებისათვის;
ე) ხელს უწყობს საჭირო ინფორმაციის კომპიუტერული წესით დამუშავების სისტემის ჩამოყალიბებას;
ვ) ორგანიზებას უწევს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური დოკუმენტაციის დაგზავნას.
მუხლი 15
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, საკონსტიტუციო სასამართლოს დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაკავების ან დაპატიმრების შესახებ თანხმობის მიცემის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება აღდგება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
მუხლი 16
1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს თავის მოვალეობას;
ბ) მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) გაამჟღავნებს პროფესიულ საიდუმლოებას;
დ) დაიკავებს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა კანონით აკრძალულ საქმიანობას;
ე) დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას.
ვ) სასამართლო აღიარებს ქმედუუნაროდ;
ზ) გარდაიცვალა;
თ) ნებაყოფლობით გადადგა.
2. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
3. გადაწყვეტილება ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს ერთი კვირისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი.
მუხლი 17
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა თანამდებობასთან და ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი უნდა გადადგეს სხვა თანამდებობიდან ან შეწყვიტოს ამ მუხლით აკრძალული საქმიანობა ფიცის დადების დღიდან.
მუხლი 18
1. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა მთავრდება იმ დროს, როდესაც იგი მონაწილეობს საქმის განხილვაში, უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდება საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე.
თავი III
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება
მუხლი 19
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ა) საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი;
ბ) დავა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის თაობაზე;
გ) მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი;
დ) დავა რეფერენდუმის ან არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ;
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
ვ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა ან შეთანხმებათა კონსტიტუციურობის საკითხი;
ზ) საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი;
თ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის საკითხი.
მუხლი 20
1. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.
2. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 21
1. ამ კანონის მე-19 მუხლის ა), დ), ვ), თ), პუნქტებით და მე-20 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
2. ამ კანონის მე-19 მუხლის ბ), გ), ე), ზ) პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.
3. თუ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას პლენუმის ან კოლეგიის წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება არ დაკმაყოფილდება.
4. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს ხმის მიცემისაგან.
5. საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას კოლეგია მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო.
მუხლი 22
კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებიდან. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქმის განხილვის ვადას, არა უმეტეს 30 დღისა, აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
მუხლი 23
1. ამ კანონის მე-19 მუხლის ა), ე) პუნქტებით და მე-20 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
2. ამ კანონის მე-19 მუხლის ბ) პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს კომპეტენციის დამრღვევი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად ცნობას მისი ამოქმედებიდან.
3. ამ კანონის მე-19 მუხლის გ) პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის აქტის გაუქმებას.
4. ამ კანონის მე-19 მუხლის დ) პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს არჩევნების ან რეფერენდუმზე გასატან საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების დაუშვებლობას, ან არჩევნების თუ რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობას.
5. ამ კანონის მე-19 მუხლის ვ) პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების დაკმაყოფილება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულებისა თუ შეთანხმების ან მათი ცალკეული დებულებების საქართველოსათვის ბათილად ცნობას.
6. ამ კანონის მე-19 მუხლის ზ) პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ძალადაკარგულად ცნობას და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების აღდგენას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან, თუ შეწყვეტილი იყო, ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, თუ საქართველოს პარლამენტმა არ შეწყვიტა მისი უფლებამოსილება.
7. ამ კანონის მე-19 მუხლის თ) პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირთა ქმედობის კონსტიტუციურობას.
მუხლი 24
1. ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული და ფიზიკური პირი, მოქალაქეთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და მის წევრთა მიერ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც მათი უფლებამოსილებიდან წარმოდგება.
2. საკონსტიტუციო სასამართლო და მისი წევრები უფლებამოსილი არიან საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია ყველა სახელმწიფო ორგანოდან, იურიდიული და ფიზიკური პირისაგან, სამეცნიერო დაწესებულებიდან და საინფორმაციო ცენტრიდან, რეგლამენტის შესაბამისად მოიწვიონ სპეციალისტები საექსპერტო და საკონსულტაციო სამუშაოთა შესასრულებლად.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს და მისი წევრების უფლებამოსილებიდან გამომდინარე მოთხოვნის შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება კანონით.
მუხლი 25
1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი შეუსრულებლობა ისჯება კანონით.
2. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღიდან.
3. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის მოქმედება.
მუხლი 26
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არა აქვს იმსჯელოს მთლიანად კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
თავი IV
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტის საერთო წესი
მუხლი 27
1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი, პროფესიული, კომერციული, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება დაიხუროს. დახურულ სხდომაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება დაესწრონ მოწმეები, ექსპერტები და თარჯიმნები. მხარეთა შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება მისცეს სხვა პირებსაც.
3. განჩინება საქმის დახურულ სხდომაზე განხილვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს სათათბირო ოთახში.
4. სასამართლო სხდომაზე არ დაიშვება პირი, რომელსაც არ შესრულებია 16 წელი, თუ ის არ არის მოწმე, აგრეთვე შეიარაღებული პირი, გარდა იმ პირებისა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს იცავენ და ისინი დაიშვებიან მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვით.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ.
მუხლი 28
საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. სასამართლო ვალდებულია მიუჩინოს თარჯიმანი პროცესის იმ მონაწილეს, რომელიც ვერ ფლობს სამართალწარმოების ენას.
მუხლი 29
მხარეებს უფლება აქვთ გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ მათგან ამონაწერები, გადაიღონ ასლები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, დაუსვან შეკითხვები მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, მიმართონ შუამდგომლობებით საკონსტიტუციო სასამართლოს, მისცენ მას ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები.
მუხლი 30
1. მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი ინტერესების დაცვა მიანდონ ადვოკატს ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირს.
2. მხარეებს უფლება აქვთ საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება მიანდონ ნდობით აღჭურვილ პირს – წარმომადგენელს.
მუხლი 31
1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა.
2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ან წარდგინების ავტორის აზრით ადასტურებენ სარჩელის ან წარდგინების საფუძვლიანობას.
მუხლი 32
საკონსტიტუციო სასამართლოში მოწმეთა გაფრთხილება, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევთა მიმართ ზომების გამოყენება და მტკიცებულებათა გამოკვლევა წარმოებს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 33
1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებამდე შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ერთ მეხუთედს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმეებში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის ნორმატიული აქტის გამო შეტანილია საკონსტიტუციო სარჩელი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სარჩელი ეხება კონსტიტუციის ამოქმედებამდე მიღებულ ნორმატიულ აქტს – მოპასუხეა ამ აქტის მიმღების შესაბამისი უფლებამემკვიდრე ორგანო, ამ ორგანოს არარსებობის შემთხვევაში კი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 34
1. საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის ფარგლების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კომპეტენცია ან დაირღვა სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლში ჩამოთვლილ სახელმწიფო ორგანოებს, თუ ისინი მიიჩნევენ რომ დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმეში მოპასუხეა ის სახელმწიფო ორგანო, რომლის ნორმატიულმა აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების დარღვევა.
3. კომპეტენციის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ან წარდგინების ასლს გადაუგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი უფლებამოსილების ფარგლების დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია განმცხადებელი მხარე ჩააბას საქმეში.
მუხლი 35
1. მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს.
2. პირველ პუნქტში გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება და მისი მარეგისტრირებელი ორგანო.
მუხლი 36
1. საკონსტიტუციო სასამართლოში რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტს წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივით ან ამომრჩეველთა მოთხოვნით დანიშნა, ან საქართველოს პარლამენტის მოთხოვნის მიუხედავად არ დანიშნა რეფერენდუმი;
ბ) საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ამომრჩეველთა მოთხოვნის მიუხედავად არ დაინიშნა რეფერენდუმი;
გ) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს სახალხო დამცველს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმის ჩატარება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 37
1. საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარებულია საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
ბ) საქართველოს პრეზიდენტს ან საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები დანიშნული ან ჩატარებულია საქართველოს კონსტიტუციის 49–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 50–ე მუხლის პირველი-მეოთხე ნაწილების მოთხოვნათა დარღვევით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის ა) პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხოლო ბ) პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.
მუხლი 38
1. საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს,
2. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების, შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ, რაც ექვემდებარება რატიფიცირებას, შეიძლება მათ რატიფიცირებამდე
3. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების, შეთანხმების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ, რომლებიც რატიფიცირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე, შეიძლება მათი რატიფიცირების შემდეგაც.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობიდან 3 თვის ვადაში. საქართველოს პარლამენტში ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების დენონსირების საკითხის განხილვა აჩერებს ამ ვადას.
5. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებების ან მათ ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ შეიძლება საქართველოს პარლამენტის მიერ მათ დენონსირებაზე ან გაუქმებაზე უარის თქმის შემდეგ და, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წინაშე მათი დენონსირების ან გაუქმების საკითხის დასმიდან 30 დღის შემდეგ, თუ საქართველოს პარლამენტმა ამ ვადაში არ გადაწყვიტა ეს საკითხი.
6. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა ხელშეკრულების ან შეთანხმების დამდები ორგანო ან თანამდებობის პირი, ხოლო მე-3 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს პარლამენტი.
მუხლი 39
1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტების ან მათი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოსა და სხვა სახელმწიფოთა ფიზიკურ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დავებში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის აქტით, მოსარჩელის აზრით, გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
მუხლი 40
1. საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, აგრეთვე იმ მოქალაქეს, ვისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმეში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი.
3. ამ მუხლში გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან.
მუხლი 41
1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნების მისაღებად კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.
2. ამ საკითხზე დასკვნის მომზადებისას საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს შესაბამისი თანამდებობის პირები.
3. საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს იმ დღიდან, როდესაც საქართველოს პარლამენტისათვის ცნობილი გახდა აღნიშნულ თანამდებობის პირთა მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ.
მუხლი 42
ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქმის განმხილველ სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგინების ავტორისა და იმ ორგანოს დაუსწრებლად, რომლის აქტიც გახდა დავის საგანი.
მუხლი 43
1. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებია გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტზე ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს იმ აქტს, რომელიც არ არის დაკავშირებული საქმის განხილვასთან, ხელს აწერენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მდივანი.
4. საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს არსებითად წყვეტს წერილობით.
5. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების საკითხს წყვეტს წერილობით განჩინებით.
6. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ კონსტიტუციის დარღვევის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს წერილობითი დასკვნით.
7. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის თუ კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობა გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებითი ან სხვა კონსტიტუციური სარჩელის თუ კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებას.
მუხლი 44
1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა ექვსი წევრი.
2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პლენუმის სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. პლენუმის თავმჯდომარე სარგებლობს ერთი ხმის უფლებით.
მუხლი 45
1. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია უფლებამოსილია განიხილოს კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა სამი წევრი.
2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა კოლეგიის სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
მუხლი 46
1. მხარეს უფლება აქვს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააყენოს საკითხი საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილებაზე თუ:
ა) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლოებაში.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის აცილების ან თვითგანრიდების შესახებ განცხადება დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
მუხლი 47
1. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რაც დგება წერილობითი ფორმით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ავტორის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად ქვეყნდება პრესაში.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავებულ აზრთან ერთად სრული სახით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
მუხლი 48
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება არა აქვს გაამჟღავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსი ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია.
მუხლი 49
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 50
1. სახელმწიფო ბაჟით იბეგრება:
ა) კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება;
ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება და გადაწყვეტილება მათი განმეორებით გაცემისას.
2. სახელმწიფო ბაჟის ოდენობას და გადახდის წესს ადგენს კანონი.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, სახელმწიფო ბაჟის გაზრდის ან შემცირების უფლება.
მუხლი 51
საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი თვალყურს ადევნებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს თვეში ერთხელ მოახსენებს გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობას.
მუხლი 52
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მონაწილეობს განსაკუთრებული ჩაცმულობით. ჩაცმულობის ფორმას ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტი.
მუხლი 53
1. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სახელმწიფო გერბიანი ბეჭედი თავისი დასახელებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი მცხეთა.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 31 იანვარი.
№95–რს
დოკუმენტის კომენტარები