ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • Word
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/2/577
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 24/12/2014
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016029
  • Word
3/2/577
24/12/2014
ვებგვერდი, 12/01/2015
000000000.00.000.016029
ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის

 

გადაწყვეტილება 3/2/577

 

ქ. ბათუმი

2014 წლის 24 დეკემბერი

 

პლენუმის შემადგენლობა:

გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ქეთევან ერემაძე – წევრი;

კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;

ზაზა თავაძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი;

ოთარ სიჭინავა – წევრი;

ლალი ფაფიაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეების ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდეს წარმომადგენელი – გიორგი დავითური და მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – თამარ მესხია.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის 577) მომართეს ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 24 თებერვალს.

2. 577 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 10 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის2/4/577 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ საქმე განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელმაც 2014 წლის 8 აგვისტოს 3/4/577 საოქმო ჩანაწერით 577 კონსტიტუციური სარჩელი მიიღო პლენუმზე განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა გაიმართა 2014 წლის 12 სექტემბერს.

4. №577 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პურველი პუნქტი, აგრეთვე 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი და ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტი ადგენს, რომ „კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის/წარდგინების და ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შეაჩერებს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედებას, არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ამ ვადას, მის ამოწურვამდე არაუგვიანეს 5 დღისა, არაუმეტეს 15 კალენდარული დღით აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე”.

6. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებით კი განსაზღვრულია, რომ, თუ სადავო ნორმის შეჩერების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს  იმავე კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილ ვადაში, სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება ძალას კარგავს ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

7. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

8. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში უთითებენ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებზე, რომლებიც ეხება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შინაარსს. კერძოდ, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილულია როგორც ინსტრუმენტული უფლება, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვან რეალიზებასთან. სწორედ ამიტომ, მოსარჩელეთა აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ 42-ე მუხლის პირველი პუნქტის დაცულ სფეროში მოაქცია არა მხოლოდ ცალკე აღებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, არამედ ის პროცესუალური გარანტიებიც, რომლებიც მნიშვნელობას სძენს ამ უფლების განხორციელებას.

9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვისას პირის მიზანს წარმოადგენს უფლებების დაცვა სასამართლოს გადაწყვეტილების გზით, თუმცა, მოსარჩელეთა აზრით, იშვიათ შემთხვევაში, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ნორმის მოქმედებამ, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, შეიძლება იმდენად შელახოს პირის უფლება, რომ დაეკარგოს ინტერესი საბოლოო გადაწყვეტილებასთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის მითითებით, სწორედ აღნიშნულის პრევენცია წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველი წინადადების მიზანს.

10. მოსარჩელეები დამატებით აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონკრეტული ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას მრავალმხრივი შედეგი მოსდევს, იგი უპირველესად პირის ინდივიდუალური უფლების დაცვის საშუალებაა, რასაც გადაწყვეტილების გამოტანამდე ემსახურება სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი და უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურობის ხარისხის შენარჩუნებას.

11. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო ნორმების მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს აქტის მოქმედება არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადით (რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღით), თუმცა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს აღნიშნული ვადის მიღმა, სამართალწარმოების შესაბამისი ნორმებით განსაზღვრულ პერიოდში, რაც ბევრად აღემატება სადავო ნორმის შეჩერებისათვის დადგენილ ვადას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმის მოქმედების განახლება გადაწყვეტილების გამოტანამდე იწვევს გამოუსწორებელ შედეგებს მოსარჩელისთვის, რაც, თავის მხრივ, სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას აზრს უკარგავს იმდენად, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით, საქმის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი, უკვე დამდგარი უარყოფითი შედეგების გამოსწორება შეუძლებელი ხდება.

12. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოება ხასიათდება განსაკუთრებული სირთულითა და თავისებურებებით, სასამართლოს უწევს არა კონკრეტული ფაქტის, არამედ ნორმის შეფასება, მისი პრაქტიკული გამოყენების კვლევა, სპეციალისტის, ექსპერტის შერჩევა, მათთვის დროის მიცემა დასკვნის წარმოსადგენად და ა.შ. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა აზრით, შეუძლებელია 30 კალენდარული დღის ვადაში საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის გარემოებები სრულყოფილად გამოიკვლიოს და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღოს. რაც, მოსარჩელეთა მტკიცებით, ერთი მხრივ, შეიცავს საფრთხეს პირის ინდივიდუალური უფლების დაცვის ეფექტურობასთან დაკავშირებით, ამავდროულად კი, საკონსტიტუციო სასამართლოს სტატუსისა და უფლებამოსილების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესებისთვისაც.

13. მოსარჩელეთა აზრით, სხვადასხვა პროცესუალური გარანტიების არსებობის მიზანია, ხელი შეუწყოს ობიექტური, სამართლიანი და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღებას. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ დასაბუთებულობის მოთხოვნა ვერ იქნება გაგებული როგორც სასამართლოს ცალმხრივი ვალდებულება, ეს არის პირის უფლება, სასამართლოსაგან, როგორც კომპეტენტური ორგანოსაგან, ჰქონდეს ფაქტებისა და გარემოებების ჯეროვანი შესწავლის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მოლოდინი. რაც, მოსარჩელეთა მტკიცებით, პირველ რიგში, სამართალწარმოების გონივრულ ვადას გულისხმობს. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ გონივრული ვადის არარსებობის შემთხვევაში იზრდება გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის, შესაბამისად, პირის უფლებათა და თავისუფლებათა არამართლზომიერი შეზღუდვის რისკი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ნორმა, რომელიც არაგონივრულად ამცირებს სასამართლო სამართალწარმოების ხანგრძლივობას და შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის ჯეროვან ანალიზს, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის ქვეშ მოაზრებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.

14. მოსარჩელეთა შეფასებით, სადავო ნორმების მოქმედებით იქმნება პროცესუალურსამართლებრივი ვითარება, რომელშიც მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგების მოტანის გარეშე შეუძლებელი ხდება , საქმის გარემოებების ჯეროვანი გამოკვლევით მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანი კომპონენტია.

15. მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება არ არის აბსოლუტური, შესაბამისად, მისი შეზღუდვა შესაძლებელია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვით, კერძოდ, თუ არსებობს სათანადო ლეგიტიმური მიზანი, ხოლო ჩარევა თანაზომიერია.

16. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ შესაბამის კანონპროექტზე დართული განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის მიზანია მესამე პირთა ინტერესების დაცვა, რომელთაც შესაძლოა ზიანი მიადგეს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შედეგად. მოსარჩელეების განმარტებით, რიგ შემთხვევებში, ნორმის მოქმედების შეჩერებამ შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს მესამე პირთა ინდივიდუალური ინტერესებისა და საჯარო ინტერესის დაზიანება, თუმცა საკონსტიტუციო სამართალწარმოების საკითხების მომწესრიგებელი კანონმდებლობა ამ შემთხვევებისთვის თავად ითვალისწინებს შემჭიდროვებულ ვადებს.

17. მოსარჩელეების აზრით, კანონმდებლობით აღნიშნული შემთხვევები შესაძლოა არ იყოს ამომწურავად განსაზღვრული, თუმცა მოსარჩელე მიუთითებს სადავო ნორმების კატეგორიულობის შესახებ, კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა შეფასებით, დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს იმისდა მიუხედავად, მართლაც ადგება თუ არა ზიანი მესამე პირთა ინტერესს. მოსარჩელეთა აზრით, იქმნება ვითარება, როდესაც მოსარჩელეთა უფლება შეიძლება შეიზღუდოს ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის არსებობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ, ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპს.

18. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მაშინაც კი, როდესაც არსებობს ლეგიტიმური მიზანი, სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნაა განხორციელებული ჩარევა იყოს შესაბამისი თანაზომიერების პრინციპთან. მოსარჩელეთა განმარტებით, თანაზომიერების პრინციპი დგინდება დასაშვებობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის ელემენტების არსებობით.

19. მოსარჩელეთა შეფასებით, სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია უფლების იმაზე მეტად შეზღუდვა, ვიდრე ეს აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მოსარჩელეთა აზრით, განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები ზღუდავს პირის კანონიერ ინტერესს, იმისდა მიუხედავად, ნორმის მოქმედების შეჩერება ლახავს თუ არა მესამე პირთა უფლებას.

20. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები იძლევა საშუალებას, მესამე პირების არარსებულ ინტერესებს შეეწიროს მხარის ინდივიდუალური უფლება. მოსარჩელეთა აზრით, კანონმდებელს შეეძლო აერჩია ჩარევის ნაკლებად მძიმე ფორმა, მაგალითისთვის, დაედგინა გონივრული დროის შუალედი და მიეცა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეფასების უფლება - ილახებოდა თუ არა მესამე პირთა ინტერესები. ასეთი შეფასების უფლების არარსებობის პირობებში კი, მოსარჩელეთა აზრით, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა არის მეტი ინტენსივობის, ვიდრე საჭიროა კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რაც თანაზომიერების პრინციპის დარღვევაა.

21. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სადავო ნორმა ყოველგვარი დიფერენცირების გარეშე უპირატესობას ანიჭებს მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება თანაზომიერების პრინციპს, რომელიც კანონმდებელს ავალდებულებს, გამოიყენოს უფლების შეზღუდვის ყველაზე მსუბუქი საშუალება.

22. მოსარჩელე მხარის აზრით, ორგანული კანონით გათვალისწინებულმა ხანმოკლე ვადამ შესაძლოა მოსამართლეთა ინსტიტუციური გარანტიები დაარღვიოს, ვინაიდან არაგონივრულად მოკლე ვადის დაწესებით ალბათობა იმისა, რომ გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში ვერ იქნება გამოტანილი, საკმაოდ მაღალია, რაც შესაძლებელია შემდგომში გახდეს მოსამართლის დისციპლინური დევნისა და სხვა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი.

23. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა, მესამე პირთა ინტერესების დაცვა, მიიღწევა სხვა უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებებით. მოსარჩელეთა წარმომადგენელის აზრით, ინდივიდუალურ პირებთან მიმართებით სადავო ნორმის შეჩერება შეიძლება ერთ-ერთ ასეთ საშუალებად ჩაითვალოს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ამგვარი შესაძლებლობა არ გასცდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ინსტიტუტი ირიბად უკვე არსებობს საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის შემთხვევაში. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს მინიჭებული ისეთი უფლებამოსილებები, რომლებიც სცილდება აბსტრაქტულ კონტროლს.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ  არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტი და ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

25. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს ნორმის შეჩერების თაობაზე, განმწესრიგებელი ეტაპის პროცესები გავლილია და ამ მომენტიდან ათვლილი 30 დღიანი და 45 დღიანი ვადა გონივრულია. კერძოდ, აღნიშნულ ვადაში ყურადღება ექცევა ნორმის კონსტიტუციასთან მიმართებას, ასევე მის სამართლებრივ განმარტებას და არა სადავო ნორმის შინაარსის გამოვლენას.

26. მოპასუხის განცხადებით, მაშინ, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პირველად დგება კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლის განმარტების საჭიროების წინაშე, არსებული კანონმდებლობა სასამართლო კოლეგიას ანიჭებს უფლებამოსილებას, საქმე გადასცეს პლენუმს, რა დროსაც კოლეგიების მიერ განსახილველ საქმეებთან დაკავშირებული ვადების დინება წყდება, რაც შესაძლებლობას აძლევს პლენუმს, კონცენტრირება მოახდინოს, მხოლოდ განსახილველ საქმეზე. აღნიშნული კი ხარისხიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას უწყობს ხელს.

27. მოპასუხე მხარის მოსაზრებით, სადავო ნორმა გავლენას არ ახდენს გადაწყვეტილების დასაბუთებულობასა და ხარისხიანობაზე, რადგან სადავო ნორმით დაწესებული 45 დღე არ არის საბოლოო ვადა, რომლის განმავლობაშიც სასამართლო ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება.

28. მოპასუხის განმარტებით, კონსტიტუციის 89-ე და 42-ე მუხლის სისტემური წაკითხვა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა კონკრეტულ პირთან მიმართებით შეაჩეროს, რადგან მის კომპეტენციაში შედის მხოლოდ ნორმის ზოგადი შეფასება. კონკრეტული ინდივიდის მიმართ ნორმის შეჩერების ინსტიტუტის შემოღებით კი ის გასცდებოდა თავის კომპეტენციას.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები სრულად შეესაბამება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეები სადავოდ ხდიან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტისა და ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვები უკავშირდება საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში სადავო აქტების მოქმედების შეჩერების ხანგრძლივობას. კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა შეადგენს 30 დღეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია ეს ვადა 15 კალენდარული დღით გაგრძელდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს აღნიშნულ ვადაში (30 დღიანი ვადა 15 დღით გაგრძელების შესაძლებლობით),სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება ძალას კარგავს ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს.

3.  საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, კანონის უზენაესობისა და ხელისუფლების დანაწილების განხორციელების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ გარანტიას.

4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. სრულყოფილი დაცვა კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულ, სამართლიან და  ეფექტიან სასამართლოზე, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების სრულყოფილი რეალიზაციის მნიშვნელობა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

 

5. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა არაგონივრულად მცირეა და ხშირ შემთხვევაში არ იძლევა საქმის სრულყოფილი გამოკვლევისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.

6. „ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. … ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16,17).

7. სასამართლო დაცვა ეფექტიანია, თუ პასუხობს სწრაფი/დროული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მოთხოვნებს. სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლებიდან  გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრულად მისაღებ ვადებში, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე, ვინაიდანმართლმსაჯულების გაუმართლებელი დაყოვნება ძირს უთხრის მისდამი საზოგადოების ნდობას. იმავდროულად, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა უნდა იძლეოდეს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის ობიექტურ შესაძლებლობას. ამიტომ სამართალწარმოების ხანგრძლივობის გონივრულობა უნდა შეფასდეს საქმის კონკრეტული გარემოებების საფუძველზე.

8. საქმის სირთულის შეფასებისას საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტორი უნდა იქნეს გათვალისწინებული და შეფასებული. საქმის სირთულე შესაძლებელია უკავშირდებოდეს როგორც საქმის სამართლებრივ საკითხებს, ასევე ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის აუცილებლობას, პროცესზე ექსპერტის, სპეციალისტის ან/და მოწმის მოწვევის საჭიროებას, მათ რაოდენობას, მათ მიერ დასკვნის მომზადებისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობას, გასაჩივრებული აქტების სიმრავლეს ან/და მათ გასაჩივრებას საქართველოს კონსტიტუციის რიგ დებულებებთან მიმართებით და სხვა.

9. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის ვადა იქნება არაგონივრულად ხანგრძლივი, უფლების დაცვა გაჭიანურდება და დაკარგავს ეფექტიანობას. არაგონივრულად ხანმოკლე ვადის პირობებში კი მხარეებს და სასამართლოს შესაბამისად ერთმევათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ სასამართლოში საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, სრულყოფილად გამოიკვლიონ საქმის გარემოებები და განახორციელონ საჭირო საპროცესო მოქმედებები, რაც უარყოფითად აისახება საქმის განხილვის ხარისხზე, საფრთხეს უქმნის იმ კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების დაცვას, რომელთა დასაცავად პირი მიმართავს სასამართლოს, აჩენს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების და, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფის საფრთხეს.

10. სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელი ნაწილია ასევე უფლება დასაბუთებულ გადაწყვეტილებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანობა და მისი სწორად აღქმა მხარეებისა და საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხზე. დაუსაბუთებელმა, გაურკვეველმა და ზოგადმა ფორმულირებებმა შესაძლოა მხარეებს შეუქმნას შთაბეჭდილება, რომ მართლმსაჯულება იყო თვითნებური და მას აკლდა გამჭვირვალობა.სასამართლომ საკმარისი სიცხადით უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, რომელსაც ეფუძნება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლოს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სადავო აქტის მოქმედების ცალკეული ასპექტები და ნორმის მოქმედების ყველა სეგმენტი კომპლექსურად უნდა იქნეს შეფასებული.  სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ცხადი უნდა იყოს, რომ საქმის ყველა არსებით საკითხს გაეცა პასუხი.

11. გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნა მოსამართლეებსავალდებულებს, თავიანთი მსჯელობა დააფუძნონობიექტურ არგუმენტებზე. იმავდროულად, დასაბუთების ვალდებულების ხარისხი იცვლება სასამართლოს მიერ მიღებული აქტის ხასიათის და სამართალწარმოების ბუნების მიხედვით. შესაბამისად, განსაკუთრებით მაღალია დასაბუთებულობის სტანდარტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებით, რომელიც, ერთი მხრივ, საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც წესი, მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი და, ხშირ შემთხვევაში, ითვალისწინებს სამართლებრივი ურთიერთობის პრაქტიკულად ახლებური მოწესრიგების სტანდარტების შეთავაზებას ან სადავო აქტის კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი ინტერპრეტირების კრიტერიუმების იდენტიფიცირებას.

12. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა უკავშირდება მნიშვნელოვანი კონსტიტუციური დებულებების შინაარსის განმარტებას, მიმდინარე ნორმატიული ბაზის ანალიზს, თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში არსებული სტანდარტების მრავალმხრივ შესწავლას. ამავე დროს, განსახილველი საქმეების სპეციფიკის გათვალისწინებით, არის შემთხვევები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დგას მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა მოწვევისა და დაკითხვის, საზღვარგარეთ მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ფორუმებიდან ექსპერტული მოსაზრებების გამოთხოვის საჭიროების წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევაში, განსახილველი საქმეების კომპლექსურობის გათვალისწინებით, სადავო აქტით განსაზღვრული საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ვადა შესაძლებელია საკმარისი არ აღმოჩნდეს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის. საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე კი საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება ობიექტური შესაძლებლობა, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც ეჭვქვეშ აყენებს უფლებას სამართლიან სასამართლოზე.

13. შესაბამისად, სწრაფი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლების შეზღუდვის ხარჯზე გაუმართლებელია.

14. იმავდროულად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია გავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე.

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „მოითხოვს, რომ ქვეყნის სამართალი უზრუნველყოფდეს ადამიანის ძირითადი უფლება-თავისუფლებების სრული მოცულობით აღიარებასა და მათი დაცვის ყველა საჭირო გარანტიის შექმნას. ამ მიზნის მიღწევაში დიდია საკონსტიტუციო სასამართლოს როლი. მან, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,უნდა შეძლოს კონსტიტუციური უფლებების შინაარსის სწორად და სრულყოფილად განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული კომპეტენციების ფარგლებში განმარტავს კონსტიტუციას და უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი მოიცავს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას და ქმნის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას.

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის (იხ. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის N2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6 და სხვა).

17. გარკვეულ შემთხვევაში საქმის განხილვის შემჭიდროვებული ვადების არსებობა, შეზღუდვების დაწესება და სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესში გარკვეული წესრიგის შეტანა აუცილებელია. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს კანონმდებლის უფლებამოსილებას, დაადგინოს ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელების ვადები. თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. არცერთი საპროცესო ვადა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მართლმსაჯულებისა და კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას. ნებისმიერ შემთხვევაში ვადა უნდა იყოს გონივრული და აკმაყოფილებდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.

18. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

19. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემ სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად სადავო აქტის მოქმედების შეჩერებით წარმოშობილი ხანგრძლივი „საკანონმდებლო ვაკუუმის“ თავიდან აცილება და მესამე პირების ინტერესების დაცვა დაასახელა.

20. ნორმატიული აქტებით დადგენილი ქცევის ზოგადსავალდებულო წესები ემსახურება საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამისი სფეროების მოწესრიგებას და კონკრეტული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. რიგ შემთხვევებში სადავო ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერებამ შესაძლებელია შეზღუდოს როგორც კერძო, ისე საჯარო ინტერესები და დააზიანოს ის ღირებულება, რის დასაცავადაც არის მიღებული ეს აქტი, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერებით გამოწვეული ნეგატიური ეფექტების ხანგრძლივი ვადით გაგრძელების თავიდან აცილება ემსახურება მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას და წარმოადგენს იმ ლეგიტიმურ მიზანს, რომლის მისაღწევადაც დასაშვებია კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლების შეზღუდვა.

21. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილი სპეციალური ვადა ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან ერთად ადგენს რეჟიმს, რომლითაც დროში შემცირებულია სადავო აქტის მოქმედების შეჩერებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური შედეგები. აღნიშნული,  გარკვეულწილად, უზრუნველყოფს იმ კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას, რომელთა მიღწევასაც ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებული სადავო აქტი და რომელიც დაზიანდებოდა ამ აქტის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების შემთხვევაში. თუმცა უფლების შეზღუდვის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა ის გარემოება, რაც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას უკავშირდება.

22. განსახილველ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, წარმოადგენს თუ არა გასაჩივრებული საკანონმდებლო რეგულირება სადავო აქტის მოქმედების ხანგრძლივი შეჩერებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ყველაზე ნაკლებად მზღუდველ და ვარგის ღონისძიებას.

23. ამგვარი ღონისძიების შერჩევისას კანონმდებელს ფართო მიხედულება აქვს. თუმცა ნორმატიული აქტის მიღებისას კანონმდებელმა უნდა იხელმძღვანელოს თანაზომიერების კონსტიტუციური სტანდარტით და შეარჩიოს რეგულირება, რომელიც ყველაზე ნაკლებად შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს.

24. სადავო აქტის მოქმედების შეჩერებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები, რიგ შემთხვევებში, არ უკავშირდება ნორმის მოქმედების შეჩერების ხანგრძლივობას. თუ ნეგატიური შედეგები უკავშირდება ნორმატიული აქტის მოქმედების შეჩერების ფაქტს და არა მის ხანგრძლივობას, იკარგება ლოგიკური კავშირი სადავო რეგულაციასა და დასაცავ ინტერესებს შორის. ასეთ შემთხვევებში საეჭვოა სადავო ნორმის გამოსადეგობა.

25. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ შესაძლებელი იყო უფრო ნაკლებად მზღუდველი მექანიზმის შემოღება, რომლითაც დაცული იქნებოდა სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, მოსარჩელის სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასა და, მეორე მხრივ, დასახელებული კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას შორის. მათ შორის მაგალითად, როგორც საქმის არსებითი განხილვისას აღინიშნა, სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არა ზოგადად, არამედ მხოლოდ მოსარჩელესთან  მიმართებით შეჩერების შესაძლებლობა. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, როდესაც მაღალია ნორმის შეჩერებით გამოწვეული სავარაუდო ზიანის ალბათობა, ამგვარი მექანიზმი შესაძლებელია მართლაც წარმოადგენდეს პრობლემის გადაჭრის უფრო ზუსტ, უკეთესად მორგებულ მექანიზმს, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს მოსარჩელის ინტერესს, არ მოხდეს მისი უფლებების შეუქცევადი დარღვევა, ხოლო, მეორე მხრივ, ნორმის მოქმედების შეჩერება ნაკლებად გამოიწვევდა საჯარო ინტერესების ან მესამე პირების უფლებების დარღვევის საფრთხეს. შესაბამისად, შემცირებული იქნებოდა სადავო ნორმის მოქმედებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტები.

26. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო მექანიზმი წარმოადგენდა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ერთადერთ, ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას და შეუძლებელია სხვაგვარი ნაკლებად მზღუდველი ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც ნაკლებ ტვირთად დააწვებოდა მოსარჩელეს და ამავე დროს, დაიცავდა მესამე პირთა უფლებებსა და საზოგადოებრივ ინტერესებს.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არათანაზომიერია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

 

28. დასახელებული სადავო ნორმა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, კანონის უზენაესობის დაცვით, რაც ასევე გულისხმობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის დაცვასაც. თუმცა, ვინაიდან, სადავო ნორმამ დაუშვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევის შესაძლებლობა და სწორედ ამ შემთხვევას დაუკავშირა სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ამ შეზღუდვის კონსტიტუციურობაზეც.

29. საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობისა და კონსტიტუციის მე-2 თავით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან გარანტს. სხვა კომპეტენციებთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლო ამ ფუნქციას ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელების/წარდგინების საფუძველზე, ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმებისა და არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების გზით.

30. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასაც მოიცავს, უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას. მოსარჩელეს უნდა ჰქონდეს მოლოდინი და რეალური შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში.

31. კონსტიტუციური მართლმსაჯულების არსებული სისტემის თავისებურებების გათვალისწინებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერების  მექანიზმი იცავს მოსარჩელეს უფლების აუცდენელი და შეუქცევადი დარღვევისაგან და ხელს უწყობს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას.

32. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად არ ვრცელდება გადაწყვეტილების მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე და არსებობს საფრთხე, რომ პირის უფლებაში აღდგენა არ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

33.  ამ მხრივ გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება სისხლის სამართალწარმოება. კერძოდ, კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გარკვეული ეფექტი გააჩნია გადაწყვეტილების მიღებამდე გადაწყვეტილ სამართალურთიერთობებზეც. თუმცა, რიგ შემთხვევებში, სისხლის სამართლის/სისხლის სამართლის საპროცესო კანონი შესაძლებელია იმდენად შეუქცევად და გამოუსწორებელ ზიანს იწვევდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მოსარჩელისთვის აზრი დაკარგოს ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობამ და ვერ მოხერხდეს მისი დარღვეული უფლებების აღდგენა.

34. აღნიშნულის მიუხედავად, კანონმდებლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტი მიმართულია იმ აუცდენელი და შეუქცევადი საფრთხეების პრევენციისკენ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს სადავო აქტის მოქმედებას და რომლის გამოსწორება შესაძლებელია ვერ მოხერხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის შემდეგაც. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლო მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ღონისძიებას, მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა და არ არსებობს მესამე პირებისა და საზოგადოებრივი ინტერესების გაუმართლებელი შეზღუდვის რისკები.

35. ამდენად, სადავო აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან პრევენციულ უფლებადაცვით მექანიზმს და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობას.

36. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმით, კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებით დადგენილია, რომ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დასაშვებ 30 დღიან (15 დღით გაგრძელების შესაძლებლობით) ვადაში საბოლოო გადაწყვეტილების არმიღების შემთხვევაში ძალას კარგავს გადაწყვეტილება სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

37. საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციის პროცესში სადავო ნორმის შეჩერების მნიშვნელობის მიუხედავად მისი მოქმედება შესაძლებელია შეიზღუდოს. თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მიზნის მიღწევის თანაზომიერად.

38. ისევე როგორც ზემოთ განხილულ შემთხვევაში, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული ნორმის მიზანია ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერებით გამოწვეული უარყოფითი ეფექტების ხანგრძლივი ვადით გაგრძელების თავიდან აცილება. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად დასაშვებია სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა.

39. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ  სადავო რეგულაციის შესაბამისად, დროში შემცირებულია აქტის მოქმედების შეჩერებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური ეფექტები, გარკვეულწილად, ხდება იმ კერძო და საჯარო ინტერესების დაცვა, რომელთა მიღწევასაც ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებული სადავო აქტი და რომელიც დაზიანდებოდა ამ აქტის განუსაზღვრელი ვადით შეჩერების შემთხვევაში. იმავდროულად, გასაჩივრებული ნორმა ზღუდავს სადავო აქტის შეჩერების მექანიზმის მოქმედებას და უფლების გამოუსწორებელი დარღვევის საფრთხის პრევენციის მექანიზმის გარეშე ტოვებს მოსარჩელეს, რითაც ეჭვქვეშ აყენებს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ეფექტიანობას.

40.საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი შეიძლება იყოს ნორმატიული აქტები, რომლებიც აწესრიგებს მრავალფეროვან ურთიერთობებს და ემსახურება განსხვავებული მნიშვნელობის მქონე კერძო და საჯარო ინტერესების დაცვას. ამასთანავე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, არსებობს შემთხვევები, როდესაც არ იკვეთება ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის მიღწევასაც შეიძლება ემსახურებოდეს ამ სადავო აქტის არსებობა, ან არ დასტურდება სადავო აქტის შემხებლობა მესამე პირების უფლებებთან. ასეთ პირობებში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება იმის მიუხედავად, თუ რა ვადით განხორციელდება ის, შესაძლოა, არ აჩენდეს კერძო და საჯარო ინტერესების დაზიანების საფრთხეს.

41. გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს ზოგადი ხასიათის შეზღუდვას, რომელიც ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო აქტის მოქმედების შეჩერების ყველა შემთხვევაზე და ადგენს სასამართლოს მიერ შეჩერებული ყველა სადავო აქტის მოქმედების უპირობოდ აღდგენას შეჩერების ვადის ამოწურვის შემთხვევაში. მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც სადავო აქტის მოქმედების შეჩერება არ იწვევს მესამე პირების უფლებების დარღვევას ან სხვა მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანებას. ამდენად, კანონმდებლობა ქმნის  მოსარჩელეთა უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როდესაც ეს არ არის განპირობებული საჯარო ინტერესების ან/ და მესამე პირების უფლებების დაცვის აუცილებლობით.

42. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილში აღნიშნა, რომ არსებობს ობიექტური შესაძლებლობა, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტის რეგულირება განხორციელდეს ნაკლებადმზღუდველი საკანონმდებლო მექანიზმების გამოყენებით.

43. კანონმდებელს გააჩნია ფართო მიხედულება, საპროცესო წესრიგს დაუქვემდებაროს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაცია, თუმცა ამ პროცესში უფლებაშემზღუდველი ღონისძიებები აუცილებლობის პროპორციულად უნდა იქნეს გამოყენებული. კანონმდებელი ვალდებულია, საჭიროებებზე მორგებული, მოქნილი მექანიზმების შემოღებით უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და მეორე მხრივ, მომეტებულად არ შეზღუდოს უფლება. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ არსებობს ნაკლებადშემზღუდველი ღონისძიების გამოყენებით იმ კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის შესაძლებლობა, რასაც სადავო ნორმები ემსახურება. კერძოდ, კანონმდებელს შეეძლო სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების ეფექტი შეეზღუდა ალტერნატიული, ნაკლებადმზღუდველი ღონისძიების გამოყენებით.

44. უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული მექანიზმი მოუქნელია და არ იძლევა შესაძლებლობას, კონკრეტულ შემთხვევაში შეფასებული, აწონდაწონილი იქნეს ერთი მხრივ, მოსარჩელის ინტერესი, არ დადგეს გამოუსწორებელი შედეგების, უფლების შეუქცევადი დარღვევის წინაშე და, მეორე მხრივ, მესამე პირებისა და საზოგადოების ის ინტერესები, რომელთა დაცვასაც სადავო აქტი ემსახურება. სადავო ნორმა a priori პრიორიტეტს ანიჭებს მესამე პირების ინტერესს, თუმცა იმავდროულად ქმნის მესამე პირების უფლებების ბლანკეტურად და აბსოლუტურად შეზღუდვის შესაძლებლობას 45 დღის მანძილზე და საკონსტიტუციო სასამართლოს არ აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტულ შემთხვევაში თავად დააბალანსოს დაპირისპირებული ინტერესები.

45. შესაძლებელია, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც მესამე პირების უფლებების დარღვევის ინტერესი იმდენად მაღალია, რომ შესამჩნევად აღემატება მოსარჩელის ინტერესს. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის N1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). ასეთ შემთხვევებში სასამართლო არ აჩერებს სადავო აქტის მოქმედებას.

46. განსხვავებულია ვითარება, როდესაც დგინდება, რომ, როგორც შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ისე 30 (ან ცალკეულ შემთხვევაში 45) დღის შემდეგაც მოსარჩელის უფლებების დაცვის ინტერესი მკვეთრად აღემატება სხვათა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დაცვის ინტერესს. სადავო ნორმიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, უპირატესობა მიანიჭოს მოსარჩელის ინტერესს და 30 (ან ცალკეულ შემთხვევაში 45) დღეზე ხანგრძლივი ვადით შეაჩეროს სადავო აქტის მოქმედება. შესაბამისად, სადავო ნორმიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მოსარჩელის უფლება სამართლიან სასამართლოზე შეიზღუდოს მაშინაც კი, როდესაც მისი დაცვის ინტერესი მკვეთრად აღემატება მესამე პირთა და საჯარო სიკეთეების დაცვის ინტერესებს. ამდენად, სადავო ნორმით არ არის დადგენილი თანაზომიერი და სამართლიანი ბალანსი სასამართლოსადმი მიმართვის უფლებასა და ლეგიტიმურ მიზნებს შორის, უფლების შეზღუდვა იმაზე ფართოა, ვიდრე ეს ლეგიტიმური მიზნისთვის არის აუცილებელი.

47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია უნდა შეფასდეს როგორც სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არათანაზომიერი და არაკონსტიტუციური შეზღუდვა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის 41 პუნქტი და ამავე კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

 საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 211 მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების, 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ადგენს:

1. კონსტიტუციური სარჩელი 577 (ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს.

2. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტი და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41 პუნქტი და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

7. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.

 

პლენუმის წევრები:

გიორგი პაპუაშვილი

ქეთევან ერემაძე

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ზაზა თავაძე

მაია კოპალეიშვილი

ოთარ სიჭინავა

ლალი ფაფიაშვილი

თამაზ ცაბუტაშვილი