„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3265-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 110030000.04.001.016235
3265-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 10/08/2018
110030000.04.001.016235
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციისა და კონსტიტუციური სამართალწარმოების სხვა წესები განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.“.

3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.“.

4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელზედაც 5 წლის ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. იმავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე. თუ არჩევის მომენტისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ან მისი მოადგილეობის კანდიდატის, როგორც სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 წელზე ნაკლებია დარჩენილი, ის თანამდებობაზე აირჩევა სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“.

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანაწილებს საქმეებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომისთვის ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს ამ კანონით დადგენილი წესით;“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:

„თავი II1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვის გარანტიები

მუხლი 181

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ოდენობებია:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 7 000 ლარი;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისა – 6 300 ლარი;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისა – 6 000 ლარი.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.

3. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისთვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა წარმომადგენლობითი თანხები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საზღვარგარეთ მივლინებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დღიური ნორმის დანამატის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი სახელმწიფო ხელისუფლების შტოების ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.

მუხლი 182

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისათვის საკვალიფიკაციო კლასების მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით, რომლის ხანგრძლივობა 30 კალენდარული დღეა.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შეღავათები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 183

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1 200 ლარის ოდენობით.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესებიდან არანაკლებ 3 წლის შემდეგ პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შესაბამისი ხელფასის სრული ოდენობით, იმ ვადით, რომელშიც მას უნდა განეხორციელებინა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება. ეს კომპენსაცია დანამატის შენარჩუნებით იცვლება საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ცვლილების შესაბამისად, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია გადაანგარიშდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის შესაბამისად.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გარდაცვალებისას, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას ან გარდაცვლილად გამოცხადებისას მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ან ყოფილი წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული თავდასხმის შედეგად მისი დაღუპვისას მის შრომისუუნარო მეუღლეს ან/და შვილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის ნაცვლად შეიძლება მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილის 10 წლის ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით, მათი არჩევით.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, რომელიც დაინვალიდდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებში, ეძლევა დახმარება:

ა) შრომისუნარიანობის ნაწილობრივ დაკარგვისას – 1 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

ბ) შრომისუნარიანობის სრულად დაკარგვისას – 5 წლის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“.

7. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე − დავა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;

გ) პოლიტიკური პარტიის შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობისა და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საერთაშორისო ხელშეკრულების კონსტიტუციურობის საკითხი;“;

ა.გ) „თ“−„მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხი;

ი) დავა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დარღვევის თაობაზე;

კ) საქართველოს კონსტიტუციასთან და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი;

ლ) ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით;

მ) საქართველოს კონსტიტუციის 59-ე−64-ე მუხლებთან ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რათა ის ნორმატიული აქტი, რომელიც სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, იგი შეაჩერებს საქმის განხილვას და მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. საქმის განხილვა განახლდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამისი არჩევნების თვემდე 15 თვის განმავლობაში არ არის მიღებული.“.

8. 21-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქმეს, რომელიც მოიცავს როგორც პლენუმის, ისე კოლეგიის განსჯად საკითხებს, განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განმწესრიგებელ სხდომაზე გადაწყვეტს, რომ საქმე, რომელიც მოიცავს პლენუმის განსახილველ საკითხებს, სასამართლოში არსებითად განსახილველად არ მიიღება, იგი საქმის იმ ნაწილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის  განსჯადია,  დაუყოვნებლივ  გადასცემს  საკონსტიტუციო  სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას 7 დღის ვადაში, ამ კანონის 312 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადასცემს კოლეგიას.“;

ბ) მე-7 და 7პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობა, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოდ მიიჩნია საერთო სასამართლომ ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლში აღნიშნული პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა.

71. თუ ამ კანონის 412 მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება სადავო აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობა.“;

გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9−მე-12 პუნქტები:

„9. საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ამ საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილე მოსამართლეებს. თუ განმწესრიგებელი სხდომის ან/და საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით შეიცვალა, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში საქმის განხილვის იგივე ეტაპი თავიდან იწყება.

10. საქმის განხილვაში მონაწილე რომელიმე მოსამართლის ჩამოცილება არ აბრკოლებს საქმის შემდგომ განხილვას, თუ დარჩენილ მოსამართლეთა რაოდენობა ქმნის მოსამართლეთა კვორუმს.

11. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში ღია კენჭისყრით. თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების დროს სათათბირო ოთახში უნდა იმყოფებოდნენ მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ საქმის განხილვაში.

12. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს არა აქვს უფლება, საქმის განხილვის დაწყებამდე, აგრეთვე სასამართლოს გარეშე გამოთქვას მოსაზრებები ან გაუწიოს ვინმეს კონსულტაცია განსახილველი კანონების ან სხვა აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ.“.

9. 212 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში საქმის შემდგომი განხილვისათვის გამოიყენება ამ კანონით გათვალისწინებული საქმის პლენუმის მიერ განხილვის საერთო წესები.“.

10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 214 მუხლი:

„მუხლი 214

1. ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით დამტკიცებული ფორმით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თავისი წერილობითი მოსაზრებით.

2. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის ვალდებული, მხედველობაში მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წერილობითი მოსაზრება.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი საჭიროდ მიიჩნევს, გამოიყენოს სასამართლოს მეგობრის მიერ გამოგზავნილი მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია აისახოს აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

4. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებას საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მას უფლება აქვს, გამოიძახოს იგი სასამართლო სხდომაზე დამატებითი შეკითხვების დასმის მიზნით.“.

11. 23-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის აქტის გაუქმებას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე საერთო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულების ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულების ან მისი ნაწილის საქართველოსთვის ბათილად ცნობას, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე საერთაშორისო ხელშეკრულების ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების დაუშვებლობას.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს ან უარყოფს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლში აღნიშნული პირის ქმედების კონსტიტუციურობას ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობას.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამობის დადასტურება იწვევს სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.“.

12. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული და ფიზიკური პირი, პოლიტიკური პარტია და მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია შეასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მის წევრთა მიერ საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებული მოთხოვნები, რომლებიც მათი უფლებამოსილებიდან წარმოდგება.“.

13. 25-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას.“;

ბ) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ხოლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შეუსაბამოდ, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი − საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამოდ, და თუ არ არსებობს ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ეს განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.“.

14. 26-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ამ კანონის 411 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს არა აქვს უფლება, იმსჯელოს მთლიანად ნორმატიული აქტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაზე, ხოლო ამავე კანონის 412 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაზე, თუ მოსარჩელე ან წარდგინების ავტორი ითხოვს სადავო აქტის მხოლოდ რომელიმე ნორმის ძალადაკარგულად ცნობას.“.

15. 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6−მე-8 პუნქტები:

„6.  სასამართლო  სხდომაზე  არ  დაიშვება  შეიარაღებული  პირი,  გარდა იმ პირებისა, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს იცავენ. ისინი დაიშვებიან მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვით.

7. სასამართლო სხდომაზე რადიო-, ტელე-, აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული საქმის განმხილველი სასამართლოს თანხმობით.

8. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.“.

16. 271 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 271

1. სასამართლო სხდომა ტარდება ზეპირად, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს, თუ საქმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებების გამორკვევა სხვაგვარად შეუძლებელია.

3. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებისას საოქმო ჩანაწერში მიუთითებს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საქმის გარემოებების სრულად და ყოველმხრივ გამოკვლევის მიზნით უფლება აქვს, მიიღოს საოქმო ჩანაწერი საქმის ზეპირად განხილვის შესახებ, რასაც დაუყოვნებლივ აცნობებს მხარეებს.

5. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის ან/და მოპასუხის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე არსებითად განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე.

6. მოსარჩელის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს კონსტიტუციურ სარჩელთან/კონსტიტუციურ წარდგინებასთან ერთად ან მოსარჩელის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოპასუხეს.

7. მოპასუხის მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს მის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების მიღებიდან ან მოპასუხის მიერ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების თაობაზე საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 10 დღის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხის მოთხოვნას მისი მიღებისთანავე უგზავნის მოსარჩელეს.

8. თუ მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის, ხოლო მოსარჩელე − მოპასუხის მოთხოვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს.

9. თუ მნიშვნელოვნად შეიცვალა საკითხის გადაწყვეტის საფუძვლად არსებული სამართლებრივი გარემოებები, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია ჩაატაროს საქმის ხელახალი განხილვა.“.

17. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 272−276 მუხლები:

„მუხლი 272

1. სასამართლო სხდომა სამუშაო დღის განმავლობაში შეუწყვეტლად მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებთან შეთანხმებით, სხდომა ნებისმიერ დროს გამართოს.

2. სასამართლო უფლებამოსილია გადადოს ან შეაჩეროს საქმის განხილვა, თუ აუცილებელია დამატებით მოწმეთა და სპეციალისტთა გამოძახება, ექსპერტიზის ჩატარება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა, საქმის განხილვის დამაბრკოლებელი სხვა  გარემოებების თავიდან  აცილება. საქმის განხილვა გრძელდება მისი შეჩერების მომენტიდან.

3. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, გადადებული ან შეჩერებული საქმის განხილვის დასრულებამდე მონაწილეობა მიიღოს სხვა საქმის განხილვაში.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების განხილვის ან გადაწყვეტის დროს განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის ან/და კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვის დასრულებისა და სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ უფლებამოსილია არსებითად განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა კონსტიტუციური სარჩელი ან/და კონსტიტუციური წარდგინება.

მუხლი 273

1. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები არიან:

ა) მხარეები – პირები და ორგანოები, რომლებიც, ამ კანონის 33-ე–მე-40, 411 და 413 მუხლების შესაბამისად, ითვლებიან მოსარჩელეებად და მოპასუხეებად;

ბ) მხარეთა წარმომადგენლები – ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებსაც მხარეებმა კანონით დადგენილი წესით გადასცეს თავიანთი უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნა სავალდებულოა, თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტან პირთა რაოდენობა ორზე მეტია, აგრეთვე თუ კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შემტანი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. მხარის წარმომადგენლის რწმუნებულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან შესაბამისი დაწესებულებისათვის დადგენილი წესით;

გ) მხარეთა ინტერესების დამცველები – ადვოკატები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი არიან განახორციელონ საადვოკატო საქმიანობა, ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე სხვა პირები, რომლებიც სამართალწარმოებაში მონაწილეობენ მხოლოდ მხარეებთან ან მათ წარმომადგენლებთან ერთად. მათი დანიშვნის უფლება აქვს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს.

2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ წარდგინებებს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს წარდგინების ავტორთა და მათ წარმომადგენელთა გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია მოიწვიოს წარდგინების ავტორები, ხოლო იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე დასკვნის მომზადებისას – აგრეთვე შესაბამისი თანამდებობის პირები და მოისმინოს მათი განმარტებები, მაგრამ ამ პირებს იგი მხარედ არ აღიარებს. აღნიშნულ თანამდებობის პირებს, მიუხედავად იმისა, მიწვეული იქნებიან თუ არა ისინი სასამართლო განხილვაზე, უფლება აქვთ, საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინონ წერილობითი ახსნა-განმარტებები.

3. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად გამოიყენონ თავიანთი უფლებები. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წინასწარი შეცნობით ყალბი ცნობების მიწოდება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მუხლი 274

1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქმეს არსებითად განიხილავს პლენუმის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმეს არსებითად განიხილავს კოლეგიის სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობს კოლეგიის თავმჯდომარე ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

მუხლი 275

1. საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე:

ა) ხსნის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას და აცხადებს, თუ რომელი საქმე განიხილება არსებითად;

ბ) ამოწმებს მოსამართლეთა კვორუმს და სხდომის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი სხდომის მდივნის გამოცხადებას;

გ) ამოწმებს მხარეთა უფლებამოსილებას;

დ) არკვევს სამართალწარმოების მონაწილეთა, მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოცხადებას და მათი გამოუცხადებლობის მიზეზებს;

ე) აცხადებს საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას და სხდომის მდივანს;

ვ) სამართალწარმოების მონაწილეებს განუმარტავს ამ კანონით განსაზღვრულ მათ უფლებებსა და მოვალეობებს;

ზ) არკვევს, სურთ თუ არა სამართალწარმოების მონაწილეებს დამატებით მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოძახება ან დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა. ამ საკითხებზე შემოსულ შუამდგომლობებს სასამართლო წყვეტს სხდომის დარბაზში ხმათა უმრავლესობით;

თ) აცხადებს საქმის არსებითად განხილვის დაწყებას.

2. მხარეს უფლება აქვს, საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დასვას საქმის განხილვაში მონაწილე ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის აცილების საკითხი, თუ:

ა) ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი მხარის ან მისი წარმომადგენლის ახლო ნათესავია;

ბ) ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან არის სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიუკერძოებლობას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, ექსპერტს, სპეციალისტს, თარჯიმანს უფლება აქვს, განერიდოს საქმის განხილვაში მონაწილეობას.

4. აცილების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 276

1. საქმის არსებითად განხილვა იწყება საქმის მომხსენებელი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოხსენებით. საქმის მომხსენებელი ვალდებულია:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მოახსენოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისა და საქმის არსებითად განხილვის საფუძველი, აგრეთვე საქმეში არსებული მასალების შინაარსი;

ბ) უპასუხოს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შეკითხვებს.

2. საქმის მოხსენების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს ჯერ მოსარჩელის, ხოლო შემდეგ − მოპასუხის განმარტებებს. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვები დაუსვას მხარეებს და მათ წარმომადგენლებს.

3. მხარეთა მოსმენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებებს, აქვეყნებს საქმეში არსებულ და საქმის განხილვის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს. ექსპერტთა და სპეციალისტთა დაკითხვამდე სხდომის თავმჯდომარე ადგენს მათ ვინაობას და წერილობით აფრთხილებს მათ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ყალბი დასკვნისათვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. თავმჯდომარე აფრთხილებს აგრეთვე თარჯიმანს შეგნებულად არასწორი თარგმნისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის ან წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.

4. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვები დაუსვას მოწმეებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს.

5. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე საკუთარი ან საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ინიციატივით და საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უმრავლესობის თანხმობით მოხსნას მხარეების, მოწმეების, ექსპერტების, სპეციალისტებისა და სასამართლოს მეგობრისათვის დასმული შეკითხვა.

6. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების განხილვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო ისმენს საქმის განხილვის მონაწილეთა დასკვნით სიტყვებს. ჯერ გამოდიან მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი და ადვოკატი. დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ სასამართლო გადის სათათბირო ოთახში, რის შესახებაც სხდომის თავმჯდომარე უცხადებს საქმის განხილვის მონაწილეებს და სხდომის დარბაზში მყოფ სხვა პირებს.“.

18. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29

1. მხარეებს უფლება აქვთ, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ მათგან ამონაწერები, გადაიღონ ასლები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, წარადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, შუამდგომლობებით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, მისცენ მას ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტება, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები სასამართლო განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მტკიცებულებები, მოთხოვნები, შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები.

2. მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინების ავტორი უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა. ამისათვის მან წერილობით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც ვალდებულია მოთხოვნა დააკმაყოფილოს.

4. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინების ავტორი უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა. ამისათვის მან წერილობით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე უარის თქმა, აგრეთვე საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შემტანი საერთო სასამართლო ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ არის უფლებამოსილი, უარი თქვას კონსტიტუციური წარდგინების განხილვაზე და მოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა.

6. მოპასუხე უფლებამოსილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე მთლიანად ან ნაწილობრივ ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.“.

19. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე (ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) შეიტანება კონსტიტუციური წარდგინება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე – კონსტიტუციური სარჩელი.“.

20. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311−316 მუხლები:

„მუხლი 311

1. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტია ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მისი/მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;

გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პარლამენტის დადგენილება;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;

ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთოდეს:

ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;

ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;

გ) იმ პოლიტიკური პარტიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, რეგისტრაციის თარიღი, რომლის შექმნის ან/და საქმიანობის კონსტიტუციურობაზედაც დავობს მოსარჩელე, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების ჩამონათვალი;

დ) მოთხოვნის არსი;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

ზ) კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;

თ) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს.

4. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთოდეს:

ა) იმ პოლიტიკური პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლის შექმნის ან/და საქმიანობის კონსტიტუციურობაზედაც დავობს მოსარჩელე;

ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს წარდგინების ავტორთა მიერ (თუ წარდგინების ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა დასახელება და მისამართები;

გ) სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების დასახელება, მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი, თუ წარდგინება ეხება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს, ან თანამდებობის პირის დასახელება, თუ წარდგინება ეხება იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო საერთაშორისო ხელშეკრულება;

ე) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი/მუხლები, რომლით/რომლებით გათვალისწინებული დანაშაულიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, ჩაიდინა თანამდებობის პირმა, და იმ ქმედების აღწერა, რომელიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია;

ვ) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ზ) მოთხოვნის არსი;

თ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც წარდგინების ავტორებს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

ი) კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს:

ა) სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტი, თუ წარდგინება ეხება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორების წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

დ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.

7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელეთა მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის 273 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით) და მასში მითითებული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) მოსარჩელეთა და მოპასუხეთა დასახელებები და მისამართები;

გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

დ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელეთა აზრით, არღვევს ან არ შეესაბამება სადავო აქტი;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;

ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთოდეს:

ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;

ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია  მათი მისამართები;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.

9. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და მისი მისამართი;

გ) სადავო აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ან საქართველოს კანონების დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც წარდგინების ავტორს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, წარდგინების ავტორის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს:

ა) ამ კანონის 412 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება;

ბ) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;

გ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;

დ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

ე) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.

11. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და მისი მისამართი;

გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი, ხოლო თუ ეს აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებაა – მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ვ) მოთხოვნის არსი;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების ავტორს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

თ) კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს:

ა) სადავო ნორმატიული აქტის ტექსტი;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;

დ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.

13. საერთო სასამართლოს მიერ შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის წევრთა მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) კონსტიტუციური წარდგინების შემტანი სასამართლოს და მოსამართლის/სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მოსამართლეთა დასახელება და მისამართები;

გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საერთო სასამართლო, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი, ხოლო თუ ეს აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებაა – მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი;

დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს ნორმატიული აქტი;

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების შემტანი სასამართლოს აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების შემტან სასამართლოს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;

ზ) კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს:

ა) იმ ნორმატიული აქტის ტექსტი, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საერთო სასამართლო;

ბ) სასამართლოს აქტი საქმის განხილვის შეჩერების შესახებ;

გ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.

15. კონსტიტუციური სარჩელი, კონსტიტუციური წარდგინება და მათთვის დართული საბუთები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

მუხლი 312

1. საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებას საქმის მასალების ფორმალური (და არა შინაარსობრივი) მხარის შემოწმების შემდეგ რეგისტრაციაში ატარებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილი თანამშრომელი. მათში არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად. თუ ამ ვადაში უზუსტობა არ გამოსწორდა, სარჩელისა და წარდგინების რეგისტრაცია უქმდება. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

2. რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც, ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად საქმეს 7 დღის ვადაში გადასცემს კოლეგიას საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო თუ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადია – იმავე ვადაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს პლენუმის სხდომისთვის და საქმეს მას გადასცემს. საქმეთა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებისთვის გადაცემისას დაცული უნდა იქნეს რიგითობის წესი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ეს სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანების მიზნით განსახილველად იმავე კოლეგიას გადასცეს.

4. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსახილველია ან საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის/საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის  გადაწყვეტილებით პლენუმს გადაეცა განსახილველად და იგი შინაარსობრივად ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება პლენუმისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება, პლენუმი უფლებამოსილია ეს სარჩელები/წარდგინებები ერთ წარმოებად გააერთიანოს.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე საქმის მიღებისთანავე, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე კოლეგიის წევრთაგან ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს განმწესრიგებელი სხდომისთვის და საქმეს კოლეგიის წევრებს გადასცემს.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების მიზნებისათვის მომხსენებელი მოსამართლე შეირჩევა ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის საშუალებით.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ მიღებულია საოქმო ჩანაწერი ზეპირი მოსმენის ჩატარების შესახებ, იმართება განმწესრიგებელი სხდომა. პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის თარიღს ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ხოლო კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომისას – შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარე.

8. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღება ფორმდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის/კოლეგიის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისას პლენუმს/კოლეგიას გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.

9. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.

10. მომხსენებელი მოსამართლე კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების შესწავლისას არკვევს, არსებობს თუ არა ამ კანონის 313 მუხლით განსაზღვრული საფუძველი სარჩელის/წარდგინების ან მასში მითითებული რომელიმე საკითხის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის პროექტს. პროექტი საქმის მასალებთან ერთად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თავმჯდომარეს ან შესაბამისი კოლეგიის თავმჯდომარეს, რომელიც უზრუნველყოფს განმწესრიგებელ სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა კოლეგიის წევრებისთვის მათ გადაცემას. თუ კოლეგიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება განმწესრიგებელ სხდომაზე გასატან პროექტს, მას უფლება აქვს, წარადგინოს თავისი პროექტი.

11. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომხსენებელი მოსამართლე არკვევს, არსებობს თუ არა სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი და, საჭიროების შემთხვევაში, მხარეებთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორებთან ან/და მათ წარმომადგენლებთან აზუსტებს საქმესთან დაკავშირებულ საკითხებს. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტის შემთხვევაში მომხსენებელი მოსამართლე განმწესრიგებელი სხდომისთვის ამზადებს განჩინების პროექტს.

12. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო მოპასუხეს საოქმო ჩანაწერის მიღებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის საქმის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს, ხოლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იმ თანამდებობის პირს, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც არის აღძრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციაში გატარებიდან 3 დღის ვადაში უგზავნის წარდგინების საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის თაობაზე შეტყობინებას და საქმის მასალებს.

13. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადი საქმის განხილვა კოლეგიის განსჯადი საქმის განხილვაზე ადრე იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო რიგგარეშე განიხილავს ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით (ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და იმავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს.

მუხლი 313

1. კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:

ა) იგი ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) იგი შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ;  

გ) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ე) მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;

ვ) არასაპატიო მიზეზით დარღვეულია მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა;

ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.

2. თუ მოსარჩელე/წარდგინების ავტორი ითხოვს რამდენიმე საკითხის გადაწყვეტას, რომელთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ხოლო ნაწილი ხელისუფლების სხვა ორგანოთა კომპეტენციას განეკუთვნება, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მხოლოდ ამ კანონით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებს.

მუხლი 314

1. საკონსტიტუციო სასამართლო წინასწარ ატყობინებს მოსარჩელეს, კონსტიტუციური წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს განმწესრიგებელი სხდომის გამართვის თარიღს.

2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მოსარჩელის, წარდგინების ავტორის ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების საფუძველზე − ვალდებულია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მათი წარმომადგენლები და ინტერესების დამცველები და მოისმინოს მათი განმარტებები ამ კანონის 313 მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოპასუხე, მისი წარმომადგენელი, ინტერესების დამცველი და მოისმინოს მათი განმარტებები.

4. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი/კოლეგია უფლებამოსილია, ხოლო მხარეთა, წარდგინების ავტორთა ან მათი წარმომადგენლების წერილობითი განცხადების საფუძველზე − ვალდებულია, განმწესრიგებელ სხდომაზე მოიწვიოს მოსარჩელე, წარდგინების ავტორი, მოპასუხე, მათი წარმომადგენლები, ინტერესების დამცველები და მოისმინოს მათი განმარტებები.

5. საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის შესახებ დგება ოქმი ამ კანონის 431 მუხლით დადგენილი წესით.

6. ეს მუხლი არ ვრცელდება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება ან საოქმო ჩანაწერი მიღებიდან 2 დღის ვადაში ეგზავნებათ მხარეებს.

მუხლი 315

1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს, აგრეთვე ამ კანონის 211 მუხლითა და 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტს ღია კენჭისყრით, სათათბირო ოთახში.

2. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებად ითვლება განმწესრიგებელ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის/კოლეგიის მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა.

3. განჩინების/საოქმო ჩანაწერის პროექტს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს/კოლეგიას წარუდგენს მომხსენებელი მოსამართლე. თუ არსებობს განჩინების ან საოქმო ჩანაწერის სხვა პროექტი, მას კენჭი ცალკე ეყრება.

4. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება/საოქმო ჩანაწერი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ძალაში შედის საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან. თუ სასამართლოს წევრი განზრახ თავს არიდებს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, განჩინება/საოქმო ჩანაწერი შესაძლებელია გამოცხადდეს სხდომათა დარბაზში.

5. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის სხდომათა დარბაზში გამოცხადება სავალდებულოა.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება/საოქმო ჩანაწერი ძალაში შედის საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ხელმოწერის შემდეგ. თუ სასამართლოს წევრი განზრახ თავს არიდებს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, იგი ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი. განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნებად ითვლება მათი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.

7. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების/საოქმო ჩანაწერის  მიღების (გამოცხადების) შესახებ ეცნობებათ მხარეებს.

მუხლი 316

1. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების შესახებ საოქმო ჩანაწერში აღინიშნება:

ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი; 

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;

ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება;

ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღების შესახებ;

ზ) საქმის განხილვის დაწყების სავარაუდო ვადა;

თ) ამ კანონის 271 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მითითება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ.

2. კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიუღებლობის შესახებ განჩინებაში აღინიშნება:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება;

ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება;

ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობის შესახებ.

3. ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ განჩინებაში აღინიშნება:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) განჩინების გამოტანის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც გამოტანილია განჩინება;

ე) ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა/კოლეგიამ განსახილველად არ მიიღო კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება და ძალადაკარგულად ცნო სადავო აქტი;

ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიუღებლობის შესახებ;

ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.

4. ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საოქმო ჩანაწერში აღინიშნება:

ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) ის საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;

ე) ამ კანონის ნორმები, რომელთა საფუძველზედაც საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია საქმეს პლენუმს გადასცემს;

ვ) აღნიშვნა კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების პლენუმისათვის გადაცემის შესახებ.

5. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საოქმო ჩანაწერში, რომლითაც ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერება, აღინიშნება:

ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;

ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი;

გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;

დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;

ე) მოტივები, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები;

ვ) ამ კანონის ნორმები, რომლებიც საფუძვლად დაედო საოქმო ჩანაწერს;

ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების და შეჩერების ვადის შესახებ;

თ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.“.

21. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციის ფარგლების შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს პრეზიდენტს, თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი კომპეტენცია ან დაირღვა სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, თუ იგი მიიჩნევს, რომ დარღვეულია საქართველოს პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლში აღნიშნულ ორგანოებს, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლები.“.

22. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35

1. პოლიტიკური პარტიის შექმნის, საქმიანობის და ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან საქართველოს მთავრობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც კონსტიტუციური სარჩელი შეეხება პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობას, მოპასუხეა პოლიტიკური პარტია, ხოლო როდესაც კონსტიტუციური სარჩელი შეეხება პოლიტიკური პარტიის შექმნის კონსტიტუციურობას, მოპასუხეა პოლიტიკური პარტია და მისი მარეგისტრირებელი ორგანო.“.

23. 38-ე მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოში საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას ან საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების შეტანისა – საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს.

2. კონსტიტუციური წარდგინება შეიტანება იმ საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ, რომელიც ექვემდებარება რატიფიცირებას. კონსტიტუციური წარდგინების შეტანა შეიძლება საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირებამდე.

21. კონსტიტუციური სარჩელი შეიტანება მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა კონსტიტუციურობის შესახებ. კონსტიტუციური სარჩელის შეტანა შეიძლება:

ა) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა დენონსირებაზე ან გაუქმებაზე საქართველოს პარლამენტის მიერ უარის თქმიდან 30 დღის ვადაში;

ბ) რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა დენონსირების ან გაუქმების საკითხის საქართველოს პარლამენტის წინაშე დასმიდან არაუადრეს 31-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, თუ საქართველოს პარლამენტმა 30 დღეში არ გადაწყვიტა საკითხი;

გ) თუ საერთაშორისო ხელშეკრულება არ ექვემდებარება რატიფიცირებას.

3. ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანა, რომელიც რატიფიცირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობამდე, შეიძლება მისი რატიფიცირების შემდეგაც.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის 21 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი, ხოლო  „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საერთაშორისო ხელშეკრულების დამდები ორგანო/თანამდებობის პირი ან მისი უფლებამონაცვლე.“.

24. მე-40 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს ან იმ მოქალაქეს, რომლის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილება არ ცნო ან ვადამდე შეწყვიტა საქართველოს პარლამენტმა.“.

25. 41-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ დასკვნის მისაღებად კონსტიტუციური წარდგინების ამ კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.“.

26. 412 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობის შესახებ კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტს დადგენილებით.“.

27. 413 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავის ნორმათა დარღვევა.“.

28. 43-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11−15 პუნქტები:

„11. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან.

12.  საკონსტიტუციო  სასამართლოს  გადაწყვეტილების  ან  დასკვნის  შესავალ ნაწილში აღინიშნება:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;

ბ) გადაწყვეტილების ან დასკვნის გამოტანის თარიღი და ადგილი;

გ) სასამართლოს შემადგენლობა და სხდომის მდივანი;

დ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი.

13. აღწერილობით ნაწილში უნდა აღინიშნოს:

ა) კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მოთხოვნა;

ბ) მოპასუხის პოზიცია;

გ) მოწმის, სპეციალისტის, ექსპერტის და სასამართლოს მეგობრის  მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები.

14. სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი;

ბ) მტკიცებულებანი, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები;

გ) მოტივები, რომლებითაც  საკონსტიტუციო სასამართლო უარყოფს საწინააღმდეგო მოსაზრებას, მტკიცებულებას;

დ) საქართველოს კონსტიტუციის ნორმები (დებულებები), ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ნორმები (დებულებები), ხოლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე – საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონების ნორმები (დებულებები), რომლებსაც შეესაბამება ან არ შეესაბამება სადავო აქტი;

ე) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის ნორმები, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლო ხელმძღვანელობდა გადაწყვეტილების ან დასკვნის მიღებისას.

15. სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს:

ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას კონსტიტუციური სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მისი უარყოფის შესახებ;

ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საერთო სასამართლოს ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის ან საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას საქართველოს პარლამენტის მიერ შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული აქტის ან მისი ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და საქართველოს კანონებთან შესაბამისობის თაობაზე ან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ;

დ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულების ან მის ცალკეულ დებულებათა არაკონსტიტუციურად ცნობის ან საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამობის დაუდასტურებლობის შესახებ;

ე) საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული თანამდებობის პირის ქმედების კონსტიტუციურობის შესახებ ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის ან უარყოფის შესახებ;

ვ) გადაწყვეტილების ან დასკვნის სამართლებრივ შედეგებს.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების/დასკვნის ხელმოწერის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილებას/დასკვნას და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრის/თანმხვედრი აზრის არსებობის შესახებ ინფორმაციას აცხადებს სხდომათა დარბაზში. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი განზრახ თავს არიდებს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, სხდომის თავმჯდომარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას/დასკვნას და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრის/თანმხვედრი აზრის არსებობის შესახებ ინფორმაციას აცხადებს სხდომათა დარბაზში.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, განჩინება და დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. გადაწყვეტილებას ან დასკვნას საკონსტიტუციო სასამართლო საფუძვლად უდებს მხოლოდ იმ მტკიცებებს, რომლებიც განხილულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ან წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შემთხვევაში.“;

დ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 პუნქტები:

„81. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა ცხადდება საქართველოს სახელით.

82. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების/დასკვნის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ამ შემთხვევაში მხარეებს დაუყოვნებლივ გადაეცემა გადაწყვეტილების/დასკვნის სრული ტექსტი.“;

ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა, აგრეთვე ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერი ამ კანონით დადგენილი წესით ცხადდება სხდომათა დარბაზში, მისი სრული ტექსტი ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.“;

ვ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. ამ აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.“;

ზ) მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14−მე-16 პუნქტები:

„14. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის მიღებაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი მისი არსებობის შემთხვევაში თან ერთვის აღნიშნულ აქტს და მასთან ერთად ქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა ამ აქტის სხდომათა დარბაზში გამოცხადებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი გამოქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა ზემოაღნიშნული აქტის სხდომათა დარბაზში გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებულ აზრს/თანმხვედრ აზრს საკონსტიტუციო სასამართლო 2 დღის ვადაში აქვეყნებს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და უგზავნის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში აქვეყნებს მას.

15. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი ეგზავნებათ მხარეებს, ხოლო დასკვნის თითო ასლი – კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს და ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ თანამდებობის პირებს. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების თითო ასლი ეგზავნებათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

16. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის თითო ასლი, აგრეთვე ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი ეგზავნებათ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.“.

29. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 431 მუხლი:

„მუხლი 431

1. საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შესახებ დგება ოქმი. მას ადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს სხდომის მდივანი.

2. სასამართლოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს:

ა) სასამართლო სხდომის თარიღი და ადგილი;

ბ) სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების თარიღები;

გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეები და ის მოსამართლეები, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ მონაწილეობენ საქმის განხილვაში;

დ) სხდომის მდივანი;

ე) საქმის დასახელება;

ვ) ცნობები საქმის განხილვის მონაწილეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა, აგრეთვე მათთვის უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ;

ზ) თავმჯდომარის განკარგულებანი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხდომის დარბაზში მიღებული დადგენილებანი;

თ) საქმის განხილვის მონაწილეთა განცხადებები და განმარტებები;

ი) მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული წერილობითი მტკიცებულებები.

3.  საკონსტიტუციო  სასამართლოს  სხდომის  ოქმს  ხელს  აწერენ  სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.“.

30. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ 6 წევრი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

31. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“.

32. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს არა აქვს უფლება, გაამჟღავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსი ან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მიერ კენჭისყრისას დაკავებული პოზიცია.

2. არავის არა აქვს უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს მოსთხოვოს ანგარიში ან განმარტება კონკრეტულ საქმეზე.“.

33. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე მუხლი:

„მუხლი 54

1. საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაციის სხვა საკითხები განისაზღვრება საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტით.

2. რეგლამენტი დამტკიცებულად ჩაითვლება, თუ ღია კენჭისყრის დროს მას მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ ორმა წევრმა.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №5-6, 24.04.96, გვ. 66);

ბ) საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28, 18.07.2007, მუხ. 292);

გ) საქართველოს 1996 წლის 25 ივნისის კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 35).

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის  მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3265-რს