დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4628-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/05/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110525010, 25/05/2011 |
სარეგისტრაციო კოდი | 110030000.04.001.016018 |
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 72 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევრისა.“.
2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი საკონსტიტუციო სასამართლოში დებს ფიცს: „ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, კეთილსინდისიერად აღვასრულო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მოვალეობა და მისი აღსრულებისას დავემორჩილო მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არავის და არაფერს სხვას, გარდა საქართველოს კონსტიტუციისა.“. ფიცის დადების ცერემონიაზე მოწვეული უნდა იქნენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.“.
3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
1. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 10 დღისა ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელზედაც 5 წლის ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ამავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე. თუ არჩევის მომენტისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ან მისი მოადგილეობის კანდიდატის, როგორც სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 5 წელზე ნაკლები, ის თანამდებობაზე აირჩევა სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს ერთი თვისა და არა უგვიანეს ერთი კვირისა აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება ხდება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეთანხმებული წინადადებით.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურას ასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
5. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები არჩეულად ჩაითვლებიან, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება ამ კანონის მე-16 მუხლში ჩამოთვლილი საფუძვლების არსებობისას.“.
4. მე-19 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:
„ლ) ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე1 თავთან მიმართებით;
მ) საქართველოს კონსტიტუციის 82-ე, 84-ე, 86-ე, 861, 87-ე და 90-ე მუხლებთან ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხი.“.
5. 21-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თუ კონსტიტუციურ წარდგინებაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმები თანაბრად გაიყო, დადასტურებულად არ ითვლება იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობა, რომლის კონსტიტუციურობაც სადავოდ მიიჩნია საერთო სასამართლომ ან/და საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლში აღნიშნული პირის ქმედებით.“.
6. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.“.
7. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის დადგენისას:
ა) ამოწმებს საქართველოს კონსტიტუციასთან მისი შინაარსის შესაბამისობას;
ბ) არკვევს, დაცულია თუ არა საქართველოს საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი წესები.“.
8. 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომპეტენციის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის მიღებისთანავე საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელის ასლს გადაუგზავნის საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს. თუ ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში რომელიმე მათგანი განაცხადებს, რომ კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს მისი უფლებამოსილების ფარგლების დარღვევას, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია განმცხადებელი მოპასუხედ ჩააბას საქმეში.“.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 413 და 414 მუხლები:
„მუხლი 413
1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა ის ორგანო/თანამდებობის პირი, რომლის აქტმაც, მოსარჩელის აზრით, გამოიწვია საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე1 თავის ნორმათა დარღვევა.
მუხლი 414
ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.“.
10. 43-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერს/განჩინებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას/დასკვნას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონის 412, 414 და 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 41-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დასკვნას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 5 მაისი.
№4628–Iს
დოკუმენტის კომენტარები