დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1254 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 20/02/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 11-12, 18/02/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.270.000.05.001.000.328 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (23/07/1999 - 28/06/2000)
საქართველოს კანონი
საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ
ეს კანონი განსაზღვრავს თბილისის, როგორც საქართველოს დედაქალაქის სტატუსს, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებას, საქმიანობის წესს და საფინანსო-ეკონომიკურ საფუძვლებს.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საქართველოს დედაქალაქი და მისი სტატუსი
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი.
2. დედაქალაქის სტატუსი, ამ კანონის მიხედვით, გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც საერთო-სახელმწიფო-ებრივი და ადგილობრივი ინტერესების დაცვის მიზნით უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მართვას თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მეშვეობით.
3. საქართველოს დედაქალაქი საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს კონტროლის პალატის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს ეროვნული ბანკის, უცხო ქვეყნების დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების ადგილსამყოფელია.
მუხლი 2. დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები
1. დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები, მათი დადგენისა და შეცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. დედაქალაქის ტერიტორია იყოფა რაიონებად და დაბა წყნეთად.
მუხლი 3. დედაქალაქის მოსახლეობა
დედაქალაქის მოსახლეობას შეადგენენ საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნების მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოვრობენ დედაქალაქში.
მუხლი 4. ქალაქ თბილისში თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველი
1. ქალაქ თბილისში თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, ეს კანონი და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტები.
2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი ორგანოს - ქალაქ თბილისის საკრებულოს მეშვეობით.
3. ქალაქ თბილისში ადგილობრივი მმართველობა ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის მეშვეობით. ადგილობრივი მმართველობის ორგანო – ქალაქ თბილისის მერია, ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში იმავდროულად ასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციებს.
4. ქალაქ თბილისის მერია (თბილისის მთავრობა, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობები, რაიონებში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების ორგანოები) წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელ-განმკარგულებელ საქმიანობას.
მუხლი 5. ქალაქ თბილისში თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
1. ქალაქ თბილისში თვითმმართველობისა და მმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) ქალაქ თბილისის მოსახლეობის უფლება, კანონით დადგენილი წესით აირჩიოს წარმომადგენლობითი ორგანო – ქალაქ თბილისის საკრებულო და მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტისას;
გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
დ) კანონმდებლობის დაცვა და ქალაქ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის საჯაროობა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას;
ვ) საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები მოქმედებენ უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპის დაცვით.
მუხლი 6. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებაში
1. თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელე-ბისათვის ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოუყოფენ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს, უცხო ქვეყნების საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს მათი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებს და მიწის ნაკვეთებს;
ბ) ხელს უწყობენ სახელმწიფო და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებისათვის საჭირო პირობების შექმნას;
გ) მონაწილეობენ დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის და სხვა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში და უზრუნველყოფენ მათ განხორციელებას.
2. საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ხელს უწყობენ ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებაში. ამ მიზნით ისინი მონაწილეობენ:
ა) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის და სხვა სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;
ბ) თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ობიექტების მშენებლობაში, რეკონსტრუქციასა და მოვლა-პატრონობაში;
გ) კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო სისტემისა და კომუნალური მეურნეობის აღდგენა-განვითარებაში.
3. საქართველოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს უთანხმებენ ამ დაწესებულებებისადმი დაქვემდებარებული დარგების პროგრამათა იმ ნაწილებს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან.
მუხლი 7. თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება
1. თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო პროგრამები ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერტების ხარჯზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო ხელისუფლების მიერ მის გამგებლობაში არსებული ცალკეული ფუნქციების გადაცემა დაიშვება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათთან შეთანხმებით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური სახსრების გადაცემასთან ერთად.
მუხლი 8. სახელმწიფოსა და დედაქალაქს შორის კომპეტენციების განაწილება
1. დედაქალაქის კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“, ამ კანონით და მათგან გამომდინარე ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა სამართლებრივი აქტებით.
2. სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები დადგენილია ამ კანონით.
მუხლი 9. სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივი კომპეტენცია
1. სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების კოორდინაცია;
ბ) ბუნებათსარგებლობა, გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვა;
დ) ურბანისტიკის, მშენებლობისა და კომუნალური მეურნეობის სტრატეგიული პროგრამების შემუშავება და განხილვა;
ე) განათლების, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტისა და ტურიზმის საკითხების კოორდინაცია;
ვ) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების საკითხების კოორდინაცია;
ზ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების ლიკვიდაცია;
თ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ქალაქგანვითარების დაფინანსება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხები.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხები ურთიერთშეთანხმებით შეიძლება გადანაწილდეს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებსა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს შორის.
3. ის ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისას და არ წესრიგდება ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 10. ქალაქ თბილისის სიმბოლოები
1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით, ქალაქ თბილისს აქვს გერბი, დროშა, ჰიმნი და სხვა სიმბოლოები.
2. ქალაქ თბილისის გერბს, დროშას, ჰიმნს და სხვა სიმბოლოებს ადგენს ქალაქ თბილისის საკრებულო. ისინი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას.
თავი II
ქალაქ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო
მუხლი 11. ქალაქ თბილისის საკრებულო
1. ქალაქ თბილისის საკრებულო (შემდგომში – საკრებულო) არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც ირჩევს საარჩევნო უფლების მქონე თბილისის მოსახლეობა პროპორციული წესით, პირდაპირი, თავისუფალი, თანასწორი და ფარული კენჭისყრის საფუძველზე.
2. საკრებულოს არჩევის წესს ადგენს საქართველოს კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შესახებ.
მუხლი 12. საკრებულოს კომპეტენცია
1. საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს ორგანოების დებულებების დამტკიცება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი დაცვის კონტროლი;
ბ) საქართველოს კანონით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის ადგილობრივი საკუთრების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა;
გ) საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში დედაქალაქის (ქალაქის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება;
ე) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის და სხვა მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამების განხილვა; დედაქალაქის კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების დამტკიცება; ასეთი პროგრამებიდან გამომდინარე ქალაქის რაიონებისა და დაბა წყნეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი;
ვ) საკრებულოს თავმჯდომარის, მდივნის, მუდმივი და დროებითი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის, მდივნის, მუდმივი კომისიის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრა;
ზ) საკრებულოს სტრუქტურის დამტკიცება; საკრებულოს კომისიების შექმნა; ამ კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა; კომისიათა პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
თ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;
ი) ქალაქ თბილისის მერის, პრემიერის, სხვა თანამდებობის პირების და მთავრობის საქმიანობის კონტროლი; მათი ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
კ) ქალაქ თბილისის პრემიერის კანდიდატურაზე თანხმობის მიცემა; ქალაქ თბილისის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება; მერის წარდგინებით პრემიერის მოადგილეების, დაბა წყნეთის გამგებლის და ქალაქ თბილისის მთავრობის წევრ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა თანამდებობის პირთა კანდიდატურებზე თანხმობის მიცემა;
ლ) ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებებისა და პრემიერის განკარგულებების გაუქმება;
მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მთავრობისათვის საბანკო კრედიტის აღებაზე თანხმობის მიცემა;
ნ) საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;
ო) ადამიანის უფლებების, კანონიერებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხების განხილვა, შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირების სათანადო ანგარიშებისა და ინფორმაციების მოსმენა და დამტკიცება;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ბუნებათსარგებლობის წესების დაცვის კონტროლი; ქალაქ თბილისის ზონებად დაყოფა და მის საფუძველზე მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტის წესების განსაზღვრა; სანიტარიულ-ეპიდემიური, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა დამტკიცება;
ჟ) მერის წარდგინებით ქალაქის რაიონისათვის ან უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება; ისტორიულ-კულტურული, გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფა; ქალაქის შიდა ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა და გაუქმება, მათთვის სახელწოდებების მინიჭება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
რ) ადგილობრივი სამსახურებისა და შესაბამისი საწარმოების შექმნა და გაუქმება; ადგილობრივი სამსახურების მიერ გაწეული კომუნალური და სხვა მომსახურების ტარიფების განსაზღვრა კანონით დადგენილი წესით;
ს) კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი საბინაო და არასაცხოვრებელი ფონდის შექმნა, მისი განკარგვის წესების განსაზღვრა;
ტ) საქალაქო არქივის, საქალაქო საინფორმაციო სამსახურის შექმნა;
უ) საქალაქო მნიშვნელობის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხების გადაწყვეტა; ბიბლიოთეკების, თეატრების, კულტურისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებების შექმნა; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის გასატარებელ ღონისძიებათა დამტკიცება;
ფ) ქალაქის კეთილმოწყობისა და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ქ) ქალაქის რაიონებისა და დაბა წყნეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების განხილვა, დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი;
ღ) ენერგო-, გაზ- და წყალმომარაგების საქალაქო სისტემის ორგანიზებისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
ყ) ქალაქის შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის გეგმების დამტკიცება; მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების წესების დადგენა;
შ) საცხოვრებელი, სოციალურ-კულტურული და საყოფაცხოვრებო დაწესებულებების მშენებლობის წესების დადგენა;
ჩ) სახელმწიფო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა განსაზღვრა;
ც) მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების უზრუნველყოფისათვის საჭირო პროგრამებისა და გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცება; სოციალური მომსახურების ორგანიზების წესების დადგენა;
ძ) კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებათა დამტკიცება;
წ) საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღება მოსახლეობისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაციის ჩატარების შესახებ;
ჭ) დედაქალაქის სახელით დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დამტკიცება;
ხ) ქალაქ თბილისის გერბის, დროშის, ჰიმნის და სხვა სიმბოლოების დადგენა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა;
ჯ) ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დადგენა;
ჰ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
2. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, საქართველოს პრეზიდენტის წინაშე დასვას საკითხი ქალაქ თბილისის მერის, პრემიერის ან რაიონის გამგებლის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. საკრებულოს წინაშე უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს.
3. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, წევრთა სიითი შემადგენლობის 2/3-ით, უნდობლობა გამოუცხადოს ქალაქ თბილისის პრემიერს, ხოლო წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით _ პრემიერის მოადგილეს, დაბა წყნეთის გამგებელს ან საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს. საკრებულოს წინაშე უნდობლობის საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს. უნდობლობის გამოცხადების შემდეგ პრემიერი, პრემიერის მოადგილე, დაბა წყნეთის გამგებელი ან საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ითვლება გადამდგარად და ასრულებს თავის მოვალეობებს ახალი პრემიერის, პრემიერის ახალი მოადგილის, დაბა წყნეთის ახალი გამგებლის ან საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე.
საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2093-სსმI, №22(29), 16.06.1999წ., მუხ.105
მუხლი 13. საკრებულოს თანამდებობების პირები და მათი უფლებამოსილებანი
1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს მდივანი;
გ) საკრებულოს მუდმივ და დროებით კომისიათა თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები;
დ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები.
2. საკრებულოს წევრები თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ თავმჯდომარეს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. თავმჯდომარე ჩაითვლება არჩეულად, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საკრებულოს მუშაობას; ორგანიზებას უწევს საკრებულოს სხდომების მომზადებას; თავმჯდომარეობს საკრებულოს სხდომებს; უზრუნველყოფს სხდომაზე აზრის თავისუფლად გამოხატვას;
ბ) წარმოადგენს საკრებულოს ამ კანონითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს მუდმივი და დროებითი კომისიების მუშაობას;
დ) იწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომებს;
ე) ხელს აწერს საკრებულოს გადაწყვეტილებებს, დადგენილებებს, განცხადებებს, მიმართვებს და სხვა დოკუმენტებს;
ვ) ასრულებს სხვა მოვალეობებს საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად.
4. საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულოს მდივანს საკრებულოს უფლებამოსილების ვადით. საკრებულოს მდივანი ჩაითვლება არჩეულად, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
5. საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების არჩევის წესი დგინდება საკრებულოს რეგლამენტით.
6. საკრებულოს მდივანი ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით, თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისას. საკრებულოს მდივანი ახორციელებს ფუნქციებს ამ კანონის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ან საკრებულოს დავალებით, მისი რეგლამენტით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.
7. (ამოღებულია).
8. საკრებულოს სხვა თანამდებობის პირები და წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1991-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.82
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2339ა-სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.207
მუხლი 14. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზაცია
1. საკრებულოს ახალი შემადგენლობის პირველ სხდომას იწვევს ქალაქ თბილისის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან ორი კვირის ვადაში. საკრებულოს სხდომებს საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.
2. საკრებულოს მორიგ სხდომებს, სამ თვეში ერთხელ მაინც, იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – საკრებულოს მდივანი.
3. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:
ა) ქალაქ თბილისის მერის ან პრემიერის წინადადებით;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით;
გ) ქალაქ თბილისის არანაკლებ 10 000 ამომრჩევლის მოთხოვნით.
4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე მისი მოწვევის მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში.
მუხლი 15. საკრებულოში საკითხების განხილვის წესი
1. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, თუკი ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.
2. საკრებულოს სხდომები ტარდება ღიად და საჯაროდ.
3. საკრებულოს სხდომა დახურულად ცხადდება:
ა) საკრებულოს გადაწყვეტილებით;
ბ) თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალულია ან შეზღუდულია კანონით.
მუხლი 16. საკრებულოს სხდომაზე კენჭისყრის წესი
1. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები წყდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა ტარდება მხოლოდ პერსონალური და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტის დროს.
2. საკრებულოში სამართლებრივი აქტების ინიციირების უფლება აქვთ საკრებულოს წევრებს, კომისიებსა და ფრაქციებს, ქალაქ თბილისის მერს, პრემიერს, აგრეთვე ქალაქ თბილისის არანაკლებ 5000 ამომრჩეველს, შესაბამის პეტიციაზე ხელმოწერის გზით.
3. ინიციირების უფლების გამოყენება ხდება საკრებულოში შესაბამისი აქტის პროექტის შეტანით. ინიციირების წესით შეტანილი საკითხის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა მიიღოს უახლოეს სხდომაზე.
4. საკრებულოს გადაწყვეტილებები მიიღება მის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.
5. თუ ქალაქ თბილისის მერმა დააბრუნა საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად, საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში უყაროს კენჭი მერის შენიშვნებს. შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რომელიც ამ სახის აქტისათვის დადგენილია ამ კანონით. თუ შენიშვნები არ იქნება მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ მერისათვის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
მუხლი 17. საკრებულოს სხდომის ოქმი
1. საკრებულოს სხდომის ოქმში აღინიშნება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, სხდომაზე დამსწრეთა გვარები, განსახილველი და განხილული საკითხები, მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე დამსწრეთა განსაკუთრებული მოსაზრებები.
2. საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი.
3. საკრებულოს სხდომის ოქმი უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული დოკუმენტაციისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
მუხლი 18. საკრებულოს კომისიები
1. საკრებულო ქმნის მუდმივ კომისიებს, რომელთა რაოდენობა არ აღემატება ხუთს.
2. საკრებულო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი კომისიები.
3. საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები აირჩევიან საკრებულოს წევრთაგან. კომისიათა წევრებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4. საკრებულოს კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 19. საკრებულოს სარევიზიო კომისია
1. ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ორგანოების საფინანსო საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის სარევიზიო კომისიას.
2. სარევიზიო კომისია აკონტროლებს შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას, ხარჯების კანონიერებას და ადგილობრივ ბიუჯეტთან შესაბამისობას.
3. სარევიზიო კომისია საკრებულოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას სარევიზიო კომისია საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს.
მუხლი 20. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის სტატუსი
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.
2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად; სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს ქალაქ თბილისის მთავრობის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობათა სხდომებს, შეკითხვით მიმართოს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, ქალაქ თბილისის მერს, პრემიერს, რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებელს, ქალაქ თბილისის მთავრობის სხვა წევრებს და მიიღოს მათგან შესაბამისი პასუხი. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებულნი არიან ერთი კვირის ვადაში უპასუხონ საკრებულოს წევრის შეკითხვას. საკრებულოს წევრის და არჩევითი თანამდებობის პირის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) თუ სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
დ) თუ შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) თუ არასაპატიო მიზეზით ოთხი მოწვევის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;
ვ) თუ გარდაიცვალა;
ზ) საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო.
მუხლი 21 . საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და რიგგარეშე არჩევნები
საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება:
ა) თუ საკრებულომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება;
ბ) საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით, „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ქალაქ თბილისის მერის წინადადებით ან უამისოდ.
თავი III
ქალაქ თბილისის საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოები
მუხლი 22. ქალაქ თბილისის მერი
1. ქალაქ თბილისის მერი (შემდგომში – მერი) არის ქალაქ თბილისის უმაღლესი თანამდებობის პირი. მერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. მერის თანამდებობაზე შეიძლება დანიშნულ იქნეს ქალაქ თბილისში მცხოვრები, საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე.
3. მერი:
ა) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქ თბილისის მთავრობის შემადგენლობას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს მთავრობის ცალკეულ წევრთა გადადგომას; უფლებამოსილია მთავრობის წევრებს დააკისროს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება მთავრობის ახალი წევრის დამტკიცებამდე ან ახალი მთავრობის შექმნამდე;
ბ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ქალაქ თბილისის პრემიერის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგებლების კანდიდატურებს;
გ) საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერის მოადგილეებს, აპარატის უფროსს, დაბა წყნეთის გამგებელს და ქალაქ თბილისის მთავრობის წევრ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს, ხოლო საკრებულოსთან შეუთანხმებლად _ სხვა საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს;
დ) უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში, შესაბამისი შენიშვნებით დააბრუნოს საკითხი საკრებულოში ხელახლა განსახილველად. საკრებულო ვალდებულია ორი კვირის ვადაში უყაროს კენჭი მერის შენიშვნებს. თუ შენიშვნები არ იქნება მიღებული, კენჭი ეყრება საკრებულოს მიერ მერისათვის წარდგენილ თავდაპირველ ვარიანტს. საკრებულოს ნორმატიული აქტები მიღებულად ითვლება და ქვეყნდება საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერით, თუ თავდაპირველ ვარიანტს მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა;
ე) უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტით და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის წინადადებით;
ვ) უფლებამოსილია ექვსი თვის ვადით დანიშნოს პრემიერის მოადგილის, აპარატის უფროსის ან ქალაქ თბილისის მთავრობის წევრი საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, თუ საკრებულომ ორჯერ ზედიზედ არ დაამტკიცა მერის მიერ წარდგენილი კანდიდატურა და ორი კვირის ვადაში საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ვერ აირჩია შესაბამისი თანამდებობის პირი;
ზ) უფლებამოსილია შეაჩეროს ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებათა მოქმედება და მათი გაუქმების წინადადებით მიმართოს საკრებულოს;
თ) უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს პრემიერისა და გამგებლების აქტები;
ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანხმობას აძლევს სამთავრობო დაწესებულებების შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნა-განთავისუფლებაზე;
კ) ხელს აწერს დედაქალაქის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს ქალაქ თბილისს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ლ) უფლებამოსილია მიმართოს ქალაქ თბილისის მოსახლეობას;
მ) ანიჭებს ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;
ო) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. მერი ვალდებულია საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგი-ნოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
5. მერს აქვს გადადგომის უფლება. იგი თავის უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მერი ანგარიშვალდებულია დედაქალაქის მოსახლეობის და საკრებულოს წინაშე.
მუხლი 23. ქალაქ თბილისის მთავრობა
1. ქალაქ თბილისის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა) შედგება: პრემიერის, პრემიერის მოადგილეებისა და ქალაქ თბილისის ცალკეული საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისაგან. თბილისის რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგებლები თანამდებობრივად შედიან მთავრობის შემადგენლობაში.
2. მთავრობა უზრუნველყოფს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებათა შესრულებას; შეიმუშავებს დედაქალაქის ბიუჯეტისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტებს; უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტისა და პროგრამების შესრულებას.
3. მთავრობის შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო მერის წარდგინებით. მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით და ქალაქ თბილისის მერიის დებულებით, რომელსაც ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 24. პრემიერი
1. პრემიერი არის მთავრობის ხელმძღვანელი. პრემიერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. პრემიერის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტს საკრებულოსთან შეთანხმებით წარუდგენს მერი. საკრებულოს თანხმობა მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ხმების უმრავლესობით. საკრებულოსთან შესათანხმებლად პრემიერის თანამდებობაზე დასანიშნი ერთი და იგივე კანდიდატურა მერმა შეიძლება წარადგინოს არა უმეტეს ორჯერ.
2. პრემიერი პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობისათვის. იგი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საკრებულოსა და მერის წინაშე.
3. პრემიერი:
ა) უძღვება მთავრობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს შორის;
ბ) თავმჯდომარეობს მთავრობის სხდომებს;
გ) მერთან შეთანხმებით საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტს და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
დ) მერთან შეთანხმებით საკრებულოს წარუდგენს დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს;
ე) მთავრობის საქმიანობიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს ქალაქ თბილისის საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ვ) ხელს აწერს მთავრობის დადგენილებებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს განკარგულებებს;
თ) მერის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს;
ი) უფლებამოსილია გადადგეს თანამდებობიდან. იგი თავის უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე;
კ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 25. პრემიერის მოადგილეები
1. პრემიერს ჰყავს მოადგილეები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება სამს.
2. პრემიერის მოადგილეები პრემიერის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ აღმასრულებელი ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და პრემიერს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ საკრებულოს, მერის, პრემიერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
მუხლი 26. საქალაქო სამსახურები
1. საქალაქო სამსახურები იქმნება ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებული სოციალურ-ეკონომიკური დარგების მართვის მიზნით.
2. საქალაქო სამსახურების უფლებამოსილება განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით.
3. საქალაქო სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის ხელმძღვანელი. იგი იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მერის, საკრებულოს, პრემიერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
4. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მერის, პრემიერისა და საკრებულოს წინაშე.
მუხლი 27. აპარატი
1. საკრებულოსა და მთავრობის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს აპარატი. აპარატის საქმიანობას უძღვება აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საკრებულოსთან შეთანხმებით.
2. აპარატის სტრუქტურას აპარატის უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.
3. აპარატის თანამშრომლებს – მრჩევლებსა და ტექნიკურ პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერი აპარატის უფროსის წარდგინებით.
მუხლი 28. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ სამართლებრივ აქტებს.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტების: საკრებულოს გადაწყვეტილების, მერის ბრძანების, მთავრობის დადგენილების, გამგებლის ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების: საკრებულოს დადგენილების, მერის, პრემიერისა და გამგებლის განკარგულებების, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, მერიის დებულებით და სხვა აქტებით.
4. მერი და გამგებელი ნორმატიულ აქტებს გამოსცემენ შესაბამისად მთავრობისა და გამგეობის წევრებთან კონსულტაციის შემდეგ.
5. საკრებულოს, მერისა და გამგებლის ნორმატიული აქტები ძალაში შედის დადგენილი წესით მათი გამოქვეყნების შემდეგ.
მუხლი 29. ქალაქ თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგეობა
1. ქალაქ თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგეობა (შემდგომში– გამგეობა) შედგება გამგებლის, მისი მოადგილეებისა და ცალკეული რაიონული სამსახურების ხელმძღვანელებისაგან.
2. გამგეობის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ.
მუხლი 30. ქალაქ თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებელი
1. ქალაქ თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებელი (შემდგომში– გამგებელი) უძღვება გამგეობის საქმიანობას, უზრუნველყოფს რაიონის (დაბა წყნეთის) მართვას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას; კოორდინაციას უწევს საკრებულოს, მერისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
2. რაიონის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი მერის წარდგინებით. დაბა წყნეთის გამგებელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
3. გამგებელი თანამდებობრივად შედის მთავრობის შემადგენლობაში.
4. გამგებელი:
ა) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის შემადგენლობას;
ბ) მერს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის წევრებს; უფლებამოსილია გამგეობის წევრებს დააკისროს თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულება გამგეობის ახალი წევრის დანიშვნამდე;
გ) უძღვება გამგეობის საქმიანობას, ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის წევრებს შორის; თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის (დაბა წყნეთის) მუნიციპალურ საწარმოთა ხელმძღვანელებს;
ე) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს რაიონის (დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტს და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას;
ვ) ხელს აწერს გამგეობის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; წარმოადგენს გამგეობას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს;
თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. გამგებელს აქვს გადადგომის უფლება. რაიონის გამგებელი თავის უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. დაბა წყნეთის გამგებელი თავის უფლებამოსილებას იხსნის და პასუხისმგებელია მერის წინაშე. გამგებელი ანგარიშვალდებულია მერის, საკრებულოსა და რაიონის (დაბა წყნეთის) მოსახლეობის წინაშე.
მუხლი 31. გამგებლის მოადგილეები
1. გამგებელს შეიძლება ჰყავდეს არა უმეტეს 3 მოადგილისა.
2. გამგებელი თავის მოადგილეს ნიშნავს მერთან შეთანხმებით.
3. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ დარგებს; ამზადებენ და გამგებელს წარუდგენენ წინადადებებს შესაბამის დარგებში გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; ორგანიზებას უწევენ და აკონტროლებენ გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
4. გამგებლის არყოფნის შემთხვევაში, ან თუ გამგებელს დროებით არ შეუძლია თავისი მოვალეობების შესრულება, მისი დავალებით გამგებლის მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 32. გამგეობის სამსახურები
1. გამგეობის სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უძღვებიან სამეურნეო კომპლექსისა და მოსახლეობის მომსახურების სხვადასხვა დარგების საქმიანობას.
2. გამგეობის სამსახურების საქმიანობას ხელმძღვანელობენ სამსახურების უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი მერთან შეთანხმებით.
3. გამგეობის სამსახურის მუშაობის ორგანიზაცია და კომპეტენცია განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს გამგებელი.
თავი IV
ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საქმიანობის ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები
მუხლი 33. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკური უფლებამოსილება და ფინანსური ბაზა
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოს ეკონომიკური უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
2. ქალაქ თბილისის მმართველობის ორგანოების ეკონომიკური უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ეკონომიკურ-ფინანსურ ბაზას შეადგენს: ქალაქ თბილისის ბუნებრივი რესურსები (მიწა, მისი წიაღი, წყალი, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო); ქალაქ თბილისის ადგილობრივი საკუთრება; ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრები და ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული სხვა ფინანსები.
მუხლი 34. ქალაქ თბილისის ბუნებრივი რესურსები
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის ბუნებრივ რესურსებს შეადგენს მისი ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწა, მისი წიაღი, წყალი, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო.
2. ქალაქ თბილისის მიწის ფონდი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იყოფა მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით.
3. ქალაქ თბილისის სარგებლობაში შეიძლება იყოს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებული მიწის ნაკვეთები და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის საჭიროების ან მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის გადაცემულია ქალაქის სარგებლობაში.
მუხლი 35. ქალაქ თბილისის ადგილობრივი საკუთრება
1. ქალაქ თბილისის ადგილობრივ საკუთრებას წარმოადგენს საკუთრების გამიჯვნის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთრება, რომელსაც განაგებენ ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები.
2. ადგილობრივ საკუთრებაში შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობები, კომუნალური საბინაო ფონდი და კომუნალური მეურნეობის ობიექტები; სატრანსპორტო საწარმოები, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, მრეწველობის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის საწარმოები, აგრეთვე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და ა.შ.), სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ინფორმაცია; სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ქალაქ თბილისის მმართველობის ორგანოების უფლებამოსილების და მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განსახორციელებლად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ობიექტები.
3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი საკუთრების ობიექტები შეიძლება მდებარეობდეს ქალაქ თბილისის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც.
4. ადგილობრივ საკუთრებაში არსებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების საქმიანობა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 36. ქალაქ თბილისის ადგილობრივი საკუთრების შექმნის საფუძვლები
ადგილობრივი საკუთრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იქმნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ობიექტების გადაცემით;
ბ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით;
გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარიგებების დადების შემთხვევაში, აგრეთვე იმ გარიგებათა საფუძველზე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, მაგრამ არც ეწინააღმდეგება მას;
დ) იმ ხდომილებათა შედეგად, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 37. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ურთიერთობა იმ საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, რომლებიც არ შედის ადგილობრივ საკუთრებაში
ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ურთიერთობა იმ საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, რომლებიც არ შედის ადგილობრივ საკუთრებაში, მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
მუხლი 38. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით, უფლება აქვთ დაამყარონ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები თვითანაზღაურების პრინციპების საფუძველზე.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაში, საექსპორტო ბაზრისა და წარმოების განვითარებაში.
მუხლი 39. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა
ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა განისაზღვრება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონით და მოიცავს ქალაქის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის ბიუჯეტებს, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა სახსრებს, რომლებიც გამოიყენება თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის.
მუხლი 40. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი არის ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითადი ფინანსური გეგმა. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი შედგება ქალაქის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის ბიუჯეტებისაგან და მას ამტკიცებს საკრებულო.
2. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისაგან.
3. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს საკუთარი შემოსავლითა და დადგენილი წესით დამტკიცებული გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივებით განსაზღვრული სახელმწიფო საგადასახადო შემოსავლიდან მიღებული ანარიცხები, აგრეთვე ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლება – დამოუკიდებლად განკარგონ ბიუჯეტის შემოსავალი ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს უფლება არა აქვთ ადმინისტრაციული წესით ჩაერიონ ქალაქ თბილისის საბიუჯეტო უფლებამოსილებაში.
მუხლი 41. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსავალი და ხარჯები
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი შეიცავს საშემოსავლო და საგასავლო ნაწილებს.
2. ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და მისგან გამომდინარე ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ბიუჯეტის გასავალი იყოფა მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებად.
4. კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას ქალაქის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის მიხედვით.
5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მმართველობის ორგანოების, რაიონების (დაბა წყნეთის), სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის, თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ადგილობრივი მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, გარემოს დაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.
6. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში არის სარეზერვო ფონდი, რომელიც ხმარდება გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსებას. სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ ანგარიში შედის პრემიერის ანგარიშში ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.
მუხლი 42. საბიუჯეტო პროცესი
1. საბიუჯეტო პროცესი მოიცავს ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ ბიუჯეტის შედგენას, განხილვას, მიღებასა და შესრულებას.
2. საბიუჯეტო პროცესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით.
3. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შესრულებისათვის პასუხისმგებელნი არიან თბილისის მთავრობა, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობები. ბიუჯეტის შესრულებისას მიღებული დამატებითი შემოსავალი, აგრეთვე შემოსავლის გასავალზე გადამეტება, რომელიც მიღებულია ხარჯების ეკონომიით ან დამატებითი შემოსავლით, კანონმდებლობით დადგენილი წესით რჩება ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების განკარგულებაში და გამოიყენება მათი შეხედულებისამებრ.
4. ქალაქ თბილისის რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგეობებისათვის თბილისის მთავრობის გამგებლობაში არსებული ფუნქციების გადაცემა დაიშვება მხოლოდ შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემასთან ერთად.
მუხლი 43. ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მმართველობის ორგანოებს თბილისის საკრებულოს თანხმობით უფლება აქვთ ისარგებლონ საბანკო კრედიტებით.
თავი V
ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ზოგადი კომპეტენცია ეკონომიკურ საკითხებში
მუხლი 44. ქალაქ თბილისის საკრებულოს და მმართველობის ორგანოების კომპეტენცია მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების საკითხებში
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ქალაქ თბილისის ტერიტორიის ფარგლებში არსებული მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების, დაცვისა და კონტროლის წესების განსაზღვრა;
ბ) მიწის იჯარის ოდენობის დადგენა, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესის განსაზღვრა;
გ) თბილისის მთავრობის წარდგინებით ქალაქ თბილისის მიწის ფონდის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად განაწილების, ტერიტორიული ზონების ჩამონათვალისა და მათი საზღვრების დამტკიცება.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მმართველობის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) მიწის ნაკვეთების მართვა;
ბ) მიწათსარგებლობისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ამოღება;
გ) ქალაქ თბილისის ტერიტორიის ზონებად დაყოფა;
დ) მიწის გაწმენდა და რეკულტივაცია;
ე) მიწით და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვა;
ვ) ქალაქ თბილისის ბრუნვიდან ამოღებული მიწის ნაკვეთებითა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დანაკარგების და შესაბამისი კომპენსაციის მოცულობის განსაზღვრა;
ზ) ქალაქ თბილისის მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება.
მუხლი 45. ქალაქ თბილისის საკრებულოს და მმართველობის ორგანოების კომპეტენცია ეკონომიკურ საკითხებში
1. ქალაქ თბილისის საკრებულოს და მმართველობის ორგანოებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვთ:
ა) დააფუძნონ კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები;
ბ) მოახდინონ ადგილობრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
გ) თანამდებობაზე დანიშნონ ადგილობრივი საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები;
დ) კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში წაახალისონ ის საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალაქ თბილისის სოციალური და საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას, თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებას;
ე) დადონ ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ვ) კანონით დადგენილი წესით განახორციელონ საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები;
ზ) განახორციელონ ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. ქალაქ თბილისის მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან:
ა) იზრუნონ ქალაქ თბილისის სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის;
ბ) შექმნან ხელსაყრელი პირობები მოსახლეობის სოციალური დაცვისათვის;
გ) ხელი შეუწყონ კერძო ინიციატივასა და მეწარმეობის განვითარებას, კონკურენტული გარემოს შექმნას;
დ) უზრუნველყონ ეკონომიკური რეფორმების განხორციელება;
ე) შექმნან პირობები ტრადიციული მეწარმეობის განვითარებისათვის.
საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1809-სსმI, №6(13), 04.03.1999წ., მუხ.25
მუხლი 46. ქალაქ თბილისის საკრებულოს და მმართველობის ორგანოების კომპეტენცია საკუთრებითი ურთიერთობების საკითხებში
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი საკუთრების მართვისა და განკარგვის, ამ საკუთრების შექმნის, შეძენის, იჯარით გადაცემის ან გასხვისების წესების დადგენა;
ბ) ისტორიულ-კულტურული ობიექტების გამოყენებისა და დაცვის წესების დადგენა;
გ) სახელმწიფო საკუთრებისა და ქალაქ თბილისის ადგილობრივი საკუთრების გამიჯვნის თაობაზე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან შეთანხმება;
დ) საკუთრების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების კონტროლი;
ე) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების იმ ობიექტების განსაზღვრა, რომლებიც არ შეიძლება გასხვისდეს;
ვ) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების ობიექტებით იჯარით სარგებლობის ოდენობის განსაზღვრა.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მმართველობის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი საკუთრების ობიექტების მართვა; მათი რეკონსტრუქცია, რესტავრაცია და მშენებლობა; ამ ობიექტების დაცვა და მოვლა-პატრონობა;
ბ) ადგილობრივი საკუთრების ობიექტების იჯარით გადაცემა;
გ) ადგილობრივი საკუთრების შექმნა, შეძენა და გასხვისება;
დ) სახელმწიფო საკუთრებისა და ქალაქ თბილისის ადგილობრივი საკუთრების გამიჯვნის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების პროექტის მომზადება;
ე) ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 47. ქალაქ თბილისის საკრებულოს და მმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი
1. ქალაქ თბილისის საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ბიუჯეტის პროექტის განხილვა;
ბ) ბიუჯეტის მიღება;
გ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ პრემიერისა და გამგებლების ანგარიშების განხილვა და დამტკიცება;
დ) ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
ე) მთავრობის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება.
2. ქალაქ თბილისის მმართველობის ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ბიუჯეტის პროექტის შედგენა;
ბ) ბიუჯეტის შესრულება;
გ) საკრებულოსათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა.
3. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შეუძლია საკრებულოს მერის, პრემიერის, მთავრობის ან გამგებლის წარდგინებით. ცვლილებების შეტანა სარეზერვო ფონდის ან თავისუფალი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში ხდება ქალაქ თბილისის საკრებულოსა და მმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.
თავი VI
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 48. ნორმატიული აქტები, რომელთა მიღებაც საჭიროა ამ კანონთან დაკავშირებით
ამ კანონთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნეს:
ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
ბ) საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება სახელმწიფო და ადგილობრივი საკუთრების გამიჯვნის შესახებ;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს დედაქალაქის _–თბილისის მერიის დებულებისა და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ.
მუხლი 49. ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ ურთიერთობათა დროებითი სამართლებრივი რეგულირება
ეს კანონი ვრცელდება და ქალაქ თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები იქმნება ამ კანონის ამოქმედების დროს არსებულ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
თავი VII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 50. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს ქალაქ თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
2. ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნები ჩატარდეს ამ კანონითა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 51. ნორმატიული აქტი, რომელიც ძალას კარგავს ამ კანონის ამოქმედებისთანავე
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1992 წლის 19 დეკემბრის №9 ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის – ქ. თბილისის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ“.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 20 თებერვალი.
№1254–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1999 წლის 19 თებერვლის კანონი №1809-სსმI, №6(13), 04.03.1999წ., მუხ.25
2.საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1991-სსმI, №20(27), 09.06.1999წ., მუხ.82
3.საქართველოს 1999 წლის 9 ივნისის კანონი №2093-სსმI, №22(29), 16.06.1999წ., მუხ.105
4.საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2339ა-სსმI, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.207
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები