დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 951 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.270.000.05.001.003.446 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-7 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის გასაწევი გადასახდელების ანაზღაურება“;
ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;“;
ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების, კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების განხილვა და დამტკიცება, მათი შესრულების კონტროლი;“.
3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარევიზიო კომისია აკონტროლებს ადგილობრივი ორგანოების ადმინისტრირებიდან მისაღები შემოსულობების დროულობას და აღრიცხვას, გადასახდელების კანონიერებას და ქალაქ თბილისის ბიუჯეტთან მათ შესაბამისობას.“.
4. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ქალაქ თბილისის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურებს წარუდგენს შესაბამისად საბიუჯეტო განაცხადსა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის პროექტს;“.
5. 45-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის შემოსულობების, აგრეთვე მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საკრებულოს მიერ.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს:
ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საკუთარი შემოსულობები;
ბ) „შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შემოსულობები;
გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დამოუკიდებლად განკარგონ ბიუჯეტის შემოსულობები ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“.
6. 46-ე მუხლის:
ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა:
ა) შემოსავლები, მათ შორის:
ა.ა) გადასახადები;
ა.ბ) გრანტები;
ა.გ) სხვა შემოსავლები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).
2. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსულობები შედგება საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობებისაგან. საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, გამოთანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს კანონმდებლობით თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები, ხოლო არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები.
3. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ოდენობებს განსაზღვრავს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული განაკვეთების გათვალისწინებით. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას – შესაბამისი საქალაქო სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;
ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სპეციალური ტრანსფერი ქალაქ თბილისის ბიუჯეტისათვის გამოიყენება ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა გადასახდელების დასაფინანსებლად.
7. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ქალაქ თბილისის ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობას ან ამცირებს მის შემოსავლებს, კომპენსირებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ.“.
7. 47-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ თბილისის ბიუჯეტის გადასახდელები“;
ბ) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტების, სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერების გარდა, დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ყველა სხვა წყაროდან მიღებული შემოსულობები.
2. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის გადასახდელებია საანგაარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა:
ა) ხარჯები, მათ შორის:
ა.ა) შრომის ანაზღაურება;
ა.ბ) საქონელი და მომსახურება;
ა.გ) სუბსიდიები;
ა.დ) პროცენტი;
ა.ე) გრანტები;
ა.ვ) სოციალური უზრუნველყოფა;
ა.ზ) სხვა ხარჯები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვაზე მიმართული სახსრები).“;
გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
8. 471 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან მთავრობა და გამგეობები. ბიუჯეტის შესრულებისას მიღებული დამატებითი სახსრები, აგრეთვე მათი გასავალზე გადამეტება, რომელიც მიღებულია ეკონომიით ან დამატებითი შემოსულობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რჩება ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების განკარგულებაში და გამოიყენება მათი შეხედულებისამებრ.“.
9. 473 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 473. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება ხორციელდება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ამ კანონის 481 მუხლის შესაბამისად.
2. ასიგნებების გადანაწილების წესი განისაზღვრება ქალაქ თბილისის მერის ბრძანებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან.“.
10. 474 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საფინანსო შემოწმებას ახორციელებს საკრებულოს საფინანსო კომისია სახსრების გამოყენების შემდეგ, მათი მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის დადგენის მიზნით. საფინანსო შემოწმება აგრეთვე შესაძლებელია განახორციელოს საქართველოს კანონით განსაზღვრულმა სხვა ორგანომ.“.
11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:
„მუხლი 481. ასიგნებების გადანაწილების შეზღუდვა
ამ კანონის 473 მუხლით განსაზღვრული ასიგნებების გადანაწილება განხორციელდეს 2009 წელს 15 პროცენტის ფარგლებში, ხოლო 2010 წელს – 10 პროცენტის ფარგლებში.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 30 დეკემბერი.
№951–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები