დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2563 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/12/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 18/01/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/07/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.270.000.05.001.002.132 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქალაქ თბილისში თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.“.
2. მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა უფლებამოსილება თბილისის მიერ საქართველოს დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებაში“.
3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დედაქალაქის კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ამ კანონით და მათგან გამომდინარე ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოთა სამართლებრივი აქტებით.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 9 1 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ექსკლუზიური უფლებამოსილებებია:
ა) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა;
ბ) ქალაქ თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა;
გ) ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში;
ე) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;
ვ) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემა, ზედამხედველობა დედაქალაქის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მშენებლობებისა, აგრეთვე მშენებლობებისა, რომლებიც უკავშირდება 10 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციებს;
ი) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება;
კ) გარე ვაჭრობის რეგულირება;
ლ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება;
მ) საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფის, მომსახურების წესების დადგენა; ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა; ქუჩების დასუფთავება, განათება, წყალმომარაგების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;
ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;
ო) სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების (არქივი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი და სხვა) საქმიანობის ხელშეწყობა;
პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა;
ჟ) დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
რ) მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოება;
ს) საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;
ტ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
უ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია.“.
5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს ორგანოების დებულებების დამტკიცება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, მდივნის, მუდმივი და დროებითი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის, მდივნის, მუდმივი კომისიის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრა;
გ) საკრებულოს სტრუქტურის დამტკიცება; საკრებულოს კომისიების შექმნა; კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის (დედაქალაქის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის) ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
ვ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი ოდენობების განსაზღვრა და გაუქმება;
ზ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების განხილვა;
თ) დედაქალაქის ადგილობრივი საკუთრების ფლობის, განკარგვის და მისით სარგებლობის წესების დადგენა;“;
ბ) „მ“ – „პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ქალაქ თბილისის მთავრობის სტრუქტურის დამტკიცება;
ნ) ქალაქ თბილისის მერის და მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი; მერის ანგარიშების მოსმენა და შეფასება; საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;
ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის მთავრობისათვის კრედიტის აღებაზე თანხმობის მიცემა ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
პ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა და მის საფუძველზე მიწათსარგებლობის წესების დამტკიცება;“;
გ) „რ“ – „ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის (დედაქალაქის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების, კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების განხილვა და დამტკიცება, მათი შესრულების კონტროლი;
ს) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით კომუნალური და სხვა მომსახურების ტარიფების განსაზღვრა კანონით დადგენილი წესით;
ტ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების წესების დადგენა;
უ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ენერგო, გაზ და წყალმომარაგების საქალაქო სისტემის ორგანიზებისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
ფ) ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის გეგმების დამტკიცება;
ქ) შესაბამისი ორგანოების ინფორმაციის მოსმენა სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით.“;
დ) „ღ“ – „წ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
6. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისა და საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.“.
7. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“, „ო2“ და „ო3“ ქვეპუნქტები:
„ო1) წყვეტს საქალაქო მნიშვნელობის განათლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, კულტურისა და სპორტის საკითხებს, ამტკიცებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის გასატარებელ ღონისძიებებს;
ო2) ამტკიცებს ქალაქ თბილისის კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებსა და გეგმებს;
ო3) ამტკიცებს საქალაქო სამსახურების დებულებებს;“.
8. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ქალაქ თბილისის მერიის სისტემაში შემავალი კონტროლისა და ზედამხედველობის განმახორციელებელი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები ქალაქ თბილისის მთავრობის შემადგენლობაში არ შედიან.“.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231. მთავრობის უფლებამოსილებანი
მთავრობის უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება;
ბ) ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და განხილვა, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულება; საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მომზადება, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენა და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
გ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, მათი ოდენობების განსაზღვრისა და გაუქმების, ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების ორგანიზების შესახებ წინადადებების მომზადება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოსათვის წარსადგენად;
დ) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ადგილობრივი საკუთრების ფლობა, განკარგვა და მისით სარგებლობა;
ე) საქალაქო სამსახურების შექმნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, აგრეთვე მათ დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრიანება; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; ამხანაგობაში მონაწილეობა;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი;
ზ) კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა და განვითარება;
თ) დედაქალაქის შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ორგანიზება; მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; საქალაქო არქივის შექმნა;
ი) ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
10. 26ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“.
11. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:
„მუხლი 26 1 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სისტემაში შემავალი ერთეულების საფინანსო კონტროლი და ზედამხედველობა
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სისტემაში შემავალი ერთეულების საფინანსო კონტროლსა და ზედამხედველობას გეგმური ან/და თემატური რევიზიის მეშვეობით ახორციელებს შესაბამისი საქალაქო სამსახური.“.
12. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27. საკრებულოს აპარატი
1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს აპარატის უფროსს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულო.
2. საკრებულოს აპარატის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო.
3. საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და საკრებულოს აპარატის სხვა თანამშრომლებს – მრჩევლებს და ტექნიკურ პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსი.
4. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტით და აპარატის დებულებით.“.
13. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 27 1 . ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაცია
1. ქალაქ თბილისის მერიისა და მთავრობის საქმიანობას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაცია. მერიის ადმინისტრაციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2. მერიის ადმინისტრაციისა და მისი სტრუქტურული ერთეულების – საქალაქო სამსახურების მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის ადმინისტრაციის უფროსი.
3. მერიის ადმინისტრაციისა და საქალაქო სამსახურების დებულებებს ამტკიცებს მერი.“.
14. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების: საკრებულოს დადგენილების, საკრებულოს თავმჯდომარის, მერის, საკრებულოს აპარატის უფროსის, მერიის ადმინისტრაციის უფროსის, ქალაქ თბილისის რაიონებისა და დაბა წყნეთის გამგებლების განკარგულებების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების ბრძანებების მომზადების, მიღების, გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის წესი განისაზღვრება ამ კანონით, ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტით, ქალაქ თბილისის მერიის დებულებით და სხვა აქტებით.“.
15. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
16. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკური საფუძვლები“.
17. 33-ე–38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკური საფუძვლები
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ეკონომიკურ საფუძვლებს ქმნის თბილისის ქონება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის ქონება, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს თვითმმართველობას, აგრეთვე კანონით დადგენილი სხვა ქონება, რომელიც გათვალისწინებულია დედაქალაქის მოსახლეობის საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
მუხლი 34. მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაშია:
ა) თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოების, დაწესებულებების შენობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთებისა;
ბ) თბილისის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე დამაგრებული მიწა;
გ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ კატეგორიის მიწისა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია;
დ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსები.
2. ქალაქ თბილისის სარგებლობაში შეიძლება იყოს მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარე მიწის ნაკვეთები და სხვა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის საჭიროებისათვის ან მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებისათვის გადაცემულია ქალაქის სარგებლობაში.
მუხლი 35. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონება
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გადაცემულია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში, ან რომელიც ქალაქ თბილისის თვითმმართველობის მიერ შექმნილი ან შეძენილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის საკუთრებაში შეიძლება იყოს: შენობა-ნაგებობები, კომუნალური საბინაო ფონდი და კომუნალური მეურნეობის ობიექტები; სატრანსპორტო საწარმოები, ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები; განათლების, კულტურის, სპორტისა და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, მრეწველობის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის საწარმოები, აგრეთვე ქალაქ თბილისის ბიუჯეტის სახსრები, ფასიანი ქაღალდები (აქციები, ობლიგაციები და ა.შ.), სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ინფორმაცია; სხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აუცილებელია ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილების და მის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განსახორციელებლად; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ობიექტები.
3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი საკუთრების ობიექტები შეიძლება მდებარეობდეს ქალაქ თბილისის ტერიტორიის ფარგლებს გარეთაც.
4. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ქონების შექმნის წესი, წყაროები და კატეგორიები, აგრეთვე თბილისისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 36. ქალაქ თბილისის საკუთრების შექმნის საფუძვლები
ქალაქ თბილისის საკუთრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით იქმნება:
ა) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების გადაცემით;
ბ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ ახალი ობიექტების შეძენით ან შექმნით;
გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებული გარიგებების დადების შემთხვევაში, აგრეთვე იმ ხდომილებათა შედეგად, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობა უკავშირებს სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების წარმოშობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 37. საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოები ხელს უწყობენ მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაში, საექსპორტო ბაზრისა და წარმოების განვითარებაში.
მუხლი 38. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენცია ქონების მართვისა და განკარგვის საკითხებში
1. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულოს კომპეტენციას ქონების მართვისა და განკარგვის საკითხებში განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი საკუთრების მართვისა და განკარგვის, ამ საკუთრების შექმნის, შეძენის, იჯარით ან სხვა ფორმით სარგებლობაში გადაცემის და გასხვისების წესების დადგენა;
ბ) ისტორიულ-კულტურული ობიექტების გამოყენებისა და დაცვის წესების დადგენა;
გ) თბილისის ტერიტორიაზე არსებული მიწით და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი დაცვისა და კონტროლის წესების განსაზღვრა;
დ) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების იმ ობიექტების განსაზღვრა, რომელთა გასხვისებაც არ შეიძლება;
ე) მთავრობის წარდგინებით ადგილობრივი საკუთრების ობიექტებით სარგებლობის საფასურის ოდენობის განსაზღვრა;
ვ) მიწის საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესის განსაზღვრა;
ზ) მთავრობის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიული ზონების ჩამონათვლისა და მათი საზღვრების დამტკიცება.
2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენციას ქონების მართვისა და განკარგვის საკითხებში განეკუთვნება:
ა) ადგილობრივი საკუთრების ობიექტების მართვა; ამ ობიექტების დაცვა და მოვლა-პატრონობა;
ბ) ადგილობრივი საკუთრების ობიექტების სარგებლობაში გადაცემა;
გ) ადგილობრივი საკუთრების შექმნა, შეძენა და გასხვისება;
დ) მიწის ნაკვეთების მართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა;
ვ) მიწათსარგებლობისა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ამოღება;
ზ) მიწით და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესების დაცვა;
თ) ქალაქ თბილისის მიწის კადასტრის შედგენა და წარმოება;
ი) სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, აგრეთვე მათ დაფუძნებაში მონაწილეობა და მათში გაწევრიანება; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის (აქციების) შეძენა; ამხანაგობაში მონაწილეობა;
კ) მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად მთავრობის მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-გათავისუფლება.“.
18. 39-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
19. მე-40 მუხლი ამოღებულ იქნეს.
20. 41-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
21. 42-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
22. 43-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
23. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ფინანსური საფუძვლები“.
24. 44-ე–47-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 44. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა
ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ფინანსური სისტემა განისაზღვრება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონებით.
მუხლი 45. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობის შემოსულობების, მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ნუსხა, რომელიც დამტკიცებულია საკრებულოს მიერ.
2. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი დამოუკიდებელია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და სხვა თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისაგან.
3. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს:
ა) საკუთარი შემოსავლები, დადგენილი წესით შემოღებული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების სახით;
ბ) „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ანარიცხები;
გ) ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დამოუკიდებლად განკარგონ ბიუჯეტის შემოსავალი ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.
4. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს უფლება არა აქვთ ადმინისტრაციული წესით ჩაერიონ ქალაქ თბილისის საბიუჯეტო უფლებამოსილებაში.
მუხლი 46. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსულობები
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებია:
ა) ადგილობრივი გადასახადები;
ბ) ადგილობრივი მოსაკრებლები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლები;
გ) კაპიტალური შემოსავლები;
დ) გამოთანაბრებითი ტრანსფერი;
ე) სესხი;
ვ) გრანტი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
2. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში სხვა ბიუჯეტებიდან მოზიდული სახსრებია:
ა) სპეციალური ტრანსფერი;
ბ) მიზნობრივი ტრანსფერი;
გ) მიზნობრივი სუბვენციები და მიზნობრივი სუბსიდიები.
3. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული ზღვრული ოდენობის გათვალისწინებით. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო არასაგადასახადო შემოსავლების, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და კაპიტალური შემოსავლების ამოღებას – შესაბამისი საქალაქო სამსახურები.
4. გამოთანაბრებითი ტრანსფერი ქალაქ თბილისის ბიუჯეტს გადაეცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით, ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით. გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. მიზნობრივი ტრანსფერი არის ქალაქ თბილისის თვითმმართველობისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა. მიზნობრივი ტრანსფერი გამოიყენება მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
6. სპეციალური ტრანსფერი ქალაქ თბილისის ბიუჯეტისათვის გამოიყენება ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, კონკრეტული კაპიტალური და სხვა აუცილებელი ხარჯების დასაფინანსებლად.
7. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ხარჯებს ან ამცირებს მის შემოსავალს, კომპენსირებული უნდა იქნეს ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ.
მუხლი 47. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ხარჯები
1. ქალაქ თბილისის თვითმმართველობას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია სპეციალური ტრანსფერის, მიზნობრივი ტრანსფერის, აგრეთვე მიზნობრივი სუბვენციებისა და მიზნობრივი სუბსიდიების გარდა დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს ყველა სხვა წყაროდან მიღებული შემოსავლები.
2. ბიუჯეტის ხარჯები იყოფა მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებად.
3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს თბილისის ბიუჯეტის ხარჯების 10 პროცენტს.
4. კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას დედაქალაქის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის მიხედვით.
5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების, რაიონების, დაბა წყნეთის, სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის, თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ადგილობრივი მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, გარემოს დაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.
6. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში იქმნება მერის სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების დაფინანსების მიზნით. მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ანგარიშგების წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. მერის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა ფონდის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, მერის განკარგულებით, შესაბამისი (საფინანსო) საქალაქო სამსახურის მიერ. სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯების საერთო ოდენობის 2 პროცენტს. სარეზერვო ფონდს განკარგავს მერი.
7. საკრებულოს საჭიროებისათვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა, თუ ეს იწვევს საბიუჯეტო ხარჯების ზრდას, ხდება საკრებულოს მოტივირებული შუამდგომლობით, მთავრობის მიერ. დადგენილების მიღებისას მთავრობა მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
8. სახსრების ის ნაწილი, რომელიც ფისკალური წლის განმავლობაში არ იქნა ათვისებული, გამოიყენება მომდევნო წელს.“.
25. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 471–475 მუხლები:
„მუხლი 47 1 . საბიუჯეტო პროცესი
1. საბიუჯეტო პროცესი მოიცავს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების მიერ ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის შედგენას, განხილვას, დამტკიცებასა და შესრულებას.
2. მერი საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის პროექტს. საკრებულოს უფლება არა აქვს მერის თანხმობის გარეშე შეიტანოს ცვლილებები ბიუჯეტის პროექტში.
3. საბიუჯეტო პროცესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით.
4. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი არიან მთავრობა და გამგეობები. ბიუჯეტის შესრულებისას მიღებული დამატებითი შემოსავალი, აგრეთვე შემოსავლის გასავალზე გადამეტება, რომელიც მიღებულია ხარჯების ეკონომიით ან დამატებითი შემოსავლით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რჩება ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების განკარგულებაში და გამოიყენება მათი შეხედულებისამებრ.
მუხლი 47 2 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მერიას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს ისარგებლოს კრედიტებით.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით, რომელთა საერთო მოცულობა წლის განმავლობაში არ აღემატება თბილისის მთავრობის შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებათა 10 პროცენტს.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოდენობის ზევით.
მუხლი 47 3 . ქ. თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება
1. ქ. თბილისის ბიუჯეტით საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად შესაძლებელია განხორციელდეს ამ ასიგნებების საერთო მოცულობის 10 პროცენტის ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ლიმიტის ზევით ქ. თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ქ. თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გზით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საბიუჯეტო ორგანიზაციის ორგანიზაციულ კოდში მოქცეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ცალკეულ ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის.
მუხლი 47 4 . საფინანსო კონტროლის ფორმები
1. საფინანსო კონტროლის ფორმებია:
ა) აუდიტორული შემოწმება;
ბ) საფინანსო შემოწმება.
2. აუდიტორული შემოწმება არის თვითმმართველობის საფინანსო დოკუმენტაციის აუდიტორული შემოწმება, რომელსაც საკრებულოს ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ, ატარებს მოწვეული აუდიტორი.
3. აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მათ გააცნობს საკრებულოს. ანგარიშს და დასკვნას აუდიტორი გზავნის საქართველოს კონტროლის პალატაში. აუდიტორის დასკვნა საჯაროდ ქვეყნდება.
4. საფინანსო შემოწმებას ახორციელებს საკრებულოს საფინანსო კომისია სახსრების გამოყენების შემდეგ, მათი მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის დადგენის მიზნით. საფინანსო შემოწმება მოიცავს გაწეული ხარჯების დოკუმენტირების, საფინანსო აღრიცხვისა და ანგარიშგების, კანონთან, უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შესაბამის გადაწყვეტილებასთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საფინანსო სტანდარტებთან შესაბამისობის და სახსრების გამოყენების ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის დადგენას.
მუხლი 47 5 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი
1. საკრებულოს კომპეტენციას საბიუჯეტო სფეროში განეკუთვნება:
ა) ბიუჯეტის პროექტის განხილვა;
ბ) ბიუჯეტის დამტკიცება;
გ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ მერისა და გამგებლების ანგარიშების განხილვა და დამტკიცება;
დ) ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
ე) მთავრობის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება.
2. ქალაქ თბილისის მერიის კომპეტენციას საბიუჯეტო სფეროში განეკუთვნება:
ა) ბიუჯეტის პროექტის შედგენა;
ბ) ბიუჯეტის შესრულება;
გ) საკრებულოსათვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენა.
3. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა შეუძლია საკრებულოს მხოლოდ მერის წარდგინებით. ცვლილებების შეტანა მერის სარეზერვო ფონდიდან თავისუფალი სახსრების ფარგლებში ხდება ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.“.
26. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 მუხლი:
„მუხლი 49 1 . საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ტერიტორიაზე არსებული მიწის გადაცემა
1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ტერიტორიაზე არსებული მიწის თვითმმართველობისათვის გადაცემის, მიწის მართვის, აგრეთვე მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის საკითხები განისაზღვრება ქალაქ თბილისის თვითმმართველობასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულებით.
2. ხელშეკრულების დადებამდე საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის მიწის გამოყოფისა და მიწის განკარგვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება დაიდოს არა უგვიანეს 2007 წლის 1 ივნისისა.“.
27. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:
„თავი VI1. 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ ქალაქ თბილისში ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობამდე ცალკეული საკითხების დროებითი სამართლებრივი რეგულირება
მუხლი 49 2 . ქალაქ თბილისის ბიუჯეტის შემოსავალი და ხარჯები
1. ქალაქ თბილისის ბიუჯეტი შეიცავს საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს.
2. ბიუჯეტის შემოსავლის ფორმირება ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ბიუჯეტის ხარჯები იყოფა მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებად.
4. კაპიტალური ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების ხარჯების საინვესტიციო და საინოვაციო საქმიანობის დაფინანსებას დედაქალაქის, მისი რაიონებისა და დაბა წყნეთის მიხედვით.
5. მიმდინარე ხარჯები ითვალისწინებს ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების, რაიონების, დაბა წყნეთის, სამართალდამცავი სამსახურების საქმიანობის, თბილისის მიერ დედაქალაქის ფუნქციების განხორციელებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ადგილობრივი მეურნეობის, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, გარემოს დაცვის, საბინაო-კომუნალური მეურნეობის და მომსახურების სხვა სფეროს დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას.
6. ქალაქ თბილისის ბიუჯეტში არსებობს მერის სარეზერვო ფონდი, საიდანაც სახსრები გამოიყოფა ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა მერიის გაუთვალისწინებელი ხარჯები. მერის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით. მერის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა ფონდის მიზნობრივი დანიშნულების შესაბამისად, მერის განკარგულებით, შესაბამისი (საფინანსო) საქალაქო სამსახურის მიერ. სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბიუჯეტის ხარჯების საერთო ოდენობის 2 პროცენტს.
7. საკრებულოს საჭიროებისათვის ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფა, თუ ეს იწვევს საბიუჯეტო ხარჯების ზრდას, ხდება საკრებულოს მოტივირებული შუამდგომლობით, მთავრობის მიერ. დადგენილების მიღებისას მთავრობა მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 49 3 . ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საკრედიტო უფლებები
1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით, რომელთა საერთო მოცულობა წლის განმავლობაში არ აღემატება თბილისის მთავრობის შესაბამისი წლის საბიუჯეტო ასიგნებათა 10 პროცენტს.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ თბილისის მთავრობას საკრებულოს თანხმობით უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს მთავრობის კრედიტებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ოდენობის ზევით.
მუხლი 49 4 . ქ. თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება
1. ქ. თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ქ. თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის გზით.
2. ქ. თბილისის ბიუჯეტით საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად შესაძლებელია განხორციელდეს ამ ასიგნებების საერთო მოცულობის 10 პროცენტის ფარგლებში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს საბიუჯეტო ორგანიზაციის ორგანიზაციულ კოდში მოქცეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ცალკეულ ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე, 23-ე, 24-ე და 25-ე პუნქტები ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ ქალაქ თბილისში ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.
3. ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2005 წლის 1 ივლისის საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 19.07.2005, მუხ. 297) პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;
ბ) მე-6 პუნქტი;
გ) 24-ე – მე-40 პუნქტები.
საქართველოს პრეზიდენტიმ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 28 დეკემბერი.
№2563-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები