საქართველოს საარჩევნო კოდექსი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი
დოკუმენტის ნომერი 5636-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016032
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5636-რს
27/12/2011
ვებგვერდი, 10/01/2012
010190020.04.001.016032
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (30/05/2013 - 12/07/2013)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

 

კარი I . ზოგადი ნაწილი

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ქალაქ თბილისის მერის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეფერენდუმი – საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ) პლებისციტი – ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა;

გ) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა;

დ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები:

დ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;

დ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;

ე) შუალედური არჩევნები – შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად;

ვ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:

ვ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა;

ვ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;

ვ.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით;

ზ) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი, ან მთელ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა;

თ) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;

ი) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო, შუალედური ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე, ასევე მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე;

კ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;

ლ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით;

მ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;

ნ) აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში;

ო) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად;

პ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;

ჟ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში;

რ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი;

ს) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;

ტ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი;

უ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცესკოს მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით;

ფ) საარჩევნო ბლოკი – ცესკოს მიერ რეგისტრირებული 2 ან 2-ზე მეტი პარტიის გაერთიანება;

ქ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს მიერ რეგისტრირებული, პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

ღ) ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი – ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

ყ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;

 შ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;

ჩ) საარჩევნო ოლქი – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი), რომელშიც ხორციელდება არჩევნებისა და რეფერენდუმის ორგანიზება და ტარდება არჩევნები და რეფერენდუმი;

ც) მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი;

ძ) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად;

წ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას;

ჭ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის, მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულო;

ხ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები და მათი მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი;

ჯ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ – მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

ჰ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

1 ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;

2 ) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები – საარჩევნო სუბიექტის/რეფერენდუმში მონაწილის საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა;

3 ) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, შემოწირულების წყაროს, ოდენობის და მიღების თარიღის შესახებ;

4 ) საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის დროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ფიზიკური პირების მიერ ჩარიცხული ფულადი სახსრები, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა;

5 ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიებში შესული და საარჩევნო კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის ბარათები და სხვა დოკუმენტაცია.

    მუხლი 3. არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპები

საქართველოში არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის ჩატარების ძირითადი პრინციპებია:

ა) არჩევნებში/რეფერენდუმში/პლებისციტში მონაწილეობის საყოველთაო უფლება:

ა.ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;

ა.ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება;

ა.გ) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული;

ბ) თანასწორი საარჩევნო უფლება:

ბ.ა) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ;

ბ.ბ) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს;

გ) პირდაპირი საარჩევნო უფლება:

გ.ა) საქართველოში არჩევნები პირდაპირია;

გ.ბ) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მერს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ;

დ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა:

დ.ა) საქართველოში არჩევნები, რეფერენდუმი და პლებისციტი ტარდება ფარული კენჭისყრით;

დ.ბ) აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

    მუხლი 4. არჩევნების საჯაროობა

ამ კანონით დადგენილი წესით და მისი მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, საარჩევნო სუბიექტების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა ხორციელდება ღიად და საჯაროდ.

    მუხლი 5. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა

1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).

2. სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ − გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის მომდევნო დღიდან.

3. სიტყვები − „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ − გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის წინა დღიდან.

    მუხლი 6. არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადება

მორიგი არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. კენჭისყრის დღე უქმე დღეა.

 

თავი II. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი უფლებამოსილებები

    მუხლი 7 . საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტატუსი, სისტემა და შემადგენლობა

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან და იქმნება ამ კანონის შესაბამისად. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილება და შექმნის წესი განისაზღვრება ამ კანონით.

2. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია შედგება:

ა) ცესკოსა და მისი აპარატისგან;

ბ) უსკოსა და მისი აპარატისგან;

გ) საოლქო საარჩევნო კომისიებისგან;

დ) საუბნო საარჩევნო კომისიებისგან.

3. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცესკო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიებს და უზრუნველყოფს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

4. თუ ერთდროულად ტარდება საერთო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციებს ასრულებენ საერთო არჩევნებისთვის ჩამოყალიბებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

5. ცესკოსა და უსკოს წევრები, მათი აპარატების თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, გარდა დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებისა და ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისა, არიან საჯარო მოხელეები და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 8. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი

1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და შესაბამისი კომისიის რეგლამენტით, რომელსაც დადგენილებით იღებს ცესკო.

2. საარჩევნო კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.

3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

4. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა (თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგების გაუქმებას, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას, იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედი.

5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

6. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

7. სხდომაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საარჩევნო კომისიის მდივანი.

8. სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.

9. საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არა აქვს უფლება, თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.

10. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას, გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. განცხადების/საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის/მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო. კომისია განიხილავს განცხადებას/საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

12. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით.

13. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს განცხადება/საჩივარი, თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი.

14. საარჩევნო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია ყველასთვის. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს, ხოლო ასლების მოთხოვნის შემთხვევაში საფასურის ოდენობა და გადახდის წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

15. საარჩევნო კომისიის სხდომა ღიაა. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრებსა და კომისიის წარმომადგენლებს, შესაბამისი და ზემდგომი საარჩევნო კომისიების აპარატების თანამშრომლებს, შესაბამის კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს შესაბამის კომისიაში, აგრეთვე შესაბამის კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს, ცესკოში რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციის თითო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად. წესრიგის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

16. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ:

ა) ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს;

ბ) ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს;

დ) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ წარმომადგენლებს;

ე) დამკვირვებლებს.

17. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს (მოწმობას).

18. საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან, ხოლო სხდომის მიმდინარეობისას – სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საარჩევნო კომისია, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

19. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.

20. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის ან არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს.

21. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს. საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

22. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის ამ კანონით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

23. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი არ ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.

24. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

25. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე, შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.

    მუხლი 9. შრომის ანაზღაურება

1. საარჩევნო/ სარეფერენდუმო პერიოდში, გარდა შუალედური არჩევნების პერიოდისა, ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, ასევე ცესკოს აპარატისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა შუალედური არჩევნების პერიოდში ეძლევათ მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს, რომელშიც იმართება შუალედური არჩევნები.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს (ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით) არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ ხელფასი არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

3. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა ხელფასის ოდენობას განსაზღვრავს ცესკო.

საქართველოს 2012 წლის 2 6 დეკემბრის ორგანული კანონი №157 – ვებგვერდი, 30.12.2012წ.

    მუხლი 10. ცესკოს შემადგენლობა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი

1. ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 12 წევრისაგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 5 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 7 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.

2. ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) ან საქართველოს პარლამენტის მიერ, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით. მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.

3. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში – შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას.

4. ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, ამ პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნებს, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

5. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში იღებენ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა). სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს ამ პუნქტით განსაზღვრულ წევრთაგან უხუცესი წევრი. ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა ფარულია. კენჭისყრაში მონაწილე ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი. ცესკოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ რომელიმე კანდიდატმა მიიღო 4 ან 4-ზე მეტი ხმა. სხდომის ოქმსა და ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ ცესკოს განკარგულებას ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე – ცესკოს უხუცესი წევრი.

6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, წარდგენილი 3 კანდიდატურიდან საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, იმავე კანდიდატურებისგან, 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს.

7. ცესკოს მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ განკარგულება 7 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს პარლამენტს, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში წარედგინება ცესკოს.

    მუხლი 11. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევის წესი

1. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

2. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

3. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

    მუხლი 12. ცესკოს წევრების არჩევის წესი

1. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 5 წევრის კანდიდატურებს. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადაა 5 წელი.

2. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.

3. ცესკოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში – მისი წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის შემადგენლობის ნახევარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე.

4. ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

5. ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

ა) პირი, რომელსაც არა აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;

გ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;

დ) პირი, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ე) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;

ვ) დამკვირვებელი.

6. თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.

7. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 2 დღის ვადაში ქვეყნდება კანდიდატთა სია.

8. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს წევრად ასარჩევად წარუდგენს თითო ვაკანსიაზე არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კანდიდატურას. კანდიდატების შერჩევიდან არა უგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურას.

9. საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 14 დღისა საქართველოს პარლამენტი სახელობითი კენჭისყრით ირჩევს ცესკოს წევრებს. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. ცესკოს წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება მათ შორის საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენამდე.

10. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ვაკანსია ისევ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია ისევ შეუვსებელი დარჩა, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს 3 დღის ვადაში, კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებისგან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატურას. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

11. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

12. ცესკოში საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი ადგილმონაცვლის ასარჩევად საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს უახლოესი სასესიო კვირის განმავლობაში ხელახლა წარუდგენს იმ კანდიდატურებს, რომლებმაც მიიღეს საქართველოს პარლამენტის არანაკლებ სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმები, ან არა უგვიანეს 3 დღისა ნიშნავს კონკურსს. იგივე წესი მოქმედებს ასეთი კანდიდატურების არარსებობის შემთხვევაში.

13. საქართველოს პარლამენტის დადგენილება ცესკოს წევრის არჩევის შესახებ მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში წარედგინება ცესკოს.

    მუხლი 13. პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი

1. ცესკოს 7 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ მუხლით განსაზღვრული წესით.

2. ცესკოს თითო წევრს ნიშნავენ ის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად იღებენ დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 7-ზე მეტია, თითო წევრს ნიშნავს 7 სხვებზე მეტი დაფინანსების მიმღები პარტია. თუ რამდენიმე პარტიას აქვს თანაბარი დაფინანსება, უპირატესობა ენიჭება არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას. თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ რამდენიმე პარტიას აქვს თანაბარი დაფინანსება, უპირატესობა ენიჭება ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ მყოფ პარტიას.

4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პარტიების რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდა, იგი 7-მდე შეივსება არჩევნებში მათი მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე იმ პარტიებით (მიღებული ხმების კლების მიხედვით დადგენილი რიგითობის შესაბამისად), რომლებიც დამოუკიდებლად მონაწილეობდნენ არჩევნებში ან გაერთიანებული იყვნენ საარჩევნო ბლოკში და ბლოკის წევრთა ჩამონათვალში სხვებზე წინ იყვნენ (თუ პირველად დასახელებულმა პარტიამ კომისიის წევრის დანიშვნაზე უარი განაცხადა, ეს უფლება მეორეზე გადადის და ა. შ.), ოღონდ იმ პირობით, რომ მათ მიღებული უნდა ჰქონდეთ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 3 პროცენტზე მეტი. თუ ამის შემდეგაც კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიათა რაოდენობა 7-მდე ვერ შეივსო, ამ პუნქტში აღნიშნულ ყველა პარტიას მათი შედეგების შესაბამისად უფლება აქვს, დამატებით დანიშნოს კომისიის კიდევ თითო წევრი კომისიის აღნიშნული წევრების რაოდენობის 7-მდე შესავსებად.

5. პარტიისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტისას ან სხვა პარტიის მიერ უფრო მეტი დაფინანსების მიღებისას პარტიის მიერ დანიშნულ კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება და წევრთა რაოდენობა 7-მდე შეივსება მეტი დაფინანსების მიმღები პარტიის (პარტიების) წარმომადგენლით, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს ან თუ ამ პარტიამ (პარტიებმა) უარი განაცხადა (განაცხადეს) წევრის დანიშვნაზე, გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი.

6. პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს თავის მიერ დანიშნული ცესკოს წევრი. გამოწვევა დაუშვებელია არჩევნების დანიშვნის დღიდან მისი საბოლოო შედეგების შეჯამებამდე. პარტიას უფლება აქვს, აღნიშნული ვადის განმავლობაში ცესკოს ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

    მუხლი 14. ცესკოს უფლებამოსილება

1. ცესკო:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;

ბ) დადგენილებით იღებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტს;

გ) გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები; ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე;

დ) განკარგულებით განსაზღვრავს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირების პირობებსა და წესს;

ე) განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს და აზუსტებს მათ საზღვრებს;

ვ) აუცილებლობის შემთხვევაში, ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, შექმნას სპეციალური ჯგუფი, განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა;

ზ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია განკარგულებით, რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედით, უფლებამოსილება შეუწყვიტოს ამ კომისიას და შექმნას დროებითი ჯგუფი, რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება;

თ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს;

ი) განკარგულებით ნიშნავს რიგგარეშე, ხელახალ და შუალედურ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას, არჩევნების მეორე ტურს;

კ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების/საჩივრის საფუძველზე, ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების/ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ. საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში ცესკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;

ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების (პარტიული სიებით), საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნების, რეფერენდუმის/პლებისციტის შედეგებს, რის თაობაზედაც დგება ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

მ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს;

ნ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს;

ო) განკარგულებით ადგენს საარჩევნო/სარეფერენდუმო/ საპლებისციტო ბიულეტენების ფორმას; საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერის, ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა და სარეფერენდუმო/საპლებისციტო ბიულეტენების ტექსტებს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;

პ) ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში;

ჟ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის/არჩევნების შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის ცესკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;

რ) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას, პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს;

ს) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის გამოქვეყნებასა და გავრცელებას;

ტ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულებას და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსების დებულებებს;

უ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული სწავლების მონიტორინგს;

ფ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ქ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი) ინტერნეტში – ცესკოს ვებგვერდზე განთავსებისათვის. იმ საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც მიეკუთვნებიან ეთნიკურ უმცირესობებს, ცესკოს ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში უნდა განთავსდეს ასევე მათთვის გასაგებ ენაზე;

ღ) დადგენილებით განსაზღვრავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებით წესს და კენჭისყრის პროცედურებს;

ყ) განკარგულებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას ცესკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე;

შ) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს;

ჩ) განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას;

ც) აწარმოებს იმ საარჩევნო კომისიის წევრთა შესახებ მონაცემთა ბაზას , რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან ; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის ;

ძ) დადგენილებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დებულებას;

წ) დადგენილებით იღებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს;

ჭ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს;

ხ) განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს;

ჯ) განკარგულებით ადგენს საზღვარგარეთ დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში არჩევნების ჩატარების წესსა და ვადებს;

ჰ) განკარგულებით ადგენს მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალურ ოდენობას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის;

1 ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ცესკოს ყველა დადგენილება ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც. ცესკოს განკარგულება, რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„მ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს, ქვეყნდება მიღებიდან 3 დღის ვადაში.

3. ცესკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება ცესკოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც.

    მუხლი 15. ცესკოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის უფლებამოსილება

1. ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.

2. ცესკოს თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;

ბ) უძღვება ცესკოს სხდომას;

გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს;

დ) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში;

ე) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პარტიულ სიებსა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;

ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;

ზ) სათანადო მოწმობებს აძლევს საქართველოს პრეზიდენტობისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;

თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მერსა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ უფლებამონაცვლეებს;

ი) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ − ამ კომიტეტს გადასცემს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;

კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

 ლ) ცესკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;

მ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს.

3. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობას, თუ ცესკოს არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

4. ცესკოს მდივანი:

ა) ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და ცესკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარმდგენი პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 16. ცესკოს აპარატი

1. არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ცესკოს აპარატი.

2. აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ცესკოს რეგლამენტით.

3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა ამ კანონით დადგენილი წესით პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.

4. დაუშვებელია აპარატის შემადგენლობაში ისეთი პირის მიღება, რომელსაც ცესკოს მიერ არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა დამხმარე და ტექნიკური მოსამსახურეებისა, აგრეთვე იმ სამსახურების მოხელეებისა, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს. ასეთი სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს დადგენილებით განსაზღვრავს ცესკო.

    მუხლი 17. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომ − სწავლების ცენტრი) არის საარჩევნო კოდექსის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე სწავლების ცენტრის დებულებით.

2. სწავლების ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ცესკო.

3. სწავლების ცენტრის ფუნქციებია:

ა) საარჩევნო რეფორმების ხელშეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში საარჩევნო სისტემების სრულყოფის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა და დაინტერესებულ პირთა სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით;

დ) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 301  მუხლით გათვალისწინებული ფონდის ფუნქციის შესრულება;

ე) ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება.

4. სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს ცესკოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცესკოს თავმჯდომარე. ცესკოს თანხმობა მიიღება ცესკოს განკარგულებით.

    მუხლი 18. საარჩევნო ოლქები

საარჩევნო ოლქებს, მათ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრავს ცესკო.

    მუხლი 19. საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საოლქო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივმოქმედი ტერიტორიული ორგანო. საოლქო საარჩევნო კომისიებს ქმნის ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები. საოლქო საარჩევნო კომისიისათვის ცესკოს მიერ განსაზღვრული ფინანსების ხარჯვაზე პასუხისმგებელი არიან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი. არჩევნებისათვის გამოყოფილი ფინანსების ხარჯვის უფლება საოლქო საარჩევნო კომისიას აქვს ნებისმიერ კომერციულ ბანკში ან/და მის ფილიალში გახსნილი ანგარიშიდან.

2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას ყოველ თვითმმართველ ერთეულში არანაკლებ ერთი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო თბილისში − 10 საოლქო საარჩევნო კომისია.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ცესკომ აირჩია ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე არჩევნების დანიშვნის შემდეგ, განისაზღვრება მათი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრს 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო.

5. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 7 წევრს ნიშნავენ ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პარტიები, ხოლო 1 წევრს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ცესკო, შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით.

6. პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. თუ უფლებამოსილი პარტიები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავენ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ცესკოს ამ ვადის ამოწურვიდან მომდევნო დღეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 13-მდე შეავსოს.

7. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს საოლქო საარჩევნო კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

8. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის იმავე შენობაში განთავსება, რომელშიც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო – საკრებულო და გამგეობა, პარტია (პარტიები), სასამართლო, პოლიციის სამსახური.

9. საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დანიშვნის შემდეგ მის დასრულებამდე უფლება აქვს, დაიქირაოს დამხმარე და ტექნიკური პერსონალი (გარდა ბუღალტრისა) ცესკოს განკარგულებით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში.

10. საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში დაიქირაოს ბუღალტერი ამ კანონის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებამდე.

    მუხლი 20. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის/არჩევის წესი

1. საოლქო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია.

3. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

4. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

5. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირი, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

6. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 3 დღისა ცესკო გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

7. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 10 დღისა. ამავე ვადაში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები.

8. საოლქო საარჩევნო კომისიაში ცესკოს მიერ არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილმონაცვლეს 15 დღის ვადაში (ხოლო არჩევნების დანიშვნის შემდეგ – 7 დღის ვადაში) ირჩევს ცესკო. ამავე ვადებში აირჩევიან საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

9. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ცესკოს მიერ არჩეულ 1 წევრს და ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე.

10. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით.

11. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

12. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა:

ა) უფლებამოსილების ვადის გასვლისას – კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღე;

ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას – კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღე, ხოლო თუ დანიშნულია არჩევნები – კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე.

13. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში უნდა მიეთითოს: კანდიდატის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს); მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად); სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი (თუ აქვს); საარჩევნო ოლქის ნომერი და სახელწოდება, სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა. განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა დაერთოს:

ა) კანდიდატის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის ქსეროასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი;

ე) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება).

14. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 2 დღეში, მაგრამ არა უგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა.

15. ცესკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ აქვეყნებს კანდიდატთა სიას.

16. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ცესკო ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ რომელიმე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, დარჩენილ კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან ცხადდება.

17. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

ა) პირი, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

ბ) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;

გ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;

დ) პირი, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა) და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

ე) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;

ვ) დამკვირვებელი.

18. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის შემთხვევაში პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში შეასრულოს ამ კანონით დადგენილი საქმიანობის შეზღუდვისა და სამსახურებრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

    მუხლი 21. საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

საოლქო საარჩევნო კომისია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო ოლქში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვნად გამოყენებას;

ბ) განკარგულებით ქმნის და აზუსტებს საარჩევნო უბნების საზღვრებს;

გ) თუ ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას, უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ცესკოს წინაშე დასვას ამ კომისიისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი;

დ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ტექსტებს საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;

 ე) ვალდებულია განცხადების/საჩივრის საფუძველზე (თუ განცხადება/საჩივარი შეტანილია ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში), აგრეთვე საკუთარი ინიციატივით შეამოწმოს საუბნო საარჩევნო კომისიების, მათი თანამდებობის პირების მოქმედებათა და გადაწყვეტილებათა კანონიერება (მათ შორის, არჩევნებში მონაწილეთა აღრიცხვის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტე და სხვა) და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება (მათ შორის, შეცვალოს საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემები შემოწმების შედეგის შესაბამისად ან ბათილად ცნოს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები). თუ დარღვევა იწვევს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეული პირის ან არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატის შეცვლას, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩეულ პირთა შეცვლას (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას), არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად ცნობის შეცვლას (მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას) და ზემოაღნიშნული შემოწმება არ იძლევა კანონიერი შედეგის დადგენის შესაძლებლობას, იღებს გადაწყვეტილებას შესაბამის საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისა და ცესკოს წინაშე განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხის დასმის შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხელახლა დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომისიამ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე, და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ხელახლა დათვლის პროცესზე;

ვ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით აჯამებს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო ოლქში შესაბამისი არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის გამართვისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა), რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

თ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ადგილობრივი დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;

ი) უზრუნველყოფს რიგგარეშე არჩევნების, ხელახალი არჩევნების, განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის გამართვას;

კ) უზრუნველყოფს არჩევნებთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის გამოცემასა და გამოქვეყნებას;

ლ) განიხილავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

მ) ამ კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს ამომრჩეველთა სიების ფორმირებას, უზრუნველყოფს მათ საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;

ნ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უზრუნველყოფს სემინარებისა და სასწავლო კურსების გამართვას;

ო) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 22. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება

1. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საოლქო საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) განკარგავს საოლქო საარჩევნო კომისიის ფინანსურ სახსრებს;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს, დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს;

ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, აგრეთვე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამორჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს და პარტიულ სიებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა);

ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს;

ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს;

თ) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;

ი) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ანაწილებს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

ბ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;

გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;

დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;

ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 23. საარჩევნო უბნები

1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.

2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არა უგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას უბნების საზღვრების მითითებით. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს, რომლებიც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება გამოიყენოს საარჩევნო მიზნებისთვის. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არა უგვიანეს 40 დღისა.

3. ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში.

4. გამონაკლის შემთხვევებში (სამხედრო ნაწილი, რომელშიც არის 50-ზე მეტი ამომრჩეველი (სამხედრო მოსამსახურე, ოფიცერი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირი), საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, რომელშიც არის 50-ზე მეტი ამომრჩეველი, და სხვა) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-15 დღისა. საავადმყოფო (სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება), სამხედრო ნაწილი (შენაერთი), რომელშიც ამომრჩეველთა (ავადმყოფთა, სამხედრო მოსამსახურეთა) რაოდენობა 50-ს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს. შესაბამისი სამხედრო უწყების ხელმძღვანელის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით საარჩევნო უბანი შესაძლებელია შეიქმნას ისეთ სამხედრო ნაწილში (შენაერთში), რომელშიც ამომრჩეველთა (სამხედრო მოსამსახურეთა) რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

5. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, ასევე საარჩევნო უბანში შემავალ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა, მუნიციპალიტეტის, თვითმმართველი ქალაქის, ქალაქის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ ქვეყნდება.

6. სამხედრო ნაწილებში საარჩევნო უბნები იქმნება ამ კანონით დადგენილი წესით, სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.

7. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. ეს საარჩევნო უბნები დამოუკიდებელი საარჩევნო ოლქია და მათ შედეგებს აჯამებს ცესკო.

8. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნის შექმნიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს.

    მუხლი 24. საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა

1. საუბნო საარჩევნო კომისია შედგება 13 წევრისაგან, რომლებსაც ამ კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით ნიშნავენ/ირჩევენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

 4. საუბნო საარჩევნო კომისიის 7 წევრს ამ კანონის მე-13 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ ამავე კანონით განსაზღვრული სუბიექტები.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

ა) პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან;

ბ) პირი, რომლის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ;

გ) პირი, რომელიც ნასამართლევია დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;

დ) საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;

ე) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები;

ვ) სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები – საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, მერი და მათი მოადგილეები;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების სამხედრო მოსამსახურეები, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები;

ი) მოსამართლეები და მათი თანაშემწეები;

კ) პროკურატურის თანამშრომლები;

ლ) საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;

მ) დამკვირვებელი.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საჯარო მოხელე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა, და მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საჯარო მოხელეს დროებით უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუთვნილი შვებულება.

    მუხლი 25. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევა/დანიშვნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

2. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

3. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 38-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-10 და არა უგვიანეს მე-9 დღისა.

5. ცესკო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის 6 წევრს ირჩევს არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.

6. ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 50-ე და არა უგვიანეს 46-ე დღისა, გარდა საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებისა; ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უადრეს 39-ე და არა უგვიანეს 36-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო კომისიებში – არჩევნების დღემდე არა უადრეს მე-14 და არა უგვიანეს მე-9 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილ კომისიაში – ცესკოს, საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა.

7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისა – არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიის წევრთა სიას – ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა.

8. თუ არჩევნების დღემდე 30-ე დღისათვის, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიებისათვის – არჩევნების დღემდე მე-8 დღისათვის, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – არჩევნების დღემდე მე-19 დღისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, 3 დღის ვადაში კომისიის წევრების არჩევის უფლება აქვთ ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას (პირველ ორ შემთხვევაში) და ცესკოს (მესამე შემთხვევაში) კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესს, პირობებსა და ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო.

9. უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიისათვის – ცესკოს.

10. თუ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება, აგრეთვე თუ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს მიერ არჩეულ კომისიის წევრს და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები წევრი აღმოჩნდა, მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის არჩევის უფლება ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში აქვს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს.

11. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო საარჩევნო კომისია და ცესკო ირჩევენ სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელსაც მხარს დაუჭერს კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ამ პირთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, გადაწყვეტილებას იღებს ცესკო.

12. კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც იგი აირჩა/დაინიშნა. პარტიის გადაწყვეტილებას კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უნდა დაერთოს ინფორმაცია, რომელშიც აღინიშნება: კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო მისამართი, ტელეფონის ნომერი და საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობა.

13. წარდგენილი პირი კომისიის წევრად არ ჩაითვლება, თუ დაირღვა ამ მუხლში აღნიშნული საბუთების წარდგენის ვადა ანდა წარდგენილი საბუთები არასრული ან არაზუსტია და ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი საბუთებში არსებული ხარვეზები. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიის ან ცესკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) მას, ვინც დანიშნა/აირჩია კომისიის წევრი. შესწორებული საბუთები შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას ან ცესკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს.

14. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი შეკრების დღეს და წყდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე.

15. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა).

16. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

17. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული კომისიის წევრები წევრობის უფლებამოსილების ვადით, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით ირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება კომისიის განკარგულებით. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს წარდგენილი კანდიდატურებისგან ირჩევს კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

18. თუ ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

19. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით დასახელებული არ იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არც ერთი კანდიდატურა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ 2 წევრს.

20. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე.

21. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 34-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება კომისიის შექმნიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.

    მუხლი 26. საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება

1. საუბნო საარჩევნო კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც იქმნება ამ კანონის 24-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისაგან, ცესკოსა და ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დანიშნული/არჩეული პირებისაგან.

2. საუბნო საარჩევნო კომისია:

ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას;

ბ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით;

გ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;

დ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ე) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;

ვ) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათებს;

ზ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;

თ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

ი) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის;

კ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;

ლ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე გამოიფინება საარჩევნო უბანში.

    მუხლი 27. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;

ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;

ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვისთვის;

თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;

ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;

კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ამზადებს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტებს;

ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;

გ) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

დ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ამ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.

    მუხლი 28. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური გადაცდომაა:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

დ) არასაპატიო მიზეზით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;

ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი.

2. დისციპლინური გადაცდომისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;

დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).

3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.

    მუხლი 29. საარჩევნო კომისიის წევრის/ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

1. ცესკოს თავმჯდომარეს/წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით (გარდა ცესკოში ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნული წევრებისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით (გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტითა და ამ კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა არჩევის შემთხვევაში 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან/და სამსახური;

ბ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული, საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა;

გ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი;

დ) თუ გამოვლინდა, რომ არასწორია საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან;

ე) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის ან ცესკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენის შემთხვევაში;

ვ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

ზ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში;

თ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის, როგორც ამომრჩევლის, სტატუსი;

ი) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას, ან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.

2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადადგომისას:

ა) ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება საქართველოს პარლამენტს;

ბ) ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება ცესკოს;

გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.

3. ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით.   

 4. არჩეული ცესკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით, ხოლო არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ცესკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება ცესკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით.

 5. ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/ თავმჯდომარის მოადგილის/მდივნის თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება აკრძალულია.

6. პარტიების მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულ წევრებს ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამ კანონის მე-13 მუხლისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდებათ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

7. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის/კომისიის მდივნის გადადგომის, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს საქართველოს პარლამენტი 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში. გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით, როგორითაც მოხდა მათი არჩევა.

8. თუ გადადგომის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ დაკმაყოფილდა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება, საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.

9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 15 დღით ადრე.

    მუხლი 30. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები

1. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებია:

ა) ცესკოს დადგენილება და განკარგულება, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება, ცესკოს მდივნის განკარგულება, ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

2. ცესკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.

3. ცესკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს არანაკლებ ცესკოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი . დადგენილებას ხელს აწერენ ცესკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი . ცესკოს დადგენილება ძალაში შედის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე , თუ თვით ამ დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ იქნა განსაზღვრული . აკრძალულია ცესკოს დადგენილების მიღება კენჭისყრამდე არა უგვიანეს 4 დღისა . ცესკოს დადგენილების გასაჩივრება დასაშვებია მისი მიღების მომენტიდან . ცესკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა განთავსდეს ცესკოს ვებგვერდზე .

4. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და ცესკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

5. ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ, მათ შორის, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით.

6. ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად საქართველოს, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე.

 

თავი III. ამომრჩეველთა სიები

    მუხლი 31. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი

1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.

2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით);

დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი.

3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი) ინტერნეტში − ცესკოს ვებგვერდზე განთავსებისათვის.

5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, ასევე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;

დ) საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების იმ ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;

ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);

ვ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც სასამართლომ ქმედუუნაროებად მიიჩნია;

ზ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც შეეფარდათ პატიმრობა.

6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს − საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები − წელიწადში ოთხჯერ საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ცესკოს ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადებში. ამ მონაცემების საფუძველზე ცესკო უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლებას.

7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-16 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. საარჩევნო პერიოდში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-14 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-11 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში/ამომრჩეველთა სიებში.

11. საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, ხოლო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსია (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

12. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს.

13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-13-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

14. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში.

    მუხლი 32. ამომრჩეველთა სპეციალური სია

1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ეს პირები სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა;

ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

დ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეები. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამხედრო ნაწილის მეთაური და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს:

დ.ა) საარჩევნო წლის არა უგვიანეს 1 ივლისისა;

დ.ბ) რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში − არჩევნების გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში;

დ.გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-6 დღისა;

ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა გადასცემს ცესკოს. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა, ამომრჩეველი თავისუფლდება საკონსულო აღრიცხვისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან;

ვ) ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირები.

2. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეტანილი მონაცემების სისწორისთვის პასუხისმგებელია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და დაუყოვნებლივ გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.

4. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება სათანადო აღნიშვნა და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

5. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი მონაწილეობს:

ა) როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ იგი ადგილსამყოფელს იცვლის ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას – ერთი და იმავე ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლისა);

ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებსა და რეფერენდუმში, თუ იგი ხმას აძლევს სხვა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას, კენჭისყრის დღეს განთავსებული არიან:

ა) შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით, 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში/რეფერენდუმში;

ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი რეგისტრაციის ადგილი მიეკუთვნება შესაბამისი საარჩევნო ოლქის საზღვრებს.

7. საქართველოს პარლამენტის პროპორციული/მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, აგრეთვე რეფერენდუმში მონაწილეობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს სამხედრო შენაერთის დისლოკაციის ადგილის მიხედვით. თუ ამ ამომრჩეველს ხმის მიცემა უნდა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მან არჩევნებამდე არა უგვიანეს 16 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეყვანის მოთხოვნით.

8. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის შემთხვევაში ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში აღინიშნება „გადასატანი ყუთი“, ასევე მისი შეყვანის მიზეზი და დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

    მუხლი 33. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია

1. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია დგება ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიების საფუძველზე, თუ:

ა) ამომრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის ანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;

ბ) ამომრჩეველი იმყოფება პატიმრობაში;

გ) ამომრჩეველი სამკურნალოდ წევს საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

დ) ამომრჩეველი სამხედრო მოსამსახურეა, მსახურობს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორსაა განლაგებული, და მასში არ იხსნება საარჩევნო უბანი;

ე) იმყოფება საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას.

2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 2 დღისა. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დროისა და შესაბამისი ტელეფონის ნომრის მითითებით;

ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.

3. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საარჩევნო უბანში თვალსაჩინო ადგილზე. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს დასვან საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე ამ პირების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3 პროცენტს. აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.

5. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება მისი რიგითი ნომერი ერთიან ან სპეციალურ სიაში.

6. გადასატანი საარჩევნო ყუთის სია მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში.

    მუხლი 34. ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი კომისიის პირველივე შეკრების დღეს, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში, ამ კანონით დადგენილ ვადაში სიებში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:

ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“;

ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“;

გ) იმყოფება საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიან ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“;

დ) შეყვანილია ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“ ან „პატიმრობაშია“;

ე) შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, აღინიშნება „გადასატანი ყუთი“.

    მუხლი 35. ამომრჩევლის ბარათი

1. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებული იქნება:

ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;

ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;

გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;

დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები;

ე) საარჩევნო უბნის ნომერი;

ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.

2. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ არის კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.

 

თავი IV. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და მხარდამჭერთა სიები

    მუხლი 36. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

1. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად საარჩევნო სუბიექტებს ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. საარჩევნო სუბიექტები რეგისტრაციაში გატარების მიზნით განცხადებით მიმართავენ შესაბამის საარჩევნო კომისიას და ამ კანონით დადგენილი წესით წარადგენენ სათანადო დოკუმენტაციას.

3. საარჩევნო კომისიის სათანადო სამსახური ამ კანონით დადგენილ ვადაში ამოწმებს წარდგენილ საბუთებს და დასკვნას წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც წყვეტს რეგისტრაციის საკითხს. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც ეძლევა 3 დღე (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი) საბუთების სრულყოფისთვის. შესწორებული საბუთების შემოწმება და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხდება მათი წარდგენიდან 2 დღეში (თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი). რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც უფლება აქვს, მოთხოვნისთანავე მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

    მუხლი 37. მხარდამჭერთა სიები

1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს ცესკო.

3. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები;

დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით);

ე) ხელმოწერის თარიღი;

ვ) ხელმოწერა.

4. მხარდამჭერთა სიის ბლანკში მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.

5. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი.

    მუხლი 38. მხარდამჭერთა სიების შემოწმება

1. პარტიისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო, ხოლო სხვა კანდიდატთა მხარდამჭერთა სიებს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

2. საარჩევნო კომისია თანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს და ეძლევა 2 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული წესით. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე.

3. მხარდამჭერთა სიაში ამომრჩევლის ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ მხარდამჭერთა სიის შედგენის ვადას;

ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ვ) საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში მხარდამჭერად შეყვანილია სხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ზ) ხელმომწერი პირი შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით;

თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი.

4. ბათილია ყველა ხელმოწერა, შესრულებული იმ ბლანკზე, რომელიც დადასტურებული არ არის ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, ან რომელშიც მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული ამ კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები.

5. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში, ხოლო კანდიდატის მხარდამჭერთა სიისა – მისი წარდგენიდან 3 დღეში.

6. მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესზე დასწრების უფლება აქვს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს.

7. მხარდამჭერთა სიების გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ ცესკოს წევრებს, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებსა და ცესკოს სათანადო სამსახურის თანამშრომლებს, ხოლო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაში – აგრეთვე სასამართლოს. მხარდამჭერთა სიები ნადგურდება საარჩევნო რეგისტრაციის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადის ამოწურვიდან 10 დღეში.

 

თავი V. არჩევნების მონიტორინგი და მედია

    მუხლი 39. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები

1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან დებულება (სადამფუძნებლო დოკუმენტი) რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს ერთი დამკვირვებლისა.

4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა:

ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრისა;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრისა;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილისა;

ე) მოსამართლისა;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;

ზ) პროკურატურის თანამდებობის პირისა;

თ) საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;

ი) საარჩევნო კომისიის წევრისა.

5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;

ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;

გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა;

დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;

ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.

6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება ცესკოში. ამასთანავე, ცესკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას ცესკოში.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.

    მუხლი 40. დამკვირვებელ ორგანიზაციათა რეგისტრაცია

1. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას, აგრეთვე იმ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს ცესკო.

2. ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს ერთ საარჩევნო ოლქში, რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

3. რეგისტრაციაში გატარების მიზნით ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა და უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება. განცხადებაში უნდა აღინიშნოს იმ საარჩევნო ოლქის (ოლქების) დასახელება, რომელშიც (რომლებშიც) ორგანიზაცია ახორციელებს დაკვირვებას. საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში წყვეტს ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს.

4. რეგისტრაციაში გატარების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა და უნდა წარუდგინოს სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. თუ დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია, მან უნდა წარადგინოს მხოლოდ განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი. ცესკო განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში წყვეტს ამ პუნქტში აღნიშნული ორგანიზაციის, დამკვირვებლის (დამკვირვებელთა ჯგუფის) რეგისტრაციის საკითხს.

5. საარჩევნო კომისიას უფლება არა აქვს, დამკვირვებელ ორგანიზაციას უარი უთხრას რეგისტრაციაზე, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საარჩევნო კომისიის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და ორგანიზაციას უნდა გადაეცეს გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2 დღის ვადაში.

6. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. ამ ინფორმაციის შინაარსსა და ფორმას ადგენს ცესკო განკარგულებით.

7. ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-5 დღისა ცესკოს მდივანს უნდა წარუდგინოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიას უნდა დაერთოს ადგილობრივი დამკვირვებლების საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების ასლები. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს უნდა წარუდგინოს საოლქო ან/და მის ქვემდებარე საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულ დამკვირვებელთა სია. სიაში უნდა აღინიშნოს დამკვირვებლის ვინაობა (გვარი, სახელი, რეგისტრაციის ადგილი).

8. ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელს უფლება აქვს, დაკვირვება განახორციელოს ყველა დონის ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში, ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.

9. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრაციაში გაატაროს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი დამკვირვებელი და დამკვირვებელ ორგანიზაციას გადასცეს დამკვირვებლის მოწმობა, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

10. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიაში და ის დამკვირვებელი, რომელიც დაკვირვებას ახორციელებს საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ საარჩევნო უბანში, უფლებამოსილი არიან, კენჭისყრის დღეს დაკვირვება განახორციელონ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანში, ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.

    მუხლი 41. დამკვირვებლის უფლებები

1. დამკვირვებელს უფლება აქვს:

ა) დაესწროს და დააკვირდეს საარჩევნო კომისიის სხდომებს;

ბ) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;

გ) კენჭისყრის დღის ნებისმიერ დროს შეენაცვლოს მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებულ წარმომადგენელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;

ე) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად;

ვ) დაესწროს ამომრჩეველთა ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;

ზ) დააკვირდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესს;

თ) დააკვირდეს ამომრჩეველთა ხმების დათვლას ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენის დანახვას;

ი) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;

კ) განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცე­მისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლითაც კონკრეტული დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მოითხოვს რეაგირებას;

ლ) მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში;

მ) გაასაჩივროს საარჩევნო კომისიის ქმედება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახ­სნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;

ო) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიისგან მოითხოვოს და მიიღოს ამ ოქმების ასლები.

2. დამკვირვებელს არა აქვს უფლება:

ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;

ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;

გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;

დ) ატაროს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;

ე) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;

ვ) დაარღვიოს ამ კანონის სხვა მოთხოვნები.

3. ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევისათვის ან მათ საქმიანობაში ჩარევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს საარჩევნო, ადმინისტრაციული ან/და სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 4. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საარჩევნო კომისია ვალდებულია შექმნას ყველა პირობა იმისათვის, რომ დამკვირვებელს შეეძლოს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელება საარჩევნო კომისიაში მიმდინარე ყველა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების მსვლელობის დროს.

    მუხლი 42. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება

1. საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს შესაბამის საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ერთი ან რამდენიმე სახის არჩევნებისას დანიშნოს მხოლოდ 2 წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში. საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარმომადგენლები დანიშნოს შესაბამის საარჩევნო კომისიებში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულმა საარჩევნო სუბიექტმა წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით ცნობად იღებს ინფორმაციას წარმომადგენლის რეგისტრაციის შესახებ და საარჩევნო კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის/საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ზემდგომ საარჩევნო კომისიაში და მასში აღნიშნული უნდა იყოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, დაბადების წელი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს).

5. საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ 1 წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.

6. საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს გამოიწვიოს ან/და შეცვალოს თავისი წარმომადგენელი, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

    მუხლი 43. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება

1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც ასეთი პარტიაა გაერთიანებული, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით დაფინანსებას მიიღებენ ყოველ საარჩევნო უბანზე 60 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ საარჩევნო ოლქზე − 120 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების თანხა ცესკომ შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა. საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ეს თანხა გადაანაწილოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში შესაბამის წარმომადგენლობაზე ისე, რომ თითოეულ კომისიაში დაფინანსდეს არა უმეტეს 2 წარმომადგენლის საქმიანობა, ამასთანავე, სხვადასხვა წარმომადგენლის დაფინანსება უნდა მოხდეს საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნახევარში მაინც.

3. თუ დაფინანსების მქონე პოლიტიკურ პარტიას არ ეყოლება წარმომადგენელი საარჩევნო ოლქში ან/და საარჩევნო უბანში ან/და არ მოხდა თანხის სრულად ათვისება, პარტია ვალდებულია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

    მუხლი 44. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები

1. საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.

2. რამდენიმე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებენ ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მდივნები, ხოლო მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მომუშავე წარმომადგენლების აკრედიტაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

3. განცხადება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა.

 4. განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.

 

თავი VI. წინასაარჩევნო კამპანია

     მუხლი 45. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

 1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის მომენტიდან. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები ამ დღიდან სარგებლობენ თანასწორი უფლებებით ამ კანონით დადგენილი წესით.

2. არჩევნების დანიშვნის დღიდან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს, დაამზადოს წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

3. საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.

4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) მოსამართლისა;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;

დ) გენერალური აუდიტორ ისა;

ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;

ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;

თ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;

ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

5. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:

ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;

ბ) სასამართლოები;

გ) სამხედრო ნაწილები.

6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნო­ები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დის­კუ­­სი­ების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

7. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად­ სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს.

8. საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე საარჩევნო სუბიექტებისთვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდებიან, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).

9. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 46. სააგიტაციო მასალა

1. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობ­იე­­­­­ქტე­ბზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვე­ვაში.

2. აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.

3. აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი უნდა იყოს იმ ზომის, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.

5. ამ მუხლის შესაბამისად გამოყოფილი საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

6. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ. აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება ამ ინფორმაციის მითითების გარეშე. ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიენიჭება აღნიშნული ნომერი.

7. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები უნდა წარედგინოს იმ საარჩევნო კომისიას, რო­­­­­მ­­ელ­შიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია.

8. შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა; წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.

    მუხლი 47. ამომრჩევლის მოსყიდვა

1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნები­­­დან არჩევნ­ების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

ა)  საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუ­ქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვა­ლი­­სწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა);

ბ)  ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.

2. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში.

    მუხლი 48. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა

1. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში შემდეგი სახის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ფინანსდებიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონის მე-2 მუხლის „ხ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენებაზე, გარდა სახელმწიფო რწმუნებულებისა − გუბერნატორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირებისა, რომლებიც არჩეული არ არიან პირდაპირი არჩევნების გზით.

3. საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია.

4. უწყებათაშორისი კომისია იქმნება არჩევნების წლის 1 ივლისს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში.

5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი − კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც.

6. კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები, აგრეთვე პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც უწყებათაშორის კომისიას მიაწვდიან ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.

7. უწყებათაშორისი კომისია იხილავს საკითხებს, რომელიც უკავშირდება საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, აგრეთვე დარღვევის შესახებ ინფორმაციას, რომელსაც უწყებათაშორის კომისიას აწვდიან პოლიტიკური გაერთიანებები (საარჩევნო სუბიექტები), ან დამკვირვებელი ორგანიზაციები.

8. უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით კომისიის სხდომაზე შესაძლოა მიწვეულ იქნენ ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

9. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეკომენდაციით მიმართოს ნებისმიერ საჯარო მოსამსახურეს, ადმინისტრაციულ ორგანოს, ცესკოს გონივრულ ვადაში შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით.

    მუხლი 49. საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს ამ კანონით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როცა ხდება ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენება.

3. არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აკრძალულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში, ასევე იმ საბიუჯეტო პროგრამების ზრდა, რომლებიც არჩევნებამდე გათვალისწინებული იყო ბიუჯეტით, არაგეგმური ტრანსფერების ინიციირება ან გეგმური ტრანსფერის ზრდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

4. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო მასალას. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

5. საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.

    მუხლი 50. მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირებები

1. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება;

     ბ) ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს;

გ) პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

დ) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.

2. არჩევნების გამოცხადებიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გაზეთები, რომლებიც ფინანსდება ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ვალდებული არიან, დაიცვან შემდეგი პირობები:

ა) გაზეთის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის გაზეთის ფართობის გამოყოფის შემთხვევაში იმავე გაზეთში ყოველკვირეულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია: რომელი რიცხვიდან, რა პერიოდულობით და რა დრომდეა გამოყოფილი გაზეთის ფართობი, გაზეთის 1 ნომერში გამოყოფილი ფართობის სიდიდე, უფასო ფართობის გამოყოფის შემთხვევაში – მთლიანად გამოყოფილი ფართობის უფასო ნაწილის სიდიდე, ფართობის ტარიფი, გაწეული მომსახურება;

ბ) არც ერთ საარჩევნო სუბიექტს გაზეთის 1 ნომერში ან 1 კვირის განმავლობაში არ უნდა დაეთმოს გამოყოფილი ფართობის ერთ მესამედზე მეტი;

გ) ფართობის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს;

დ) სააგიტაციო წერილისა და პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას წერილის სათაურამდე და რეკლამის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“;

ე) ამ პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში არ გამოაქვეყნონ პოლიტიკური რეკლამა ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

3. გაზეთს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გაზეთისა, უფლება აქვს, წინასაარჩევნო რეკლამა ნებისმიერი პირობით გამოუყოს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს.   

4. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა მისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფართობი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და გაზეთს უფლება აქვთ, ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.

5. აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა. არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია), გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი), გამოკითხვის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება, შესაძლო ცდომილების ფარგლები.

    მუხლი 51. წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა

1. წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემებისა და არჩევნების გაშუქების დროს მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის და ამ კანონის შესაბამისად.

2. საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს, წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით, თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

3.  ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით და მხოლოდ ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრულ მაუწყებლებზე.

4. ამ მუხლის მიზნებისათვის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტი, რომელში გაერთიანებული პარტიაც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:

ა) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი;

ბ) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით;

გ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი;

დ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი.

5.  საერთო მაუწყებელი, აგრეთვე მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყონ დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის დაუშვებელია.

6. საზოგადოებრივი მაუწყებელი, აგრეთვე სათემო მაუწყებელი, რომელიც საკუთარ ეთერში განათავსებს წინასაარჩევნო რეკლამას, ვალდებული არიან, საკუთარ ეთერში განათავსონ წინასაარჩევნო რეკლამა ყოველ საათში 60 წამის ოდენობით თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის. გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება სხვა კუთვნილი დროისათვის დაუშვებელია.

7. ამ მუხლის მიზნებისათვის საპრეზიდენტო არჩევნებზე კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი, რომელიც დაფინანსებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.

8.  მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული, ამ მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4 პროცენტის მხარდაჭერით. დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციოლოგიური კვლევის შედეგების დისკრიმინაციული გამოყენება.

9.  ადგილობრივი მაუწყებელი ვალდებულია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს პოლიტიკური პარტია/ბლოკი:

ა) რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ბ) რომლის კანიდატმა (კანდიდატებმა) მისი მომსახურების ზონაში შემავალ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა (გაიმარჯვეს), არჩევნების მეორე ტურში გავიდა (გავიდნენ) ან მიიღო (მიიღეს) ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა;

გ) რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 25 პროცენტისა.

10.     ადგილობრივი მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს:

ა) პოლიტიკური პარტია, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო ხმების არანაკლებ 10 პროცენტისა;

ბ) პოლიტიკური პარტია, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით;

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არჩევნების წელს ჩატარებული არანაკლებ ზედიზედ 2 კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 25 პროცენტის მხარდაჭერით.

11. ამ კანონის მიზნებისათვის საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95-პროცენტიან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება;

ბ) უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;

გ) იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;

დ) არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;

ე) უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას;

ვ) შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:

ვ.ა) ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

ვ.ბ) საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;

ვ.გ) კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;

ვ.დ) საველე კვლევის ჩატარების დრო;

ვ.ე) გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;

ვ.ვ) რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;

ვ.ზ) ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;

ვ.თ) იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;

ვ.ი) შერჩევის ზომა;

ვ.კ) ცდომილების ფარგლები;

ვ.ლ) ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

12. საზოგადოებრივი მაუწყებელი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) ვალდებულია, კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გარდა, ყველა სხვა პარტიისა და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყოს დრო, რომელიც თანაბრად განაწილდება ამ სუბიექტებს შორის.

13. თუ პარტიებმა, რომლებიც გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში, გაერთიანებამდე გამოიყენეს უფასო საეთერო დრო, მათ მიერ გამოყენებული უფასო სარეკლამო დრო (გარდა ბლოკის პირველი ნომერი პარტიის უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობისა) უნდა გამოაკლდეს ბლოკისთვის, როგორც საარჩევნო სუბიექტისთვის, ბლოკის შექმნის შემდეგ გამოსაყოფი უფასო საეთერო დროის ხანგრძლივობას.

14. ამ მუხლით გათვალისწინებული უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედურ არჩევნებზე ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.

15. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისყიდის მედიამონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო მომსახურებას.

16. კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში.

17. არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი , „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში (თანამგზავრული მაუწყებლობისათვის მაუწყებლობის ზონა ამ მუხლის მიზნებისათვის არის საქართველოს მთელი ტერიტორია) , აგრეთვე საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 2 0%-ისათვის; ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშობა მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისგან მაუწყებლის არხის ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის უზრუნველყოს ამ პუნქტით განსაზღვრული მაუწყებლების არხების თანაბარი და არადისკრიმინაციული ფინანსური პირობებით მიწოდება.

18. მაუწყებლობის ტრანზიტ ზე ავტორიზებულ პირს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად , არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან არჩევნების დღემდე პერიოდში შეუძლია უფასოდ, შესაბამისი მაუწყებლის ნებართვის გარეშე განახორციელოს ამ მუხლის მე-17 პუნქტში მითითებული მაუწყებლობის ტრანზიტი .

19 . მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-17 პუნქტ ით დადგენილი ვალდებულება არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის მომენტიდან 3 დღის ვადაში . მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის გაფრთხილებას, ხოლო გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობა ან განმეორებით ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირისათვის ავტორიზაციის 1 წლის ვადით შეჩერებას.

20. ამ მუხლის მე-19 პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხს განიხილავს და წყვეტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თავისი ინიციატივით ან შესაბამისი მაუწყებლის განცხადების საფუძველზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის გამოვლენიდან ან ამ მაუწყებლის შესაბამისი განცხადების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.

21. ამ მუხლის მე-17–მე-20 პუნქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები ვრცელდება შესაბამის ზონაში მოქმედ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებზე და მაუწყებლებზე შემდეგ შემთხვევებშიც: არჩევნების მეორე ტურის დანიშვნისას − მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე, ხოლო შუალედური არჩევნების დროს − შესაბამისი ვადით.

საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის ორგანული კანონი №6605 – ვებგვერდი, 16.07.2012წ.

 

თავი VII. არჩევნების/რეფერენდუმის დაფინანსება

    მუხლი 52. არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა

1. არჩევნების/რეფერენდუმის მოსამზადებლად და ჩასატარებლად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯი და მისი საქმიანობა უფლებამოსილების განხორციელების ვადაში ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. ცესკო ამ კანონით დადგენილი წესით ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს, რომლის საფუძველზედაც განისაზღვრება მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსება.

3. თუ არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრები ამ კანონით დადგენილ ვადაში არ ჩაირიცხება ცესკოს ანგარიშზე, იგი უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს რაიონულ/საქალაქო სასამართლოს.

 4. ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.

5. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოს სახით, უფლება აქვს, მიიღოს გრანტი კანონით უფლებამოსილი პირისაგან. გრანტი გამოიყენება ცესკოსა და უფლებამოსილ პირს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

6. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

7. წინასაარჩევნო/საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს ან სატენდერო კომისიის ქმედების/გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს შესყიდვების პროცედურების შეჩერებას.

    მუხლი 53. არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის საჭირო ფულადი სახსრები

1. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარდგენილი გეგმის შესაბამისად კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50 დღისა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის/რეფერენდუმისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს ცესკოს ანგარიშზე.

3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს ცესკო.

4. კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.

5. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არა უგვიანეს 30 დღისა წყვეტს ყოველგვარ ანგარიშსწორებას ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან და 10 დღის ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩარიცხავს თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს. ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.

    მუხლი 54. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები

1. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანია უნდა დაფინანსდეს :

ა) პოლიტიკური გაერთიანების ფონდიდან – თუ პარტია დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში/რეფერენდუმში;

ბ) საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდიდან – თუ პოლიტიკური გაერთიანებები ერთ საარჩევნო სუბიექტად ერთიანდებიან;

გ) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გახსნილი საარჩევნო ფონდიდან, დამოუკიდებელი კანდიდატის კამპანიის დასაფინანსებლად.

2. კამპანიის ხარჯებად ითვლება საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა.

3. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატი სარგებლობს მისი წარმდგენი სუბიექტის ფონდით.

4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ს წარუდგინოს ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც მოხდება საარჩევნო კამპანიისათვის აუცილებელი ხარჯების დაფინანსება.

5. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებად ითვლება შესაბამის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები, ასევე უსასყიდლოდ მიღებული ყველა საქონელი და მომსახურება (საბაზრო ფასებით).

6. დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნების დროს შესაბამისი ფონდის სახსრების გარდა სხვა სახსრების გამოყენება.

7. საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებზე და დაფინანსების წყაროებზე ვრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

8. საარჩევნო ბლოკის მიერ კამპანიის დაფინანსებისას შესაძლებელია ბლოკში გაერთიანებულმა პარტიებმა თავიანთ პოლიტიკური გაერთიანებების ფონდში არსებული სახსრები შეუზღუდავად გადასცენ იმ პოლიტიკური გაერთიანების ფონდს, რომელიც ბლოკის პირველ ნომრად არის რეგისტრირებული.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

    მუხლი 55. კანონმდებლობა საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების გამჭვირვალობის შესახებ

საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული ნორმებით. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ყველა საარჩევნო სუბიექტის კამპანიის ხარჯებზე, მათ შორის, დამოუკიდებელი კანდიდატების კამპანიის დაფინანსებაზე.

    მუხლი 56. საარჩევნო კამპანიის ფონდის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან

1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისას გადალახავს 5-პროცენტიან საარჩევნო ბარიერს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არა უმეტეს 1 000 000 ლარს საარჩევნო კამპანიის ხარჯების დასაფარავად, მათ შორის, 300 000 ლარს მიზნობრივად წინასაარჩევნო სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დასაფარავად. დაფინანსებას მიიღებს საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფინანსების მიზნით საარჩევნო სუბიექტმა წერილობით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნებამდე არა უგვიანეს 38 დღისა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე შესაბამისი თანხა ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს მე-15 დღისა.

    მუხლი 57. ანგარიში საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ

1. საარჩევნო ბლოკის ცესკოში რეგისტრაციის შემდეგ ბლოკში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებები ვალდებული არიან, შეაჩერონ თავიანთი პარტიის ფონდების საქმიანობა და ისარგებლონ მხოლოდ საარჩევნო ბლოკის პირველი ნომერი პარტიის ფონდით.

2. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაციის მომენტიდან 3 კვირაში ერთხელ, დადგენილი ფორმების მიხედვით გამოაქვეყნოს ინფორმაცია შემოწირულების წყაროს, ოდენობისა და მიღების თარიღის მითითებით.

3. საარჩევნო სუბიექტები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ხოლო ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, − კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს 8 დღისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურ ს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენენ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშს ფულადი სახსრების წყაროს მითითებით. აუდიტორული შემოწმების ჩატარების უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას).

4. იმ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომლებიც გაწევრებული არიან საარჩევნო ბლოკში, თავიანთი საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ ანგარიშების წარდგენასთან ერთად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა წარუდგინონ ბანკის მიერ გაცემული ცნობა მათი ფონდების ანგარიშებზე საფინანსო ოპერაციების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

5. ის საარჩევნო სუბიექტები, რომელთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები მონაწილეობენ არჩევნების მეორე ტურში, მეორე ტურის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ხოლო საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც, წინასწარი მონაცემებით, მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, − კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-8 დღისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი ფორმით წარადგენენ ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის მიერ გამოუყენებელი ფინანსების შესახებ.

6. თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ისინი სახელმწიფო აუდიტის სამსახურ უნდა გააფრთხილოს წერილობით და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის შევსება და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება.

7. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას და მისი შევსების წესს განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახური .

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

თავი VIII. კენჭისყრა

    მუხლი 58. კენჭისყრის შენობის მოწყობა

1. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობას და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს გადასცემენ დროებით, უსასყიდლოდ. ამასთანავე, ეს ორგანოები ვალდებული არიან, დაფარონ გადაცემული შენობა-ნაგებობის კომუნალური ხარჯები.

2. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმავე შენობაში, რომელშიც განთავსებულია:

ა) პარტია;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არ არის სხვა, შესაფერისი შენობა ამ კანონის შესაბამისად კენჭისყრის ჩასატარებლად. სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია;

გ) პოლიციის სამსახურები (გარდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიისა).

3. საუბნო საარჩევნო კომისიის მოთხოვნით ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ორგანოები ვალდებული არიან (თუ კომისიის სათანადო განკარგულება მათ გადაეცათ კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა), უზრუნველყონ კენჭისყრის ადგილის დროებითი, მარტივი ადაპტაცია, თუ საარჩევნო უბანში არიან ეტლით მოსარგებლე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები და მათ სათანადო განცხადებით მიმართეს საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

4. კენჭისყრის შენობაში:

ა) ფარული კენჭისყრისთვის უნდა მოეწყოს კაბინები. კაბინის ერთი მხარე ღია უნდა იყოს მისი სიმაღლის ნახევრამდე, ხოლო ზედა ნახევარი ფარდით უნდა იყოს დაფარული. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ ერთი კაბინა. ყოველ კაბინაში უნდა იყოს ერთი კალმისტარი;

ბ) უნდა გამოიყოს ადგილები ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და სპეციალური კონვერტების განთავსებისათვის;

გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი;

დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა სიები, პარტიული სიები, კანდიდატთა სიები, ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე ამ კანონიდან ამონარიდი, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).

5. თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი რომელიმე საარჩევნო სუბიექტი აღარ მონაწილეობს არჩევნებში, განცხადება ამის შესახებ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას, როგორც საარჩევნო უბანში, ისე ფარული კენჭისყრის კაბინაში (ოთახში).

6. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

    მუხლი 59. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვა

1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.

3. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

4. კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო.

5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

6. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

    მუხლი 60. კენჭისყრის დრო და ადგილი

1. კენჭისყრა იმართება კენჭისყრის შენობაში არჩევნების (კენჭისყრის) დღის 8 საათიდან 20 საათამდე.

2. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა.

3. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების, შემდეგ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის.

4. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის შემთხვევაში კენჭისყრის შეწყვეტისთანავე ან შეჩერებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების დადასტურების ან გაუქმების შესახებ. კომისია უფლებამოსილია კენჭისყრის შეჩერების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება კენჭისყრის შეწყვეტისა და საარჩევნო უბნის დახურვის შესახებ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები მიიღება განკარგულებით, რომელშიც უნდა აღინიშნოს კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეწყვეტის ან შეჩერების მიზეზი და დრო. კენჭისყრის შენობის ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისთანავე კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით კენჭისყრა განახლდება. თუ კენჭისყრა შეწყვეტილად გამოცხადდა, იგი აღარ განახლდება.

5. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

6. კენჭისყრის დღეს სამხედრო ნაწილებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში და ძნელად მისადგომ ადგილებში შექმნილ საარჩევნო უბნებში საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას დამთავრებულად აცხადებს 20 საათამდე ნებისმიერ დროს, თუ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა სიაში შეყვანილმა ყველა ამომრჩეველმა.

7. აკრძალულია კენჭისყრის ჩატარება კენჭისყრის დღემდე ან კენჭისყრის დღის შემდეგ, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 61. საარჩევნო უბნის გახსნა

1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 7 საათზე. თუ ამ დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, ამის თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი, ხსნის მას და ბეჭედს უკეთებს სპეციალურ ნაკვეთურს, რომლის ნიმუშიც აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში;

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს წილისყრის ფურცლებს, ამოწმებს მათ საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭდით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ცარიელი და შევსებული ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრა ტარდება კომისიის თავმჯდომარის მიერ, კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით და მასში არ მონაწილეობენ კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/კომისიის მდივანი. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები სათითაოდ იღებენ;

დ) პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთაგან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). ამასთანავე, ისინი არ შეიძლება იყვნენ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საარჩევნო კომისიის წევრები;

ე) კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ტარდება მორიგი წილისყრა, რომლითაც შეირჩევა:

ე.ა) კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, რომელიც აგრეთვე ამოწმებს ამომრჩეველთა მარკირებას;

ე.ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრები (სულ ცოტა 1 წევრი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის), რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის და ბეჭდის დასმის შემდეგ;

ე.გ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი;

ვ) წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-3 გვერდზე ჩაწერს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს;

ზ) კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისთვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რასაც კომისიის მდივანი აღნიშნავს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე დროის მითითებით.

3. თუ კენჭისყრის დღეს გასანაწილებელ ფუნქციებთან მიმართებით კომისიის წევრთა რაოდენობა:

ა) ერთით ნაკლები აღმოჩნდა, მცირდება ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრების რაოდენობა;

ბ) ორით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციას;

გ) სამით ნაკლები აღმოჩნდა, კომისიის თავმჯდომარე ასრულებს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციას.

4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, რომელიც კომისიაში გამოცხადდება წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, შრომის ანაზღაურების საკითხს წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო მისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

5. საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც დააკვირდებიან საჩივრების რეგისტრაციის პროცესს. თუ ამ წარმომადგენლებმა დააფიქსირეს (აღმოაჩინეს) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას, აღნიშნული საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს კომისია. ამასთანავე, წილისყრით გამოვლენილი წარმომადგენლები და საჩივრების რეგისტრატორი (კომისიის მდივანი) არ შეიძლება იყოს ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი პირი.

6. წილისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ერთიანი და სპეციალური სიების, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით;

ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას;

გ) ამოწმებს და ცესკოს მიერ დადგენილი წესით, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს.

7. ამომრჩეველთა თითოეულ რეგისტრატორს გადაეცემა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და რეგისტრატორის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა ბიულეტენის გაცემის შემდეგ რეგისტრატორს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და ა. შ..

8. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოვლენილი ამომრჩეველთა რეგისტრატორის ბეჭედს უკეთებს სპეციალურ ნაკვეთურს, რომლის ნიმუშიც აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში, და გადასცემს თითოეულ რეგისტრატორს.

9. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმში და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა).

10. საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი; მათზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. კენჭისყრის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ავსებენ საკონტროლო ფურცლებს (გარდა პირველი ამომრჩევლის მონაცემებისა) სამ ეგზემპლარად. კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.

11. კენჭისყრა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათზე.

    მუხლი 62. კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცესი და კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები აისახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში (შემდგომ – ჩანაწერთა წიგნი).

2. ჩანაწერთა წიგნი იწარმოება ქართულ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისათვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, ჩანაწერთა წიგნი შეიძლება იწარმოებოდეს შესაბამის ენაზედაც.

3. ჩანაწერთა წიგნი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ჩანაწერთა წიგნში აღრიცხოს კენჭისყრის დღის ყველა საარჩევნო პროცედურა და მიუთითოს მათი განხორციელების დრო.

4. ჩანაწერთა წიგნის თითო ცალი საარჩევნო ბიულეტენებთან ერთად გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიებს.

5. ჩანაწერთა წიგნი არის ე. წ. ზონარგაყრილი წიგნი. ზონარი ილუქება, დასალუქ ფურცელს ხელს აწერენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და მას დაესმება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი. ჩანაწერთა წიგნის ყველა გვერდი დანომრილი უნდა იყოს და თითოეულ გვერდზე უნდა აღინიშნოს საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრები.

6. ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისათვის გატანებული, კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა.

7. ჩანაწერთა წიგნის მე-5 გვერდზე კომისიის მდივანს შეაქვს ინფორმაცია კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის კომისიის სხვა წევრისთვის დროებით გადაცემის შესახებ.

8. ჩანაწერთა წიგნის მე-6–მე-9 გვერდებზე კომისიის მდივანს შეაქვს კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას შემაჯამებელ ოქმში შესატანი თითოეული მონაცემი.

9. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უფლებამოსილია კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები, საჩივრები და შენიშვნები ასახოს ჩანაწერთა წიგნში (ამისათვის გამოიყენება ჩანაწერთა წიგნის მე-10 და მომდევნო გვერდები), მიუთითოს მოწმეები (მათი არსებობის შემთხვევაში). ჩანაწერის შემტანი პირი ვალდებულია ჩანაწერთა წიგნში მიუთითოს თავისი გვარი, სახელი და მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით.

10. არავის არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე რომელიმე პირს, ჩანაწერი შეიტანოს ჩანაწერთა წიგნში.

11. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, მას ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან (ოქმებთან) ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

    მუხლი 63. საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი

1. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც.

2. იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც არიან მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლები, ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც ამ ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.

3. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვასა და საარჩევნო ყუთების (ძირითადის და გადასატანის) დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (გარდა საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოსი) არჩევნებისთვის საარჩევნო ბიულეტენებში შესატანი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებელია შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დაკვირვების უფლება აქვთ (მათი დამზადების თითოეულ ადგილზე) შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არა უმეტეს 3 დამკვირვებლისა.

4. სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისია აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადების ადგილის შესახებ, აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადებაზე პასუხისმგებელი პირების თაობაზე.

5. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილ რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ბიულეტენები.

6. საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის პირადად აგებენ პასუხს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

7. საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისაგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 50-50 ცალად იკინძება ბლოკნოტების სახით. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია საარჩევნო ბიულეტენის სახე, დაბეჭდილია გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისათვის, გრაფები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა რეგისტრატორის) ხელმოწერებისათვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისათვის.

8. თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი რიცხვისა.

9. ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

10. საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები, სპეციალური კონვერტების რაოდენობა, ბიულეტენთა სახეობა, ბიულეტენთა ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის ერთი ცალი რჩება საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადამცემ კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიმღებს). საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები, ვალდებულია მოითხოვოს მიღება-ჩაბარების აქტის ერთი ცალი შესაბამისი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე აქტის ხელმომწერი მხარეები ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობის გარკვევის შემდეგ ითვლიან საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას და მონაცემები შეაქვთ მიღება-ჩაბარების აქტში; ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც ხელის მოწერით ადასტურებენ მხარეები.

12. საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება და არჩევნების/რეფერენდუმის ჩატარების თარიღი;

ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი (ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ საარჩევნო ბიულეტენზე);

 დ) პროპორციული სისტემით არჩევნებისას – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერისა და მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“;

ე) სარეფერენდუმო ბიულეტენში ასევე აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: „დიახ“ და „არა“;

ვ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი.

13. თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილია სხვა საარჩევნო უბნისთვის/ოლქისთვის ან იგი არ შეესაბამება მითითებულ რაოდენობას ან მას აქვს ბეჭდური ან სხვა სახის წუნი, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია სათანადო აქტის საფუძველზე შემაჯამებელ ოქმში დააფიქსიროს ბიულეტენთა რეალური რაოდენობა.

14. საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს:

ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერის ადგილი;

ბ) ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი.

15. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის სახელის/სახელწოდების გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“.

16. საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება.

17. საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.

18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა, აგრეთვე ყალბი საარჩევნო ბიულეტენის გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით დადგენილი წესით.

19. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისათვის – ასევე დევნილის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად) წარდგენის შემთხვევაში.

20. კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველზე გაიცემა ერთი სპეციალური კონვერტი და შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.

21. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა ორი სახის ბიულეტენი – მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნებისთვის განკუთვნილი ბიულეტენები.

22. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

23. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.

    მუხლი 64. ამომრჩეველთა მარკირება

1. ყველა საარჩევნო უბანში (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ხორციელდება ამომრჩეველთა მარკირება, რაც ითვალისწინებს თვალით უხილავი და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას – ასეთივე წესით მარცხენა ხელზე).

2. მარკირების შემოწმების პროცედურას ამომრჩეველი გადის კენჭისყრის ოთახში შესვლისას საარჩევნო კომისიის შესაბამის წევრთან, რომელიც სპეციალური ხელსაწყოთი აშუქებს მარკირების ადგილს და მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს მარკირება არ აქვს, აძლევს მას კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. თუ ხელსაწყომ გამოავლინა, რომ ამომრჩეველს უკვე აქვს მარკირება, მას აეკრძალება კენჭისყრაში მონაწილეობა და მისი ვინაობა შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

3. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის მარკირების შემოწმების პროცედურას, გადაინაცვლებს სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც ამომრჩეველთა რეგისტრატორი განახორციელებს მის მარკირებას და იგი მიიღებს საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს). მარკირების პროცედურის გავლაზე უარის თქმის შემთხვევაში ამომრჩეველს არა აქვს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება და მასზე საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) არ გაიცემა.

4. თუ საარჩევნო კომისიის წევრს, საარჩევნო უბანზე მყოფ დამკვირვებელს ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ეჭვი გაუჩნდა მარკირების ან მისი შემოწმების პროცედურის გამო, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ხელახლა ჩატარება. ამ პირებს უფლება აქვთ, მოითხოვონ სათანადო რეაგირება მარკირების პროცედურის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებაზე.

5. მარკირება არ გამოიყენება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ.

6. ამომრჩეველს, რომელმაც გაიარა მარკირების პროცედურა და მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში, უფლება არა აქვს, იმავე ან სხვა საარჩევნო უბანში ხელახლა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა.

7. ამ მუხლის მოთხოვნათა დამრღვევ პირს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

    მუხლი 65. კენჭისყრის ჩატარება

1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:

ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას; თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელმა კომისიის წევრმა კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი უნდა შეუშვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;

ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი – ასევე დევნილის მოწმობას (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად). ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის დადასტურების შემთხვევაში ახორციელებს მის მარკირებას, რის შემდეგაც ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს ამომრჩეველთა ერთიანი სიის სათანადო გრაფაში, ხოლო შემდეგ ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს მის (მათ) უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამოწმებს სპეციალური ბეჭდით;

გ) საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში და ავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს) ამ კანონით დადგენილი წესით. საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) შევსების შემდეგ ამომრჩეველმა იგი (ისინი) ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;         

დ) დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენით (ბიულეტენებით) ამომრჩეველი მიდის განცალკევებით მდგარ მაგიდასთან, საიდანაც დამოუკიდებლად იღებს სპეციალურ კონვერტს და მასში ათავსებს ბიულეტენს (ბიულეტენებს). მხოლოდ ამომრჩეველია უფლებამოსილი, საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) მოათავსოს სპეციალურ კონვერტში. საარჩევნო კომისიის წევრს არა აქვს უფლება, გახსნას შევსებული საარჩევნო ბიულეტენი (ბიულეტენები) ან სხვაგვარად დაარღვიოს კენჭისყრის ფარულობა;

ე) საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;

ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს კონვერტის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში მხოლოდ ერთი კონვერტი აქვს;

ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში სპეციალური კონვერტის ჩასაგდები ჭრილი.

3. საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) კანდიდატისა;

გ) საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;

დ) დამკვირვებლისა.

4. თუ ამომრჩეველს ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი ან სპეციალური კონვერტი, მან ეს უნდა აცნობოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უნდა ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი/სპეციალური კონვერტი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს/სპეციალურ კონვერტს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში შესვლამდე და სპეციალურ კონვერტში ბიულეტენის (ბიულეტენების) ჩადებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელში მხოლოდ ამ კანონით დადგენილი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს. ამომრჩეველი ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნა.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია კენჭისყრის დღეს ორჯერ, 12 საათსა და 17 საათზე, გადათვალოს ამომრჩეველთა სიაში კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა და ეს რიცხვი შესაბამისი დროის მინიშნებით შეიტანოს საუბნო საარჩევნო კომისიის სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

7. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საუბნო საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.

8. კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს, მათ რაოდენობას აცნობებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ.

9. კენჭისყრის შენობის დაკეტვის შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილ პირებს საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბნის შენობაში შეაქვთ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი და საარჩევნო დოკუმენტაცია.

    მუხლი 66. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა

1. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.

2. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს.

3. კენჭისყრის დღის 9 საათიდან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს გადასცემს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას, სპეციალურ კონვერტებს და ამომრჩეველთა რეგისტრატორის მიერ ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით დამოწმებულ საჭირო რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენებს.

4. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩატარებაში მონაწილეობენ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის 2 წევრი და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები თავიანთი სურვილისამებრ.

5. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემისას ავტომანქანის გამოყენების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია გამოყოს ადგილი ავტომანქანაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით გამოვლენილი 2 მეთვალყურისათვის.

6. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმას აძლევს იმ შემთხვევაში, თუ მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი მიეკუთვნება იმ საარჩევნო უბნის ტერიტორიას, სადაც იგი რეგისტრირებულია.

7. ამომრჩეველთა ადგილსამყოფლის მიხედვით კენჭისყრის ჩასატარებლად გამოიყენება ერთი გადასატანი გამჭვირვალე საარჩევნო ყუთი. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი გადაეცა გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ საარჩევნო კომისიის წევრებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო ყუთში არსებული და გამოუყენებელი საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა შეჯამდება შედარების მიზნით. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ დარჩენილ გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ისინი ცალკე შეინახება. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის პროცესზე ვრცელდება ყველა პროცედურა, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო უბანზე ხმის მიცემასთან; იდენტურია წარმომადგენლისა და დამკვირვებლის უფლებამოსილებებიც.

8. თუ ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი და ამომრჩევლის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი ერთსა და იმავე საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება, ამომრჩეველს ეძლევა პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მასზე გაიცემა შესაბამისი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი. წინააღმდეგ შემთხვევაში ამომრჩეველს ეძლევა მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრის პროცედურას ატარებს ის საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის ტერიტორიაზედაც მდებარეობს სამხედრო ნაწილი, საავადმყოფო ან სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება ან თავისუფლების აღკვეთის ადგილი, რომელშიც იმყოფება ამომრჩეველი.

10. გადასატანი საარჩევნო ყუთის ჭრილი კენჭისყრის დამთავრებისას ილუქება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ლუქის დაზიანების გარეშე მისი გახსნა.

    მუხლი 67. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორის ბეჭდებს უკეთებს მეორე სპეციალურ ნაკვეთურს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. ამ კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არა უმეტეს 2 მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან 2 მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე). ნაკვეთურიანი ბეჭდების ნიმუში აისახება ჩანაწერთა წიგნში.

2. საარჩევნო უბანზე მყოფი წარმომადგენლებისაგან კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს არა უმეტეს 2 წარმომადგენელს, რომლებიც კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოვლენილ მთვლელებთან ერთად მონაწილეობენ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში. ამასთანავე, ამ წარმომადგენელთა წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომელთა მიერ დანიშნული კომისიის წევრებიც წილისყრით გამოვლენილი მთვლელები არიან.

3. მთვლელები თანამიმდევრულად ითვლიან ამომრჩეველთა ერთიანი და სპეციალური სიებისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც ცალ-ცალკე შეფუთავს და დალუქავს ამომრჩეველთა ერთიან, სპეციალურ და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიებს.

4. გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს კომისიის მდივანი ჩამოაჭრის კუთხეს. გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ცალ-ცალკე პაკეტებად. თითოეულ პაკეტზე უნდა მიეთითოს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე.

5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

6. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურა ტარდება ზოგადი პროცედურების დაცვით. კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ლუქავს საარჩევნო ყუთის ჭრილს, ამომრჩეველთა სიას, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს. საარჩევნო ყუთი, ამომრჩეველთა სია, დალუქული გამოუყენებელი და გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები დაუყოვნებლივ გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული განკარგულების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანს (ძირითადი საარჩევნო უბანი).

7. ძირითადი საარჩევნო უბანი ამ მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ხსნის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთს და მასში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს შეურევს ძირითად საარჩევნო უბანზე არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს.

8. გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის საარჩევნო ყუთი იხსნება მას შემდეგ, რაც გაიხსნება ძირითადი საარჩევნო უბნის გადასატანი და ძირითადი საარჩევნო ყუთები. ძირითადი საარჩევნო უბნისა და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის შედეგები ფორმდება ერთი შემაჯამებელი ოქმით.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.

    მუხლი 68. საარჩევნო ყუთის გახსნა

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.

2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებით გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და დალუქული საარჩევნო ყუთი დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ორი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები. ამ მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ორი მეთვალყურე და ორი წარმომადგენელი.

4. საუბნო საარჩევნო კომისია თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. მთვლელები გადასატან საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებს ათავსებენ მაგიდაზე, ამოწმებენ გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისიაში შედარების მიზნით შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან გადასატან საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიკვრება პაკეტად, დაეწერება „ბათილია“ და საარჩევნო უბანში კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ მთვლელები ხსნიან ძირითად საარჩევნო ყუთს.

5. მთვლელები ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ სპეციალურ კონვერტებსა და საარჩევნო ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საუბნო საარჩევნო კომისის თავმჯდომარის მიერ შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა ან ძირითად საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, ყველა სპეციალური კონვერტი და საარჩევნო ბიულეტენი შეიფუთება, დაილუქება, შედგება სათანადო ოქმი და დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები ერთმანეთში ურევენ ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთებიდან გადმოყრილ სპეციალურ კონვერტებს და იწყებენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას.

    მუხლი 69. ხმის დათვლა

1. საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:

ა) პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, და ერთი სახის საარჩევნო ბიულეტენს გადასცემს მეორე მთვლელს, მეორე სახისას – მესამე მთვლელს და ა. შ., ხოლო სპეციალურ კონვერტს დებს ცალკე. მთვლელები საარჩევნო ბიულეტენებს აწყობენ ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;

ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის და მთვლელების მიერ ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები, ცალკე – ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

2. დამკვირვებელთაგან გამოვლენილი ერთი მეთვალყურე დგება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ მეორე მთვლელთან, ხოლო მეორე მეთვალყურე – იმავე ქვეპუნქტში აღნიშნულ მესამე მთვლელთან. მათ უფლება აქვთ, დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ საუბნო საარჩევნო კომისიის მოქმედება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, შემდეგ კი – სასამართლოში. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს უფლება აქვთ, მიუთითონ მთვლელს, ცალკე გადადოს ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

3. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:

ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ხელმოწერითა და სპეციალური ბეჭდით;

ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;

გ) სპეციალურ კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი;

დ) სპეციალური კონვერტი არ არის დადგენილი ნიმუშისა;

ე) საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა სპეციალური კონვერტის გარეშე;

ვ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისათვის.

4. ამომრჩევლის მიერ ნების გამოვლენის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენში ნებისმიერი ფორმით შესწორების, ცვლილების ან დამატების შეტანა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“; ეს ბიულეტენები იკვრება პაკეტად, რომელსაც ხელს აწერენ მთვლელები და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, და მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში; სხვა საარჩევნო უბნისათვის განკუთვნილი ბათილი საარჩევნო ბიულეტენები ცალკე პაკეტად იკვრება და მათი რაოდენობა აღინიშნება მხოლოდ ჩანაწერთა წიგნში.

7. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს შესაბამისი ზომის კონვერტში. შეკვრას უნდა დაეწეროს საარჩევნო უბნის ნომერი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა და საარჩევნო ბიულეტენები იკვრება ამავე მუხლის მე-9 პუნქტში აღწერილი წესით. თითოეული საარჩევნო სუბიექტის კუთვნილი საარჩევნო ბიულეტენების დასტა ცალკე უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს სადემონსტრაციო ოქმსა და ჩანაწერთა წიგნში.

9. ყოველი 10 საარჩევნო ბიულეტენი იკვრება ლითონის შემკერით და ყოველ შეკვრას, როგორც სრულს, ისე არასრულს, ზემოდან ეწერება შეკრული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა. ეს შეკვრები, თავის მხრივ, იკვრება ცალკე დასტად. საარჩევნო ბიულეტენების დასტას უნდა ეწეროს საარჩევნო უბნის დასახელება და ნომერი, საარჩევნო სუბიექტის (სუბიექტების) მონაცემები (დასახელება, სახელი და გვარი) და მის (მათ) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, აგრეთვე ამ დასტაში ჩადებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა.

    მუხლი 70. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები

1. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგები აისახება ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. შემაჯამებელი ოქმი არის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შემაჯამებელ ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით დამოწმებულ მის ასლს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვს.

3. აკრძალულია შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება. ასეთი შემაჯამებელი ოქმის ბათილობის საკითხს განიხილავს ზემდგომი საარჩევნო კომისია. შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემების გადასწორება იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას ამ კანონით დადგენილი წესით.

4. თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში შესაბამისი მონაცემის გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. სხდომაზე დამსწრე საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს შესწორების ოქმს. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელში შეტანილი მონაცემიც შესწორდა.

5. თითოეული სახის შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები და საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები) ინომრება ინდივიდუალური ნომრით, რომელიც არ შეიძლება მეორდებოდეს.

6. შემაჯამებელი ოქმები ზუსტად აღირიცხება. მათ დაბეჭდვას უზრუნველყოფს ცესკო. ოქმები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. მათი დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და ცესკოსთვის გადაცემული ოქმების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილი ოქმების რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ოქმები.

7. საარჩევნო კომისიაში ოქმების შენახვასა და დანიშნულებისამებრ გაცემაზე პასუხისმგებელია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

8. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

9. შემაჯამებელი ოქმები იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.

10. შემაჯამებელი ოქმი იბეჭდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში − აფხაზურ ენაზე, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებისთვის, რომლებისთვისაც საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც, შემაჯამებელი ოქმი შეიძლება დაიბეჭდოს შესაბამის ენაზედაც.

    მუხლი 71. საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა

1. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა მონაცემის დადგენისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი არსებული მონაცემების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ავსებს კენჭისყრის შედეგების თითოეული სახის შემაჯამებელ ოქმს.

2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერისა და შუალედური არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.

3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება, საარჩევნო უბნის ნომერი;

ბ) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი იმ საარჩევნო უბნის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მიმაგრებულია ძირითად საარჩევნო უბანზე;

გ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება;

დ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

ე) საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორების ბეჭდების ნომრები;

ვ) ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

ზ) სპეციალურ სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა;

თ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ამომრჩეველთა სიებში 12 საათსა და 17 საათზე;

ი) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);

კ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ლ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

მ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ნ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).

4. საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

5. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

6. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) საარჩევნო ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიების დალუქულ პაკეტთან ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელიც აღნიშნულ ოქმს საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან ერთად გადასცემს ცესკოს.

8. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გამოკვრა საჯარო გაცნობისათვის. საუბნო საარჩევნო კომისია ოქმის ასლს (საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადასცემს პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს ან პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.

9. კენჭისყრის დღის მეორე დღიდან საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლებს გასცემს საოლქო საარჩევნო კომისია. აღნიშნული ასლები დამოწმებული უნდა იქნეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით და საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.

10. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის უფლებამოსილი პირების პასუხისმგებლობას ამავე კანონით დადგენილი წესით.

11. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად საოლქო საარჩევნო კომისიას ეგზავნება ამომრჩეველთა სიები კენჭისყრის მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებით. საოლქო საარჩევნო კომისია, თავის მხრივ, აღნიშნულ სიებს უგზავნის ცესკოს, რომელიც მათ ახარისხებს და არქივში ინახავს.

12. კენჭისყრის ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალი იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

13. საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭედი ილუქება ცალკე პაკეტში. პაკეტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი და საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრები.

14. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ტექნიკური საშუალებებით (მათ შორის, ფაქსით, სადაც არის ამის შესაძლებლობა) გაუგზავნოს ცესკოს.

    მუხლი 72. კენჭისყრის დღეს განცხადების/საჩივრის შედგენისა და მისი წარდგენის წესი

1. განცხადება/საჩივარი გადაეცემა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს ან კომისიის მდივანს. კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს განცხადებას/საჩივარს ჩანაწერთა წიგნში, ხოლო განმცხადებელს/მომჩივანს გადასცემს ცნობას (თავისი ხელმოწერით), რომელშიც აღინიშნება შესაბამისი განცხადების/საჩივრის კომისიაში მიღების თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი.

2. განცხადებაში/საჩივარში აღინიშნება:

ა) განცხადების/საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;

ბ) განმცხადებლის/მომჩივნის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

გ) საარჩევნო უბნის ნომერი;

დ) მოწმის არსებობის შემთხვევაში – მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;

ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;

ვ) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში – მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენაც შესაძლებელი გახდა;

ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სხვა დამატებითი ინფორმაცია.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება განცხადებაზე/საჩივარზე და აღმოფხვრას არსებული დარღვევა. თუ კომისიის თავმჯდომარემ არ ან ვერ აღმოფხვრა დარღვევა ან სხვაგვარი ფორმით უარი განაცხადა განცხადებაზე/საჩივარზე რეაგირებაზე, განმცხადებელს/მომჩივანს უფლება აქვს, იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი დაუყოვნებლივ წარუდგინოს ზემდგომ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული განცხადების/საჩივრის განხილვისას იმსჯელოს შესაბამისი უბნის შედეგების ბათილობის საკითხზე.

4. თუ განცხადებაში/საჩივარში მითითებულ დარღვევას აღმოფხვრის საუბნო საარჩევნო კომისია, კეთდება ჩანაწერი „დარღვევა აღმოფხვრილია“ და ზუსტი დროის მითითებით შეიტანება ჩანაწერთა წიგნში.

    მუხლი 73. განცხადებები და საჩივრები კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცედურების დარღვევის შესახებ

1. საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადება/საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს ამ კანონის დარღვევის შემჩნევისთანავე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით, კენჭისყრის დღის 7 საათიდან საარჩევნო ყუთის გახსნამდე.

2. განცხადება/საჩივარი ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურების დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის ან ბათილად ცნობის მოთხოვნით შედგენილი უნდა იქნეს საარჩევნო ყუთის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ამ კანონის 72-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში და საუბნო საარჩევნო კომისია გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში (საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბუთების მიღების ამ კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით). განმცხადებელმა/მომჩივანმა იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში შეიძლება უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.

    მუხლი 74. ხმის დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვა

1. ამ კანონის 73-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიაში მიღებისთანავე საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით.

2. თუ დარღვეულია ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რომლის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივანი აკეთებს სათანადო ჩანაწერს, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

3. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში განცხადების/საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დადგენილ ვადაში გამოასწოროს ხარვეზი ანალოგიური განცხადების/საჩივრის წარდგენის გზით, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზის დადგენის საფუძვლები, ან/და წარადგინოს განცხადება, რომელშიც მიეთითება ის მონაცემები, რომელთა გამოც დაუდგინდა ხარვეზი.

4. ხარვეზის შევსების შემთხვევაში საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი ხარვეზის შევსების ზუსტი დროისა და თარიღის მითითებით და მას ხელს აწერენ ხარვეზის შემვსები პირი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი.

5. ამ კანონის 72-ე და 73-ე მუხლებითა და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი პროცედურების დარღვევით წარდგენილი განცხადება/საჩივარი არ განიხილება, რის თაობაზედაც შესაბამისი საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

    მუხლი 75. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების კენჭისყრის შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

ბ) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ან არჩევნების მეორე ტური, ესეც უნდა აღინიშნოს);

დ) ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ე) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ზ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ი) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);

კ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი;

ლ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;

მ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას);

ო) არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმში − ამავე პუნქტში ჩამოთვლილი მონაცემები, ასევე არჩეული პირის (არჩეულ პირთა) ვინაობა, მეორე ტურში გასულ პირთა ვინაობა და მეორე ტურში არჩეული პირის ვინაობა.

3. თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბანში (უბნებში) და ამ უბანში (უბნებში) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ისეთია, რომ განმეორებითი კენჭისყრა გავლენას ვერ მოახდენს საარჩევნო ოლქში არჩეული ან მეორე ტურში გასული პირის (პირების) გამოვლენაზე, საოლქო საარჩევნო კომისია არჩეულ ან მეორე ტურში გასულ პირს (პირებს) დაადგენს ამ უბნის (უბნების) გაუთვალისწინებლად.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომლებიც ესწრებიან კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.

5. თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, მას უფლება აქვს, ოქმში აღნიშნოს, რას არ ეთანხმება, და ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.

6. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს ამ მუხლში აღნიშნული მონაცემები მათი დადგენისთანავე შეაქვს საოლქო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოკრულ სადემონსტრაციო ოქმში.

7. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა ცესკოს.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმების იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში ხელმოწერით ადასტურებს.

9. ამ კანონით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამოწმებული ასლის გაუცემლობა გამოიწვევს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 76. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში

1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის ჩატარებიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

2. ცესკო აჯამებს არჩევნების შედეგებს და ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც აღინიშნება:

ა) ამომრჩეველთა რაოდენობა;

ბ) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა;

გ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

დ) საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.

3. არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერენ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს მდივანი. ოქმის ერთი ეგზემპლარი ინახება ცესკოში, მეორე ეგზემპლარი კი გადაეცემა ამ კანონით გათვალისწინებულ ორგანოებს. ოქმის ასლები გადაეცემა ყველა დაინტერესებულ პირს.

4. ცესკო საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შემოსვლის პარალელურად უზრუნველყოფს ამ ოქმების მონაცემთა ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებგვერდზე.

5. აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოებში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავების დასრულებამდე და ამ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სრულად გათვალისწინების გარეშე.

6. განცხადების/საჩივრის ან/და ცესკოს წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცესკოს შეუძლია არჩევნების შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე შეაჯამოს.

7. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე ცესკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით და არა უგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს მას პრესას და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს.

     8. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის 71-ე მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული ოქმის საჯაროობა, მათ შორის, მისი დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებით; ამასთანავე, თუ საარჩევნო უბნის შედეგები გასაჩივრებულია სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცესკო ვალდებულია ოფიციალური შეტყობინებისთანავე გააკეთოს სათანადო აღნიშვნა ვებგვერდზე განთავსებულ შესაბამის ოქმზე.

თავი IX. საარჩევნო დავის განხილვა

    მუხლი 77. გასაჩივრების ვადა და წესი

1. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

3. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ცესკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

5. ცესკოს/ცესკოს ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

51 . საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ან გადაწყვეტილების მიუღებლობა შეიძლება გამოცხადებიდან 48 საათში გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლო საჩივარს განიხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანიდან 48 საათში გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

6. სასამართლოში სარჩელის/საჩივრის შეტანის შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისად საოლქო საარჩევნო კომისიას/ცესკოს სარჩელის/საჩივრის მიღების, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ – გადაწყვეტილების შესახებ. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მომდევნო დღის 12 საათამდე უნდა გადაეცეს მხარეებს.

7. სასამართლოში დავის განხილვისას მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების გამოკვლევის საფუძველზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.

8.  საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადება/სარჩელი/ საჩივარი შეტანილად ითვლება შესაბამის საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

9. საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში განცხადების/სარჩელის/ საჩივრის შეტანა არ აჩერებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.

10. აკრძალულია ამ მუხლით დადგენილი გასაჩივრებისა და დავის განხილვის ვადების გაგრძელება, თუ ამ კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

11. ამ კანონის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ საარჩევნო დავებზე ამავე მუხლით განსაზღვრული პირების გარდა სხვა პირთა მიერ საარჩევნო კომისიაში/სასამართლოში შეტანილი განცხადება/სარჩელი/საჩივარი განუხილველი რჩება.

12. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

13. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

14. საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს საჩივრის შემომტან პირს/დამკვირვებელ ორგანიზაციას/საარჩევნო სუბიექტს, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

15. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული დამკვირვებელი ორგანიზაცია ან მისი წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ ორგანიზაციის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ შესაბამის დამკვირვებელს ან ამ ორგანიზაციას.

16. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო სუბიექტი ან მისი დანიშნული წარმომადგენელია, საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობება ამ სუბიექტის ამ კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე დანიშნულ წარმომადგენელს.

17. თუ საჩივრის ავტორი საარჩევნო კომისიის წევრია, საჩივრის განხილვის შესახებ პირადად მას უნდა ეცნობოს.

18. მხარეები ვალდებული არიან, საჩივარში გარკვევით მიუთითონ საჩივრის ავტორის საკონტაქტო ტელეფონის (საცხოვრებელი ადგილის ან/და მობილურის) ნომერი; ასევე მითითებული უნდა იქნეს საჩივრის ავტორის ფაქსი და ელექტრონული ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

19. საჩივრის განხილვისათვის, ამ კანონით მოთხოვნილი საჩივრის განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მხარეები შეიძლება დაბარებულ იქნენ როგორც წერილობით, ისე ტელეფონით (მათ შორის, მობილური ტელეფონით; მოკლე ტექსტური შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებებით. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარება დასტურდება:

ა) მის მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დაკავშირებით;

ბ) ელექტრონული ფოსტის, ფაქსის ან მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაში – შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. აღნიშნული წესით დადასტურების მიღებისას მხარე დაბარებულად ითვლება. მხარე ასევე დაბარებულად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია მასთან საჩივარში მითითებული ტექნიკური საშუალებებით დაკავშირება (მობილური ტელეფონის, ფაქსის, კომპიუტერის გამორთულ მდგომარეობაში ყოფნის გამო და სხვ.).

20. ტექნიკური საშუალებებით მხარის დაბარებისას დგება აქტი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საჩივარს.

21. ცესკოში აქტს ადგენს ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი პირი და სამსახურის უფროსი.

22. ქვემდგომ საარჩევნო კომისიაში აქტს, კომისიის თავმჯდომარის დავალებით, ადგენს კომისიის ერთ-ერთი წევრი და მას ხელს აწერენ აქტის შემდგენი და კომისიის თავმჯდომარე.

23. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია მხარეს საქმის განხილვის დრო და ადგილი შეატყობინოს საქმის განხილვის დაწყებამდე არა უგვიანეს 3 საათისა.

24. აქტის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

25. მხარის გამოუცხადებლობა არ ქმნის საჩივრის განხილვის გადადების საფუძველს.

26. მხარეს, რომელიც ესწრება კომისიის სხდომას, სხდომის დაწყების წინ უნდა გადაეცეს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული, კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტების პროექტები და ასლები.

27. მხარეს უფლება აქვს, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საჩივრის განხილვაში.

28. საჩივრის განხილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საკუთარი ინიციატივით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მოპოვებული მასალების სათანადო გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ.

29. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

30. მხარეს, რომელიც, შეტყობინების მიუხედავად, არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობით.

31. საჩივრის განხილვის დროს მხარის კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერილობითი დოკუმენტის მისთვის ჩაბარების თარიღი არ არის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის ვადის ათვლის საფუძველი.

32. საარჩევნო კომისია ვალდებულია მიღებულ გადაწყვეტილებაში მხარეს მიუთითოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და ადგილი (დაწესებულების დასახელება და მისამართი), სადაც შეიძლება მისი გასაჩივრება.

საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის ორგანული კანონი №6605 – ვებგვერდი, 16.07.2012წ.

    მუხლი 78. საარჩევნო დავები და მოსარჩელეთა წრე

1. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადა და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ამომრჩეველთა სიების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, მოქალაქეს, რომლის განცხადება ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შესახებ არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ.

3. საარჩევნო ოლქების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ცესკოს წევრს.

4. საარჩევნო უბნების შექმნის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს.

5. ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის/არჩევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს.

7. საარჩევნო კომისიის წევრის ან საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო (ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას) სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება ამ კანონით დადგენილ ვადაში აქვს საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, შესაბამისი ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის წევრს, რომელსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება.

8. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო, აგრეთვე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს ცესკოს წევრს, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, კომისიის იმ წევრთა ნახევარზე მეტს, რომლებსაც ამ განკარგულებით ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება.

9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არჩევნებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს ანგარიშზე ჩაურიცხველობის გამო ამ ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს ცესკოს.

10. პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციისა და მათი წარმომადგენლების რეგისტრაციის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს:

ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;

ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), თუ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;

გ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

დ) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატისა და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები ან/და ამ კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;

ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით;

გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას) დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები რეგისტრაციაში გაატარა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.

12. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ ცესკომ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

13. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: ზემოაღნიშნულ ორგანიზაციას, თუ საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი არ გაატარა რეგისტრაციაში, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე რეგისტრირებულ ორგანიზაციას, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დამკვირვებელი ორგანიზაცია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

14. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელს, რომლის განცხადება აკრედიტაციის თაობაზე არ დააკმაყოფილა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ამ საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

15. ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის ან ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;

ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება ერთ- ან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას.

16. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ ამ კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტების დებულებათა დარღვევის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პირს.

161 . საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების მიუღებლობის გამო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ პირებს.

17. ამ კანონის 48-ე და 118-ე მუხლების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.

18. კენჭისყრის დღის განმავლობაში და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს საუბნო საარჩევნო კომისიისა და მის ცალკეულ წევრთა მოქმედებებისა და გადაწყვეტილებების (გარდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის) გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს საუბნო ან ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში.

19. ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებზე სარჩელი შეიტანება შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მომდევნო დღისა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც გადაწყვეტილება გამოაქვს სარჩელის შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

20. საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტისა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის ორგანული კანონი №6605 – ვებგვერდი, 16.07.2012წ.

 

თავი X. პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის

    მუხლი 79. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება კანონის დარღვევით

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 80. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა

1. ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირთა მიერ, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 81. საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ საქმიანობისათვის აკრძალულ დაწესებულებებში

საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებათა შენობებში, რომლებიც აკრძალულია ამ კანონით, და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 82. არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევა

კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 83. პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის კანონით დადგენილი ვალდებულების დარღვევით განთავსება

1. წინასაარჩევნო აგიტაციასთან, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასა და ინფორმაციის გადაცემასთან ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა –

გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას – 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის ზომების გამოყენებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს ელექტრონული მედიის საშუალების დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო ბეჭდვითი მედიის საშუალებისას − 1 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 84. საარჩევნო სუბიექტების პასუხისმგებლობა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევისათვის

 1. საარჩევნო სუბიექტებს, მათ შორის, საარჩევნო ბლოკებს, საარჩევნო ბლოკში შემავალ პოლიტიკურ გაერთიანებებს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის დარღვევისათვის, აგრეთვე ქმედებისათვის, რომლის მიზანიც იყო პოლიტიკური საქმიანობის დაფინანსების კანონით დადგენილი მოთხოვნებისათვის გვერდის ავლა.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და ამ კანონით დადგენილი წესით. 

    მუხლი 85. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა

1. საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის წარდგენის კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის არასწორი მონაცემებით წარდგენა –

გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი მოქალაქეთა იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ, რომელიც იღებს სახელმწიფო დაფინანსებას, –

გამოიწვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 86. საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის მასალების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

საარჩევნო, სარეფერენდუმო ან საპლებისციტო კომისიებისათვის საჭირო მასალებისა და მონაცემების წარდგენაზე უარის თქმა ან მათი გადაწყვეტილების შეუსრულებლობა –

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 87. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება

კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება –

გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 2 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 88. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 89. არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაუცემლობა

არჩევნების, რეფერენდუმის ან პლებისციტის შემაჯამებელი ოქმის ასლის გაცემის ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევა –

გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და მდივნის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 90. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის შეტანაში ხელის შეშლა –

გამოიწვევს შესაბამისი პირების დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 91. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვა

ადგილობრივი/საერთაშორისო დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების ამ კანონით დადგენილი უფლებების შეზღუდვა ან მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა –

გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 92. დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობებისა და მოთხოვნების დარღვევა

დამკვირვებლის, საარჩევნო სუბიექტისა და მედიის წარმომადგენლების მიერ ამ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით დაკისრებული მოთხოვნების დარღვევა –

გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

    მუხლი 93. სამართალწარმოება

1. ამ კანონის 79-ე, 81-ე და 86-ე−92-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენენ ცესკო, აგრეთვე ცესკოსა და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები (თანამდებობის პირები).

2. ამ კანონის 82-ე და 83-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

3. ამ კანონის 84-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური .

4. უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატების ამ კანონის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

5. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

 კარი II. განსაკუთრებული ნაწილი

 

თავი XI. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

    მუხლი 94. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

    მუხლი 95. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარება

1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები არ ტარდება.

    მუხლი 96. პასიური საარჩევნო უფლება

საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში.

    მუხლი 97. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას) ან ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა უნდა დადასტურდეს არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერით.

    მუხლი 98. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის წესი

1. ცესკოში რეგისტრირებულ პარტიას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვთ წარადგინონ საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატი.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი;

ვ) რეგისტრაციის ადგილი;

ზ) პარტიულობა;

თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;

ი) წარმდგენი პარტიის დასახელება, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი დაბადების მოწმობის ასლი და სამი ფოტოსურათი.

5. განცხადებას ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი.

    მუხლი 99. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიები

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 40 დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში უნდა იყოს არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერა.

    მუხლი 100. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკოს თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

2. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

3. ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს, თუ:

ა) არასრული ან არასწორია ამ კანონის 98-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის ხელმოწერაზე ნაკლები;

გ) დარღვეულია ამ კანონის 99-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა.

4. ცესკო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, სახელის, გვარის, დაბადების წლის, დაკავებული თანამდებობის (საქმიანობის), საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მითითებით.

5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.

    მუხლი 101. პოლიტიკური პარტიისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

1. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ პარტიამ არ წარადგინა ან რეგისტრაციაში არ გატარდა პარტიის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

2. საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ რეგისტრაციაში არ გატარდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა მის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის ორი მესამედი მაინც.

    მუხლი 102. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომრის განსაზღვრა

1. პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნებამდე 25 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროცედურები ტარდება ცესკოს შენობაში, მის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატი ირჩევს წინა საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის კუთვნილ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ იმ კანდიდატებს, რომელთა წარმდგენმა პოლიტიკურმა პარტიებმა წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით დაიკავეს მეორე და მესამე ადგილები, რომლებსაც აქვთ უფლება, აირჩიონ წინა საპარლამენტო არჩევნებში მათთვის მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებში, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

3. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს.

4. გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით.

5. წილისყრის მიზნით ცესკოს თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პრეზიდენტობის კანდიდატების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს ცესკოს ბეჭდით. ამის შემდეგ ცალკე გადადებენ იმ ნომრებს, რომლებიც არჩეულ იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ყველა დარჩენილი ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება პრეზიდენტობის კანდიდატის რიგითი ნომერი.

6. პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი კანდიდატები ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

7. რეგისტრირებულ პრეზიდენტობის კანდიდატების სიებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 24 დღისა.

    მუხლი 103. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობის გარანტიები

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები ცესკოში რეგისტრაციის მომენტიდან თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, აქვთ პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით სარგებლობის თანაბარი უფლებები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ კანონით დადგენილი წესით.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი წარმომადგენლები წინა საარჩევნო კამპანიის დროს არ შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან ანდა გადაიყვანონ სხვა სამუშაოზე ან სხვა თანამდებობაზე მათი თანხმობის გარეშე.

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

 4. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის  ორგანული  კანონი № 6 68 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. 

    მუხლი 104. არჩევნების შედეგების შეჯამება

1. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

2. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

3. ცესკო კენჭისყრიდან არა უგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც მტკიცდება ცესკოს განკარგულებით.

4. ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს საოლქო შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ხოლო საჩივრის/განცხადების ან კომისიის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ცალკეული ოლქების შედეგებს აჯამებს საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე.

5. საუბნო, ხოლო შემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიები ვალდებული არიან, კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებთან ერთად ცესკოს გადასცენ ამომრჩეველთა სიების დალუქული პაკეტები.

6. შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.

    მუხლი 105. არჩევნების მეორე ტური

1. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური.

2. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე.

3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ პირველ ტურში პირველის შემდგომი უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატებს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვთ მიღებული, მეორე ტურში მონაწილის ვინაობა ვლინდება წილისყრით.

4. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

5. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.

    მუხლი 106. ხელახალი არჩევნები

1. ხელახალი არჩევნები იმართება, თუ არჩევნების პირველ ან მეორე ტურში მონაწილე ყველა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა.

2. ხელახალი არჩევნები იმართება საერთო არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 თვის ვადაში.

3. ხელახალ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

4. ცნობა ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

5. ხელახალი არჩევნები ტარდება ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით და ცესკოს მიერ განსაზღვრულ ვადებში, მაგრამ საერთო არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.

    მუხლი 107. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები

1. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 45-ე დღისა.

2. თუ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დაემთხვა საპარლამენტო არდადეგებს ან არასასესიო კვირას, საქართველოს პარლამენტი იკრიბება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 48 საათისა.

3. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან არა უგვიანეს 72 საათისა ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.

4. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი ცესკოს მეშვეობით.

5. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიამ, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-40 დღისა.

6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცესკოს უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია.

7. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო რიგგარეშე არჩევნებამდე არა უგვიანეს 25-ე დღისა.

8. საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დროს არჩევნები ტარდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 45 დღის ვადაში, ამ კანონით საერთო არჩევნებისთვის დადგენილი წესით.

 

თავი XII. საქართველოს პარლამენტის არჩევნები

    მუხლი 108. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნა

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.

2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

3. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

    მუხლი 109. საქართველოს პარლამენტის არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა

1. საქართველოს პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

2. საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.

    მუხლი 110. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მათ შორის, თბილისში − 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

2. საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი (თვითმმართველი ქალაქი, რაიონი), თბილისის გარდა, არის ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.  [(მე-2 პუნქტი (2011 წლის 27 დეკემბრის რედაქცია) არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება №1/3/547 - ვებგვერდი, 08.06.2015წ

3. საპარლამენტო არჩევნებისას მაჟორიტარული ოლქი არ იქმნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

    მუხლი 111. პასიური საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის ქართული ენა.

2. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

3. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი უფლებამოსილება.

4. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ პარტიას, საარჩევნო ბლოკს და მაჟორიტარ კანდიდატს.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.

    მუხლი 112. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

გ) საქართველოს უშიშროების საბჭოს წევრები (გარდა პარლამენტის წევრებისა);

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;

ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;

ვ) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები;

ზ) საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებელი, ქალაქის მერი;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;

ი) მოსამართლეები;

კ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;

ლ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;

მ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);

ნ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;

ო) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები;

პ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

 

თავი XIII. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია

    მუხლი 113. პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) საპარლამენტო არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ მას არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში ან არ იღებს დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

2. განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები და საქართველოს პარლამენტში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში).

3. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

ბ) იმ საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე პარტიის წარმომადგენელს აძლევს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და არა უგვიანეს ცესკოში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადება და საბუთები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

8. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ცესკოს თავმჯდომარე წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა. შესწორებული განცხადება და საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს 3 დღის ვადაში.

9. პარტია, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) ამომრჩევლის სია. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში.

10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება, თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სია წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 59-ე დღისა, საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

11. არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.

12. პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ გაუქმდა მისი შემცველი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია ამ კანონის 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

დ) თუ იგი საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამებამდე გავიდა ან გაირიცხა საარჩევნო ბლოკიდან, ბლოკის მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ;

ე) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

ვ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა მის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

    მუხლი 114. საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება

1. ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკის შემადგენლობიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის მორიგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

2. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, და ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის (გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

4. საარჩევნო ბლოკში შემავალი ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების ჩამონათვალი;

გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;

დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები;

ე) პირი (პირები), რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;

ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;

ზ) საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე პასუხისმგებელი პირების, მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი;

თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.

5. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი და იმავე არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

6. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.

7. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და არა უგვიანეს ცესკოში განცხადების შეტანის მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დასკვნის მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის პირველი–მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს − წერილობით აცნობებს ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა. რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებიდან 2 დღის ვადაში. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.

8. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შევიდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც საკმარისია, რომ ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.

9. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

10. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს განკარგულებით უქმდება ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ, გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.

11. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს განკარგულებით უქმდება ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.

12. არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.

13. ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, თავისი განცხადების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებულ პარტიას უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან სხვა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მიიღოს მონაწილეობა ყველა დონის არჩევნებში, რომლებიც გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე.

14. საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ საარჩევნო ბლოკი დაიშალა ან ბლოკიდან მისი წევრი პარტიის (პარტიების) გასვლის, გარიცხვის ან საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების გამო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა;

გ) თუ მან არ წარადგინა პარტიული სია ან წარდგენილი პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდა;

დ) თუ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-2 დღისა ბლოკის პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

    მუხლი 115. პარტიული სიების წარდგენა

1. პარტიული სიების წარდგენის უფლება აქვთ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია.

3. წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 100-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი.

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

5. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის შეყვანა სხვადასხვა პარტიულ სიაში.

6. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ სქესთა შორის ბალანსის დაცვის უზრუნველყოფა უკავშირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას.

7. პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს პარტიის/საარჩევნო ბლოკის საარჩევნო რეგისტრაციის შემდეგ, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითოეული კანდიდატის მიერ შევსებული და ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი და მისი ფოტოსურათი.

8. თუ კანდიდატი იმავდროულად წარდგენილია მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სააღრიცხვო ბარათთან და ფოტოსურათთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს 2 ეგზემპლარად, თითო ეგზემპლარი მიღებიდან 2 დღის ვადაში უნდა გადაეცეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

9. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ე) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);

ვ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ზ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

თ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი.

10. სააღრიცხვო ბარათში უნდა აღინიშნოს ყოველი კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) სქესი;

დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);

ზ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, აღინიშნება „უმუშევარი“);

თ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, აღინიშნება „უპარტიო“);

ი) არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების ან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი;

კ) მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი;

ლ) თანხმობა, კენჭი იყაროს მოცემული პარტიული სიით ან/და კენჭი იყაროს ამ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში;

მ) ბოლო არჩევნებით საქართველოს პარლამენტის წევრად ყოფნის ფაქტი;

ნ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

11. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ სააღრიცხვო ბარათებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს წინასწარ გადასცემს ცესკო.

    მუხლი 116. კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში

1. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

ბ) საარჩევნო ბლოკს;

გ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს − შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარული წესით არჩევის მიზნით წარადგინოს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატი.

3. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 57-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.

4. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი;

ვ) რეგისტრაციის ადგილი;

ზ) პარტიულობა;

თ) საქართველოში ცხოვრების ვადა;

ი) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და სხვა რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, მისი პირადობის მოწმობის ასლი და ორი ფოტოსურათი.

6. განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია ამ მუხლის პირველი–მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს. შესწორებული საბუთები არა უგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციაში გასატარებლად.

7. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი . აღნიშნულ დეპოზიტზე შეტანილი თანხა კანდიდატს სრულად უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 10 პროცენტს მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თანხა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. (ძალადაკაგულად იქნა ცნობილი) (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 – ვებგვერდი, 19.04.2013წ.)

8. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტია/საარჩევნო ბლოკი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს ამ კანონის 115-ე მუხლის მე-7–მე-11 პუნქტებით განსაზღვრული წესებით.

9. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.

10. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა.

11. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს აძლევს შესაბამის მოწმობას.

12. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, თუ:

ა) არასრული ან არასწორია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები;

ბ) მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდება დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები და ვადა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 – ვებგვერდი, 19.04.2013წ.

    მუხლი 117. პარტიული სიებისა და მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში წარდგენილ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაცია

1. პარტიული სია საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, ხოლო საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი − შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, თუ ამ კანონით განსაზღვრული ყველა საბუთი აკმაყოფილებს ამავე კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საბუთების წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი არ განიხილება.

2. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიას ამოწმებს ცესკოს სათანადო სამსახური და სიის წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 26-ე დღისა, დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს, რომელიც 3 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს არჩევნების დღემდე 25-ე დღისა:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 3 დღე ეძლევა სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, არც პარტიული სია და არც პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და ცესკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

4. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაციას/რეგისტრაციაზე უარის თქმას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში. პარტია/საარჩევნო ბლოკი ვალდებულია მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ამ კანონით დადგენილ ვადაში წარუდგინოს ცესკოს.

5. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისთვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრული ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ბ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

გ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

დ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენაზე;

ე) საქართველოს პარლამენტის არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა პარლამენტის წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

ვ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით ან/და 48-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები;

ზ) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება, ან შემოწმების შედეგად დადასტურდა ამ პირის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება.

6. პარტიული სიისა და პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 77-ე და 78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

    მუხლი 118. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება

რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი წარმდგენი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში;

გ) თუ გაუქმდა მისი წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაცია ამ კანონის 114-ე მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე;

დ) თუ პირი გარდაიცვალა;

ე) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

    მუხლი 119. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა

1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნებამდე 30 დღით ადრე. რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით.

2. პირველად ნომრის არჩევის უფლება აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული წესით ყველაზე მეტი ხმა მიიღო. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური გაერთიანება იტოვებს წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებულ რიგით ნომერს ან იღებს პირველ ნომერს. ამავე წესით ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ უფლება, დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიკუთვნებული რიგითი ნომერი, ან აირჩიონ შესაბამისად მეორე ან მესამე ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნომერი, რომელიც მათ ჰქონდათ წინა საპარლამენტო არჩევნებზე, უკვე მიეკუთვნა მათზე უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.

3. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას.

4. თუ არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ.

5. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პოლიტიკური გაერთიანებებისა, ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით.

6. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ამის შემდეგ ცალკე გადადებენ იმ ნომრებს, რომლებიც არჩეულ იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. ყველა დარჩენილი ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

7. პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს აქვთ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ პარტიას/საარჩევნო ბლოკს აქვს მინიჭებული.

8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ერთი ფორმისა და სახეობის ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო ოლქში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვის/საარჩევნო ბლოკებისათვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი უნდა დამოწმდეს კომისიის ბეჭდით. ყველა ფურცელი იკეცება იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს მათზე არსებული ნომრის წაკითხვა. კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

9. საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ მიკუთვნებულ რიგით ნომერს.

10. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცესკო კენჭისყრამდე არა უგვიანეს 25 დღისა.

    მუხლი 120. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს, აგრეთვე მის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 10 დღისა, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიას.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული პარლამენტის/საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატურა მოიხსნება ცესკოს განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის (საარჩევნო ბლოკის წესდებით განსაზღვრული პირის) მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის/საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

3. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. მისი კანდიდატურა მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

4. ცესკო ინფორმაციას საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნის შესახებ დაუყოვნებლივ აქვეყნებს პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით.

    მუხლი 121. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის გათავისუფლება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან

საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს საკუთარი განცხადებისა და სათანადო მოწმობის წარდგენის საფუძველზე, წინასაარჩევნო კამპანიის ვადით მიეცემა უხელფასო შვებულება.

    მუხლი 122. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის ხელშეუხებლობა

1. საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე, ხოლო მის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულად გამოცხადებული პირი – მისი უფლებამოსილების ცნობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, არ შეიძლება დააკავონ, დააპატიმრონ ან გაჩხრიკონ, თუ საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინებაზე არ იქნა ცესკოს თანხმობა. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოს. თუ ცესკო მიიღებს სათანადო განკარგულებას, დაკავებული ან დაპატიმრებული საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

2. ცესკოს განკარგულებას ამ მუხლში აღნიშნული თანხმობის მიცემის შესახებ კენჭი უნდა ეყაროს საქართველოს მთავარი პროკურორის წარდგინების მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

საქართველოს 2013 წლის  30 მაისის  ორგანული  კანონი № 6 68 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

 

თავი XIV. საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების შეჯამება

    მუხლი 123. ხმების დათვლა საუბნო საარჩევნო კომისიაში

1. საუბნო საარჩევნო კომისია აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება პარტიული სიების მიხედვით, ხოლო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების ოქმი – მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატების მიხედვით.

    მუხლი 124. კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმებისა და რაიონული/საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე, თავის სხდომაზე აჯამებს კენჭისყრის შედეგებს და შეაქვს მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

2. განცხადების/საჩივრის საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია განკარგულებით მიიღოს გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ.

    მუხლი 125. არჩევნების შედეგების შეჯამება ცესკოში

1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა, თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.

2. ოქმის ერთი ცალი ინახება ცესკოში, მეორე ცალი გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, ხოლო კომისიის ბეჭდით დამოწმებული ასლები – საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს.

3. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

4. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

5. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

6. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.

7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით განაწილების შემთხვევაში რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა მაინც 6-ზე ნაკლებია, თითო მანდატი 6-მდე შესავსებად რიგრიგობით აკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც 6 მანდატს აღემატება და ამ მოკლების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს არ დარჩება 7 მანდატზე ნაკლები.

8. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურების შემდეგ კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.

9. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

10. თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეულად ითვლება. პარტიულ სიაში მის ადგილს იკავებს კანდიდატი ამ კანონის 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.

11. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.

12. თუ საარჩევნო ოლქში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტში და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, ან რამდენიმე უბანში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, მაჟორიტარული არჩევნების შედეგები საარჩევნო ოლქში ბათილად ჩაითვლება და ცესკო ამ ოლქში ხელახალ არჩევნებს ნიშნავს.

13. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამ კანონის მოთხოვნათა უხეშად დარღვევის გამო ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგები საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან რამდენიმე ოლქში, რომლებშიც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია, არჩევნების შედეგები ბათილად ითვლება და ცესკო ნიშნავს ხელახალ არჩევნებს.

14. განცხადების/საჩივრის არსებობისას, რომელიც მოითხოვს კენჭისყრის შედეგების გადამოწმებას ან ბათილად ცნობას, ცესკო განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან მიღებული დალუქული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ, ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას/სპეციალურ ჯგუფს ავალებს ზემოაღნიშნული მოქმედების განხორციელებას. საჭიროების შემთხვევაში ცესკოს უფლება აქვს, არჩევნების შედეგები შეაჯამოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების საფუძველზე.

15. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობისას ცესკო ამ უბანში ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ შემთხვევაში, თუ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების მიერ შესაბამის საარჩევნო ოლქში მიღებული ხმების სხვაობა ნაკლებია ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. თუ ამ შემთხვევაშიც გაბათილდა კენჭისყრის შედეგები, არჩევნების შედეგები ამ უბნის გაუთვალისწინებლად შეჯამდება.

16. განმეორებითი კეჭისყრა შეიძლება დაინიშნოს როგორც არჩევნების პირველი ტურის, ისე არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. აუცილებლობის შემთხვევაში ცესკო უფლებამოსილია განმეორებითი კენჭისყრის გამართვა დაავალოს საუბნო საარჩევნო კომისიის იმავე ან სხვა შემადგენლობას. განმეორებითი კენჭისყრა ტარდება პირველი ტურიდან (მეორე ტურიდან) 2 კვირის ვადაში.

17. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება საერთო არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 2 კვირისა.

18. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების დასახელება და ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა, არჩევნების ბათილად ცნობის მიზეზები, ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა და ანბანურად დალაგებული მათი სია.

19. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.

    მუხლი 126. საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური

1. თუ მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც იმართება პირველი ტურიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა ტოლი რაოდენობა მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.

2. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

    მუხლი 127. საქართველოს პარლამენტის ხელახალი არჩევნები

1. თუ არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისას იმართება ხელახალი არჩევნები.

2. ხელახალი არჩევნები იმართება არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან, აგრეთვე მისი ბათილად ცნობიდან 2 თვის ვადაში. არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებიდან ან ბათილად ცნობიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

3. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.

4. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერც ერთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5 პროცენტი, ცესკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

5. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებმაც საერთო არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 2 პროცენტი. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიები უცვლელი რჩება. მათში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.

    მუხლი 128. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები

საქართველოს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებიდან მე-60 დღეს, ხოლო რიგგარეშე არჩევნების თარიღს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის ვადამდე დათხოვნის შესახებ ბრძანებულების ამოქმედებისთანავე.

    მუხლი 129. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები

1. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის  შუალედური არჩევნები იმართება აპრილში ან ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით. თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − უახლოეს აპრილში. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ იმართება.

2. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.

3. საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა.

საქართველოს 2012 წლის 2 1 დეკემბრის ორგანული კანონი №1 54 – ვებგვერდი, 08.01.2013წ.

    მუხლი 130. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატი გაუქმებულად ჩაითვლება.

2. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

3. საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარტიულ სიებში დარჩენილ პირებს შეუჩერდებათ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის სტატუსი აღუდგება იმ პირს, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად მისი უფლებამონაცვლეა.

    მუხლი 131. არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებს და აძლევს მათ დროებით მოწმობას საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ.

    მუხლი 132. საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიური შემოწმება

1. კენჭისყრის დღიდან არა უგვიანეს მე-7 დღისა წინასწარი მონაცემებით საარჩევნოზღურბლგადალახული პარტიების/საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან სავარაუდოდ არჩეულმა ყველა საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატმა უნდა გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ჯანმრთელია ან ნარკოტიკების მომხმარებელია.

2. თუ პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულმა პირმა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში არ გაიარა ნარკოლოგიური შემოწმება ან/და უარი განაცხადა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, საქართველოს პარლამენტი იღებს დადგენილებას საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ.

3. ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულება ვალდებულია ცესკოს წარუდგინოს ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა და საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრთა სია, რომლებმაც გაიარეს ნარკოლოგიური შემოწმება, არჩევნებიდან არა უგვიანეს მე-14 დღისა.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკო ამ კანონის 130-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამონაცვლეს.

5. ნარკოლოგიური შემოწმება შეიძლება ჩაატაროს სათანადო უფლების მქონე დაწესებულებამ. ამ დაწესებულებათა ჩამონათვალს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა განკარგულებით განსაზღვრავს ცესკო.

 

თავი XV. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები

    მუხლი 133. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დანიშვნა

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

4. ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, არჩევნების დანიშვნიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

5. საკრებულოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში 45 დღის ვადაში ტარდება საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

    მუხლი 134. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი. საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში უცხოვრია უკანასკნელი 2 წელი მაინც.

2. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრების გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები ამომრჩევლები.

4. ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.

    მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილების ვადები

საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

    მუხლი 136. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს;

ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;

გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს;

ე) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეებ ;

ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს;

ზ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეებს;

თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს;

ი) მოსამართლეს;

კ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს;

ლ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);

მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს;

ნ) (ამოღებულია29.06.2012, 6601);

ო) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებს;

პ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს და მის მოადგილეებს;

ჟ) პროკურორს, მის მოადგილეს, თანაშემწეს და გამომძიებელს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე.

3. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება კანდიდატად წარდგენილი იყოს ორი სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის ორგანული კანონი № 6601 – ვებგვერდი, 13.07.2012წ.

    მუხლი 137. საარჩევნო ოლქები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ყოველი დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს.

2. ცესკო არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით.

4. საოლქო საარჩევნო კომისიები ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში.

 

თავი XVI . მუნიციპალიტეტების და თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების არჩევნები

    მუხლი 138. საარჩევნო სისტემა

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

    მუხლი 139. საარჩევნო ხმის უფლება

მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

    მუხლი 140. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა

1. მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.

2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულო შედგება:

ა) მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000-ს;

ბ) მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 75 000-ს.

    მუხლი 141. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

1. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი ადგილობრივი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა 1 პროცენტის (არანაკლებ 50 ამომრჩევლის) ხელმოწერით.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფისა და მის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაცია, მისთვის რიგითი ნომრის მინიჭება რეგულირდება ამ კანონით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის დადგენილი ნორმების შესაბამისად.

    მუხლი 142. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა.

 2. ის პარტიები, რომლებსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არ გაუვლიათ საარჩევნო რეგისტრაცია ცესკოში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს მიმართავენ არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა.

 3. პარტიას, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ან პარტია, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, ცესკოს სათანადო სამსახური განცხადების მიღებისთანავე გადასცემს მხარდამჭერთა სიის ნიმუშს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა. პარტია ვალდებულია 25 000 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 პროცენტი) მხარდამჭერის ხელმოწერები ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 50-ე დღისა. ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

4. განცხადებას უნდა დაერთოს პარტიის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლები.

5. განცხადებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

ბ) საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს თავმჯდომარეს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

7. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს განცხადებასა და თანდართულ საბუთებს და კომისიაში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა ცესკოს თავმჯდომარე:

ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი განცხადება და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობით აცნობებს პარტიის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადებისა და თანდართული საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა, და მას 2 დღე ეძლევა განცხადებისა და საბუთების სრულყოფისთვის;

გ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტიის საბოლოო რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მხოლოდ მხარდამჭერთა სიების შემოწმების შემდეგ.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული განცხადებისა და საბუთების შემოწმება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა ხორციელდება მათი წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. თუ შესწორებული განცხადება და საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. აღნიშნული პროცედურები მთავრდება არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 37-ე დღისა.

10. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული საბუთები (ან შესწორებული განცხადება და საბუთები) და მხარდამჭერთა სიები წარდგენილია ამ კანონით დადგენილ ვადაში და აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე სათანადო სამსახურის დასკვნის საფუძველზე, დასკვნის წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიასა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

11. ცესკოს მიერ რეგისტრირებულ პარტიებს უფლება აქვთ, შექმნან საარჩევნო ბლოკი და გავიდნენ ბლოკიდან. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთვის არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

12. განცხადებაში უნდა აღინიშნოს საარჩევნო ბლოკის:

ა) სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, ასევე ბლოკში გაერთიანებულ პარტიათა ჩამონათვალი;

ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, მისი შემოკლებული ფორმა და აბრევიატურა არ უნდა ემთხვეოდეს:

ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული პარტიის (გარდა ამავე ბლოკში გაერთიანებული პარტიისა) ოფიციალურ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას (თუ ემთხვევა, პარტიას არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

ბ) სხვა საარჩევნო ბლოკის სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში, თუ ამ ბლოკის განცხადება ცესკოს უფრო ადრე წარედგინა (თუ ემთხვევა, ბლოკს არა აქვს მათი გამოყენების უფლება);

გ) ბოლო საპარლამენტო არჩევნებში სხვა საარჩევნო ბლოკის მიერ გამოყენებულ სახელწოდებას, მის შემოკლებულ ფორმასა და აბრევიატურას, თუ ამაზე არ არსებობს მისი თანხმობა.

14. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბლოკის წესდებაში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ბლოკის სახელწოდება და, თუ გამოიყენება, მისი შემოკლებული ფორმა ან/და აბრევიატურა, რომლითაც იგი მონაწილეობს არჩევნებში;

ბ) საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტიების ჩამონათვალი;

გ) საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელი ორგანო (თუ არსებობს), ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება;

დ) საარჩევნო ბლოკის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების წესი, მათ შორის, ბლოკში ახალი პარტიის მიღების, ბლოკიდან პარტიის გასვლისა და გარიცხვის, ბლოკის მიერ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და წარდგენის გაუქმების წესები;

ე) პირი, რომელსაც აქვს საარჩევნო ბლოკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება;

ვ) საარჩევნო ღონისძიებებთან დაკავშირებით საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პარტიის ბეჭდის გამოყენების წესი;

ზ) საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე პასუხისმგებელი პირების, მმართველისა და ბუღალტრის დანიშვნის წესი;

თ) საარჩევნო ბლოკის წესდებაში ცვლილების შეტანის წესი.

15. საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული პარტია ერთი არჩევნებისას არ შეიძლება იმავდროულად შედიოდეს სხვა საარჩევნო ბლოკში ან დამოუკიდებლად მონაწილეობდეს არჩევნებში.

16. ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული განცხადებისა და წესდების მიღებისთანავე ცესკო საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს აძლევს ცნობას მათი მიღების შესახებ.

17. ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ განცხადებასა და წესდებას და ცესკოში განცხადების შეტანიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს. ცესკოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ გაატარებს რეგისტრაციაში საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს, თუ წარდგენილი საბუთები შეესაბამება ამ მუხლის მე-12–მე-15 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს – წერილობით შეატყობინებს საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან საბუთების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით). შესწორებული საბუთები ცესკოს უნდა დაუბრუნდეს შეტყობინებიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკოს თავმჯდომარე იღებს შესწორებული საბუთების მიღებისთანავე. თუ შესწორებული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარე რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკსა და მის წარმომადგენელს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ეს განკარგულება საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. ამ პუნქტში აღწერილი რეგისტრაციის პროცედურა მთავრდება არჩევნების დღემდე 37-ე დღეს.

18. პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე გაერთიანდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.

19. საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

20. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე საარჩევნო ბლოკიდან პარტიის/პარტიების გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში თითოეულ მათგანს უფლება აქვს, გააგრძელოს არჩევნებში მონაწილეობა. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და მასში ადრე შემავალ პარტიებს უფლება ექნებათ, გააგრძელონ არჩევნებში მონაწილეობა.

21. პარტიული სიების/კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვის შემდეგ საარჩევნო ბლოკიდან პარტიის გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება ამ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია. თუ ამის გამო საარჩევნო ბლოკში მხოლოდ ერთი პარტია დარჩა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით უქმდება საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია და დარჩენილი პარტია ხდება ბლოკის უფლებამონაცვლე.

22. არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა ცესკო პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.

    მუხლი 143. პარტიული სიის წარდგენა

1. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიულ სიებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიები და საარჩევნო ბლოკები რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.

2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე ყოველ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, წარადგინოს თითო პარტიული სია.

3. წარდგენილ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 30-ს.

4. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მხოლოდ ამ პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი, ხოლო საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში – მხოლოდ ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიის წევრი ან ის პირი, რომელიც არ არის არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრი.

 5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება თანამიმდევრობით, სიის დასაწყისიდან რიგის მიხედვით, და გენდერული ბალანსის დაცვა უკავშირდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას.

 6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

ზ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

თ) რეგისტრაციის ადგილი;

ი) ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი.

7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.

8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით, რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.

9. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს სააღრიცხვო ბარათებს წინასწარ გადასცემს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. საბუთების მიღებისთანავე პარტიის, საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ეძლევა დათარიღებული ცნობა საბუთების მიღების შესახებ.

    მუხლი 144. საკრებულოს წევრობის კანდიდატთა წარდგენა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში

 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის არჩევნებში შესაბამის საარჩევნო ოლქში კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

ბ) საარჩევნო ბლოკს;

გ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

2. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ვ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ზ) რეგისტრაციის ადგილი;

თ) საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

ი) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“).

4. განცხადება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაეცემა შესაბამის საარჩევნო კომისიას. იგი დამოწმებული უნდა იყოს პარტიის ან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერებით.

 5. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად), რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.

 6. საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს შესაბამისი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.

    მუხლი 145. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია

1. პარტიულ სიას მისი წარდგენიდან 2 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

 2. ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია მთავრდება კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 21 დღისა.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მათ გადასცემს კანდიდატის მოწმობებს.

5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:

ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი საქართველოში 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის მითითებით;

ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიების/საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;

გ) ორი ფოტოსურათი;

დ) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

6. პარტიული სია ან პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული:

ა) სახელი, გვარი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

გ) დაბადების თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);

დ) რეგისტრაციის ადგილი;

ე) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

ვ) თანამდებობა და სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ზ) საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი;

თ) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე;

ი) იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

კ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ ატარებს.

8. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, მოითხოვოს არჩევნებში მონაწილეობა იმ სიითი ნომრით, რომელიც მას მინიჭებული ჰქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებში, რისთვისაც განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-40 დღისა. თუ წინა საპარლამენტო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ იქნა გამოყენებული პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მათი შედეგების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ საკრებულოს არჩევნებში არ მონაწილეობს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკი, მისი რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება ეძლევა ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას, ხოლო თუ იგი უარს განაცხადებს – მომდევნოს და ა. შ.. თუ საკრებულოს არჩევნებისათვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ. თუ რომელიმე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა არ გამოიყენა რიგითი ნომრით სარგებლობის უფლება, მისი მომდევნო პარტიები/საარჩევნო ბლოკები წინ გადაინაცვლებენ.

 9. პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითობა განისაზღვრება წილისყრით, რომელიც იმართება ამ კანონის 119-ე მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 35-ე დღისა. ამ პარტიების/საარჩევნო ბლოკების რიგითი ნომერი იწყება რიცხვით, რომელიც ერთით მეტია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების ბოლო რიგით ნომერზე.

 10. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ კანდიდატებს ენიჭებათ იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს.

 11. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის რეგისტრაცია გაუქმდა მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ, დარჩენილი პარტიები/საარჩევნო ბლოკები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

12. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ ქვეყნდება პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. ამავე ვადაში ქვეყნდება იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.

    მუხლი 146. კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.

2. კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 10 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

3. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს.

    მუხლი 147. საარჩევნო ბიულეტენი

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის მზადდება ორი სხვადასხვა სახის საარჩევნო ბიულეტენი.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება პარტიების/საარჩევნო ბლოკების სახელწოდებები (ბლოკის სახელწოდების შემდეგ მითითებული უნდა იყოს მასში გაერთიანებულ პარტიათა სახელწოდებები) დადგენილი რიგითობის შესაბამისად.

3. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის (კანდიდატების) გვართან მიეთითება შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება. კანდიდატის შესახებ მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არა უადრეს 24-ე და არა უგვიანეს მე-20 დღისა.

4. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგით ნომერს.

5. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში, რომელშიც შეტანილია მონაცემები კანდიდატების შესახებ, ამომრჩეველი შემოხაზავს არა უმეტეს 1 კანდიდატის რიგით ნომერს.

    მუხლი 148. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა

1. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს საარჩევნო ოლქში მანდატების რაოდენობაზე და უნდა გაიყოს იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობის ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

2. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება პირველ რიგში იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მოაგროვეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5 პროცენტზე მეტი, ხოლო შემდეგ იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც უკვე მოიპოვეს ერთი მანდატი მაინც; ამ შემთხვევაში თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც არჩევნებში მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

3. თუ 10-ზე მეტმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების 5 პროცენტი ან 5 პროცენტზე მეტი, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი განაწილების წესი არ გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში თითო მანდატი მიეკუთვნება იმ 10 საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

4. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიას, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

5. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

6. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატის წანაცვლება განხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 149. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენა

1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.

2. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მოაგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე იყო რეგისტრირებული შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

    მუხლი 150. საკრებულოს არჩევნების შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში

1. საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნოს იმ საარჩევნო უბანში, სადაც უხეშად დაირღვა ეს კანონი. იმ საჩივრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელთა საფუძველზედაც შესაძლოა უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა, დაუშვებელია საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამება.

2. საარჩევნო ოლქში არჩევნები ბათილად იქნება ცნობილი, თუ აღნიშნულ ოლქში ბათილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობა ამ ოლქში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტია და გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე.

3. საოლქო საარჩევნო კომისია თავის სხდომაზე ადგენს არჩევნების შედეგებს და ადგენს ოქმს.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმების საფუძველზე ადგენს:

ა) ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას;

ბ) არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობას;

გ) ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას;

დ) საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების რაოდენობას.

5. საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ცესკოს, მეორე რჩება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო მესამე გადაეცემა შესაბამისი საკრებულოს სამანდატო კომისიას.

 6. ოქმის ერთი ეგზემპლარი კენჭისყრის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა ეგზავნება ცესკოს, მეორე ეგზემპლარი ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მესამე ეგზემპლარი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას, ხოლო ოქმის დამოწმებული ასლები – პარტიების, საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებს.

 7. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ასლი შედეგების შეჯამებისთანავე, დაუყოვნებლივ გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას საყოველთაო გაცნობისათვის.

 8. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრების პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.

    მუხლი 151. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.

    მუხლი 152. განმეორებითი და ხელახალი კენჭისყრები

1. თუ საარჩევნო უბანში ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრა, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც უნდა გაიმართოს კენჭისყრის დღიდან 2 კვირის ვადაში. განმეორებითი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში – საკრებულოში ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატსა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატს შორის სხვაობა ნაკლებია ამ უბნის ან გაბათილებული უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.

2. განმეორებითი კენჭისყრისას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გაბათილების შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნების გაუთვალისწინებლად.

3. თუ საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა.

    მუხლი 153. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულთა რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.

    მუხლი 154. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ პროპორციული წესით არჩეულ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ იგი ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

2. თუ საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

3. თუ საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ არანაკლებ 5 წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, უახლოეს სექტემბერ-ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ შუალედური არჩევნების ჩატარებამდე დარჩენილია 60 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ტარდება მომავალი წლის სექტემბერ-ოქტომბერში. შუალედური არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე ნაკლები.

4. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. იგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

5. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

 

თავი XVII. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულოს არჩევნები

    მუხლი 155. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნები

1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს (შემდგომ – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

3. თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

5. თბილისის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინებით, არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში ცესკო განკარგულებით ქმნის თბილისის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და ადგენს მათ საზღვრებს.

    მუხლი 156. საარჩევნო ოლქები

1. თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩასატარებელი არჩევნებისათვის იქმნება 10 საარჩევნო ოლქი:

ა) მთაწმინდის;

ბ) ვაკის;

გ) საბურთალოს;

დ) კრწანისის;

ე) ისნის;

ვ) სამგორის;

ზ) ჩუღურეთის;

თ) დიდუბის;

ი) ნაძალადევის;

კ) გლდანის.

2. თბილისის საკრებულოს პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი საარჩევნო კომისიის ფუნქციებს ახორციელებს ცესკო.

3. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს და ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.

    მუხლი 157. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება

1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.

2. პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვთ მხოლოდ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს.

3. თბილისის საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიების/საარჩევნო ბლოკების/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

4. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს სხვა თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისათვის.

5. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

    მუხლი 158. პარტიული სიების წარდგენა

1. პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტიულ სიებს პარტია, საარჩევნო ბლოკი ცესკოს წარუდგენს კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა.

2. თბილისის საკრებულოში პროპორციული წესით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არა უმეტეს 100 კანდიდატისაგან.

3. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

4. პარტიული სია შეიძლება შედგებოდეს ამ პარტიის წევრთაგან ან იმ პირთაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ამ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წევრებისაგან ან იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრები. პარტიას, საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი.

5. პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები. პარტიული სიის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატები ნაწილდება სიის დასაწყისიდან თანამიმდევრობით.

6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი;

გ) პროფესია;

დ) თანამდებობა (საქმიანობა);

ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

ვ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

ზ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

თ) რეგისტრაციის ადგილი;

ი) ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება.

7. პარტიული სია დამოწმებული უნდა იყოს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ხელმძღვანელის ხელმოწერით, ხოლო საარჩევნო ბლოკის პარტიული სია – ბლოკში გაერთიანებული ყველა პარტიის ხელმძღვანელთა ხელმოწერებით.

8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით, რომელშიც კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი საქართველოში 5 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.

    მუხლი 159. თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა

 1. თბილისის საკრებულოში მაჟორიტარული წესით ასარჩევ კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ:

ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას;

ბ) საარჩევნო ბლოკს;

გ) ამომრჩეველთა 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს.

2. პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად წარადგინოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი.

    მუხლი 160. საარჩევნო ბიულეტენი

1. თბილისის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს გადაეცემა ერთი მაჟორიტარული საარჩევნო ბიულეტენი და ერთი პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი.

2. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მხოლოდ 1 რიგით ნომერს.

    მუხლი 161. თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნების შედეგების დადგენა

თბილისის საკრებულოს მაჟორიტარულ არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მიიღებს სხვებზე მეტ ხმას. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა მიიღო ხმათა თანაბარი რაოდენობა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე წარადგინა განცხადება რეგისტრაციის შესახებ.

    მუხლი 162. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესი

1. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტისა. მანდატები ნაწილდება ამ მუხლით განსაზღვრული წესით.

2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს თბილისის საკრებულოს პროპორციული მანდატების რაოდენობაზე და უნდა გაიყოს იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობების ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

3. თუ თბილისის საკრებულოს პროპორციული არჩევნებისას პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიღებული ხმების პროპორციულად, თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიიღეს ერთი მანდატი მაინც.

4. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიას, რომელმაც თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

5. პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე თბილისის საკრებულოში არჩეულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

6. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატის წანაცვლება ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 163. თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა რეგისტრაცია

არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 5 დღის ვადაში ცესკო რეგისტრაციაში ატარებს თბილისის საკრებულოს წევრად არჩეულ პირებს და გადასცემს მათ შესაბამის მოწმობებს.

    მუხლი 164. თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

1. თუ პროპორციული წესით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ იგი ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობას განაცხადებს საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

2. თუ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის რიგით მომდევნო თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

3. პროპორციული წესით არჩეული თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლე ვალდებულია ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღის განმავლობაში თანხმობა განაცხადოს საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს კანდიდატი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

4. თუ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეულ არანაკლებ 5 წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება და საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 2 წელზე მეტი, უახლოეს სექტემბერ-ოქტომბერში, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. თუ შუალედური არჩევნების ჩატარებამდე დარჩენილია 60 დღეზე ნაკლები, შუალედური არჩევნები ტარდება მომავალი წლის სექტემბერ-ოქტომბერში.

5. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. იგი არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

6. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

 

თავი XVIII. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნები

    მუხლი 165. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნები

1. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის (შემდგომ – თბილისის მერის) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თბილისის მერი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, თბილისის ამომრჩევლების მიერ, 4 წლის ვადით.

3. თბილისის მერის არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

4. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის მერის არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

    მუხლი 166. საარჩევნო ოლქები

1. თბილისის მერის არჩევნებისათვის თბილისი წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს, რომლის საზღვრები ემთხვევა ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილი საარჩევნო ოლქების საზღვრებს.

2. თბილისის მერის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს ცესკო.

    მუხლი 167. თბილისის მერობის კანდიდატთა რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა

1. თბილისის მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელმაც იცის ქართული ენა. თბილისის მერად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში.

2. კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს 30 დღისა თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს.

3. თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით დადგენილი წესით. თბილისის მერობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

4. თბილისის მერობის კანდიდატებს მათი წარდგენიდან 2 დღის ვადაში, ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით რეგისტრაციაში ატარებს ცესკოს თავმჯდომარე.

5. თბილისის მერობის კანდიდატს მიეკუთვნება მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

6. წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც აღნიშნულია კანდიდატის:

ა) გვარი, სახელი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) სქესი;

დ) მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);

ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);

ზ) თანამდებობა (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“);

თ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“);

ი) თანხმობა, კენჭი იყაროს თბილისის მერად;

კ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

7. თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება ცესკოს განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრულია ან არასწორია განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა თბილისის მერობის კანდიდატის თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები;

დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

    მუხლი 168. თბილისის მერის არჩევნების შედეგების შეჯამება

თბილისის მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო სხვებზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ არჩევნებში მონაწილეთა 30 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

    მუხლი 169. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური, ხელახალი და რიგგარეშე არჩევნები

1. თუ თბილისის მერის არჩევნებში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ამ კანონის 168-ე მუხლით განსაზღვრული ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობას იღებს 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი და გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ კანდიდატებმა ხმათა თანაბარი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, 2 თვის თავზე იმართება ხელახალი არჩევნები.

2. თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური ტარდება კენჭისყრის დღიდან 1 თვის ვადაში.

3. თბილისის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე მეტი, ტარდება თბილისის მერის რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 6 თვის ვადაში.

 

თავი XIX. რეფერენდუმი და პლებისციტი

    მუხლი 170. ზოგადი დებულებები

რეფერენდუმის მომზადებისას, ჩატარებისას და შედეგების დადგენისას გამოიყენება ამ კანონის პირველი კარით გათვალისწინებული არჩევნების მომზადების, ჩატარებისა და შედეგების დადგენის მარეგულირებელი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

    მუხლი 171. რეფერენდუმის მოწყობა

1. საქართველოს პარლამენტის, არანაკლებ 200000 ამომრჩევლის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხებზე ნიშნავს რეფერენდუმს მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

2. რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება:

ა) საქართველოში შეირაღებული თავდასხმის შემთხვევაში;

ბ) ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნისას;

გ) მასობრივი არეულობის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფების და ეპიდემიების დროს ან სხვა შემთვევებში, როცა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას.

3. ერთსა და იმავე საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება იმ დღიდან 1 წლის განმავლობაში, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნდა ამ საკითხზე გამართული რეფერენდუმის შედეგები.

4. საქართველოში რეფერენდუმი მზადდება და იმართება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

    მუხლი 172. სარეფერენდუმო საკითხები

1. რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ.

2. რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება:

ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;

ბ) ამნისტიისა და შეწყალების გამო;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ;

დ) ისეთ საკითხებზე, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ძირითად კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს.

    მუხლი 173. პლებისციტის დანიშვნა და მისი ჩატარების წესი

1. პლებისციტი არის კენჭისყრით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად.

2. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით.

3. პლებისციტის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

4. პლებისციტის ჩატარებაზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი წესები, გარდა 171-ე მუხლით დადგენილისა.

    მუხლი 174. რეფერენდუმის დანიშვნა

1. რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. რეფერენდუმს ამზადებს და აწყობს ცესკო.

    მუხლი 175. რეფერენდუმის მოწყობის საინიციატივო ჯგუფი

1. თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფის სიაში მითითებული უნდა იყოს მისი თითოეული წევრის სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა მკაფიოდ და კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს.

2. საინიციატივო ჯგუფი ცესკოს მიმართავს თხოვნით, რეგისტრაციაში გაატაროს საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი. საკითხის ფორმულირება უნდა დაზუსტდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებით.

3. ცესკო სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას რეგისტრაციაში ატარებს და ამის შესახებ ოფიციალურ პრესაში აქვეყნებს ინფორმაციასა და საინიციატივო ჯგუფის მისამართს.

4. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი შეიტანება ამომრჩეველთა ხელმოწერების ფურცლებში.

5. რეგისტრაციის მოწმობა საინიციატივო ჯგუფს მიეცემა რეგისტრაციაში გატარების შესახებ მიმართვიდან ერთ თვეში. რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმა დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ კანონის მოთხოვნები.

6. საინიციატივო ჯგუფს შეუძლია რეგისტრაციაში გატარებაზე უარის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს იგი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც 5 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 176. ხელმოწერების შეგროვების წესი და ვადები

1. საინიციატივო ჯგუფი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან.

2. ხელმოწერები უნდა შეგროვდეს საინიციატივო ჯგუფთან შეთანხმებული და ცესკოს დადგენილი ნიმუშის ფურცელზე. ყოველ ასეთ ფურცელზე ხელი უნდა მოაწეროს არა უმეტეს 50-მა მოქალაქემ, რომლებმაც თავად უნდა ჩაწერონ სახელი, გვარი, დაბადების წელი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი, მისამართი და ხელმოწერის თარიღი. ზემოაღნიშნული მონაცემებით შევსებულ ყოველ ფურცელს თავისი მისამართის მითითებით ხელს აწერს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში.

    მუხლი 177. ხელმოწერების შეგროვების შედეგების განხილვა

1. შევსებული ხელმოწერების ფურცლები ეგზავნება საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ადგენს შეჯამებულ მონაცემებს ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლებთან ერთად უგზავნის ცესკოს რეგსტრაციის მოწმობის მიღების დღიდან არა უგვიანეს 3 თვისა.

2. ცესკო ამოწმებს შემოსულ მასალებს და, თუ მიიჩნევს, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან ამ კანონის მოთხოვნებს, თავის დასკვნასა და საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას რეფერენდუმის მოწყობის შესახებ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 1 თვისა.

3. თუ დადგინდა, რომ მოქალაქემ 2-ჯერ ან 2-ზე მეტჯერ მოაწერა ხელი განცხადებას რეფერენდუმის მოწყობის შესახებ, მისი ყველა ხელმოწერა ბათილად ითვლება.

    მუხლი 178. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება

1. რეფერენდუმის შესახებ საკითხს ცესკო წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

2. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) რეფერენდუმის თარიღის დანიშვნისა და მისი მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ;

ბ) რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე მოტივირებული უარის შესახებ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში.

3. რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

4. რეფერენდუმის გამართვის შესახებ ბრძანებულებაში მოცემული უნდა იყოს მისი მოწყობის თარიღი, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის ზუსტი ფორმულირება, უნდა განისაზღვროს დაფინანსებისა და რეფერენდუმის მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ეს ბრძანებულება მოსახლეობას ეცნობება ოფიციალური პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით ბრძანებულების მიღებიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

    მუხლი 179. რეფერენდუმის მოწყობის ვადები

1. რეფერენდუმი იმართება არა უადრეს 2 თვისა და არა უგვიანეს 6 თვისა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

2. გამონაკლის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია დაადგინოს რეფერენდუმის გამართვის სხვა ვადა.

    მუხლი 180. რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილების გამოთხოვა

რეფერენდუმის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გამოითხოვოს საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

    მუხლი 181. საარჩევნო კომისიები

რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას უზრუნველყოფენ ცესკო და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები.

    მუხლი 182. საინიციატივო ჯგუფის წევრთა მონაწილეობა სარეფერენდუმო კომისიების მუშაობაში

თუ რეფერენდუმი დანიშნულია ამომრჩეველთა მოთხოვნის საფუძველზე, საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, დანიშნოს წარმომადგენელი საარჩევნო კომისიებში.

    მუხლი 183. რეფერენდუმის შედეგების შეჯამება და გადაწყვეტილების ძალაში შესვლა

1. სარეფერენდუმო საკითხი დადებითად გადაწყვეტილად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

2. რეფერენდუმის დანიშვნიდან რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებამდე დაუშვებელია სარეფერენდუმო საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

3. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა.

4. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, 1 თვეში შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები.

5. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით.

6. რეფერენდუმის შედეგების ბათილად ცნობის უფლება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.

 

თავი XX. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 184. ამომრჩეველთა სიების დაზუსტება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის

1. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან .

2. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შემადგენლობაში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შედიან ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 15 წევრისა.

3. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას ქმნის და მის შემადგენლობას პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.

 4. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის აპარატი კომისიის დებულებით დადგენილი წესით.

5. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის მდივანს. კომისიის თავმჯდომარე არჩეული უნდა იქნეს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი წევრებისგან.

6. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც კომისიის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

7. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის უმრავლესობა. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ერთი მესამედისა. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

8. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, კარდაკარ გადამოწმების პრინციპით.

9. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის დასაზუსტებლად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, აგრეთვე ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები 2012 წლის 15 ივლისს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები − ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადებში საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას;

ბ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები არა უგვიანეს 2012 წლის 1 ივლისისა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასა და ცესკოს გადასცემენ მონაცემებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების იმ ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;

გ) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო 2012 წლის 15 ივლისს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას გადასცემს მონაცემებს საარჩევნო უფლების მქონე იმ პირთა შესახებ, რომელთაც ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული;

დ) საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასა და ცესკოს გადასცემენ ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს.

91 . ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნულ სიაში, ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით, გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“, იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომლის საზღვარგარეთ ყოფნა დასტურდება იმავე მისამართზე რეგისტრირებული პირის განცხადებით, შეიტანება ჩანაწერი „არის საზღვარგარეთ“. ამ პუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი კენჭისყრაში მონაწილეობს ამ კანონით დადგენილი ზოგადი წესით.

92 . ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნულ სიაში, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით, განსხვავებული ჩანაწერით − „რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია“ − შეყვანილი იქნებიან ამომრჩევლები:

ა) რომელთა რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრების ფაქტი არ დასტურდება იმავე მისამართზე რეგისტრირებული პირის განცხადებით;

ბ) რომელთა რეგისტრაცია გააუქმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.

93 . ამ მუხლის 92  პუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმას აძლევენ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ასეთი ამომრჩევლები საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილ და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ამომრჩეველთა სიების ვერსიებში შეყვანილი იქნებიან ანბანურად დალაგებული სიების შემდეგ. ამ პუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები მონაწილეობენ როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში.

10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შესაბამისად, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას და ცესკოსთვის გადაცემას უზრუნველყოფს 2012 წლის 1 აგვისტომდე. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ ცესკოსთვის წარდგენილი სია არის ამომრჩეველთა ერთიანი სია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

11. 2012 წლის 1 აგვისტოდან არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-14 დღისა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის თაობაზე შესულ განცხადებებს საარჩევნო ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ გადასცემს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას. კომისია ვალდებულია საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული ან პირდაპირ კომისიაში ამ პუნქტით დადგენილ ვადებში წარმოდგენილი განცხადების თაობაზე განცხადების შესვლიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ აცნობოს საარჩევნო ადმინისტრაციას, რომლის საფუძველზედაც სათანადო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის განკარგულებას, რომელიც საჩივრდება ამ კანონით დადგენილი წესით (გარდა ამ მუხლის 111  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) .

111 . 2012 წლის 1 აგვისტოდან ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამ მუხლის 91  და 92  პუნქტებით გათვალისწინებული ჩანაწერების შეტანისათვის დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას არა უგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბრისა. საარჩევნო ადმინისტრაცია განცხადებას დაუყოვნებლივ გადასცემს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას. კომისია ვალდებულია საარჩევნო ადმინისტრაციისგან მიღებული ან პირდაპირ კომისიაში ამ პუნქტით დადგენილ ვადებში წარმოდგენილი განცხადების თაობაზე განცხადების შესვლიდან 14 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ აცნობოს საარჩევნო ადმინისტრაციას.

112 . ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წევრები და რეგიონალური წარმომადგენლობების უფროსები უფლებამოსილი არიან, არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-14 დღის შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელონ ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონიტორინგი ნებისმიერ დროს, მათ შორის, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე.

12. სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან, ითანამშრომლონ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიასთან ამომრჩეველთა ერთიანი სიის დასაზუსტებლად.

13. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

14. იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 ნოემბრის №726 „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შექმნისა და შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ და 2011 წლის 5 დეკემბრის №791 „ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულებები.

15. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის უფლებამოსილების ვადაა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.

    მუხლი 185. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე ცესკოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები.

2. ცესკომ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს თავის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. ცესკომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.

    მუხლი 1851 . საარჩევნო უფლება გარდამავალ პერიოდში

1.  2014 წლის 1 იანვრამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვს პირს, რომელიც დაბადებულია და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და საქართველოს კონსტიტუციის 1044  მუხლის ამოქმედების მომენტისათვის აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირზე სრულად ვრცელდება ამ კანონით და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მინიჭებული/დაკისრებული აქვს საქართველოს მოქალაქეს.

3.  ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ნაცვლად ამ მუხლით გათვალისწინებული პირი იყენებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტს.

4. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია უფლებამოსილია ამომრჩევლად დაარეგისტრიროს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. აღნიშნული პირი რეგისტრირდება საქართველოში მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს წარდგინების ან საკუთარი განცხადების საფუძველზე.

საქართველოს 2012 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №6571 – ვებგვერდი, 28.06.2012წ.

    მუხლი 186. დასკვნითი დებულებანი

1 . ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001, მუხ. 107).

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი           მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 27 დეკემბერი.

№5636 რს

85. 15/12/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 4020-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2023 84. 13/12/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3904-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 83. 16/11/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3704-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 05/12/2023 82. 06/10/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3560-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/10/2023 81. 21/09/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3543-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 80. 03/07/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3464-XIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 10/07/2023 79. 09/02/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 2581-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 78. 09/02/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 2598-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/02/2023 77. 22/12/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2475-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 76. 22/12/2022 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/6/813 - ვებგვერდი, 27/12/2022 75. 01/12/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2280-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 74. 25/05/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1610-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/05/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 73. 17/02/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1397-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/02/2022 72. 30/12/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 1340-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 71. 30/12/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 1348-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 06/01/2022 70. 21/10/2021 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/2/1647 - ვებგვერდი, 25/10/2021 69. 28/06/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 703-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/06/2021 68. 28/06/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 704-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/06/2021 67. 22/06/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 673-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/06/2021 66. 22/06/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 672-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/06/2021 65. 25/09/2020 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/3/1526 - ვებგვერდი, 29/09/2020 64. 18/09/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 7163-Iს - ვებგვერდი, 22/09/2020 63. 03/09/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 7098-Iს - ვებგვერდი, 04/09/2020 62. 03/09/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 7097-Iს - ვებგვერდი, 04/09/2020 61. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6855-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 60. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6854-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 59. 02/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6723-რს - ვებგვერდი, 03/07/2020 58. 17/03/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 5773-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 57. 17/03/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 5772-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020 56. 11/12/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5470-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 55. 20/09/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4988-Iს - ვებგვერდი, 23/09/2019 54. 28/06/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4903-IIს - ვებგვერდი, 28/06/2019 53. 02/04/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4411-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 52. 27/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 4259-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 51. 06/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3907-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 50. 30/11/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3795-Iს - ვებგვერდი, 13/12/2018 49. 31/10/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3621-Iს - ვებგვერდი, 21/11/2018 48. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3266-რს - ვებგვერდი, 13/08/2018 47. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3301-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 46. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3272-რს - ვებგვერდი, 30/07/2018 45. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3269-რს - ვებგვერდი, 27/07/2018 44. 20/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3155-რს - ვებგვერდი, 27/07/2018 43. 05/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3127-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 42. 22/12/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 1836-რს - ვებგვერდი, 29/12/2017 41. 26/07/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 1274-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 40. 26/07/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 1232-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 39. 17/05/2017 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/3/600 - ვებგვერდი, 29/05/2017 38. 10/03/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 438-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 37. 21/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 168-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 36. 24/06/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 5593-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 35. 22/06/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 5441-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 34. 22/06/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 5438-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 33. 22/06/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 5434-IIს - ვებგვერდი, 29/06/2016 32. 23/05/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/3/591 - ვებგვერდი, 03/06/2016 31. 14/04/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/2/588 - ვებგვერდი, 04/05/2016 30. 23/12/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4706-რს - ვებგვერდი, 08/01/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 24/12/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4721-რს - ვებგვერდი, 29/12/2015 28. 24/12/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4715-რს - ვებგვერდი, 29/12/2015 27. 27/10/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4392-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 26. 03/09/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4192-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 25. 08/07/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3973-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 24. 12/06/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3695-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 23. 28/05/2015 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/3/547 - ვებგვერდი, 08/06/2015 22. 01/05/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3562-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 21. 20/03/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3402-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 20. 29/05/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2485-IIს - ვებგვერდი, 02/06/2014 19. 17/04/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2289-IIს - ვებგვერდი, 17/04/2014 18. 07/03/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2093-IIს - ვებგვერდი, 14/03/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 13/12/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1788-Iს - ვებგვერდი, 28/12/2013 16. 11/12/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1698-Iს - ვებგვერდი, 25/12/2013 15. 20/09/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1273-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 14. 06/09/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1019-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 29/07/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 901-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 12. 27/07/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 877-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 11. 25/07/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 864-რს - ვებგვერდი, 19/08/2013 10. 27/07/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 878-რს - ვებგვერდი, 07/08/2013 9. 12/07/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 834-რს - ვებგვერდი, 25/07/2013 8. 30/05/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 668-IIს - ვებგვერდი, 24/06/2013 7. 11/04/2013 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/539 - ვებგვერდი, 19/04/2013 6. 21/12/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 154-Iს - ვებგვერდი, 08/01/2013 5. 26/12/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 157-რს - ვებგვერდი, 30/12/2012 4. 29/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6605-რს - ვებგვერდი, 16/07/2012 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 3. 29/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6601-რს - ვებგვერდი, 13/07/2012 2. 22/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6551-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 1. 28/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - №6571-რს - ვებგვერდი, 28/06/2012