საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1019-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 06/09/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/09/2013
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016084
1019-Iს
06/09/2013
ვებგვერდი, 23/09/2013
010190020.04.001.016084
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 95-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.“.

 2. 108-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა.“.

 3. 133-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა.“.

4. 151-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 151. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში.“.

5. 165-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თბილისის მერის არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, თბილისის მერის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა.“.

6. 169-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თბილისის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელზე მეტი, ტარდება თბილისის მერის რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, თბილისის მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 6 თვის ვადაში.“.

7. 171-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.“.

8. 173-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პლებისციტს ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

9. 174-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეფერენდუმს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.“.

10. 178-ე მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 178. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება

1. რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ;

ბ) რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ.

2. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის ან რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე მოტივირებული უარის თქმის შესახებ ქვეყნდება მის მიერ რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის/საქართველოს მთავრობის მოთხოვნის, აგრეთვე ამ კანონის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ცესკოს დასკვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეფერენდუმი ინიშნება საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.

3. რეფერენდუმის გამართვის შესახებ ბრძანებულებაში მოცემული უნდა იყოს მისი მოწყობის თარიღი და სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის ზუსტი ფორმულირება. ეს ბრძანებულება მოსახლეობას ეცნობება ოფიციალური პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ბრძანებულების გამოცემიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

4. რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას რეფერენდუმის მოწყობის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება დაფინანსებისა და რეფერენდუმის მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.“.

11. 180-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 180. რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე მოთხოვნის გამოთხოვა

საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, საინიციატივო ჯგუფი უფლებამოსილია გამოითხოვოს თავისი მოთხოვნა რეფერენდუმის მოწყობის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1019-Iს