საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2093-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016103
2093-IIს
07/03/2014
ვებგვერდი, 14/03/2014
010190020.04.001.016103
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

 ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს – მერის/გამგებლის არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.“.

 2. მე-2 მუხლის:

 ა) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

 „რ1) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (გარდა ამ კანონის 51-ე მუხლის მიზნებისა) − ამ კანონის შესაბამისად რეგისტრირებული კვალიფიციური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია;“;

 ბ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ ქვეპუნქტი:

 „უ1) კვალიფიციური პარტია (გარდა ამ კანონის 51-ე მუხლის მიზნებისა) – პარტია, რომელიც, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად, დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს;“;

 გ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ღ) მერობის/გამგებლობის კანდიდატი – მერის/გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე;“;

 დ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ჭ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის საკრებულო, თვითმმართველი თემის საკრებულო, თვითმმართველი ქალაქის საკრებულო;“;

 ე) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1“ ქვეპუნქტი:

 „ჭ1) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო − თვითმმართველი ქალაქის მერი, თვითმმართველი თემის გამგებელი;“;

 ვ) „ჰ7“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ8“ ქვეპუნქტი:

 „ჰ8) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.“.

 3. მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ.ბ) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თემის საკრებულოს წევრს, თვითმმართველი ქალაქის/თემის მერს/გამგებელს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ;“.

 4. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ამ მუხლის საფუძველზე მიღებული ხელფასი არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.“.

 5. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ს) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას და გავრცელებას;“;

 ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ქ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით – ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის. საარჩევნო უბნების იმ ამომრჩეველთა საარჩევნო სიები, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში მათთვის გასაგებ ენაზედაც უნდა განთავსდეს;“;

 გ) „ჯ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ1“ ქვეპუნქტი:

 „ჯ1) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს;“.

 6. მე-19 მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას ერთ ან მეტ თვითმმართველ ერთეულში არანაკლებ 1 საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო თბილისში − 10 საოლქო საარჩევნო კომისია.“;

 ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

 „81. აკრძალულია პარტიის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიაა განთავსებული.“.

 7. მე-20 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „15. ცესკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას.“.

 8. 21-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის თაობაზე რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგის გათვალისწინებით ადგენს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას, საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისა) და თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებისას, რის თაობაზედაც დგება საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“.

 9. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის:

 ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს, აგრეთვე პარტიულ სიებს და მერობის/გამგებლობის კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისა);“;

 ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საკრებულოს წევრს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრისა), მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის უფლებამონაცვლეს, აგრეთვე გამგებელს/მერს (გარდა ქალაქ თბილისის მერისა);

 თ) ცესკოს გადასცემს საკრებულოს წევრად არჩეულ პირთა, აგრეთვე მერის/გამგებლის უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციასა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო საბუთებს;“.

 10. 23-ე მუხლის:

 ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, თვითმმართველი ქალაქის/თემის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ ქვეყნდება.“;

 ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, ტელეფონის (ფაქსის) ნომრებს და სხვა რეკვიზიტებს.“.

 11. 24-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს საჯარო მოხელე, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა. მასზე არ გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურებრივი შეუთავსებლობის შესახებ დადგენილი მოთხოვნები. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საჯარო მოხელეს დროებით შეუჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას, რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად.“.

 12. 25-ე მუხლის:

 ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი კომისიის წევრთა სიას – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი კომისიის წევრთა სიას – ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა.“;

 ბ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „12. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება კომისიის წევრად არჩეული/დანიშნული პირის სახელი და გვარი, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, რომლის წევრადაც აირჩა/დაინიშნა იგი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ პარტიის გადაწყვეტილებაში მიეთითება კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი. ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის კომისიის წევრად დანიშნული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი.“;

 გ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „21. ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება საერთო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. გამონაკლის შემთხვევაში და სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა იმართება კომისიის შექმნიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა. საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომას იწვევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გამონაკლისია სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია, რომლის პირველ სხდომასაც იწვევს ცესკოს თავმჯდომარე.“.

 13. 31-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტის:

 ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);“;

 ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);“;

 ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

 „ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში);

 თ) სქესი.“;

 ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ცესკო პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირებისათვის, მისი კომპიუტერული დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ნაწილის (გვარი, სახელი; ფოტოსურათი; დაბადების თარიღი; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით; ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის რეგისტრაციის თარიღი) ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებისათვის.“;

 გ) მე-5 პუნქტის:

 გ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე. აღნიშნულ მონაცემებში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო;

 ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც გარდაიცვალნენ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს არ მიუმართავთ სააგენტოსთვის გარდაცვალების მოწმობის მისაღებად, აგრეთვე იმ ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების შესახებ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე, რომლებსაც შეეცვალა სახელწოდება/ნომერი;“;

 გ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან;“;

 დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. ცესკოს მიერ ამომრჩეველთა ერთიანი სიის და ამ სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლების მიზნით:

 ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები წელიწადში ოთხჯერ – ყოველი წლის 1 თებერვალს, 1 მაისს, 15 ივლისს და 1 ნოემბერს − საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები − იმავე ვადებში საარჩევნო უფლების არმქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ ცესკოს;

 ბ) სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის − თვითმმართველი ერთეულის, დასახლების, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, მიკრორაიონის, სხვა ტერიტორიული ერთეულის, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის − სახელდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ინფორმაცია გაუგზავნონ ცესკოს და სააგენტოს.“;

 ე) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

 „71. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.“.

 14. 32-ე მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურების სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამხედრო (გასამხედროებული) ნაწილის მეთაური და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს:

 დ.ა) მორიგი საერთო არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 ივლისისა;

 დ.ბ) რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში − არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში;

 დ.გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა;“;

 ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის) მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებში ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული:

 ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია:

 ა.ა) შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის მუდმივი წესით, 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით, მონაწილეობს საკრებულოს როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში და მერის/გამგებლის არჩევნებში;

 ა.ბ) მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, არჩევნების დღისთვის 1 წელზე ნაკლები ვადით, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი, შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე, რომელიც კენჭისყრის დღეს განთავსებულია შესაბამის დისლოკაციის ადგილზე, მონაწილეობს საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, ხოლო მერის/გამგებლის არჩევნებსა და საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში იგი მონაწილეობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დისლოკაციის ადგილი, შესაბამისად, იმ საარჩევნო ოლქის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია, რომელშიც ის არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.

 15. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა;“.

 16. 37-ე მუხლის:

 ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);“;

 ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.“.

 17. 42-ე მუხლის:

 ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას) და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვთ, ერთი ან რამდენიმე სახის არჩევნებისას დანიშნონ მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი ყოველ საარჩევნო კომისიაში. საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, ორ-ორი წარმომადგენელი დანიშნოს შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში. ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.

 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.“;

 ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 „31. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო კომისიაში (ცესკოს გარდა) წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ზემდგომი საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ზემდგომი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.“.

 18. 43-ე მუხლის:

 ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი (არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე კვალიფიციური პარტია, აგრეთვე საარჩევნო ბლოკი, რომელშიც გაერთიანებულია კვალიფიციური პარტია) არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით, ხოლო ის საარჩევნო ბლოკი, რომელშიც 2 ან მეტი კვალიფიციური პარტიაა გაერთიანებული, დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 150 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 200 ლარის ოდენობით. ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3% ან მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით. ერთი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა გაიცემა მხოლოდ ამ უბანზე დანიშნულ წარმომადგენელზე (წარმომადგენლებზე).

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსების თანხას ცესკო შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხავს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 3 დღისა. საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ეს თანხა გადაანაწილოს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში შესაბამის წარმომადგენლებზე ისე, რომ თითოეულ კომისიაში დაფინანსდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლის საქმიანობა; ამასთანავე, ერთსა და იმავე წარმომადგენელზე არ გაიცემა სამზე მეტი საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი თანხა.“;

 ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, რომელიც შეყვანილია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ამ მუხლის საფუძველზე მიღებული დაფინანსება არ ჩაეთვლება ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდება სახელმწიფო დაფინანსება.“.

 19. 46-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები წარედგინება იმ საარჩევნო კომისიას, რო­­­­­მ­­ელ­შიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული სააგიტაციო მასალის გამოშვების თარიღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა.“.

 20. 48-ე მუხლის:

 ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. უწყებათაშორისი კომისია მორიგი საერთო არჩევნების შემთხვევაში იქმნება არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, შუალედური ან ხელახალი არჩევნების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე ან ხელახალი არჩევნების შემთხვევაში − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში.“;

 ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი − კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც.“.

 21. 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა;“.

 22. 51-ე მუხლის:

 ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები საეთერო დროის თანაბრად განაწილების, დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნისა და საარჩევნო რეკლამისათვის თანაბარი პირობების დადგენის შესახებ ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-5, მე-6 და 61 პუნქტებში აღნიშნულ მაუწყებლებზე და მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით, ხოლო ამ მუხლის 61 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით.“;

 ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, აგრეთვე სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებული არიან, მათი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს თავიანთ ეთერში ყოველ საათში (არაუმეტეს 60 წამით) უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსონ თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მათთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.

 6. საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნული მაუწყებელი ვალდებულია საერთო არჩევნებისას საარჩევნო კამპანიის დროს თავის ეთერში ყოველ 3 საათში არანაკლებ 90 წამით უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად განათავსოს თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა დროისათვის.“;

 გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61, 62 და 63 პუნქტები:

 „61. მაუწყებელი, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნული მაუწყებლებისა, ვალდებულია უსასყიდლოდ განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა არჩევნების დღემდე ბოლო 30 დღის განმავლობაში, თუ მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს იგი განათავსებს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტის ფასიან წინასაარჩევნო რეკლამას. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია გამოყოს დრო წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად (თუ ფასიანი რეკლამა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საუკეთესო დროის შუალედში განთავსდა, უფასო სარეკლამო დროც ქვემოთ დადგენილი პროპორციით იმავე შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს უნდა გამოიყოს. ყველა სხვა შემთხვევაში უფასო სარეკლამო დრო უნდა გამოიყოს სამაუწყებლო ბადეში ფასიანი რეკლამის განთავსების დროიდან სამსაათიან შუალედში, იმავე დღეს ან დამკვეთთან შეთანხმებით − სხვა დღეს. არ შეიძლება სუბიექტის მიერ გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის შემდგომ დამატება მისი კუთვნილი სხვა სარეკლამო დროისათვის):

 ა) ზემოაღნიშნული საარჩევნო სუბიექტისთვის − მის მიერ შეძენილი სარეკლამო დროის ტოლი დრო, რომელიც ისე უნდა განაწილდეს, რომ 3 საათში 90 წამზე მეტი არ დაიკავოს;

 ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის, გარდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტებისა − დრო, რომელიც ტოლია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ სუბიექტთა მიერ შეძენილი ჯამური სარეკლამო დროის ამ სუბიექტთა რაოდენობაზე განაყოფისა და რომელიც თანაბრად უნდა განაწილდეს ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს შორის, იმ პირობით, რომ ერთი სუბიექტისთვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამზე მეტს არ დაიკავებს;

 გ) ამ კანონის მე-2 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისა − ამ პუნქტის შესაბამისად შეძენილ ჯამურ სარეკლამო დროზე ორჯერ მეტი დრო, რომელიც თანაბრად უნდა განაწილდეს მათ შორის, იმ პირობით, რომ ერთი სუბიექტისთვის გამოყოფილი დრო 3 საათში 90 წამზე მეტს არ დაიკავებს.

 62. ამ მუხლის 61 პუნქტში აღნიშნული მაუწყებლები, რომლებსაც სურთ ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემენ ინფორმაციას ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასის შესახებ, რომელიც 1 დღის ვადაში განთავსდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს და შესაბამის მაუწყებელს გადასცემს ინფორმაციას ყოველ კონკრეტულ მაუწყებელში, ზემოაღნიშნული გრაფიკის გათვალისწინებით, სარეკლამო დროის შეძენის შესახებ (ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და შესაძენი სარეკლამო დროის ხანგრძლივობა). მაუწყებელი, რომელშიც სუბიექტმა შეიძინა სარეკლამო დრო, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 38-ე დღისა ცესკოს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცემს ინფორმაციას ამ მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად გამოყოფილი დროის შესახებ (თარიღები, დღის განმავლობაში განსათავსებელი რეკლამის განთავსების დროის შუალედები და სარეკლამო დროის ხანგრძლივობა), აგრეთვე ამ მუხლის 61 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითო კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილ სარეკლამო დროში რეკლამის განთავსების გრაფიკის თაობაზე. ამ ინფორმაციას ცესკო 1 დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. უფასო სარეკლამო დროის მიღების უფლების მქონე სუბიექტი შესაბამის მაუწყებელს რეკლამის განთავსების დღემდე არანაკლებ 2 დღით ადრე აცნობებს თავისი კუთვნილი დროის გამოყენების სურვილის შესახებ და მასთან შეთანხმებულ დროს გადასცემს რეკლამას.

 63. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის პერიოდში ეთერში გაშვებულ არჩევნებთან დაკავშირებულ თავის გადაცემებში უზრუნველყოს სურდოთარგმანი.“.

 23. 56-ე მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ს ან მეტს, ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 1 000 000 ლარს არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების საერთო არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან მეტს (ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით), საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად მიიღებს არაუმეტეს 500 000 ლარს საკრებულოს/მერის/გამგებლის არჩევნების ორივე ტურში საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად. აღნიშნული საარჩევნო სუბიექტები ასეთ დაფინანსებას მიიღებენ საარჩევნო კამპანიის დროს გაწეული ხარჯების თაობაზე წარდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის შემდეგ.“;

 ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

 „4. საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით წარმოეშვათ დაფინანსების მიღების უფლება. ამ პუნქტის შესაბამისად პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე. ამასთანავე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის (მიუხედავად ბლოკში გაერთიანებული პარტიების რაოდენობისა) განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.

 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ხარჯებს მაუწყებელს აუნაზღაურებს ცესკო მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ცესკოსთვის მისი წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.“.

 24. 58-ე მუხლის:

 ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 „11. სათანადო შენობა-ნაგებობის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობა უნდა გამოიყოს, რომელიც ყველა ამომრჩევლისათვის იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობა, სადაც ეს შესაძლებელია, მისი გადამცემი ორგანოს მიერ კენჭისყრის დღისთვის ადაპტირებული უნდა იქნეს ყველა ამომრჩევლისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.“;

 ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. აკრძალულია პარტიის, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის საარჩევნო შტაბის იმ შენობაში განთავსება, სადაც საარჩევნო კომისიაა განთავსებული.“;

 გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 დ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ხმის მიცემის ადგილი იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების ფარულობა. ყოველი 500 ამომრჩევლისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ხმის მისაცემი ადგილისა, სადაც უნდა იყოს 1 კალმისტარი;“.

 25. 61-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი;“;

 ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 26. 63-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საარჩევნო უბნებზე ცესკო უზრუნველყოფს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენებას, რომელიც მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსების საშუალებას მისცემს.“;

 ბ) მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) პროპორციული სისტემით არჩევნებისას – არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის რიგითი ნომერი და სახელწოდება; საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის) მერის, თვითმმართველი თემის გამგებლისა და მაჟორიტარული სისტემით არჩევნებისას – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ან მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილია ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“;“.

 27. 67-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ 3 მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავიანთი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს 2 მეთვალყურეს (თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდებიან, მათგან 2 მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე).“.

 28. 71-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების დროს დგება 2 შემაჯამებელი ოქმი. ერთი ოქმი დგება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების, ხოლო მეორე ოქმი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. საქართველოს პრეზიდენტის, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის) მერის, თვითმმართველი თემის გამგებლისა და შუალედური არჩევნების დროს დგება 1 შემაჯამებელი ოქმი.“.

 29. 73-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი რეგისტრაციაში გაატარებს ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისია ამ განცხადებას/საჩივარს გადასცემს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღიდან 2 დღის განმავლობაში (საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საბუთების მიღების ამ კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით). განმცხადებელმა/მომჩივანმა იმავე დარღვევაზე განცხადება/საჩივარი იმავე ვადაში შეიძლება უშუალოდ გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.“.

 30. 74-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ამ კანონის 73-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. კომისია მას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში ამ კანონით დადგენილი წესით.“.

 31. 75-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-11 დღისა აჯამებს რეფერენდუმის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების, საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს, ადგენს საქართველოს პარლამენტის, საკრებულოსა და მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს და საარჩევნო ოლქში გამართული კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს, რომლებსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს ცესკოს.“.

 32. 76-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ცესკო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული ოქმების საფუძველზე, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა თავის სხდომებზე აჯამებს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, ქალაქ თბილისის მერისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.“.

 33. 77-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საუბნო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 დღის ვადაში. რაიონული/საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 1 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 1 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.

 34. 78-ე მუხლის:

 ა) მე-10 პუნქტის:

 ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა ეს პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი ან მათი წარმომადგენლები, ან გააუქმა მათი რეგისტრაცია;“;

 ა.ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია, საარჩევნო ბლოკი, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა;

 დ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ შესაბამის საარჩევნო ოლქში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გატარდა.“;

 ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „11. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის, მერობის/გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

 ა) არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას/საარჩევნო ბლოკს, მაჟორიტარ კანდიდატს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), თუ ცესკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, საკრებულოს არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თემის მერის/გამგებლის არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი მერობის/გამგებლობის კანდიდატები, ან/და ამ კომისიების თავმჯდომარეებმა გააუქმეს მათი რეგისტრაცია;

 ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა რეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ ცესკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ ცესკოს თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა;

 გ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ საოლქო საარჩევნო კომისიაში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარტიული/საარჩევნო ბლოკის სია, მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა)/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატები რეგისტრაციაში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაატარა, აგრეთვე თუ მაჟორიტარული წესით წარდგენილი ან პარტიულ/საარჩევნო ბლოკის სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაკმაყოფილდა.“;

 გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „15. ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

 ა) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება პარტიის, საარჩევნო ბლოკის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის ან ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას;

 ბ) პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას), მაჟორიტარ კანდიდატს, მერობის/გამგებლობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, საარჩევნო კომისიას, თუ სარჩელი ეხება საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატის მიერ ზემოაღნიშნული წესის დარღვევას.“;

 დ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „17. ამ კანონის 48-ე და 118-ე მუხლების დებულებათა დარღვევის შემთხვევაში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: კანდიდატის წარმდგენ პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს, თვით კანდიდატს, რომლის შესახებაც გამოიცა განკარგულება, საარჩევნო რეგისტრაციის მქონე სხვა პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება მაჟორიტარ კანდიდატს), თუ კომისიამ არ დაადასტურა ზემოაღნიშნული დარღვევა.“;

 ე) 21-ე−24-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „21. საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის ან არცნობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: პარტიის, საარჩევნო ბლოკის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციის დამკვირვებელს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 22. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ ცესკოს განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

 23. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში ცესკოს შესაბამისი განკარგულების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს საოლქო საარჩევნო კომისიაში, მაჟორიტარ კანდიდატს, თვითმმართველი ქალაქის/თემის მერობის/გამგებლობის კანდიდატს, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

 24. ცესკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას, საარჩევნო ბლოკს, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს ცესკოში (საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისას), ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატს, მაჟორიტარ კანდიდატს (საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისას), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.“.

 35. 87-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 87. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება

 კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი მონაცემების გადასწორება, რომელიც არ არის დადასტურებული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი შესწორების ოქმით, −

 გამოიწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ან/და შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის დაჯარიმებას – თითოეულისა 500 ლარის ოდენობით.“.

 36. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 „3. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.“.

 37. მე-100 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. ცესკო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, მისი სახელის, გვარის, დაბადების წლის, თანამდებობის (საქმიანობის), საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მითითებით.“.

 38. 102-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. რეგისტრირებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების სიას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 24-ე დღისა.“.

 39. 104-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ.“.

 40. 108-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

 „4. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.“.

 41. 110-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს დადგენილებით ადგენს ცესკო არაუგვიანეს საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წლის 1 ივლისისა.“.

 42. 113-ე მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

 ა) პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც არჩეულია შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით;

 ბ) პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას.“;

 ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ იგი არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.“;

 გ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „11. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.“.

 43. 114-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „12. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.“.

 44. 119-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „10. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ კანდიდატთა შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც შეიტანება საარჩევნო ბიულეტენში, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა.“.

 45. 120-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატების არჩევნებიდან მოხსნის შესახებ ინფორმაციას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცესკო.“.

 46. 125-ე მუხლის მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „19. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს.“.

 47. XV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XV

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები

 მუხლი 133. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნების დანიშვნა

 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის მორიგი არჩევნები ტარდება შესაბამისი ბოლო არჩევნებიდან სრული 3 წლის გასვლის შემდეგ, მე-4 წლის ოქტომბერში.

 2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის მორიგ არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, შესაბამისად, საკრებულოს, მერის, გამგებლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა.

 3. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა.

 4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით არაუგვიანეს არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღისა.

 

 მუხლი 134. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებები

 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი და საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც.

 2. თვითმმართველი ქალაქის/თემის მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია სულ ცოტა 5 წლის განმავლობაში, მათ შორის, არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წელს მაინც.

 3. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი ან თვითმმართველი ქალაქის/თემის მერი/გამგებელი.

 4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ შესაბამისი საარჩევნო ოლქისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები.

 5. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ამომრჩევლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნებში აქტიური საარჩევნო უფლების საფუძველზე მონაწილეობენ ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

 6. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრების გარეთ მუდმივად მცხოვრები ამომრჩევლები, აგრეთვე არჩევნების დღეს საქართველოს საზღვრების გარეთ დროებით მყოფი ამომრჩევლები.

 

 მუხლი 135. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის უფლებამოსილებათა ვადები

 1. მორიგ არჩევნებში არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.

 2. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

 3. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილება იწყება მისი პირველი შეკრებისთანავე.

 4. თვითმმართველი ქალაქის/თემის ახალარჩეული მერის/გამგებლის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის/გამგებლის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს.

 5. თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ახალარჩეული მერის/გამგებლის უფლებამოსილება იწყება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან (მერის/გამგებლის არჩეულად გამოცხადებიდან) მე-11 დღეს.

 

 მუხლი 136. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის, თვითმმართველი ქალაქის მერობის და თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან

 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის, თვითმმართველი ქალაქის მერობის ან თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ:

 ა) საქართველოს პრეზიდენტს;

 ბ) საქართველოს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს;

 გ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებს;

 დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს;

 ე) გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეებს;

 ვ) საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს;

 ზ) სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეებს;

 თ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრებს;

 ი) მოსამართლეს;

 კ) საქართველოს სახალხო დამცველს და მის მოადგილეს;

 ლ) საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრებს (რომლებიც არ არიან პარლამენტის წევრები);

 მ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს;

 ნ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა მარეგულირებელი ეროვნული კომისიების წევრებს;

 ო) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსს და მის მოადგილეებს;

 პ) პროკურორს, მის მოადგილეს, თანაშემწეს და გამომძიებელს.

 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ თანამდებობის პირებს სამსახურებრივი უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კანდიდატად წარდგენამდე.

 

 მუხლი 137. საარჩევნო ოლქები

 1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნებისათვის ყოველი დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს.

 2. ცესკო განკარგულებით ადგენს იმ საოლქო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალს, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაც ერთზე მეტ თვითმმართველ ერთეულს მოიცავს.

 3. არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით.

 4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის და მათ საზღვრებს აზუსტებს ცესკო არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული და ადმინისტრაციული თავისებურებების გათვალისწინებით.

 5. საოლქო საარჩევნო კომისიები ცნობას ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შესახებ, მათი საზღვრების მითითებით, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 დღის ვადაში.“.

 48. XVI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულოების არჩევნები“.

 49. 139-ე და 140-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 139. საარჩევნო ხმის უფლება

 თვითმმართველი ქალაქის/თემის საკრებულოს არჩევნებისას ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

 

 მუხლი 140. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა

 1. თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.

 2. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო შედგება:

 ა) პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ს აღემატება;

 ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისაგან, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ს არ აღემატება.“.

 50. 141-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი და მის მიერ წარდგენილი კანდიდატი რეგისტრირდება ამ კანონის 116-ე მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებისა) მოთხოვნების შესაბამისად.“.

 51. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1411 მუხლი:

 „მუხლი 1411. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის გარანტიები

 დამსაქმებელს უფლება არა აქვს, შეზღუდოს დასაქმებულის უფლება, მონაწილეობა მიიღოს კანდიდატად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში, გახდეს საკრებულოს წევრი, მერი/გამგებელი. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია. აკრძალულია ზემოაღნიშნული საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა და სხვაგვარი დისკრიმინაცია.“.

 52. 142-ე მუხლის:

 ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია/საარჩევნო ბლოკი მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

 ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

 ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

 ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. პარტიის წარმომადგენლად მიიჩნევა პარლამენტის წევრი, რომელიც არჩეულია შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით;

 ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე, თუ ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას.

 2. პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, ვალდებულია მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი სულ ცოტა 1 000 ამომრჩევლის სია, თუ იგი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტია, ხოლო თუ იგი არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი − სულ ცოტა 25 000 (ეს რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 1%-ს) ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.“;

 ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 გ) მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და ხელმოწერის ნიმუში;

 გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;“;

 დ) მე-12 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

 გ) წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები;“;

 ე) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „22. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას განცხადებების წარდგენის რიგის მიხედვით, აგრეთვე იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიას, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა, და ამის მიზეზებს.“.

 53. 143-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“.

 54. 144-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. განცხადებას უნდა ერთოდეს კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად). სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და რეგისტრაციის თარიღი, დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა მოცემულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე.“.

 55. 145-ე მუხლის:

 ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საკრებულოს არჩევნებისას პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიის და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა:

 ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიას, საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

 ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა; პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა ზემოაღნიშნული სიისა და საბუთების სრულყოფისთვის.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში.

 3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.“;

 ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტის მითითებით;“;

 გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „6. პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში):

 ა) თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის:

 ა.ა) კანდიდატის სახელი, გვარი;

 ა.ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

 ა.გ) კანდიდატის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

 ა.დ) კანდიდატის მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

 ა.ე) კანდიდატის პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში); თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“;

 ა.ვ) კანდიდატის თანამდებობა და სამუშაო ადგილი; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“;

 ა.ზ) კანდიდატის საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი;

 ა.თ) კანდიდატის თანხმობა საკრებულოს წევრად კენჭისყრაზე;

 ა.ი) იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად;

 ა.კ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი;

 ბ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია;

 გ) თუ კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

 დ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე;

 ე) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის/გამგებლობის კანდიდატად წარდგენაზე;

 ვ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა;

 ზ) თუ დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის მოთხოვნები.“;

 დ) მე-9−მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. საარჩევნო სუბიექტების რიგითობა განისაზღვრება წილისყრით, რომელიც იმართება ამ კანონის 119-ე მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. ამ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომერი იწყება რიცხვით, რომელიც ერთით მეტია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო სუბიექტების ბოლო რიგით ნომერზე.

 10. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მიეკუთვნებათ მათი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომერი.

 11. თუ საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაცია მისთვის რიგითი ნომრის მიკუთვნების შემდეგ გაუქმდა, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ ადრე მიკუთვნებულ რიგით ნომრებს.

 12. ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების რიგითობის შესახებ ქვეყნდება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციის ვადის დამთავრებიდან არაუგვიანეს 3 დღისა. იმავე ვადაში ქვეყნდება იმ სუბიექტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე.“.

 56. 146-ე მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 10 დღისა, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.“;

 ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე.“;

 გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.“.

 57. 147-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისათვის განკუთვნილ საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში ასარჩევად წარდგენილი ყველა კანდიდატის რიგითი ნომერი, სახელი და გვარი. პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვართან მიეთითება შესაბამისი პარტიის ან საარჩევნო ბლოკის სახელწოდება, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატის გვარის გასწვრივ მიეთითება „დამოუკიდებელი“. კანდიდატის შესახებ მონაცემები საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წილისყრით განსაზღვრული მისი რიგითობის შესაბამისად, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა.“.

 58. 148-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება საარჩევნო ოლქში პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობაზე და იყოფა იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

 2. თუ საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი მანდატების საერთო რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერცერთმა პარტიულმა სიამ ვერ მოიპოვა მანდატი, თითო მანდატი მიეკუთვნება პროპორციული წესით გასანაწილებელი მანდატების რაოდენობის შესაბამის იმ სუბიექტებს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

 4. თუ იმ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობები, რომელთაც უნდა გადაეცეთ ერთი მანდატი ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით დადგენილი წესით, თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.“.

 59. 150-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას შესაბამის ოლქში საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს აგრეთვე არჩეული საკრებულოს წევრის პარტიულობა (თუ საკრებულოს წევრი უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“), დაბადების წელი, პროფესია, ძირითადი საქმიანობა, სამუშაო ადგილი.“.

 60. 154-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 154. საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

 1. თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს ვადამდე შეუწყდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, შესაბამის საკრებულოში მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს მისი ადგილმონაცვლე, იმავე პარტიულ სიაში რიგით მომდევნო კანდიდატი, თუ მან ცესკოს შეტყობინებიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

 2. თუ საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ საკრებულოს გამოკლებული წევრი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

 3. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. შუალედური არჩევნები ტარდება უახლოეს მაისში ან ოქტომბერში, იმ პირობით, რომ შესაბამისი თვის ბოლომდე 60 დღე მაინც არის დარჩენილი. შუალედური არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.

 4. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკო განკარგულებით ნიშნავს შუალედური არჩევნების თარიღს და განკარგულებითვე ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით.

 5. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციაც ხორციელდება ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

 6. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საჭიროებს პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.

 7. შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი იკავებს შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“.

 61. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1541 მუხლი:

 „მუხლი 1541. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები

 1. საკრებულოს ვადამდე დათხოვნის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს ვადამდე დათხოვნის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომენტში შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.

 2. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, საკრებულოს ვადამდე დათხოვნის/უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.

 3. რიგგარეშე არჩევნებში საკრებულო აირჩევა შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

 4. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში პარტია/საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობენ ამ კანონის 154-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესებით. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვადებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა განკარგულებით ადგენს ცესკო.“.

 62. 157-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს თბილისის მერის, სხვა თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს, მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისათვის.“.

 63. 158-ე მუხლის:

 ა) მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „თ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);“;

 ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. პარტიულ სიას უნდა ერთოდეს ყოველი კანდიდატის ორი ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი (ორ ცალად) შევსების თარიღის მითითებით. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი) ერთად მითითებული უნდა იყოს საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტი და თანხმობა ამ პარტიული სიით კენჭისყრაზე.“.

 64. 162-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 162. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატების განაწილების წესი

 1. თბილისის საკრებულოში პროპორციული სისტემით მანდატები ნაწილდება მხოლოდ იმ საარჩევნო სუბიექტებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მანდატები ნაწილდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

 2. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 25-ზე და იყოფა იმ პარტიების/საარჩევნო ბლოკების მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

 3. თუ პარტიული სიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 25-ზე ნაკლები აღმოჩნდება, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი, პირველ რიგში, თანამიმდევრობით მიეკუთვნება უკეთესი შედეგის მქონე იმ პარტიულ სიებს, რომლებმაც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ მოიპოვეს მანდატი, მაგრამ მიიღეს არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 4%-ისა. თუ ამის შემდეგ კიდევ დარჩება გაუნაწილებელი მანდატი (მანდატები), თითო მანდატი თანამიმდევრობით მიეკუთვნება იმ პარტიულ სიებს, რომლებსაც ერთი მანდატი მაინც ჰქონდათ მოპოვებული და სხვებზე დიდი ნაშთი აქვთ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

 4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით ვერცერთმა პარტიულმა სიამ ვერ მოიპოვა მანდატი, თითო მანდატი მიეკუთვნება იმ 25 სუბიექტს, რომლებმაც სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

 5. თუ იმ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობები, რომელთაც უნდა გადაეცეთ ერთი მანდატი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით დადგენილი წესით, თანაბარი აღმოჩნდება, მანდატი იმ პარტიულ სიას მიეკუთვნება, რომელმაც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

 6. პროპორციული საარჩევნო სისტემით საკრებულოს წევრებად არჩეულებად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც პარტიულ სიაში ნაკლებია ან ტოლია ამ პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა.

 7. თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი ითვლება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეულად, ამოიღება პარტიული სიიდან და სიაში კანდიდატი წანაცვლდება ამ კანონით დადგენილი წესით.“.

 65. 164-ე მუხლის:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. თუ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი, თუ მან ვაკანსიის წარმოშობიდან 10 დღეში თანხმობა განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს პარტიულ სიაში იმავე პარტიის რიგით მომდევნო კანდიდატი და ა. შ. თუ პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ საკრებულოს გამოკლებული წევრი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი სუბიექტი პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.“;

 ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ თბილისის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება შუალედური არჩევნები. შუალედური არჩევნები ტარდება უახლოეს მაისში ან ოქტომბერში, იმ პირობით, რომ შესაბამისი თვის ბოლომდე 60 დღე მაინც არის დარჩენილი. შუალედური არჩევნები არ ტარდება, თუ საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი.

 5. შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. იგი არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.“;

 გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

 „7. თბილისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის რეგისტრაცია და რომლის მიერ წარდგენილი კანდიდატის რეგისტრაციაც ხორციელდება ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

 8. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საჭიროებს პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.“.

 66. XVIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XVIII

თვითმმართველი ქალაქის მერის და თვითმმართველი თემის გამგებლის არჩევნები

 

 მუხლი 165. თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნები

 1. თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის/გამგებლის არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 2. თვითმმართველი ქალაქის/თემის მერი/გამგებელი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

 

 მუხლი 166. საარჩევნო ოლქები

 1. მერის/გამგებლის არჩევნებისათვის თვითმმართველი ერთეული ერთი საარჩევნო ოლქია.

 2. საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერის არჩევნებისათვის თბილისი არის ერთი საარჩევნო ოლქი, რომელიც მოიცავს ამ კანონის 156-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შექმნილ საარჩევნო ოლქებს.

 

 მუხლი 167. მერობის/გამგებლობის კანდიდატთა რეგისტრაცია და რიგითი ნომრის განსაზღვრა

 1. მერად/გამგებლად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში.

 2. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს ამ კანონის 142-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრირებულ პარტიას/საარჩევნო ბლოკს.

 3. მერობის/გამგებლობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან განისაზღვრება ამ კანონის 136-ე მუხლით. მერობის/გამგებლობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 117-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.

 4. პარტია/საარჩევნო ბლოკი მერობის/გამგებლობის კანდიდატის საბუთებს წარუდგენს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. გამონაკლისია ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატი, რომლის საბუთებიც ცესკოს წარედგინება. მერობის/გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა:

 ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის/გამგებლობის კანდიდატს, თუ კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

 ბ) წერილობით აცნობებს კანდიდატის წარმდგენი პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა; პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა საბუთების სრულყოფისთვის.

 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

 6. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს მერობის/გამგებლობის კანდიდატს, ხოლო შეუსაბამობის შემთხვევაში იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მისთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება კანდიდატის წარმდგენ საარჩევნო სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.

 7. მერობის/გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მას გადასცემს კანდიდატის მოწმობას.

 8. მერობის/გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია:

 ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი;

 ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიების/საარჩევნო ბლოკების ხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით;

 გ) ორი ფოტოსურათი.

 9. კანდიდატის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის გადაწყვეტილებას მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის შესახებ უნდა დაერთოს სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია კანდიდატის:

 ა) სახელი, გვარი;

 ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

 გ) სქესი;

 დ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

 ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

 ვ) სამუშაო ადგილი (დაწესებულების, ორგანიზაციის, საწარმოს და ა. შ. დასახელება);

 ზ) თანამდებობა; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“;

 თ) პარტიულობა; თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“;

 ი) საქართველოში 5 წლის, მათ შორის, ბოლო 2 წლის, განმავლობაში მუდმივად ცხოვრების ფაქტი;

 კ) თანხმობა მერად/გამგებლად კენჭისყრაზე;

 ლ) ხელმოწერა და ხელმოწერის თარიღი.

 10. მერობის/გამგებლობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამავე მუხლის მე-4–მე-6 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისას კი – ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით – ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიისათვის წარდგენილი განცხადებები და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დაკმაყოფილებული არ არის ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ, თუ:

 ა) განცხადებებსა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები არასრულია ან არასწორია;

 ბ) ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მერობის/გამგებლობის კანდიდატის თანხმობა სხვა თვითმმართველი ერთეულის მერის/გამგებლის არჩევნებში ან/და ნებისმიერი საკრებულოს არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

 გ) დარღვეულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები;

 დ) დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და 48-ე მუხლის მოთხოვნები.

 11. მერობის/გამგებლობის კანდიდატს მიეკუთვნება მისი წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

 

 მუხლი 168. მერობის/გამგებლობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

 1. პარტიას/საარჩევნო ბლოკს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 10 დღისა, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება კანდიდატის წარდგენის შესახებ.

 2. კანდიდატს შეუძლია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 10 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა, რისთვისაც სათანადო განცხადებით მიმართავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე.

 4. შესაბამისი საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, აგრეთვე კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

 

 მუხლი 169. მერის/გამგებლის არჩევნების შედეგების შეჯამება

 1. მერის/გამგებლის არჩევნების შედეგებს ადგენს და აჯამებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მერის არჩევნების შედეგებს აჯამებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები და ადგენს ცესკო.

 2. მერის/გამგებლის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენები.

 

 მუხლი 1691. მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტური და ხელახალი არჩევნები

 1. თუ მერის/გამგებლის არჩევნებში კანდიდატმა ვერ მიიღო ამ კანონის 169-ე მუხლით განსაზღვრული ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ ორზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, ან ერთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მონაწილეობს.

 2. მერის/გამგებლის არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცესკო შესაბამისი არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 3 დღის ვადაში, თუ ოქმი არ გასაჩივრდა, ხოლო ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში − სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში, სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით. არჩევნების მეორე ტური ტარდება ცესკოს მიერ მისი დანიშვნის შესახებ განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა.

 3. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

 4. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულ ერთ-ერთ ან ორივე კანდიდატს გაუუქმდა რეგისტრაცია, ან კანდიდატი გარდაიცვალა, 2 თვის თავზე ტარდება ხელახალი არჩევნები. არჩევნების თარიღს ნიშნავს ცესკო ზემოაღნიშნული ფაქტის დადგომიდან 3 დღის ვადაში.

 

 მუხლი 1692. მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები

 1. მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა ცესკო განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს.

 2. თუ მერის/გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებამდე 1 წელზე ნაკლებია დარჩენილი, მერის/გამგებლის რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.

 3. რიგგარეშე არჩევნებში მერი/გამგებელი აირჩევა შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

 4. რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პარტია/საარჩევნო ბლოკი, აგრეთვე პარტია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა. იმავე ვადაში ცესკოს განცხადებით მიმართავს პარტია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ პირობას. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად.

 5. პარტია, რომლის რეგისტრაციაც, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჭიროებს პარტიის მხარდამჭერთა სიის წარდგენას, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა ცესკოს წარუდგინოს მერის/გამგებლის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.“.

 67. 175-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ცესკო სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას რეგისტრაციაში ატარებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ამის შესახებ ინფორმაციას და საინიციატივო ჯგუფის მისამართს.“.

 68. 1841 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 1841. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის გამგებლის, ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი

 1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, აგრეთვე იმ პირთა სია, რომლებიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიუთითებენ თავიანთ ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს.

 2. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, მუნიციპალიტეტის გამგებლის, ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების მერების არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები:

 ა) გვარი, სახელი;

 ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

 გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით);

 დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

 ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“, ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“);

 ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი;

 ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში);

 თ) სქესი.

 3. საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქემ, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, აგრეთვე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილმა პირმა და იმ პირმა, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობისათვის 2014 წლის 28 მაისამდე უნდა მიმართოს სააგენტოს და გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითოს თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში.

 4. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება ამ კანონის 31-ე მუხლით დადგენილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესით, სააგენტოს მიერ წარმოებულ სამოქალაქო რეესტრში არსებული (ასახული) აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ მონაცემებისა და ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებულ დაწესებულებათა მიერ გადმოცემული მონაცემების საფუძველზე.

 5. სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადასაცემი საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ მონაცემების დასაზუსტებლად სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული თითოეული საარჩევნო უფლების მქონე პირის უახლესი ფოტოსურათი შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის (ფოტოსაძიებო სისტემის) გამოყენებით შეუდარდება იმავე ბაზაში არსებულ საარჩევნო უფლების მქონე ყველა პირის უახლეს ფოტოსურათებს. ფოტოსურათების შედარების შედეგად ფიზიკურ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემების სავარაუდო გაორების აღმოჩენისას სააგენტო ინდივიდუალურად შეისწავლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, დაადგენს კანონიერ მონაცემებს და არასწორი მონაცემების გამოვლენისას განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებას.

 6. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების სახელწოდების/ნომრის ცვლილების თაობაზე ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადასცენ სააგენტოს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება.

 7. სააგენტო ამ მუხლში მითითებული წესების დაცვით საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ მონაცემებს ცესკოს გადასცემს არაუგვიანეს 2014 წლის 1 მაისისა, ხოლო ცესკოს მოთხოვნის შემთხვევაში − მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე მე-11 დღისა, გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით.

 8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას შესაბამისი სამხედრო (გასამხედროებული) ნაწილის მეთაური შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს არაუგვიანეს 2014 წლის 1 მაისისა.“.

 69. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1842 და 1843 მუხლები:

 „მუხლი 1842. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯაროობის წესი

 1. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია ფოტოსურათების გარეშე, ამ კანონით დადგენილ ვადაში გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.

 2. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ფოტოსურათებიანი ვერსია ამ კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი.

 

 მუხლი 1843. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ვინაობის შემოწმების დამატებითი წესი და პასუხისმგებლობა გაყალბებისთვის

 1. თუ ამ კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის ყოფნის შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ საბუთში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა, საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრმა ან/და საარჩევნო უბანში ყოფნის უფლების მქონე პირმა ერთიმეორესთან შეუსაბამოდ მიიჩნია ეს ამომრჩეველი და ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში არსებული ფოტოსურათი, რეგისტრატორი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

 2. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დაადასტურა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, მისი განკარგულებით აღნიშნულ პირს საარჩევნო ბიულეტენები არ მიეცემა. კომისიის თავმჯდომარის ეს განკარგულება, რომელშიც უნდა აღინიშნოს პირის სახელი, გვარი და რიგითი ნომერი ამომრჩეველთა სიაში, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდებზე. ჩანაწერთა წიგნს დაერთვება პირის მიერ წარდგენილი საბუთის ფოტოასლი, ხოლო ამ პირის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ წარედგინება პოლიციას მისი ვინაობის დასადგენად.

 3. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ დაადასტურა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, მისი განკარგულებით ამ პირს მიეცემა საარჩევნო ბიულეტენები და კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. თუ კომისიის თავმჯდომარის ამ განკარგულებას არ დაეთანხმა კომისიის თუნდაც ერთი წევრი, ეს განკარგულება, რომელშიც უნდა აღინიშნოს პირის სახელი, გვარი და რიგითი ნომერი ამომრჩეველთა სიაში, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს შეაქვს ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდებზე. ჩანაწერთა წიგნს დაერთვება პირის მიერ წარდგენილი საბუთის ფოტოასლი.

 4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კენჭისყრის დასრულებამდე პოლიციამ კანონით დადგენილი წესით დაადგინა პირის ვინაობა და შეუსაბამობის არარსებობა, პოლიციის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომელიც დაერთვება ჩანაწერთა წიგნს, პირს მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. თუ პოლიციამ კანონით დადგენილი წესით დაადგინა შეუსაბამობის არსებობა და, შესაბამისად, ყალბი ან სხვისი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობის მცდელობა, პირს დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1642 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 5. კენჭისყრის დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევათა და ჩანაწერთა წიგნისთვის დართული საბუთების საერთო რაოდენობას და შესაბამის მონაცემებს შეიტანს ჩანაწერთა წიგნში.

 6. საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 7 დღის ვადაში საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნში შესაბამისი გვერდების დამოწმებულ ასლებს სათანადო საბუთების ასლებთან ერთად გადასცემს სააგენტოს, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს მისთვის გადაცემული დოკუმენტაცია კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ვინაობის გადასამოწმებლად. თუ გადამოწმების შედეგად გამოვლინდა ყალბი ან სხვისი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობა ან მონაწილეობის მცდელობა, პირს დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1642 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

 70. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1855−18510 მუხლები:

 „მუხლი 1855. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე

 1. ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობისათვის ვალდებულია 2014 წლის 28 მაისამდე გამოცხადდეს სააგენტოში და გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითოს თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში. ამომრჩეველი, რომელიც გაივლის რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თავისუფლდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის (გარდა დაჩქარებული მომსახურების საფასურისა) გადახდისაგან, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გავლის მოთხოვნასთან ერთად პირადობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის წარდგენა, ხოლო ამომრჩეველი, რომელიც მხოლოდ მიუთითებს თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს და არ გაივლის რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თავისუფლდება ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისგან და მასზე არ გაიცემა პირადობის მოწმობა. ამომრჩეველი არ თავისუფლდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან, თუ იგი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო.

 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამომრჩეველი, რომელიც 2014 წლის 27 მაისის ჩათვლით გაივლის რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მიუთითებს თავის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, თავისუფლდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის იმავე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.

 

 მუხლი 1856. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის ზოგიერთი ღონისძიების განხორციელება

 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის:

 ა) ცესკომ 2014 წლის 6 აპრილამდე უზრუნველყოს საარჩევნო ოლქების შექმნა და მისი საზღვრების დადგენა და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

 ბ) ცესკომ 2014 წლის 6 აპრილამდე უზრუნველყოს ქალაქ თბილისისა და სხვა თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენა და შესაბამისი ინფორმაციის თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება;

 გ) საოლქო საარჩევნო კომისიებმა 2014 წლის 6 აპრილამდე უზრუნველყონ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნა 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას საარჩევნო კომისიების მიერ განსაზღვრული ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და 2014 წელს განხორციელებული თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ცვლილებების გათვალისწინებით;

 დ) საარჩევნო უბნები შეიქმნას არაუგვიანეს 2014 წლის 6 აპრილისა.

 

 მუხლი 1857. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის ზოგიერთი ახალი ვადის დადგენა

 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების პერიოდში ქვემდგომი საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში ცესკო განცხადებას/საჩივარს იხილავს ამ კანონით დადგენილი წესით, მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში და არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 24-ე დღისა.

 

 მუხლი 1858. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგი არჩევნებისათვის იმ პარტიის რეგისტრაცია, რომელსაც არ ჰყავს თავისი ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არჩეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ან რომელიც რეგისტრირებული არ იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, ან რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი

 1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია, რომელსაც არ ჰყავს თავისი ან საარჩევნო ბლოკის (რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული) წარდგენით არჩეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ან რომელიც რეგისტრირებული არ იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, ან რომელიც არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, განცხადებით მიმართავს ცესკოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა. ასეთ პარტიას განცხადების მიღებისთანავე ცესკო გადასცემს პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშს მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად.

 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პარტია ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა ცესკოს წარუდგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი ამომრჩევლების სია.

 3. პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 142-ე მუხლით.

 

 მუხლი 1859. ადგილობრივ მაუწყებელთა მიერ გამოყოფილი უფასო წინასაარჩევნო სარეკლამო დროის განაწილება საარჩევნო სუბიექტებს შორის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგი არჩევნებისას

 1. ამ კანონის 51-ე მუხლის 61 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფასო წინასაარჩევნო სარეკლამო დრო 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგი არჩევნებისას თანაბრად ნაწილდება იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებმაც 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღეს დაფინანსება ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის ან/და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე.

 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტს წარმოეშვა უფასო წინასაარჩევნო სარეკლამო დროის ამ კანონით დადგენილი ერთზე მეტი საფუძვლით მიღების უფლება, მას ეს დრო მხოლოდ ერთი საფუძვლით მიეცემა.

 

 მუხლი 18510. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დაფინანსება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგი არჩევნების დროს

 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მორიგი არჩევნების დროს ის საარჩევნო ბლოკი, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის არცერთი კვალიფიციური პარტია, მაგრამ მასში გაერთიანებული პარტიების მიერ ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ საერთო არჩევნებში, ერთ-ერთში მაინც, მიღებული ხმების ჯამი არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 2% ან მეტია, არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად დაფინანსებას მიიღებს ყოველ საარჩევნო უბანზე 100 ლარის და ყოველ საარჩევნო ოლქზე 150 ლარის ოდენობით.“.

 

 მუხლი 2

 1. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ამ კანონის პირველი მუხლის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ამოქმედების ვადის დადგომამდე შესაბამისმა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 58-ე მუხლის 11 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო უბნების მოსაწყობად სათანადო პირობების შექმნა.

 2. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 48-ე მუხლით გათვალისწინებული უწყებათაშორისი კომისია იქმნება ამ კანონის ამოქმედებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში და საქმიანობას წყვეტს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.

 

 მუხლი 3

 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 3. ამ კანონის პირველი მუხლის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის დღიდან.

 


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

7 მარტი 2014 წ.

N2093-IIს