საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2598-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 09/02/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.018053
2598-XIმს-Xმპ
09/02/2023
ვებგვერდი, 24/02/2023
010190020.04.001.018053
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) 203-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 203. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენის ზოგიერთი დროებითი წესი

1. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიების წარდგენისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი წესები და ვადები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

3. საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

4. საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

5. საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს პარტიული სია, რომლის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც იქნება ქალი. აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ დამატებით დაფინანსებას მიიღებს.

6. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული ქალი წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული მამაკაცი წევრი არჩეული იყო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. თუ აღნიშნულმა საქართველოს პარლამენტის წევრობის ქალმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე პარტიულ სიაში მისი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ აღნიშნულმა საქართველოს პარლამენტის წევრობის მამაკაცმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. იგივე წესი ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრობის ყოველ მომდევნო შესაბამის კანდიდატზე, თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის წინა შესაბამისმა კანდიდატმა 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრობის შესაბამისი კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

7. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული ქალი წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის მიერ იმავე საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში შეყვანილი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული მამაკაცი წევრი არჩეული იყო საარჩევნო ბლოკის პარტიული სიით და პარტიულ სიაში აღნიშნული იყო, რომ იგი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებს იმავე პარტიის მიერ იმავე საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში შეყვანილი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. თუ აღნიშნულმა საქართველოს პარლამენტის წევრობის ქალმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში შეყვანილი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ აღნიშნულმა საქართველოს პარლამენტის წევრობის მამაკაცმა კანდიდატმა ვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში შეყვანილი მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. იგივე წესი ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრობის ყოველ მომდევნო შესაბამის კანდიდატზე, თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის წინა შესაბამისმა კანდიდატმა 15 დღეში თანხმობა არ განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე. თუ საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში აღნიშნული არ იყო, რომ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი საარჩევნო ბლოკში გაერთიანებული ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მისი ადგილმონაცვლე განისაზღვრება ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით. თუ წარდგენილ საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრობის შესაბამისი კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.

8. 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი. შესაბამისმა პოლიტიკურმა პარტიამ პარტიული სია შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, პარტიას უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

9. თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გამოკლებული ქალი წევრი არჩეული იყო პარტიული სიით, მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საკრებულოს წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გამოკლებული მამაკაცი წევრი არჩეული იყო პარტიული სიით, მის ადგილს 2 კვირის ვადაში იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი. თუ აღნიშნულმა საკრებულოს წევრობის ქალმა კანდიდატმა შესაბამისი საარჩევნო კომისიის შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში თანხმობა არ განაცხადა საკრებულოს წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე პარტიულ სიაში მისი მომდევნო საკრებულოს წევრობის ქალი კანდიდატი, ხოლო თუ აღნიშნულმა საკრებულოს წევრობის მამაკაცმა კანდიდატმა შესაბამისი საარჩევნო კომისიის შეტყობინების მიღებიდან 10 დღეში თანხმობა არ განაცხადა საკრებულოს წევრობაზე, მის ადგილს დაიკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი. იგივე წესი ვრცელდება საკრებულოს წევრობის ყოველ მომდევნო შესაბამის კანდიდატზე, თუ საკრებულოს წევრობის წინა შესაბამისმა კანდიდატმა 10 დღეში თანხმობა არ განაცხადა საკრებულოს წევრობაზე. თუ წარდგენილ პარტიულ სიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრობის შესაბამისი კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

9 თებერვალი 2023 წ.

N2598-XIმს-Xმპ