საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2280-IXმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/12/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.018039
2280-IXმს-Xმპ
01/12/2022
ვებგვერდი, 15/12/2022
010190020.04.001.018039
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 54-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) წარუდგინოს ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. აღნიშნული ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვისთვის პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო მონაცემებს.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.“.

2. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 57. ანგარიში საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ

1. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი ანტიკორუფციულ ბიუროს არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დადგენილი ფორმით წარუდგენს შესაბამის ფინანსურ ანგარიშს.

2. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს.

3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია მეორე ტურის ჩატარების დღემდე 3 დღით ადრე ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდეგ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში.

4. საარჩევნო სუბიექტი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ანტიკორუფციულ ბიუროს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს. აუდიტის ჩატარების უფლება აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი 10 000 ლარს არ აღემატება, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში აუდიტორული დასკვნის გარეშე წარადგინოს.

5. თუ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მიიღებს ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ის ანტიკორუფციულმა ბიურომ წერილობით უნდა გააფრთხილოს და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის აღმოფხვრა და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ანტიკორუფციული ბიურო მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და მას შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება.

6. არჩევნებისთვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას და მისი შევსების წესს განსაზღვრავს ანტიკორუფციული ბიურო.“.

3. 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის 84-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ანტიკორუფციული ბიურო.“.

მუხლი 2. 2023 წლის 1 სექტემბრამდე შესაბამისმა ორგანოებმა/თანამდებობის პირებმა მიიღონ/გამოსცენ ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტები და უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების იმავე კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

1 დეკემბერი 2022 წ.

N2280-IXმს-Xმპ