საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 878-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016073
878-რს
27/07/2013
ვებგვერდი, 07/08/2013
010190020.04.001.016073
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ7“ ქვეპუნქტი:

 „ჰ7) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი.“.

 2. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია)

1. წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე. პოლიტიკური პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.

2. წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა.

3. პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.  

4. წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა:

ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;

ბ) მოსამართლისა;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პროკურატურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა;

დ) გენერალური აუდიტორისა;

ე) საქართველოს სახალხო დამცველისა;

ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა;

ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა;

თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს;

ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა.

5. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში:

ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;

ბ) სასამართლოები;

გ) სამხედრო ნაწილები.

6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო­ები ვალდებული არიან, ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დის­კუ­­სი­ების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.

7. აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

8. მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართად სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები უსასყიდლოდ ეთმობა საარჩევნო კომისიებს.

9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისათვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებათა თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ცესკოს ვებგვერდზე.

10. საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება მიმართვაზე თანხმობად.“.

3. 46-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვე­ვაში.

2. აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება/გაკვრა საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება აკრძალულია, და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი.

5. ამ მუხლის შესაბამისად სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და დადგმული სტენდების თაობაზე ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.“.

4. 48-ე მუხლის:

ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის, იკრძალება:

ა) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, დაკავებული შენობების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებს, საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;

გ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ მათი სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების შემთხვევაზე, რომელთა დაცვას კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.

3. საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ხოლო უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის წესი − კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. უწყებათაშორისი კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ მაინც, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ − კვირაში ერთხელ მაინც.“.

 5. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 49. საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა

1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, აგრეთვე ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენების შემთხვევაზე.

3. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

4. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსებაზე, ხოლო შუალედური არჩევნების დროს აღნიშნული პუნქტები მოქმედებს მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებთან მიმართებით, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები.

6. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადება, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება.

7. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 99მუხლი:

„მუხლი 991. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ ცესკოსთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადადგნენ შემდეგი თანამდებობის პირები:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები და მათი მოადგილეები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

ბ) ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;

დ) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;

ე) სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები და მათი მოადგილეები;

ვ) საკრებულოთა თავმჯდომარეები, გამგებლები, ქალაქების მერები;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;

თ) მოსამართლეები;

ი) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;

კ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;

ლ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;

მ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;

ნ) პროკურორები, მათი მოადგილეები და თანაშემწეები, გამომძიებლები;

ო) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობის პირის გადადგომის/გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ წარედგინება ცესკოს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა, იგი უქმდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

27 ივლისი 2013 წ.

N878-რს