საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3127-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016222
3127-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
010190020.04.001.016222
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) არჩევნებში, რეფერენდუმსა და პლებისციტში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მოთავსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება), გარდა იმ პირისა, რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღებს, თუ იგი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოთავსებულია სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში;“.

2. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამონაკლის შემთხვევებში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა დისლოკაციის ადგილი საზღვარგარეთ, პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი და სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-15 დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს.“.

3. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები;“. 

4. 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ იმ სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური წოდების მქონე პირთა, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ იმ მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის, აგრეთვე იმ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც სასჯელის სახით შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის და არჩევნების დღისათვის სასჯელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლებული იქნებიან პენიტენციური დაწესებულებიდან.“.

5. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება. ამ მოსამსახურეთა სიას ადგენენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფების/ნაწილების მეთაურები ან შესაბამისი დაწესებულებების/დანაყოფების ხელმძღვანელები და გადასცემენ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას:

დ.ა) მორიგი საერთო, რიგგარეშე და შუალედური არჩევნებისას − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა;

დ.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა;“.

6. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.გ) მსახურობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და სამსახურის პირობების გამო სამუშაო ადგილის დატოვება არ შეუძლია;“.

7. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3127-რს