საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110727007, 27/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016165
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
98
27/07/2011
ვებგვერდი, 110727007, 27/07/2011
010130000.22.027.016165
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/07/2011 - 19/08/2011)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება 98

2011 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის, მე -20 მუხლის მე -2 პუნქტისა და 202 მუხლის მე -9 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზესაქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. ზოგადი დებულებანი

1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები შესაბამის ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზა და სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

2. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით, ასევე ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული დოკუმენტები შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარმოდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით. დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის გადამოწმების დამადასტურებელი დოკუმენტები მატერიალური ან ელექტრონული ფორმით უნდა დაერთოს შესაბამის საქმისწარმოების მასალებს.

3. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის ორგანოებში წარდგენილ ფოტოსურათზე გამოსახული უნდა იყოს ის პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება შესაბამისი მომსახურება. ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს იმ ასაკში, რა ასაკშიც პირის მიმართ ხორციელდება მომსახურება.

4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დაწესებული საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევაზე მოთხოვნის წარდგენამდე ან წარდგენის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით. მოთხოვნის წარდგენის შემდეგ საფასურის გადახდის შემთხვევაში საფასური გადაიხდება მოთხოვნის წარდგენის დღესვე. თუ მომსახურების გაწევა ხდება მოთხოვნის წარდგენის დღესვე, საფასური გადაიხდება მოთხოვნის წარდგენამდე.

5. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ამ წესით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს უნდა წარედგინოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადატურებელი დოკუმენტი.

6. პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს შორის სახელის ან/და გვარის, ასევე დაბადების თარიღის ან/და ადგილის შეუსაბამობისას, ნამდვილად მიიჩნევა დაბადების აქტის ჩანაწერში დაფიქსირებული შესაბამისი მონაცემი; იმ პირის შესახებ, რომლის დაბადებაც რეგისტრირებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ – მის დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები, ხოლო მეუღლის გვარის მიღების ან საკუთარ გვართან მეუღლის გვარის შეერთების, ასევე ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების შემთხვევაში, გვართან დაკავშირებულ ნამდვილ მონაცემად მიიჩნევა ქორწინების/განქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემი.

7. იმ პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემებს შორის სახელის ან/და გვარის ნაწილში შეუსაბამობისას, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა ან რომელზეც გაიცა ბინადრობის ნებართვა, ნამდვილად მიიჩნევა მასზე გაცემულ მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული სახელი ან/და გვარი; დაბადების თარიღის ან/და ადგილის შეუსაბამობისას, თუ პირი დაბადებულია საქართველოში – დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები, ხოლო თუ პირი დაბადებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ – დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები. დაბადების აქტის ჩანაწერის ან დაბადების მოწმობის არარსებობის შემთხვევაში – ნამდვილად მიიჩნევა დაბადების თარიღის ან/და ადგილის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული ის მონაცემი, რომლის შესაბამისადაც პირს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა ან გაიცა ბინადრობის ნებართვა.

8. საზღვარგარეთ დაბადებული პირის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი) საზღვარგარეთ ან საქართველოში შეცვლის შემთხვევაში, თუ ცვლილება არ იქნა ასახული შესაბამისი პირის დაბადების თაობაზე არსებულ ჩანაწერებში/დოკუმენტში, ნამდვილად მიიჩნევა პირადი მონაცემის შეცვლის შესახებ დოკუმენტში დაფიქსირებული შესაბამისი პირადი მონაცემი.

9. მონაცემები სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე -6–მე -8 პუნქტებით განსაზღვრული წესით მიიჩნევა ნამდვილად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.

    მუხლი 3. ფოტოიდენტურობის დადასტურება

1. პირის პირველად რეგისტრაციის შემთხვევაში, გარდა დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციის შემთხვევისა, ასევე როცა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის განხორციელების პროცესში შექმნილი ფოტოსურათიანი ჩანაწერი, ან ფოტოსურათის არსებობის მიუხედავად ვერ დგინდება პირის იდენტურობა განაცხადზე დართულ ფოტოსურათთან ხანდაზმულობის ან სხვა მიზეზის გამო, ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა განაცხადში მითითებული პირის მონაცემებთან სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით შეიძლება წერილობით დაადასტუროს ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა (ფოტოიდენტურობის დადასტურება).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, გამგეობის (მერიის) რწმუნებულის, პატიმრობის/ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სამხედრო ნაწილის მეთაურის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურება ხდება წერილობით და მათი გამოცხადება სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე სავალდებულო არ არის. აღნიშნულ პირთა მიერ გაცემულ ფოტოიდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით, ამასთან, დოკუმენტზე დაკრულ ფოტოსურათზე ბეჭედი უნდა დაისვას იმგვარად, რომ ბეჭდის ნაწილი გადადიოდეს ფოტოსურათზე და დარღვეული არ იყოს ბეჭდის მთლიანობა.

    მუხლი 4. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. ამ წესით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს ან/და მისი ტერიტორიული სამსახურების მხრიდან დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების/გადაწყვეტილების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების ან/და განაცხადში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ან/და წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის (გადაცემის ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნის) გზით. განმცხადებელთან კომუნიკაცია დამატებით შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (განაცხადში ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში).

2. პირს, რომლის მიმართაც განიხილება რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი, რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე შეტყობინება/გადაწყვეტილება ეგზავნება წერილობითი ფორმით ფოსტის მეშვეობით, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მისი სარეგისტრაციო მისამართის ან/და ადმინისტრაციული წარმოებისას გამოვლენილი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. თუ აღნიშნულ პირს ვერ ჩაბარდა რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინება/გადაწყვეტილება, სააგენტო ან მისი ტერიტორიული სამსახური არ არის ვალდებული ხელმეორედ გააგზავნოს შეტყობინება/გადაწყვეტილება.

თავი II

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი

    მუხლი 5. რეგისტრაციის ვალდებულება და სუბიექტები

1. საქართველოს მოქალაქე, ასევე პირი, რომელიც გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღია უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. საქართველოში მცხოვრები უცხოელი, მიუხედავად ასაკისა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ­– ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვეში გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

3. დაბადების რეგისტრაციისას ხორციელდება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იმ არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია, რომელსაც დაბადების რეგისტრაციისას მიენიჭება პირადი ნომერი. პირი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულად ითვლება დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან.

4. რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც ფლობენ/ფლობდნენ ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტს და არ მოხსნილან საქართველოში რეგისტრაციიდან (მუდმივი რეგისტრაცია), თუ არ არსებობს მათი ხელახალი რეგისტრაციის საფუძველი.

5. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ამ კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციიდან მოხსნილ იქნენ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრებასთანემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით.

6. საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლის შემთხვევაში პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა, რეგისტრაციის გასავლელად ამ წესის მოთხოვნათა დაცვით მიმართოს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე.

    მუხლი 6. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. პირის რეგისტრაციას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას – სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციას – სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები დაბადების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.

3. პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემა, პირის გარდაცვალების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტა და პირის ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაცია იწვევს შესაბამისი პირის რეგისტრაციიდან მოხსნას, რაც ხორციელდება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აღნიშნული ფაქტების თაობაზე ჩანაწერის შესრულებით. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლა იწვევს შესაბამისი პირის რეგისტრაციიდან მოხსნას, რაც ავტომატურად აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. რეგისტრაციიდან მოხსნის სხვა საფუძვლების არსებობისას რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

4. უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები.

    მუხლი 7. რეგისტრაციის ადგილი

1. პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

2. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრირდება განცხადება -ანკეტაში მითითებულ მისამართზე მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში მისი რეგისტრაციისათვის ზემოაღნიშნულ პირთა ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, ასევე საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ დადასტურება სავალდებულო არ არის.

3. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეგისტრაცია ხორციელდება დაბადების რეგისტრაცისას, დასაშვებია მხოლოდ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობით ან სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით. აღნიშნული თანხმობა შეიძლება ასევე გამოხატულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

4. დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ერთ -ერთი კანონიერი წარმომადგენლის – დედის ან მამის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რის შესახებაც მითითებულ უნდა იქნეს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში. ცნობაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობისას – არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება დედის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა დაბადების რეგისტრაცია ხდება მშობლის/მშობლების განცხადებით – არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება ერთ -ერთი მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მისი/მათი სურვილისამებრ. თუ ორივე მშობელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება დედის ან მამის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რის შესახებაც მითითებულ უნდა იქნეს დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობაში, ხოლო ცნობაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობისას – დედის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. თუ დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის ის მშობელი, რომლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვითაც უნდა მოხდეს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე ან არ არის რეგისტრირებული, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია განხორციელდება მეორე მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა დედა არის უცხოელი, რომელსაც საქართველოში არა აქვს გავლილი რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მამის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.

6. პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მიღების ან აღდგენის შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.

7. პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემის საფუძველზე, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.

8. იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვანი პირი და იძულებით გადაადგილებული პირის შვილი (გარდა იმ პირისა, რომელმაც იძულებით გადაადგილებამდე მიაღწია სრულწლოვანების ასაკს), რომელებიც საქართველოში რეგისტრირებული არ არიან, შეიძლება გატარდენ რეგისტრაციაში ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

9. პატიმრობის, სასჯელის მოხდის, სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახურში ყოფნის გამო სამ თვეზე მეტი ვადით საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, იმ დაწესებულების ადმინისტრაცია, სადაც პირი იმყოფება, ვალდებულია 3 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით და აცნობოს პირის ადგილსამყოფელი, რის შესახებაც სააგენტოს მონაცემთა ბაზაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო და საგანმანათლებლო -სააღმზრდელო დაწესებულებებში მყოფ პირს არ გააჩნია რეგისტრაციის ადგილი, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია პირის დაწესებულებაში მოთავსებიდან 10 დღის ვადაში რეგისტრაციაში გატარების მიზნით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. შესაბამის წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს პირის 2 ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა. თუ დაწესებულების ადმინისტრაციას ასეთი დოკუმენტები არ მოეპოვება, პირის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს სააგენტოს მონაცემების საფუძველზე, მათი არსებობის შემთხვევაში. პირის რეგისტრაციის ადგილად მიეთითება დაწესებულების მისამართი. ამ შემთხვევაში პირის რეგისტრაციაში გატარებისას არ არის სავალდებულო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება, ასევე ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წარმოდგენა.

    მუხლი 8. რეგისტრაცია მისამართის მითითების გარეშე

1. პირი, რომელიც არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რეგისტრირდება მისამართის მითითების გარეშე იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე.

2. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისათვის არასრულწლოვან პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე. ამ შემთხვევაში განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მიეთითება პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

3. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც წარმოადგენს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველს. რეგისტრაციდან მოხსნის შემდეგ პირი ვალდებულია ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნით მიმართოს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ვადის გასვლამდე.

    მუხლი 9. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაცია

1. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაციისას ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართი განისაზღვრება განმცხადებლის მითითების შესაბამისად.

2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

3. ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ან დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შემთხვევაში უცხოელი ვალდებულია ხელმეორედ გაიაროს რეგისტრაცია ამ წესის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტით დადგენილ ვადებში.

    მუხლი 10. რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნა

1. რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელმაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელმაც უნდა გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

გ) 14 -დან 18 წლამდე ასაკის პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16 -დან 18 წლამდე ასაკი პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;

დ) 14 წლამდე ასაკის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში, ამ პირის კანონიერი წარმომადგენელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, გამგეობის (მერიის) რწმუნებული, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილი წარმომადგენელი;

ე) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი;

ვ) ამ წესის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და -ძმა, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი.

2. 14 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელი (მიუხედავად ასაკისა), რომელსაც არა აქვს აღებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად წარადგინოს მოთხოვნა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე. პირი ვალდებულია რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნა წარადგინოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის საფუძვლების არსებობის შემთხვევაშიც.

3. მშვილებელი ვალდებულია არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანის რეგისტრაციის მოთხოვნასთან ერთად სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარადგინოს მოთხოვნა შვილად აყვანილი პირის რეგისტრაციის თაობაზე, თუ იცვლება შვილად აყვანილი პირის საცხოვრებელი ადგილი. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციისთვის დადგენილი წესები.

4. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნა წარადგინოს სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადება -ანკეტის მეშვეობით ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

    მუხლი 11. რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი დოკუმენტაცია

1. რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:

ა) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. ფოტოსურათის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ:

ა.ა) პირის პირველად რეგისტრაციისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის რეგისტრაცია ხდება დაბადების რეგისტრაციისას;

ა.ბ) თუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიპოვება პირის ფოტოსურათი ან ფოტოსურათის წადგენიდან გასულია 3 წელი;

ბ) საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა ან ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატული წერილობითი დადასტურება იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის რეგისტრაციის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტების ნაცვლად შეიძლება წარდგენილ იქნეს საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საკუთრების ფაქტი გადამოწმდეს საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში (საკუთრების ფაქტის გადამოწმების შესაძლებლობისას). აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაციის, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ პირის რეგისტრაციის შემთხვევებზე;

გ) საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში მცხოვრები უცხოელის შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას ან თუ წინა რეგისტრაციისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;

დ) ბინადრობის ნებართვა, თუ პირი საქართველოში მცხოვრები უცხოელია („უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა). აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას ან თუ წინა რეგისტრაციისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;

ე) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16 -დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით);

ზ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ასევე შესაბამისი ცნობა/დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ ნების გამოხატვის შეუძლებლობა.

2. თუ პირს არ გააჩნია პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ან ვერ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მათ ნაცვლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;

ბ) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე -2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა არ არის სავალდებულო ხელახალი რეგისტრაციისას, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს დაინტერესებული პირის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციას.

4. თუ იძულებით გადაადგილებულ პირს არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღნიშნული პირის რეგისტრაციის მიზნით დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა/ცნობა საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. დასკვნის/ცნობის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვანი პირის ან იძულებით გადაადგილებული პირის შვილის რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა.

6. თუ პირმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ ნაცვლად გამოიყენება პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებული განცხადება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს აღნიშნული მონაცემები ან დოკუმენტი.

7. რეგისტრაციის მიზნებისათვის წარსადგენი საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობის და პირის კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი დადასტურების ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

    მუხლი 12. ფოტოსურათის წარდგენის უფლებამოსილება

1. კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბადების რეგისტრაციის დროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებული პირის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის სრულყოფის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში შესაძლებელია წარდგენილ იქნეს შესაბამისი განცხადება და ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადების წარდგენა ხდება რეგისტრაციის მიზნით განცხადება -ანკეტის წარდგენაზე უფლებამოსილ პირთა მიერ.

3. ფოტოსურათი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

    მუხლი 13. რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა

1. პირის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან:

ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით ხელმოსაწერად გადასცენ განმცხადებელს. განმცხადებელი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში).

გ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და რეგისტრაციისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები;

დ) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50 -ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული;

ე) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინონ პირის მოქალაქეობა;

ვ) დაინტერესებული პირის პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების დადგენის საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გამოთხოვისათვის საკმარისი მონაცემების არსებობისას, გამოითხოვონ ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან;

ზ) პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების და დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ განახორციელონ პირის რეგისტრაცია და მიანიჭონ პირადი ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს უკვე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი.

2. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირის მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა, მისამართი) შეტანა ხდება ამ წესის 31 -ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. განცხადება -ანკეტისა და სამახსოვრო ბარათის ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

    მუხლი 14. პირადი ნომრის მინიჭება

1. პირს პირადი ნომერი მიენიჭება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაბადების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის ან პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის დროს.

2. ერთი და იმავე პირისათვის ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭება დაუშვებელია. დაუშვებელია აგრეთვე კანონიერ საფუძველზე ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა, გაუქმება ან სხვა პირზე მინიჭება. დაუშვებელია გარდაცვლილი პირისათვის მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა. გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან მოხსნისა და მონაცემთა ბაზებში სათანადო აღნიშვნების შეტანის შემდეგ გარდაცვლილის პირადი ნომერი განმეორებით არ გამოიყენება.

3. ერთ პირზე ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭების, ასევე ორ ან მეტ პირზე ერთი პირადი ნომრის მინიჭების შემთხვევაში, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტა ხდება ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამავდროულად, ამ წესის 50 -ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენისას – შესაბამისად, ამ მუხლითა და 50 -ე მუხლით დადგენილი წესით.

4. პირადი ნომრის მინიჭება აღირიცხება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

5. პირადი ნომერი შედგება თერთმეტი ციფრისაგან. პირველი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის ადმინისტრაციული ერთეულის კოდი, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, რომელიც გარკვეული ფორმულის საფუძველზე მიიღება დანარჩენი ათი ციფრისაგან. შემდეგი ორი ციფრი (01-დან 99-მდე) არის სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის კოდი, რომელმაც პირს მიანიჭა პირადი ნომერი, ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – პირისათვის პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერი (000001-დან 999999-მდე), გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.

6. საკონტროლო ციფრის მიღების ფორმულას განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.

7. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისათვის მინიჭებული პირადი ნომრის პირველი ორი ციფრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმნიშვნელია, მომდევნო ერთი ციფრი (1-დან 9-მდე) საკონტროლოა, შემდეგი ორი ციფრი პირადი ნომრის მიმნიჭებელ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაზე მიუთითებს. დანარჩენი ექვსი ციფრი პირადი ნომრის მინიჭების შესახებ ჩანაწერის რიგითი ნომერია, გარდა კომბინაციებისა 666XXX, X666XX, XX666X, XXX666.

    მუხლი 15. რეგისტრაციის ვადები

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები პირს რეგისტრაციაში ატარებენ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები უფლებამოსილნი არიან გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა, გააგრძელონ რეგისტრაციის ვადა, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა/დაზუსტებისათვის, მოქალაქეობის დადგენის ან/და რეგისტრაციისათვის აუცილებელი სხვა საკითხის გადაწყვეტისათვის. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.

3. რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ერთდროულად მიმდინარეობის შემთხვევაში, რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებულ ვადაში.

    მუხლი 16. რეგისტრაციის თარიღი

 პირი რეგისტრირებულად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაში გატარების თაობაზე ჩანაწერის შესრულების დღიდან.

    მუხლი 17. რეგისტრაციის ადგილის დაზუსტება

1. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო დასახლებაში ან თვითმმართველ ერთეულში მცხოვრები პირების მისამართს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს დასახლება ან თვითმმართველი ერთეული და არა კონკრეტული სახლი, შესაბამის დასახლებაში ან თვითმმართველ ერთეულში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მათი მისამართების დაზუსტება (კონკრეტული სახლის მითითებით) ხორციელდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გამგეობის (მერიის) რწმუნებულის ან ქალაქის რაიონული გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირების მისამართს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს მრავალბინიანი სახლი და არა კონკრეტული ბინა, შესაბამის მრავალბინიან სახლში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მათი მისამართის დაზუსტება (კონკრეტული ბინის მითითებით) ხორციელდება მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილების, შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გამგეობის (მერიის) რწმუნებულის ან ქალაქის რაიონული გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

3. თუ დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო ერთსა და იმავე ქუჩაზე მდებარე ორ ან მეტ სახლს ან/და მრავალბინიან სახლს, ასევე ერთ მრავალბინიან სახლში მდებარე ორ ან მეტ ბინას აქვს იდენტური ნუმერაცია, შესაბამისი სახლების/ბინების დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, ამ სახლებში/ბინებში მცხოვრები პირების მისამართის დაზუსტება (კონკრეტული სახლის/ბინის მითითებით) სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხორციელდება შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის გამგეობის (მერიის) რწმუნებულის ან ქალაქის რაიონული გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მისამართის დაზუსტება არ წარმოშობს პირისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის ვალდებულებას.

    მუხლი 18. ცვლილებები სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში

1. რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, დაბადების ადგილის და მამის სახელის მონაცემის შეცვლის საფუძველს, თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის შვილად აყვანის აქტის შესაბამისად.

2. რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის, გვარის, მამის სახელის მონაცემის შეცვლის საფუძველს, თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის მიმართ შესრულებული მამობის დადგენის აქტის შესაბამისად.

3. რეგისტრირებული არასრულწლოვანი პირის სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა წარმოადგენს რეგისტრაციის თაობაზე წარმოებულ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არასრულწლოვანი პირის სახელის, მამის სახელის, გვარის მონაცემის შეცვლის საფუძველს, თუ აღნიშნულ არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ცვლილების შეტანა ხორციელდება არასრულწლოვანი პირის სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის შესაბამისად.

    მუხლი 19. რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლები

1. პირი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება:

ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;

ბ) გარდაცვალებისას;

გ) თუ დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) და მისამართების დაზუსტების (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელებისას, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის, თვითმმართველი ქალაქის მერის ან გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პირი ვერ იქნება იდენტიფიცირებული კონკრეტულ მისამართზე;

დ) თუ ამ წესის მე -7 მუხლის მე -10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პირი აღარ ირიცხება შესაბამის დაწესებულებულებაში;

ე) პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში;

ვ) საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შემთხვევაში;

ზ) დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში;

თ) გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შემთხვევაში;

ი) მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში.

2. უცხოელი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეგისტრაციიდან შეიძლება აგრეთვე მოიხსნას პირადი განცხადების საფუძველზე.

    მუხლი 20. რეგისტრაციიდან მოხსნა

1. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება:

ა) ახალ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრაციისთანავე;

ბ) პირისათვის საქართველოდან ემიგრაციის (სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრების) ნებართვის გაცემისთანავე;

გ) ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში. განცხადებას უნდა ერთოდეს ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლითაც დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. რეგისტრაციიდან მოხსნის ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

დ) თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი იქნება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა. რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი მესაკუთრის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში პირმა, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, წერილობითი ფორმით განაცხადა შესაბამის მისამართზე მისი ცხოვრების თაობაზე და აღნიშნული წერილობით ფორმით დასტურდება ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რეგიტრაციიდან მოხსნაზე უარის თქმის შესახებ.

ე) შესაბამისი შენობა -ნაგებობის დემონტაჟის, დაზიანების ან მსგავსი გარემოების (რის გამოც შეუძლებელია შენობა -ნაგებობის საცხოვრებლად გამოყენება) შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს შეტყობინების საფუძველზე, აღნიშნული გარემოების დადგომიდან ექვსი თვის გასვლისთანავე, ხოლო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეტყობინება გამოგზავნილ იქნა გარემოების დადგომიდან 6 თვის გასვლის შემდეგ – შეტყობინების მიღებისთანავე.

2. გარდაცვლილი პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება გარდაცვალების რეგისტრაციასთან ერთად ან ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის მიერ გარდაცვალების მოწმობის წარმოდგენისთანავე, ასევე საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების რეგისტრაციის ან გარდაცვალების თაობაზე უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებიდან დიპლომატიური არხების მეშვეობით შეტყობინების მიღებითანავე.

3. დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) და მისამართების დაზუსტების (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელებისას, პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის, თვითმმართველი ქალაქის მერის ან გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისთანავე.

4. ამ წესის მე -7 მუხლის მე -10 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი დაწესებულების შეტყობინების მიღებისთანავე.

5. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ან საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შემთხვევაში, რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.

6. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისას ან ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტისას, რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება დროებითი ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლისთანავე ან ბინადრობის ნებართვის შეწყვეტისთანავე.

7. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება აღნიშნული ვადის გასვლისთანავე.

    მუხლი 21. გადაწყვეტილება რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე და რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი

1. ამ წესის მე -20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, გადაწყვეტილება რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გამოიცემა წერილობითი ფორმით. რეგისტრაციიდან მოხსნის სხვა საფუძვლების არსებობისას წერილობითი ფორმით გადაწყვეტილების გამოცემა სავალდებულო არ არის.

2. პირი რეგისტრაციიდან მოხსნილად ითვლება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ჩანაწერის შესრულების დღიდან, ხოლო წერილობითი გადაწყვეტილების გამოცემის შემთხვევაში – გადაწყვეტილების მიღების დღიდან. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ჩანაწერი პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე უნდა შესრულდეს გადაწყვეტილების მიღებისთანავე.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია შეავსოს და სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს გადაუგზავნოს რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათი იმ პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, რომლის რეგისტრაციის მონაცემები არ მოიპოვება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, თუმცა დოკუმენტალურად დასტურდება მისი რეგისტრაციის ფაქტი. რეგისტრაციიდან მოხსნის ბარათის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

    მუხლი 22. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინფორმირების ვალდებულება

სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს 10 სამუშაო დღის განმავლობაში აცნობოს რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია მამრობითი სქესის იმ პირების შესახებ, რომელთაც რეგისტრაციის შემდეგ შეუსრულდათ 14 წელი, ასევე ინფორმაცია მამრობითი სქესის 14-დან 65 წლის ასაკის პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.

    მუხლი 23. ადმინისტრაციული წარმოება რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის ბათილად ცნობის საკითხზე

კანონმდებლობის დარღვევით პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო და სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ბათილად ცნობის შესახებ.

თავი III

პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი

    მუხლი 24. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

1. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და ლტოლვილის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტებია:

ა) პირადობის მოწმობა;

ბ) ბინადრობის მოწმობა.

2. პირადობის მოწმობა გაიცემა საქართველოს მოქალაქეზე, ხოლო ბინადრობის მოწმობა – საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე და ლტოლვილზე.

    მუხლი 25. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები

1. სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით;

ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემის შეუძლებლობის თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაიცემა „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურ ენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 და „საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 23 ივნისის №616 ბრძანებებით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.

3. საქართველოში მცხოვრებ უცხოელზე კანონმდებლობის შესაბამისად გაიცემა მუდმივი ან დროებითი ბინადრობის მოწმობა, ხოლო ლტოლვილად ცნობილ პირზე – დროებითი ბინადრობის მოწმობა.

    მუხლი 26. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღების ვალდებულება

1. საქართველოს მოქალაქე 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში ვალდებულია აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე.

2. საქართველოში მცხოვრები უცხოელი, მიუხედავად ასაკისა, რომელსაც აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან, ხოლო თუ იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე ­– ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 1 თვის ვადაში აიღოს ბინადრობის მოწმობა.

3. პირი, რომელიც გავიდა საქართველოს მოქალაქეობიდან და არ მიუღია უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია აიღოს ბინადრობის მოწმობა.

4. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი, მიუხედავად ასაკისა, ვალდებულია ლტოლვილის სტატუსის მინიჭებიდან 1 თვის ვადაში აიღოს დროებითი ბინადრობის მოწმობა.

    მუხლი 27. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები.

2. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის გაცემას დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ან საკონსულო დაწესებულებები.

    მუხლი 28. მოთხოვნა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შესახებ

1. საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები უცხოელი და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად მიმართავს სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, ხოლო თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციასთან ერთად – სააგენტოს იმ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს პირის რეგისტრაცია.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

ბ) 14-დან 18 წლამდე ასაკის პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის ერთ -ერთი კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16 -დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში;

დ) ამ წესის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და -ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი.

    მუხლი 29. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მიზნით წარსადგენი დოკუმენტაცია

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:

ა) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

ბ) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დროებითი ბინადრობის მოწმობის მისაღებად პირი არ წარადგენს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს);

გ) საქართველოს მოქალაქეობის ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოელის შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად იღებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობას ან თუ პირადობის დამადასტურებელი წინა დოკუმენტის გაცემისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;

დ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16 -დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით).

2. თუ პირს არ გააჩნია პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ან ვერ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მათ ნაცვლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:

ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;

ბ) ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი.

3. თუ პირმა ვერ წარმოადგინა ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტი, მათ ნაცვლად გამოიყენება პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებული განცხადება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებული განცხადება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით ან მე -2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა არ არის სავალდებულო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლისას, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციას.

5. ბინადრობის მოწმობის გაცემის მიზნით ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი წარადგენს 2 ფერად ბიომეტრიულ ფოტოსურათს ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით და ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს.

6. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შეიძლება გაკეთდეს როგორც უშუალოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის განცხადება -ანკეტის შევსების გზით, ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

    მუხლი 30. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა

1. პირისათვის პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან:

ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ხელმოწერა იმ პირისაგან, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა;

გ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით ხელმოსაწერად გადასცენ განმცხადებელს. განმცხადებელი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

დ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები;

ე) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ, ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50 -ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული;

ვ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დაადგინონ პირის მოქალაქეობა;

ზ) დაინტერესებული პირის პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების დადგენის საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გამოთხოვისათვის საკმარისი მონაცემების არსებობისას, გამოითხოვონ ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან;

თ) გადაამოწმონ ინფორმაცია პირის რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში პირის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროში წერილობითი ან ელექტრონული ფორმით გააგზავნონ შესაბამისი მოთხოვნა;

ი) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათი გაცემისათვის საჭირო მონაცემები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნონ ბიომეტრიული მონაცემების პერსონალიზაციის ცენტრს, ხოლო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის შემთხვევაში, გამოსცენ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება. განახორციელონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურების მიერ ობიექტურ მიზეზთა გამო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემის შეუძლებლობისას, ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია შესაბამის დაინტერესებულ პირზე, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის თაობაზე დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნის წარდგენა და მისი განხილვა ხდება ამ წესის 25 -ე და 28 -ე-29 -ე მუხლებისა და ამ მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაში ასახული მონაცემებით კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე ტერიტორიული სამსახურების მიერ ობიექტურ მიზეზთა გამო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის შეუძლებლობისას, აღნიშნული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისა და მისი მოქმედების ვადის თაობაზე ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.

4. განცხადება -ანკეტის და სამახსოვრო ბარათის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

    მუხლი 31. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ზოგიერთი რეკვიზიტი შეივსება/დაიტანება შემდეგი წესით:

ა) სახელი/გვარი – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პირველად გაცემის შემთხვევაში, სახელი/გვარი იწერება ამ წესის 29 -ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში ან პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემებში ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტის გაცემის მიზნით შევსებულ განცხადებაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, ხოლო პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის რეგისტრაციის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თაობაზე სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული შესაბამისი მონაცემების მიხედვით;

ბ) მოქალაქეობა – პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გრაფაში „მოქალაქეობა“ აღინიშნება იმ ქვეყნის სახელწოდება, რომლის მოქალაქეზეც გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა პირზე, რომელსაც არ გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, გრაფაში „მოქალაქეობა“ ჩაიბეჭდება სიტყვები: „მოქალაქეობის არმქონე“. თუ ბინადრობის მოწმობა გაიცემა ლტოლვილზე, მოქალაქეობასთან ერთად დამატებით მიეთითება სიტყვა ,,ლტოლვილი”. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გრაფაში კი „მოქალაქეობა“ აღინიშნება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად;

გ) დაბადების თარიღი/მოწმობის მოქმედების ვადა – რიცხვი, თვე და წელი ამ თანამიმდევრობით იბეჭდება ერთმანეთისაგან წერტილებით გამოყოფილი ციფრობრივი გამოსახულების სახით. ამასთან, ათ რიცხვამდე და მეათე თვემდე თარიღებს წინ ემატება ნული;

დ) მოწმობის გაცემის თარიღი – მოწმობის გაცემის თარიღად ითვლება მისი გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღე, ხოლო დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის თარიღად – მისი გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღე. მოწმობის გაცემის თარიღი იბეჭდება დაბადების თარიღის/მოწმობის მოქმედების ვადის ანალოგიურად;

ე) დაბადების ადგილი – ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება ჩაიწერება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის დროისთვის არსებული სახელწოდების ანალოგიურად, თუ შეიცვალა ქალაქის, მუნიციპალიტეტის სახელწოდება (არ ვრცელდება თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილების შემთხვევებზე). საზღვარგარეთ დაბადებული პირის შემთხვევაში დაბადების ადგილად ჩაიწერება ქვეყნის დასახელება;

ვ) მისამართი – მისამართი აღნიშნება სრული სახით, ქალაქის, მუნიციპალიტეტის, დაბის, სოფლის, ქუჩის დასახელებით და მიკრორაიონის, კვარტალის, კორპუსის (სახლის) ნომრისა და ბინის ნომრის მითითებით. დასაშვებია ზოგიერთი ჩანაწერის შემოკლება. რაიონი – „რ-ნი“, სოფელი – „ს.“, დაბა – „დ.“, მიკრორაიონი – „მ/რ“, კვარტალი – „კვ“, კორპუსი – „კორ.“, ბინა – „ბ.“ და სხვა. ქალაქის დასახელებისას წინსართი „ქალაქი“ ან მისი შემოკლებული მინიშნება „ქ“ არ გამოიყენება;

ზ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება – პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე მოწმობის გამცემ ორგანოდ ჩაიწერება „იუსტიციის სამინისტრო“. პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე აღნიშნული რეკვიზიტის შევსებისას მიეთითება სამოქალაქო რეესტრის სააგენტო და მისი შესაბამისი ტერიტორიული სამსახური. რეკვიზიტის შევსება დასაშვებია შემოკლებული სახით;

თ) რელიეფური ბეჭედი – რელიეფური ბეჭედი წარმოადგენს ფოტოსურათის წინა ხედის ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილისა და მოწმობის ბლანკზე ფოტოსურათისათვის განკუთვნილი ჩარჩოს ქვედა მარჯვენა კუთხის ნაწილზე ჭყლეტის შედეგად წარმოქმნილ 20 მმ-იანი დიამეტრის ბეჭდის რელიეფურ კვალს, რომელიც მიიღება სპეციალური დანადგარის მეშვეობით. კვალზე იკითხება: „ტერიტორიული ორგანოს კოდი, გამოხატული ხუთი ციფრით, რომელიც შეესაბამება პირადი ნომრის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ციფრებს და წარწერა „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო”.

2. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით. შემოკლება გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, დასაშვებია ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) შემოკლება.

3. ორი სახელის/გვარის (ორმაგი სახელის/გვარის) შემთხვევაში, შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაზე აღინიშნოს ორივე სახელის/გვარის (სახელის/გვარის ორივე კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

4. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ ორ სახელში/გვარში (ორმაგ სახელში/გვარში) რომელი კომპონენტი შემოკლდეს და რამდენად.

    მუხლი 32. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის ვადები

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე პირადობის მოწმობას და მუდმივი ბინადრობის მოწმობას გასცემენ პირის მიერ გადახდილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს;

გ) მე-3 სამუშაო დღეს;

დ) 24 საათის გასვლისთანავე;

ე) იმავე დღეს.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე დროებით ბინადრობის მოწმობას გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები უფლებამოსილნი არიან, არა უმეტეს 10 სამუშაო დღით, გააგრძელონ დაინტერესებულ პირზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის ვადა, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა/დაზუსტებისათვის, მოქალაქეობის დადგენის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი სხვა საკითხის გადაწყვეტისათვის. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.

    მუხლი 33. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მოქმედების ვადები

1. პირადობის მოწმობა 18 წლამდე ასაკის პირებზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე – 10 წლის ვადით.

2. ამ წესის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით.

3. დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა ბინადრობის ნებართვის ვადით, ხოლო მუდმივი ბინადრობის მოწმობა – 5 წლის ვადით.

4. ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით.

    მუხლი 34. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა

1. დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გადაეცემა:

ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელ პირს პირადად;

ბ) კანონიერ წარმომადგენელს, თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაცემულია არასრულწლოვანი პირზე, გარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16 -დან 18 წლამდე ასაკის პირისა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე;

გ) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს;

დ) ფოსტის მეშვეობით, განცხადება -ანკეტაში მითითებულ მისამართზე. საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება დაინტერესებულ პირს. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის 49 -ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ფოსტის მეშვეობით გაგზავნისას, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება სააგენტოს;

ე) ამ წესის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენ პირს;

ვ) ამ წესის 49 -ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, განცხადება -ანკეტაში მითითებულ მისამართზე მიტანით.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გადაცემის/გაგზავნის კონკრეტული საშუალების გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილ მოთხოვნაში.

3. დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემა/გაგზავნა ხდება კონვერტში მოთავსებული ფორმით.

4. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის/ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის აქტივაციისათვის, დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისგან განცალკევებით, ცალკე კონვერტით ასევე გადაეცემა/ეგზავნება:

ა) პერსონალური ავთენტიფიკაციის კოდი (PIN1) – 4 სიმბოლო;

ბ) ციფრული ხელმოწერის აქტივაციის კოდი (PIN2) – 5 სიმბოლო;

გ) განბლოკვის კოდი (PUK) – 6 სიმბოლო.

5. ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებულ კოდებთან ერთად დაინტერესებულ პირს გადაეცემა/ეგზავნება წერილობითი ინფორმაცია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებისა და შენახვის, ასევე ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზე შექმნილი ციფრული ხელმოწერის გამოყენების წესების თაობაზე.

6. პირადობის ელექტრონული მოწმობის ფოსტის მეშვეობით გაგზავნის შემთხვევაში, დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობა და ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული კოდები იგზავნება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.

7. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემის შემთხვევაში (გარდა ფოსტის მეშვეობით გადაცემის შემთხვევისა), აღნიშნული პირი პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და ამ მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტებით გათვალისწინებული კოდების/ინფორმაციის მისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე განცხადება -ანკეტაზე ხელმოწერით.

    მუხლი 35. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლა და ანულირება

1. პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში:

ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი ფლობს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობას;

ბ) მოქმედების ვადის გასვლისას;

გ) სახელის ან გვარის შეცვლისას;

დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას;

ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

2. სახელის ან გვარის შეცვლის, ასევე ჩანაწერში უზუსტობის დადგენის შემთხვევაში ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნას, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, ასევე უნდა დაერთოს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელ შესაბამისი დოკუმენტი.

3. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემამდე დაკარგულის პოვნის შემთხვევაში, განცხადების განხილვა წყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის დამზადებული ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.

4. შესაცვლელი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, მისი წარმოდგენის შემთხვევაში, ანულირების შემდეგ, პირადობის (ბინადრობის) ახალ მოწმობასთან ერთად უბრუნდება მფლობელს.

5. გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უნდა წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. გარდაცვლილი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ანულირების შემდეგ უბრუნდება მის წარმდგენ ფიზიკურ პირს (ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში), ხოლო ასეთის არარსებობისას ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე.

7. ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი, მისი სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში წარმოდგენის შემთხვევაში ექვემდებარება ანულირებას, რისთვისაც აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე. აღნიშნული წესი არ ვრცელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ცხინვალის რეგიონიდან (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან) იძულებით გადაადგილებულ პირებზე, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოსახლეობაზე, რომელთაც ყოფილი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის პასპორტი დაუბრუნდებათ ანულირების გარეშე.

    მუხლი 36. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერება

1. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდება:

ა) მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის საფუძვლით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას, რაც ავტომატურად აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

ბ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში მისი შეჩერების თაობაზე სააგენტოს/მისი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შეტყობინების მიღებისთანავე, რაც დაუყოვნებლივ აისახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

გ) პირის რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხდება:

გ.ა) გარდაცვალების საფუძველზე;

გ.ბ) ემიგრაციის ნებართვის გაცემის საფუძველზე;

გ.გ) პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე.

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი შეჩერების თაობაზე შეტყობინება შეიძლება მიღებულ იქნეს:

ა) წერილობითი ფორმით სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადებული დაინტერესებული პირის მიერ;

ბ) ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (სააგენტოს ინტერნეტგვერდის გამოყენებით), თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა დაინტერესებული პირისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;

გ) სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურში სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, თუ განმცხადებელი ასახელებს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, დაბადების ადგილს და რეგისტრაციის ადგილს.

3. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების პერიოდში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა იურიდიული ძალის არმქონეა.

4. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის ან რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება განახლდება შესაბამისი პირის რეგისტრაციისთანავე, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის დაკარგვის საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში – მისი პოვნის თაობაზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის უფლებამოსილების მქონე სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განაცხადის წარდგენისთანავე.

    მუხლი 37. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმება

1. გაცემული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება:

ა) თუ დაინტერესებულმა პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

ბ) თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის საფუძვლების არსებობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერებულია მისი დაკარგვის საფუძველზე;

გ) თუ პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები, რაც გამოვლინდა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ;

დ) პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელქტრონული მოწმობის შემთხვევაში, მხოლოდ გარდაცვალების ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნისას;

ე) თუ შეწყდა გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება;

ვ) თუ პირს შუწყდა ლტოლვილის სტატუსი;

ზ) თუ შვილად აყვანის რეგისტრაციისას შეიცვალა შვილად აყვანილი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან/და დაბადების ადგილი;

თ) თუ პირისათვის მამობის დადგენის რეგისტრაციისას შეიცვალა ამ პირის სახელი ან/და გვარი;

ი) თუ ამ წესის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შემდეგ, შესაძლებელი გახდა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შესაბამის პირზე გაცემა;

კ) დაკარგვის საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, მისი დაკარგვის დადასტურების თაობაზე დაინტერესებული პირის პირადი განცხადებით.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმებისას ხორციელდება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ანულირება (მისი წარმოდგენის შემთხვევაში) და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი აღნიშვნის გაკეთება გაუქმების საფუძვლის მითითებით.

თავი IV

პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი

    მუხლი 38. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები

1. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.

2. უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტის გაცემას ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (შემდგომში – ბიომეტრიული პასპორტი). სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პასპორტი შეიძლება გასცენ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის, ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისაგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტი არ გაიცემა.

    მუხლი 39. მოთხოვნა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე

1. ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი;

ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16 -დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

დ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, თუ ამ არასრულწლოვანზე გაცემულია პირადობის მოწმობა.

2. ამ წესის 38 -ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პასპორტის ბიომეტრიული მონაცემების გარეშე გაცემისას, ასევე საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეზე პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენი პირი (განმცხადებელი) შეიძლება იყოს:

ა) სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი;

ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

გ) არასრულწლოვანი პირის, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის კანონიერი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა 16 -დან 18 წლამდე ასაკის პირი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

დ) 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა;

ე) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი;

ვ) დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, თუ პასპორტის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით.

3. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე (მათ შორის, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლის კანონიერი წარმომადგენელი ასევე იმყოფება საზღვარგარეთ), რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობით ან ამ წესის 48 -ე მუხლის მე -11 პუნქტის შესაბამისად.

4. საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან რომელიც რეგისტრირებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე 14 წლის ასაკს მიღწეულმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად განცხადება-ანკეტა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები შეიძლება წარადგინოს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

5. პირი, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი ვალდებულია პირადად გამოცხადდეს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, თუ შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტის გასაცემად აუცილებელია მისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება.

6. ერთი და იგივე პირი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს რამდენიმე მოქმედ პასპორტს. იმ შემთხვევაში, თუ პირზე გაცემულია პასპორტი, იმავდროულად ახალი პასპორტი გაიცემა მისი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 40. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გასაცემად წარსადგენი დოკუმენტაცია

1. სრულწლოვან ან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16 -დან 18 წლამდე ასაკის პირზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;

ბ) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

გ) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა);

დ) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16 -დან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, ასევე ამ პირის ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს დაქორწინებულ პირთა ვინაობას და ქორწინების ფაქტს (ქორწინების თარიღის და ქორწინების განმახორციელებელი ორგანოს სახელწოდების მითითებით).

2. არასრულწლოვან ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:

ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;

ბ) პირადობის მოწმობა, თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წელი ან ბინადრობის მოწმობა (მიუხედავად პირის ასაკისა);

გ) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

დ) არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე, ხოლო ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას ამ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

3. არასრულწლოვან ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე პასპორტის გაცემის მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენია დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), ხოლო თუ 14 წლამდე არასრულწლოვან პირზე პასპორტის გაცემის მიზნით მოთხოვნის წარმდგენია სხვა კანონიერი წარმომადგენელი – სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაინტერესებულ პირზე არ არის გაცემული პირადობის მოწმობა. არასრულწლოვან ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენია დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი).

4. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო პასპორტი ან პირადობის მოწმობა, ასევე საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტი მიიღოს პირადობის მოწმობის აღების გარეშე.

5. არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს:

ა) სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით;

გ) პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;

დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

6. ერთ-ერთი მშობლის თანხმობა საკმარისია, თუ:

ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;

გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

ე) არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირი მარტოხელა დედის შვილია;

ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის ან ქმედუუნარო პირის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო ან სხვა მიზეზით, და საქმის გარემოებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თანხმობის გაცემის წინააღმდეგი. ამ შემთხვევაში არასრულწლოვანზე ან ქმედუუნარო პირზე პასპორტი გაიცემა სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე. პასპორტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში.

7. თუ არასრულწლოვან ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას შეუძლებელია ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის წარმოდგენა იმ მიზეზით, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, აღნიშნული გარემოებების დადასტურება ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით.

    მუხლი 41. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა

1. პირისათვის პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან:

ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) საჭიროების შემთხვევაში იმ პირისაგან, რომელზეც უნდა გაიცეს ბიომეტრიული პასპორტი, მიიღონ ბიომეტრიული მონაცემები;

გ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით ხელმოსაწერად გადასცენ განმცხადებელს. განმცხადებელი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს.

დ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები;

ე) შეამოწმოს წარმოდგენილია თუ არა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის აუცილებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი;

ვ) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ, ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50 -ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული;

ზ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი გადაცილებულია 14 წლის ასაკს, შეამოწმონ და დაადგინონ ხომ არ იძებნება პირი სამართალდამცავი ორგანოების მიერ;

თ) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის საჭირო მონაცემები ელექტრონული ფორმით გადაუგზავნონ ბიომეტრიული მონაცემების პერსონალიზაციის ცენტრს და უზრუნველყონ მათი გაცემა ამ წესის შესაბამისად. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის შემთხვევაში გამოსცენ შესაბამისი წერილობითი გადაწყვეტილება.

2. განცხადება -ანკეტისა და სამახსოვრო ბარათის ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

    მუხლი 42. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის ვადები

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე პასპორტს და სამგზავრო პასპორტს გასცემენ პირის მიერ გადახდილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების შეტანიდან:

ა) მე-10 სამუშაო დღეს;

ბ) მე-5 სამუშაო დღეს;

გ) მე-3 სამუშაო დღეს;

დ) 24 საათის გასვლისთანავე;

ე) იმავე დღეს.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. თუ პირის საქართველოდან გასვლა დაკავშირებულია მკურნალობასთან ან საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ სასამართლო პროცესში მონაწილეობასთან, პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და პასპორტის გაცემა უნდა განხორციელდეს პასპორტის გაცემისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტის წარდგენიდან არა უმეტეს 3 დღის ვადის ვადაში. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.

    მუხლი 43. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა

1. პასპორტის მოქმედების ვადა არის 10 წელი მისი გაცემის დღიდან.

2. სამგზავრო პასპორტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 5 წლით, მისი გაცემის დღიდან.

3. არასრულწლოვან პირზე გაცემული პასპორტის მოქმედების ვადაა 3 წელი, მისი გაცემის დღიდან.

4. სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2 წლის ვადით.

    მუხლი 44. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა

1. დამზადებული პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გადაეცემა:

ა) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს პირადად;

ბ) კანონიერ წარმომადგენელს, თუ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი გაცემულია არასრულწლოვანი პირის, გარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16 -დან 18 წლამდე ასაკის პირისა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სახელზე;

გ) განცხადება -ანკეტაში მითითებულ ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს;

დ) ფოსტის მეშვეობით განცხადება -ანკეტაში მითითებულ მისამართზე. საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება დაინტერესებულ პირს. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის 49 -ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნისას, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება სააგენტოს;

ე) ამ წესის 39 -ე მუხლის მე -2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენ პირს;

ვ) ამ წესის 49 -ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, განცხადება -ანკეტაში მითითებულ მისამართზე მიტანით.

2. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გადაცემის/გაგზავნის კონკრეტული შესაძლებლობის გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილ მოთხოვნაში. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი მის მფლობელ პირს პირადად ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით შეიძლება გადაეცეს მოთხოვნაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობის შემთხვევაშიც.

3. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გადაცემის შემთხვევაში (გარდა ფოსტის მეშვეობით გადაცემის შემთხვევისა), აღნიშნული პირი შესაბამისი დოკუმენტის მისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე განცხადება -ანკეტაზე ხელმოწერით.

    მუხლი 45. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა

1. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;

ბ) ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას;

გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;

დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

2. სახელის, გვარის გამოცვლის, აგრეთვე ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენის საფუძველზე პასპორტის შეცვლის დროს, როცა პასპორტის გაცემა ხდება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში პირადობის მოწმობის გაცემის გარეშე, მოთხოვნას დაერთვის ამ გარემოებათა დამადასტურებელი საბუთები (სახელის, გვარის გამოცვლის მოწმობა, დაბადების, ქორწინების მოწმობა და სხვ).

3. ნაპოვნი პასპორტი ბარდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნულ შემთხვევაში ნაპოვნი პასპორტი, თუ ის არ არის გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ, ეგზავნება შესაბამისად მის გამცემ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ნაპოვნი პასპორტი ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. შესაცვლელი პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქმედ ვიზას უქმდება და ახალ დოკუმენტთან ერთად ანულირების გარეშე უბრუნდება მფლობელს.

5. შეცვლილი პასპორტი ანულირების შემდეგ, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს. შეცვლილი პასპორტის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე.

    მუხლი 46. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმება

1. გაცემული პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი უქმდება, თუ:

ა) დაინტერესებულმა პირმა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა შესაბამისი დამზადებული დოკუმენტი;

ბ) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის საფუძვლების არსებობის შესახებ;

გ) პირმა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები, რაც გამოვლინდა შესაბამისი დოკუმენტის გაცემის შემდეგ;

დ) პირს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება ან ლტოლვილის სტატუსი;

ე) გავიდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა (სააგენტოს მიერ ასეთი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში);

ვ) დაინტერესებულმა პირმა პირადი განცხადებით მოითხოვა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაუქმება;

ზ) თუ შვილად აყვანის რეგისტრაციისას შეიცვალა შვილად აყვანილი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან/და დაბადების ადგილი;

თ) თუ პირისათვის მამობის დადგენის რეგისტრაციისას შეიცვალა ამ პირის სახელი ან/და გვარი.

2. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმებისათვის აუცილებელია მათი ანულირება (წარმოდგენის შემთხვევაში) და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გაუქმების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება.

3. პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც შეუწყდა ბინადრობის ნებართვის მოქმედება, ასევე პირი, რომელსაც შეუწყდა ლტოლვილის სტატუსი ვალდებულია ჩააბაროს პასპორტი/სამგზავრო პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

თავი V

ციფრული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები

    მუხლი 47. ციფრული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები და მათი შექმნა

1. ციფრული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების მოქმედების ვადაა 2 წელი და 6 თვე. აღნიშნული ვადა აითვლება ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის შექმნის თარიღიდან.

2. ციფრული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი პირი უფლებამოსილია სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს მიმართოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნის მოთხოვნით, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადება, კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ციფრული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატები გაიცემა განცხადების შეტანიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.

თავი VI

მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი

    მუხლი 48. მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი

1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნა შეიძლება წარედგინოს ელექტრონული ფორმით ამ მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.

2. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით.

3. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით და თუ ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის/მონაცემების ხელმეორედ გამოყენება (ასეთის საჭიროებისას).

4. საზღვარგარეთ მყოფ პირზე 32 -გვერდიანი პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა და მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, ასევე თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და დაინტერესებული პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

5. საზღვარგარეთ მყოფ პირზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი, თუ დაინტერესებული პირის/განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით და თუ ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.

6. საქართველოში მყოფ პირზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის სააგენტოსათვის ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა და შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი, თუ მოთხოვნის წარდგენა ხდება დაინტერესებული პირის პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით და თუ ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი დაინტერესებული პირის ბიომეტრიული ფოტოსურათი შეიძლება წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, საზღვარგარეთ მყოფი პირის მიმართ შესაბამისი მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, მოთხოვნის განხილვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვამდე, განმცხადებელს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად არა უმეტეს ერთი თვისა. დოკუმენტების წარდგენამდე მოთხოვნის განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტების დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

9. განმცხადებლის ვინაობასა ან შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტოს/სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით მომსახურების გაწევაზე.

10. სახელის ან/და გვარის შეცვლისას, ჩანაწერებში უზუსტობათა დადგენისას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის და ამავე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტი შეიძლება გაიცეს ამ მუხლის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, აღებული აქვს თუ არა დაინტერესებულ პირს პირადობის მოწმობა, მათ შორის, პირადობის მოწმობა ახალი მონაცემებით.

11. შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ მოთხოვნის წარდგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება, ასევე ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანხმობის გაცემა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

თავი VII

მომსახურება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება)

    მუხლი 49. ადგილზე მომსახურება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთ შეიძლება განხორციელდეს პირის რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემასთან, ასევე ციფრული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნასთან დაკავშირებული ამ მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება (ადგილზე მომსახურება).

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ მისამართი, სადაც უნდა განხორციელდეს ადგილზე მომსახურება შედის მის სამოქმედო ტერიტორიაში.

3. ადგილზე მომსახურების მოთხოვნით სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურში სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი წარმოადგენს თუ არა ამ მომსახურების მიმღებ დაინტერესებულ პირს. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული ელექტრონული განცხადების წარდგენის გზით. თუ ადგილზე მომსახურება უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენის დღეს, ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განცხადების წარდგენამდე, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში – განცხადების წარდგენის დღეს. ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდის აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ადგილზე მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შესახებ.

4. განმცხადებელს ადგილზე მომსახურების მოთხოვნის წარდგენისას გადაეცემა სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის სამახსოვრო ბარათი. განმცხადებელი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში).

5. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე მომსახურებას ახორციელებს განცხადებაში მითითებულ ვადაში. განცხადების წარდგენასა და ადგილზე მომსახურების გაწევის ვადას შორის უნდა არსებობდეს გონივრული დროითი შუალედი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ვიზიტს დაინტერესებულ პირთან განცხადებაში მითითებულ მისამართზე და შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) დაინტერესებული პირის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაციის ასახვას შესაბამისი მომსახურებისათვის განკუთვნილ განცხადებას/განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს დაინტერესებული პირი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

ბ) სამახსოვრო ბარათში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით დაინტერესებული პირისათვის სამახსოვრო ბარათის ხელმოსაწერად გადაცემას. დაინტერესებული პირი ხელს აწერს სამახსოვრო ბარათის ორივე ნაწილს (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);

გ) დაინტერესებული პირის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათის და შესაბამისი მომსახურების გაწევისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარებას;

დ) დაინტერესებული პირისათვის ბიომეტრიული ფოტოსურათის გადაღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ე) დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების აღება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ვ) დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის მიღებას (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);

ზ) დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მიტანას განცხადებაში მითითებულ მისამართზე.

7. ადგილზე მომსახურების საშუალებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე მოთხოვნის განხილვის ვადა აითვლება შესაბამისი მომსახურების გაწევაზე განცხადების/განცხადება-ანკეტის შევსების დღიდან.

8. ადგილზე მომსახურების შემთხვევაში დაინტერესებული პირი არ თავისუფლდება სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებისაგან.

თავი VIII

რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შეჩერებისა და უარის თქმის წესები

    მუხლი 50. რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შეჩერება

1. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის დროს განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ ან სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის ან უზუსტობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნების აღმოჩენისას, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილ თანამდებობის პირს (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) და არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) უფლებამოსილია დოკუმენტების გადამოწმების მიზნით შეაჩეროს რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემა არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ვადით, რის შესახებაც გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში მოპოვებულ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნების არსებობისას ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს.

4. რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის მიზნით, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში არსებული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობის ან უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, რაც გამოწვეულია მექანიკური შეცდომით და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი (სამსახურის უფროსი/სამსახურის უფროსის მოადგილე) ვალდებულია შეადგინოს დასკვნა დოკუმენტებში არსებული შეცდომის გასწორების შესახებ, რის თაობაზეც უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს.

5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობოსას უფლებამოსილია შეაჩეროს რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა დოკუმენტის გადამოწმების მიზნით არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ვადით, რის შესახებაც გამოაქვს წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს პირადად ან გაეგზავნოს ფოსტით. პირადობის მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გასცეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანოს წერილობითი გადაწყვეტილება პირადობის მოწმობის და პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს პირადად ან გაეგზავნოს ფოსტით.

6. პირადობის მოწმობის და პასპორტის მისაღებად განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის დადასტურების შემთხვევაში მოპოვებულ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნების არსებობისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს.

    მუხლი 51. რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და გაცემაზე უარის თქმა

1. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის, ასევე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია პირის რეგისტრაცია განახორციელოს, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გასცეს დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანოს წერილობითი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

2. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელობა და საკონსულო დაწესებულება ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები გასცეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანონ წერილობითი გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე, პირადობის მოწმობის და პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს პირადად ან გაეგზავნოს ფოსტით.

3. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;

ბ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა;

გ) შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება;

დ) არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ვერ იქნა მოპოვებული ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;

ე) თუ პირმა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნასთან ერთად არ წარადგინა მოთხოვნა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე (ასეთი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში);

ვ) თუ რეგისტრაციისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ერთობლივად წარდგენის დროს, არსებობს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

4. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) წარდგენილ იქნა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;

ბ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა;

გ) შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება;

დ) არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ვერ იქნა მოპოვებული ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;

ე) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროისთვის პირი არ არის რეგისტრირებული, გარდა საქართველოს იმ მოქალაქეებისა, რომლებიც რეგისტრაციიდან მოხსნილ იქნენ სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრებასთანემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

ა) წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;

ბ) არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ვერ იქნა მოპოვებული ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;

გ) თუ დაინტერესებული პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იძებნებიან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, არ ექვემდებარება დაკავებას და აღნიშნულის თაობაზე მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.

თავი IX

პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციის წესი

    მუხლი 52. დოკუმენტების პერსონალიზაცია

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის პერსონალიზაცია (შევსება) წარმოებს ქართულ ენაზე, ასევე ქართულ და აფხაზურ ენებზე, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის – ქართულ და ინგლისურ ენებზე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად.

2. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია წარმოებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დადგენილი სტანდარტული ნორმატივების შესაბამისად.

3. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია ხდება რეგისტრაციის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისას სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში შეტანილი მოქმედი მონაცემების საფუძველზე.

4. დაუშვებელია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ჩანაწერებში შესწორების შეტანა.

5. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს. იმ შემთხვევაში, როცა 9 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირის, ასევე ქმედუუნარო პირის სახელზე გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი, მფლობელის ხელმოწერის გრაფაში ხელმოწერას შეასრულებს არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

6. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში მისი მფლობელის პირადი ხელმოწერის შესრულება შეუძლებელია მფლობელის ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის ან ამ დებულების 25 -ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობის გამო, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა მფლობელის პირადი ხელმოწერის გარეშე.

7. თუ პასპორტში, სამგზავრო პასპორტსა და სამგზავრო დოკუმენტში მათი მფლობელის ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელია პირადი ხელმოწერის შესრულება, ასევე როცა აღნიშნული დოკუმენტები გაიცემა მესამე პირის მეშვეობით ან დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენის საფუძველზე, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა პირადი ხელმოწერის გარეშე.

8. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ყველა რეკვიზიტის შევსების შემდეგ, დამზადებული მოწმობის ფოტოსურათის მარჯვენა ზედა კუთხეში და მოწმობის უკანა გვერდზე, სპეციალურ ადგილზე დაისმება გერბიანი ბეჭედი. გერბიანი ბეჭედი წარმოადგენს 20 მმ-იანი დიამეტრის მრგვალ ტვიფრს, რომლის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია საქართველოს გერბი. გერბის ირგვლივ წრიულად იკითხება წარწერა: ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, „სამოქალაქო რეესტრის სააგენტო“ და ხუთნიშნა რიცხვით გამოსახული შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის კოდი.

9. პასუხიმგებლობა პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში, პასპორტში, სამგზავრო პასპორტსა და სამგზავრო დოკუმენტში, ასევე სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში შეტანილი მონაცემების სისწორეზე ეკისრებათ შესაბამის თანამდებობის პირებს. კომპიუტერულ პროგრამაში მონაცემების უშეცდომოდ შეტანასა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ბეჭდვაზე პასუხისმგებელია შესაბამის კომპიუტერულ პროგრამასთან მომუშავე პირი.

    მუხლი 53. პერსონალიზაციისათვის გამოსაყენებელი ტექნოლოგია

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია ხდება სპეციალური კომპიუტერული ტექნიკისა და საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისათვის გამოყენებული ტექნიკა, ამ დოკუმენტების ბეჭდვის, მფლობელთა ფოტოგამოსახულების სკანირებისა და შესაბამისი პერსონიფიცირებული მონაცემების დამახსოვრების პარალელურად, უნდა უზრუნველყოფდეს ყოველი გახარჯული მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ბლანკის) აღრიცხვას, საიდენტიფიკაციო და საპასპორტო მონაცემების (მათ შორის, ფოტოგამოსახულების) ძებნას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, სტატისტიკური და საცნობარო ხასიათის დოკუმენტების ოპერატიულად შედგენას და ბეჭდვას.

თავი X

მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 54. ზოგადი დებულებები

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გამოყენებული ყველა სახეობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ბლანკს.

2. სააგენტო და მისი ტერიტორიული სამსახურები მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამზადებას, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებენ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.

    მუხლი 55. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამზადება და აღრიცხვა

1. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამზადება წარმოებს სააგენტოს შეკვეთის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. სააგენტო უზრუნველყოფს დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ტერიტორიული სამსახურისათვის დალუქული სახით გადაცემას და გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობისა და ნომრების დიაპაზონის თაობაზე ინფორმაციის ასახვას სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. სააგენტოსგან მიღებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების თაობაზე ინფორმაცია, ზედდებულში აღნიშნული ნომრების და რაოდენობის მითითებით, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღების დღესვე აღირიცხება სააღრიცხვო ჟურნალში. ამავე ჟურნალში აღირიცხება მიღებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების განაწილება შესაბამის თანამდებობის პირებზე, ამ უკანასკნელთა გვარების, მათზე გაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების და რაოდენობის მითითებით. სააღრიცხვო ჟურნალის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

3. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრაზე ლუქის მთლიანობის დარღვევის ან უსანქციო ხელყოფის სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს შედგენილი ოქმი, რომელიც შეკვრასთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს. სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახური ამოწმებს დაბრუნებულ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობას, ნომრების თანმიმდევრობას და შესაბამისობას ზედდებულში მითითებულ ნომრებთან/რაოდენობასთან და ადგენს შესაბამის ოქმს. თუ გამოვლინდა, რომ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია – გამოტოვებულია ან განმეორებულია ერთი ან მეტი ნომერი, ან შეკვრაში აღმოჩნდა ერთი ან მეტი წუნდებული, უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, აღნიშნულის თაობაზე მიეთითება შესაბამის ოქმში. ოქმის შედგენის შემდეგ მკაცრი აღრიცხვის ბლანკები შეიფუთება ლოჯისტიკის სამსახურის მიერ და შეფუთული შეკვრა მოწმდება სააგენტოს ბეჭდით. ლოჯისტიკის სამსახურის მიერ შეფუთული და ბეჭდით დამოწმებული შეკვრა (წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების, ასევე მკაცრი აღრიცხვის იმ ბლანკების გამოკლებით, რომლებზეც განმეორებულ იქნა ერთი და იგივე ნომერი), ლოჯისტიკის სამსახურის მიერ შედგენილ ოქმთან ერთად, გადაეცემა იმავე ან სხვა ტერიტორიულ სამსახურს. ინფორმაცია ტერიტორიული სამსახურისათვის გადაცემული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობის, ნომრების დიაპაზონის, ნომრების თანმიმდევრობის დარღვევის – გამოტოვების ან განმეორების, ასევე წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების თაობაზე შეიტანება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

4. შეფუთული და დალუქული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ იხსნება კომისიური წესით. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შეკვრის კომისიური წესით გახსნის შემდეგ ყურადღებით მოწმდება შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების რაოდენობა, ნომრების თანმიმდევრობა და შესაბამისობა ზედდებულში მითითებულ ნომრებთან და რაოდენობასთან, რის თაობაზეც შედგენილ უნდა იქნეს სათანადო ოქმი. თუ შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების თანმიმდევრობა დარღვეულია – გამოტოვებულია ან განმეორებულია ერთი ან მეტი ნომერი, აღნიშნულის თაობაზე მითითებულ უნდა იქნეს სათანადო ოქმში. ოქმში მიეთითება შემთხვევა, როცა შეკვრაში აღმოჩნდა ერთი ან მეტი წუნდებული, უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. ორივე შემთხვევაში ოქმი, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს ინფორმირებისა და შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, გადაეცემა სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახურს, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია აისახება სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. შეკვრაში მოთავსებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ნომრების განმეორების შემთხვევაში, ერთი და იმავე ნომრის მქონე მკაცრი აღრიცხვის ბლანკები, ასევე წუნდებული ან უხარისხოდ დამზადებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკები უნდა დაერთოს შესაბამის ოქმს.

5. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვა მატერიალური ან ელექტრონული ფორმით აღირიცხება სპეციალურ ჟურნალში, რომლის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე. ჟურნალის წარმოებისას აუცილებელია შემდეგი წესების გათვალისწინება:

ა) ყოველი სახეობის ბლანკების აღრიცხვა უნდა წარმოებდეს ცალკე ჟურნალში;

ბ) სააღრიცხვო ჟურნალის ყველა გრაფა უნდა ივსებოდეს ყურადღებით, სრულად და შეცდომების გარეშე. დაუშვებელია ჩანაწერებში შესწორების შეტანა, თუ იგი არ არის დამოწმებული სააღრიცხვო ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ და არ არის განმარტებული მიზეზი;

გ) სააღრიცხვო ჟურნალის ფურცლები უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, ლუქით დამაგრებული და რეგისტრირებული სააგენტოს საქმისწარმოების სამსახურში (სააღრიცხვო ჟურნალის მატერიალური ფორმით წარმოების შემთხვევაში);

დ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვის აღრიცხვა უნდა წარმოებდეს მათი ნომრების მზარდი თანმიმდევრობის მიხედვით იმ დიაპაზონის ფარგლებში, რომელიც ერიცხება შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან სამსახურის თანამშრომელს.

6. მკაცრი აღრიცხვის ბლანკის ბეჭდვის/შევსების პროცესში შეცდომის დაშვების ან მკაცრი აღრიცხვის ბლანკის ტექნიკურად დაზიანების შემთხვევაში ფორმდება სათანადო ოქმი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ. დაზიანებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკის ნომერი მიეთითება სააღრიცხვო ჟურნალში. დაზიანებული მკაცრი აღრიცხვის ბლანკი ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. მკაცრი აღრიცხვის ბლანკის დაზიანება მისი არასწორი შევსების ან სხვა დაუდევარი მოქმედების შედეგად გამოიწვევს შესაბამისი პირის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

8. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ტირაჟირებას და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მომარაგებას ყველა სახეობის ბლანკებით და საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფს სააგენტოს ლოჯისტიკის სამსახური.

    მუხლი 56. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შენახვა

1. მკაცრი აღრიცხვის ბლანკები ინახება გარეშე პირთა მიერ ხელყოფისა და ხანძრისაგან დაცვის სპეციალური სასიგნალო და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ სათავსში.

2. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების დაცულ მდგომარეობაში შენახვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია სააგენტოს იმ ტერიტორიული სამსახურის უფროსი, რომელსაც ერიცხება ბლანკები.

    მუხლი 57. ანგარიშგება და მონიტორინგი

1. მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მოძრაობასა და ხარჯვასთან (გაცემასთან) დაკავშირებული, ამ წესით გათვალისწინებული ყველა მოქმედება აღრიცხული და სრულად ასახული უნდა იქნეს სააგენტოს მონაცემთა ბაზაში.

2. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსი ვალდებულია ტერიტორიულ სამსახურში მიღებული, გახარჯული (გაცემული და დაზიანებული) და ნაშთის სახით დარჩენილი მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შესახებ ყოველთვიური ანგარიში ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე წარადგინოს სააგენტოში.

3. სააგენტოს საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამმართველო ვალდებულია წარმოდგენილი ანგარიშების მეშვეობით სისტემატურად აკონტროლოს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მკაცრი აღრიცხვის ბლანკების ხარჯვის კანონიერება და განსაზღვროს მათი ხარჯვის დინამიკა.

თავი XI

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 58. გარდამავალი დებულებანი

1. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა შეიძლება გასცენ მხოლოდ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათ არა აქვთ მინიჭებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის უფლებამოსილება. ამ შემთხვევებში ტერიტორიული სამსახურების მიერ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურ ენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 16 მარტის №455 და „ საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ბინადრობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 23 ივნისის №616 ბრძანებებით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად.

2. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის თაობაზე მოთხოვნა/განცხადება -ანკეტა, ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში ასევე შეიძლება მიიღონ 2011 წლის 1 აგვისტომდე. მოთხოვნის/განცხადება -ანკეტის 2011 წლის 1 აგვისტომდე წარდგენის შემთხვევაში შეიძლება გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

3. ამ წესის 50 -ე მუხლის მე -3 და მე -6 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც დოკუმენტებში არსებული ურთიერთშეუსაბამობა, უზუსტობა, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნები აღმოჩნდება იმ პირის სახელზე გაცემულ (შედგენილ) დოკუმენტებში, რომელიც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 ივლისისა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონების შესაბამისად, გათავისუფლებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

32. 07/03/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 896 - ვებგვერდი, 07/03/2023 31. 28/10/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 869 - ვებგვერდი, 31/10/2022 30. 20/04/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 823 - ვებგვერდი, 02/05/2022 29. 10/07/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 745 - ვებგვერდი, 10/07/2021 28. 16/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 583 - ვებგვერდი, 16/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 09/07/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 572 - ვებგვერდი, 09/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 04/06/2020 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/1404 - ვებგვერდი, 08/06/2020 25. 26/12/2019 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/12/1404 - ვებგვერდი, 03/01/2020 24. 27/12/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 477 - ვებგვერდი, 27/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 23. 16/10/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 446 - ვებგვერდი, 16/10/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 22. 15/02/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 383 - ვებგვერდი, 18/02/2019 21. 28/06/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 312 - ვებგვერდი, 29/06/2018 20. 18/04/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 295 - ვებგვერდი, 18/04/2018 19. 04/01/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 272 - ვებგვერდი, 05/01/2018 18. 18/01/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 220 - ვებგვერდი, 18/01/2017 17. 10/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 165 - ვებგვერდი, 10/08/2016 16. 09/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 162 - ვებგვერდი, 09/08/2016 15. 09/03/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 129 - ვებგვერდი, 09/03/2016 14. 11/08/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 91 - ვებგვერდი, 11/08/2015 13. 17/11/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 53 - ვებგვერდი, 18/11/2014 12. 06/02/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 13 - ვებგვერდი, 06/02/2014 11. 21/09/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 170 - ვებგვერდი, 21/09/2012 10. 11/09/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 161 - ვებგვერდი, 11/09/2012 9. 06/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 138 - ვებგვერდი, 06/08/2012 8. 23/07/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 123 - ვებგვერდი, 23/07/2012 7. 13/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 98 - ვებგვერდი, 13/06/2012 6. 17/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 73 - ვებგვერდი, 17/05/2012 5. 14/05/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 67 - ვებგვერდი, 14/05/2012 4. 11/04/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 53 - ვებგვერდი, 11/04/2012 3. 13/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 36 - ვებგვერდი, 13/03/2012 2. 25/10/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 140 - ვებგვერდი, 111025007, 25/10/2011 1. 19/08/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 119 - ვებგვერდი, 110819010, 19/08/2011