დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 36 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/03/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/03/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.016253 |
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №36
2012 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27.07.2011 წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ დაბადების თაობაზე ჩანაწერებში/დოკუმენტში მითითებული პირის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი) საზღვარგარეთ ან საქართველოში შეცვლის შემთხვევაში, თუ ცვლილება არ იქნა ასახული შესაბამისი პირის დაბადების თაობაზე არსებულ ჩანაწერებში/დოკუმენტში, ნამდვილად მიიჩნევა პირადი მონაცემის შეცვლის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული შესაბამისი პირადი მონაცემი;“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. საქართველოში რეგისტრირებულ დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული პირის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი) საზღვარგარეთ შეცვლის შემთხვევაში, თუ ცვლილება არ იქნა ასახული შესაბამისი პირის დაბადების აქტის ჩანაწერში, ნამდვილად მიიჩნევა პირადი მონაცემის შეცვლის დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებული შესაბამისი პირადი მონაცემი.“.
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სააგენტოს ინტერნეტგვერდზე. გამოქვეყნებული ინფორმაცია და მასში მითითებული მონაცემები მიიჩნევა ნამდვილად (უტყუარად) და აქვს იურიდიული ძალა, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადგინდება.“.
4. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოში პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ემიგრაციის ნებართვის საფუძველზე მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრა სხვა სახელმწიფოში.“.
5. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრირდება განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (რომელიც მითითებულია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში). იმ შემთხვევაში, თუ კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის იდენტიფიცირება შეუძლებელია, 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლის მისამართის მითითების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, ასევე საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ დადასტურება სავალდებულო არ არის.
3. 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სხვა მისამართზე რეგისტრაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეგისტრაცია ხორციელდება დაბადების რეგისტრაციისას, დასაშვებია მხოლოდ ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წერილობითი ფორმით გამოხატული თანხმობით ან სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით. აღნიშნული თანხმობა შეიძლება ასევე გამოხატულ იქნეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ დაბადების რეგისტრაციის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის ის მშობელი, რომლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვითაც უნდა მოხდეს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია, რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე ან არ არის რეგისტრირებული, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია განხორციელდება მეორე მშობლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იმ შემთხვევაში, როცა დედა არის უცხოელი, რომელსაც საქართველოში არა აქვს გავლილი რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაბადების რეგისტრაციის დროს არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მამის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ არასრულწლოვანი პირის დაბადების რეგისტრაციისას მისი ორივე მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვანი პირი და იძულებით გადაადგილებული პირის შვილი (გარდა იმ პირისა, რომელმაც იძულებით გადაადგილებამდე მიაღწია სრულწლოვანების ასაკს), შეიძლება გატარდენ რეგისტრაციაში ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.
6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. იძულებით გადაადგილებული პირი, ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ასევე შეიძლება დარეგისტრირდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე გაცემულ დასკვნაში/ცნობაში მითითებულ მისამართზე.“.
7. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ბინადრობის ნებართვა, თუ პირი საქართველოში მცხოვრები უცხოელია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი მუდმივ ბინადრობის მოწმობას ფლობს სპეციალური ნებართვის გარეშე). აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი პირველად გადის რეგისტრაციას, ასევე როცა მოქალაქეობის არმქონე პირმა „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე წინა ბინადრობის მოწმობის გაცემისას დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილება შეიცვალა და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა სააგენტოსთვის;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. იძულებით გადაადგილებული პირის რეგისტრაციის მიზნით დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი წარმომადგენლობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა/ცნობა საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. დასკვნის/ცნობის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ იძულებით გადაადგილებული პირის რეგისტრაცია ხდება ამ წესის მე-7 მუხლის მე-6– მე-8 პუნქტების შესაბამისად.“.
8. მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ერთი და იმავე პირისათვის ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭება, ასევე პირისათვის ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის სხვა პირზე მინიჭება დაუშვებელია. დაუშვებელია აგრეთვე ერთხელ მინიჭებული პირადი ნომრის გაუქმება ან/და შეცვლა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია გარდაცვლილი პირისათვის მინიჭებული პირადი ნომრის შეცვლა. გარდაცვლილი პირის პირადი ნომერი განმეორებით არ გამოიყენება.
3. ერთ პირზე ორი ან მეტი პირადი ნომრის მინიჭების, ასევე ორ ან მეტ პირზე ერთი პირადი ნომრის მინიჭების შემთხვევაში, პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტა ხდება ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურმა პირადი ნომრის შენარჩუნების ან გაუქმების საკითხის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს ამ მუხლით დადგენილი წესით, ხოლო ამავდროულად, ამ წესის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენისას – შესაბამისად, ამ მუხლითა და 50-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
9. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თუ დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) და მისამართების დაზუსტების (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელებისას, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის, თვითმმართველი ქალაქის მერის ან გამგეობის (მერიის) რწმუნებულის, აგრეთვე სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოების განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ან სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებული შესაბამისი პროექტის ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, პირი ვერ იქნება იდენტიფიცირებული კონკრეტულ მისამართზე;“.
10. მე-20 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) თუ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საცხოვრისის მესაკუთრის წერილობითი განცხადებით მოთხოვნილი იქნება მის საკუთრებაში არსებული საცხოვრისის მისამართზე რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა. რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გადმოგზავნილი მესაკუთრის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში პირმა, რომლის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზეც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება, წერილობითი ფორმით განაცხადა შესაბამის მისამართზე მისი ცხოვრების თაობაზე და აღნიშნული ასევე წერილობითი ფორმით დასტურდება ორი სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის მიერ, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას რეგიტრაციიდან მოხსნაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების წარმდგენ პირს (საცხოვრისის მესაკუთრეს) უფლება აქვს სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს განცხადებაზე, რის საფუძველზეც სააგენტოს ტერიტორიული სამსახური იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) და მისამართების დაზუსტების (კონკრეტულ სახლში რეგისტრაცია) განხორციელებისას, პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის, თვითმმართველი ქალაქის მერის ან გამგეობის (მერიის) რწმუნებულის, აგრეთვე სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოების განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიღებისთანავე, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ან სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებული შესაბამისი პროექტის ფარგლებში მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, რეგისტრირებული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე.“.
11. 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი);
დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი);“.
12. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, ასევე ამ პირთა წარმომადგენელი სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე;
ე) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი, ხოლო ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ასევე კანონიერი წარმომადგენელი.“.
13. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, დაინტერესებული პირის მეუღლე, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და-ძმა, სამედიცინო, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ან ფსიქიატრიული დაწესებულების უფლებამოსილი თანამშრომელი, ასევე სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი.“.
14. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;“.
15. 34-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელ პირს პირადად 14 წლის ასაკიდან;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განცხადება-ანკეტაში მითითებულ ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს;“.
16. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან რომელიც რეგისტრირებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე 14 წლის ასაკს მიღწეულმა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს არასრულწლოვანმა მოქალაქემ, რომელსაც მიღებული აქვს პასპორტი ან საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის საშუალებით, პასპორტის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები შეიძლება წარადგინოს ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდის მეშვეობით ამ წესის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.“.
17. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;“.
18. 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს პირადად 14 წლის ასაკიდან;“.
19. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ქორწინების რეგისტრაციის შედეგად გვარის შეცვლის შემთხვევაში, გაცემული პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი უქმდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის გასვლის შემდეგ.“.
20. 47-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ციფრული ხელმოწერის და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მფლობელი პირი უფლებამოსილია სააგენტოს ნებისმიერ უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს მიმართოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის გარეშე ციფრული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების შექმნის მოთხოვნით, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის განცხადება, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა.“.
21. 51-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ წესის 50-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაინტერესებულ პირს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:
ა) წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები;
ბ) არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია ან სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ ვერ იქნა მოპოვებული ასეთი დოკუმენტები/ინფორმაცია;
გ) თუ დაინტერესებული პირი იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ, გარდა იმ პირებისა, რომლებიც იძებნებიან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, არ ექვემდებარება დაკავებას და აღნიშნულის თაობაზე მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში;
დ) შეუძლებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ან/და მოქალაქეობის დადგენა;
ე) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე მოთხოვნაში დაფიქსირებული პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება პირის კანონიერ (ნამდვილ) მონაცემებს და დაინტერესებულ პირს არ სურს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მიღება კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით.“.
22. 52-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობაში მისი მფლობელის პირადი ხელმოწერის შესრულება შეუძლებელია მფლობელის ჯანმრთელობის/ფიზიკური მდგომარეობის ან ამ დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის (გარდა პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული შემთხვევის არსებობის გამო, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაიცემა მფლობელის პირადი ხელმოწერის გარეშე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დოკუმენტის კომენტარები