დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გარემოს დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 519 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 1-2(33-34/7), 22/01/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 360.000.000.05.001.000.184 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (04/05/2010 - 11/03/2011)
საქართველოს კანონი
გარემოს დაცვის შესახებ
კარი I
ზოგადი ნაწილი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი
ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში (შემდგომ „გარემოს დაცვაში“) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით.
მუხლი 2. კანონმდებლობის სისტემა გარემოს დაცვის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) განსაზღვროს გარემოს დაცვის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპები და ნორმები;
ბ) დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი;
გ) უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;
დ) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ქვეყნისთვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის იშვიათი, ენდემური, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებას, ზღვის გარემოს დაცვას და ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფას;
ე) შეინარჩუნოს და დაიცვას თვითმყოფადი ლანდშაფტები და ეკოსისტემები;
ვ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს დაცვის სფეროში საერთო გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრა;
ზ) უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობები.
2. კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) დაიცვას და შეინარჩუნოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემო;
ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა;
გ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
დ) უზრუნველყოს საზოგადოების ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების ოპტიმალური ურთიერთშეთანაწყობა (ჰარმონიული შეხამება);
ე) სამართლებრივად უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მართვა გარემოს პოტენციური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2383 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.132
მუხლი 4. ძირითადი ცნებების განმარტებანი
ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „გარემო“ – ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
ბ) „ბუნებრივი გარემო“ – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს;
გ) „ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო“ – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
დ) „გარემოს დაცვა“ – ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას;
ე) „ბუნებრივი რესურსები“ – ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები;
ვ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა” – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, ლიცენზირება, ზედამხედველობა და კონტროლი;
ზ) „საქმიანობა“ – „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა;
თ) „საქმიანობის სუბიექტი“ – საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი;
ი) „დაცული ტერიტორია“ – ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის – უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად;
კ) „მდგრადი განვითარება“ – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას – ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი;
ლ) „მდგრადი განვითარების პრინციპები“ – პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის – დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში;
მ) „გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა“ – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების – მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომპლექსურ) კონტროლს;
ნ) „საუკეთესო ტექნოლოგია“ – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის;
ო) „საუკეთესო ტექნიკა“ – საუკეთესო ტექნოლოგია და მისი მართვის, ორგანიზაციის, ზედამხედველობის, კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები;
პ) „ბიომრავალფეროვნება“ – ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში;
ჟ) „სამეურნეო ობიექტი“ – საქმიანობის ობიექტი;
რ) „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია“ – ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან რესურსთდამზოგველი და საუკეთესო ტექნოლოგიითა და ტექნიკით წარმოებული პროდუქცია;
ს) „უფრო სუფთა წარმოება“ – საწარმოო პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის უწყვეტი გამოყენება;
ტ) „სამინისტრო“ – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
უ) „გარემოს დაცვის სამენეჯმენტო სისტემა“ – საქმიანობის ობიექტის მართვის სისტემისა და ბიზნეს-სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ, ობიექტის ფუნქციონირების ყველა ასპექტს (გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ორგანიზაციისა და კადრების, გარემოს დაცვის ნორმების რეესტრის ჩათვლით);
ფ) (ამოღებულია).
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 5. გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები
1. საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით.
2. გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებია:
ა) „რისკის შემცირების პრინციპი“ – საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად;
ბ) „მდგრადობის პრინციპი“ – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება, როდესაც საშიშროება არ ექმნება საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან;
გ) „პრიორიტეტულობის პრინციპი“ – ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის ანაზღაურების ხარჯებს;
დ) „ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპი“ – საქმიანობის სუბიექტისათვის მიწის, წყლის, ტყის, ფლორისა და ფაუნის, წიაღისა და წიაღისეული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ფასიანია;
ე) პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“ – საქმიანობის სუბიექტის, ასევე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულება აანაზღაუროს გარემოსათვის მიყენებული ზარალი;
ვ) „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების პრინციპი“ – საქმიანობა არ უნდა იწვევდეს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას;
ზ) „ნარჩენების მინიმიზაციის პრინციპი“ – საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების მინიმიზაციას;
თ) „რეციკლირების პრინციპი“ – საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ხელმეორედ გამოყენებად ან გადამუშავებად, ბიოლოგიურად დეგრადირებად ან გარემოსათვის უვნებლად დაშლად ნივთიერებებს, მასალებს და ქიმიურ ნაერთებს;
ი) „რესტიტუციის პრინციპი“ – საქმიანობის განხორციელების შედეგად დეგრადირებული გარემო აღდგენილი უნდა იყოს პირვანდელ (რესტიტუტიო ინ ინტეგრუმ) მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სახით;
კ) „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპი“ – საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის პროექტირების ან დაგეგმვის დროს ვალდებულია გაითვალისწინოს და შეაფასოს ამ საქმიანობის შესაძლო ზემოქმედება გარემოზე კანონით დადგენილი წესით;
ლ) „გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის პრინციპი“ – უზრუნველყოფილია საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობა;
მ) „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი“ – ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებრიობისათვის.
თავი II
მოქალაქეთა უფლება-ვალდებულებანი გარემოს დაცვის სფეროში
მუხლი 6. მოქალაქეთა უფლებები გარემოს დაცვის სფეროში
მოქალაქეს უფლება აქვს:
ა) ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ და ჯანსაღ გარემოში;
ბ) სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი;
გ) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ;
დ) მიიღოს გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური განათლება, აიმაღლოს გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე;
ე) გაერთიანდეს გარემოსდაცვით საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში;
ზ) მიიღოს ანაზღაურება მისთვის მიყენებული ზარალისათვის, რომელიც გამოიწვია საქართველოს გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ;
თ) სასამართლო წესით მოითხოვოს ეკოლოგიურად საშიში ობიექტების განთავსების, პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა.
მუხლი 7. მოქალაქეთა ვალდებულებები გარემოს დაცვის სფეროში
მოქალაქე ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები გარემოს დაცვის სფეროში;
ბ) გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს;
გ) იზრუნოს გარემოს დაცვაზე;
დ) მოსალოდნელი ან მომხდარი ბუნებრივი და ტექნოგენური ავარიისა და სხვა ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დროულად აცნობოს სათანადო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს ან განაცხადოს საჯაროდ.
კარი II
ძირითადი ნაწილი
თავი III
განათლება და სამეცნიერო კვლევა გარემოს დაცვის სფეროში
მუხლი 8. განათლება გარემოს დაცვის სფეროში
საზოგადოებრიობის გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლებისა და სპეციალისტების მომზადების მიზნით დადგენილია გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო სასწავლებლების, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებათა ქსელს.
მუხლი 9. გარემოს დაცვის საფუძვლების სწავლება
1. გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სისტემა მოიცავს სკოლამდელი, დაწყებითი, საბაზო, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ეტაპებს.
2. გარემოს დაცვისა და მისი რესურსების რაციონალურად გამოყენების შესახებ სავალდებულო ცოდნის მინიმუმის დაუფლება უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამით.
3. საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში განსაზღვრულია გარემოს დაცვის მართვის, ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი პროფილის სხვა საგნების სპეციალური კურსით სწავლება.
4. გარემოსდაცვითი განათლების სისტემის მართვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 10. სამეცნიერო კვლევა გარემოს დაცვის სფეროში
გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების, აგრეთვე საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მიზნით ეკოლოგიასა და გარემოს დაცვის სფეროში მუშავდება სამეცნიერო კვლევის პროგრამები და გეგმები.
თავი IV
გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვა
მუხლი 11. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
1. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
ა) გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა;
ბ) მიწის, წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა.
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465ა - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.86
მუხლი 12. კომპეტენციათა გამიჯვნის კრიტერიუმები გარემოს დაცვის სფეროში
გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ავტონომიური რესპუბლიკების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციათა გამიჯვნის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) გარემოს დაცვის ღონისძიებათა დაფინანსების წყაროები (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები);
ბ) ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა (სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობის);
გ) გარემოზე მავნე ზემოქმედების მასშტაბები (ტრანსსასაზღვრო, რეგიონთაშორისი, რეგიონალური ან ლოკალური მნიშვნელობისა);
დ) დაცული ტერიტორიების დაქვემდებარების დონე.
მუხლი 13. კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
1. გარემოს დაცვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) დარგთაშორისი მართვის ფუნქცია;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური, მდგრადი და კომპლექსური სარგებლობის სახელმწიფო მართვა;
გ) სახელმწიფო კონტროლი;
დ) გარემოს მონიტორინგის (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების) ერთიანი სისტემის ორგანიზება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციები.
2. სამინისტრო პასუხისმგებელია გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის რეგულირებასა და ზედამხედველობაზე როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონალურ, ადგილობრივ და საქმიანობის ობიექტთა დონეებზე.
3. გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. ა) საქმიანობის სუბიექტები ვალდებული არიან აწარმოონ გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლი.
ბ) გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის წარმოების წესსა და ქვეყნის მასშტაბით გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის დანერგვის, მართვისა და განვითარების მიმართულებების განსაზღვრასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კანონმდებლობა.
5. მიწის რესურსებით სარგებლობის რეგულირების რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
6. ცალკეული სახეობების ბუნებრივი რესურსების დაცვის ფუნქცია ეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465ა - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.86
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 14. ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ
1. საზოგადოებრიობის ინფორმირების მიზნით სამინისტრო 3 წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს ეროვნულ მოხსენებას გარემოს მდგომარეობის შესახებ.
2. სახელმწიფო ორგანოები და სახელმწიფო იურიდიული პირები ვალდებული არიან მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა უსასყიდლოდ მიაწოდონ სამინისტროს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შესადგენად.
3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
4. სავალდებულოა ეროვნული მოხსენების გამოქვეყნების გზით მისი საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა.
5. ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 15. გარემოს დაცვის დაგეგმვა
1. გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემა.
2. გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემა მოიცავს გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას (მდგრადი განვითარების სტრატეგია), ხუთწლიან გეგმას (გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა) და საქმიანობის ობიექტებისათვის შედგენილ გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმას.
3. გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის საფუძველია ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგია, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად; მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პროექტის მომზადების ორგანიზებისათვის. აუცილებელია საზოგადოებრიობის მონაწილეობა მდგრადი განვითარების სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში.
4. მდგრადი განვითარების სტრატეგიის პროექტს განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
5. ა) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის ნაწილს;
ბ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პროექტის განხილვა და დამტკიცება წარმოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამები დგება რეგიონალურ, ადგილობრივ და უწყებრივ დონეებზე.
7. მდგრადი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე შედგენილ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების თანაფარდობას.
8. ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, გარემოს დაცვის მოქმედებათა რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
თავი V
ეკონომიკური მექანიზმები გარემოს დაცვის სფეროში
მუხლი 16. გადასახადები გარემოს დაცვის სფეროში
1. „ფასიანი ბუნებათსარგებლობისა“ და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპებიდან გამომდინარე საქართველოში დადგენილია გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და სხვა გადასახადები.
2. ამ გადასახადების სტრუქტურა, ოდენობა და გადახდის წესი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად დგინდება საქართველოს კანონით.
3. გადასახადების გადახდა არ ათავისუფლებს საქმიანობის სუბიექტს გარემოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან.
მუხლი 17. ეკოლოგიური დაზღვევა
1. საქართველოში ხორციელდება ეკოლოგიური დაზღვევა, მათ შორის , ეკოლოგიურად განსაკუთრებით საშიში საქმიანობის ობიექტების სავალდებულო ეკოლოგიური დაზღვევა.
2. ეკოლოგიური დაზღვევით შემოსული თანხები გამოიყენება ეკოლოგიური ავარიისა და კატასტროფის შედეგების აღმოფხვრისა და მათი პროფილაქტიკისათვის.
3. ეკოლოგიური დაზღვევის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 18. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირება
1. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების მიზანია უნარჩენო, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები, ეკოლოგიურად სუფთა, მცირენარჩენიანი საუკეთესო ტექნოლოგიისა და ტექნიკის დამუშავებისა და დანერგვის, მეორადი ნედლეულის გამოყენების, ეფექტური გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, რაც შეიძლება განხორციელდეს:
ა) რეკლამით გარემოს დაცვის საკითხებზე;
ბ) საგადასახადო შეღავათით;
გ) შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტით.
2. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. საგადასახადო შეღავათი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ საქართველოს კანონით.
მუხლი 19. ეკომარკირება
1. ეკომარკა წარმოადგენს ნიშანს, რომელიც მიენიჭება საქართველოში წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას მომხმარებელთა უკეთ ორიენტირებისა და აღნიშნული პროდუქციის წარმოების სტიმულირების მიზნით.
2. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ეკომარკას ანიჭებს სამინისტროსთან არსებული ეკომარკირების საუწყებათაშორისო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული უწყებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
3. ეკომარკირების წესი და საუწყებათაშორისო ეკომარკირების კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება დებულებით „ეკომარკირების შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
4. ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 20. გარემოსდაცვითი აუდიტი
1. გარემოსდაცვითი აუდიტი წარმოადგენს საქმიანობის სუბიექტის მიერ გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარემოს დაცვის ნორმების (თვით საქმიანობის სუბიექტის მიერ დადგენილის ჩათვლით) შესრულებისა და ბუნებათსარგებლობის სისტემის მართვის ეფექტურობის ანალიზს, რომელიც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს და ტარდება საქმიანობის ეკოლოგიური შეფასებისა და მოხმარებული ბუნებრივი რესურსების დანაკარგების, გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და ნარჩენების მინიმიზაციის გზებისა და საშუალებების გამოვლენის მიზნით.
2. გარემოსდაცვითი აუდიტი ტარდება საქმიანობის სუბიექტის ინიციატივით ან სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
3. გარემოსდაცვით აუდიტთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სამინისტრო, თუ გარემოსდაცვითი აუდიტი ტარდება მისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოითხოვონ გარემოსდაცვითი აუდიტის შედეგების გაცნობა, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან საწარმოო საიდუმლოებას.
5. გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 21. გარემოსდაცვითი მოთხოვნები პრივატიზაციის პროცესში
1. პრივატიზებული სამეურნეო ობიექტის მესაკუთრე არ თავისუფლდება იმ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც დაკისრებული ჰქონდა სამეურნეო ობიექტის ყოფილ მესაკუთრეს.
2. საქართველოს გარემოს დაცვის კანონმდებლობის დარღვევით სამეურნეო ობიექტის პრივატიზებამდე საქმიანობის განხორციელების შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ეკისრება პრივატიზებული სამეურნეო ობიექტის ყოველ ახალ მესაკუთრეს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. პრივატიზებულ სამეურნეო ობიექტებზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების, საქმიანობის ეკოლოგიური რისკის დადგენის, ჩასატარებელი გამწმენდ-აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით შეიძლება ჩატარდეს გარემოსდაცვითი აუდიტი სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
თავი VI
(ამოღებულია)
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
თავი VII
გარემოს დაცვის ინფორმაციული უზრუნველყოფა
მუხლი 26. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა, ანგარიშგება და შეფასება
1. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა, ანგარიშგება და შეფასება მოიცავს გარემოს მდგომარეობის და ბუნებრივი რესურსების კადასტრების შედგენას, სტატისტიკას, ინვენტარიზაციას, პასპორტიზაციას, კარტოგრაფირებას.
2. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო აღრიცხვას, ანგარიშგებასა და შეფასებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 27. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა
1. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემა წარმოადგენს გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას.
2. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის საერთო კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო.
3. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) შედეგები ხელმისაწვდომია საზოგადოებრიობისათვის.
4. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის, მასში შემავალი დაკვირვების (მონიტორინგის) სახეობებისა და მათი წარმოების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
თავი VIII
გარემოს დაცვის ნორმები
მუხლი 28. გარემოს დაცვის ნორმები
გარემოს დაცვის ნორმების დაწესების მიზანია დადგინდეს გარემოზე საქმიანობის ზემოქმედების ისეთი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით წესდება:
ა) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები;
ბ) გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები;
გ) გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები;
დ) ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი;
ე) გარემოზე დატვირთვის ნორმები.
მუხლი 29. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები
1. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმებია:
ა) ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები;
ბ) ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები;
გ) რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები.
2. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 30. გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები
1. გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები მუშავდება დაბინძურების ყოველი კონკრეტული წყაროსათვის მათი ტექნოლოგიური თავისებურებებისა და ადგილმდებარეობის ფონური დაბინძურების გათვალისწინებით იმგვარად, რომ ემისიური ნივთიერებების და მიკროორგანიზმების კონცენტრაციამ ადგილზე არ გადააჭარბოს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დონეს.
2. გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ „გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
3. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება დადგინდეს გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმები გარკვეული მოთხოვნებითა და ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ხუთ წელიწადს. ცალკეულ შემთხვევებში გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმების დადგენის წესს განსაზღვრავს დებულება „ცალკეულ შემთხვევებში გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების დროებითი ნორმების დადგენის წესის შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
მუხლი 31. გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები
1. მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის, ზრდის სტიმულატორების და სხვა ქიმიური საშუალებების გარემოში გამოყენების ნორმები დგინდება იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, ნიადაგს.
2. გარემოში ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გამოყენების ნორმებს და ამ ქიმიურ საშუალებათა (ნივთიერებათა) ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესებს 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და დებულებით „გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმებისა და ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების შესახებ“ ამტკიცებს სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. ქიმიურ ნივთიერებათა ოპტიმალური გამოყენების, მოხმარების, მათ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკის შემცირების, აღრიცხვისა და კონტროლის მიზნით დგება ქიმიურ ნივთიერებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, რომლის შედგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 32. გარემოზე დატვირთვის ნორმები
1. ბუნებრივი ეკოსისტემებით, ლანდშაფტებით და სხვა ტერიტორიებით სარგებლობისას და ათვისებისას დგინდება მათი დატვირთვის ზღვრულად დასაშვები ნორმები (გარემოზე დატვირთვის ნორმები).
2. გარემოზე დატვირთვის ნორმები მოიცავენ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტებს, რომლებიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით დგინდება სახელმწიფო დონეზე. ბუნებრივი რესურსების ცალკეული სახეობებით სარგებლობის კვოტები დგინდება რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე.
3. გარემოზე დატვირთვის ნორმებს 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო დებულებით „გარემოზე დატვირთვის ნორმების შესახებ“.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 33. ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი
1. ფართო მოხმარების პროდუქციის წარმოების, ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები.
2. საკვებ პროდუქტებში ქიმიურ ნივთიერებათა რაოდენობის ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
თავი IX
ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი
მუხლი 34. ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი
1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენების შემცირება, გაუვნებელყოფა, უტილიზაცია, განთავსება და დამარხვა გარემოს დაცვის, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით.
2. საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების განთავსება და დამარხვა ნებადართულია სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში გარემოს დაცვის, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით.
3. ტოქსიკური, რადიაქტიური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება და დამარხვა წარმოებს მხოლოდ საგანგებოდ განსაზღვრულ ადგილებში გარემოს დაცვის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვით.
4. აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენების განთავსება ზღვაში და წყლის სხვა ობიექტებში.
5. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, მათი იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი X
გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და განხორციელებისას
მუხლი 35. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა
1. საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებისა და ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, ასევე კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
2. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესს ადგენს საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 36. (ამოღებულია)
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 37. გარემოზე ზემოქმედების შეფასება
1. გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად, საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემამდე სავალდებულოა ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება.
2. გარემოზე ზემოქმედების შეფასება განსაზღვრავს საქმიანობით გარემოზე მოსალოდნელ ზეგავლენას და შეაფასებს ამ ზეგავლენით გამოწვეულ ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს.
3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს საქმიანობის სუბიექტი ასახავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში.
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 38 . (ამოღებულია)
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
მუხლი 39. ზოგადი გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობის განხორციელების პროცესში
1. საქმიანობისას უნდა შესრულდეს ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები, გათვალისწინებულ იქნეს გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოს აღდგენის ღონისძიებები და მათი განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური საშუალებები.
2. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია:
ა) ჰქონდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებული ტექნოგენური ავარიისა და ბუნებრივი კატასტროფის შედეგების თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკის ოპერატიული და სისტემატური ღონისძიებების, ავარიისა და კატასტროფის დროს მოქმედების გეგმები;
ბ) შექმნას და მზადყოფნაში ჰყავდეს ავარიის სალიკვიდაციო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილი სამსახური; ყოველი მოსალოდნელი და მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და ბუნებრივი კატასტროფის შესახებ დროულად აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და მოსახლეობას;
გ) ამ პირობების შესრულების სამართლებრივ რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 40. გარემოსდაცვითი მოთხოვნები სამეურნეო ობიექტების ექსპლუატაციაში გადაცემისას
დაუშვებელია სამეურნეო ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლა, თუ არ არის უზრუნველყოფილი:
ა) საშიში ნარჩენების უტილიზაციის, გაუვნებელყოფის დანადგარების, გამწმენდი ნაგებობების, გარემოს მდგომარეობაზე კონტროლის საშუალებების გამართული მუშაობა;
ბ) პროექტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებელი საშუალებების არსებობა.
მუხლი 41. გარემოსდაცვითი მოთხოვნები სამეურნეო ობიექტების ლიკვიდაციისას
სამეურნეო ობიექტის ნაწილობრივი ან სრული ლიკვიდაციისას საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
თავი XI
საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა
მუხლი 42. საგანგებო მდგომარეობა ეკოლოგიური კატასტროფის დროს
1. ეკოლოგიური კატასტროფის დროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა.
2. ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, იქმნება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონა.
მუხლი 43. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონა
1. ტერიტორია, სადაც საქმიანობის ან სტიქიური უბედურების შედეგად გაუარესდა გარემოს მდგომარეობა და საფრთხე შეექმნა ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეულ საფარს და ცხოველთა სამყაროს, ცხადდება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად.
2. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონას აცხადებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონის რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 44. ეკოლოგიური უბედურების ზონა
1. ტერიტორია, სადაც საქმიანობის, ავარიის, კატასტროფის და სტიქიური უბედურების შედეგად დაირღვა ეკოლოგიური წონასწორობა, საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლეს, ცხადდება ეკოლოგიური უბედურების ზონად.
2. ეკოლოგიური უბედურების ზონას აცხადებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. ეკოლოგიური უბედურების ზონის რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
თავი XII
ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვა
მუხლი 45. ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვის მიზანი
1. ბუნებრივი ეკოსისტემები, ლანდშაფტები და ტერიტორიები დაცული უნდა იყოს დაბინძურების, დარღვევის, დაზიანების, დეგრადაციის, გამოფიტვისა და დაშლისაგან.
2. დაცვას ექვემდებარება:
ა) ზღვის სანაპირო ზოლი;
ბ) ჭაობები, წყაროსთავები, წყალსატევების, მდინარეების სათავეები, მყინვარები, მღვიმეები;
გ) სუბალპური და ჭალის ტყეები;
დ) ძვირფასი ტყის მასივები;
ე) მწვანე ზონის ტყეები;
ვ) სანიტარიული დაცვის ზონები და ტერიტორიები.
3. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ტერიტორიების გამოყენებასთან და მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა, მათი მართვის რეჟიმი ხორციელდება გარემოს დაცვის ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
4. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ტერიტორიების გამოყენებასთან და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს (მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების ჩათვლით) განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 46. ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა
1. ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა რესურსების თვითაღწარმოებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის მათი გარემოდან ამოღება მკაცრად ლიმიტირებულია და ლიცენზირებას ექვემდებარება.
2. აკრძალულია ყოველი ქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს, საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალებს და სამიგრაციო გზებს.
3. საქართველოში ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვის და სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 47. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა დაცვა
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები და ველური მცენარეები რეგისტრირებულნი არიან საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და „წითელ წიგნში“.
2. საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და „წითელ წიგნში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა მიმართ აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის, ნადირობა, რეწვა, მოპოვება, ჭრა, თიბვა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რაც იწვევს ამ მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობის შემცირებას, აუარესებს მათ საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობებს.
3. საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2383 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.132
თავი XIII
დაცული ტერიტორიები
მუხლი 48. დაცული ტერიტორიების სისტემის შექმნის მიზანი
დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება ემსახურება თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების დაცვასა და შენარჩუნებას.
მუხლი 49. დაცული ტერიტორიების კატეგორიები
1. დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
2. საქართველოში დასაშვებია დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიების – ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის – არსებობა.
3. დაცული ტერიტორიები იქმნება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.
4. დაცული ტერიტორიების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თავი XIV
გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური მართვა
მუხლი 50. გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი უზრუნველყოფა
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირები, თავიანთი კომპეტენციისა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა ფარგლებში, ახორციელებენ დამატებით ღონისძიებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად.
მუხლი 51. კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან
1. გლობალური ცვლილებებისაგან დედამიწის კლიმატის დაცვის მიზნით საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ატმოსფეროში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფის (ემისიის) ნორმები და განახორციელოს მათი შემცირების ღონისძიებანი.
2. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფა რეგულირდება გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის საფუძველზე.
3. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 52. ოზონის შრის დაცვა
1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შეამციროს ან შეწყვიტოს ისეთი ქიმიური საშუალებების (ნივთიერებების) წარმოება ან გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ და შლიან დედამიწის ოზონის შრეს.
2. აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქცია საქართველოში შემოაქვთ მხოლოდ სპეციალური ნებართვით.
3. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 53. ბიომრავალფეროვნების დაცვა
1. საქმიანობა არ უნდა იწვევდეს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად რაოდენობრივ ან ხარისხობრივ ცვლილებებს და მის დეგრადაციას.
2. საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 54. შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა
1. შავი ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების მიზნით ყოველი საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმელეთზე მდებარე დაბინძურების წყაროებიდან, გემებიდან, კონტინენტურ შელფზე საქმიანობის შედეგად, ტრანსსასაზღვრო ტვირთზიდვის დროს, ატმოსფეროდან, ზღვაში ჩამდინარე წყლებით და ჩამარხვით ზღვის საშიში ნივთიერებებითა და მასალებით დაბინძურების თავიდან აცილებას, აღკვეთას, შემცირებასა და კონტროლს.
2. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.
თავი XV
საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში
მუხლი 55. საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში
საქართველო კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებას, რატიფიცირებას, დენონსაციას ან მათთან შეერთებას, რომლებიც არეგულირებენ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან, სახელმწიფოთა კავშირებთან, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები გარემოს დაცვის სფეროში
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
თავი XVI
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სახელმწიფო რეგულირება
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3049 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.177
მუხლი 57. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სახელმწიფო რეგულირების ზოგადი დებულებანი
1. სამინისტრო უზრუნველყოფს გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენას და შესაბამისი რეაგირების ზომების გატარებას.
2. სამინისტრო გარემოს დაცვის სფეროში გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე რეაგირებას უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის (შემდგომში – საგამოძიებო დეპარტამენტი) მეშვეობით, რომელიც ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს დებულების, საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამასთანავე, პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს დანაშაულის ჩამდენს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურებისაგან.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3049 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.177
მუხლი 571. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსი, თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესები, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები
1. საგამოძიებო დეპარტამენტში იმ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესები, რომლის ფუნქციაა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
3. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურეს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3049 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.177
კარი III
დასკვნითი ნაწილი
თავი XVII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 58. საქართველოს ნორმატიული აქტები, რომლებიც ძალას კარგავენ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან
„გარემოს დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ 1958 წლის 28 ნოემბრის კანონი „ბუნების დაცვის შესახებ “ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1958 წ., №5, მუხ.1) და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 59. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დრო
„გარემოს დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 10 დეკემბერი.
№519 – Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
2. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465ა - სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.86
3. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
4. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2383 - სსმ I, №19, 01.07.2003 წ., მუხ.132
5. საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007 წ., მუხ.406
6. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3049 - სსმ I, №26, 20.05.2010 წ., მუხ.177
დოკუმენტის კომენტარები