„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5640-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/12/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.016596
  • Word
5640-რს
27/12/2011
ვებგვერდი, 12/01/2012
360000000.05.001.016596
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გარემოს დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 კარი:

„კარი II1

გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება

თავი XVI1

პასუხისმგებლობა გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის

    მუხლი 571. პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდარღვევის ჩამდენს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

    მუხლი 572. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა

1. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან.

2. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ მომენტიდან, როცა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ (შემდგომ − მაკონტროლებელი ორგანო) შეიტყო გარემოსთვის მიყენებული ზიანის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის (შემდგომ − ვალდებული პირი) თაობაზე.

    მუხლი 573. მაკონტროლებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეგულირების ობიექტისთვის ჩაბარება

1. მაკონტროლებელი ორგანოს მიერ რეგულირების ობიექტისთვის გაგზავნილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.

2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი გაიგზავნა დაზღვეული საფოსტო გზავნილით (ასეთ შემთხვევაში ჩაბარების თარიღად ითვლება ადრესატის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფოსტო გზავნილით  მიღების თარიღი) ან პირადად გადაეცა რეგულირების ობიექტს ან მის კანონიერ ან/და უფლებამოსილ წარმომადგენელს.

3. თუ მაკონტროლებელი ორგანო ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეგულირების ობიექტისთვის პირადად ჩაბარებას ან რეგულირების ობიექტი უარს აცხადებს მის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ჩაბარებად ჩაითვლება ამ აქტის განთავსება რეგულირების ობიექტის ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად ითვლება:

ა) რეგულირების ობიექტის საინფორმაციო დაფა;

ბ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის დროებით ან მუდმივად განთავსებული შენობა;

გ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიის შემომფარგვლელი ღობე.

თავი XVI2

პასუხისმგებლობა გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანისთვის

    მუხლი 574. ამ თავის მოქმედების სფერო

1. ამ  თავის ნორმები ვრცელდება ისეთ ქმედებაზე, რომელმაც გამოიწვია გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. აღნიშნული თავის მიზნებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.

2. ამ თავით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები.

    მუხლი 575. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება

1. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლების წარმოშობის შემდეგ მაკონტროლებელი ორგანო ვალდებულ პირს წარუდგენს გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნას, რომლის ვალდებული პირის მიერ შესრულებაც სავალდებულოა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა არის მაკონტროლებელი ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა და მისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის პირობები.

2. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა შესაძლებელია შეიცავდეს გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორების მიზნით ვალდებული პირის მიერ შესასრულებელ სხვა მოთხოვნებსაც, რომლებიც უნდა შესრულდეს მაკონტროლებელი ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში.

    მუხლი 576. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის შესრულება

1. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა უნდა შესრულდეს მისი ჩაბარებიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღისა.

2. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება ვალდებული პირის მიერ მოთხოვნაში განსაზღვრული პირობებით თანხის სრულად გადახდის მომენტიდან, რაც ვალდებულ პირს არ ათავისუფლებს ამ კანონის 575 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან.

3. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი შესრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის გამოცემის შემდეგ ვალდებულ პირსა და მაკონტროლებელ ორგანოს შორის დადებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმება. ვალდებული პირის მიერ აღნიშნული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ან/და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ეს შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და ვალდებულმა პირმა უნდა შეასრულოს გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა, ამასთანავე, უნდა გადაიხადოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დარიცხული ჯარიმა. ასეთ შემთხვევაში ვალდებული პირის მიერ შეთანხმების საფუძველზე უკვე გადახდილი თანხა ჩაითვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის შესრულების ანგარიშში.

4. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში ვალდებულ პირს დაეკისრება ჯარიმა − გადაუხდელი თანხის 0.5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს შეთანხმებით გადასახდელად განსაზღვრული მთლიანი თანხის 10 პროცენტისა.

    მუხლი 577. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმება

1. გარემოსთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით  ვალდებულ პირსა და მაკონტროლებელ ორგანოს შორის შესაძლებელია დაიდოს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმება, რისთვისაც ვალდებული პირი მიმართავს მაკონტროლებელ ორგანოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმებით შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის თანხის შემცირება ვალდებული პირის მიერ შეთანხმების დადების თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის არსებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის ფარგლებში, ან/და მისი ანაზღაურების მთლიანად ან ნაწილობრივ გადავადება (მათ შორის, განაწილვადება) ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება;

ბ) გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა, მისი თანხის შემცირება, მისი ანაზღაურების ვადის განსაზღვრა (მათ შორის, განაწილვადება) ან/და სხვა ვალდებულებით ჩანაცვლება.

3. თუ ვალდებული პირი გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის გამოცემამდე მაკონტროლებელ ორგანოს წერილობით განუცხადებს მის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამურ ოდენობას (რითაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა ჩაითვლება ვალდებული პირის მიერ აღიარებულად), მაკონტროლებელი ორგანო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე უფლებამოსილია ვალდებულ პირთან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადოს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმება. აღნიშნულ შეთანხმებაზე ვრცელდება ამ კანონის 576 მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები და შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ან/და იმავე პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შეთანხმება გაუქმებულად ითვლება. ასეთ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა ვალდებულ პირს წარუდგინოს გარემოსთვის მიყენებული ზიანის (თანხის შემცირების შემთხვევაში − შემცირებამდე თანხის) ოდენობაზე. ვალდებული პირის მიერ შეთანხმების საფუძველზე უკვე გადახდილი თანხა ჩაითვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის შესრულების ანგარიშში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში  ვალდებულების შესრულების გადავადება (მათ შორის, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვადის განსაზღვრა) არა უმეტეს 3 წლისა ხორციელდება წლიური 4 პროცენტი სარგებლით, ხოლო 3 წელზე მეტი ვადით − არანაკლებ წლიური 4 პროცენტი სარგებლით.

5. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმების გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი.

6. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმების დადების შემდეგ დაუშვებელია შეთანხმებით გათვალისწინებული ზიანის ოდენობის გადახედვა (დაზუსტება), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია.

7. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმება შესაძლებელია შეიცავდეს ვალდებული პირის მიერ შესასრულებელ სხვა მოთხოვნებსაც, რომლებიც უნდა შესრულდეს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში და გათვალისწინებული პირობებით.

    მუხლი 578.  შეთანხმების დადება

1.  ვალდებული პირი შეთანხმების დადების თაობაზე განცხადებით მიმართავს მაკონტროლებელ ორგანოს ამ კანონის 576 მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე. განცხადების მიღების შემდეგ მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია:

ა)  უარი თქვას შეთანხმების დადებაზე, რაც წერილობით უნდა ეცნობოს ვალდებულ პირს. ასეთ შემთხვევაში მაკონტროლებელი ორგანო არ არის ვალდებული, დაასაბუთოს უარი;

ბ) აღნიშნული განცხადება თანდართულ მასალასთან ერთად გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შემთხვევაში განცხადება თანდართულ მასალასთან ერთად წარედგინება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, რომელიც მას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

2. შეთანხმების დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება ვალდებული პირის მიერ შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობა და გადახდის ვადა, ხოლო ამ კანონის 577 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სარგებლის წლიური განაკვეთის ოდენობა.

3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის დამატებით პირობად შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ან ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ვალდებულ პირს ეცნობება წერილობითი ფორმით.

5. გარემოსთვის მიყენებული ზიანის თაობაზე შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 579. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის გასაჩივრება და მისი მოქმედების შეჩერება

1. ვალდებულ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა. ყველა აქტი/დოკუმენტი (მათ შორის, ინსპექტირების, შემოწმებისა და დათვალიერების აქტები), რომლებიც საფუძვლად დაედო გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნას ან/და რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულ იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნა, საჩივრდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნასთან ერთად. საჩივრის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოში. გასაჩივრების ვადა არის გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ვალდებული პირისათვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღე.

2. გასაჩივრებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის მოქმედება შეჩერებულად ითვლება საჩივრის რეგისტრაციის დღიდან საქალაქო (რაიონული) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

3. გასაჩივრებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნით გათვალისწინებული თანხის გადახდევინება ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში.

4. დავის პერიოდში გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის შესრულების უზრუნველყოფისთვის დაწყებული ყველა ღონისძიება გაუქმებულად ითვლება, თუ დავა საბოლოოდ ვალდებული პირის სასარგებლოდ გადაწყდება.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 27 დეკემბერი.

№5640რს