დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
გარემოს დაცვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 519 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 10/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 1-2(33-34/7), 22/01/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 360.000.000.05.001.000.184 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (15/10/2019 - 22/05/2020)
მუხლი 1. კანონის რეგულირების საგანი
ეს კანონი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირებს შორის გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში (შემდგომ „გარემოს დაცვაში“) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისი ტერიტორიული წყლების, საჰაერო სივრცის, კონტინენტური შელფისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით.
მუხლი 2. კანონმდებლობის სისტემა გარემოს დაცვის სფეროში
საქართველოს კანონმდებლობა გარემოს დაცვის სფეროში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.
მუხლი 3. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები
1. კანონის ძირითადი მიზნებია:
ა) განსაზღვროს გარემოს დაცვის სფეროში სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპები და ნორმები;
ბ) დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი;
გ) უზრუნველყოს სახელმწიფოს მიერ გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;
დ) ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ქვეყნისთვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის იშვიათი, ენდემური, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებას, ზღვის გარემოს დაცვას და ეკოლოგიური წონასწორობის უზრუნველყოფას;
ე) შეინარჩუნოს და დაიცვას თვითმყოფადი ლანდშაფტები და ეკოსისტემები;
ვ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს დაცვის სფეროში საერთო გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრა;
ზ) უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობები.
2. კანონის ძირითადი ამოცანებია:
ა) დაიცვას და შეინარჩუნოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემო;
ბ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა;
გ) სამართლებრივად უზრუნველყოს გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
დ) უზრუნველყოს საზოგადოების ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების ოპტიმალური ურთიერთშეთანაწყობა (ჰარმონიული შეხამება);
ე) სამართლებრივად უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მართვა გარემოს პოტენციური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით;
ვ) უზრუნველყოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ერთიანი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება.
მუხლი 4. ძირითადი ცნებების განმარტებანი
ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „გარემო“ – ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
ბ) „ბუნებრივი გარემო“ – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს;
გ) „ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო“ – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
დ) „გარემოს დაცვა“ – ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას;
დ1) გარემოს დაცვის სფერო − ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების რეგულირების, ქიმიური უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფერო;
დ2) გარემოსდაცვითი ინფორმაცია – წერილობითი, ვიზუალური, ელექტრონული, ზეპირი ან ნებისმიერი მატერიალური ფორმით წარმოდგენილი ყველა სახის ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
დ2.ა) გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა, როგორებიცაა ჰაერი, ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი, ბუნებრივი ობიექტები, მათ შორის, ჭაობი, სანაპირო ზოლი და საზღვაო ტერიტორია, ბიომრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ჩათვლით, და ამ ელემენტების ურთიერთქმედება;
დ2.ბ) ფაქტორები, როგორებიცაა ენერგია, ხმაური, რადიაცია, აგრეთვე ნარჩენები, მათ შორის, რადიოაქტიური ნარჩენები, ქიმიური ნივთიერებები, ემისიები და სხვა სახის დაბინძურება, რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებზე;
დ2.გ) ღონისძიებები (ადმინისტრაციული ღონისძიებების ჩათვლით), როგორებიცაა პოლიტიკა, კანონმდებლობა, გეგმები, პროგრამები, გარემოსდაცვითი შეთანხმებები, და საქმიანობები, რომლებიც გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ და „დ2.ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებსა და ფაქტორებზე, ასევე იმ ღონისძიებებსა და საქმიანობებზე, რომლებიც განკუთვნილია ამ ელემენტების დასაცავად;
დ2.დ) ანგარიშები გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განხორციელების შესახებ;
დ2.ე) ხარჯთსარგებლიანობა და სხვა ეკონომიკური ანალიზები და დაშვებები, რომლებიც გამოიყენება ამ მუხლის „დ2.გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებებისა და საქმიანობების ფარგლებში;
დ2.ვ) ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება, მათ შორის, კვებითი ჯაჭვის დაბინძურება, ადამიანის ცხოვრების პირობები, კულტურული ობიექტების და მათთან დაკავშირებული შენობა-ნაგებობების მდგომარეობა, იმდენად, რამდენადაც მათზე გავლენას ახდენს ან, სავარაუდოდ, მოახდენს ამ მუხლის „დ2.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა ან ამ მუხლის „დ2.ბ“ და „დ2.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტორები, ღონისძიებები და საქმიანობები ამ ელემენტების მეშვეობით;
ე) „ბუნებრივი რესურსები“ – ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები;
ვ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა” – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, ლიცენზირება, ზედამხედველობა და კონტროლი;
ზ) საქმიანობა – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა;
თ) საქმიანობის სუბიექტი – საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;
თ1) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი (მათ შორის, საქმიანობის სუბიექტი), სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელზედაც ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნები;
ი) „დაცული ტერიტორია“ – ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის – უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად;
კ) „მდგრადი განვითარება“ – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას – ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი;
ლ) „მდგრადი განვითარების პრინციპები“ – პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის – დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში;
მ) „გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა“ – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების – მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომპლექსურ) კონტროლს;
ნ) „საუკეთესო ტექნოლოგია“ – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის;
ო) „საუკეთესო ტექნიკა“ – საუკეთესო ტექნოლოგია და მისი მართვის, ორგანიზაციის, ზედამხედველობის, კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები;
პ) „ბიომრავალფეროვნება“ – ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში;
ჟ) „სამეურნეო ობიექტი“ – საქმიანობის ობიექტი;
რ) „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია“ – ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან რესურსთდამზოგველი და საუკეთესო ტექნოლოგიითა და ტექნიკით წარმოებული პროდუქცია;
ს) „უფრო სუფთა წარმოება“ – საწარმოო პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის უწყვეტი გამოყენება;
ტ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
უ) „გარემოს დაცვის სამენეჯმენტო სისტემა“ – საქმიანობის ობიექტის მართვის სისტემისა და ბიზნეს-სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ, ობიექტის ფუნქციონირების ყველა ასპექტს (გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ორგანიზაციისა და კადრების, გარემოს დაცვის ნორმების რეესტრის ჩათვლით);
ფ) (ამოღებულია).
მუხლი 5. გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპები
1. საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების დროს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირები ვალდებული არიან იხელმძღვანელონ გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებით.
2. გარემოს დაცვის ძირითადი პრინციპებია:
ა) „რისკის შემცირების პრინციპი“ – საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელებისას ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად;
ბ) „მდგრადობის პრინციპი“ – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების გამოყენება, როდესაც საშიშროება არ ექმნება საზოგადოების განვითარებას და უზრუნველყოფილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან;
გ) „პრიორიტეტულობის პრინციპი“ – ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის ანაზღაურების ხარჯებს;
დ) „ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპი“ – საქმიანობის სუბიექტისათვის მიწის, წყლის, ტყის, ფლორისა და ფაუნის, წიაღისა და წიაღისეული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა ფასიანია;
ე) პრინციპი „დამბინძურებელი იხდის“ – საქმიანობის სუბიექტის, ასევე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის ვალდებულება აანაზღაუროს გარემოსათვის მიყენებული ზარალი;
ვ) „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების პრინციპი“ – საქმიანობა არ უნდა იწვევდეს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას;
ზ) „ნარჩენების მინიმიზაციის პრინციპი“ – საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენების მინიმიზაციას;
თ) „რეციკლირების პრინციპი“ – საქმიანობის განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება ხელმეორედ გამოყენებად ან გადამუშავებად, ბიოლოგიურად დეგრადირებად ან გარემოსათვის უვნებლად დაშლად ნივთიერებებს, მასალებს და ქიმიურ ნაერთებს;
ი) „რესტიტუციის პრინციპი“ – საქმიანობის განხორციელების შედეგად დეგრადირებული გარემო აღდგენილი უნდა იყოს პირვანდელ (რესტიტუტიო ინ ინტეგრუმ) მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სახით;
კ) „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპი“ – საქმიანობის სუბიექტი თავისი საქმიანობის პროექტირების ან დაგეგმვის დროს ვალდებულია გაითვალისწინოს და შეაფასოს ამ საქმიანობის შესაძლო ზემოქმედება გარემოზე კანონით დადგენილი წესით;
ლ) „გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის პრინციპი“ – უზრუნველყოფილია საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობა;
მ) „ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი“ – ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ ღია და ხელმისაწვდომია საზოგადოებრიობისათვის.
მოქალაქეთა უფლება-ვალდებულებანი გარემოს დაცვის სფეროში
მუხლი 6. მოქალაქეთა უფლებები გარემოს დაცვის სფეროში
მოქალაქეს უფლება აქვს:
ა) ცხოვრობდეს თავისი ჯანმრთელობისათვის უვნებელ და ჯანსაღ გარემოში;
ბ) სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი;
გ) მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ;
დ) მიიღოს გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური განათლება, აიმაღლოს გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე;
ე) გაერთიანდეს გარემოსდაცვით საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;
ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების განხილვისა და მიღების პროცესში;
ზ) მიიღოს ანაზღაურება მისთვის მიყენებული ზარალისათვის, რომელიც გამოიწვია საქართველოს გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ;
თ) სასამართლო წესით მოითხოვოს ეკოლოგიურად საშიში ობიექტების განთავსების, პროექტირების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა.
მუხლი 7. მოქალაქეთა ვალდებულებები გარემოს დაცვის სფეროში
მოქალაქე ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები გარემოს დაცვის სფეროში;
ბ) გაუფრთხილდეს ბუნებრივ და კულტურულ გარემოს;
გ) იზრუნოს გარემოს დაცვაზე;
დ) მოსალოდნელი ან მომხდარი ბუნებრივი და ტექნოგენური ავარიისა და სხვა ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ ინფორმაციის მიღებისას დროულად აცნობოს სათანადო კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს ან განაცხადოს საჯაროდ.
განათლება და სამეცნიერო კვლევა გარემოს დაცვის სფეროში
მუხლი 8. განათლება გარემოს დაცვის სფეროში
1. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი სპეციალისტების მომზადების მიზნით იქმნება გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დაწესებულებათა ქსელს.
2. საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების, შესაბამისი სპეციალისტების მომზადების, გადამზადების, სერტიფიცირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს სისტემაში იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი (შემდგომ − ცენტრი).
მუხლი 9. გარემოს დაცვის საფუძვლების სწავლება
1. გარემოსდაცვითი განათლების ერთიანი სისტემა მოიცავს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, დაწყებითი, საბაზო, საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების ეტაპებს.
2. გარემოს დაცვისა და მისი რესურსების რაციონალურად გამოყენების შესახებ სავალდებულო ცოდნის მინიმუმის დაუფლება უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამით.
3. საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში განსაზღვრულია გარემოს დაცვის მართვის, ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი პროფილის სხვა საგნების სპეციალური კურსით სწავლება.
4. გარემოსდაცვითი განათლების სისტემის მართვასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 10. სამეცნიერო კვლევა გარემოს დაცვის სფეროში
გარემოს დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების, აგრეთვე საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების მიზნით ეკოლოგიასა და გარემოს დაცვის სფეროში მუშავდება სამეცნიერო კვლევის პროგრამები და გეგმები.
გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვა
მუხლი 11. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
1. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
2. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
ა) გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა;
ბ) მიწის, წიაღისეულისა და ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა.
მუხლი 12. გარემოს დაცვის სფეროში კომპეტენციათა გამიჯვნის კრიტერიუმები
1. გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ავტონომიური რესპუბლიკების, მმართველობის ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციათა გამიჯვნის ძირითადი კრიტერიუმებია:
ა) გარემოსდაცვით ღონისძიებათა დაფინანსების წყაროები (სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტები);
ბ) ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა (სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობისა);
გ) გარემოზე მავნე ზემოქმედების მასშტაბი (ტრანსსასაზღვრო, რეგიონთაშორისი, რეგიონალური ან ლოკალური მნიშვნელობისა);
დ) დაცული ტერიტორიების დაქვემდებარების დონე.
2. სახელმწიფო ბიუჯეტში გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსება განისაზღვრება ცალკე პროგრამული კოდით/კოდებით. დაუშვებელია წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური ოდენობის შემცირება საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ჯამურ ოდენობასთან შედარებით.
მუხლი 13. სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
გ1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება;
ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი;
თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი;
ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი;
კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;
ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება;
ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება;
ო1) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა;
პ) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ჟ) (ამოღებულია - 01.06.2017, №891);
რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა;
რ1) ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა;
რ2) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა;
რ3) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული თანხმობის გაცემა;
ს) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონიტორინგი;
ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ორგანიზება;
უ) ნარჩენების მართვის ორგანიზება;
ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
მუხლი 14. ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ
1. საზოგადოების ინფორმირების მიზნით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი 4 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნულ მოხსენებას.
2. სახელმწიფო ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან, მოთხოვნიდან არა უგვიანეს ორი თვისა უსასყიდლოდ მიაწოდონ სამინისტროს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.
3. გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.
4. სავალდებულოა ეროვნული მოხსენების გამოქვეყნების გზით მისი საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვა.
5. ეროვნული მოხსენების გამოქვეყნებასა და გავრცელებასთან დაკავშირებული ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მუხლი 15. გარემოს დაცვის დაგეგმვა
1. გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით იქმნება გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემა.
2. გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემა მოიცავს გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას (მდგრადი განვითარების სტრატეგია), ხუთწლიან გეგმას (გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა) და საქმიანობის ობიექტებისათვის შედგენილ გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმას.
3. გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის საფუძველია ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგია, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად; მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პროექტის მომზადების ორგანიზებისათვის. აუცილებელია საზოგადოებრიობის მონაწილეობა მდგრადი განვითარების სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში.
4. მდგრადი განვითარების სტრატეგიის პროექტს განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
5. ა) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა წარმოადგენს საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმის ნაწილს;
ბ) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამა მტკიცდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
6. გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამები დგება რეგიონალურ, ადგილობრივ და უწყებრივ დონეებზე.
7. მდგრადი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე შედგენილ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების თანაფარდობას.
8. ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, გარემოს დაცვის მოქმედებათა რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
ეკონომიკური მექანიზმები გარემოს დაცვის სფეროში
მუხლი 16. გადასახადები გარემოს დაცვის სფეროში
1. „ფასიანი ბუნებათსარგებლობისა“ და „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპებიდან გამომდინარე საქართველოში დადგენილია გარემოზე მავნე ზემოქმედებისათვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის და სხვა გადასახადები.
2. ამ გადასახადების სტრუქტურა, ოდენობა და გადახდის წესი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად დგინდება საქართველოს კანონით.
3. გადასახადების გადახდა არ ათავისუფლებს საქმიანობის სუბიექტს გარემოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან.
1. საქართველოში ხორციელდება ეკოლოგიური დაზღვევა, მათ შორის , ეკოლოგიურად განსაკუთრებით საშიში საქმიანობის ობიექტების სავალდებულო ეკოლოგიური დაზღვევა.
2. ეკოლოგიური დაზღვევით შემოსული თანხები გამოიყენება ეკოლოგიური ავარიისა და კატასტროფის შედეგების აღმოფხვრისა და მათი პროფილაქტიკისათვის.
3. ეკოლოგიური დაზღვევის სამართლებრივი რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 18. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირება
1. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების მიზანია უნარჩენო, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღები, ეკოლოგიურად სუფთა, მცირენარჩენიანი საუკეთესო ტექნოლოგიისა და ტექნიკის დამუშავებისა და დანერგვის, მეორადი ნედლეულის გამოყენების, ეფექტური გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, რაც შეიძლება განხორციელდეს:
ა) რეკლამით გარემოს დაცვის საკითხებზე;
ბ) საგადასახადო შეღავათით;
გ) შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტით.
2. გარემოს დაცვის ეკონომიკური სტიმულირების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა. საგადასახადო შეღავათი შეიძლება დაწესდეს მხოლოდ საქართველოს კანონით.
მუხლი 20. გარემოსდაცვითი აუდიტი
1. გარემოსდაცვითი აუდიტი წარმოადგენს საქმიანობის სუბიექტის მიერ გარემოს დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა, გარემოს დაცვის ნორმების (თვით საქმიანობის სუბიექტის მიერ დადგენილის ჩათვლით) შესრულებისა და ბუნებათსარგებლობის სისტემის მართვის ეფექტურობის ანალიზს, რომელიც მოიცავს მთელ საწარმოო-ტექნოლოგიურ ციკლს და ტარდება საქმიანობის ეკოლოგიური შეფასებისა და მოხმარებული ბუნებრივი რესურსების დანაკარგების, გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და ნარჩენების მინიმიზაციის გზებისა და საშუალებების გამოვლენის მიზნით.
2. გარემოსდაცვითი აუდიტი ტარდება საქმიანობის სუბიექტის ინიციატივით ან სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში.
3. გარემოსდაცვით აუდიტთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სამინისტრო, თუ გარემოსდაცვითი აუდიტი ტარდება მისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს უფლება აქვთ მოითხოვონ გარემოსდაცვითი აუდიტის შედეგების გაცნობა, თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან საწარმოო საიდუმლოებას.
5. გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 21. გარემოსდაცვითი მოთხოვნები პრივატიზაციის პროცესში
1. პრივატიზებული სამეურნეო ობიექტის მესაკუთრე არ თავისუფლდება იმ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც დაკისრებული ჰქონდა სამეურნეო ობიექტის ყოფილ მესაკუთრეს.
2. საქართველოს გარემოს დაცვის კანონმდებლობის დარღვევით სამეურნეო ობიექტის პრივატიზებამდე საქმიანობის განხორციელების შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ეკისრება პრივატიზებული სამეურნეო ობიექტის ყოველ ახალ მესაკუთრეს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. პრივატიზებულ სამეურნეო ობიექტებზე არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების, საქმიანობის ეკოლოგიური რისკის დადგენის, ჩასატარებელი გამწმენდ-აღდგენითი სამუშაოების ღირებულების დადგენის მიზნით შეიძლება ჩატარდეს გარემოსდაცვითი აუდიტი სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
გარემოს დაცვის ინფორმაციული უზრუნველყოფა
1. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების აღრიცხვა, ანგარიშგება და შეფასება მოიცავს გარემოს მდგომარეობის და ბუნებრივი რესურსების კადასტრების შედგენას, სტატისტიკას, ინვენტარიზაციას, პასპორტიზაციას, კარტოგრაფირებას.
2. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სახელმწიფო აღრიცხვას, ანგარიშგებასა და შეფასებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 27. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემა
1. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემა წარმოადგენს გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას.
2. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის საერთო კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო.
3. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) შედეგები ხელმისაწვდომია საზოგადოებრიობისათვის.
4. გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის, მასში შემავალი დაკვირვების (მონიტორინგის) სახეობებისა და მათი წარმოების სამართლებრივ რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
1. ცენტრის მიზნებია:
ა) გარემოს მდგომარეობის შესახებ არსებული ინფორმაციის შეგროვება და საზოგადოებისთვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ბ) შესაბამის სფეროში სპეციალისტების მომზადების, გადამზადების, სერტიფიცირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისა და სწავლების ორგანიზება;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
2. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
მუხლი 28. გარემოს დაცვის ნორმები
გარემოს დაცვის ნორმების დაწესების მიზანია დადგინდეს გარემოზე საქმიანობის ზემოქმედების ისეთი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გარემოს ეკოლოგიურ წონასწორობას. ამ მიზნით წესდება:
ა) გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები;
ბ) გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები;
გ) გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები;
დ) ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი;
ე) გარემოზე დატვირთვის ნორმები.
მუხლი 29. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები
1. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმებია:
ა) ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის მავნე ნივთიერებების კონცენტრაციისა და მიკროორგანიზმების რაოდენობათა ზღვრულად დასაშვები ნორმები;
ბ) ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვაგვარი ფიზიკური ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები;
გ) რადიაციული ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები.
2. გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
1. გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები მუშავდება დაბინძურების ყოველი კონკრეტული წყაროსათვის მათი ტექნოლოგიური თავისებურებებისა და ადგილმდებარეობის ფონური დაბინძურების გათვალისწინებით იმგვარად, რომ ემისიური ნივთიერებების და მიკროორგანიზმების კონცენტრაციამ ადგილზე არ გადააჭარბოს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის დონეს.
2. გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ „გარემოში მავნე ნივთიერებათა ემისიისა და მიკროორგანიზმებით გარემოს დაბინძურების ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო.
3. (ამოღებულია – 25.03.2013, №469).
მუხლი 31. გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმები
1. მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის, ზრდის სტიმულატორების და სხვა ქიმიური საშუალებების გარემოში გამოყენების ნორმები დგინდება იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, ნიადაგს.
2. გარემოში ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გამოყენების ნორმებს და ამ ქიმიურ საშუალებათა (ნივთიერებათა) ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესებს 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და დებულებით „გარემოში ქიმიურ საშუალებათა გამოყენების ნორმებისა და ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების შესახებ“ ამტკიცებს სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. ქიმიურ ნივთიერებათა ოპტიმალური გამოყენების, მოხმარების, მათ გამოყენებასთან დაკავშირებული რისკის შემცირების, აღრიცხვისა და კონტროლის მიზნით დგება ქიმიურ ნივთიერებათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრი, რომლის შედგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 32. გარემოზე დატვირთვის ნორმები
1. ბუნებრივი ეკოსისტემებით, ლანდშაფტებით და სხვა ტერიტორიებით სარგებლობისას და ათვისებისას დგინდება მათი დატვირთვის ზღვრულად დასაშვები ნორმები (გარემოზე დატვირთვის ნორმები).
2. გარემოზე დატვირთვის ნორმები მოიცავენ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტებს, რომლებიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით დგინდება სახელმწიფო დონეზე. ბუნებრივი რესურსების ცალკეული სახეობებით სარგებლობის კვოტები დგინდება რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე.
3. გარემოზე დატვირთვის ნორმებს 5 წელიწადში ერთხელ შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო დებულებით „გარემოზე დატვირთვის ნორმების შესახებ“.
მუხლი 33. ეკოლოგიური მოთხოვნები პროდუქციისადმი
1. ფართო მოხმარების პროდუქციის წარმოების, ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები ნორმები.
2. საკვებ პროდუქტებში ქიმიურ ნივთიერებათა რაოდენობის ზღვრულად დასაშვები ნორმები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი
მუხლი 34. ეკოლოგიური მოთხოვნები ნარჩენებისადმი
1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს ნარჩენების პრევენცია, შეგროვება, აღდგენა და განთავსება გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით.
2. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება და დამარხვა ნებადართულია სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებში, გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმებისა და წესების დაცვით.
3. რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება ხდება მხოლოდ საგანგებოდ განსაზღვრულ ადგილებში, გარემოსდაცვითი და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვით.
4. აკრძალულია ყოველგვარი ნარჩენების განთავსება ზღვაში და წყლის სხვა ობიექტებში.
5. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, მათი იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3000 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4955 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და განხორციელებისას
მუხლი 35. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება
1. საზოგადოებისა და სახელმწიფოს ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინების, აგრეთვე ადამიანის ჯანმრთელობის, ბუნებრივი გარემოს, კულტურულ და მატერიალურ ფასეულობათა დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.
2. გარემოზე შესაძლო ზემოქმედების გამოვლენისა და შესწავლის მიზნით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემამდე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად ხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა.
3. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით.
მუხლი 39. ზოგადი გარემოსდაცვითი მოთხოვნები საქმიანობის განხორციელების პროცესში
1. საქმიანობისას უნდა შესრულდეს ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნები, გათვალისწინებულ იქნეს გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოს აღდგენის ღონისძიებები და მათი განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური საშუალებები.
2. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია:
ა) ჰქონდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებული ტექნოგენური ავარიისა და ბუნებრივი კატასტროფის შედეგების თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკის ოპერატიული და სისტემატური ღონისძიებების, ავარიისა და კატასტროფის დროს მოქმედების გეგმები;
ბ) შექმნას და მზადყოფნაში ჰყავდეს ავარიის სალიკვიდაციო ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფილი სამსახური; ყოველი მოსალოდნელი და მომხდარი ტექნოგენური ავარიისა და ბუნებრივი კატასტროფის შესახებ დროულად აცნობოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და მოსახლეობას;
გ) ამ პირობების შესრულების სამართლებრივ რეჟიმს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 40. გარემოსდაცვითი მოთხოვნები სამეურნეო ობიექტების ექსპლუატაციაში გადაცემისას
დაუშვებელია სამეურნეო ობიექტების ექსპლუატაციაში შესვლა, თუ არ არის უზრუნველყოფილი:
ა) საშიში ნარჩენების უტილიზაციის, გაუვნებელყოფის დანადგარების, გამწმენდი ნაგებობების, გარემოს მდგომარეობაზე კონტროლის საშუალებების გამართული მუშაობა;
ბ) პროექტით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებელი საშუალებების არსებობა.
მუხლი 41. გარემოსდაცვითი მოთხოვნები სამეურნეო ობიექტების ლიკვიდაციისას
სამეურნეო ობიექტის ნაწილობრივი ან სრული ლიკვიდაციისას საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ამ კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №891 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
მუხლი 411. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება
1. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სტრატეგიული დოკუმენტი ექვემდებარება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას.
2. სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება ხორციელდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი წესით.
3. ბათილია სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისადმი დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მიღებულია ან/და დამტკიცებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების გარეშე.
[მუხლი 412 . გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედება
გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შემთხვევაში ხორციელდება გარემოზე ტრანსსასაზღვრო შეფასების პროცედურა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსისა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. (ამოქმედდეს „ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კონვენციისა და მისი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“ ოქმის საქართველოსთვის ძალაში შესვლისთანავე)]
საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობა
მუხლი 42. საგანგებო მდგომარეობა ეკოლოგიური კატასტროფის დროს
1. ეკოლოგიური კატასტროფის დროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა.
2. ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, იქმნება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონა.
მუხლი 43. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონა
1. ტერიტორია, სადაც საქმიანობის ან სტიქიური უბედურების შედეგად გაუარესდა გარემოს მდგომარეობა და საფრთხე შეექმნა ადამიანის ჯანმრთელობას, მცენარეულ საფარს და ცხოველთა სამყაროს, ცხადდება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონად.
2. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონას აცხადებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ზონის რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 44. ეკოლოგიური უბედურების ზონა
1. ტერიტორია, სადაც საქმიანობის, ავარიის, კატასტროფის და სტიქიური უბედურების შედეგად დაირღვა ეკოლოგიური წონასწორობა, საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლეს, ცხადდება ეკოლოგიური უბედურების ზონად.
2. ეკოლოგიური უბედურების ზონას აცხადებს და აუქმებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. ეკოლოგიური უბედურების ზონის რეჟიმს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 45. ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვის მიზანი
1. ბუნებრივი ეკოსისტემები, ლანდშაფტები და ტერიტორიები დაცული უნდა იყოს დაბინძურების, დარღვევის, დაზიანების, დეგრადაციის, გამოფიტვისა და დაშლისაგან.
2. დაცვას ექვემდებარება:
ა) ზღვის სანაპირო ზოლი;
ბ) ჭაობები, წყაროსთავები, წყალსატევების, მდინარეების სათავეები, მყინვარები, მღვიმეები;
გ) სუბალპური და ჭალის ტყეები;
დ) ძვირფასი ტყის მასივები;
ე) მწვანე ზონის ტყეები;
ვ) სანიტარიული დაცვის ზონები და ტერიტორიები.
3. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ტერიტორიების გამოყენებასთან და მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა, მათი მართვის რეჟიმი ხორციელდება გარემოს დაცვის ნორმებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
4. ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ტერიტორიების გამოყენებასთან და მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს (მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ზონირების ჩათვლით) განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 46. ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა
1. ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა რესურსების თვითაღწარმოებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის მათი გარემოდან ამოღება მკაცრად ლიმიტირებულია და ლიცენზირებას ექვემდებარება.
2. აკრძალულია ყოველი ქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს, საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალებს და სამიგრაციო გზებს.
3. საქართველოში ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვის და სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 47. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა დაცვა
1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველები და ველური მცენარეები რეგისტრირებულნი არიან საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და „წითელ წიგნში“.
2. (ამოღებულია – 08.11.2011, №5201).
3. საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შედგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 48. დაცული ტერიტორიების სისტემის შექმნის მიზანი
დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება ემსახურება თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების დაცვასა და შენარჩუნებას.
მუხლი 49. დაცული ტერიტორიების კატეგორიები
1. დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
2. საქართველოში დასაშვებია დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიების – ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის – არსებობა.
3. დაცული ტერიტორიები იქმნება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.
4. დაცული ტერიტორიების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური მართვა
მუხლი 50. გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრის სამართლებრივი უზრუნველყოფა
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) პირები, თავიანთი კომპეტენციისა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა ფარგლებში, ახორციელებენ დამატებით ღონისძიებებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარემოს დაცვის გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადასაჭრელად.
მუხლი 51. კლიმატის დაცვა გლობალური ცვლილებებისაგან
1. გლობალური ცვლილებებისაგან დედამიწის კლიმატის დაცვის მიზნით საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაიცვას ატმოსფეროში სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფის (ემისიის) ნორმები და განახორციელოს მათი შემცირების ღონისძიებანი.
2. სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გამოყოფა რეგულირდება გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემის საფუძველზე.
3. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში გლობალური ცვლილებებისაგან კლიმატის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.
1. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია შეამციროს ან შეწყვიტოს ისეთი ქიმიური საშუალებების (ნივთიერებების) წარმოება ან გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ და შლიან დედამიწის ოზონის შრეს.
2. აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების შემცველი პროდუქცია საქართველოში შემოაქვთ მხოლოდ სპეციალური ნებართვით.
3. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ოზონის შრის დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 53. ბიომრავალფეროვნების დაცვა
1. საქმიანობა არ უნდა იწვევდეს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად რაოდენობრივ ან ხარისხობრივ ცვლილებებს და მის დეგრადაციას.
2. საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.
მუხლი 54. შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვა
1. შავი ზღვის გარემოს დაცვისა და შენარჩუნების მიზნით ყოველი საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმელეთზე მდებარე დაბინძურების წყაროებიდან, გემებიდან, კონტინენტურ შელფზე საქმიანობის შედეგად, ტრანსსასაზღვრო ტვირთზიდვის დროს, ატმოსფეროდან, ზღვაში ჩამდინარე წყლებით და ჩამარხვით ზღვის საშიში ნივთიერებებითა და მასალებით დაბინძურების თავიდან აცილებას, აღკვეთას, შემცირებასა და კონტროლს.
2. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის სამართლებრივ რეჟიმს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა.
საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში
მუხლი 55. საერთაშორისო თანამშრომლობა გარემოს დაცვის სფეროში
საქართველო კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების დადებას, რატიფიცირებას, დენონსაციას ან მათთან შეერთებას, რომლებიც არეგულირებენ გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან, სახელმწიფოთა კავშირებთან, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები გარემოს დაცვის სფეროში
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს 2019 წლის 15 ოქტომბრის კანონი №5094 – ვებგვერდი, 21.10.2019წ.
1. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი) უზრუნველყოფს დეპარტამენტის იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება.
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) უზრუნველყოფს სააგენტოს იმ თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, დაგეგმვის, მონიტორინგის, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელების, ტყითსარგებლობის უფლების განხორციელების კონტროლისა და უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების გამოვლენის ან/და აღკვეთის უფლებამოსილება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) დეპარტამენტის/სააგენტოს ბიუჯეტიდან, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით და აუნაზღაურდება დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამისი თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტის თანამშრომლის/ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის შესაბამისად, დეპარტამენტის/სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 7 000 ლარის ოდენობით;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში – 4 000 ლარის ოდენობით;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების შემთხვევაში – 2 000 ლარის ოდენობით.
5. დეპარტამენტი/სააგენტო უფლებამოსილია თავისი ბიუჯეტიდან დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს დაუქირაოს საცხოვრებელი ბინა (ოჯახის წევრებთან − მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად) იმ შემთხვევაში, თუ დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი მისი სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული, ამასთანავე, დეპარტამენტის/სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლების გარეთ მდებარეობს. დეპარტამენტის/სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
სახელმწიფო კონტროლი გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4653 - ვებგვერდი, 13.05.2011წ.
1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირებისა) სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, დეპარტამენტი და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.
2. დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს რეგულირების ობიექტის:
ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას;
ბ) დათვალიერებას.
3. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების საფუძველია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ან დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ აქტის გასაჩივრება არ იწვევს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერებას. რეგულირების ობიექტის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს.
4. სასაზღვრო ზოლში შემოწმების განხორციელების პერიოდები თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან.
5. დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა), მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;
ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
6. დეპარტამენტი ვალდებულია რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების განხორციელებისას მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რომლებიც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად, და დადგენილი წესით მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.
7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობა უკანონოდ ხორციელდება ან/და ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა) და დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შუამდგომლობის წარდგენისას დეპარტამენტმა უნდა დაასაბუთოს რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა. თუ რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგულირების ობიექტს, დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ საფუძვლის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში სახელმწიფო კონტროლის სხვა მოთხოვნები და წესები განისაზღვრება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით“.
9. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება, რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა).
10. დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გამოყენებისას მან უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება
პასუხისმგებლობა გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის
1. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. პასუხისმგებლობის დაკისრება სამართალდარღვევის ჩამდენს არ ათავისუფლებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობითა და წესით ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
მუხლი 572 . გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
1. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 10 წელი მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტიდან.
2. გარემოსთვის მიყენებული ზიანის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ მომენტიდან, როცა გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ (შემდგომ − მაკონტროლებელი ორგანო) შეიტყო გარემოსთვის მიყენებული ზიანის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის (შემდგომ − ვალდებული პირი) თაობაზე.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5640 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
გარდამავალი და დასკვნითი ნაწილები
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს სსრ 1958 წლის 28 ნოემბრის კანონი „ბუნების დაცვის შესახებ“ (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1958 წ., №5, მუხ.1) და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 581. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული აქტები
1. ამ კანონთან დაკავშირებით:
ა) ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“;
ბ) ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ბ.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“;
2. 2018 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 582. გარემოსდაცვითი ღონისძიებების დაფინანსების დროებითი წესი
„ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის პროექტის მომზადებისას გარემოსდაცვით ღონისძიებებთან დაკავშირებული პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებები საბიუჯეტო სახსრების ნაწილში უნდა გაიზარდოს არანაკლებ წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების 5%-ით.
მუხლი 59. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების დრო
„გარემოს დაცვის შესახებ “ საქართველოს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1996 წლის 10 დეკემბერი.
№519– Iს
დოკუმენტის კომენტარები