„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 680-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.016989
680-IIს
31/05/2013
ვებგვერდი, 18/06/2013
360000000.05.001.016989
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი (მათ შორის, საქმიანობის სუბიექტი), სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელზედაც ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნები;“.

2. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 57. სახელმწიფო კონტროლი

1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − დეპარტამენტი) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − ეროვნული სატყეო სააგენტო და დაცული ტერიტორიების სააგენტო.

2. დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის  სფეროში  სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს რეგულირების ობიექტის:

ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას;

ბ) დათვალიერებას.

3. რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების საფუძველია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ან დეპარტამენტის უფროსის (ან დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამ აქტის გასაჩივრება არ იწვევს რეგულირების ობიექტის შემოწმების შეჩერებას. რეგულირების ობიექტის დათვალიერების განხორციელება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ საჭიროებს.

4. სასაზღვრო ზოლში შემოწმების განხორციელების პერიოდები თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან.

5. დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;

  ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

  6. დეპარტამენტი ვალდებულია რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების განხორციელებისას მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რომლებიც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად, და დადგენილი წესით მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.

7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობა უკანონოდ ხორციელდება ან/და ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მეყსეული და უშუალო საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უშიშროებას, ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა) და დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შუამდგომლობის წარდგენისას დეპარტამენტმა უნდა დაასაბუთოს რეგულირების ობიექტის  საქმიანობის შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა. თუ რეგულირების ობიექტის საქმიანობის შეჩერება შეუძლებელია ან ეს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს რეგულირების ობიექტს, დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ საფუძვლის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში შესაბამისი შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის სხვა მოთხოვნები და წესები განისაზღვრება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით“.

9. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება, რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა).

10. დეპარტამენტის  უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი, ფიზიკური იძულება და სპეციალური საშუალებები „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ცეცხლსასროლი იარაღის სასაზღვრო ზონასა და ზოლში გამოყენებისას მან უნდა იხელმძღვანელოს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით.“.

3. 581  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ე“ ქვეპუნქტი:

„ბ.ე) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებებისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 მაისი 2013 წ.

N680-IIს