„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 556-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 360000000.05.001.102617
556-IIმს-XIმპ
13/05/2025
ვებგვერდი, 15/05/2025
360000000.05.001.102617
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა;

გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;“.

2. 57-ე მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის  სფეროში სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებენ სამინისტრო, დეპარტამენტი, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო და სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო.

2. დეპარტამენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის  სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს რეგულირების ობიექტის:

ა) გეგმურ ან არაგეგმურ შემოწმებას;

ბ) დათვალიერებას.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;“;

გ) მე-6−მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეპარტამენტი ვალდებულია რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების განხორციელებისას მხოლოდ იმ გონივრული ვადით და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტექნიკური საშუალების ფუნქციონირება), რომლებიც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად, და დადგენილი წესით მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.

7. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში რეგულირების ობიექტი საქმიანობას საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტის (აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გარეშე ახორციელებს, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობა გარემოს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის და მისი აღმოფხვრა სავალდებულოა, თუმცა ამის დაუყოვნებლივ განხორციელება შეუძლებელია, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ანდა მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების სრულ აღმოფხვრამდე რეგულირების ობიექტისთვის შესაბამისი ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნივთი). რეგულირების ობიექტისთვის ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება ადმინისტრაციული მიწერილობის სახით და იგი წარედგინება რეგულირების ობიექტს. მისი შესრულება სავალდებულოა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მიწერილობა შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საქმიანობის შედეგად გარემოსთვის შექმნილი მნიშვნელოვანი საფრთხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები დგინდება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

8. დეპარტამენტის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის სხვა მოთხოვნები და წესები განისაზღვრება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესით“.

9. იმ ლაბორატორიული გაზომვებისა და ანალიზების ჩატარების ხარჯების ანაზღაურება, რომელთა საფუძველზედაც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა).“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 მაისი 2025 წ.

N556-IIმს-XIმპ