საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 12/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.003.616
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1676
24/09/2009
სსმ, 29, 12/10/2009
220.010.000.04.001.003.616
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (14/07/2020 - 15/07/2020)

საქართველოს ორგანული კანონი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებები    

   მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკი

1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

2. (ამოღებულია).

3. ეროვნულ ბანკს აფუძნებს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

4. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;

[ ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი;  (ამოქმედდეს 2020 წლის 19  ოქტომბრიდან)]

ბ) საფინანსო სექტორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობა;

გ) კომერციული ბანკი – ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

დ) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი – ეროვნული ბანკის მიერ მისაღწევი ინფლაციის მაჩვენებელი;

ე) ოფიციალური გაცვლითი კურსი – ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტების მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის;

ვ) სახელმწიფო სესხი – „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ვალი და კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები;

ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები არ არის დეპოზიტი;

თ) ფულის ნიშნები – ეროვნული ბანკისა და სხვა ქვეყნის ემიტენტი დაწესებულებების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები;

ი) ყალბი ფულის ნიშნები – თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი;

კ) ემისია – ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება;

ლ) რეპროდუცირება – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ბანკნოტებისა და მონეტების მთლიანად ან მათი ნაწილის, მათ შორის, მათი ინდივიდუალური დიზაინის ელემენტების, ფერის, ზომების, სიმბოლოების ან მათი სახეცვლილებით მატერიალური ან არამატერიალური ფორმით რაიმე გამოსახულების, დამზადება, რომელიც შესაძლოა წააგავდეს ნამდვილ ფულის ნიშნებს ან ქმნიდეს ნამდვილი ფულის ნიშნების შთაბეჭდილებას;

მ) ნუმიზმატიკური ფასეულობა – სარეალიზაციოდ ან საექსპონატოდ განკუთვნილი, ეროვნული ბანკის მიერ რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან რომელთა ემისია არ განხორციელებულა შეუსაბამო მახასიათებლების გამო, ასევე ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები;

ნ) კრედიტი – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

ო) კლირინგი (საკლირინგო ხელშეკრულება) – უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;

პ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5687);

ჟ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5687);

რ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5687);

ს) ფისკალური აგენტი – საგადახდო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ტ) ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები – ყველა ხარჯი, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ეკონომიკის უზრუნველყოფასთან;

უ) საქართველოს საფინანსო სექტორის სტატისტიკა – ეროვნული ეკონომიკის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ფინანსური კორპორაციების ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მარაგებისა და ნაკადების ამსახველი სტატისტიკა;

ფ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;

ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ არის კომერციული ბანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი;

1) (ამოღებულია - 23.12.2018, №1894);

ღ) დროებითი ბანკი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფუძნებული და ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული დროებითი კომერციული ბანკი, რომელიც იქმნება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციების, აქტივების, ვალდებულებების ან/და კრიტიკული ფუნქციების მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით ამ კანონის 551 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად;

1) რეზოლუცია − ეროვნული ბანკის მიერ სარეზოლუციო მანდატის ფარგლებში კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღება და ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება და სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენება ამ კანონის 551 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად;

ყ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;

შ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

ჩ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;

ც) ახლო ნათესავი – ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირიცხება კანონით მემკვიდრეთა წრიდან I ან II რიგში;

ძ) საჯარო რეგისტრი – ეროვნული ბანკის უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;

წ) საგარეო სექტორის სტატისტიკა – საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობის, საგარეო ვალისა და ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკა;

ჭ) ინფლაცია – ფასების სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსის ცვლილება;

ხ) სარეზერვო ფული – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე), ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული ბანკის) ანგარიშებზე არსებული სახსრები ეროვნულ ვალუტაში;

ჯ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ზონა;

ჰ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი – საბაჟო კონტროლის ზონა, რომლის საქმიანობისთვის სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა და სადაც ნებადართულია, სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია;

1) საბანკო ჯგუფი – იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა ერთობლიობა, რომლებიც არიან კომერციული ბანკი, მისი სათავო საწარმო/საწარმოები, კომერციული ბანკისა და მისი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ და, იმავდროულად, არიან ფინანსური ინსტიტუტები ან/და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები ან/და საბანკო ჰოლდინგები;

2) საბანკო ჰოლდინგი – იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს კომერციული ბანკის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ან აკონტროლებს კომერციულ ბანკს;

3) ასოცირებული საწარმო – საწარმო, რომელზედაც ინვესტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რაც გულისხმობს საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას. ასოცირებული საწარმო მოიცავს ასოცირებული საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც;

4) კონსოლიდირებული ზედამხედველობა – ზედამხედველობის პროცესი, რომელიც გულისხმობს საბანკო სექტორის სტაბილურობის და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის (კომერციული ბანკების) ზედამხედველობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საბანკო ჯგუფის ნებისმიერი წევრისთვის ინდივიდუალურად ან/და საბანკო ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად (გაერთიანებულად) საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებას და საზედამხედველო უფლებამოსილებების/ქმედებების განხორციელებას;

5) საკრედიტო საინფორმაციო ბიურო – მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და გასცემს პირის შესახებ საკრედიტო ინფორმაციას;

6) ადმინისტრატორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის (გამგეობის) წევრი, აგრეთვე პირი, რომელიც უფლებამოსილია დამოუკიდებლად ანდა ერთ ან რამდენიმე პირთან ერთად საფინანსო სექტორის წარმომადგენლის სახელით აიღოს ვალდებულებები;

7) სესხის გამცემი სუბიექტი – ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება;

8) ერთობლივი საწარმო – საწარმო, რომელშიც ერთობლივი კონტროლის მქონე მხარეებს აქვთ წვდომა საქმიანობის წმინდა აქტივებზე. ერთობლივი საწარმო მოიცავს ერთობლივი საწარმოს შვილობილ საწარმოებსაც. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ერთობლივი კონტროლი გულისხმობს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ერთობლივ კონტროლს, რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც შესაბამის საქმიანობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ერთობლივად მაკონტროლებელ მხარეთა ერთსულოვან თანხმობას საჭიროებს.

9) ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი − იმ პირთა ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ან/და ერთმანეთის საწარმოებში ფლობენ აქციების/წილის 50%-ს ან 50%-ზე მეტს, ან/და ფლობენ ერთმანეთის სათავო საწარმოებს (სათავო ორგანიზაციებს) ან/და მათ შვილობილ საწარმოებს ან/და აფილირებულ საწარმოებს ან/და ერთობლივ საწარმოებს, ან/და რომლებიც ერთმანეთის პირველი რიგისა და მეორე რიგის კანონით მემკვიდრეები არიან.

10) საპენსიო სააგენტო − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საპენსიო სააგენტო.

საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №3702 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.363

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5946 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6320 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20  მარტის ორგანული კანონი  353  - ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის ორგანული კანონი  4188  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

საქართველოს 2017 წლის 10  მარტის  ორგანული  კანონი  №436  - ვებგვერდი, 22.03.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის  ორგანული  კანონი №1894   ვებგვერდი, 11.01.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 21  ივლისის ორგანული კანონი №3264  ვებგვერდი, 06.08.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 21  ივლისის ორგანული  კანონი №3320  –  ვებგვერდი, 07.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5687 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის ორგანული კანონი №6816 – ვებგვერდი, 22.07.2020წ.

     მუხლი 3. ეროვნული ბანკის ამოცანები და ფუნქციები

1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.

2. ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.

3. ეროვნული ბანკის ფუნქციებია:

ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად;

ბ) განახორციელოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობა;

გ) უზრუნველყოს ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირება;

დ) ფლობდეს, შეინახოს და განკარგოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები;

ე) იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი;

ვ) ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას;

ზ) განახორციელოს საქართველოს ფულის ნიშნების ემისია;

თ) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკა;

ი) (ამოღებულია - 29.05.2014, №2465).

1) განახორციელოს კომერციული ბანკის რეზოლუცია;

2) მონაწილეობა მიიღოს კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებასა და კრიზისის მართვაში;

კ) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

    მუხლი 4. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა

1. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა ორგანოებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მის საქმიანობაში ან განახორციელონ მონიტორინგი, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ეროვნული ბანკი ეკონომიკურად დამოუკიდებელია და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საკუთარი სახსრებით. ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებებზე. საქართველოს სახელმწიფო პასუხს არ აგებს ეროვნული ბანკის ვალდებულებებზე, გარდა ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ეროვნული ბანკი, მისი აქტივები, ქონება და შემოსავალი, აგრეთვე მის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ოპერაციები თავისუფლდება ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადის, სახელმწიფო გადასახდელის, მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟისაგან.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6017 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

    მუხლი 5. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში.

2. ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა ქვეყნების იმ ორგანოებთან, რომლებსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვთ. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ზედამხედველობასა და რეზოლუციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაციას, აგრეთვე ინფორმაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) გაცვლას იმ პირობით, რომ მხარეები დაიცავენ მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

21. რეზოლუციის საფუძვლების არსებობისას ეროვნულ ბანკს შეუძლია განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ განხორციელებული რეზოლუციის ან მისი ეკვივალენტური პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი არ განახორციელებს სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, თუ მათმა განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას, ფისკალურ სისტემას, საჯარო ინტერესს ან/და მათი განხორციელების შემთხვევაში არ იქნება უზრუნველყოფილი კომერციული ბანკის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა.

3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრიც არის თვითონ ეროვნული ბანკი ან საქართველო.

4. როგორც საქართველოს წარმომადგენელს, ეროვნულ ბანკს, უფლება აქვს, აიღოს ვალდებულებანი და აწარმოოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული ოპერაციები.

 

თავი II. ეროვნული ბანკის ორგანიზება და მმართველობა

    მუხლი 6. ეროვნული ბანკის ორგანიზება

1. ეროვნული ბანკი ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემაა.

2. ეროვნული ბანკი ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესებს.

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

    მუხლი 7. ეროვნული ბანკის მმართველობა

1. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 თვისა.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში სხვა შესაბამისი დარგის (გარდა ეკონომიკისა და ფინანსებისა) პროფესიონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს.

2 1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის) ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის 3 ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.

4. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

5. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

6. დასაშვებია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ხელახლა არჩევა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მაგივრად აირჩევა ახალი წევრი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების სრული ვადით.

7. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

8. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ:

ა) იგი აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;

ბ) მან დაკარგა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება ამ ორგანული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად;

გ) იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

დ) იგი გარდაიცვალა.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული წესით გათავისუფლდებიან თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები.

10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა, არ არის საჯარო მოსამსახურე.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6017 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

     მუხლი 8. ეროვნული ბანკის საბჭო

ეროვნული ბანკის საბჭო უმაღლეს ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას.

    მუხლი 9. ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებები

ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია:

ა) განიხილოს და დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვისა და განკარგვის ძირითადი პრინციპები;

ბ) დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი;

გ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი;

დ) შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები;

ე) განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური საქმიანობის ანგარიში და საფინანსო ანგარიშგებანი;

ვ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;

ზ) (ამოღებულია - 03.09.2015, №4188);

1) განსაზღვროს საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ძირითადი მიმართულებები;

თ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურა და დებულება;

ი) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

    მუხლი 10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობის განსაზღვრა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

    მუხლი 11. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადადგომა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არა უგვიანეს 2 თვისა.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება განცხადებაში მითითებული თარიღიდან.

    მუხლი 12. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომას, როგორც წესი, იწვევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. სხდომის მოწვევა შეიძლება აგრეთვე ნებისმიერ დროს ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს თვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

4. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის მონაწილე წევრს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხმა.

5. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომის ჩატარების წესებსა და პროცედურებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.

6. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც.

7. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითაც.

8. ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ.

    მუხლი 13. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ინტერესთა შეუთავსებლობა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა) იმავდროულად არ შეიძლება იყოს სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოსამსახურე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი.

2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები სახელმწიფო მოსამსახურეები არიან.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.

    მუხლი 14. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შემდგომი სამსახური

1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისგან გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს 6 თვის განმავლობაში ეკრძალებათ საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისგან გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდებათ არსებული თანამდებობრივი სარგოები.

    მუხლი 15. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებები

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი:

ა) ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ეროვნულ ბანკს მესამე პირებთან;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებს;

დ) ანაწილებს ფუნქციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის, აგრეთვე ეროვნული ბანკის მოხელეებს შორის;

ე) უფლებამოსილია დაესწროს საქართველოს მთავრობის სხდომას ხმის უფლების გარეშე;

ვ) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საშტატო ნუსხას და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობას;

1) განსაზღვრავს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოების ერთიან წესს;

ზ) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

1) განსაზღვრავს დამატებითი სარგებლის ოდენობას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით;

თ) ქმნის სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოებს (კომიტეტი, კომისია);

1) (ამოღებულია - 10.03.2017, №436);

ი) ასრულებს ამ ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

მუხლი 151. საკადრო უფლებამოსილება  

1. მხოლოდ ეროვნული ბანკია უფლებამოსილი:

ა) პირის ეროვნულ ბანკში დასაქმებისათვის დაადგინოს ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ეროვნულ ბანკში დასანიშნად შეარჩიოს და დანიშნოს პირი; დააწინაუროს და გადაიყვანოს იგი; განსაზღვროს ეროვნულ ბანკში დასაქმებულის პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკისათვის წინასწარ შეტყობინების ვადა არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა;

ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის თანამშრომლის მივლინებით გაგზავნის წესი, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა საჯარო სამსახურში არსებული ნორმების ფარგლებში;

გ) დაადგინოს ეროვნულ ბანკში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები.

2. ეროვნულ ბანკში დასაქმებისთვის კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

3. ეროვნულ ბანკში დასაქმებულის დაწინაურების, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, პრემირების, გადაყვანისა და პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე სამართლებრივ აქტებს გამოსცემს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

     მუხლი 16. (ამოღებულია)

    მუხლი 161. ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი 

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტს. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, შესაბამისი ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები.

2. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის ფუნქციაა საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

3. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) განიხილოს და შეიმუშაოს საფინანსო ზედამხედველობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;

ბ) განიხილოს საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა შენიშვნები ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

გ) განიხილოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის სფეროში შემავალი კონკრეტული შემთხვევები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

დ) ეროვნული ბანკის სტრუქტურულ ერთეულებს მოსთხოვოს და დადგენილ ვადაში მიიღოს ინფორმაცია საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

4. საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხოლო პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.

      მუხლი 162. ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი

1. ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი (შემდგომ − რეზოლუციის კომიტეტი) იქმნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით. რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები. რეზოლუციის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ აგრეთვე ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ამასთანავე, რეზოლუციის კომიტეტის სხდომას შეიძლება დაესწრონ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები ან/და მოწვეული პირები, თუ მათი დასწრება აუცილებელია შესაბამის საკითხზე ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად. რეზოლუციის კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხმის უფლება აქვთ მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს. რეზოლუციის კომიტეტს თავმჯდომარეობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რეზოლუციის კომიტეტის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით.

2. რეზოლუციის კომიტეტი ამტკიცებს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის გეგმებს, იღებს გადაწყვეტილებებს კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ, აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე, რისთვისაც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები.

3. რეზოლუციის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წელიწადში ერთხელ ან/და ეროვნული ბანკის საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს რეზოლუციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების, განხორციელებული სარეზოლუციო უფლებამოსილებებისა და მიმდინარე მდგომარეობის თაობაზე.

4. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სარეზოლუციო ფუნქციების საზედამხედველო ფუნქციებისა და სხვა ფუნქციებისგან საოპერაციო დამოუკიდებლობას, მათ შორის, ორგანიზაციული მოწყობის კუთხით, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით.

    მუხლი 17. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 3 ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები.

2. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ფუნქციაა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

3. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა;

ბ) განსაზღვროს ღია ბაზრის და სხვა ფულად-საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესები;

გ) დაადგინოს საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად-საკრედიტო ოპერაციებზე, გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა;

დ) (ამოღებულია - 03.09.2015, №4188) ;

1) განსაზღვროს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმები;

ე) შეასრულოს მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები.

4. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას და არ უნდა იყოს გადამწყვეტი ისეთი მოკლევადიანი მიზნების მიღწევა, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობაზე.

5. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხოლო პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.

    მუხლი 171. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი 

1. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი შედგება ეროვნული ბანკის საბჭოს 3 არააღმასრულებელი წევრისაგან. აუდიტის კომიტეტის წევრი აირჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით.

2. აუდიტის კომიტეტის შემადგენლობას და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. აუდიტის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და ზედამხედველობს ეროვნული ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტისა და გარე აუდიტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

4. აუდიტის კომიტეტის საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.

    მუხლი 18. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახური

1. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება განმეორებითი ვადითაც დაინიშნოს.

2. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არის საქართველოს მოქალაქე, პროფესიონალი ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში ან/და საბანკო საქმეში და გამორჩეული პატიოსნებით.

3. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის) ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

4. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ:

ა) მას ამოეწურა უფლებამოსილების 7-წლიანი ვადა;

ბ) იგი პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა თანამდებობიდან. ამის თაობაზე მან გადადგომამდე 1 თვით ადრე უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს;

გ) მას წარმოეშვა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობა;

დ) იგი გარდაიცვალა.

5. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან შეიძლება გათავისუფლდეს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ახორციელებდა უფლებამოსილებას.

6. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის წინაშე.

7. ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის ფუნქციებია:

ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი;

ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მოხსენების წარსადგენად შეადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურების და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ;

გ) ჩაატაროს ეროვნული ბანკის პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება.

საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის  ორგანული  კანონი №1894    ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 181. (ამოღებულია)

    მუხლი 19. ეროვნული ბანკის პერსონალის შრომის ანაზღაურება

1. ეროვნული ბანკის მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

11. (ამოღებულია - 10.03.2017, №436).

2. ეროვნული ბანკის მიერ ასანაზღაურებელი თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და სხვა გასაცემლების ოდენობა არ უნდა უკავშირდებოდეს ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავალს.

    მუხლი 20. პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ და ყოფილ წევრებს, ეროვნული ბანკის თანამშრომელს და აუდიტორს არ აქვთ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, აგრეთვე უფლება − გათქვან, გაავრცელონ ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენონ ასეთი ინფორმაცია.

2. (ამოღებულია - 29.05.2014, №2465).

3. ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ ცნობები, აგრეთვე მესამე პირების შესახებ ცნობები შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გარდა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდებისა და ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობები გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში.

5. ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის, სტატისტიკური ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.

51(ამოღებულია - 10.03.2017, №436).

52(ამოღებულია - 10.03.2017, №436).

6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ან კომერციული ბანკის რეზოლუციას ან ლიკვიდაციას, უფლება არა აქვთ, იყვნენ საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს დროებით ადმინისტრატორად, ლიკვიდატორად ან სპეციალურ მმართველად. თუ ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის საზედამხედველო უფლებამოსილებას ან სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ან რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით. მას ასევე უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა ან რეზოლუცია, რომლის წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ოჯახის წევრია ან ახლო ნათესავია.

7. ეროვნული ბანკის თანამშრომელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი ეროვნული ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან, თავისი ან ნებისმიერი სხვა პირის სახელით, რომელთანაც მას ახლონათესაური, სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აკავშირებს.

8. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, აგრეთვე ეროვნული ბანკის თანამშრომელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით აცნობოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის, სასესხო ვალდებულების ან/და სხვა მატერიალური ვალდებულების თაობაზე, რომელიც ჯამში 10000 ლარს აღემატება.

9. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და ეროვნული ბანკის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილი, იმოქმედონ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული იმ მითითებების ან/და ინსტრუქციების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია, ეროვნული ბანკის გარდა, ნებისმიერი სხვა პირისაგან.

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

 

თავი III. საფინანსო დებულებები

    მუხლი 21. ეროვნული ბანკის კაპიტალი

1. ეროვნული ბანკის კაპიტალი შედგება საწესდებო კაპიტალისა და საერთო სარეზერვო ფონდისაგან.

2. ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალია 15,000,000 ლარი.

3. ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდის წყაროა წმინდა მოგება.

    მუხლი 22. ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი

1. ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი იქმნება წლის წმინდა მოგებიდან, ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლში მოცემული განაწილების შესაბამისად.

2. ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის წმინდა ზარალის დასაფარავად.

3. საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ.

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2186 - სსმ I, №40, 07.12.2009 წ., მუხ.287

    მუხლი 23. ეროვნული ბანკის სპეციალური რეზერვები

1. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის წმინდა მოგებიდან შეიძლება შეიქმნას:

ა) ეროვნული ვალუტის კურსის სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ კურსის ცვლილების გამო მოსალოდნელი ზარალის დასაფარავი რეზერვი;

ბ) აქტივების ფასის ცვლილებით გამოწვეული ზარალის დასაფარავი რეზერვი;

გ) სხვა სპეციალური რეზერვები.

2. სპეციალური რეზერვები გამოიყენება შესაბამისი ზარალის დასაფარავად.

    მუხლი 24. ეროვნული ბანკის წმინდა მოგების გამოანგარიშება

ყოველი საფინანსო წლისათვის ეროვნული ბანკის წმინდა მოგება გამოიანგარიშება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, როგორც წმინდა საოპერაციო მოგების ან ზარალის და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგების ან ზარალის ჯამი. წმინდა საოპერაციო მოგება ან ზარალი მიიღება საანგარიშგებო წლის შემოსავლის თანხიდან ძირითადი საქმიანობის წარმართვისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების გამოქვითვით.

    მუხლი 25. ეროვნული ბანკის წმინდა მოგების განაწილება

თუ ეროვნულ ბანკს საფინანსო წლის დასრულების შემდეგ აქვს წმინდა მოგება, იგი უნდა განაწილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) თუ წმინდა მოგება შედგება წმინდა საოპერაციო მოგებისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგებისაგან, გადაფასებით გამოწვეული არარეალიზებული მოგება მიიმართება გადაფასების შესაბამის სპეციალურ რეზერვში. თუ წმინდა მოგებაში ჩართულია გადაფასების არარეალიზებული ზარალი, იგი კომპენსირდება გადაფასების რეზერვის ანგარიშიდან. თუ წმინდა მოგება შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგებისაგან, წმინდა მოგება მიიმართება გადაფასების შესაბამის სპეციალურ რეზერვში;

ბ) წმინდა მოგების დარჩენილი თანხით უნდა შეივსოს ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი, ვიდრე მისი მოცულობა არ გაუთანაბრდება შესაბამისი საფინანსო წლის ბოლოს არსებული სარეზერვო ფულის ოდენობის 15 პროცენტს. ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების დარჩენილი თანხით ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდის მოცულობის, შესაბამისი საფინანსო წლის ბოლოს არსებული სარეზერვო ფულის ოდენობის 15 პროცენტზე ნაკლები ოდენობით შევსების შესახებ;

გ) საფინანსო წლის დარჩენილი წმინდა მოგება უნდა გადაირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დასრულებიდან 6 თვის ვადაში.

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2186 - სსმ I, №40, 07.12.2009 წ., მუხ.287

    მუხლი 26. ეროვნული ბანკის წმინდა ზარალის განაწილება

1. თუ ეროვნული ბანკი ნებისმიერ საფინანსო წელს გასწევს წმინდა ზარალს, იგი უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:

ა) თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა ზარალისაგან, წმინდა საოპერაციო ზარალის თანხა დაერიცხება საერთო სარეზერვო ფონდს და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული ზარალის თანხა განაწილდება გადაფასების რეზერვის ანგარიშებზე. თუ ამ სახის განაწილების შედეგად გადაფასების რეზერვის ანგარიშები უარყოფითი გახდება, უარყოფითი ნაშთი გადანაწილდება საერთო სარეზერვო ფონდში;

ბ) თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო მოგებისა და უფრო დიდი წმინდა არარეალიზებული გადაფასების ზარალის ჯამისაგან, გადაფასების ზარალი კომპენსირდება გადაფასების რეზერვის ანგარიშებიდან. დარჩენილი ზარალი გადანაწილდება საერთო სარეზერვო ფონდში;

გ) თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების წმინდა არარეალიზებული მოგებისაგან, ზარალი დაერიცხება საერთო სარეზერვო ფონდს;

დ) თუ აღნიშნული განაწილების შემდეგ ეროვნული ბანკის კაპიტალი საწესდებო კაპიტალზე ნაკლები გახდება, არსებული დეფიციტის დასაფარავად (ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის შესავსებად) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკს საკუთრებაში გადასცემს მიმოქცევად (საბაზრო) სახელმწიფო სავალო ვალდებულებებს წარმომდგენზე იმ ვადითა და პირობებით, რომლებიც სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვადისა და პირობების ანალოგიური იქნება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდები უნდა გამოუშვას უპირობოდ, ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დასრულებიდან 5 თვის ვადაში. ეს ფასიანი ქაღალდები მათი გამოშვების შემდეგ უნდა აისახოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

თავი IV. ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ფუნქციები და ოპერაციები

    მუხლი 27. ეროვნული ბანკის საკუთარი ფასიანი ქაღალდები

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების მიზნით გამოუშვას საკუთარი ფასიანი ქაღალდები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

    მუხლი 28. ოპერაციები ღია ბაზარზე

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აწარმოოს ოპერაციები ღია ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებითა და ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების პირდაპირი შეძენის ან გაყიდვის გზით ან მათი შემდგომში გასხვისების ან გამოსყიდვის პირობით (რეპო და უკურეპო ოპერაციები).

    მუხლი 29. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის დააწესოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით და რომელთა ეროვნულ ბანკში შენახვა შეიძლება სავალდებულო გახდეს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით.

2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმებს განსაზღვრავს, მათი გაანგარიშებისა და დაცვის წესს, აგრეთვე მათი დარღვევისათვის სანქციებს აწესებს ეროვნული ბანკი. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის დარღვევისათვის სანქციის სახით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. თუ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები ეროვნულ ბანკშია განთავსებული, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების თანხაზე პროცენტების გადახდის შესახებ.

    მუხლი 30. ეროვნული ბანკის სადისკონტო ოპერაციები

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები კომერციულ ბანკთან და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს სადისკონტო ოპერაციებით შესყიდული ფასიანი ქაღალდები.

    მუხლი 31. ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები

1. ეროვნულ ბანკს შეუძლია გასცეს კრედიტები კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე, რომლებსაც ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში, თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი უზრუნველყოფით.

2. კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

4. ეროვნულ ბანკს შეუძლია ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე და მის მიერ დადგენილი პირობებით გასცეს სესხი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოზე.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლიკვიდობის მწვავე უკმარისობის დროს, შესაბამისი უზრუნველყოფით. ეს სესხი მაქსიმალურად მოკლევადიანი უნდა იყოს და მისი ვადა 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სესხის საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს საბაზროსთან მიახლოებული და არანაკლებ ეროვნული ბანკის ერთდღიანი მუდმივმოქმედი სესხის განაკვეთისა.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №858 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

     მუხლი 32. კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, სარეზოლუციო ფონდისა და საპენსიო სააგენტოს ანგარიშები ეროვნულ ბანკში

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეების და საპენსიო სააგენტოს ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისათვის გახსნას ანგარიში − სარეზოლუციო ფონდი.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 21  ივლისის ორგანული  კანონი №3264  –  ვებგვერდი, 06.08.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

    მუხლი 33. ბოლო ინსტანციის კრედიტორი

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, კომერციულ ბანკზე, ამ კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხებისთვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთებზე მეტი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი აქტივებით.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა. ამ პუნქტით განსაზღვრული სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო;

ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისიარ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით;

გ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც, მათ შორის, მოიცავს დაფინანსების გეგმას;

დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარმოდგენა;

ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნები უნდა დაუწესოს.

4. ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ბოლო ინსტანციის სესხების გაცემის წესებსა და დამატებით პირობებს.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

    მუხლი 331 . ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების შესრულების ინფორმაციული უზრუნველყოფა

1. ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების შესრულების ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისაგან მოითხოვოს მონეტარული, საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკების წარმოებისათვის საჭირო სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშგება, აგრეთვე სხვა აუცილებელი ინფორმაცია.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისაგან მოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია ექსკლუზიურად სტატისტიკური ფუნქციების შესასრულებლად.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

 

თავი V. გადახდის საშუალებები

    მუხლი 34. ფულის ერთეული

1. საქართველოს ფულის ერთეულია „ლარი“. ლარი შედგება 100 „თეთრისაგან“.

2. ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

21. მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.

22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

2 3. საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება ხდება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე. თანხის დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე დამრგვალებას.

2 4. თანხის დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი დგინდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.

3. ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ლარის ბანკნოტები და მონეტები არის ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება ნომინალური ღირებულებით, გარდა იმ ბანკნოტებისა და მონეტებისა, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან/და განეკუთვნება ნუმიზმატიკურ ფასეულობას.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №3702 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.363

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი 238 - ვებგვერდი, 13.01.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 21  ივლისის ორგანული კანონი №3313  ვებგვერდი, 31.07.2018წ.

     მუხლი 35. ემისია

1. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს როგორც მიმოქცევისათვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ემისიის უფლება. ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე საავტორო უფლებების მფლობელია ეროვნული ბანკი.

2. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნომინალს, ზომას, წონას, რაოდენობას, მასალასა და სხვა მახასიათებლებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.

21. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გაფორმებასა და დიზაინს შეიმუშავებს და საკუთარი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. ლარის არსებული ნომინალის ბანკნოტისა და მონეტის დიზაინის, მასალის ან/და მასზე დატანილი წლის ცვლილების, ან ლარის ახალი ნომინალის შემოღების შემთხვევაში მათი მიმოქცევაში გაშვება ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით.

4. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ემისია უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად აკრძალულია.

5. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მოახდინოს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

6.  ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისა და რეალიზაციის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

7. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებს და მათი მიღება-გამოცვლის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №4315 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.

     მუხლი 36. ფულის ნიშნებისა და სხვა ფასეულობების შენახვა და განადგურება

1. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს როგორც ფულის ნიშნების, ისე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისათვის საჭირო ორიგინალური მასალებისა და სხვა ფასეულობების საიმედო შენახვას.

2. მხოლოდ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების და მათი დამზადებისათვის საჭირო ორიგინალური მასალების განადგურებას.

3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების ან მათი შემდგომი გამოყენების წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

    მუხლი 37. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიმოქცევიდან ამოღება და შეცვლა

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მიმოქცევიდან ამოიღოს და შეცვალოს ემიტირებული ლარის ბანკნოტები და მონეტები.

2. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიმოქცევიდან ამოღებისა და შეცვლის წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული გამოცვლის ვადის დასრულების შემდეგ გამოსაცვლელი ლარის ბანკნოტები და მონეტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, წყვეტს მოქმედებას.

    მუხლი 38. ფულის ნიშნების მარაგი და ემისიის გეგმა

ეროვნული ბანკი უშუალოდ აკონტროლებს ნაღდი ფულის მარაგს, ადგენს მისი ემისიის გეგმას, უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკას ლარის ბანკნოტებითა და მონეტებით.

    მუხლი 39. ყალბი ფულის ნიშნები და ფულის ნიშნების რეპროდუცირება

1. ფულის ნიშნების გაყალბება აკრძალულია და ისჯება კანონით.

2. ყალბი ფულის ნიშნები მიმოქცევიდან ამოიღება და არ ანაზღაურდება.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

4. ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ექსპერტია უცხოური ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ნამდვილობის დადგენის საქმეში.

5. საქართველოს ტერიტორიაზე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

თავი VI. საერთაშორისო რეზერვები

    მუხლი 40. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები

1. ეროვნული ბანკი ფლობს, ინახავს და მართავს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი აქტივებისაგან:

ა) მონეტარული ოქრო;

ბ) უცხოური ვალუტა მონეტებისა და ბანკნოტების სახით;

გ) სხვა ქვეყანაში საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები;

დ) საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხების სპეციალური უფლებები (SDR) და სარეზერვო პოზიცია სავალუტო ფონდში;

ე) უცხოური ვალუტით დენომინირებული და ასანაზღაურებელი თამასუქები და სადეპოზიტო სერტიფიკატები;

ვ) უცხო ქვეყნების, ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებები;

ზ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი დერივატივები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ, მათი შემდგომი გასხვისების პირობით (უკურეპო ოპერაციები); 

თ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მართვის ამოცანების შესასრულებლად ისესხოს უცხოური ვალუტა  საკუთარი  სახელით,  1  წლამდე  ვადით,  საერთაშორისო რეზერვებში შემავალი აქტივების უზრუნველყოფით, ან დადოს შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების გასხვისების შესახებ, მათი ან მათი ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდების წინასწარ შეთანხმებულ ფასად შემდგომი გამოსყიდვის პირობით (რეპო ოპერაციები).

 

თავი VII. ეროვნული ბანკის ურთიერთობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან

    მუხლი 41. ბანკირი და ფისკალური აგენტი

1. ეროვნული ბანკი ასრულებს საქართველოს მთავრობის ბანკირისა და ფისკალური აგენტის როლს.

2. ეროვნული ბანკის მოვალეობაა, საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ ან მისი კომპეტენციის სფეროში შემავალ ყველა საკითხზე.

    მუხლი 42. კონსულტაციები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ატარებს კონსულტაციებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ, რომლებიც მოიცავს:

ა) მთლიანი შემოსულობების მოცულობასა და სტრუქტურას;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის მოცულობასა და სტრუქტურას;

გ) ფინანსური აქტივების ცვლილებას;

დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურას.

2. კონსულტაციები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას მომდევნო საფინანსო წელს სახელმწიფო სექტორისათვის საშინაო და საგარეო სესხების მიღების გეგმების შესახებ, მათ შორის, საკრედიტო სახსრების მოცულობის შეთანხმების, მათი მიღებისა და განაწილების და სესხების მოსალოდნელი პირობების საკითხებზე. საქართველოს ცენტრალურმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა აცნობონ ეროვნულ ბანკს აღებული სავალო ვალდებულებების შესახებ.

3. კონსულტაციების შედეგად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას უგზავნის დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

    მუხლი 43. სადეპოზიტო ფუნქციები

1. ეროვნული ბანკი იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დეპოზიტებს. დეპოზიტარის როლში ეროვნული ბანკი იღებს და გასცემს ფულად სახსრებს, აღრიცხავს და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა საფინანსო მომსახურებას. საგადახდო საბუთების საფუძველზე ეროვნული ბანკი აღნიშნულ ანგარიშებზე დეპონირებული თანხების ფარგლებში გასცემს თანხას. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი დეპოზიტების მიხედვით პროცენტების გადახდის შესახებ.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ნება დართოს სხვა საფინანსო დაწესებულებებს, მიიღონ ასეთი დეპოზიტები მის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

    მუხლი 44. საფინანსო აგენტის ფუნქციები

ეროვნულ ბანკს შეუძლია თავად შეასრულოს სახელმწიფო დაწესებულებების საფინანსო აგენტის როლი შემდეგ საკითხებზე:

ა) მათ მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებების რეალიზება, მათ შორის, ტრანსფერული აგენტის ან სხვა საჭირო ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება;

ბ) ძირითადი თანხებისა და პროცენტების გაცემა, ფასიანი ქაღალდების მიხედვით სხვა გადახდების წარმოება;

გ) მათი ანგარიშებიდან საგადახდო ოპერაციების შესრულება;

დ) ეროვნული ბანკის ფუნქციების შესაბამისი სხვა საკითხები.

    მუხლი 45. ეროვნული ბანკისათვის მისაწოდებელი ინფორმაცია

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სახელმწიფო დაწესებულებისა და სხვა ნებისმიერი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს მისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ყველა აუცილებელი სტატისტიკური, საბუღალტრო და სხვა ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).

    მუხლი 46. ეროვნული ბანკის ფინანსური დახმარების უფლება

1. ეროვნული ბანკი ფინანსურად არ ეხმარება საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებს, გარდა ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დივიდენდის გაცემის შემთხვევისა. ეროვნული ბანკი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენას მხოლოდ მეორეულ ბაზარზე.

2. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, პირველად ბაზარზე შეისყიდოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მხოლოდ მის პორტფელში უკვე არსებული ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ, თუ მათი დაფარვის დღე ემთხვევა ახალი ფასიანი ქაღალდების ემისიის დღეს. შეძენა უნდა განხორციელდეს აუქციონზე დაფიქსირებულ საშუალოშეწონილ ფასად. თითოეული აუქციონის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდების მოცულობა წარმოადგენს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების დამატებით ემისიას და არ უნდა აღემატებოდეს ამ აუქციონზე გაყიდული ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობის 20%-ს.

 

თავი VIII. ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება

საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის  ორგანული  კანონი №1894    ვებგვერდი, 11.01.2018წ.

    მუხლი 47. ეროვნული ბანკის ამოცანები და მიზნები საფინანსო სექტორის ზედამხედველობის თვალსაზრისით

ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლს, პოტენციური რისკების შემცირებას.

     მუხლი 48. ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება

1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

2. (ამოღებულია - 23.12.2018, №1894).

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები და შესაბამისი შეზღუდვები, გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან/და სანქციები.

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, ეროვნული ბანკი აგრეთვე უფლებამოსილია პირს უარი განუცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, თუ:

ა) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას;

ბ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციის სავალდებულო გადაწყვეტილებით ან/და რეკომენდაციით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა ან/და შეუსრულებლობა;

გ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევა;

დ) დაინტერესებულმა პირმა ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში არ წარუდგინა მას სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის დასაწყებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო თანხის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ;

ე) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით დაინტერესებული პირი (სუბიექტი, ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე) არღვევს სამეწარმეო, საბანკო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას;

ვ) დაინტერესებული იურიდიული პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა და მმართველობის სტრუქტურა ან/და საოპერაციო საქმიანობა/გარემო საკმარისად გამჭვირვალე არ არის, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელება ან/და საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.

[ 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, ეროვნული ბანკი აგრეთვე უფლებამოსილია პირს უარი განუცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტად რეგისტრაციაზე, ლიცენზირებაზე, ავტორიზაციაზე, აღიარებაზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, თუ:

ა) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას;

ბ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციის სავალდებულო გადაწყვეტილებით ან/და რეკომენდაციით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა ან/და შეუსრულებლობა;

გ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ, ლიცენზირებამ, ავტორიზაციამ, აღიარებამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების დარღვევა;

დ) დაინტერესებულმა პირმა ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში არ წარუდგინა მას სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის დასაწყებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შესრულებისთვის საჭირო თანხის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მნიშვნელოვანი წილის შეძენისთვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ;

ე) ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაინტერესებული პირი (სუბიექტი, ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ბენეფიციარი მესაკუთრე) არღვევს სამეწარმეო, საბანკო ან/და საფინანსო კანონმდებლობას ან/და ახორციელებს ისეთ სამეწარმეო პრაქტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის ან რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის ჯანსაღ ფუნქციონირებას;

ვ) დაინტერესებული იურიდიული პირის ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა და მმართველობის სტრუქტურა ან/და საოპერაციო საქმიანობა/გარემო საკმარისად გამჭვირვალე არ არის, რამაც შეიძლება შეაფერხოს ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელება ან/და საფრთხე შეუქმნას კონკრეტული სუბიექტის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას.  (ამოქმედდეს 2020 წლის 19  ოქტომბრიდან)]

41. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელს მოსთხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლის კაპიტალის წარმოშობის წყაროების, მფლობელობის სტრუქტურის, მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ);

ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია და ჩამოართვას ლიცენზია;

[ ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს გარკვეული ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, დააკისროს ფულადი ჯარიმა, გაუუქმოს რეგისტრაცია, ავტორიზაცია, აღიარება და ჩამოართვას ლიცენზია;  (ამოქმედდეს 2020 წლის 19  ოქტომბრიდან)]

გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება, დააკისროს ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება;

დ) კომერციულ ბანკებს მიაწოდოს იმ პირთა სია, რომელთა საქმიანობა შეიცავს ან შეიძლება შეიცავდეს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების რისკს;

ე) მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის ან არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში საფინანსო სექტორის წარმომადგენელს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად დააკისროს სანქცია.

42. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნის დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისთვის დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

43. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.

44. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამო ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან.

7. ამ კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ან ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით შესაძლებელია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად განისაზღვროს ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის (მათ შორის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულისგან განსხვავებული ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის) გამოყენების წესი და პირობები და მათი იურიდიული ძალა.

7 1. ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტსა და ეროვნულ ბანკს შორის მიმოწერა/ურთიერთობა შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ამ ფორმებს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტთან მიმოწერის/ურთიერთობის განხორციელების დროს ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების წესი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.

8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისაგან მიიღოს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოგზავნილი ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის მქონე ელექტრონული დოკუმენტი. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების საკითხი რეგულირდება ეროვნულ ბანკსა და ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულებით.

9. თუ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისათვის მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ან ვიცე-პრეზიდენტს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის სხვა საშუალებებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 დღეს.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს უფლება აქვს, შეიმუშაოს და ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა. ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კონკრეტული მომსახურების გაწევისას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ ელექტრონულ ხელმოწერას აქვს მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა. აღნიშნული ელექტრონული ხელმოწერით დამოწმებული ელექტრონული დოკუმენტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტის მატერიალურ ფორმას მოითხოვს.

11. თუ სუბიექტი აპირებს გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა, რომლის იურიდიული ძალა აღიარებულია კანონის საფუძველზე და რომლის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკა ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული არ არის, სუბიექტი ვალდებულია ასეთი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შესახებ წინასწარ შეატყობინოს ეროვნულ ბანკს.

12. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენელს დაუდგინოს მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.

13. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორთან დაკავშირებული ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის პროექტი გამოაქვეყნოს მის დამტკიცებამდე დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარების მიღების მიზნით. ეს არ ეხება იმ ნორმატიული აქტის პროექტს, რომლის მიღება აუცილებელია რეზოლუციის მიზნებისთვის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ან/და რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედდეს.

14. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია) მიაწოდოს აღნიშნული სუბიექტის შემფასებელს და აუდიტორს (აუდიტორულ ფირმას). ამ უფლებამოსილებას ეროვნული ბანკი იყენებს საზედამხედველო მოთხოვნების ან/და სარეზოლუციო მოთხოვნების ჯეროვნად შესრულების ხელშეწყობის ან/და შეფასების მიზნით, აგრეთვე სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში. არავის არ აქვს უფლება, მოსთხოვოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენა. ეროვნული ბანკის მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება/მიუწოდებლობა არ შეიძლება გახდეს აღნიშნული სუბიექტის შემფასებლის მიერ შეფასების ან აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ აუდიტის არაჯეროვნად განხორციელების საფუძველი. შემფასებელი და აუდიტორი (აუდიტორული ფირმა) ვალდებული არიან დაიცვან ეროვნული ბანკისგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, გამოსცეს სამართლებრივი აქტები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6017 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6320 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 6  მარტის ორგანული კანონი  262  - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

    მუხლი 481 . (ამოღებულია)

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6320 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

     მუხლი 482 . საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა

1. ეროვნული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, მინიმალური მოთხოვნების დადგენის, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით.

2. ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. ეროვნული ბანკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საკითხებს.

4. ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი სისტემისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმების, მინიმალური კაპიტალის და დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით.

41. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ადმინისტრატორისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 483. საკრედიტო საქმიანობა და საბანკო საქმიანობა 

1. არავის აქვს უფლება, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები.

2. მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს უფლება არა აქვს, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო – საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის, მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.

3.  (ამოღებულია - 21.07.2018, №3320)

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება:

ა) ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებაზე;

ბ) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე;

გ) „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სადაზღვევო საქმიანობაზე;

დ) „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ არასახელმწიფო საპენსიო სქემაზე;

ე) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბროკერო კომპანიის საქმიანობაზე;

ვ) ფიზიკური პირის მიერ სესხის სხვა არამეწარმე ფიზიკურ პირზე გაცემაზე;

ზ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ სესხის ამ საწარმოზე გაცემაზე;

თ) საწარმოს პარტნიორის/აქციონერის მიერ ამ საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე;

ი) „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ელექტრონულ ფულთან დაკავშირებულ მომსახურებაზე;

[ 1 ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე;  (ამოქმედდეს 2020 წლის 19  ოქტომბრიდან)]

კ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე. 

    მუხლი 49. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნებისა და შეზღუდვების დაწესებას, საზედამხედველო ზომებისა და სანქციების გამოყენებას;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო მესაკუთრეების, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

1) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) კომერციული ბანკის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ და სამართლებრივი აქტით დაუწესოს მათ დამატებითი მოთხოვნები;

გ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში მასალები შესაბამის ორგანოებს გადაეცემა;

დ) კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;

ე) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია;

ვ) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის ნორმატიული აქტით დაადგინოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები, განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

ზ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან;

თ) (ამოღებულია - 20.12.2019, №5654);

1) განიხილოს და შეაფასოს კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული და წარდგენილი გაჯანსაღების გეგმა, აგრეთვე მოსთხოვოს მას გაჯანსაღების გეგმაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2) კომერციული ბანკის მიმართ გამოიყენოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადრეული ინტერვენციის ზომა;

ი) (ამოღებულია - 20.12.2019, №5654);

1(ამოღებულია - 20.12.2019, №5654);

კ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით კომერციული ბანკებისათვის დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები: საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, დამატებით დაუწესოს დასვენების დღეები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეები გამოაცხადოს საბანკო დღეებად; დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები ან/და გაათავისუფლოს შეზღუდვებისაგან და განახორციელოს სხვა ქმედება, რომელიც აუცილებელია საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის;

1) ამ კანონის 551 მუხლით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად და რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განსახორციელებლად დაადგინოს გამარტივებული საზედამხედველო მოთხოვნები;

ლ) თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;

მ) კომერციული ბანკის საქმიანობას ზედამხედველობა გაუწიოს რისკზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე.

2. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების დროებით ადმინისტრატორს და ლიკვიდატორს ნიშნავს ეროვნული ბანკი. ისინი ანგარიშვალდებული არიან ეროვნული ბანკის წინაშე. დროებით ადმინისტრატორსა და ლიკვიდატორზე გადადის კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას განუსაზღვროს კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი.

4. (ამოღებულია - 23.12.2017, №1894).

5. კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით შეიძლება გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადდეს.

6. ეროვნული ბანკი საერთაშორისო ფინანსური კომპანიის შემოწმებას ახორციელებს თავის მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, მხოლოდ იმ შეზღუდვების დაცვის შესამოწმებლად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისათვის.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

    მუხლი 491. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობა

1. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის მიზანია საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის (კომერციული ბანკების) ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა.

2. საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) შეამოწმოს საბანკო ჯგუფი, განახორციელოს ინსპექტირება როგორც ადგილზე შემოწმებით, ისე დისტანციური ზედამხედველობით, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი როგორც ინდივიდუალურად, ისე კონსოლიდირებულად;

ბ) სრულად მიუწვდებოდეს ხელი საბანკო ჯგუფის თითოეული წევრის სამეთვალყურეო საბჭოს, მენეჯმენტისა და თანამშრომლების შესახებ მონაცემებსა და დოკუმენტებზე;

გ) შეაფასოს საბანკო ჯგუფის რისკების პროფილი, რისკების მართვის ჩარჩო და საბანკო ჯგუფის შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა. შეფასების ფარგლებში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საბანკო ჯგუფის წევრისგან, აგრეთვე საბანკო ჯგუფთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისგან მოითხოვოს და მიიღოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საბანკო ჯგუფის და საბანკო ჯგუფთან დაკავშირებული სხვა პირის შესახებ, როგორც ინდივიდუალურად, ისე კონსოლიდირებულად, მათგან მომდინარე რისკების და საბანკო ჯგუფზე მათი გავლენის შეფასების მიზნით;

დ) დაადგინოს საბანკო ჯგუფის სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, მათ შორის, მოითხოვოს კომერციული ბანკის მფლობელობის სტრუქტურის ან/და საბანკო ჯგუფის სტრუქტურის შეცვლა (გამარტივება), თუ სტრუქტურის სირთულე აფერხებს ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას ან/და საფრთხეს უქმნის ან შეიძლება საფრთხე შეუქმნას კომერციული ბანკის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას;

ე) საბანკო ჯგუფში შემავალი კომერციული ბანკის (კომერციული ბანკების) ან/და საბანკო ჯგუფის ერთი ან/და კონსოლიდირებულად რამდენიმე წევრის მიმართ დაადგინოს:

ე.ა) მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები;

ე.ბ) ლიკვიდობის მოთხოვნები;

ე.გ) მსხვილი რისკებისა და ინტერესთა კონფლიქტის მართვის შესაბამისი მოთხოვნები;

ე.დ) სხვადასხვა სახეობის კაპიტალის კლასიფიცირებულ აქტივებთან თანაფარდობა;

ე.ე) ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ე.ვ) კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ე.ზ) ანგარიშგებასა და აუდიტთან დაკავშირებული მოთხოვნები;

ე.თ) ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები;

ე.ი) სხვა, დამატებითი მოთხოვნები.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო ჯგუფის რისკებიდან გამომდინარე, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების ან/და შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში კომერციულ ბანკს დაუწესოს მოთხოვნები ან/და გასცეს წერილობითი მითითებები.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს საბანკო ჯგუფის კონსოლიდირებული ზედამხედველობის წესი.

    მუხლი 50. მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის ზედამხედველობა

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის წარმოშობის წყაროების და მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ);

გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს;

დ) შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან/და სახსრების მოზიდვა, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა;

ვ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები;

ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მას ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება;

თ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების კლასიფიკაციის და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;

ი) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი ფორმირების წესი;

კ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი.

2. ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით.

3. ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავის მიერ დადგენილი წესით.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 501. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვა

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომსახურების გაწევისას მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლითი კურსის და მომსახურების საკომისიოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობის შესახებ.

2. ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმება და გადაცვლილი ვალუტის დაბრუნება შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

3. ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების და ვალუტის გადაცვლის ოპერაციის გაუქმების წესს.

    მუხლი 51. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3 53  – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

    მუხლი 52. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) დაარეგულიროს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას და მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები; უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა;

ბ) გასცეს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების ლიცენზიები;

გ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუდგინოს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები;

დ) დაამტკიცოს ემისიის პროსპექტი;

ე) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობის მონიტორინგი, შემოწმება, გამოკვლევა;

1) ამ კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ან/და ინვესტორთა ინტერესებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნის შემთხვევაში, აგრეთვე შესაბამისი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში სხვა ქვეყნის იმ ორგანოსგან მიღებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რომელსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვს, ნებისმიერი პირისგან თავის მიერ დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ახსნა-განმარტება წერილობითი ან/და ზეპირი ფორმით;

ვ) თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს, შეცვალოს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას;

თ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს და სხვა პირებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

    მუხლი 521. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობა

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ფინანსური სტაბილურობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ინფორმაციის დაცულობის/უსაფრთხოების და საქმიანობის უწყვეტობის მიზნებისათვის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების (მათ შორის, ფინანსური და საოპერაციო მოთხოვნების), შეზღუდვების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) და სანქციების დაწესებას და ამ მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების გამოცემას.

2. მეწარმე სუბიექტი, რომელიც აპირებს განახორციელოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობა, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

3. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიაწოდოს სესხის/კრედიტის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

4. ეროვნული ბანკი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ინფორმაციის საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესებს.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ამ კანონით ან/და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის ამ კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს თავის მიერ დადგენილი წესით დააკისროს ფულადი ჯარიმა.

    მუხლი 522. სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობის ზედამხედველობა

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.

2. სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესები დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ კანონისა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების ან/და მოთხოვნების დარღვევისათვის სესხის გამცემ სუბიექტს დააკისროს სანქცია (მათ შორის, ფულადი ჯარიმა) თავის მიერ დადგენილი წესით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელზე;

ბ) მეწარმე სუბიექტის მიერ სესხის საწარმოს პარტნიორზე/აქციონერზე ან/და თანამშრომელზე გაცემაზე.

5. სესხის გამცემი სუბიექტი (მეწარმე სუბიექტი) ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოებასთან და ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი მოთხოვნები.

მუხლი 523. საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობა 

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციული რეგულირება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ბ) პერიოდულად შეამოწმოს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ ლიმიტებთან შესაბამისობა;

გ) განსაზღვროს ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან დამატებითი მოთხოვნები ფინანსური ინსტრუმენტების ემიტენტების მიმართ, რომლებშიც შეიძლება საპენსიო სააგენტომ განახორციელოს ინვესტირება;

დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს მისცეს სავალდებულო მითითება ან/და საჯარო რეკომენდაცია არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ, გონივრული ვადების მითითებით;

ე) განახორციელოს საპენსიო სააგენტოს სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს;

ზ) აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;

თ) განსაზღვროს მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან/და დამატებითი მოთხოვნები საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის);

ი) მოახდინოს საპენსიო სააგენტოს, სპეციალიზებული დეპოზიტარის და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ადგილზე შემოწმება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

კ) განიხილოს და გამოსცეს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციულ რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ) განახორციელოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

     [მუხლი 52 4 . საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ზედამხედველობა

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობას, განახორციელოს საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია ან რეგისტრაცია, აღიაროს უცხოური საინვესტიციო ფონდი, აგრეთვე საინვესტიციო ფონდს გაუუქმოს ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება. ზედამხედველობა აგრეთვე ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის შემოწმებასა და რეგულირებას, მისთვის წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;

ბ) ზედამხედველობა გაუწიოს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას, განახორციელოს საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება ან რეგისტრაცია, აღიაროს უცხოური აქტივების მმართველი კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველ კომპანიას ჩამოართვას ლიცენზია, გაუუქმოს რეგისტრაცია ან აღიარება. ზედამხედველობა აგრეთვე ითვალისწინებს აქტივების მმართველი კომპანიის შემოწმებასა და რეგულირებას, მისთვის წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;

გ) დაარეგულიროს საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების გამოშვებისას და მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები, უზრუნველყოს აღნიშნული ერთეულების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა;

დ) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საინვესტიციო ფონდს ან აქტივების მმართველ კომპანიას. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ ან პროგრამულ უზრუნველყოფას და სხვა საკითხებს;

ე) დაადგინოს, შეცვალოს და გააუქმოს საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას;

ვ) დაადგინოს საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნის და მის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების წესები;

ზ) საინვესტიციო ფონდს, აქტივების მმართველ კომპანიას, სპეციალიზებულ დეპოზიტარს და სხვა პირებს დააკისროს ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

თ) განახორციელოს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.  (ამოქმედდეს 2020 წლის 19  ოქტომბრიდან)]

 

თავი IX. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

    მუხლი 53. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1274 – ვებგვერდი, 02.10.2013წ.     

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

    მუხლი 54. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

    მუხლი 55. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

 

თავი IX1. კომერციული ბანკის რეზოლუცია და ლიკვიდაცია, კრიზისული სიტუაციების კოორდინაცია და კრიზისის მართვა

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

     მუხლი 551. კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნები და ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებები

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია უშუალოდ ან სპეციალური მმართველის მეშვეობით განახორციელოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალის რეზოლუცია. რეზოლუციის პროცესში ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს რეზოლუციის შემდეგი მიზნებით:

ა) კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფა;

ბ) ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითიგავლენის თავიდან აცილება;

გ) საბიუჯეტო და სახელმწიფო სახსრების დაცვა;

დ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაზღვეული დეპოზიტების დაცვა;

ე) მომხმარებელთა სახსრებისა და აქტივების დაცვა.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების ჩამონათვალი ან/და კრიტერიუმები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნები თანაბარმნიშვნელოვანია. ეროვნული ბანკი იღებს ყველა ზომას რეზოლუციის რეჟიმის ფარგლებში რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, თითოეული შემთხვევისთვის დამახასიათებელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. რეზოლუციის მიზნების შესაბამისად, ეროვნული ბანკი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სარეზოლუციო ხარჯებისა და კრედიტორთა დანაკარგების მინიმუმამდე შემცირებას.

4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად გამოსცეს სამართლებრივი აქტები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, კომერციული ბანკისთვის შეიმუშაოს რეზოლუციის გეგმები, ადმინისტრირება გაუწიოს სარეზოლუციო ფონდს, კომერციული ბანკის მიმართ შემოიღოს რეზოლუციის რეჟიმი და ამ რეჟიმის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სარეზოლუციო უფლებამოსილებები.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო უფლებამოსილებების განსახორციელებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია).

6. კომერციული ბანკი და სხვა პირი ვალდებული არიან შეასრულონ რეზოლუციის რეჟიმის ფარგლებში დადგენილი ეროვნული ბანკის ინსტრუქციები, მითითებები, მოთხოვნები და შეზღუდვები, აგრეთვე ხელი შეუწყონ ეროვნულ ბანკს რეზოლუციის მიზნების მიღწევაში. საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები ეროვნულ ბანკს შესაბამის დახმარებას უწევენ.

7. ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სხვა ინფორმაცია კონფიდენციალურობის წესების დაცვით ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

     მუხლი 552. ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ და ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განახორციელოს ყველა სარეზოლუციო უფლებამოსილება, რომლებიც აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად, მათ შორის:

ა) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სრული კონტროლი ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მათ შორის, განახორციელოს კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება;

ბ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ დაიცვას იმავე კანონის 32-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეზოლუციის პრინციპები;

გ) განახორციელოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების შეფასება;

დ) თანამდებობიდან გაათავისუფლოს კომერციული ბანკის თანამშრომელი და ადმინისტრატორი და მათ ნაცვლად დანიშნოს სხვა პირები;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება კომერციული ბანკის ნებისმიერი ოპერაციის, ტრანზაქციის ან სხვა საქმიანობის შეჩერების თაობაზე;

ვ) დროებით შემოიღოს მორატორიუმის რეჟიმი კომერციული ბანკის ვადამოსული ვალდებულებების მიმართ ან/და მხარეს შეუზღუდოს კომერციულ ბანკთან დადებული, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების მიმართ ადრეული შეწყვეტის უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა;

ზ) მიმართოს სასამართლოს კომერციული ბანკის მიმართ არსებული საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

თ) განახორციელოს კომერციული ბანკის სხვა კომერციულ ბანკთან შერწყმა ან კომერციული ბანკის აქციების სხვა პირისთვის საკუთრებაში გადაცემა;

ი) კომერციული ბანკის აქტივები და ვალდებულებები სრულად ან ნაწილობრივ მესამე პირს (პირებს) გადასცეს. ამ უფლებამოსილების გამოყენებისას ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ დეპოზიტები მხოლოდ სხვა კომერციულ ბანკს ან დროებით ბანკს გადაეცეს;

კ) განახორციელოს აქციების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების ჩამოწერა ან/და საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების (გარდა აქციებისა) კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია;

ლ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკს მოსთხოვოს ახალი აქციების, საკუთრების სხვა ინსტრუმენტების ან/და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების გამოშვება;

მ) განახორციელოს კომერციული ბანკის ვალდებულებების ჩამოწერა ან/და მათი კომერციული ბანკის ჩვეულებრივ აქციებში ან საკუთრების სხვა ინსტრუმენტებში კონვერტაცია;

ნ) კომერციული ბანკის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილების ხელშეკრულების პირობის საფუძველზე გამოყენების გარდა, შეწყვიტოს, მათ შორის, ურთიერთგაქვითვის გზით, კომერციული ბანკის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება, აგრეთვე დერივატივების შესახებ ხელშეკრულება;

ო) გააუქმოს კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ინსტრუმენტები და სხვა ვალდებულებები (გარდა უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა) ან შეცვალოს მათი დაფარვის ვადა, საპროცენტო განაკვეთი ან/და პროცენტის გადახდის პერიოდულობა/ვადები;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის, მათ შორის, მიღებული პრემიის, ცვალებადი ანაზღაურების ან სხვა მსგავსი შემოსავლის, ანაზღაურება კომერციული ბანკის იმ აქციონერისაგან, ადმინისტრატორისაგან ან სხვა თანამშრომლებისაგან, რომლის/რომელთა ქმედებამ ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს;

ჟ) „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა;

რ) ეფექტური რეზოლუციის მიზნით კომერციული ბანკის ხარჯით დადოს ხელშეკრულება დამოუკიდებელ აუდიტორთან, შემფასებელთან, იურისტთან, ბუღალტერთან, კონსულტანტთან ან/და სხვა პირთან. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე ამ პირის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯებს ეროვნული ბანკი გაიღებს;

ს) მიიღოს აუცილებელი ზომები დროებითი ბანკის ეფექტური მართვისთვის, შეიმუშაოს ინსტრუქციები დროებითი ბანკის ბაზრიდან გასვლის გეგმის თაობაზე და დაეთანხმოს შემუშავებულ გეგმას;

ტ) გამოსცეს სამართლებრივი აქტი ამ კანონით დადგენილი, რეზოლუციასთან დაკავშირებული მოთხოვნების უცხოური ბანკის ფილიალზე გავრცელების თაობაზე;

უ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სარეზოლუციო უფლებამოსილებები განახორციელოს ერთობლივად ან ინდივიდუალურად, თითოეული შემთხვევისთვის დამახასიათებელი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტებით, ხელშეკრულებებითა და ემისიის პროსპექტით დადგენილი წესების მიუხედავად, ეროვნული ბანკი და მის მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი სარეზოლუციო უფლებამოსილებებს ახორციელებენ კომერციული ბანკის/დროებითი ბანკის აქციონერების, კრედიტორებისა და მოვალეების თანხმობის გარეშე. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ შეტყობინების, გამოქვეყნების, დოკუმენტის რეგისტრაციის, ემისიის პროსპექტის დამტკიცებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებზე.

4. კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი მესამე პირი, რომელიც კომერციულ ბანკს კრიტიკული მნიშვნელობის მომსახურებას აწვდის, ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია უცვლელი პირობებით გააგრძელოს ამ მომსახურების მიწოდება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკისთვის, მისი უფლებამონაცვლისთვის, აგრეთვე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, − კომერციული ბანკის შემძენისთვის ან/და დროებითი ბანკისთვის. ამ მიზნით ეროვნულმა ბანკმა შეიძლება უზრუნველყოს შემძენი ან უფლებამონაცვლე ბანკისთვის ან დროებითი ბანკისთვის სხვა მესამე პირის მიერ მომსახურების კომერციული ბანკის ხარჯით მიწოდება.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად შეცვალოს კომერციული ბანკის სადამფუძნებლო დოკუმენტები/წესდება და მარეგისტრირებელ ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული ცვლილებების დაუყოვნებლივ რეგისტრაცია. მარეგისტრირებელმა ორგანომ ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.

6. თუ რეზოლუციის მიზნების მისაღწევად აუცილებელია აქციების ან სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე ვაჭრობიდან მოხსნა/აქციებით ან სასესხო ფასიანი ქაღალდებით საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დროებით შეჩერება, ახალი აქციების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვება, ნულამდე შემცირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ ხელახლა დაშვება ან მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე თანხმობის გაცემა, ეს უნდა განხორციელდეს დაჩქარებული/გამარტივებული წესით. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ პროცესში შეიძლება არ იქნეს დაცული „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამჟღავნებისა და ანგარიშგების მოთხოვნები ან მათი შესრულება გარკვეული ვადით გადავადდეს.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

      მუხლი 553. კომერციული ბანკის ლიკვიდაცია

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში ეროვნული ბანკი იწყებს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

2. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ეროვნული ბანკის მიერვე დადგენილი წესით. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია ეროვნული ბანკის წინაშე. კომერციული ბანკის ლიკვიდატორზე გადადის კომერციული ბანკის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება.

3. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქტივები საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით შეარჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, ამ აქტივების მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, აგრეთვე აღნიშნული აქტივები ან/და ვალდებულებები ან/და მათი ნაწილი გადასცეს მესამე პირებს.

4. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესმა ზიანი არ უნდა მიაყენოს კომერციული ბანკის მიმართ გამოყენებულ სარეზოლუციო უფლებამოსილებებს (მათი გამოყენების შემთხვევაში) და რეზოლუციის მიზნებს.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

     მუხლი 554. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება

1. რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-10 პუნქტის „ნ“−„ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტორები ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის მოთხოვნით ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართავს. ეს მოთხოვნა უნდა შეიცავდეს დაგეგმილი სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენების თაობაზე შესაბამის მიმოხილვას და დროებითი სახელმწიფო დაფინანსების საჭიროების დასაბუთებას, მათ შორის, დაფინანსების საჭირო ოდენობის, ფორმისა და ვადების შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.

3. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დაეთანხმება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, იგი დროებით სახელმწიფო დაფინანსებას გასცემს ერთი ან რამდენიმე შემდეგი ფორმით:

ა) დროებითი ბანკის კაპიტალში მონაწილეობა;

ბ) რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის წილის შეძენა ან/და კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტებიდან წარმოშობილი ვალდებულებების აღება;

გ) დაფინანსების სარეზოლუციო ფონდის სასარგებლოდ გამოყოფა ამ კანონის 555 მუხლით დადგენილი წესით;

დ) სესხის ან/და გარანტიის გაცემა ან/და რეზოლუციის მიზნებისთვის აუცილებელი სხვა ფორმით, მათ შორის, პირდაპირი ფორმით, დაფინანსება.

4. თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პირდაპირ ან არაპირდაპირ შეიძენს წილს კომერციული ბანკის კაპიტალში, მან უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა კომერციული ბანკი ადეკვატური კომერციული და პროფესიული საფუძვლებით იმართებოდეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ კომერციული ბანკის აქციების ან საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების შეძენის შემთხვევაში კომერციული ბანკი ვალდებულია შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს გრძელვადიან პერიოდში კომერციული ბანკის ფინანსური მდგრადობისთვის საჭირო ქმედებებს, რომლებსაც უნდა ეთანხმებოდეს ეროვნული ბანკი.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ერთობლივი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავენ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესს.

6. ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავენ შესაბამისი შენატანების განხორციელების ვალდებულებას მათი სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვის გზით. აღნიშნული შენატანი თითოეული კომერციული ბანკისთვისობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს კომერციული ბანკის რისკის პროფილს.

7. შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და შენატანის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკისერთობლივი სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს: შენატანის დაკისრების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის ელემენტებს, შენატანის ზედა ზღვარს, მისი განხორციელების პერიოდულობასა და ვადებს. შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

     მუხლი 555. სარეზოლუციო ფონდი

1. რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ეროვნული ბანკი ხსნის ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს − სარეზოლუციო ფონდს. სარეზოლუციო ფონდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე ან დროებით ბანკზე სესხის ან გარანტიის გაცემის, კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, გადაცემულ ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის ანაზღაურების მიზნით, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლის მე-12 პუნქტის ან/და იმავე კანონის 3711 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის. საჭიროების შემთხვევაში სესხი ან/და გარანტია შეიძლება გაიცეს კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან შერწყმის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენ სუბიექტზე.

2. სარეზოლუციო ფონდს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს სარეზოლუციო ფონდის გამოყენებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე. დაუშვებელია სარეზოლუციო ფონდის აქტივების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების, მათ შორის, გირავნობის, ყადაღის ან/და აღსრულების, გამოყენება.

3. ეროვნული ბანკი ვალდებულია სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება მოამზადოს ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგებებისგან დამოუკიდებლად. სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება უნდა შეამოწმოს დამოუკიდებელმა აუდიტორმა. სარეზოლუციო ფონდის აქტივების ღირებულება უნდა აღირიცხოს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

4. სარეზოლუციო ფონდში ირიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი სესხები, გარანტიები და გრანტები, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. სარეზოლუციო ფონდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია.

5. სარეზოლუციო ფონდის შექმნის, გაუქმებისა და ადმინისტრირების წესი განისაზღვრება ამ კანონის 554 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი სამართლებრივი აქტით. ამ სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე გარკვეული ტრანზაქციებისთვის აუცილებელი თანხმობის მიღების, მათი ანგარიშგების მოთხოვნების დადგენის, სარეზოლუციო ფონდში არსებული თანხების ინვესტირებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული თანხების გამოთხოვის წესები.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.    

      მუხლი 556. კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადება და კრიზისის მართვა

1. ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით იქმნება ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტი (შემდგომ − კომიტეტი), რომელიც პასუხისმგებელია კრიზისული სიტუაციებისა და ფინანსური კრიზისის მართვის მექანიზმების შემუშავებისთვის. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ აგრეთვე სხვა სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები. კომიტეტს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი. კომიტეტის წევრი უფლებამოსილია განახორციელოს კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის უფლებამოსილების სხვა პირისთვის დელეგირება.

2. კომიტეტი სხდომას მართავს არანაკლებ წელიწადში ერთხელ ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში.

3. კომიტეტის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკი. თუ კომიტეტის დებულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, კომიტეტის წევრები გადაწყვეტილებას ერთხმად იღებენ.

4. კომიტეტის წევრები ვალდებული არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში მაქსიმალურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით.

5. ეროვნული ბანკი ვალდებულია:

ა) კომიტეტს აცნობოს ფინანსური სტაბილურობის პოტენციური საფრთხეებისა და რისკების შესახებ და მიაწოდოს მის ხელთ არსებული, კომიტეტისთვის საჭირო ინფორმაცია;

ბ) კომიტეტს დროულად აცნობოს კომერციული ბანკის რეზოლუციის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ან/და ამ კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის ბოლო ინსტანციის სესხის საჭიროების თაობაზე.

6. კომიტეტის წევრებმა კომიტეტს უნდა მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაციის ჩათვლით), მათ შორის, ინფორმაცია იდენტიფიცირებული რისკების შესახებ, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს კომიტეტის ფუნქციონირებისთვის. კომიტეტის წევრებმა უნდა დაიცვან ინფორმაციის კონფიდენციალურობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. კომიტეტის საქმიანობა რეგულირდება დებულებით, რომელსაც იღებს კომიტეტი მისი ყველა წევრის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. კომიტეტის დებულება აწესრიგებს კომიტეტის წევრთა მიერ ინფორმაციის გაცვლის პროცედურულ საკითხებს, აგრეთვე სისტემური რისკების ერთობლივი იდენტიფიცირებისა და ანალიზის განხორციელების, სისტემური რისკსცენარების შეფასების წესებს, კრიზისული სიტუაციების წინარე შეფასებისა და მართვის ოპერაციული დაგეგმარების წესებს, შესაბამისი სიმულაციების ჩატარების პროცედურულ წესებს და კომიტეტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

8. კომიტეტი/კომიტეტის სამდივნო ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან ერთად ყოველწლიურად აქვეყნებს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.

 

თავი X. ეროვნული ბანკის ანგარიშები, საფინანსო ანგარიშგება, აუდიტი და საერთო ანგარიშგება

    მუხლი 56. ეროვნული ბანკის საფინანსო წელი

ეროვნული ბანკის საფინანსო წელი იწყება იანვრის პირველ დღეს და მთავრდება დეკემბრის ბოლო დღეს.

    მუხლი 57. ბუღალტრული აღრიცხვა

ეროვნული ბანკი ანგარიშგებას, თავის ოპერაციებს და საფინანსო მდგომარეობის ასახვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    მუხლი 58. ეროვნული ბანკის საფინანსო ანგარიშგება

ეროვნული ბანკი ადგენს ყოველი საფინანსო წლის საფინანსო ანგარიშგებას. ანგარიშგება მოიცავს ბალანსს, მოგებისა და ზარალის ანგარიშგებას, საკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას, ფულადი ნაკადების შესახებ ანგარიშგებას და მათთან დაკავშირებულ განმარტებითი ხასიათის შენიშვნებს.

    მუხლი 59. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი

1. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა.

2. ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტი მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმიდან არაუგვიანეს 1 ნოემბრისა აირჩევს ერთ აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს) არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წლის ვადით.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს ეროვნული ბანკის მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

საქართველოს 2014  წლის 27 ნოემბრის  ორგანული კანონი №2795 - ვებგვერდი, 02.12.2014წ.

    მუხლი 60. ეროვნული ბანკის საბალანსო ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარდგენა და გამოქვეყნება

1. ეროვნული ბანკი ამზადებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში, არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს და აქვეყნებს არააუდიტირებულ საბალანსო უწყისს საანგარიშგებო თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით.

2. საფინანსო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 თვისა ეროვნული ბანკი აქვეყნებს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს გასული წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას და ამ ორგანული კანონის 61-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს.

3. ეროვნულ ბანკს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საფინანსო ანგარიშგებებისა და დოკუმენტების გარდა შეუძლია გამოაქვეყნოს სხვა ანგარიშგებები და გამოკვლევები საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებზე, რომელთა გამოქვეყნებასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

    მუხლი 61. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ანგარიშგება

1. ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს.

2. არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.

3. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამტკიცებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

4. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, ეროვნული ბანკი მოქმედებს თავის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში.

5. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტში უნდა აღინიშნოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. ეროვნული ბანკი წლიურ ანგარიშში ასახავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს.

    მუხლი 62. საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დადოს საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები ან ამავე მიზნით ნებისმიერი სხვა კონტრაქტი უცხო ქვეყნის სახელმწიფო და კერძო ცენტრალურ საკლირინგო დაწესებულებებთან როგორც თავისი სახელით, ისე საქართველოს სახელითა და დავალებით. 

    მუხლი 63. კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშაოს და გამოსცეს კლირინგის, ანგარიშსწორების, საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, დაადგინოს შესაბამისი წესები და მოთხოვნები, ორგანიზება გაუწიოს საქართველოში საგადახდო სისტემების შექმნასა და დანერგვას, მართოს და უზრუნველყოს ამ სისტემების მომსახურება და ადმინისტრირება, დაეხმაროს სხვა ბანკებს საგადახდო სისტემების შექმნაში, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოში მოქმედ საგადახდო სისტემებს და საგადახდო მომსახურებას.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში დაარეგისტრიროს საქართველოში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, ამ სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს შესაბამისი ანგარიშსწორება, ფასიანი ქაღალდების შენახვისა და ანგარიშსწორების მიზნით ანგარიშები გაუხსნას საქართველოს მთავრობას, უცხო ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკს, ცენტრალურ დეპოზიტარს, კასტოდიანური მომსახურების გამწევ პირს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტს და ამ მიზნით განსაზღვროს შესაბამისი წესები და კრიტერიუმები.

საქართველოს 2017 წლის 23  დეკემბრის  ორგანული  კანონი №1894    ვებგვერდი, 11.01.2018წ.

 

თავი XI. ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებები და ძირითადი აკრძალვები

    მუხლი 64. ეროვნული ბანკის უპირატესი და უპირობო უფლება

1. ეროვნულ ბანკს აქვს უპირატესი და უპირობო უფლება, დაიკმაყოფილოს ნებისმიერი მოთხოვნა დაფარვის ვადის დადგომისას მოვალის ანგარიშებზე არსებული სახსრების, სალაროს ნაშთების ან მოვალის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების ხარჯზე. აღნიშნული წესიდან გამონაკლისია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული სახსრები.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ისარგებლოს არსებული სახსრების თავის ანგარიშზე ჩარიცხვის უპირატესი უფლებით და სხვა აქტივების აუქციონზე გაყიდვის გზით აწარმოოს ამონაგები თანხებიდან კუთვნილი თანხების დაკავება გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ. აუქციონის ჩატარების წესებს ადგენს ეროვნული ბანკი. აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ქონების პირდაპირ საკუთრებაში მიღებით. შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, ეროვნულ ბანკს მისცენ ასეთ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული უფლებამოსილებანი ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ლიკვიდაციის რეჟიმში ან რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ.

    მუხლი 641. მომხმარებლის უფლებების დაცვა 

ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა და სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ შესაძლებელია დაადგინოს:

ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესები;

ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი;

გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-300 მუხლის 21ნაწილით და 301-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესები ან/და დამატებითი წესები.

საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი  238 -  ვებგვერდი, 13.01.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 21  ივლისის ორგანული  კანონი №3320  –  ვებგვერდი, 07.08.2018წ.

     მუხლი 65. ეროვნული ბანკისათვის აკრძალული საქმიანობა

ამ ორგანული კანონით პირდაპირ გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ეროვნულ ბანკს ეკრძალება:

ა) განახორციელოს ფინანსური დახმარება ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, პირდაპირი გასესხების, უსასყიდლო სესხის ან პირობითი ვალდებულების კრედიტის ყიდვის, კრედიტში წილობრივი მონაწილეობის გზით ან სხვა ვალდებულებებით თავის თავზე სასესხო ან პირობითი ვალდებულებების აღებით;

ბ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა, შეიძინოს აქციები;

გ) ყიდვის ან იჯარით აღების გზით ან სხვა სახით შეიძინოს სრული ან ნაწილობრივი უფლება უძრავ ქონებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელი ან მიზანშეწონილია შენობის გამოყენება ადმინისტრაციული საქმიანობისათვის, ოპერაციების ჩატარებისათვის, ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებისათვის;

დ) გასცეს სესხი საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებზე, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №858 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

    მუხლი 66. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობაც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან;

ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი;

გ) განახორციელოს ოქროს ზოდების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია;

დ) თავის მიერ დადგენილი წესით აწარმოოს ოპერაციები ოქროთი ან/და ოქროსთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებით. ამ ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და მათი რეგისტრაცია და მიმოქცევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით;

ე) განახორციელოს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციისათვის საჭირო ნივთების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია;

ვ) მართოს დეპოზიტების დაზღვევის ფონდი;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მატერიალურ-ტექნიკური დახმარება გაუწიოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიზნისათვის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებად არ მიიჩნევა ფულადი დახმარება, გარდა ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სესხისა.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6320 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2017 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №858 - ვებგვერდი, 02.06.2017წ.

    მუხლი 67. მარეგლამენტირებელი დებულებები

1. ეროვნული ბანკი თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური (დამოუკიდებელი) რეგლამენტირების უფლებით. ეროვნული ბანკი აწარმოებს ნორმატიული აქტების, დირექტივებისა და მითითებების საჯარო რეგისტრს.

2. ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი წესით დადგენილი ელექტრონული ანგარიშსწორების ანგარიშებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში განსაზღვრული ფორმატები და სტანდარტები კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაეცემა ინდივიდუალური წესით. ისინი მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.

3. ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, ნორმატიული აქტის პროექტს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროებას განსაზღვრავს მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი). ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა, გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაშია მასში მითითებული თარიღიდან.

5. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების ნორმის გამოყენების შემთხვევაში აღნიშნულ ნორმატიულ აქტში ცალკე მუხლით უნდა მიეთითოს ამ აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზეზები.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი საქმიანობის პროცესში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით (მათ შორის, საარქივო მასალის სახით) შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. ამ პუნქტის მიზნებისათვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საკუთარი საქმიანობის მიზნებისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების პოლიტიკა.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6017 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

    მუხლი 68. ადმინისტრირების ნორმები

1. ეროვნული ბანკისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირების ნორმებს.

2. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავი შეიკავოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ისეთი მიზნის მისაღწევად გამოყენებისაგან, რომელიც ამ უფლებამოსილებებს არ შეესაბამება, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებებს.

3. ამ კანონის დებულებების შესრულების მიზნით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები მიუკერძოებლობის პრინციპს ექვემდებარება. მათი მოტივაცია ობიექტური და რაციონალური უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა სრულდებოდეს და დასახულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

4. ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

5. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

5 1. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ხარისხობრივ და რაოდენობრივ შეფასებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეფასება აშკარა შეცდომას/ხარვეზს შეიცავს.

52. რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების, ეროვნული ბანკის მიერ რეზოლუციის რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილების ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისას ეროვნულ ბანკს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, რომელიც არ შეიძლება ანაზღაურდეს სარეზოლუციო ფონდიდან.

6. ეროვნული ბანკის არცერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში, თუ მისი მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლის მოქმედება ან უმოქმედობა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას თანამშრომლის ინტერესები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამშრომლის მიმართ დავას ეროვნული ბანკი აწარმოებს), რაც შეიძლება გამოიხატოს თანამშრომლის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლის ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი დროებით ადმინისტრატორზე, სპეციალურ მმართველზე, კომერციული ბანკის ლიკვიდატორსა და დროებითი ბანკის ადმინისტრატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

6 1 (ამოღებულია - 10.03.2017, №436).

62(ამოღებულია - 10.03.2017, №436).

7. ეროვნულ ბანკს სასამართლოს, სხვა ორგანოებისა და პირების წინაშე წარმოადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები ან მათ მიერ უფლებამოსილი ეროვნული ბანკის მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.

8.  (ამოღებულია - 10.03.2017, №436).

 

თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 69. საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება

საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაიფაროს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან, ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებიდან.

    მუხლი 70. გარდამავალი დებულებები

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო 2009 წლის 1 დეკემბერს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი რეორგანიზებულ იქნეს.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის რეორგანიზებულმა სტრუქტურულმა ერთეულებმა განახორციელონ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებანი.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სამართალმემკვიდრე.

5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, ტექნიკური საშუალებები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს.

6. საქართველოს საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი ნორმატიული აქტების გამოცემამდე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

7. საფინანსო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიები, ნებართვები და განხორციელებული რეგისტრაციები, რომლებიც არ არის გაუქმებული, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

8. ამ ორგანული კანონის ამოქმედებიდან:

ა) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან;

ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან.

9. ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 საფინანსო წლის წმინდა მოგების განაწილებაზე, რომელიც განიკარგება 2008 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. 2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 1 ივნისამდე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილებას საინვესტიციო ფონდების მიმართ ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

11. საქართველოს პარლამენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობის განსაზღვრამდე ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობის დამტკიცების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

13. 2019 წლის 1 იანვრიდან 1 თეთრისა და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.

 

1. ეს ორგანული კანონი, გარდა პირველი–69-ე მუხლებისა, 70-ე მუხლის მე-3–მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ორგანული კანონის პირველი–69-ე მუხლები, 70-ე მუხლის მე-3–მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

3. 2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1995 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27-30, მუხ. 642).

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1676–IIს

62. 27/06/2024 - საქართველოს ორგანული კანონი - 4326-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/07/2024 61. 15/12/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3949-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 60. 15/12/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3944-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 59. 29/11/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3773-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 58. 29/11/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3764-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/12/2023 57. 16/11/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3730-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/12/2023 56. 01/11/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3610-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/11/2023 55. 28/06/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3354-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 54. 13/06/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3114-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 53. 31/05/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 2997-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 52. 22/02/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 2627-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 51. 30/11/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2137-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 16/12/2022 50. 09/09/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1810-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 49. 09/09/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1799-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 48. 09/09/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1790-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 47. 12/04/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1477-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/04/2022 46. 28/04/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 474-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/05/2021 45. 16/09/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 7129-Iს - ვებგვერდი, 21/09/2020 44. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6859-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 43. 14/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6816-რს - ვებგვერდი, 22/07/2020 42. 29/06/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6674-რს - ვებგვერდი, 07/07/2020 41. 25/06/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6492-IIს - ვებგვერდი, 02/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 20/12/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5687-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 39. 20/12/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5654-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 30/10/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5240-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 37. 17/04/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4498-IIს - ვებგვერდი, 24/04/2019 36. 22/02/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4315-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 35. 06/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3904-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 34. 05/09/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3380-Iს - ვებგვერდი, 21/09/2018 33. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3320-რს - ვებგვერდი, 07/08/2018 32. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3264-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 31. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3313-რს - ვებგვერდი, 31/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 23/12/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 1894-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 17/05/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 858-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 28. 21/04/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 668-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 27. 10/03/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 436-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 26. 29/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 238-რს - ვებგვერდი, 13/01/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 21/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 166-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 24. 16/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 101-Iს - ვებგვერდი, 20/12/2016 23. 28/10/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4468-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 22. 27/10/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4387-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 21. 12/10/2015 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/6/668 - ვებგვერდი, 23/10/2015 20. 03/09/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4188-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 20/03/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3359-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 18. 12/12/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2954-Iს - ვებგვერდი, 23/12/2014 17. 27/11/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2795-Iს - ვებგვერდი, 02/12/2014 16. 29/05/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2465-IIს - ვებგვერდი, 02/06/2014 15. 04/04/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2211-IIს - ვებგვერდი, 08/04/2014 14. 24/12/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1828-რს - ვებგვერდი, 28/12/2013 13. 20/09/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1274-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 20/03/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 353-IIს - ვებგვერდი, 04/04/2013 11. 06/03/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 262-IIს - ვებგვერდი, 20/03/2013 10. 22/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6551-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 9. 25/05/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6305-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 8. 25/05/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6320-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 7. 10/04/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6017-Iს - ვებგვერდი, 30/04/2012 6. 27/03/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 5946-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 5. 20/12/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5527-რს - ვებგვერდი, 111228085, 28/12/2011 4. 01/07/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5001-რს - ვებგვერდი, 110715004, 15/07/2011 3. 12/10/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3702-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 2. 23/03/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2828 - სსმ, 19, 13/04/2010 1. 01/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2186 - სსმ, 40, 07/12/2009