საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1676
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 29, 12/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.04.001.003.616
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1676
24/09/2009
სსმ, 29, 12/10/2009
220.010.000.04.001.003.616
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (21/12/2016 - 29/12/2016)

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებები    

   მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკი

1. საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

2. (ამოღებულია).

3. ეროვნულ ბანკს აფუძნებს საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

4. ეროვნული ბანკის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი – კომერციული ბანკი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, სადაზღვევო საბროკერო კომპანია, ანგარიშვალდებული საწარმო, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი; 

ბ) საფინანსო სექტორი – საფინანსო სექტორის წარმომადგენლების ერთობლიობა;

გ) კომერციული ბანკი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;

დ) ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი – ეროვნული ბანკის მიერ მისაღწევი ინფლაციის მაჩვენებელი;

ე) ოფიციალური გაცვლითი კურსი – ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ვალუტების მიმართ დადგენილი გაცვლითი კურსი, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო და სხვა ოფიციალური მიზნებისათვის;

ვ) სახელმწიფო სესხი – „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო ვალი და კრედიტებისათვის გაცემული საქართველოს სახელმწიფო გარანტიები;

ზ) დეპოზიტი – კომერციულ ბანკში ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებაში პირის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები ან გადახდის სხვა საშუალებები, რომლებზედაც საკუთრების უფლებას იძენს კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება. ელექტრონული ფულის სანაცვლოდ მიღებული სახსრები არ არის დეპოზიტი;

თ) ფულის ნიშნები – ეროვნული ბანკისა და სხვა ქვეყნის ემიტენტი დაწესებულებების მიერ გადახდის კანონიერი საშუალებების სახით გამოშვებული ბანკნოტები და მონეტები;

ი) ყალბი ფულის ნიშნები – თაღლითური, არაკანონიერი გზით დამზადებული ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ფალსიფიცირებული ფულის ნიშნები, რომლებზედაც შეინიშნება ნომინალური გადაკეთების კვალი;

კ) ემისია – ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაში გაშვება;

ლ) რეპროდუცირება – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ბანკნოტებისა და მონეტების მთლიანად ან მათი ნაწილის, მათ შორის, მათი ინდივიდუალური დიზაინის ელემენტების, ფერის, ზომების, სიმბოლოების ან მათი სახეცვლილებით მატერიალური ან არამატერიალური ფორმით რაიმე გამოსახულების, დამზადება, რომელიც შესაძლოა წააგავდეს ნამდვილ ფულის ნიშნებს ან ქმნიდეს ნამდვილი ფულის ნიშნების შთაბეჭდილებას;

მ) ნუმიზმატიკური ფასეულობა – სარეალიზაციოდ ან საექსპონატოდ განკუთვნილი, ეროვნული ბანკის მიერ რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტები და მონეტები, აგრეთვე ის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან რომელთა ემისია არ განხორციელებულა შეუსაბამო მახასიათებლების გამო, ასევე ისტორიული ბანკნოტები და მონეტები, მათი ასლები;

ნ) კრედიტი – დაბრუნებადობის, ფასიანობის, უზრუნველყოფადობისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი სახსრების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება;

ო) კლირინგი (საკლირინგო ხელშეკრულება) – უნაღდო ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ემყარება მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთჩათვლას და გამოიყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ანგარიშსწორებაში;

პ) სპოტური ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღის განმავლობაში;

ჟ) ფორვარდული ოპერაცია – გარიგება, რომლის ანგარიშსწორება ხორციელდება გარიგების დადების დღიდან 2 საბანკო დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში;

რ) სვოპი – გარიგება უცხოური ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ, მისი შემდგომი გაყიდვის ან გამოსყიდვის წინასწარ დათქმული პირობებით;

ს) ფისკალური აგენტი – საგადახდო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ტ) ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები – ყველა ხარჯი, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც პირდაპირ არის დაკავშირებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასთან და ნაღდი ფულით ეკონომიკის უზრუნველყოფასთან;

უ) საქართველოს საფინანსო სექტორის სტატისტიკა – ეროვნული ეკონომიკის ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე ფინანსური კორპორაციების ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მარაგებისა და ნაკადების ამსახველი სტატისტიკა;

ფ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი;

ქ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – იურიდიული პირი, რომელიც არ არის კომერციული ბანკი და უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით თავისი სახელით აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საბანკო საქმიანობის ნაწილი;

1) კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტი – იურიდიული პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია სააგენტოს მიერ და რომელიც ამ კანონის შესაბამისად სახსრებს მოიზიდავს ფიზიკური პირებისაგან და მოზიდული სახსრებით გასცემს სესხებს;

ღ) დროებითი ბანკი – განსაკუთრებულ შემთხვევაში საბანკო სისტემის სტაბილურობისა და დეპოზიტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სააგენტოს მიერ საგანგებოდ და დროებით შექმნილი ბანკი;

ყ) კონტროლი – პირდაპირ თუ არაპირდაპირ, უშუალოდ თუ სხვებთან ერთად, ხმის უფლების მქონე აქციების (წილის, პაის) გამოყენებით თუ სხვა გზით ძლიერი ზეგავლენის მოხდენა;

შ) მაკონტროლებელი პირი – კონტროლის განმახორციელებელი პირი;

ჩ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;

ც) ახლო ნათესავი – ნათესაური კავშირის მქონე ის პირი, რომელიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ირიცხება კანონით მემკვიდრეთა წრიდან I ან II რიგში;

ძ) საჯარო რეგისტრი – ეროვნული ბანკის/სააგენტოს უწყებრივი საჯარო რეესტრი, რომელშიც ხდება ეროვნული ბანკის/სააგენტოს სამართლებრივი აქტების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;

წ) საგარეო სექტორის სტატისტიკა – საგადასახდელო ბალანსის, საერთაშორისო ინვესტიციური მდგომარეობის, საგარეო ვალისა და ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების სტატისტიკა;

ჭ) ინფლაცია – ფასების სტატისტიკის მწარმოებელი ოფიციალური ორგანოს მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის ფასების ინდექსის ცვლილება;

ხ) სარეზერვო ფული – ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ნაღდი ფული (ეროვნული ბანკის სალაროში არსებული სახსრების ნაშთის გარეშე), ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის (მათ შორის, ლიცენზიაგაუქმებული ბანკის) ანგარიშებზე არსებული სახსრები ეროვნულ ვალუტაში;

ჯ) თავისუფალი ინდუსტრიული ზონა – „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ზონა;

ჰ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი – საბაჟო კონტროლის ზონა, რომლის საქმიანობისთვის სავალდებულოა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა და სადაც ნებადართულია, სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე გაიყიდოს ნებისმიერი საქონელი, გარდა იმ საქონლისა, რომლის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა ან საქართველოს ტერიტორიაზე გაყიდვა აკრძალულია.

საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №3702 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.363

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5946 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6320 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3 53 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2015 წლის 3  სექტემბრის ორგანული კანონი  4188  - ვებგვერდი, 10.09.2015წ.

    მუხლი 3. ეროვნული ბანკის ამოცანები და ფუნქციები

1. ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.

2. ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას.

3. ეროვნული ბანკის ფუნქციებია:

ა) შეიმუშაოს და განახორციელოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად;

ბ) მასთან არსებული სააგენტოს მეშვეობით, ამ კანონის შესაბამისად ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ სექტორს; სააგენტო პასუხისმგებელია საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელებისთვის და მისთვის ამ კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისთვის;

გ) უზრუნველყოს ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირება;

დ) ფლობდეს, შეინახოს და განკარგოს ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები;

ე) იყოს საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი;

ვ) ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას;

ზ) განახორციელოს საქართველოს ფულის ნიშნების ემისია;

თ) საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკა;

ი) (ამოღებულია - 29.05.2014, №2465).

კ) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

    მუხლი 4. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა

1. ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სხვა ორგანოებს უფლება არა აქვთ, ჩაერიონ მის საქმიანობაში ან განახორციელონ მონიტორინგი, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ეროვნული ბანკი ეკონომიკურად დამოუკიდებელია და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საკუთარი სახსრებით. ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებებზე. საქართველოს სახელმწიფო პასუხს არ აგებს ეროვნული ბანკის ვალდებულებებზე, გარდა ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ეროვნული ბანკი, მისი აქტივები, ქონება და შემოსავალი, აგრეთვე მის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ოპერაციები თავისუფლდება ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადის, სახელმწიფო გადასახდელის, მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟისაგან.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6017 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

    მუხლი 5. საერთაშორისო თანამშრომლობა

1. ეროვნული ბანკი/სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში.

2. ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს სხვა ქვეყნის შესაბამის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ორგანოსთან. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას ეროვნულ ბანკსა და სხვა ქვეყნის შესაბამის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ორგანოს შორის, იმ პირობით, რომ აღნიშნული ორგანო დაიცავს ამ გზით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობას.

3. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნის მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლის წევრიც არის თვითონ ეროვნული ბანკი ან საქართველო.

4. როგორც საქართველოს წარმომადგენელს, ეროვნულ ბანკს, უფლება აქვს, აიღოს ვალდებულებანი და აწარმოოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული ოპერაციები.

 

თავი II. ეროვნული ბანკის ორგანიზება და მმართველობა

    მუხლი 6. ეროვნული ბანკის ორგანიზება

1. ეროვნული ბანკი არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც შედგება საკუთრივ ეროვნული ბანკისაგან და მასთან არსებული სააგენტოსაგან.

2. ეროვნული ბანკი ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრავს თავისი სტრუქტურული ერთეულების (გარდა სააგენტოსი) შექმნის, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესებს.

3. ეს კანონი განსაზღვრავს სააგენტოს შექმნისა და ფუნქციონირების წესებს.

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

    მუხლი 7. ეროვნული ბანკის მმართველობა

1. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 თვისა.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში სხვა შესაბამისი დარგის (გარდა ეკონომიკისა და ფინანსებისა) პროფესიონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.

4. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

5. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენება შეიძლება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით.

6. დასაშვებია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ხელახლა არჩევა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მაგივრად აირჩევა ახალი წევრი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების სრული ვადით.

7. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

8. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ:

ა) იგი აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;

ბ) მან დაკარგა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება ამ ორგანული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად;

გ) იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

დ) იგი გარდაიცვალა.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული წესით გათავისუფლდებიან თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები.

10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა, არ არის საჯარო მოსამსახურე.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6017 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

     მუხლი 8. ეროვნული ბანკის საბჭო

ეროვნული ბანკის საბჭო უმაღლეს ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას.

    მუხლი 9. ეროვნული ბანკის საბჭოს უფლებამოსილებები

ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია:

ა) განიხილოს და დაამტკიცოს საერთაშორისო რეზერვების მართვისა და განკარგვის ძირითადი პრინციპები;

ბ) დაადგინოს სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის განსაზღვრის წესი;

გ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი;

დ) შექმნას სპეციალური დანიშნულების რეზერვები;

ე) განიხილოს, დაამტკიცოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ეროვნული ბანკის წლიური საქმიანობის ანგარიში და საფინანსო ანგარიშგებანი;

ვ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;

ზ) (ამოღებულია - 03.09.2015, №4188);

თ) დაამტკიცოს ეროვნული ბანკის ორგანიზაციული სტრუქტურა და დებულება;

ი) შეასრულოს ამ ორგანული კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.

    მუხლი 10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობის განსაზღვრა

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე ნაკლები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

    მუხლი 11. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადადგომა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არა უგვიანეს 2 თვისა.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება განცხადებაში მითითებული თარიღიდან.

    მუხლი 12. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომას წარმართავს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომას, როგორც წესი, იწვევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი. სხდომის მოწვევა შეიძლება აგრეთვე ნებისმიერ დროს ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს თვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი.

4. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის მონაწილე წევრს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხმა.

5. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომის ჩატარების წესებსა და პროცედურებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.

6. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც.

7. ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებითაც.

8. ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ.

    მუხლი 13. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ინტერესთა შეუთავსებლობა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა, იმავდროულად არ შეიძლება იყოს: საჯარო მოსამსახურე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი.

2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები არიან საჯარო მოსამსახურეები.

[1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა) იმავდროულად არ შეიძლება იყოს სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოსამსახურე, იურიდიული პირის ხელმძღვანელი, საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი.

2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები სახელმწიფო მოსამსახურეები არიან.  (ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან)]

3. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.

    მუხლი 14. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შემდგომი სამსახური

1. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისგან გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს 6 თვის განმავლობაში ეკრძალებათ საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.

2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისგან გათავისუფლების შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტებს 6 თვის განმავლობაში უნარჩუნდებათ არსებული თანამდებობრივი სარგოები.

    მუხლი 15. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებები

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი:

ა) ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ეროვნულ ბანკს მესამე პირებთან;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებს;

დ) ანაწილებს ფუნქციებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტებს შორის, აგრეთვე ეროვნული ბანკის მოხელეებს შორის;

ე) უფლებამოსილია დაესწროს საქართველოს მთავრობის სხდომას ხმის უფლების გარეშე;

ვ) განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საშტატო ნუსხას და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, ასევე ყველა სახის დამატებითი სარგებლის ოდენობას;

1) განსაზღვრავს ეროვნულ ბანკში საქმისწარმოების ერთიან წესს;

ზ) გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

თ) ქმნის სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოებს (კომიტეტი, კომისია);

1) არის სააგენტოს საბჭოს წევრი;

ი) ასრულებს ამ ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

2. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

    მუხლი 16. (ამოღებულია)

    მუხლი 17. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი

1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები.

2. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ფუნქციაა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

3. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა;

ბ) განსაზღვროს ღია ბაზრის და სხვა ფულად-საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის გაანგარიშებისა და დაცვის წესები;

გ) დაადგინოს საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად-საკრედიტო ოპერაციებზე, გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა;

დ) (ამოღებულია - 03.09.2015, №4188) ;

ე) შეასრულოს მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები.

4. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას და არ უნდა იყოს გადამწყვეტი ისეთი მოკლევადიანი მიზნების მიღწევა, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობაზე.

5. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ხოლო პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.

    მუხლი 18. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახური

1. ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება დაინიშნოს განმეორებითი ვადითაც.

2. შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან, რის შესახებაც ერთი თვით ადრე უნდა აცნობოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

3. შიდააუდიტორული სამსახურის ფუნქციებია:

ა) განახორციელოს ეროვნული ბანკის შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების პერიოდული აუდიტი;

ბ) ეროვნული ბანკის საბჭოსთვის მოხსენების წარდგენის მიზნით შეადგინოს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და შეიმუშაოს რეკომენდაციები საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურებისა და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ;

გ) ჩაატაროს ეროვნული ბანკის პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება. 

    მუხლი 181. სააგენტოს შიდააუდიტორული სამსახური

1. სააგენტოს შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს საბჭო საბჭოს სხდომის მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით. სააგენტოს შიდააუდიტორული სამსახურის უფროსი ინიშნება 7 წლის ვადით. იგი შეიძლება განმეორებითაც დაინიშნოს.

2. სააგენტოს შიდააუდიტორული სამსახურის უფროსს შეუძლია გადადგეს თანამდებობიდან, რის შესახებაც მან 1 თვით ადრე უნდა აცნობოს სააგენტოს უფროსს.

3. სააგენტოს შიდააუდიტორული სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს შიდა კონტროლის სისტემებისა და ოპერაციების აუდიტის პერიოდულად განხორციელება;

ბ) სააგენტოს საბჭოსათვის მოხსენების წარსადგენად გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის შედგენა და საბიუჯეტო და საბუღალტრო პროცედურებისა და შიდა კონტროლის სისტემების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

გ) სააგენტოს პერიოდული საფინანსო ანგარიშგებებისა და მათთან დაკავშირებული დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება.

    მუხლი 19. ეროვნული ბანკისა და სააგენტოს პერსონალის შრომის ანაზღაურება

1. ეროვნული ბანკის მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს. შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

11. სააგენტოს მოხელის შრომის ანაზღაურების ოდენობა ეროვნულ ბანკში არსებულ შრომის ანაზღაურების დონეს უნდა შეესაბამებოდეს. სააგენტოს შტატგარეშე მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების საფუძველზე.

2. ეროვნული ბანკის მიერ ასანაზღაურებელი თანამდებობრივი სარგოების, დანამატებისა და სხვა გასაცემლების ოდენობა არ უნდა უკავშირდებოდეს ეროვნული ბანკის წმინდა შემოსავალს.

    მუხლი 20. პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა

1. ეროვნული ბანკის საბჭოს/სააგენტოს საბჭოს მოქმედ ან ყოფილ წევრს, ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელს, აუდიტორს არ აქვს კონფიდენციალურ ინფორმაციასთან არაუფლებამოსილი პირის დაშვების უფლება, აგრეთვე უფლება − გათქვას, გაავრცელოს ან პირადი სარგებლობისათვის გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია.

2. (ამოღებულია - 29.05.2014, №2465).

3. ცნობები ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების, მესამე პირების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცნობები გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული აქტები, მათი აღსრულების პროცესში.

5. ეროვნულ ბანკში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, მონეტარული პოლიტიკის ან/და სტატისტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.

51. სააგენტოში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიზნებიდან გამომდინარე, სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გარკვეული, გონივრული ვადით კონფიდენციალურად გამოცხადდეს. ასეთი ინფორმაციის ნუსხას, შეზღუდვის ვადას და ინფორმაციის გაცემის წესს განსაზღვრავს სააგენტოს საბჭო.

52. სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს/ეროვნული ბანკის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.

6. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს, სააგენტოს უფროსს, სააგენტოს უფროსის მოადგილეს, სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ზედამხედველობს საფინანსო სექტორს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს უფლება არა აქვს, იყოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი (ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარესა და სააგენტოს საბჭოს იმ წევრზე, რომელიც უცხოეთის საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული, სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ არმყოფი იურიდიული პირის თანამშრომელია), წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი. თუ სააგენტოს საბჭოს წევრის ან სააგენტოს იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ზედამხედველობს საფინანსო სექტორს, არის სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი, ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს სააგენტოს მის მიერ დადგენილი წესის (ეს წესი საჯაროა) შესაბამისად. ამასთანავე, მას უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში. სააგენტოს თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა, რომლის წილის მფლობელი ან რომლის სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავია.

7. ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიიღოს რაიმე ქონებრივი სიკეთე ან შეღავათი სააგენტოს ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მყოფი პირისაგან ან მასთან დაკავშირებული სხვა პირისაგან, თავისი ან სხვა პირის სახელით, რომელთანაც მას ახლონათესაური კავშირი ან სამსახურებრივი ან ფინანსური ურთიერთობა აქვს.

8. ეროვნული ბანკის საბჭოს/სააგენტოს საბჭოს წევრი, ეროვნული ბანკის/სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია ეროვნულ ბანკს/სააგენტოს მის მიერ დადგენილი წესის (ეს წესი საჯაროა) შესაბამისად აცნობოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის მიმართ მისი ან მისი ოჯახის წევრის, როგორც ფიზიკური პირის, სასესხო ან სხვა მატერიალური ვალდებულების შესახებ, რომელიც ჯამში 10 000 ლარს აღემატება.

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

 

თავი III. საფინანსო დებულებები

    მუხლი 21. ეროვნული ბანკის კაპიტალი

1. ეროვნული ბანკის კაპიტალი შედგება საწესდებო კაპიტალისა და საერთო სარეზერვო ფონდისაგან.

2. ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალია 15,000,000 ლარი.

3. ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის გაზრდის წყაროა წმინდა მოგება.

    მუხლი 22. ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი

1. ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი იქმნება წლის წმინდა მოგებიდან, ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლში მოცემული განაწილების შესაბამისად.

2. ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის წმინდა ზარალის დასაფარავად.

3. საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის, ასევე ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდში არსებული თანხების განაწილების შესახებ.

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2186 - სსმ I, №40, 07.12.2009 წ., მუხ.287

    მუხლი 23. ეროვნული ბანკის სპეციალური რეზერვები

1. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის წმინდა მოგებიდან შეიძლება შეიქმნას:

ა) ეროვნული ვალუტის კურსის სხვა ქვეყნების ვალუტების მიმართ კურსის ცვლილების გამო მოსალოდნელი ზარალის დასაფარავი რეზერვი;

ბ) აქტივების ფასის ცვლილებით გამოწვეული ზარალის დასაფარავი რეზერვი;

გ) სხვა სპეციალური რეზერვები.

2. სპეციალური რეზერვები გამოიყენება შესაბამისი ზარალის დასაფარავად.

    მუხლი 24. ეროვნული ბანკის წმინდა მოგების გამოანგარიშება

ყოველი საფინანსო წლისათვის ეროვნული ბანკის წმინდა მოგება გამოიანგარიშება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, როგორც წმინდა საოპერაციო მოგების ან ზარალის და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგების ან ზარალის ჯამი. წმინდა საოპერაციო მოგება ან ზარალი მიიღება საანგარიშგებო წლის შემოსავლის თანხიდან ძირითადი საქმიანობის წარმართვისათვის განკუთვნილი მიმდინარე ხარჯების გამოქვითვით.

    მუხლი 25. ეროვნული ბანკის წმინდა მოგების განაწილება

თუ ეროვნულ ბანკს საფინანსო წლის დასრულების შემდეგ აქვს წმინდა მოგება, იგი უნდა განაწილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) თუ წმინდა მოგება შედგება წმინდა საოპერაციო მოგებისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგებისაგან, გადაფასებით გამოწვეული არარეალიზებული მოგება მიიმართება გადაფასების შესაბამის სპეციალურ რეზერვში. თუ წმინდა მოგებაში ჩართულია გადაფასების არარეალიზებული ზარალი, იგი კომპენსირდება გადაფასების რეზერვის ანგარიშიდან. თუ წმინდა მოგება შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა მოგებისაგან, წმინდა მოგება მიიმართება გადაფასების შესაბამის სპეციალურ რეზერვში;

ბ) წმინდა მოგების დარჩენილი თანხით უნდა შეივსოს ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდი, ვიდრე მისი მოცულობა არ გაუთანაბრდება შესაბამისი საფინანსო წლის ბოლოს არსებული სარეზერვო ფულის ოდენობის 15 პროცენტს. ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების დარჩენილი თანხით ეროვნული ბანკის საერთო სარეზერვო ფონდის მოცულობის, შესაბამისი საფინანსო წლის ბოლოს არსებული სარეზერვო ფულის ოდენობის 15 პროცენტზე ნაკლები ოდენობით შევსების შესახებ;

გ) საფინანსო წლის დარჩენილი წმინდა მოგება უნდა გადაირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დასრულებიდან 6 თვის ვადაში.

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის ორგანული კანონი №2186 - სსმ I, №40, 07.12.2009 წ., მუხ.287

    მუხლი 26. ეროვნული ბანკის წმინდა ზარალის განაწილება

1. თუ ეროვნული ბანკი ნებისმიერ საფინანსო წელს გასწევს წმინდა ზარალს, იგი უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:

ა) თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული წმინდა ზარალისაგან, წმინდა საოპერაციო ზარალის თანხა დაერიცხება საერთო სარეზერვო ფონდს და გადაფასების შედეგად მიღებული არარეალიზებული ზარალის თანხა განაწილდება გადაფასების რეზერვის ანგარიშებზე. თუ ამ სახის განაწილების შედეგად გადაფასების რეზერვის ანგარიშები უარყოფითი გახდება, უარყოფითი ნაშთი გადანაწილდება საერთო სარეზერვო ფონდში;

ბ) თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო მოგებისა და უფრო დიდი წმინდა არარეალიზებული გადაფასების ზარალის ჯამისაგან, გადაფასების ზარალი კომპენსირდება გადაფასების რეზერვის ანგარიშებიდან. დარჩენილი ზარალი გადანაწილდება საერთო სარეზერვო ფონდში;

გ) თუ წმინდა ზარალი შედგება წმინდა საოპერაციო ზარალისა და გადაფასების წმინდა არარეალიზებული მოგებისაგან, ზარალი დაერიცხება საერთო სარეზერვო ფონდს;

დ) თუ აღნიშნული განაწილების შემდეგ ეროვნული ბანკის კაპიტალი საწესდებო კაპიტალზე ნაკლები გახდება, არსებული დეფიციტის დასაფარავად (ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის შესავსებად) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკს საკუთრებაში გადასცემს მიმოქცევად (საბაზრო) სახელმწიფო სავალო ვალდებულებებს წარმომდგენზე იმ ვადითა და პირობებით, რომლებიც სხვა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ვადისა და პირობების ანალოგიური იქნება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდები უნდა გამოუშვას უპირობოდ, ეროვნული ბანკის საფინანსო წლის დასრულებიდან 5 თვის ვადაში. ეს ფასიანი ქაღალდები მათი გამოშვების შემდეგ უნდა აისახოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

თავი IV. ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ფუნქციები და ოპერაციები

    მუხლი 27. ეროვნული ბანკის საკუთარი ფასიანი ქაღალდები

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების მიზნით გამოუშვას საკუთარი ფასიანი ქაღალდები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

    მუხლი 28. ოპერაციები ღია ბაზარზე

ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აწარმოოს ოპერაციები ღია ბაზარზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებითა და ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების პირდაპირი შეძენის ან გაყიდვის გზით ან მათი შემდგომში გასხვისების ან გამოსყიდვის პირობით (რეპო და უკურეპო ოპერაციები).

    მუხლი 29. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

 1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის დააწესოს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომლებიც მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით განისაზღვრება და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება დაექვემდებაროს ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას.

2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმებს, მათი გაანგარიშებისა და დაცვის წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენ კომიტეტთან კონსულტაციის შემდეგ. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების დარღვევისათვის სანქციებს აწესებს ეროვნული ბანკი. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის დარღვევისათვის სანქციის სახით დაკისრებული ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. თუ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები ეროვნულ ბანკშია განთავსებული, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების თანხაზე პროცენტის გადახდის შესახებ.

     მუხლი 291. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტი

1. ეროვნულ ბანკში იქმნება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტი. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტი შედგება ხმის უფლების მქონე 6 წევრისაგან. ამასთანავე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების არმქონე წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის თანამშრომლები და მოწვეული პირები. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები, სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე, სააგენტოს უფროსი, აგრეთვე სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილებით – სააგენტოს საბჭოს ერთი წევრი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განსაზღვრავს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ფუნქციონირების წესს.

2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე თითოეულ წევრს 1 ხმა აქვს. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე 3 წევრი მაინც. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა და საკითხის ინიციირება შეიძლება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე 2 წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის ხმის უფლების მქონე წევრთა არანაკლებ ნახევრისა – 3 წევრისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა.

3. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დამდგენი კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნული ბანკი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.

    მუხლი 30. ეროვნული ბანკის სადისკონტო ოპერაციები

1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების შესყიდვის გზით აწარმოოს სადისკონტო ოპერაციები კომერციულ ბანკთან და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებასთან თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ გაასხვისოს სადისკონტო ოპერაციებით შესყიდული ფასიანი ქაღალდები.

    მუხლი 31. ეროვნული ბანკის სასესხო და სადეპოზიტო ოპერაციები

1. ეროვნულ ბანკს შეუძლია გასცეს კრედიტები კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე, რომლებსაც ანგარიშები აქვთ გახსნილი ეროვნულ ბანკში, თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისი უზრუნველყოფით.

2. კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიიღოს დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

      მუხლი 32. კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშები ეროვნულ ბანკში

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეთა ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად .

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 33. ბოლო ინსტანციის კრედიტორი

1. ამ ორგანული კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, კომერციულ ბანკზე გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, საპროცენტო განაკვეთი არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ერთდღიანი სესხისათვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთზე ნაკლები და იგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი აქტივებით.

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც შეიძლება საფრთხე შეექმნას ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობას, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით დასაშვებია უფრო გრძელვადიანი, განსხვავებული საპროცენტო განაკვეთიანი და არაუზრუნველყოფილი სესხის გაცემა.

31. ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ეროვნული ბანკი აფასებს კომერციული ბანკის გადახდისუნარიანობას. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს კომერციული ბანკის გადახდისუნარიანობის შეფასების მისაღებად. სააგენტოსგან კომერციული ბანკის გადახდისუნარიანობის შეფასების მიღებამდე ეროვნულ ბანკს არ ეზღუდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

4. ეროვნული ბანკის საბჭო ამ ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესებსა და პირობებს.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

    მუხლი 331 . ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების შესრულების ინფორმაციული უზრუნველყოფა

1. ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების შესრულების ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისაგან მოითხოვოს მონეტარული, საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკების წარმოებისათვის საჭირო სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშგება, აგრეთვე სხვა აუცილებელი ინფორმაცია.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისაგან მოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია ექსკლუზიურად სტატისტიკური ფუნქციების შესასრულებლად.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

 

თავი V. გადახდის საშუალებები

    მუხლი 34. ფულის ერთეული

1. საქართველოს ფულის ერთეულია „ლარი“. ლარი შედგება 100 „თეთრისაგან“.

2. ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

3. ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ლარის ბანკნოტები და მონეტები არის ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება ნომინალური ღირებულებით, გარდა იმ ბანკნოტებისა და მონეტებისა, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან/და განეკუთვნება ნუმიზმატიკურ ფასეულობას.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №3702 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.363

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

    მუხლი 35. ემისია

1. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს როგორც მიმოქცევისათვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ემისიის უფლება. ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე საავტორო უფლებების მფლობელია ეროვნული ბანკი.

2. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნომინალს, ზომას, წონას, რაოდენობას, გაფორმებას, მასალასა და სხვა მახასიათებლებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. ლარის არსებული ნომინალის ბანკნოტისა და მონეტის დიზაინის, მასალის ან/და მასზე დატანილი წლის ცვლილების, ან ლარის ახალი ნომინალის შემოღების შემთხვევაში მათი მიმოქცევაში გაშვება ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით.

4. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ემისია უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად აკრძალულია.

5. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მოახდინოს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

6.  ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისა და რეალიზაციის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

7. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებს და მათი მიღება-გამოცვლის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

    მუხლი 36. ფულის ნიშნებისა და სხვა ფასეულობების შენახვა და განადგურება

1. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს როგორც ფულის ნიშნების, ისე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისათვის საჭირო ორიგინალური მასალებისა და სხვა ფასეულობების საიმედო შენახვას.

2. მხოლოდ ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების და მათი დამზადებისათვის საჭირო ორიგინალური მასალების განადგურებას.

3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების განადგურების ან მათი შემდგომი გამოყენების წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

    მუხლი 37. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიმოქცევიდან ამოღება და შეცვლა

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მიმოქცევიდან ამოიღოს და შეცვალოს ემიტირებული ლარის ბანკნოტები და მონეტები.

2. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიმოქცევიდან ამოღებისა და შეცვლის წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული გამოცვლის ვადის დასრულების შემდეგ გამოსაცვლელი ლარის ბანკნოტები და მონეტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, წყვეტს მოქმედებას.

    მუხლი 38. ფულის ნიშნების მარაგი და ემისიის გეგმა

ეროვნული ბანკი უშუალოდ აკონტროლებს ნაღდი ფულის მარაგს, ადგენს მისი ემისიის გეგმას, უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკას ლარის ბანკნოტებითა და მონეტებით.

    მუხლი 39. ყალბი ფულის ნიშნები და ფულის ნიშნების რეპროდუცირება

1. ფულის ნიშნების გაყალბება აკრძალულია და ისჯება კანონით.

2. ყალბი ფულის ნიშნები მიმოქცევიდან ამოიღება და არ ანაზღაურდება.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

4. ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე ექსპერტია უცხოური ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ნამდვილობის დადგენის საქმეში.

5. საქართველოს ტერიტორიაზე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

თავი VI. საერთაშორისო რეზერვები

    მუხლი 40. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები

1. ეროვნული ბანკი ფლობს, ინახავს და მართავს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი აქტივებისაგან:

ა) მონეტარული ოქრო;

ბ) უცხოური ვალუტა მონეტებისა და ბანკნოტების სახით;

გ) სხვა ქვეყანაში საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები;

დ) საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხების სპეციალური უფლებები (SDR) და სარეზერვო პოზიცია სავალუტო ფონდში;

ე) უცხოური ვალუტით დენომინირებული და ასანაზღაურებელი თამასუქები და სადეპოზიტო სერტიფიკატები;

ვ) უცხო ქვეყნების, ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებები;

ზ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ, მათი შემდგომი გასხვისების პირობით (უკურეპო ოპერაციები);

თ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მართვის ამოცანების შესასრულებლად ისესხოს უცხოური ვალუტა საკუთარი სახელით, ერთ წლამდე ვადით, საერთაშორისო რეზერვებში შემავალი აქტივების უზრუნველყოფით, ან დადოს შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების გასხვისების/გასესხების შესახებ, მათი შემდგომი გამოსყიდვის პირობით (რეპო ოპერაციები).

 

თავი VII. ეროვნული ბანკის ურთიერთობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან

    მუხლი 41. ბანკირი და ფისკალური აგენტი

1. ეროვნული ბანკი ასრულებს საქართველოს მთავრობის ბანკირისა და ფისკალური აგენტის როლს.

2. ეროვნული ბანკის მოვალეობაა, საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებულ ან მისი კომპეტენციის სფეროში შემავალ ყველა საკითხზე.

    მუხლი 42. კონსულტაციები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საქართველოს პარლამენტში წარდგენამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ატარებს კონსულტაციებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ, რომლებიც მოიცავს:

ა) მთლიანი შემოსულობების მოცულობასა და სტრუქტურას;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროფიციტის მოცულობასა და სტრუქტურას;

გ) ფინანსური აქტივების ცვლილებას;

დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურას.

2. კონსულტაციები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ინფორმაციას მომდევნო საფინანსო წელს სახელმწიფო სექტორისათვის საშინაო და საგარეო სესხების მიღების გეგმების შესახებ, მათ შორის, საკრედიტო სახსრების მოცულობის შეთანხმების, მათი მიღებისა და განაწილების და სესხების მოსალოდნელი პირობების საკითხებზე. საქართველოს ცენტრალურმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა უნდა აცნობონ ეროვნულ ბანკს აღებული სავალო ვალდებულებების შესახებ.

3. კონსულტაციების შედეგად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას უგზავნის დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ.

    მუხლი 43. სადეპოზიტო ფუნქციები

1. ეროვნული ბანკი იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დეპოზიტებს. დეპოზიტარის როლში ეროვნული ბანკი იღებს და გასცემს ფულად სახსრებს, აღრიცხავს და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა საფინანსო მომსახურებას. საგადახდო საბუთების საფუძველზე ეროვნული ბანკი აღნიშნულ ანგარიშებზე დეპონირებული თანხების ფარგლებში გასცემს თანხას. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი დეპოზიტების მიხედვით პროცენტების გადახდის შესახებ.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ნება დართოს სხვა საფინანსო დაწესებულებებს, მიიღონ ასეთი დეპოზიტები მის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

    მუხლი 44. საფინანსო აგენტის ფუნქციები

ეროვნულ ბანკს შეუძლია თავად შეასრულოს სახელმწიფო დაწესებულებების საფინანსო აგენტის როლი შემდეგ საკითხებზე:

ა) მათ მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებების რეალიზება, მათ შორის, ტრანსფერული აგენტის ან სხვა საჭირო ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება;

ბ) ძირითადი თანხებისა და პროცენტების გაცემა, ფასიანი ქაღალდების მიხედვით სხვა გადახდების წარმოება;

გ) მათი ანგარიშებიდან საგადახდო ოპერაციების შესრულება;

დ) ეროვნული ბანკის ფუნქციების შესაბამისი სხვა საკითხები.

    მუხლი 45. ეროვნული ბანკისათვის/სააგენტოსათვის მისაწოდებელი ინფორმაცია

ეროვნული ბანკი/სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო დაწესებულებისა და სხვა ნებისმიერი პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად აუცილებელი ყველა სტატისტიკური, საბუღალტრო და სხვა ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური).

    მუხლი 46. ეროვნული ბანკის ფინანსური დახმარების უფლება

1. ეროვნული ბანკი ფინანსურად არ ეხმარება საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებს, გარდა ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დივიდენდის გაცემის შემთხვევისა. ეროვნული ბანკი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ახორციელებს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეძენას მხოლოდ მეორეულ ბაზარზე.

2. საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, პირველად ბაზარზე შეისყიდოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები მხოლოდ მის პორტფელში უკვე არსებული ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ, თუ მათი დაფარვის დღე ემთხვევა ახალი ფასიანი ქაღალდების ემისიის დღეს. შეძენა უნდა განხორციელდეს აუქციონზე დაფიქსირებულ საშუალოშეწონილ ფასად. თითოეული აუქციონის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი ფასიანი ქაღალდების მოცულობა წარმოადგენს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ფასიანი ქაღალდების დამატებით ემისიას და არ უნდა აღემატებოდეს ამ აუქციონზე გაყიდული ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობის 20%-ს.

 

თავი VIII. საფინანსო სექტორის ზედამხედველობა

    მუხლი 47. ეროვნული ბანკისა და სააგენტოს ამოცანები და ფუნქციები საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით

1. სააგენტოს ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ მიზნით სააგენტო აკონტროლებს სისტემურ რისკს, ამცირებს პოტენციურ რისკებს, უზრუნველყოფს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

2. ეროვნული ბანკი/სააგენტო ხელს უწყობს საფინანსო სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას.

    მუხლი 471. სააგენტო

1. საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკთან იქმნება სააგენტო.

2. სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს.

3. სააგენტო დამოუკიდებელი ორგანოა. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არცერთ სხვა ორგანოსა და თანამდებობის პირს. სააგენტო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს დებულების შესაბამისად.

4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში (მათ შორის, ეროვნულ ბანკში), ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სააგენტოს სახელწოდებით.

5. სააგენტო თავის ბიუჯეტს დამოუკიდებლად განკარგავს.

6. სააგენტოს უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს საბჭოს წინაშე.

7. სააგენტოს სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო.

8. სააგენტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.

9. სააგენტოს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები, თავისი ფუნქციების შესასრულებლად დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება, დადოს ხელშეკრულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

     მუხლი 472. სააგენტოს თანამშრომლობა უცხო ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან

1. სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს უცხო ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს სააგენტოსა და უცხო ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოს შორის ინფორმაციის გაცვლას იმ პირობით, რომ აღნიშნული ორგანო დაიცავს ამ გზით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

    მუხლი 473. სააგენტოს საბჭო

1. სააგენტოს უმაღლესი ორგანოა სააგენტოს საბჭო, რომელიც შედგება 7 წევრისაგან. სააგენტოს საბჭოს ერთი წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, ერთი წევრი – ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ნიშნავს ეროვნული ბანკის საბჭო, ხოლო დანარჩენი წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არიან პატიოსანი, კვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი, კომპეტენტური ეკონომიკის, ფინანსების ან საბანკო საქმის დარგში და რომლებსაც აქვთ საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება.

2. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 თვისა საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატს. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს საბჭოს ახალ წევრს ირჩევს სააგენტოს საბჭოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. სააგენტოს საბჭოს ახალი წევრის უფლებამოსილება იწყება სააგენტოს საბჭოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. თუ სააგენტოს საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, სააგენტოს საბჭოში არსებული ვაკანსია წარმოშობიდან 3 თვეში უნდა შეივსოს. საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს სააგენტოს საბჭოში არსებული ვაკანსიის შესავსებად სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატს წარუდგენს ვაკანსიის წარმოშობიდან არაუგვიანეს 1 თვისა. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს საბჭოს წევრს ირჩევს საქართველოს მთავრობის მიერ სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენიდან 2 თვეში.

3. სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. სააგენტოს საბჭოს 5 წევრს საქართველოს მთავრობის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი სააგენტოს საბჭოს წევრად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. სააგენტოს საბჭოს წევრის (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად აირჩევა ახალი წევრი სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების სრული ვადით.

5. სააგენტოს საბჭოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე;

ბ) უნდა ჰქონდეს საბანკო ან საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე (სტრუქტურული ერთეულის უფროსი ან უფროსის მოადგილე) მუშაობის 3 წლის სტაჟი.

6. პირი არ შეიძლება აირჩეს სააგენტოს საბჭოს წევრად, თუ:

ა) მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კომერციულ ბანკს ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას – საკრედიტო კავშირს და შელახა კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის დეპოზიტორთა ან სხვა კრედიტორთა უფლებები, ანდა გამოიწვია კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება;

ბ) იყო კომერციული ბანკის ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების – საკრედიტო კავშირის ადმინისტრატორი და კომერციული ბანკი ან არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი გადახდისუუნარო გახდა;

გ) გამოცხადებულია გაკოტრებულად, ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფაქტი სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დადასტურდეს.

8. სააგენტოს საბჭოს წევრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებებისა და საფინანსო სექტორში სამართლებრივი და საქმიანი ურთიერთობების შესახებ.

9. სააგენტოს საბჭო თავისი შემადგენლობიდან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს.

10. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ან სააგენტოს უფროსი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, როგორც სააგენტოს საბჭოს წევრის, საქმიანობა არ ანაზღაურდება.

11. სააგენტოს საბჭოს წევრს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ.

12. სააგენტოს საბჭოს წევრს (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:

ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას ან დაიკავებს სააგენტოს საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას;

გ) თანამდებობიდან გადადგება, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. სააგენტოს საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან;

 დ) გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ცნობად იღებს.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

15. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.

 16. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და შეწყვეტის საფუძველი საჯაროა.

 17. სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა სესიებს შორის პერიოდს დაემთხვა – მომდევნო სესიის დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

18. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განმეორებით დასმა დაუშვებელია.

 19. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარეს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო არ მიეცემა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ იგი დაიკავებს სააგენტოს საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას, ან თანამდებობიდან გადადგება, თუ მისი არჩევიდან გასული არ არის 3 წელი მაინც.

20. სააგენტოს საბჭოს წევრს (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.

21. სააგენტოს საბჭოს ძირითადი უფლებამოსილებებია:

ა) საფინანსო სექტორის საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების პოლიტიკის შემუშავება;

ბ) სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;

გ) სააგენტოს ბიუჯეტის დამტკიცება და ეროვნული ბანკის საბჭოსთვის წარდგენა;

დ) სააგენტოს საქმიანობის კონტროლი;

ე) საფინანსო ზედამხედველობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების განხილვა;

ვ) სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა შენიშვნების განხილვა;

ზ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება და უფლებამოსილებების განხორციელება.(შეჩერდეს „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე) -  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი №3/6/668 – ვებგვერდი, 23.10.2015წ.

22. სააგენტოს ფუნქციები, მის მართვასთან, სტრუქტურასთან და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სააგენტოს დებულებით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით დადგენილებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო. (შეჩერდეს 22-ე პუნქტის  მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე)საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი №3/6/668 – ვებგვერდი, 23.10.2015წ. ]

23. სააგენტოს საბჭოს წევრი (გარდა სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარისა) საჯარო მოსამსახურე არ არის.

    მუხლი 474. სააგენტოს უფროსი

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსს 7 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. პარლამენტს სააგენტოს უფროსის კანდიდატურას დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე ამ საბჭოსთან შეთანხმებით. სააგენტოს უფროსის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებულად ჩაითვლება, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს სააგენტოს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

2. საქართველოს პარლამენტი სააგენტოს უფროსის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

3. სააგენტოს უფროსი საჯარო მოსამსახურეა.

4. სააგენტოს უფროსი უნდა იყოს პატიოსანი, კვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი, კომპეტენტური და უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, აუდიტი.

5. სააგენტოს უფროსზე ვრცელდება ამ კანონის 473 მუხლის მე-5 პუნქტის (გარდა „ა“ ქვეპუნქტისა) და მე-6–მე-8 პუნქტების მოთხოვნები.

6. პირი სააგენტოს უფროსად არ შეიძლება დამტკიცდეს ზედიზედ ორჯერ. პირი, რომელიც დამტკიცებული იყო სააგენტოს უფროსად, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 7 წლის განმავლობაში არ შეიძლება ხელახლა დამტკიცდეს სააგენტოს უფროსად.

7. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე, თუ ამის შესახებ წერილობით მიმართავს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარესა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობიდან გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ განცხადებაში მითითებული თარიღიდან;

ბ) სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანამდებობის დაკავებისას ან მასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელებისას;

გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას;

დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან;

 ე) გარდაცვალებისას;

 ვ) მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისას.

 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. იმავე პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს.

 9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება აღნიშნული სააგენტოს საბჭოს არანაკლებ 4 წევრის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საბჭოს წევრთა წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს.

10. სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და შეწყვეტის საფუძველი საჯაროა.

11. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც (რომლებსაც) სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსის მოადგილის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოსთან შეთანხმებულად ჩაითვლება, თუ ამაზე თანხმობას განაცხადებს სააგენტოს საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

12. სააგენტოს უფროსის ძირითადი უფლებამოსილებებია:

ა) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად ნორმატიული აქტის – ბრძანების და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – განკარგულების გამოცემა;

ბ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს ბიუჯეტის დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) პერიოდულად (6 თვეში ერთხელ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება;

დ) სააგენტოს საბჭოსათვის სააგენტოს საშტატო ნუსხის და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დასამტკიცებლად წარდგენა;

ე) სააგენტოს მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;

ვ) სააგენტოს უფროსის მოადგილის (მოადგილეების) და სააგენტოს მოხელეების ფუნქციების განსაზღვრა;

ზ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო და საკონსულტაციო ორგანოების (კომიტეტი, კომისია) შექმნა;

თ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება და უფლებამოსილებების განხორციელება.(შეჩერდეს მე-12 პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტების მოქმედება  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე)საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2015 წლის 12 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერი №3/6/668 – ვებგვერდი, 23.10.2015წ.

13. სააგენტოს ბიუჯეტს სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს სააგენტოს საბჭო და წარუდგენს ეროვნული ბანკის საბჭოს ეროვნული ბანკის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. ეროვნული ბანკის საბჭო სააგენტოს საბჭოს მიერ წარდგენილ სააგენტოს ბიუჯეტს ავტომატურად ასახავს ეროვნული ბანკის ბიუჯეტში, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

14. თუ სააგენტოს საბჭოს მიერ წარდგენილი სააგენტოს ბიუჯეტის მოცულობა აღემატება წინა წლის სააგენტოს ბიუჯეტს, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სააგენტოს საბჭოს მოსთხოვოს ამ ცვლილების დასაბუთება. სათანადო დასაბუთების მიუღებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის ბიუჯეტში სააგენტოს ბიუჯეტი ასახოს წინა წლის მონაცემების ფარგლებში. სააგენტოს ბიუჯეტის გაზრდის ნაწილობრივ გაზიარების შემთხვევაში ეროვნული ბანკი სააგენტოს ბიუჯეტს თავის ბიუჯეტში ითვალისწინებს გაზიარებული მონაცემების ფარგლებში.

15. თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს უფროსს 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო და ამ ვადის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა. სააგენტოს უფროსს ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგო არ მიეცემა და უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას, ან თუ იგი დაიკავებს სააგენტოს უფროსის სტატუსთან შეუთავსებელ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანამდებობას, ან თანამდებობიდან გადადგება, თუ მისი დამტკიცებიდან გასული არ არის 3 წელი მაინც, ან თუ მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო.

16. თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან თანამდებობიდან ვადამდე განთავისუფლების შემთხვევაში სააგენტოს უფროსის მოადგილეს 1 წლის განმავლობაში ეკრძალება საქართველოს საფინანსო სექტორში მუშაობა.

     მუხლი 475. სააგენტოს საბჭოს სხდომა

1. სააგენტოს საბჭოს სხდომის გამართვის წესებსა და პროცედურებს განსაზღვრავს სააგენტოს საბჭო. სააგენტოს საბჭოს სხდომას, როგორც წესი, იწვევს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე. სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალებით მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს საბჭოს ერთ-ერთი წევრი. სააგენტოს საბჭოს სხდომის მოწვევა შეიძლება აგრეთვე საბჭოს 2 წევრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ნებისმიერ დროს.

2. სააგენტოს საბჭოს თითოეულ წევრს 1 ხმა აქვს. სააგენტოს საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მასში მონაწილეობს სააგენტოს საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. მათგან ერთი სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე უნდა იყოს.

3. სააგენტოს საბჭოს სხდომას წარმართავს სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე.

4. სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს საბჭოს სხდომაზე დამსწრე სააგენტოს საბჭოს წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმის უფლება აქვს მხოლოდ სხდომის მონაწილე სააგენტოს საბჭოს წევრს. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

5. სააგენტოს საბჭოს სხდომა იმართება ორ თვეში ერთხელ მაინც.

6. სააგენტოს საბჭოს სხდომა შეიძლება გაიმართოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებითაც.

     მუხლი 476. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირს უფლება აქვს, სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

2. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ სააგენტო სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

     მუხლი 477. სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი

1. სააგენტოს უფროსი ბრძანებით ქმნის სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტს. სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები არიან სააგენტოს უფროსი, სააგენტოს უფროსის მოადგილე და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით, სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ სააგენტოს სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები.

2. სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი განიხილავს ან/და შეიმუშავებს სააგენტოს უფროსის მიერ გამოსაცემ, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის რეგულირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს.

3. სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გადაწყვეტილება რეკომენდაციის სახით მიეწოდება სააგენტოს უფროსს. სააგენტოს უფროსს გადაწყვეტილების მიღებისას უფლება აქვს, არ გაითვალისწინოს სააგენტოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის რეკომენდაცია.

    მუხლი 48. სააგენტოს უფლებამოსილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კუთხით

1. სააგენტოს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქმიანობას ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნებისათვის სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დაწესების გზით.

3. საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი განკარგულებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები.

4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია პირს უარი განუცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტად რეგისტრაციაზე/ლიცენზირებაზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამავე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, თუ:

ა) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს საფინანსო სექტორის სტაბილურობას;

ბ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ორგანიზაციების სავალდებულო გადაწყვეტილებებით ან/და რეკომენდაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა;

გ) პირის სუბიექტად რეგისტრაციამ/პირზე ლიცენზიის გაცემამ ან პირის მიერ სუბიექტის მნიშვნელოვანი წილის შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმებების დარღვევა;

დ) სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა არ წარუდგინა მას სრულყოფილი ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის დასაწყებად საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური კაპიტალის მოთხოვნების შესრულებისათვის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მნიშვნელოვანი წილის შეძენისათვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ.

5. საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირებისაგან და ამ კანონის 481 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

6. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სააგენტო უფლებამოსილია ითანამშრომლოს ადგილობრივ საზედამხედველო და სამართალდამცავ ორგანოებთან.

7. ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტსა და სააგენტოს შორის მიმოწერა შეიძლება განხორციელდეს მატერიალური ფორმით ან ელექტრონული ფორმით. მათ თანაბარი იურიდიული ძალა აქვთ.

8. სააგენტო უფლებამოსილია ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისაგან მიიღოს თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოგზავნილი ან/და ციფრული ხელმოწერის გამოყენებით ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი. ციფრული ხელმოწერის გამოყენების საკითხი რეგულირდება სააგენტოსა და ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

9. თუ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტისათვის მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის ჩაბარება ვერ ხერხდება, სააგენტოს უფროსს, მის მოადგილეს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ოფიციალური დოკუმენტი საჯაროდ ვრცელდება ეროვნული ბანკის/სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით ან ინფორმაციის სხვა საშუალებებით. საჯარო შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6017 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6320 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 6 მარტის ორგანული კანონი №262 - ვებგვერდი, 20.03.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3 53 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

    მუხლი 481 . კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება

1. იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა), რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე მეტი ფიზიკური პირისაგან ან რომლის მიერ ფიზიკური პირებისაგან მოზიდული სახსრების ოდენობა ხუთ მილიონ ლარს აღემატება, ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში და დააკმაყოფილოს სააგენტოს მიერ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის დაწესებული მოთხოვნები.

2. იურიდიული პირი, რომლის მიერ მოზიდული სახსრების ოდენობა არ აღემატება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობას ან რომელიც სახსრებს მოიზიდავს ოთხასზე ნაკლები ფიზიკური პირისაგან, ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გაიაროს რეგისტრაცია სააგენტოში და დააკმაყოფილოს სააგენტოს მიერ დაწესებული მოთხოვნები, თუ მისი საქმიანობა, მოზიდული სახსრების ოდენობა, საქმიანობის რეგიონი ან სეგმენტი სააგენტოს მიერ მიჩნეულია საფინანსო სექტორისათვის მნიშვნელოვნად ან თუ მისი საქმიანობა და კლიენტთა მოზიდვის მეთოდები მეტყველებს იმ პირთა წრის მნიშვნელოვნად გაფართოების გეგმაზე, რომლებისგანაც ხდება სახსრების მოზიდვა.

3. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირება, რაც მოიცავს რეგისტრაციას, რეგისტრაციის გაუქმებას, შესაფერისობის კრიტერიუმების, რისკების გამჟღავნების, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნების დადგენას, შემოწმებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას.

4. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობა საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს, იგი უფლებამოსილია კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტს მოსთხოვოს სახსრების მოზიდვასთან და სესხების გაცემასთან დაკავშირებული საქმიანობის შეწყვეტა. საქმიანობის შეწყვეტის შესახებ სააგენტოს მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული იურიდიული პირების სააგენტოში რეგისტრაციის პირობები, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტისათვის შესაფერისობის კრიტერიუმები, მინიმალური კაპიტალის, ლიკვიდობის და დამატებითი მოთხოვნები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. საბანკო ლიცენზიის მოპოვებისთანავე იურიდიული პირი ავტომატურად კარგავს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის სტატუსს.

7. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6320 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

     მუხლი 482 . საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ზედამხედველობა

1. სააგენტო საგადახდო სისტემის ოპერატორსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, მინიმალური მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით.

2. სააგენტოს მიერ საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს მნიშვნელოვანი სისტემის სტატუსისა და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების საკითხებს.

4. სააგენტო მნიშვნელოვან სისტემას და საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერს ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწმების, მინიმალური კაპიტალის და დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით.

5. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 49. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ზედამხედველობა

1. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია კომერციული ბანკის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;

გ) ზედამხედველობა გაუწიოს და შეამოწმოს კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, შეამოწმოს მათი შვილობილი საწარმოები, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას მასალები შესაბამის ორგანოებს გადაეცემა;

დ) კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუზარდოს სავალდებულო რეზერვების ნორმები, შეუწყვიტოს აქტიური ოპერაციები, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა, გაუზარდოს აქტივებისა და პირობითი ვალდებულებების შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;

ე) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ადმინისტრატორებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება; დააკისროს მათ ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მათი თანამდებობიდან განთავისუფლება; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაახდევინოს ფულადი ჯარიმა; კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გაუუქმოს შესაბამისი ლიცენზია;

ვ) კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისათვის ნორმატიული აქტით დაადგინოს შესაბამისი ლიცენზიის გაცემისა და გაუქმების წესები, განსაზღვროს ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

ზ) გარკვეული ვადით ან/და გარკვეული პირობებით გაათავისუფლოს კომერციული ბანკი თავის მიერ დადგენილი ნორმების დაცვისაგან;

თ) შექმნას და მართოს დროებითი ბანკი, რომელიც საქმიანობას წარმართავს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ი) დროებითი ადმინისტრატორის ან ლიკვიდატორის მეშვეობით ხელი შეუწყოს გადახდისუუნარო კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ან მათი ნაწილის გადაცემას თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით;

კ) განსაკუთრებულ შემთხვევაში საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების მიზნით კომერციული ბანკებისათვის დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები: საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, დამატებით დაუწესოს დასვენების დღეები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული უქმე დღეები გამოაცხადოს საბანკო დღეებად; დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები ან/და გაათავისუფლოს შეზღუდვებისაგან და განახორციელოს სხვა ქმედება, რომელიც აუცილებელია საფინანსო სისტემის მდგრადობის შენარჩუნებისათვის;

ლ) თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

 2. კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ლიკვიდატორს და დროებით ადმინისტრატორს ნიშნავს სააგენტო. ისინი ანგარიშვალდებული არიან სააგენტოს წინაშე. ლიკვიდატორსა და დროებით ადმინისტრატორზე გადადის კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება.

3. სააგენტო უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას განუსაზღვროს კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი.

4. არავის არა აქვს უფლება, სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები.

5. კომერციული ბანკი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება მხოლოდ სააგენტოს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოცხადდეს გადახდისუუნაროდ ან გაკოტრებულად, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.

6. სააგენტო საერთაშორისო ფინანსური კომპანიის შემოწმებას ახორციელებს თავის მიერ დადგენილი სპეციალური წესის შესაბამისად, მხოლოდ იმ შეზღუდვების დაცვის შესამოწმებლად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია საერთაშორისო ფინანსური კომპანიებისათვის.

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

    მუხლი 50. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ზედამხედველობა

1. სააგენტო მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ზედამხედველობას უწევს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და სანქციების დაწესების გზით.

2. სააგენტო ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ზედამხედველობას უწევს მხოლოდ ყალბი ფულის მიმოქცევის აღსაკვეთად და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, მინიმალური მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით.

3. სააგენტოს მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. სააგენტო უფლებამოსილია ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

5. სააგენტო უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.

    მუხლი 51. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის ორგანული კანონი №3 53  – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

    მუხლი 52. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

სააგენტო უფლებამოსილია:

ა) დაარეგულიროს ემიტენტების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას და მიმოქცევისას წარმოშობილი ურთიერთობები; უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და მიმოქცევის სფეროში დარღვევების გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა;

ბ) გასცეს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების ლიცენზიები;

გ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუწესოს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნები;

დ) დაამტკიცოს ემისიის პროსპექტი;

ე) განახორციელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების საქმიანობის მონიტორინგი, შემოწმება, გამოკვლევა;

1) თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეამოწმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს, შეცვალოს და გააუქმოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებული წესები და ზედამხედველობა გაუწიოს მათ შესრულებას;

ზ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეებს დაუწესოს სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმა. ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

თავი IX. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

    მუხლი 53. (ამოღებულია)

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №1274 – ვებგვერდი, 02.10.2013წ.     

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

    მუხლი 54. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

    მუხლი 55. (ამოღებულია)

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

 

თავი X. ეროვნული ბანკის ანგარიშები, საფინანსო ანგარიშგება, აუდიტი და საერთო ანგარიშგება

    მუხლი 56. ეროვნული ბანკის საფინანსო წელი

ეროვნული ბანკის საფინანსო წელი იწყება იანვრის პირველ დღეს და მთავრდება დეკემბრის ბოლო დღეს.

    მუხლი 57. ბუღალტრული აღრიცხვა

ეროვნული ბანკი ანგარიშგებას, თავის ოპერაციებს და საფინანსო მდგომარეობის ასახვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას აწარმოებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

    მუხლი 58. ეროვნული ბანკის საფინანსო ანგარიშგება

ეროვნული ბანკი ადგენს ყოველი საფინანსო წლის საფინანსო ანგარიშგებას. ანგარიშგება მოიცავს ბალანსს, მოგებისა და ზარალის ანგარიშგებას, საკუთარი კაპიტალის ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას, ფულადი ნაკადების შესახებ ანგარიშგებას და მათთან დაკავშირებულ განმარტებითი ხასიათის შენიშვნებს.

    მუხლი 59. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტი

1. ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმა. აღნიშნული აუდიტი მოიცავს სააგენტოს აუდიტსაც.

2. ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი საქართველოს პარლამენტს აუდიტის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, წარუდგენს მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო საქართველოს პარლამენტი ამ სიიდან ტენდერის ან კონკურსის საფუძველზე არაუგვიანეს 1 დეკემბრისა აირჩევს ერთ აუდიტორულ ფირმას (გარე აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 წლის ვადით.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს ეროვნული ბანკის/სააგენტოს მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №6551 – ვებგვერდი, 29.06.2012წ.

საქართველოს 2014  წლის  29  მაისის ორგანული კანონი №2465 - ვებგვერდი, 02.06.2014წ.

საქართველოს 2014  წლის 27 ნოემბრის  ორგანული კანონი №2795 - ვებგვერდი, 02.12.2014წ.

    მუხლი 60. ეროვნული ბანკის საბალანსო ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარდგენა და გამოქვეყნება

1. ეროვნული ბანკი ამზადებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში, არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს და აქვეყნებს არააუდიტირებულ საბალანსო უწყისს საანგარიშგებო თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით.

2. საფინანსო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 თვისა ეროვნული ბანკი აქვეყნებს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს გასული წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას და ამ ორგანული კანონის 61-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს.

3. ეროვნულ ბანკს ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული საფინანსო ანგარიშგებებისა და დოკუმენტების გარდა შეუძლია გამოაქვეყნოს სხვა ანგარიშგებები და გამოკვლევები საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებზე, რომელთა გამოქვეყნებასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

    მუხლი 61. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ანგარიშგება

1. ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს.

2. არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.

3. საქართველოს პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამტკიცებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.

4. თუ საქართველოს პარლამენტმა არ დაამტკიცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი, ეროვნული ბანკი მოქმედებს თავის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში.

5. ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტში უნდა აღინიშნოს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი გამოიყენებს მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად, და შესაძლო რისკების მიმოხილვა.

6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ, ხოლო სააგენტო – ანგარიშს თავისი საქმიანობისა და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების თაობაზე. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს ამ ანგარიშებს. სააგენტო აქვეყნებს საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ ანგარიშს. სააგენტოს შეუძლია გამოაქვეყნოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხებზე სხვა ანგარიშგებები და გამოკვლევები, რომელთა გამოქვეყნებასაც იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

    მუხლი 62. საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დადოს საკლირინგო და საგადახდო ხელშეკრულებები ან ამავე მიზნით ნებისმიერი სხვა კონტრაქტი უცხო ქვეყნის სახელმწიფო და კერძო ცენტრალურ საკლირინგო დაწესებულებებთან როგორც თავისი სახელით, ისე საქართველოს სახელითა და დავალებით.

    მუხლი 63. კლირინგის, უნაღდო ანგარიშსწორებისა და საგადახდო სისტემების მექანიზმი

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ შეიმუშაოს და გამოსცეს კლირინგის, უნაღდო ანგარიშსწორების საქმიანობისა და საგადახდო სისტემების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები, დაადგინოს შესაბამისი წესები და მოთხოვნები, ორგანიზება გაუწიოს ქვეყანაში საგადახდო სისტემების შექმნასა და დანერგვას, მართოს და უზრუნველყოს ამ სისტემების მომსახურება და ადმინისტრირება, დახმარება გაუწიოს სხვა ბანკებს საგადახდო სისტემების შექმნაში, განახორციელოს საქართველოში მოქმედი საგადახდო სისტემების ზედამხედველობა.

 

თავი XI. ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებები და ძირითადი აკრძალვები

    მუხლი 64. ეროვნული ბანკის უპირატესი და უპირობო უფლება

1. ეროვნულ ბანკს აქვს უპირატესი და უპირობო უფლება, დაიკმაყოფილოს ნებისმიერი მოთხოვნა დაფარვის ვადის დადგომისას მოვალის ანგარიშებზე არსებული სახსრების, სალაროს ნაშთების ან მოვალის საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების ხარჯზე. აღნიშნული წესიდან გამონაკლისია ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე არსებული სახსრები.

2. ეროვნულ ბანკს შეუძლია ისარგებლოს არსებული სახსრების თავის ანგარიშზე ჩარიცხვის უპირატესი უფლებით და სხვა აქტივების აუქციონზე გაყიდვის გზით აწარმოოს ამონაგები თანხებიდან კუთვნილი თანხების დაკავება გაყიდვასთან დაკავშირებული ხარჯების გამოკლების შემდეგ. აუქციონის ჩატარების წესებს ადგენს ეროვნული ბანკი. აუქციონის არშემდგარად გამოცხადების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ქონების პირდაპირ საკუთრებაში მიღებით. შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, ეროვნულ ბანკს მისცენ ასეთ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.

3. ზემოთ აღნიშნული უფლებამოსილებანი ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება არ იქნეს გამოყენებული ლიკვიდაციისა და დროებითი ადმინისტრაციის რეჟიმებში მყოფი კომერციული ბანკის მიმართ.

    მუხლი 65. ეროვნული ბანკისათვის აკრძალული საქმიანობა

ამ ორგანული კანონით პირდაპირ გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ეროვნულ ბანკს ეკრძალება:

ა) განახორციელოს ფინანსური დახმარება ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, პირდაპირი გასესხების, უსასყიდლო სესხის ან პირობითი ვალდებულების კრედიტის ყიდვის, კრედიტში წილობრივი მონაწილეობის გზით ან სხვა ვალდებულებებით თავის თავზე სასესხო ან პირობითი ვალდებულებების აღებით;

ბ) განახორციელოს კომერციული საქმიანობა, შეიძინოს აქციები;

გ) ყიდვის ან იჯარით აღების გზით ან სხვა სახით შეიძინოს სრული ან ნაწილობრივი უფლება უძრავ ქონებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აუცილებელი ან მიზანშეწონილია შენობის გამოყენება ადმინისტრაციული საქმიანობისათვის, ოპერაციების ჩატარებისათვის, ამ ორგანული კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებისათვის;

დ) გასცეს სესხი საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო დაწესებულებებზე.

    მუხლი 66. ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გასცეს კრედიტები, შეიძინოს წილობრივი მონაწილეობის უფლება ან ნებისმიერი სახით მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობაში, რომლის მუშაობაც დაკავშირებულია ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებასთან;

ბ) განსაზღვროს ეროვნული ბანკის სისტემის იმ მოსამსახურეთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი.

გ)  განახორციელოს ოქროს ზოდების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია.

1 ) თავის მიერ დადგენილი წესით აწარმოოს ოპერაციები ოქროთი ან/და ოქროსთან დაკავშირებული ფინანსური ინსტრუმენტებით. ამ ფინანსურ ინსტრუმენტებზე არ ვრცელდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და მათი რეგისტრაცია და მიმოქცევა ხორციელდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით;

დ) განახორციელოს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციისათვის საჭირო ნივთების დამზადება, შესყიდვა და რეალიზაცია.

საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6320 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

    მუხლი 67. მარეგლამენტირებელი დებულებები

1. ეროვნული ბანკი/სააგენტო თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური (დამოუკიდებელი) რეგლამენტირების უფლებით. ეროვნული ბანკი/სააგენტო აწარმოებს ნორმატიული აქტების, დირექტივებისა და მითითებების საჯარო რეგისტრს.

2. ეროვნული ბანკის/სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი წესით დადგენილი ელექტრონული ანგარიშსწორების ანგარიშებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებში განსაზღვრული ფორმატები და სტანდარტები კომერციულ ბანკსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებას გადაეცემა ინდივიდუალური წესით. ისინი ძალაშია ეროვნული ბანკის/სააგენტოს მიერ განსაზღვრული თარიღიდან.

3. ეროვნული ბანკი/სააგენტო, თუ ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედება საჭირო არ არის, ნორმატიული აქტის პროექტს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროებას განსაზღვრავს მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი). ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა, გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაშია მასში მითითებული თარიღიდან.

5. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების ნორმის გამოყენების შემთხვევაში აღნიშნულ ნორმატიულ აქტში ცალკე მუხლით უნდა მიეთითოს ამ აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზეზები.

6. ეროვნული ბანკი/სააგენტო უფლებამოსილია თავისი საქმიანობის პროცესში მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით (მათ შორის, საარქივო მასალის სახით) შექმნას, მიიღოს, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ან/და ციფრული ხელმოწერა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.

საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.

საქართველოს 2012 წლის 10 აპრილის ორგანული კანონი №6017 – ვებგვერდი, 30.04.2012წ.

    მუხლი 68. ადმინისტრირების ნორმები

1. ეროვნული ბანკისათვის/სააგენტოსათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირების ნორმებს.

2. ეროვნული ბანკი/სააგენტო ვალდებულია თავი შეიკავოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებამოსილებების ისეთი მიზნის მისაღწევად გამოყენებისაგან, რომელიც ამ უფლებამოსილებებს არ შეესაბამება, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებებს.

3. ამ კანონის დებულებების შესასრულებლად ეროვნული ბანკის/სააგენტოს გადაწყვეტილებები მიუკერძოებლობის პრინციპებს ექვემდებარება. მათი მოტივაცია ობიექტური და რაციონალური უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა სრულდებოდეს და დასახულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

4. ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

5. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

6. ეროვნული ბანკის არც ერთ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუკი მან ეს ქმედება ჩაიდინა ან მისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6 1. სააგენტოს თანამშრომელს, სააგენტოს საბჭოს წევრს, სააგენტოს მიერ კომერციულ ბანკში დანიშნულ დროებით ადმინისტრატორს და კომერციული ბანკის ლიკვიდატორს არ დაეკისრებათ პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისათვის ან უმოქმედობისათვის, თუ მათ ეს ქმედება ჩაიდინეს ან მისგან თავი შეიკავეს თავიანთი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

62. სააგენტოს თანამშრომლის, სააგენტოს საბჭოს წევრის, სააგენტოს მიერ კომერციულ ბანკში დანიშნული დროებითი ადმინისტრატორის და კომერციული ბანკის ლიკვიდატორის წინააღმდეგ მესამე პირის მიერ დავის დაწყების შემთხვევაში, თუ დავა დაკავშირებულია სააგენტოს თანამშრომლის ან შტატგარეშე მოსამსახურის ან სააგენტოს საბჭოს წევრის მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან, სააგენტოს საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯებისა და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

7. ეროვნულ ბანკს სასამართლოს, სხვა ორგანოებისა და პირების წინაშე წარმოადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები ან მათ მიერ უფლებამოსილი ეროვნული ბანკის მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.

8. სასამართლოს, სხვა ორგანოსა და პირის წინაშე სააგენტოს წარმოადგენს სააგენტოს უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სააგენტოს მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.

 

თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

    მუხლი 69. საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება

საქართველოს ეროვნული ბანკისადმი არსებული საქართველოს მთავრობის დავალიანება (მიღებული კრედიტები და გადაფორმებული სავალო ვალდებულებები), რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საშინაო ვალს, დაიფაროს 2030 წლის 16 მარტამდე საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ისე, რომ ყოველწლიურად მოხდეს დავალიანების ერთი ნაწილის გადაფორმება საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განკუთვნილ ერთწლიან, ყოველწლიურად განახლებად სახელმწიფო სავალო ვალდებულებად – სახელმწიფო ობლიგაციად, ხოლო მეორე ნაწილისა – სხვადასხვა ვადის სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის, რომელთა დაფარვაც განხორციელდეს შესაბამისი წლების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებიდან.

    მუხლი 70. გარდამავალი დებულებები

1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო 2009 წლის 1 დეკემბერს.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი რეორგანიზებულ იქნეს.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის რეორგანიზებულმა სტრუქტურულმა ერთეულებმა განახორციელონ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებანი.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს სამართალმემკვიდრე.

5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობები, ტექნიკური საშუალებები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს.

6. საქართველოს საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი ნორმატიული აქტების გამოცემამდე ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

7. საფინანსო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიები, ნებართვები და განხორციელებული რეგისტრაციები, რომლებიც არ არის გაუქმებული, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

8. ამ ორგანული კანონის ამოქმედებიდან:

ა) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან;

ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან.

9. ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის 2008 საფინანსო წლის წმინდა მოგების განაწილებაზე, რომელიც განიკარგება 2008 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. 2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 1 ივნისამდე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილებას საინვესტიციო ფონდების მიმართ ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

11. საქართველოს პარლამენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი  სარგოს ოდენობის განსაზღვრამდე ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობის დამტკიცების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

 

1. ეს ორგანული კანონი, გარდა პირველი–69-ე მუხლებისა, 70-ე მუხლის მე-3–მე-8 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ორგანული კანონის პირველი–69-ე მუხლები, 70-ე მუხლის მე-3–მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

3. 2009 წლის 1 დეკემბრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1995 წლის 23 ივნისის ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №№27-30, მუხ. 642).

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 24 სექტემბერი.

№1676–IIს

62. 27/06/2024 - საქართველოს ორგანული კანონი - 4326-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/07/2024 61. 15/12/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3949-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 28/12/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 60. 15/12/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3944-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/12/2023 59. 29/11/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3773-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/12/2023 58. 29/11/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3764-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 11/12/2023 57. 16/11/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3730-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/12/2023 56. 01/11/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3610-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/11/2023 55. 28/06/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3354-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/07/2023 54. 13/06/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 3114-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/06/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 53. 31/05/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 2997-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 13/06/2023 52. 22/02/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 2627-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 10/03/2023 51. 30/11/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2137-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 16/12/2022 50. 09/09/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1810-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 49. 09/09/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1799-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 48. 09/09/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1790-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 47. 12/04/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 1477-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 19/04/2022 46. 28/04/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 474-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/05/2021 45. 16/09/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 7129-Iს - ვებგვერდი, 21/09/2020 44. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6859-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 43. 14/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6816-რს - ვებგვერდი, 22/07/2020 42. 29/06/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6674-რს - ვებგვერდი, 07/07/2020 41. 25/06/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6492-IIს - ვებგვერდი, 02/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 40. 20/12/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5687-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 39. 20/12/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5654-რს - ვებგვერდი, 31/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 38. 30/10/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5240-Iს - ვებგვერდი, 30/10/2019 37. 17/04/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4498-IIს - ვებგვერდი, 24/04/2019 36. 22/02/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4315-IIს - ვებგვერდი, 07/03/2019 35. 06/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3904-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 34. 05/09/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3380-Iს - ვებგვერდი, 21/09/2018 33. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3320-რს - ვებგვერდი, 07/08/2018 32. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3264-რს - ვებგვერდი, 06/08/2018 31. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3313-რს - ვებგვერდი, 31/07/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 30. 23/12/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 1894-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 29. 17/05/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 858-IIს - ვებგვერდი, 02/06/2017 28. 21/04/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 668-IIს - ვებგვერდი, 10/05/2017 27. 10/03/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 436-IIს - ვებგვერდი, 22/03/2017 26. 29/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 238-რს - ვებგვერდი, 13/01/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 21/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 166-რს - ვებგვერდი, 28/12/2016 24. 16/12/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 101-Iს - ვებგვერდი, 20/12/2016 23. 28/10/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4468-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 22. 27/10/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4387-Iს - ვებგვერდი, 11/11/2015 21. 12/10/2015 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/6/668 - ვებგვერდი, 23/10/2015 20. 03/09/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 4188-Iს - ვებგვერდი, 10/09/2015 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 19. 20/03/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3359-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 18. 12/12/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2954-Iს - ვებგვერდი, 23/12/2014 17. 27/11/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2795-Iს - ვებგვერდი, 02/12/2014 16. 29/05/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2465-IIს - ვებგვერდი, 02/06/2014 15. 04/04/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2211-IIს - ვებგვერდი, 08/04/2014 14. 24/12/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1828-რს - ვებგვერდი, 28/12/2013 13. 20/09/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 1274-Iს - ვებგვერდი, 02/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 12. 20/03/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 353-IIს - ვებგვერდი, 04/04/2013 11. 06/03/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 262-IIს - ვებგვერდი, 20/03/2013 10. 22/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6551-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 9. 25/05/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6305-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 8. 25/05/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6320-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 7. 10/04/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6017-Iს - ვებგვერდი, 30/04/2012 6. 27/03/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 5946-Iს - ვებგვერდი, 12/04/2012 5. 20/12/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5527-რს - ვებგვერდი, 111228085, 28/12/2011 4. 01/07/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5001-რს - ვებგვერდი, 110715004, 15/07/2011 3. 12/10/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 3702-IIს - სსმ, 56, 20/10/2010 2. 23/03/2010 - საქართველოს ორგანული კანონი - 2828 - სსმ, 19, 13/04/2010 1. 01/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2186 - სსმ, 40, 07/12/2009