„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3949-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2023
სარეგისტრაციო კოდი 220010000.04.001.018090
3949-XIIIმს-Xმპ
15/12/2023
ვებგვერდი, 28/12/2023
220010000.04.001.018090
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. ამ პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხი შეიძლება გაიცეს მხოლოდ შემდეგი პირობების ერთდროულად დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) სესხისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი გადასახდელები, მათ შორის, პირგასამტეხლო;

ბ) სესხი უნდა გაიცეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღის ვადით, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 91 კალენდარული დღით. თუ ფინანსური კრიზისი არ აღმოფხვრილა ან შეიძლება სრულად არ აღმოიფხვრას ამ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში, ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია სესხი გასცეს ან მისი ვადა გაახანგრძლივოს ამ ქვეპუნქტით დადგენილზე მეტი ვადით;

გ) კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელი უნდა იყოს ადეკვატური რეკაპიტალიზაციის/რეზოლუციის პირობებში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი გეგმით, რომელიც მოიცავს, მათ შორის, დაფინანსების გეგმას;

დ) სესხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიით. ამასთანავე, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს მოსთხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის წარდგენა;

ე) ამ პუნქტის შესაბამისად გაცემული სესხის მიმღებ კომერციულ ბანკს ეროვნულმა ბანკმა დამატებითი მოთხოვნები უნდა დაუწესოს.“.

2. 554 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რეზოლუციის პროცესის დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას, თუ ეს აუცილებელია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების მიერ წინასწარი შენატანების ფარგლებში აკუმულირებული თანხები საკმარისი არ არის/არ იქნება და დაფინანსების არასახელმწიფო წყაროდან მოძიება შეუძლებელია ან ასეთი დაფინანსება საკმარისი არ არის/არ იქნება. დროებითი სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქციონერები და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის 102 პუნქტის „ლ“−„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კრედიტორები კომერციული ბანკის ლიკვიდაციისთვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო თანამიმდევრობით მიიღებენ პირველად ზარალს, რეზოლუციის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავენ შესაბამისი შენატანის სარეზოლუციო ფონდში გადარიცხვით განხორციელების ვალდებულებას. აღნიშნული შენატანი თითოეული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისთვის ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს კომერციული ბანკის რისკის პროფილს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და შენატანის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივი სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს შენატანის დაკისრების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის ელემენტებს, შენატანის ზედა ზღვარს, მისი განხორციელების პერიოდულობასა და ვადას. შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას.“.

3. 555 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 555. სარეზოლუციო ფონდი

1. რეზოლუციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით ეროვნული ბანკი ხსნის ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულ ანგარიშს − სარეზოლუციო ფონდს. 

2. ეროვნული ბანკი საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებს განუსაზღვრავს სარეზოლუციო ფონდში შესაბამისი წინასწარი შენატანის განხორციელების ვალდებულებას. აღნიშნული წინასწარი შენატანი თითოეული საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალისთვის ობიექტური და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე განისაზღვრება. პროპორციულობის კრიტერიუმი გულისხმობს წინასწარი შენატანის იმ ვალდებულებების პროპორციულად განხორციელებას, რომლებიც არ მოიცავს ისეთ ვალდებულებას, რომელიც იმავდროულად არის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტი ან დაზღვეული დეპოზიტი. ობიექტურობის კრიტერიუმი მოიცავს კომერციული ბანკის რისკის პროფილს.

3. წინასწარი შენატანის დაკისრების კრიტერიუმები და წინასწარი შენატანის განხორციელების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად დაადგენს წინასწარი შენატანის დაკისრების საფუძვლებს, გამონაკლისებს, რისკის პროფილის ელემენტებს, წინასწარი შენატანის ზედა ზღვარს, მისი განხორციელების პერიოდულობასა და ვადას. წინასწარი შენატანის ზედა ზღვარი დგინდება იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ წინასწარი შენატანის განხორციელება საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს კომერციული ბანკის ლიკვიდურობას ან გადახდისუნარიანობას.

4. სარეზოლუციო ფონდში ირიცხება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების წინასწარი შენატანები, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გაცემის შემთხვევაში − ამ დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით განხორციელებული შენატანები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი სესხები, გარანტიები და გრანტები, სარეზოლუციო ფონდის საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებით მიღებული შემოსავლები, აგრეთვე სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში. სარეზოლუციო ფონდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია.

5. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფინანსური სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მათ შორის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე ან დროებით ბანკზე სესხის ან გარანტიის გაცემის, კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან დროებითი ბანკის ინსტრუმენტის გამოყენების შემთხვევაში, გადაცემულ ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის ანაზღაურების მიზნით, აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3710 მუხლის მე-12 პუნქტის ან/და იმავე კანონის 3711 მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისთვის. საჭიროების შემთხვევაში სესხი ან/და გარანტია შეიძლება გაიცეს კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების გასხვისების ან შერწყმის სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების ფარგლებში კომერციული ბანკის აქციების, აქტივების ან/და ვალდებულებების შემძენ სუბიექტზე. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფინანსური სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აგრეთვე რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდურობის გაუმჯობესებისთვის, რეზოლუციის პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარჯების, მათ შორის, სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებასა და აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების, დაფარვისთვის.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკს, უცხოური ბანკის ფილიალს დროებით შეუჩეროს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების ვალდებულება, თუ კომერციული ბანკი, უცხოური ბანკის ფილიალი დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში შენატანებს ახორციელებს ამ დაფინანსების სრულად დაფარვამდე.

7. სარეზოლუციო ფონდში საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებულმა თანხებმა უნდა მიაღწიოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობას, რომელიც „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების მთლიანი მოცულობის 3 პროცენტია. 

8. საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი, უცხოური ბანკის ფილიალი ვალდებულია ყოველთვიურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა განახორციელოს სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანი ამ კანონისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.

9. სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირებას ახორციელებს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სარეზოლუციო ფონდი ადმინისტრირებისთვის გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს. ეროვნული ბანკი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო პასუხს არ აგებენ სარეზოლუციო ფონდის გამოყენებით წარმოშობილ ვალდებულებებზე. დაუშვებელია სარეზოლუციო ფონდის აქტივების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვების, მათ შორის, გირავნობის, ყადაღის ან/და აღსრულების, გამოყენება.

10. ეროვნული ბანკი ვალდებულია სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება ეროვნული ბანკის ფინანსური ანგარიშგებებისგან დამოუკიდებლად მოამზადოს. სარეზოლუციო ფონდის ფინანსური ანგარიშგება დამოუკიდებელმა აუდიტორმა უნდა შეამოწმოს. სარეზოლუციო ფონდის აქტივების ღირებულება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა აღირიცხოს.       

11. სარეზოლუციო ფონდის შექმნისა და სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებული ფულადი სახსრების ადმინისტრირების საკითხები განისაზღვრება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით. ამ სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებული თანხების ინვესტირების საკითხები, ხოლო დროებითი სახელმწიფო დაფინანსების, აგრეთვე დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყენებული ფულადი სახსრების შემდგომი ანაზღაურების მიზნით სარეზოლუციო ფონდში განხორციელებული შენატანების ადმინისტრირებისა და ინვესტირების საკითხები განისაზღვრება ამ კანონის 554 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი სამართლებრივი აქტით. ამ ერთობლივი სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე გარკვეული ტრანზაქციებისთვის აუცილებელი თანხმობის მიღების, მათი ანგარიშგების მოთხოვნების დადგენისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი თანხების გამოთხოვის წესები.

12. სარეზოლუციო ფონდის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ადმინისტრირების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსთხოვოს მას და მიიღოს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია.“.

მუხლი 2

1. საქართველოში ლიცენზირებულმა კომერციულმა ბანკმა და უცხოური ბანკის ფილიალმა უზრუნველყონ ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 555 მუხლითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წინასწარი შენატანის პირველად განხორციელება არაუგვიანეს 2025 წლის 15 თებერვლისა.

2. სარეზოლუციო ფონდში წინასწარი შენატანების განხორციელების შედეგად აკუმულირებული თანხები 2033 წლამდე შეიძლება იყოს სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივ ოდენობაზე ნაკლები. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაახანგრძლივოს ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადა, თუ აღნიშნული ვადის დადგომამდე გაიზარდა დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალური ოდენობა (ზღვარი) ან/და სარეზოლუციო  ფონდში აკუმულირებული თანხები გამოყენებულ იქნა „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დაზღვეული დეპოზიტების არანაკლებ 0.5 პროცენტის ოდენობით.

3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის გამოცემა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანა.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებულ ერთობლივ სამართლებრივ აქტში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2023 წ.

N3949-XIIIმს-Xმპ