საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 941
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 17/11/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 25/11/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 22/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
941
17/11/2005
სსმ, 137, 25/11/2005
010.340.000.08.002.003
საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (25/11/2005 - 13/01/2006)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №941

2005 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №264 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

დებულება

საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის, მოქმედების, მათში ცვლილებების შეტანისა და სარგებლობის წესს.

2. საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებია: საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტები.

3. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი არის სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობასა და სტატუსს, აგრეთვე მის მოქალაქეობას.

4. პირზე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემა არ გამორიცხავს ამავე პირზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის შესაძლებლობას.

5. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაა.

6. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომლის ესკიზის დამტკიცება და დამზადების ორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

    მუხლი 2. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემა

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გაიცემა №1 და №2 დანართებში მითითებულ პირებზე და გამოიყენება საქართველოს ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი დავალების შესრულებისათვის ხელშეწყობის მიზნით.

2. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი არ გამოიყენება კერძო მიზნით მგზავრობისათვის.

3. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება და მასში ჩანაწერების გაკეთება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

4. განსაკუთრებულ შემთხვევებში საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელება და მასში ჩანაწერების გაკეთება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.

5. პირზე შეიძლება გაცემულ იქნეს მხოლოდ ერთი სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი, გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გასაცემად განმცხადებელი საგარეო საქმეთა სამინისტროში წარადგენს შუამდგომლობას შესაბამისი დაწესებულებიდან, რომელსაც თან დაერთვება 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 და მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი.

7. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური თანამდებობის პირისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისათვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების მიღების საფუძველია მათი დანიშვნის ან სამუშაო მივლინების შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომელსაც თან დაერთვება 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ასლი.

8. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მფლობელი პასპორტში უშუალოდ აწერს ხელს. დაუშვებელია ამ ვალდებულების მინდობილობით სხვა პირისათვის გადაცემა. ამ დებულების №1 და №2 დანართებით გათვალისწინებული პირების არასრულწლოვან შვილებზე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემის შემთხვევაში პასპორტში ხელს აწერს ამ არასრულწლოვან პირთა კანონიერი წარმომადგენელი.

9. პასპორტის მფლობელობაში მიღებისას პასპორტის მფლობელი ვალდებულია გაეცნოს ამ დებულების მოთხოვნებს.

10. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

11. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი გაიცემა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე.

    მუხლი 3. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შეცვლა და დაკარგულის აღდგენა

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შეცვლა ხორციელდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) სახელის ან გვარის გამოცვლისას;

ბ) ჩანაწერებში უზუსტობათა აღმოჩენისას;

გ) პასპორტში შესაბამისი ფურცლების შევსებისას;

დ) პასპორტის დაზიანებისას;

ე) პასპორტის ვადის გასვლისას, ამ დებულების მე-4 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პასპორტის შეცვლის შესახებ შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის შეცვლისას, თუ შესაცვლელი პასპორტი შეიცავს მოქმედ ვიზას, შესაცვლელი პასპორტის ბოლო გვერდზე აღინიშნება, რომ იგი შეიცავს მოქმედ ვიზას და მიეთითება ახალი პასპორტის ნომერი და გაცემის თარიღი. შესაცვლელი პასპორტის მოქმედების ვადა შეიზღუდება ვიზის მოქმედების ვადის ხანგრძლივობით და იგი რჩება განმცხადებლის მფლობელობაში ამ ვადის ამოწურვამდე.

4. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე, დაკარგვის გარემოებათა აღწერით, დაუყოვნებლივ ეცნობება საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც ამ პასპორტს აცხადებს გაუქმებულად.

5. დაკარგული პასპორტის სანაცვლოდ ახალი პასპორტის გაცემა ხორციელდება ამ დებულების მე-2 მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.

    მუხლი 4. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მოქმედების ვადა

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მოქმედების ვადა განისაზღვრება არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე ყოფნის ან უფლებამოსილების ვადით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამასთან, პასპორტის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 1 წელზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

2. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის გათვალისწინებით. ამასთან, პასპორტის მოქმედების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

    მუხლი 5. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დაბრუნება

1. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი დაუყოვნებლივ უბრუნდება უკან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუ:

ა) პასპორტის მფლობელი აღარ წარმოადგენს ამ დებულების №1 და №2 დანართებში ჩამოთვლილ პირს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თუ პირი თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ან ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში.

2. საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დაბრუნებისათვის პასუხისმგებელია:

ა) პასპორტის მფლობელი;

ბ) უწყება, რომელიც პასპორტის გაცემისათვის შეიტანს შუამდგომლობას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს საზღვრის გადაკვეთისას პირისათვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის ჩამორთმევას და დაბრუნებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის.

4. საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებიდან დაუშვას გამონაკლისი პირის საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში, მისი უკან დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 6. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები

1. თუ პირს ერთდროულად უხდება რამდენიმე სახელმწიფოში გამგზავრება და მისთვის ვიზების გაფორმების პროცედურა არ იძლევა ერთ პასპორტში ვიზის გაცემის შესაძლებლობას ან, თუ პასპორტი შეიცავს ისეთ ვიზას ან ჩანაწერს, რომელიც შეიძლება გახდეს მგზავრობის დამაბრკოლებელი გარემოება, მასზე დაიშვება მეორე სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაფორმება.

2. სამსახურებრივი სარგებლობის გაუქმებული ან ძალადაკარგული პასპორტი ექვემდებარება განადგურებას დადგენილი წესის შესაბამისად, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი აღარ ეკუთვნის ან პასპორტის ყველა გვერდი შევსებულია, პირადი განცხადების საფუძველზე, პასპორტის გაუქმების შემდეგ, იგი შეიძლება მსურველს გადაეცეს სახსოვრად.

4. დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს უნარჩუნდებათ სამუდამოდ.

5. პირი, რომელიც ამ დებულების ძალაში შესვლამდე კანონიერად ფლობს მოქმედ დიპლომატიურ ან სამსახურებრივ პასპორტს, თუ ამ დებულებით მისთვის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემა ან დატოვება არ არის გათვალისწინებული, ინარჩუნებს ამ პასპორტით სარგებლობის უფლებას მხოლოდ პასპორტის მოქმედების ვადის გასვლამდე იმ პირობით, რომ არსებობს მასზე უკვე გაცემული პასპორტის გაცემის საფუძველი.

7. პირი, რომელიც არადანიშნულებისამებრ ისარგებლებს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტით, ან დროულად არ დააბრუნებს მას ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პასუხს აგებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №1

დიპლომატიური პასპორტი მიეცემათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტს, მის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებს;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მეუღლეს;

გ) პრემიერ-მინისტრს, მის მეუღლეს;

დ) უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მეუღლეს;

ე) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მეუღლეს;

ვ) პარლამენტის წევრებს;

ზ) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მდივნის მოადგილეებს;

თ) მინისტრებსა და სახელმწიფო მინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლეს;

ი) გენერალურ პროკურორს;

კ) კონტროლის პალატის თავმჯდომარეს;

ლ) სახალხო დამცველს;

მ) უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს;

ნ) პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, პრეზიდენტის მრჩევლებს, თანაშემწეებს, პრეზიდენტის სამდივნოს უფროსს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეებს, ამავე სამსახურის მთავარ კონსულტანტებსა და კონსულტანტებს;

ო) მთავრობის კანცელარიის უფროსსა და მის მოადგილეებს, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს, პრემიერ-მინისტრის მრჩევლებს, თანაშემწეს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, მთავრობის საპარლამენტო მდივანს, პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსსა და ამავე დეპარტამენტის მთავარ და წამყვან სპეციალისტებს;

პ) პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეებს, პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უშიშროების, ევროინტეგრაციის კომიტეტების აპარატის უფროსებს;

ჟ) პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსსა და მის მოადგილეს;

რ) საქართველოს პატრიარქს, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ქორეპისკოპოსსა და დასვლეთ ევროპის ეპარქიის მმართველს;

ს) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს;

ტ) ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეებს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებს;

უ) გენერალური პროკურორის მოადგილეებს;

ფ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს;

ქ) საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსს;

ღ) შინაგან საქმეთა სამინისტროს არა უმეტეს 50 თანამშრომელს, ასევე საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 30 თანამშრომელს შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე;

ყ) ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს;

შ) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, ქ. თბილისის მერს, პრემიერს, საკრებულოს თავმჯდომარესა და მდივანს;

ჩ) საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, სამინისტროსა და მის უცხოეთის ქვეყნებში არსებული დაწესებულებების დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს, საქართველოს საპატიო კონსულებს, დიპლომატიურ კურიერებს, სამხედრო მისიათა მეთაურებს, სამხედრო ატაშატის წევრებს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილი პირების მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს (გარდა დიპლომატიური კურიერისა);

ც) საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, უცხოეთის სახელმწიფოებში ან ორგანიზაციებში საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა და უწყებათა წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ასევე, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში, მათ მეუღლეებსა და 18 წლამდე ასაკის შვილებს.

დანართი №2

სამსახურებრივი პასპორტი მიეცემათ:

ა) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს;

ბ) პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეებს, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების აპარატების უფროსებს, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების უფროსებს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უშიშროების, ევროინტეგრაციის კომიტეტების აპარატის, აგრეთვე პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოხელეებს;

გ) მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, პრემიერ-მინისტრის თანაშემწეებს;

დ) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწეებსა და მთავარ მრჩევლებს;

ე) მინისტრის მოადგილესა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს (№1 დანართის ‚,ღ” და ‚,ჩ” ქვეპუნქტების დებულებათა გათვალისწინებით);

ვ) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეებს;

ზ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეებსა და წევრებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანს;

თ) ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის თავმჯდომარეების მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მოადგილეებს, ავტონომიური რესპუბლიკების დეპუტატებს, მინისტრებს;

ი) კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილეებს, სახალხო დამცველის მოადგილეებს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს;

კ) სამინისტროების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებს;

ლ) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 60 თანამშრომელს, ასევე თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 30 თანამშრომელს, თითოეული უწყების მიხედვით – შესაბამისი უწყების მომართვის საფუძველზე;

მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შინაგან საქმეთა სამინისტროს საფელდიეგერო სამსახურის არა უმეტეს 10 თანამშრომელს – შესაბამისი უწყების მომართვის საფუძველზე;

ნ) ქ. თბილისის ვიცე-პრემიერსა და პრემიერის მოადგილეს, ქ. თბილისის მერიის არა უმეტეს 5 თანამშრომელს – ქ. თბილისის მერის წარდგინების საფუძველზე, ქალაქების მერებს;

ო) საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს;

პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონ­სულო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენ­ლობების, სამხედრო ატაშატისა და მისიათა ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და მომსახურე პერსონალს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვ­ლილ პირთა მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს;

ჟ) პატრიარქის წარდგინებით – საპატრიარქოს 10 თანამშრომელს;

რ) ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს და ვიცე-პრეზიდენტებს;

ს) საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე, უცხოეთის სახელმწიფოებსა ან ორგანიზაციებში საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ან უწყებათა წარმომადგენლებს, ასევე, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში, მათ მეუღლეებსა და 18 წლამდე ასაკის შვილებს;

ტ) მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტსა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს;

უ) სახელმწიფო დელეგაციების ლიტერულ რეისთა მომსახურე ავიაკომპანიის 10 თანამშრომელს;

ფ) სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს.

55. 19/05/2015 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 177 - ვებგვერდი, 19/05/2015 54. 14/05/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 302 - ვებგვერდი, 14/05/2013 53. 31/01/2013 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 45 - ვებგვერდი, 31/01/2013 52. 12/10/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 944 - ვებგვერდი, 12/10/2012 51. 06/09/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 788 - ვებგვერდი, 06/09/2012 50. 15/08/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 716 - ვებგვერდი, 15/08/2012 49. 24/07/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 626 - ვებგვერდი, 25/07/2012 48. 14/06/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 483 - ვებგვერდი, 14/06/2012 47. 03/10/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 578 - ვებგვერდი, 111003024, 03/10/2011 46. 31/08/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 482 - ვებგვერდი, 110901005, 01/09/2011 45. 09/08/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 437 - ვებგვერდი, 110809008, 09/08/2011 44. 29/06/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 341 - ვებგვერდი, 110629010, 29/06/2011 43. 05/05/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 240 - ვებგვერდი, 110506021, 06/05/2011 42. 28/03/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 170 - ვებგვერდი, 110329005, 29/03/2011 41. 11/03/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 142 - ვებგვერდი, 110311019, 11/03/2011 40. 16/02/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 84 - ვებგვერდი, 180211, 18/02/2011 39. 02/02/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 53 - ვებგვერდი, 030211, 03/02/2011 38. 24/12/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 1051 - სსმ, 169 , 28/12/2010 37. 15/07/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 507 - სსმ, 86, 15/07/2010 36. 29/07/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 453 - სსმ, 76, 30/06/2010 35. 08/06/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 389 - სსმ, 65, 08/06/2010 34. 22/03/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 183 - სსმ, 31, 24/03/2010 33. 26/02/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 139 - სსმ, 23, 26/02/2010 32. 12/02/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 97 - სსმ, 18, 16/02/2010 31. 31/12/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 978 - სსმ, 160, 31/12/2009 30. 28/12/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 965 - სსმ, 158, 29/12/2009 29. 11/12/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 920 - სსმ, 151, 11/12/2009 28. 10/09/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 594 - სსმ, 111, 10/09/2009 27. 03/08/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 480 - სსმ, 97, 06/08/2009 26. 03/08/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 479 - სსმ, 97, 06/08/2009 25. 17/03/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 128 - სსმ, 33, 19/03/2009 24. 06/01/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 3 - სსმ, 2, 09/01/2009 23. 28/11/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 574 - სსმ, 169, 28/11/2008 22. 18/11/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 554 - სსმ, 166, 21/11/2008 21. 07/11/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 537 - სსმ, 161, 07/11/2008 20. 27/10/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 508 - სსმ, 157, 29/10/2008 19. 06/08/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 401 - სსმ, 113, 07/08/2008 18. 21/07/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 376 - სსმ, 103, 22/07/2008 17. 27/06/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 317 - სსმ, 92, 30/06/2008 16. 23/05/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 270 - სსმ, 76, 28/05/2008 15. 14/05/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 252 - სსმ, 73, 16/05/2008 14. 26/02/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 105 - სსმ, 31, 28/02/2008 13. 22/01/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 29 - სსმ, 12, 25/01/2008 12. 10/12/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 679 - სსმ, 175, 11/12/2007 11. 16/11/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 634 - სსმ, 164, 21/11/2007 10. 17/10/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 590 - სსმ, 147, 22/10/2007 9. 08/10/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 567 - სსმ, 143, 15/10/2007 8. 17/09/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 528 - სსმ, 131, 20/09/2007 7. 12/07/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 423 - სსმ, 101, 16/07/2007 6. 12/04/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 245 - სსმ, 53, 17/04/2007 5. 06/11/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 652 - სსმ, 150, 08/11/2006 4. 12/10/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 605 - სსმ, 140, 12/10/2006 3. 08/08/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 468 - სსმ, 106, 09/08/2006 2. 18/04/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 270 - სსმ, 54, 19/04/2006 1. 13/01/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 21 - სსმ, 6, 17/01/2006