დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 270 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/04/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 54, 19/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №270
2006 წლის 18 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტები, როგორც წესი, ინახება შუამდგომლობის წარმდგენი შესაბამისი დაწესებულების კადრების ან პროტოკოლის სამსახურებში და მათი გამოყენება ხდება მხოლოდ სამსახურებრივი დანიშნულებისამებრ.“;
ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. ამ დებულებით გათვალისწინებული საკითხები დამატებით რეგულირდება საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;
გ) დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებით სარგებლობის უფლებას ინარჩუნებენ უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირები საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში.“;
დ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი;
ე) დებულების №1 დანართის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორებს;“;
ვ) დებულების №1 დანართის „ღ“ ქვეპუნქტში სიტყვების „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მის სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების“ და „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 50 თანამშრომელს, ასევე საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 30 თანამშრომელს, შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე;“;
ზ) დებულების №1 დანართის „ჩ“ ქვეპუნქტში სიტყვის „გარდა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „საპატიო კონსულის და“ და „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, სამინისტროსა და მის უცხოეთის ქვეყნებში არსებული დაწესებულებების დიპლომატიურ თანამდებობაზე მყოფ თანამშრომლებს, საქართველოს საპატიო კონსულებს, დიპლომატიურ კურიერებს, სამხედრო მისიათა მეთაურებს, სამხედრო ატაშატის წევრებს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილი პირების მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს (გარდა საპატიო კონსულისა და დიპლომატიური კურიერისა);“;
თ) დებულების №1 დანართის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც) უცხოეთის სახელმწიფოებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ან უწყებათა წარმომადგენლებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირებს, რომელთაც აქვთ დიპლომატიური სტატუსი, ხოლო თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ მეუღლეებსა და 18 წლამდე ასაკის შვილებს;“;
ი) დებულების №2 დანართის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები: „მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილების უფროსებს“ და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს, ანალიტიკური ჯგუფის მთავარ მრჩევლებს, მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განყოფილების უფროსებს;“;
კ) დებულების №2 დანართის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამსახურის უფროსს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწეს, საბჭოს აპარატის მთავარ მრჩევლებსა და მრჩევლებს;“;
ლ) დებულების №2 დანართის „ლ“ ქვეპუნქტში სიტყვების „იუსტიციის სამინისტროს“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მის სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების“ და „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების არა უმეტეს 80 თანამშრომელს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 60 თანამშრომელს, თავდაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, გენერალური პროკურატურის, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის არა უმეტეს 30 თანამშრომელს, თითოეული უწყების მიხედვით – შესაბამისი უწყების მომართვის საფუძველზე;“;
მ) დებულების №2 დანართის „პ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და მომსახურე“ და „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლობების, სამხედრო ატაშატისა და მისიათა ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს, საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში ზემოთ ჩამოთვლილ პირთა მეუღლეებსა და 18 წლის ასაკამდე შვილებს;“;
ნ) დებულების №2 დანართის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) უცხოეთის სახელმწიფოებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს, საქართველოს სამთავრობო დაწესებულებათა ან უწყებათა წარმომადგენლებს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელით მომუშავე პირებს, ხოლო თუ ეს პირები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ცხოვრობენ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მათ მეუღლეებსა და 18 წლამდე ასაკის შვილებს;“;
ო) დებულების №2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ“ ქვეპუნქტი:
„ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს.“.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები