განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3531
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 05/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.050.000.05.001.004.163
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3531
21/07/2010
სსმ, 47, 05/08/2010
430.050.000.05.001.004.163
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (28/06/2023 - 10/11/2023)

საქართველოს კანონი

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა.

    მუხლი 2. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები

1. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა ხდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით.

2. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმებია ავტორიზაცია და აკრედიტაცია.

3. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 21. ტერმინთა განმარტება 

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის, აგრეთვე ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების სისტემისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს კვალიფიკაციების სწავლის შედეგების მიხედვით კლასიფიცირებას განათლების ქვესისტემების (ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, არაფორმალური განათლება) ინტეგრირებისა და კოორდინირების, აგრეთვე კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების, გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით;

ბ) კვალიფიკაცია − უფლებამოსილი დაწესებულების/დაწესებულებების მიერ სწავლის შედეგის მიღწევის შეფასებისა და დადასტურების ფორმალური შედეგი, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით;

გ) სწავლის შედეგი − განაცხადი პირის მიერ მისაღწევი „ცოდნისა და გაცნობიერების“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარის“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) შესახებ;

დ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორი − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და მათთან შესაბამისი კვალიფიკაციების დაკავშირებას;

ე) ფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას;

ვ) არაფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერი − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესის მიზნებისთვის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მიხედვით კლასიფიცირებული, შინაარსობრივად (პროგრამის შინაარსი, სწავლის მიზნები და შედეგები) დაჯგუფებული საგანმანათლებლო პროგრამები (გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ48“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა და იმავე კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა). საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერად დაჯგუფების წესი და პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებით (შემდგომ – აკრედიტაციის დებულება).

2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464  – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

 

თავი II. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო

    მუხლი 3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

1. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი).

2. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ცენტრის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) ამტკიცებს ცენტრის დებულებას;

ბ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა (შემდგომში – ავტორიზაციის დებულება) და საფასურს;

გ) ამტკიცებს აკრედიტაციის დებულებასა და აკრედიტაციის საფასურს;

დ) ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს; უფლებამოსილია საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისათვის დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები;

ე) (ამოღებულია - 20.09.2018, №3445);

1) ამტკიცებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურს;

ვ) განსაზღვრავს ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ვადებს ან/და ამ მომსახურების საფასურს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4790 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.

საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4784 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3028 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

    მუხლი 4. ცენტრის სამართლებრივი სტატუსი

1. ცენტრი არის ამ კანონით შექმნილი, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).

3. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები, ცენტრის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ცენტრის დებულებით.

4. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3028 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

    მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 

1. ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

ბ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (შემდგომ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი)) ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;

1) ახორციელებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას;

2) ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად ახორციელებს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ შეფასებას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებას;

3) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას;

გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას;

დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას;

ე) (ამოღებულია - 20.09.2018, №3445) ;

ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს;

ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. ცენტრი სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციას აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს. სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესი მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

     მუხლი 6. ცენტრის ქონება და დაფინანსება

1. ცენტრს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება ცენტრის დამოუკიდებელ ბალანსზე.

3. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ე) საჩუქრისა და შემოწირულების სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება ცენტრის მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას.

 

თავი III . ავტორიზაცია

    მუხლი 7. ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი. ავტორიზაციის სტანდარტები

1. ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) სკოლის ფილოსოფიას;

ბ) სასკოლო კურიკულუმს;

გ) სასწავლო პროცესის ადმინისტრაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას;

დ) მოსწავლეთა მხარდაჭერას.

21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;

გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;

ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;

ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;

ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

22. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;

ბ) საგანმანათლებლო პროგრამებს;

გ) პროფესიულ სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;

დ) ადამიანურ რესურსებს;

ე) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.

3. ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.

4. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, მათ შორის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სამინისტრომ ავტორიზაციის დებულებით შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის განსხვავებული პირობები.

    მუხლი 8. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებები

1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებებია (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი):

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი.

11. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციას მოიპოვებს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს:

ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;

ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;

გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;

დ) საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;

1) საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;

2) უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;

3) მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას;

ე) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;

1) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას;

ვ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას;

ზ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას;

თ) სხვა საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის განხორციელებისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო აკრედიტაცია, ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში ამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიმატა.

31. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

4. ავტორიზაციას არ ექვემდებარება:

ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას:

ა.ა) რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;

ა.ბ) რომელიც არ არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი;

ა.გ) რომელიც არც პირდაპირ და არც ირიბად არ უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას და აქვს დამოუკიდებელი სწავლის შედეგი;

ა.დ) რომელიც არ მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით;

ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში.

5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში განახორციელოს მხოლოდ სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში განახორციელოს ნებისმიერი სახის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები. აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი საბჭოები: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭო და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭო.

51. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.

    მუხლი 9. სტატუსის მაძიებლის თვითშეფასება

ავტორიზაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ სტატუსის მაძიებლისთვის წინასწარ დადგენილი ფორმის მიხედვით სტატუსის მაძიებლის მიერ თვითშეფასების ჩატარება.

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464  – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

    მუხლი 10. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი

ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად ცენტრი ქმნის შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფებს, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.

    მუხლი 11. გადაწყვეტილება ავტორიზაციის თაობაზე

1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭოები). ავტორიზაციის საბჭოების წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები, გარდა ამ მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ავტორიზაციის საბჭოების უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.

11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.

12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.

2. ავტორიზაციის საბჭოები საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ვ) სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე შუამდგომლობით სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ.

21. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.

22. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და მოსწავლეების/სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, ავტორიზაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით მოსწავლეებს/სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაასრულებინოს და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ან ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.

23. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ავტორიზაციის გაუქმების/ავტორიზაციაზე უარის თქმის/სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გაუქმების გარემოების დადგომის შემთხვევაში სამინისტროს მიმართოს შუამდგომლობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის თაობაზე.

3. ავტორიზაციის საბჭოები ვალდებული არიან დაასაბუთონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

4. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

6. საავტორიზაციო განაცხადის ცენტრისთვის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე არაუადრეს 1 წლისა და არაუგვიანეს 9 თვისა აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.

    მუხლი 12. გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ

1. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს.

2. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.

3. ავტორიზაციის საბჭოები ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავენ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.

    მუხლი 13. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი

1. ავტორიზაციის შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ავტორიზაციის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3. ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის  ფუნქციონირების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა აგრძელებს ფუნქციონირებას ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1933 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464  – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

    მუხლი 14. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464  – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

    მუხლი 15. ავტორიზაციის პირობების შემოწმება და ავტორიზაციის გაუქმება

1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. ავტორიზაციის სტანდარტთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.

21. ცენტრს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიში არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ წარედგინება. ცენტრისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

22. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განახორციელოს თვითშეფასება ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.

3. ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე მიიღონ ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

31. თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ განხორციელებული ორი ან ორზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან რომელიმე არ შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის 22 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტანდარტს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.

32. თუ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ორი ან ორზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამიდან რომელიმე არ შეესაბამება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ავტორიზაციის სტანდარტს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ნაცვლად, მიიღოს გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შესაბამისი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/ პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება და ამ კანონის მე-11 მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობით სამინისტროსთვის მიმართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 29.03.2013წ.

    მუხლი 16. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები

1. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან დაკარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მას ეზღუდება მოსწავლეების/სტუდენტების/პროფესიული სტუდენტების/ აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების/აპლიკანტების მიღების უფლება;

გ) მოსწავლეს/სტუდენტს უფლება აქვს, ამ კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან გადავიდეს სხვა, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

დ) სტუდენტს ამ კანონის მე-11 მუხლის 2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ე) პროფესიულ სტუდენტს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ვ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ზ) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

თ) აპლიკანტი, რომელმაც შესაბამის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

2. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სტატუსის მოსაპოვებლად ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.

     მუხლი 161. საგანმანათლებლო პროგრამის დამატება 

1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრისთვის წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადით დაიმატოს  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები.

11. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

2. ცენტრისათვის წარსადგენი საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.

4. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ გადაწყვეტილება ან საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის საგანმანათლებლო პროგრამის დამატების თაობაზე განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

    მუხლი 162. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა 

1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი.

2. ცენტრისათვის წარსადგენი მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.

4. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება ან მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრისათვის მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

თავი IV. აკრედიტაცია

    მუხლი 17. აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი

1. აკრედიტაციის მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებისა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.

2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია ან რომლის აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ, ამასთანავე, ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით ცენტრის მიერაა აღიარებული.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა), ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება მხოლოდ მის მიერ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაშია შესაძლებელი.

4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას გადის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მის მიერ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. (ამოღებულია - 26.07.2017, №1224).

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №188 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

    მუხლი 18. აკრედიტაციის სტანდარტები

აკრედიტაციის სტანდარტებია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;

ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;

გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;

დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;

ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464  – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

    მუხლი 19. აკრედიტაციის ჩატარება

1. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.

2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომელიც შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, გარდა ამ მუხლის 2 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.

21. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრები მის საქმიანობაში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.

22. აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ წევრებსა და მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს აკრედიტაციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის, აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ. აღიარება ხორციელდება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

     მუხლი 20. აკრედიტაციის მაძიებლის მიერ თვითშეფასების ჩატარება და დოკუმენტაციის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა

1. აკრედიტაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმის მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ თვითშეფასების ჩატარება.

2. ცენტრი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს აკრედიტაციის მაძიებლის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამებისთვის წარდგენილ თვითშეფასებას და მისთვის დართული დოკუმენტაციის აკრედიტაციის დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

    მუხლი 21. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი

აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.

      მუხლი 22. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება

1. საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამისა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა) აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 4 სახის:

ა) აკრედიტაციის შესახებ;

ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ;

გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა 7 წელია. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე.

4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას აკრედიტაციის საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში,  აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს აკრედიტაციის ვადის განმავლობაში სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას.

5. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წლისა. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, პირობითი აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლისა.

6. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

7. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.

8. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.

9. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტს.

10. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ცენტრისთვის ოფიციალურად წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

11. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სასწავლო წლის განმავლობაში იქნება მიღებული, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია, შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობისა და სტუდენტების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის უწყვეტობის მიზნით, აკრედიტაციის დარჩენილი ვადის მიუხედავად, სათანადო გადაწყვეტილებით სტუდენტებს მიმდინარე სასწავლო წელი შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტებულ რეჟიმში დაასრულებინოს და აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ან ხელახალ აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღად არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების თარიღი მიუთითოს.

12. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის შესაძლებლობას.

     მუხლი 221. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ავტორიზაციის საბჭოს მიერ მისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში ცენტრს წარუდგინოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადი.

2. ცენტრისთვის წარსადგენი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის წესი, პირობები და საფასური განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.

4. აკრედიტაციის საბჭო სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას ან სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრისთვის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

    მუხლი 23. აკრედიტაციის პირობების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება

1. ცენტრი აკონტროლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. აკრედიტაციის პირობების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

2. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, აგრეთვე ცენტრის ინიციატივით.

21. ცენტრს თვითშეფასების ანგარიში წარედგინება არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. ცენტრისათვის თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე მიიღოს აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს.

4. აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება აკრედიტაციის საბჭოს მიერ შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

     მუხლი 24. აკრედიტაციაზე უარის თქმის, აკრედიტაციის გაუქმების ან აკრედიტაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/აბიტურიენტების/ მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება, რომელთა აკრედიტაციაზედაც უარი ეთქვა, აკრედიტაცია გაუუქმდა ან აკრედიტაციის ვადა გაუვიდა;

ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაიტანოს;

გ) სტუდენტს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით;

ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში სტუდენტს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. სტუდენტს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.

3. (ამოღებულია - 30.03.2022, №1464).

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6284 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.

საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464  – ვებგვერდი, 06.04.2022წ.

თავი IV1. დავის განმხილველი ორგანო

    მუხლი 241. სააპელაციო საბჭო

1. ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტითა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში.

2. სააპელაციო საბჭოს წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებითა და აკრედიტაციის დებულებით, რომლებითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. მინისტრი უფლებამოსილია დაადგინოს საჩივრის სააპელაციო საბჭოსთვის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები.

3. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ორი სახის:

ა) ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;

ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის/აკრედიტაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.

4. ავტორიზაციის საბჭოს/აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში ან/და სასამართლოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.

მუხლი 242. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი მიზნები 

1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო შედგება 8 დონისაგან. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თითოეული დონე არის კვალიფიკაციის სირთულის განმსაზღვრელი ელემენტი, რომელიც აერთიანებს „ცოდნითა და გაცნობიერებით“, „უნარით“ და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს − აღმწერებს.

2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებია:

ა) კვალიფიკაციების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ძირითადი პრინციპების (სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) დაცვით კლასიფიცირება;

ბ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და განვითარება;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა;

ე) კვალიფიკაციების შეთავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფა;

ვ) მობილობის ხელშეწყობა;

ზ) სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;

თ) არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;

ი) არსებული კვალიფიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

კ) განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მათი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირება.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.

მუხლი 243. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დამტკიცება, მართვა და განვითარება 

1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესებს, აგრეთვე არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურებსა და წესს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

მუხლი 244. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი 

1. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს სწავლის თითოეულ სფეროში მისანიჭებელ კვალიფიკაციას.

2. სწავლის სფეროების კლასიფიკატორს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

3. სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3437 – ვებგვერდი, 05.10.2018წ.

საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

 

თავი V. ცენტრის უფლებამოსილება საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და მიღებული განათლების აღიარების მიმართულებით

       მუხლი 25. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება 

საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. 

საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5022 - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

მუხლი 251 . საქართველოში მიღებული განათლების აღიარება

1. ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.

2. ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი.

3. სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემის საფასური.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5639 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №52 - ვებგვერდი, 15.12.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 26. უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარება

1. უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს:

ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა აღნიშნული დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება);

ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობას (შესაბამისობის დადგენა).

2. ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას, თუ  განათლება უცხოეთში დისტანციური ფორმითაა მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისტანციური ფორმით განათლება მიღებულია  შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად.

საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6289 – ვებგვერდი, 15.06.2020წ.

 

თავი VI. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 27. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 28. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

    მუხლი 29. (ამოღებულია)

საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3445 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.

 

თავი VII. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის ზოგადი პრინციპები

    მუხლი 30. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური

1. საფასური არის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის სამინისტროს აქტით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. საფასური ჩაირიცხება ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 31. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა, მომსახურებისათვის დაწესებული ვადის ათვლა და გადახდილი საფასურის დაბრუნება

1. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასურის განაკვეთები განისაზღვრება სამინისტროს აქტით.

2. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამინისტროს აქტით დადგენილი საფასური.

3. სამინისტროს აქტით მომსახურებისათვის დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება სამინისტროს აქტით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე.

5. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება სამინისტროს აქტით.

 

თავი VIII. გარდამავალი დებულებები

    მუხლი 32. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება, ხოლო 2011 წლის 1 მარტამდე – ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება.

3. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2011 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

4. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.

5. განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლიცენზირების, ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის ნაწილში.

6. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლიცენზირების, ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს ფუნქციებს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

  მუხლი 321. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია

   საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ამ კანონის საფუძველზე დაფუძნებული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2015 წლის 1 იანვრამდე ითვლება ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულად. 2015 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები  ექვემდებარება ავტორიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №188 - ვებგვერდი, 29.12.2012წ.

   მუხლი 322. საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახალი ავტორიზაცია და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია 

1. იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011–2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა გაუგრძელდეს 1 წლით.

2. 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად საქართველოს მთავრობის განკარგულებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისათვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2017 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვროს 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების 2018–2022 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალით“ (დანართი №4) გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით.

21. 2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია) აკრედიტებულად ჩაითვალოს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.

22. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

23. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც მიმდინარე ავტორიზაციის ვადა 2021 წლის 1 მარტამდე ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე.

24. უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

25. დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამას (გარდა 2011-2012 წლებში აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამისა), რომელსაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა 2020 წელს ეწურება, ეს ვადა გაუგრძელდეს 2021 წლის 1 ივლისამდე.

3. 2018 წლის 1 იანვრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შემოწმება განხორციელდეს 2016 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

4. 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად მინისტრის ბრძანებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციისთვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2022 წლის 1 ივლისამდე მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მიერ 2022–2028 წლებში ხელახალი აკრედიტაციის გავლის ეტაპები სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით არააკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი სწავლის სფეროსთვის განსაზღვრული აკრედიტაციის ვადის გასვლამდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის არააკრედიტებულ რეჟიმში განხორციელება დაუშვებელია.

6. 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთაც მიმდინარე აკრედიტაციის ვადა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ბრძანებით ხელახალი აკრედიტაციისთვის განსაზღვრული ეტაპის ვადის გასვლიდან 2 წლის შემდეგ ეწურება, ჩაითვალოს აკრედიტებულად ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი შესაბამისი სწავლის სფეროსთვის განსაზღვრული აკრედიტაციის მომდევნო ვადის გასვლამდე.

7. 2022 წლის 1 ივლისამდე მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი.

8. ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მოქმედ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებსაც მინიჭებული აქვს პირობითი აკრედიტაცია.

9. ამ მუხლის მე-4−მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის აკრედიტაცია განახორციელა ცენტრის მიერ აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ, ამასთანავე, ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აკრედიტაცია აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით ცენტრის მიერაა აღიარებული.

    მუხლი 323. 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ მიღებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია 

დაუშვებელია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია, თუ განათლება მიღებულია ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.

    მუხლი 324. ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ვადის შეჩერება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად ცენტრში 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 ოქტომბრამდე წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოების ვადა ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დაკავშირებით ავტორიზაციის დებულებით გათვალისწინებული ისეთი ადმინისტრაციული წარმოების ვადა, რომლის განხორციელებაც, ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით, ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის გარეშე შეუძლებელია, შეჩერდეს 2021 წლის 1 იანვრამდე.

 

თავი IX. დასკვნითი დებულება

    მუხლი 33. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 21 ივლისი.

№3531–რს

30. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4300-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 04/07/2024 29. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4366-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/07/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 28. 15/05/2024 - საქართველოს კანონი - 4164-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/05/2024 27. 15/05/2024 - საქართველოს კანონი - 4161-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 21/05/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 15/12/2023 - საქართველოს კანონი - 3960-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 25/12/2023 25. 30/11/2023 - საქართველოს კანონი - 3836-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2023 24. 10/11/2023 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 2/7/1528 - ვებგვერდი, 15/11/2023 23. 28/06/2023 - საქართველოს კანონი - 3304-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 17/07/2023 22. 30/03/2022 - საქართველოს კანონი - 1464-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/04/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 21. 16/03/2022 - საქართველოს კანონი - 1429-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/03/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 16/03/2021 - საქართველოს კანონი - 350-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 18/03/2021 19. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6289-IIს - ვებგვერდი, 15/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6284-IIს - ვებგვერდი, 15/06/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 17. 13/12/2019 - საქართველოს კანონი - 5568-Iს - ვებგვერდი, 19/12/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 01/11/2019 - საქართველოს კანონი - 5278-Iს - ვებგვერდი, 04/11/2019 15. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3445-Iს - ვებგვერდი, 09/10/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 20/09/2018 - საქართველოს კანონი - 3437-Iს - ვებგვერდი, 05/10/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3028-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 12. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1933-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 11. 26/07/2017 - საქართველოს კანონი - 1224-რს - ვებგვერდი, 28/07/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 01/12/2016 - საქართველოს კანონი - 52-Iს - ვებგვერდი, 15/12/2016 9. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5022-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 19/02/2016 - საქართველოს კანონი - 4784-IIს - ვებგვერდი, 07/03/2016 7. 27/11/2015 - საქართველოს კანონი - 4585-Iს - ვებგვერდი, 10/12/2015 6. 25/11/2015 - საქართველოს კანონი - 4559-Iს - ვებგვერდი, 08/12/2015 5. 20/03/2013 - საქართველოს კანონი - 347-IIს - ვებგვერდი, 29/03/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 28/12/2012 - საქართველოს კანონი - 188-რს - ვებგვერდი, 29/12/2012 3. 27/12/2011 - საქართველოს კანონი - 5639-რს - ვებგვერდი, 09/01/2012 2. 25/11/2011 - საქართველოს კანონი - 5348-IIს - ვებგვერდი, 111206010, 06/12/2011 1. 17/06/2011 - საქართველოს კანონი - 4790-Iს - ვებგვერდი, 110628019, 28/06/2011