„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3437-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/09/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.019158
3437-Iს
20/09/2018
ვებგვერდი, 05/10/2018
430050000.05.001.019158
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამ კანონის მიზნებისათვის, აგრეთვე ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების სისტემისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს კვალიფიკაციების სწავლის შედეგების მიხედვით კლასიფიცირებას განათლების ქვესისტემების (ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება, არაფორმალური განათლება) ინტეგრირებისა და კოორდინირების, აგრეთვე კვალიფიკაციის ხარისხის გაუმჯობესების, გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობისა და განვითარების მიზნით, შრომის ბაზრისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით;

ბ) კვალიფიკაცია − უფლებამოსილი დაწესებულების/დაწესებულებების მიერ სწავლის შედეგის მიღწევის შეფასებისა და დადასტურების ფორმალური შედეგი, რომელიც დასტურდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატით, უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით – დიპლომით ან ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტით;

გ) სწავლის შედეგი − განაცხადი პირის მიერ მისაღწევი „ცოდნისა და გაცნობიერების“ (სწავლის ან საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციის, ფაქტების, პრინციპების, თეორიების, თეორიული და პრაქტიკული მეთოდების ასიმილაციის შედეგი), „უნარის“ (კონკრეტული დავალების შესრულებისა და პრობლემების გადაჭრისათვის შესაბამისი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა) ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ (ღირებულებებითა და დამოუკიდებლობის შესაბამისი ხარისხით პირის მიერ ცოდნისა და უნარების გამოყენება) შესახებ;

დ) სწავლის სფეროების კლასიფიკატორი − ინსტრუმენტი, რომელიც ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და მათთან შესაბამისი კვალიფიკაციების დაკავშირებას;

ე) ფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას;

ვ) არაფორმალური განათლება − მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას.

2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს, რომლებიც არ არის განმარტებული ამ მუხლის პირველ პუნქტში, აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.“.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტორიზაციის საბჭოები ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავენ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.“.

3. მე-19 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომელიც შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, გარდა ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22  პუნქტები:

„21. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრები მის საქმიანობაში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.

22. აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ წევრებსა და მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს აკრედიტაციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის IV2 თავი:

„თავი IV2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი

მუხლი 242. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და მისი მიზნები

1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო შედგება 8 დონისაგან. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თითოეული დონე არის კვალიფიკაციის სირთულის განმსაზღვრელი ელემენტი, რომელიც  აერთიანებს „ცოდნითა და გაცნობიერებით“, „უნარით“ და „პასუხისმგებლობითა და ავტონომიურობით“ აღწერილ, განზოგადებულ სწავლის შედეგებს − აღმწერებს.

2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მიზნებია:

ა) კვალიფიკაციების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ძირითადი პრინციპების (სწავლის შედეგების შესაბამისობა, ხარისხის უზრუნველყოფა, კვალიფიკაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა) დაცვით კლასიფიცირება;

ბ) ზოგადი განათლების, პროფესიული განათლებისა და უმაღლესი განათლების ურთიერთდაკავშირება, მართვა და განვითარება;

გ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მხარდაჭერა;

ე) კვალიფიკაციების შეთავსებადობის, შესადარობისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოფა; 

ვ) მობილობის ხელშეწყობა;

ზ) სწავლის პერიოდში მიღებული ფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;

თ) არაფორმალური განათლების აღიარების ხელშეწყობა;

ი) არსებული კვალიფიკაციების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

კ) განათლების სისტემაში საზოგადოების მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების ასახვა და მათი შესაბამისი, განახლებადი კვალიფიკაციების აღწერის სტიმულირება.

მუხლი 243. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დამტკიცება, მართვა და განვითარება

1. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

2. ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესებს, აგრეთვე არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურებსა და წესს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

მუხლი 244. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი

1. სწავლის სფეროების კლასიფიკატორი ახდენს საქართველოში არსებული სწავლის სფეროების კლასიფიცირებას და განსაზღვრავს სწავლის თითოეულ სფეროში მისანიჭებელ კვალიფიკაციას.

2. სწავლის სფეროების კლასიფიკატორს ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

3. სწავლის სფეროების კლასიფიკატორის მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესს ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:

ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცება, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედებამდე ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ეტაპების დადგენა. საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად ჩაითვალოს სათანადო ეტაპის დასრულებამდე, აგრეთვე ამ კანონის ამოქმედებამდე ავტორიზებულ/აკრედიტებულ რეჟიმში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად, შესაბამისი სამართლებრივი აქტების (მათ შორის, „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების) შესაბამისად მინიჭებული კვალიფიკაცია;

ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა) დამტკიცება და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 სექტემბერი 2018 წ.

N3437-Iს