დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3531 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 21/07/2010 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 47, 05/08/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 430.050.000.05.001.004.163 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (25/11/2011 - 27/12/2011)
საქართველოს კანონი
განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა.
მუხლი 2. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები
1. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა ხდება შიდა და გარე მექანიზმების საშუალებით.
2. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმებია ავტორიზაცია და აკრედიტაცია.
3. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის შიდა მექანიზმები ხორციელდება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
1. განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).
2. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი მუშაობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტების, სამინისტროს მიერ დამტკიცებული ცენტრის დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ამტკიცებს ცენტრის დებულებას;
ბ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა (შემდგომში – ავტორიზაციის დებულება) და საფასურს;
გ) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებასა (შემდგომში – აკრედიტაციის დებულება) და საფასურს;
დ) ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს;
ე) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესს;
ე1) ამტკიცებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურს;
ვ) განსაზღვრავს ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ვადებს ან/და ამ მომსახურების საფასურს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4790 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 4. ცენტრის სამართლებრივი სტატუსი
1. ცენტრი არის ამ კანონით შექმნილი, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები, ცენტრის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ცენტრის დებულებით.
4. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო.
მუხლი 5. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რა მიზნითაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;
გ) ახორციელებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას, მათ შორის, ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებას;
დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას;
ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს;
ე1) ახორციელებს სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენას , შეფასებას და სახელმძღვანელოებისათვის გრიფების მინიჭებას ;
ე2) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ენობრივ სისწორეს;
ვ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 6. ცენტრის ქონება და დაფინანსება
1. ცენტრს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება ცენტრის დამოუკიდებელ ბალანსზე.
3. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
ე) საჩუქრისა და შემოწირულების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება ცენტრის მიზნების განხორციელებასა და ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 7. ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი. ავტორიზაციის სტანდარტები
1. ავტორიზაცია არის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. ავტორიზაციის სტანდარტებია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამები;
ბ) მატერიალური რესურსი;
გ) ადამიანური რესურსი.
3. ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების პირობები და ავტორიზაციის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით.
მუხლი 8. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებები
1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული დაწესებულებებია (შემდგომში – სტატუსის მაძიებელი):
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი.
2. სტატუსის მაძიებელმა საავტორიზაციო განაცხადში უნდა მიუთითოს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს:
ა) დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
ბ) საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
გ) საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას;
დ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას;
ე) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას;
ვ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას;
ზ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას;
თ) სხვა საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის განხორციელებისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო აკრედიტაცია, ასევე იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთაც უკავშირდება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.
3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ საავტორიზაციო განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, აგრეთვე ის პროგრამა, რომელიც ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში აისახა თვითშეფასების ანგარიშში.
4. ავტორიზაციას არ ექვემდებარება:
ა) სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო საქმიანობას, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;
ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, პროფესიული მომზადების სფეროში.
5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ზოგადსაგან-მანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დამატებითი სტატუსის მოპოვების გარეშე.
6. ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 9. სტატუსის მაძიებლის თვითშეფასება
ავტორიზაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ სტატუსის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმის მიხედვით სტატუსის მაძიებლის მიერ ჩატარებული თვითშეფასება.
მუხლი 10. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი
ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად ცენტრი ქმნის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით.
მუხლი 11. გადაწყვეტილება ავტორიზაციის თაობაზე
1. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომში – ავტორიზაციის საბჭო), რომლის წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
2. ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
3. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
4. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 90 დღის განმავლობაში.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებიდან 10 დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
6. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის შესაძლებლობას. ცენტრი ვალდებულია საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე აცნობოს ავტორიზაციის ვადის გასვლის შესახებ.
მუხლი 12. გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ
1. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს.
2. ავტორიზაციის ვადა 5 წელია.
3. ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.
მუხლი 13. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი
ავტორიზაციის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და სტუდენტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 14. გადაწყვეტილება ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.
მუხლი 15. ავტორიზაციის პირობების შემოწმება და ავტორიზაციის გაუქმება
1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არა უმეტეს 15 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით.
3. ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 16. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები
ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;
ბ) მოსწავლეებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში;
გ) სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.
მუხლი 17. აკრედიტაციის მიზანი და შინაარსი
1. აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის გზით, განათლების ხარისხის ასამაღლებლად საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
2. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, რომელსაც გავლილი აქვს აკრედიტაცია.
3. რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში.
მუხლი 18. აკრედიტაციის სტანდარტები
აკრედიტაციის სტანდარტებია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა;
ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა;
გ) მოსწავლეების/სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა;
დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა;
ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
მუხლი 19. აკრედიტაციის ჩატარება
1. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.
2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომში – აკრედიტაციის საბჭო), რომლის წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე. აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
მუხლი 20. აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასება
აკრედიტაციის პროცესის პირველი საფეხურია ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმის მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ ჩატარებული თვითშეფასება.
მუხლი 21. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი
აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.
მუხლი 22. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს აკრედიტაციის საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. გადაწყვეტილება აკრედიტაციის თაობაზე შეიძლება იყოს სამი სახის:
ა) აკრედიტაციის შესახებ;
ბ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
3. აკრედიტაციის ვადა 5 წელია. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.
4. სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადები უნდა იძლეოდეს საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის უწყვეტობის შესაძლებლობას.
მუხლი 23. აკრედიტაციის პირობების შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმება
1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არა უმეტეს 15 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
2. აკრედიტაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით.
3. აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს აკრედიტაციის პირობებს.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 24. აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები
აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კარგავს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებას;
ბ) ის სტუდენტი, რომელიც სწავლობდა სახელმწიფო დაფინანსებით, უფლებამოსილია გადავიდეს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა გადაიტანოს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წყვეტს რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას. ამ შემთხვევაში სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.
მუხლი 25. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება
1. საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
2. ლეგალიზაციისას ან აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების, ასევე საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემულ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა, ასევე დოკუმენტის ფორმისა და შინაარსის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
მუხლი 251 . საქართველოში მიღებული განათლების აღიარება
1. ცენტრი ახდენს ოკუპირებულ ტერიტორიებ ზე 1993 წლამდე მიღებული უმაღლესი განათლების, საქართველოში ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების, ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, ასევე ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების − დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარებას.
2. ცენტრი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − პროფესიული დიპლომი/დიპლომი.
3. სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გაცემის საფასური.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
მუხლი 26. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება
უცხოეთში მიღებული განათლების ან კვალიფიკაციის აღიარების მიზნით ცენტრი ადგენს:
ა) გაცემულია თუ არა საგანმანათლებლო დოკუმენტი იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში, და არის თუ არა დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ეს დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას (ნამდვილობის დადასტურება);
ბ) უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან (შესაბამისობის დადგენა).
თავი VI. ცენტრის უფლებამოსილება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების მიმართულებით
მუხლი 27. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) აისახება ინფორმაცია დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხული პირების შესახებ.
2. რეესტრის წარმოების პირობებს, რეესტრში ინფორმაციის შეტანისათვის პასუხისმგებელ სუბიექტებს, რეესტრში ინფორმაციის შეტანის, რეგისტრირებულ ინფორმაციაში ცვლილების განხორციელებისა და რეესტრიდან ინფორმაციის ამოღების წესებს განსაზღვრავს სამინისტრო.
3. რეესტრის წარმოების პროგრამული უზრუნველყოფისთვის ცენტრი ქმნის მონაცემთა ინტერაქტიულ ბაზას, რომლის ფორმაც მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 28. საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები. რეესტრის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია
1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დადგენილ ვადებში შეიტანოს შესაბამისი ინფორმაცია რეესტრში.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს ცენტრის მხრიდან რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი შესაბამისი მოქმედების შეჩერების ან მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და რეესტრში რეგისტრირებულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში მხედველობაში მიიღება რეესტრის მონაცემები.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცენტრი უფლებამოსილია დაადგინოს რეესტრში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები.
მუხლი 29. პასუხისმგებლობა რეესტრში შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე
1. რეესტრში შეტანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია საგანმანათლებლო დაწესებულება.
2. ცენტრი უფლებამოსილია გადაამოწმოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ რეესტრში შეტანილი ინფორმაცია და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.
თავი VII. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ვადების განსაზღვრის ზოგადი პრინციპები
მუხლი 30. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური
1. საფასური არის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის სამინისტროს აქტით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
2. საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. საფასური ჩაირიცხება ცენტრის ანგარიშსწორების ანგარიშზე.
საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
1. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასურის განაკვეთები განისაზღვრება სამინისტროს აქტით.
2. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სამინისტროს აქტით დადგენილი საფასური.
3. სამინისტროს აქტით მომსახურებისათვის დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლისთანავე. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო სამუშაო დღე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება სამინისტროს აქტით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე.
5. ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი განისაზღვრება სამინისტროს აქტით.
თავი VIII. გარდამავალი დებულებები
მუხლი 32. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. საქართველოს მთავრობამ 2010 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება, ხოლო 2011 წლის 1 მარტამდე – ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება.
3. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2011 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
4. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.
5. განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლიცენზირების, ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის ნაწილში.
6. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ლიცენზირების, ლეგალიზაციისა და აპოსტილის სამმართველოს ფუნქციებს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მუხლი 33. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 21 ივლისი.
№3531–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4790 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
2. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5348 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.
დოკუმენტის კომენტარები