„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 347-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.016910
347-IIს
20/03/2013
ვებგვერდი, 29/03/2013
430050000.05.001.016910
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) ამტკიცებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივი სისწორის შემოწმების საფასურს;“.

2. მე-5 მუხლის:

ა) „ე1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ე2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე2) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს;“.

3. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაწესებულება, რომელმაც მოიპოვა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი სხვა, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, უფლებამოსილი არ არის, მოიპოვოს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა დამატებითი სტატუსის მოპოვების გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო.“.

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი

ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად ცენტრი ქმნის შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფებს, რომელთა შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით. სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით ისარგებლოს ექსპერტთა აცილების უფლებით.“.

5. მე-11 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებებს იღებენ ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭოები), რომელთა წევრებსაც სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოების წევრები არ შეიძლება იყვნენ საჯარო მოხელეები. ავტორიზაციის საბჭოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მათი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან. 

2. ავტორიზაციის საბჭოები საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებენ ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზაციის შესახებ;

ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.

3. ავტორიზაციის საბჭოები ვალდებული არიან დაასაბუთონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.“.

6. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტორიზაციის საბჭოები ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავენ მოსწავლეთა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სტუდენტთა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.“.

7. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. ავტორიზაციის პირობების შემოწმება და ავტორიზაციის გაუქმება

1. ცენტრი აკონტროლებს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულებას. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრონ არა უმეტეს 15 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.

2. ავტორიზაციის პირობები მოწმდება ყოველწლიურად ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარდგენით, ასევე ცენტრის ინიციატივით.

3. ავტორიზაციის საბჭოები უფლებამოსილი არიან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე, ცენტრის წარდგინებით მიიღონ გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ  სახელმძღვანელოს/სერიისათვის გრიფის მინიჭებასთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უფლებებისა და ვალდებულებების უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მუხლი 3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დანიშნულ  საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოების წევრების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის დასანიშნად წარდგენა.

მუხლი 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 5. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2013 წ.

N347-IIს