ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ

ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/7/1528
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 10/11/2023
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016863
2/7/1528
10/11/2023
ვებგვერდი, 15/11/2023
000000000.00.000.016863
ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
 

საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/7/1528

2023 წლის 10 ნოემბერი

ქ. ბათუმი

 

   

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეებიმოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – გოჩა ფიფია; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა, ნინო შარმანაშვილი და ლევან ღავთაძე; მოპასუხის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარმომადგენლები – გიორგი შეშაბერიძე და ნინო დავლაძე; საჯარო დაწესებულების წარმომადგენლები – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილი და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი ქეთევან კობახიძე.

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 21 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1528) მომართა ეკატერინე ფიფიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/5/1528 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2022 წლის 14 აპრილს და 11 მაისს.

2. №1528 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არ აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას, თუ განათლება უცხოეთში დისტანციური ფორმითაა მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისტანციური ფორმით განათლება მიღებულია შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის (შემდგომში – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესი) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით კი, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში.

4. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციურ უფლებას.

5. №1528 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ფლობს საქართველოში მიღებულ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ხოლო გერმანიაში მიღებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მოსარჩელის მითითებით, მას სურვილი გააჩნია, უცხოეთში კვლავ მიიღოს უმაღლესი განათლება დისტანციური ფორმით (მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში), მაგრამ სადავო ნორმების საფუძველზე, მის მიერ დისტანციურად მიღებული განათლების აღიარება საქართველოში არ მოხდება. მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი სადავო ნორმებს ასაჩივრებს უმაღლეს განათლებასთან მიმართებით.

6. მოსარჩელის არგუმენტაციით, დისტანციური სწავლება საქართველოში დღესდღეობით გავრცელებულ უმაღლესი განათლების სწავლების ფორმათაგან ერთ-ერთია, აუდიტორულ სწავლებასთან ერთად. ამასთან, მსოფლიოში დისტანციური სწავლება განათლების მიღების ერთ-ერთ თანამედროვე ფორმას განეკუთვნება. დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარებასთან (კვალიფიკაციის ცნობასთან) ან კრედიტების დაგროვებასთან (აღიარებასთან) დაკავშირებით კი, არ არსებობს რაიმე განსხვავებული მოწესრიგება. საპირისპიროდ, სადავო ნორმების საფუძველზე, შეუძლებელია, უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება მაშინაც კი, როდესაც დაკმაყოფილებულია პირის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საკანონმდებლო წინაპირობები (მაგ., საგანმანათლებლო დოკუმენტი გაცემულია იმ პირის სახელზე, რომელიც მითითებულია ამ დოკუმენტში; აღნიშნული დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებულია იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც დოკუმენტის გამცემი დაწესებულება ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას; დადგენილია უცხოეთში მიღებული კვალიფიკაციის საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან შესაბამისობა). ამგვარად, სადავო ნორმები გამორიცხავს უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესაძლებლობას, რომელიც საქართველოში დასაშვებად, საერთაშორისოდ აღიარებულად და პერსპექტიულადაა მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება განათლების ფორმის არჩევის უფლებას.

7. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მიღებული განათლების ხარისხს არ განსაზღვრავს მისი მიღების ფორმა, არამედ ის, კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამა რამდენად არის მორგებული სტუდენტისთვის კვალიფიციური განათლების მიწოდებაზე. დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესების მიზანშეწონილობას არ გამორიცხავს მოსარჩელე და მიუთითებს, რომ გარკვეულ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, შესაძლოა, არსებობდეს პრაქტიკული კომპონენტების დასწრებული ფორმით ათვისების აუცილებლობა, მაგალითად, სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით. თუმცა სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარების აბსოლუტურად გამორიცხვა დაუშვებელია, რადგან ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამებთან მიმართებით, დასწრებული ფორმით სწავლების აუცილებლობა არ დგას. ამრიგად, დისტანციურად მიღებული განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არა ფორმალურად იმის შეფასებას, რამდენი საათი ისწავლა სტუდენტმა დისტანციურად, არამედ სასწავლო პროგრამის ბუნებიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.

8. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმებით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვა არ უზრუნველყოფს კვალიფიციური განათლების მიღებას, პირიქით, ხშირ შემთხვევაში, ის ხელს უშლის ამ მიზნის მიღწევას, რადგან სხვა ქვეყანაში ცხოვრება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ეს ფაქტორი ხშირად ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამისა, სხვა ქვეყნების რეიტინგულ უნივერსიტეტში დისტანციურად სწავლა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, წვდომა ჰქონდეს მდიდარი რესურსის მქონე ელექტრონული ბიბლიოთეკის ბაზაზე. ამ კუთხით, ქართული უნივერსიტეტების რესურსები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული, რაც ხელს უშლის სტუდენტს ხარისხიანი განათლების მიღებაში.

9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით დაცული განათლების მიღების უფლება მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, აღიაროს პირის მიერ მიღებული განათლება შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ განათლების აღიარება აღნიშნული კონსტიტუციური უფლების განუყოფელი ნაწილია, რადგან მიღებული განათლების აღიარების გარეშე, შეუძლებელი ხდება შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელება, ასევე დამსაქმებლის მიერ დაწესებული აკადემიური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საერთაშორისოსამართლებრივ დოკუმენტებზე.

11. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, დისტანციურად მიღებული განათლების აღიარების საკითხი დადგა პანდემიის პირობებში. აღნიშნულ პერიოდამდე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები საერთოდ არ სთავაზობდნენ სტუდენტებს განათლების სრულად დისტანციურად მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, დისტანციურად მიღებული განათლების აღიარების შესახებ, ცენტრს განცხადებით მიმართავდნენ პირები, რომელთაც განათლება ჰქონდათ მიღებული კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ დიდი ავტორიტეტით, რაც ბადებდა ეჭვებს მიღებული განათლების ხარისხთან დაკავშირებით.

12. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, სადავო ნორმების მიზანია ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფა, რადგან, როდესაც პირი ქვეყანას ტოვებს, გადადის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად და განათლების მისაღებად, გაცილებით ნაკლებია იმის რისკი, რომ იგი რეალურად შესაბამის განათლებას არ მიიღებს, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც იგი დისტანციურად იღებს განათლებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, საკმაოდ დიდია იმის რისკი, რომ სტუდენტმა, რეალურად, თავი აარიდოს განათლების მიღებას და შემდგომ, საქართველოში მოითხოვოს მიღებული ხარისხის აღიარება.

13. მოპასუხე მხარის პოზიციით, დისტანციური განათლება ხშირად გამოიყენება ერთიანი ეროვნული გამოცდების თავის არიდებისთვის. კერძოდ, ეროვნულ გამოცდებზე წარუმატებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, ჩააბარო სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში დისტანციურ პროგრამაზე და შემდგომ, მობილობის გზით, განაგრძო სწავლა საქართველოში არსებულ რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

14. პარლამენტის წარმომადგენლის პოზიციით, დასწრებული ფორმით განათლების მიღებისას არსებობს უფრო მეტი და ქმედითი მექანიზმი იმის გასაკონტროლებლად, რომ სტუდენტი რეალურად დადის ლექციებზე და იღებს შესაბამის ცოდნას, ვიდრე დისტანციური განათლების პირობებში. განსაკუთრებით საგულისხმოა გამოცდების კომპონენტი, რომელიც დასწრებული ფორმით სწავლების შემთხვევაში, ხორციელდება საგამოცდო ცენტრში, სადაც სტუდენტს უწევს საკუთარი ცოდნის გამოვლენა დამხმარე ლიტერატურის გარეშე. გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში კი, სტუდენტი ვერ მიიღებს შესაბამის ქულას. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიღებული კვალიფიკაციის ხარისხზე. დისტანციური სწავლების პირობებში ამ ტიპის გამოცდის ჩატარება გამორიცხულია.

15. მოპასუხის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარმომადგენლის განმარტებით, როდესაც პირი მოითხოვს მიღებული განათლების აღიარებას და განათლების ხარისხის ცენტრს უჩნდება გარკვეული ეჭვები ამ საკითხთან დაკავშირებით, იგი უკავშირდება შესაბამის უნივერსიტეტს იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნულმა პირმა მართლაც მიიღო განათლება შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, უნივერსიტეტიდან შესაბამისი პასუხის მიღებას სჭირდება დიდი დრო. ასეთ შემთხვევაში მოწმდება, ხომ ნამდვილად დატოვა აღნიშნულმა პირმა ქვეყანა საგანმანათლებლო პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხარისხის მაძიებელმა ამ პერიოდით დატოვოს ქვეყანა მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ მან თითქოს მიიღო განათლება. ეს წარმოადგენს გადამოწმების დამატებით ბერკეტს, რასაც ცენტრი მოკლებულია დისტანციური სწავლების შემთხვევაში.

16. მოპასუხის მითითებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ შეაფასებს სხვა ქვეყნის უნივერსიტეტების მიერ გაცემული განათლების ხარისხს მინიჭებული კვალიფიკაციის აღიარების მიზნებისთვის. სამინისტროს ამის კომპეტენცია გააჩნია მხოლოდ საქართველოში მოქმედ უნივერსიტეტებთან მიმართებით. შესაბამისად, ვერ განხორციელდება სხვა ქვეყნის უნივერისტეტების დიფერენცირება იმის მიხედვით, რომელი მათგანი გასცემს ხარისხიან განათლებას და, შესაბამისად, რომელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი უნდა იქნეს აღიარებული.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიღებას და შრომით ბაზარზე კვალიფიციური კადრების არსებობას, რაც მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს. ამასთან, შეზღუდვა სრულად აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და არ არსებობს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველი.

18. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კანონმდებლობაში არსებული ცნებები, დისტანციური და ელექტრონული სწავლების შესახებ, ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება. კერძოდ, ელექტრონული სწავლების ფორმაში იგულისხმება სტუდენტებისათვის სასწავლო მასალის ელექტრონულად მიწოდება, კომუნიკაციის დამყარება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და სასწავლო პროგრამის მიმდინარეობისას ელექტრონული საშუალებების სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენება. თუმცა, განსხვავებით დისტანციური სწავლებისგან, ელექტრონული სწავლება არ გულისხმობს სასწავლო პროგრამის ყველა კომპონენტის დაუსწრებლად განხორციელებას. ამრიგად, ელექტრონული სწავლება არ არის დაკავშირებული პანდემიასთან, ხოლო დისტანციური სწავლება სრულად არის მიბმული პანდემიაზე.

19. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის პოზიციით, სრულად ან ნაწილობრივ დისტანციურად მიღებული განათლება, ხარისხის თვალსაზრისით, ვერ მოიტანს დასწრებული ფორმით მიღებული განათლების იდენტურ შედეგებს. ზოგიერთ დისციპლინასთან მიმართებით კი, როგორიც არის მაგალითად, სამედიცინო, სახელოვნებო, საბუნებისმეტყველო მიმართულებები, პრაქტიკული კომპონენტის ათვისების ინტერესი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ისეთ დისციპლინებში, რომლებშიც სწავლების უმთავრესი ნაწილი თეორიული განათლების მიღებით შემოიფარგლება.

20. საჯარო დაწესებულების წარმომადგენლის განმარტებით, დიპლომის აღიარებისას არ ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კონკრეტული პროგრამის შინაარსობრივი შეფასება ხარისხობრივ მოთხოვნებთან მიმართებით. ამასთან, შეუძლებელია რომელიმე ქვეყნის გამოყოფა, სადაც არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხი შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს. განათლების აღიარებისას ხდება შემდეგი გარემოებების გადამოწმება: ა) აკრედიტებულია თუ არა კონკრეტული უნივერსიტეტი შესაბამის სახელმწიფოში; ბ) არის თუ არა საკონტაქტო საათების შესახებ მოთხოვნა მინიმალურ დონეზე მაინც შესრულებული; გ) მინიჭებული კვალიფიკაცია თავსებადია თუ არა ეროვნულ კანონმდებლობასთან; დ) განმცხადებელზე არის თუ არა რეალურად დიპლომი გაცემული.

 

II
სამოტივაციო ნაწილი

1. დაცული სფერო

1. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის [27-ე მუხლის პირველი პუნქტი] უზრუნველყოფს განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა ადამიანისთვის. განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების, კონსტიტუციურ რანგში აყვანა ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში. განათლება წარმოადგენს სოციალური ცხოვრების განუყოფელ პროცესს, რომლის საშუალებითაც ინდივიდები თავიანთი შესაძლებლობებით და უნარებით სწავლობენ თვითგანვითარებას და ასევე სარგებლის მოტანას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

2. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი განათლების განსაკუთრებულ როლს ადამიანის პიროვნული განვითარების კუთხით. სასამართლოს განმარტებით, „განათლების უფლებით სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება იმდენად, რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი პიროვნების თავისუფალ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას... ადამიანის უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლებული საზოგადოება წარმოადგენს, რომელმაც იცის თავისი უფლებები და მოვალეობები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განათლების უფლებით სარგებლობა მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას როდი ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ამასთანავე, განათლების უფლების სოციალური ფუნქცია, სწორედ, თითოეული პირის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას გულისხმობს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).

3. გარდა პირთა ინდივიდუალური ინტერესისა, სასამართლო განათლებაში ხედავს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესსაც. „სახელმწიფოს პირდაპირ და უშუალო ინტერესს წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, რომელიც, რა თქმა უნდა, ადეკვატური განათლების სისტემის გარეშე წარმოუდგენელია. განათლების უფლების ეფექტური რეალიზება არა მხოლოდ პირის ინდივიდუალურ ინტერესს, არამედ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღირებულებას წარმოადგენს. ხოლო ამ უფლების შეზღუდვა კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც ინდივიდს, ასევე მთლიანად საზოგადოებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები – ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები – მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21).

4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს არა მხოლოდ განათლების მიღების, ასევე მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციურ უფლებას. ამ ჩანაწერით აღიარებულია განათლების სხვადასხვაგვარი ფორმით მიღების კონსტიტუციური უფლება, რაც გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ სრულად ერთგვაროვანი, უნიფიცირებული საგანმანათლებლო სისტემის შემოღების შესაძლებლობას. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით, გარანტირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების თავისუფლება, საგანმანათლებლო პროცესი წარმართონ მათ მიერ შერჩეული სწავლების მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, განსაზღვრონ სასწავლო პროგრამის პრიორიტეტები, შეარჩიონ მიდგომები, რომლებიც უკეთესად უზრუნველყოფს მოსწავლის/სტუდენტის მიერ სასწავლო მასალის ათვისებას, განსაზღვრონ მასწავლებელსა და მოსწავლეს/პროფესორსა და სტუდენტს შორის კონტაქტის ფორმა და ხანგრძლივობა და ა.შ.

5. ამრიგად, დასახელებული კონსტიტუციური დებულების საფუძველზე, ყველას აქვს უფლება, მისთვის სასურველ კერძო თუ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიიღოს განათლება და თავისუფლად აირჩიოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული სწავლების ფორმა, რომელიც მისთვის მისაღებია. თანამედროვე სამყაროში სწრაფად და მნიშვნელოვნად მოდიფიცირდება სწავლების მეთოდები, რაც აუცილებელია ახლად გამოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ და განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. განათლების ხარისხის გაუმჯობესება კი მუდმივი და განუწყვეტელი პროცესია, რასაც სახელმწიფომ ხელი არ უნდა შეუშალოს სრულად უნიფიცირებული, მხოლოდ ტრადიციული სწავლების მეთოდების დანერგვით და ახლებური ფორმების გამორიცხვით. ამრიგად, განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, გაუმართლებლად არ შეზღუდოს საგანმანათლებლო დაწესებულებები სწავლების სხვადასხვაგვარი მეთოდებისა თუ ფორმის დანერგვაში.

6. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი არ გამორიცხავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაარეგულიროს საგანმანათლებლო სისტემა განათლების ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მიზანი შეიძლება მიღწეულ იქნეს სხვადასხვაგვარი ზომების შემუშავებით, მათ შორის, მიღებული განათლების აღიარებისთვის შესაბამისი წინაპირობების დაწესების გზით. ამ მოთხოვნების დაწესებისას, სახელმწიფო ვალდებულია, ერთი მხრივ, არ ხელყოს განათლების სხვადასხვაგვარი ფორმით მიღების თავისუფლება, მეორე მხრივ, უზრუნველყოს განათლების ხარისხის კონტროლი და ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო სისტემის მიერ კვალიფიციური კადრების მომზადებას. ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უწესებს განათლების სფეროს იმგვარად რეგულირების ვალდებულებას, რაც უზრუნველყოფს განათლების მიღების ფორმის არჩევის შესაძლებლობას და, ამავე დროს, მისი ხარისხის ადეკვატურ კონტროლს.

2. სადავო ნორმების შინაარსისა და შეზღუდვის იდენტიფიცირება

7.  „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ ცენტრი არ აღიარებს უცხოეთში მიღებულ განათლებას, თუ განათლება უცხოეთში დისტანციური ფორმითაა მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დისტანციური ფორმით განათლება მიღებულია შესაბამის უცხო ქვეყანაში პანდემიის გამო განხორციელებული ან/და პანდემიის გავრცელების პრევენციის ან მისი შედეგების ლიკვიდაციის მიზნით დაშვებული დისტანციური სწავლების შედეგად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით კი, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება არ გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების მიერ უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, რა დროსაც, სასწავლო პროცესი სრულად ან ნაწილობრივ მაინც არ ხორციელდება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესორ-მასწავლებლისა და სტუდენტის საკონტაქტო საათების ფარგლებში. ამრიგად, სადავო ნორმები გამორიცხავს პირის მიერ უცხოეთში სრულად დისტანციურად მიღებული განათლების აღიარებას, გარდა პანდემიით გამოწვეული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები მას გაუმართლებლად უზღუდავს განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას, რადგან სახელმწიფო ვალდებულია, აღიაროს პირის მიერ მიღებული განათლება, თუნდაც იგი სრულად დისტანციური ფორმით იყოს მიღებული. მოსარჩელის განმარტებით, დისტანციურ განათლებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია, სახელმწიფომ დააწესოს გარკვეული მოთხოვნები საგანმანათლებლო პროგრამის გარკვეული კომპონენტების დასწრებულად გავლის შესახებ, კონკრეტული პროგრამისა და დისციპლინის თავისებურებებიდან გამომდინარე. თუმცა სრულად დისტანციურად მიღებული განათლების აღიარების ბლანკეტურად გამორიცხვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

9. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰქვეპუნქტი მიუთითებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების (ცნობის) საჭიროებაზე. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხორციელდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, თუკი მიღებული განათლება შეესაბამება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციას.

10. ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის მქონე აბიტურიენტის ან სტუდენტის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის საფუძველზე იღებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“. ამდენად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელია შესაბამისი პირის მიერ ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის წარმოდგენა.

11. სახელმწიფოს მიერ აღიარებული აკადემიური ხარისხის ქონას მნიშვნელოვანი როლი აკისრია დასაქმების მიზნებისთვისაც. მაგალითისთვის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსამართლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. აკადემიურ თანამდებობებთან მიმართებით, კიდევ უფრო მაღალ მოთხოვნებს აწესებს კანონმდებლობა. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლი განსაზღვრავს აკადემიური თანამდებობების დაკავების პირობებს. აღნიშნული პირობების მიხედვით, პროფესორად, ასოცირებულ პროფესორად ან ასისტენტ-პროფესორად შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ხოლო ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი. შესაბამისად, პროფესიული თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელია, პირის მიერ შესაბამისი აკადემიური ხარისხის ფლობა, ხოლო, თუკი ეს ხარისხი მოპოვებულია სხვა ქვეყანაში, მისი აღიარება (ცნობა) ცენტრის მიერ.

12. შესაბამისად, საკანონმდებლო ნორმათა ანალიზი მიუთითებს, რომ უცხოეთში მიღებული განათლება სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი აღიარებული იქნება ცენტრის მიერ. როგორც უკვე აღინიშნა, განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების დაცული სფერო ვრცელდება მიღებული განათლების აღიარებაზეც, რადგან საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს არა მხოლოდ განათლების თავისუფლად მიღების, არამედ მიღებული განათლების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი შედეგების დადგომის ასპექტსაც. სადავო ნორმები გამორიცხავს უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, მოსარჩელეს ართმევს შესაძლებლობას, სრულად დისტანციურად მიღებული განათლება გამოიყენოს შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან დასაქმების მიზნებისთვის. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმები ზღუდავს მოსარჩელის განათლების მიღების უფლებას.

13. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის კონსტიტუციურობას მხოლოდ უმაღლეს განათლებასთან (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მიმართებით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავო რეგულირების იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც გამორიცხავს პირის მიერ უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას.

3. შეზღუდვის კონსტიტუციურობა

14. განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, ის არ არის აბსოლუტური ხასიათის და მისი შეზღუდვა დასაშვებია ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, თუ დაცულია თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები. „აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

3.1. ლეგიტიმური მიზანი

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-15). შესაბამისად, უპირველესად, უნდა დადგინდეს სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი.

16. მოპასუხე მხარის პოზიციით, დისტანციურად მიღებული განათლება წარმოშობს სამი ძირითადი სახის რისკს – აბიტურიენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თავის არიდების შესაძლებლობა; სტუდენტის მიერ სალექციო კურსებზე დასწრების კონტროლისა და გამოცდაზე ზედამხედველობის შეუძლებლობა; საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის ათვისების შეუძლებლობა. მოპასუხის მიერ დასახელებული სამივე ინტერესი უკავშირდება განათლების ხარისხის კონტროლის ზოგად ლეგიტიმურ მიზანს. შესაბამისად, დასახელებულ ინტერესებზე სასამართლო იმსჯელებს ერთიან კონტექსტში.

17. როგორც აღინიშნა, მოპასუხის პოზიციით, სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება წარმოშობს რისკს განათლების ხარისხის კონტროლთან მიმართებით, რადგან აბიტურიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ერთიანი ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით ჩაირიცხონ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კერძოდ, ისინი შეძლებენ, უცხო ქვეყნის ნაკლებად პრესტიჟულ დისტანციურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩააბარონ, შემდგომ, მობილობის საშუალებით განაგრძონ სწავლა საქართველოში, რაც უარყოფითად იმოქმედებს განათლების ხარისხის კონტროლის ლეგიტიმურ ინტერესზე.

18. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდა არის „პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად“. შესაბამისად, ამ პროცედურის შედეგად, სახელმწიფო ახორციელებს განათლების ხარისხის კონტროლს და ადგენს სავალდებულო ზღვარს, რომლის გადალახვაც აუცილებელია აბიტურიენტის მიერ, რათა იგი მიჩნეულ იქნეს უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლისთვის მზად. თავის მხრივ, სახელმწიფოს მიერ განათლების ხარისხის კონტროლი წარმოადგენს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აკადემიური ხარისხის მფლობელი პირის მიერ შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ფლობა. ამდენად, ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურის ეფექტიანად ფუნქციონირების მიზნით, შესაძლებელია, შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება.

19. მოპასუხის განმარტებით, დისტანციური ფორმით მიღებული განათლება ვერ უზრუნველყოფს ისეთივე ხარისხის განათლების მიღებას, როგორც დასწრებული ფორმით მიღებული განათლება, რადგან იგი არ არის საკმარისად ეფექტიანი ფორმა განათლების მისაღებად. კერძოდ, დისტანციური სწავლებისას, იმის გადამოწმება, სტუდენტი რეალურად ითვისებს თუ არა სასწავლო პროგრამას, ბევრად რთული ამოცანაა, ვიდრე დასწრებული ფორმით სწავლებისას. დისტანციური სწავლებისას შეუძლებელია, სტუდენტის მიერ ლექციებზე დასწრებისა და მოსმენის ისეთივე ხარისხით შემოწმება, როგორც დასწრებული სწავლების შემთხვევაში. კიდევ უფრო თვალსაჩინოა განსხვავება გამოცდებთან მიმართებით, რადგან დისტანციური ფორმით სტუდენტის მიერ დამხმარე სასწავლო მასალებზე წვდომის შეზღუდვა შეუძლებელია, რაც აბრკოლებს მის მიერ მიღებული ცოდნის სრულფასოვნად შემოწმების შესაძლებლობას.

20. სასამართლო განმარტავს, რომ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებულ სალექციო კურსებზე სტუდენტის დასწრება და მის მიერ ათვისებული ცოდნის გამოცდაზე სათანადოდ შემოწმება მნიშვნელოვანწილად უზრუნველყოფს სტუდენტის მიერ შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას. საგანმანათლებლო პროგრამის არსი სწორედ ის არის, რომ სალექციო კურსებზე დასწრებით, სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა, რომელიც შემდგომ შემოწმდება გამოცდების საფუძველზე. შესაბამისად, ინტერესი, რომ აღრიცხულ იქნეს სტუდენტის ლექციაზე დასწრება და, ასევე, სათანადოდ იქნეს სტუდენტის ცოდნა გამოცდაზე შემოწმებული, ემსახურება განათლების ხარისხის კონტროლის ლეგიტიმურ მიზანს.

21. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ დისტანციური სწავლებისას შეუძლებელია საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის ჯეროვნად ათვისება. აღნიშნული განსაკუთრებულ პრობლემებს წარმოშობს სამედიცინო, საბუნებისმეტყველო და სხვა მიმართულებებთან მიმართებით, რომელ დარგებშიც პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების არმქონე პირისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებამ, შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე ფორმის ნეგატიური შედეგები მოიტანოს. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს პოზიციას, რომ სასწავლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის ათვისება მნიშვნელოვანია შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისას. შესაბამისად, სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს მოთხოვნები ამ ინტერესის უზრუნველსაყოფად.

3.2. გამოსადეგობა

22. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ არსებობდეს ლოგიკური კავშირი გამოყენებულ უფლებაშემზღუდველ ღონისძიებასა და ლეგიტიმურ საჯარო მიზანს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ შეზღუდვა არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება და უფლება შეიზღუდა უმიზნოდ, რაც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველია. გამოყენებული ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).

23. განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადავო ნორმებს რამდენად აქვს ლოგიკური კავშირი ერთიანი ეროვნული გამოცდების ეფექტიან მოქმედებასთან. სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, აბიტურიენტებს მართლაც ექნებოდათ შესაძლებლობა, ჩაებარებინათ სხვა ქვეყნის უნივერსიტეტში დისტანციურად და შემდეგ განეგრძოთ სწავლა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შესაბამისად, სადავო ნორმები გამორიცხავს აბიტურიენტების მიერ, ეროვნული გამოცდებისთვის თავის არიდების მიზნით, უცხო ქვეყნის უნივერსიტეტის დისტანციურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაბარების და, საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც აბიტურიენტის მომზადების დონე სათანადოდ არ შემოწმებულა სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროცედურის მიხედვით. ამრიგად, სადავო რეგულირება მართლაც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯეროვნად ფუნქციონირების ინტერესს, რაც განათლების ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია.

24. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ ასევე უნდა შეაფასოს, პირის მიერ უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების არაღიარება, რამდენად არის კავშირში სტუდენტის მიერ სალექციო კურსზე დასწრების სრულფასოვნად გაკონტროლებისა და გამოცდებზე სტუდენტის სათანადოდ ზედამხედველობის ინტერესებთან.

25. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ დისტანციური სწავლებისას სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, მხოლოდ ფორმალურად დაფიქსირდეს სალექციო კურსზე, გამორთოს ვიდეოთვალი და არ მიიღოს შესაბამისი ცოდნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვანწილად გაკონტროლდეს სტუდენტის ლექციაზე დასწრება. ლექციის მიმდინარეობისას ვიდეოთვალის გამორთვის აკრძალვის დაწესებით, უზრუნველყოფილია სტუდენტის მიერ ლექციის მოსმენა ისეთივე ალბათობის ხარისხით, როგორც დასწრებული ფორმით წარმოებული ლექციის შემთხვევაში. იმის ალბათობა, რომ სტუდენტი ლექციას სრულად დაესწრება, მაგრამ ყურადღებით არ მოისმენს, თანაბრად შესაძლებელია, როგორც დასწრებული, ისე დისტანციურად წარმოებული საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში. შესაბამისად, სადავო რეგულირებას არ გააჩნია ლოგიკური კავშირი დასახელებულ ინტერესთან.

26. რაც შეეხება, გამოცდაზე სტუდენტის კონტროლის მექანიზმებს, მოპასუხემ განმარტა, რომ აბსოლუტურად განსხვავებულ მოცემულობას ქმნის გამოცდის დისტანციური ფორმით ჩაბარება, საგამოცდო ცენტრში ჩაბარებასთან შედარებით, სადაც მკაცრად კონტროლდება სტუდენტის მიერ სასწავლო მასალაზე წვდომა და სხვა საფრთხეები, რომელთა სრულად დაზღვევა დისტანციური ფორმით სწავლებისას შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივაც არსებობს გარკვეული ტიპის მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელია სტუდენტის მიერ გამოცდის კეთილსინდისიერად ჩაბარების გაკონტროლება გარკვეულ დონეზე. კერძოდ, სტუდენტს შესაძლებელია, მოეთხოვოს გამოცდის ჩაბარება ამისათვის სპეციალურად მორგებულ პროგრამაში, რომელიც მას არ მისცემს ნებისმიერ სხვა რესურსზე წვდომის საშუალებას და, ამავდროულად, პროცესი შესაძლებელია გაკონტროლდეს ვიდეოთვალის საშუალებით, რაც მინიმუმამდე დაიყვანს დასწრებული ფორმითა და დისტანციური ფორმით გამოცდების წარმართვას შორის განსხვავებას.

27. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, „დახურული წიგნის“ პრინციპით ჩასატარებელი გამოცდა იმავე ხარისხით ვერ გაკონტროლდება დისტანციურ პირობებში, როგორც დასწრებული ფორმით განხორციელებისას, რადგან ამ უკანასკნელ შემთხვევაში, შესაძლებელია სტუდენტზე დაკვირვება როგორც ტექნიკური საშუალებებით, ასევე ადამიანური რესურსის გამოყენებით. ხოლო დისტანციური ფორმით გამოცდის წერისას გამორიცხულია ადგილზე მყოფი უფლებამოსილი პირის მიერ ზედამხედველობითი კონტროლის განხორციელება, რაც ზრდის სტუდენტის მიერ გამოცდის არაკეთილსინდისიერად ჩაბარების რისკებს. შესაბამისად, სადავო ნორმები სრულად გამორიცხავს დისტანციური ფორმით გამოცდის ჩაბარებიდან მომდინარე რისკებს და ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალებაა.

28. გარდა ზემოაღნიშნულისა, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ დისტანციური ფორმით მიღებულ განათლებას ვერ ექნება ისეთივე ხარისხი, როგორც დასწრებული ფორმით სწავლების შემთხვევაში, განსაკუთრებით ისეთ დისციპლინებთან მიმართებით, როგორებიც არის სამედიცინო, სახელოვნებო, საბუნებისმეტყველო და სხვა მიმართულებები, სადაც სასწავლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის ათვისების ინტერესი განსაკუთრებით საგულისხმოა.

29. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, სასწავლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტების ათვისება უფრო მეტად ეფექტიანია დასწრებული სწავლების პირობებში, რადგან მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, პრაქტიკული კომპონენტების ათვისება მოითხოვს სტუდენტის მიერ უშუალო და პირდაპირ კონტაქტს სასწავლო კურსის ხელმძღვანელთან ან/და შესაბამის ობიექტთან. დისტანციური სწავლების პირობებში სასწავლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის ათვისება ბევრად მეტ ძალისხმევას საჭიროებს, ვიდრე უშუალო ფიზიკური კონტაქტის პირობებში. ზოგიერთ შემთხვევაში კი, დისტანციურად სწავლის პირობებში კონკრეტული პრაქტიკული ასპექტის სრულფასოვნად ათვისება შეუძლებელიც კი იქნებოდა. ამდენად, სრულად დისტანციური ფორმით საგანმანათლებლო პროგრამის ათვისება ეჭვქვეშ აყენებს სტუდენტის მიერ სასწავლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის სრულფასოვნად ათვისების შესაძლებლობას და, შესაბამისად, მის მიერ მოპოვებული კვალიფიკაციის ხარისხს.

30. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით დაწესებული შეზღუდვა, სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმით, უზრუნველყოფს საჯარო ინტერესს, რომ უმაღლესი განათლების საფეხურზე არ აღმოჩნდეს პირი, რომლის სათანადო ცოდნისა და უნარების გადამოწმება არ მომხდარა სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროცედურის შესაბამისად. ასევე, რეგულირება ემსახურება ლეგიტიმურ ინტერესს, რომ შესაბამისი აკადემიური ხარისხი არ მიენიჭოს პირთა ჯგუფს, რომელთა კვალიფიკაციაც სრულფასოვნად არ არის გადამოწმებული საგანმანათლებლო პროგრამის გამოცდების საშუალებით ან მათ მიერ სათანადოდ არ არის ათვისებული პროგრამის პრაქტიკული კომპონენტები.

3.3. აუცილებლობა

31. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ, პირველ რიგში, უნდა დაადგინოს, არის თუ არა შესაძლებელი, უფლების ნაკლებად მზღუდველი ღონისძიების შემოღებით, უზრუნველყოფილი იქნეს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თავის არიდების პრევენცია.

32. სასამართლო განმარტავს, რომ თუკი მოპასუხე მხარე განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევს იმ შესაძლებლობის გამორიცხვას, რომ აბიტურიენტმა ჩააბაროს სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისტანციური ფორმით და შემდგომ, სახელმწიფოს მიერ დადგენილი პროცედურისთვის თავის არიდების მიზნით, მობილობის მექანიზმი გამოიყენოს საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად, ამ საფრთხის სრულად გამორიცხვა შესაძლებელია, მობილობაზე შესაბამისი შეზღუდვების დაწესებით. კერძოდ, სახელმწიფომ, შესაძლოა, შეზღუდოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დისტანციური პროგრამიდან საქართველოში უმაღლესი განათლების საფეხურზე, მობილობის გზით, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა შესაბამისი ფაქტორების მხედველობაში მიღებით. ამრიგად, აშკარაა, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული ინტერესი მიიღწევა უფლების ნაკლებად მზღუდველი საშუალების გამოყენებით.

33. სასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, დისტანციური გამოცდის პირობებში, რამდენად არსებობს სტუდენტის მიერ ათვისებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების იმავე ხარისხით შემოწმების შესაძლებლობა, როგორც დასწრებული ფორმით გამოცდის ჩატარების შემთხვევაში. სასამართლომ უკვე განმარტა, რომ „დახურული წიგნის“ პრინციპით დისტანციურად ჩატარებული გამოცდის დროს შესაძლოა, ვერ გაკონტროლდეს სტუდენტის მიერ სასწავლო მასალებზე წვდომა ისეთივე ხარისხით, როგორც დასწრებული ფორმით ჩატარების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, სასწავლო მასალებზე წვდომის შეზღუდვის გზით სტუდენტის გამოცდა არ წარმოადგენს მისი ცოდნის შემოწმების ერთადერთ ან ყველაზე ლეგიტიმურ გზას. თანამედროვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით, უმაღლესი განათლების მეორე (მაგისტრატურა) და მესამე (დოქტორანტურა) საფეხურზე, აგებულია იმგვარად, რომ მათში საერთოდ არ არის გათვალისწინებული საგამოცდო ცენტრში, სასწავლო მასალებზე შეზღუდვის ფორმით, სავალდებულო გამოცდების კომპონენტი, მიუხედავად იმისა, აღნიშნული სასწავლო პროგრამა მიმდინარეობს დისტანციური თუ დასწრებული ფორმით. არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, სადაც სტუდენტის მახსოვრობითი ცოდნის შემოწმებას თავისთავადი ღირებულება არ გააჩნია და მთლიანი პროგრამა მორგებულია სტუდენტის კვლევისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებაზე.

34. სასამართლო არ გამორიცხავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, რომ სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით, დააწესოს გარკვეული პირობები უმაღლესი განათლების საფეხურისა და შესაბამისი დისციპლინის მხედველობაში მიღებით. კერძოდ, სახელმწიფომ შეიძლება უარი თქვას უმაღლესი განათლების აღიარებაზე, თუკი იგი მიღებულია ისეთ დარგში, რომლის სრულფასოვნად ათვისებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სასწავლო პროგრამის იმგვარად შესწავლას, რომ სტუდენტს შეეძლოს, შესაბამის სასწავლო მასალაზე წვდომის გარეშე გამოიყენოს მიღებული ცოდნა გამოცდის პროცესში და, შესაბამისად, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროსაც.

35. გარდა აკადემიური მიმართულებისა, დისტანციურად მიღებული განათლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხური. კერძოდ, უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატის) პროგრამებზე შესაძლოა, მეტად არსებობდეს ინტერესი, რომ საგანმანათლებლო პროგრამის გარკვეული ნაწილის სტუდენტის მიერ ათვისების დონე ზედმიწევნით იქნეს შეფასებული სწორედ სასწავლო მასალებზე წვდომის შეზღუდვის პირობებში. ბაკალავრიატის საფეხურზე ეს ინტერესი მომეტებულად არსებობს იქიდან გამომდინარე, რომ უმაღლესი განათლების ამ ეტაპზე სტუდენტი ითვისებს შესაბამისი პროფესიული მიმართულების საბაზისო ცოდნასა და ძირითად პრინციპებს, რომელთა მახსოვრობით ათვისება მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემდგომში პირის კვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

36. ამრიგად, სახელმწიფოს შეიძლება გააჩნდეს ლეგიტიმური ინტერესი, უარი თქვას პირის მიერ სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში. თუმცა სადავო ნორმები ბლანკეტურად გამორიცხავს უმაღლესი განათლების აღიარების შესაძლებლობას, მიუხედავად საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებისა და უმაღლესი განათლების ეტაპისა. სასამართლოს პოზიციით კი, უმაღლესი განათლების საფეხურისა და მიმართულების გათვალისწინებით, არსებობს საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა სრულფასოვნად ათვისება ისეთივე წარმატებით არის შესაძლებელი დისტანციური ფორმით, როგორც დასწრებული ფორმით. ამდენად, სადავო რეგულირების მიერ დისტანციურად მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების სრულად გამორიცხვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.

37. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ დისტანციურად მიღებული განათლების პირობებში, შეუძლებელია საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული კომპონენტების წარმატებით ათვისება. დასახელებულ არგუმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ პრაქტიკული კომპონენტის ათვისების ინტერესის ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებისა და საფეხურის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში, პრაქტიკული კომპონენტის საგანმანათლებლო პროგრამაში არსებობა შესაძლოა, საერთოდ არ წარმოადგენდეს აუცილებლობას და შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება მის გარეშეც სრულიად შესაძლებელი იყოს. შესაბამისად, სადავო რეგულირება ამ შემთხვევაშიც არ წარმოადგენს საჯარო ინტერესის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.

38. გარდა ზემოხსენებული არგუმენტებისა, მოპასუხე მხარემ ყურადღება გაამახვილა განათლების ხარისხის კონტროლის მიმართ არსებულ ზოგად საფრთხეზე, იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, დისტანციური ფორმით უმაღლესი განათლების გამცემი უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები რამდენად ითვალისწინებენ დისტანციურად მიღებული განათლების თავისებურებებს და უზრუნველყოფენ საგანმანათლებლო პროგრამების იმგვარად წარმართვას, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მოპასუხის მიერ დასახელებულ საფრთხეებს. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ დისტანციურად მიღებული განათლების აღიარების შესახებ ცენტრს განცხადებით მიმართავდნენ პირები, რომელთაც განათლება ჰქონდათ მიღებული კონკრეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ დიდი ავტორიტეტით, რაც ბადებდა ეჭვს მიღებული განათლების ხარისხთან დაკავშირებით.

39. სასამართლო მიუთითებს, რომ რისკი, რომ უცხო ქვეყნის ცალკეულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა არ მიიღონ აუცილებელი ზომები დისტანციური განათლებიდან მომდინარე საფრთხეების დასაზღვევად, კონტროლდება აღიარების პროცედურისა თუ სხვაგვარი მონიტორინგის გზებით იმ სახელმწიფოს მიერ, სადაც ფუნქციონირებს შესაბამისი დაწესებულება. თავის მხრივ, საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიერ აღიარების საკითხს ცენტრი ამოწმებს უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარებისას. თუკი სახელმწიფო დისტანციური განათლების აღიარებისთვის საკმარისად არ მიიჩნევს იმ ფაქტორს, რომ კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებულია შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით, იგი უფლებამოსილია, აღიაროს მხოლოდ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული დისტანციური განათლება, რომლებიც აღიარებულია ისეთი სახელმწიფოების კანონმდებლობით, რომელთა საგანმანათლებლო სისტემის მიმართაც არსებობს საყოველთაო ნდობა, დისტანციური ფორმით განათლების მიწოდების ხანგრძლივი პრაქტიკა და, შესაბამისად, სახელმწიფოს არ გააჩნია ეჭვები, მიღებული განათლების ხარისხთან დაკავშირებით.

40. დამატებით, აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო, ერთი მხრივ, უარს ამბობს სრულად დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარებაზე, თუკი ეს დაკავშირებული არ არის პანდემიის პრევენციისა და მის შედეგებთან ბრძოლის მიზანთან, თუმცა, მეორე მხრივ, იგი თავად აღიარებს სრულად დისტანციური ფორმით მიღებულ უმაღლეს განათლებას გარკვეულ პირობებში. კერძოდ, „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 6 სექტემბრის №864-№100/ნ ერთობლივი ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების ერთ-ერთ ფორმად აღიარებს ციფრულ სწავლებას, რომელიც გულისხმობს სასწავლო პროცესის წარმართვას პირდაპირი ტელეხიდის გზით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით. ამდენად, ციფრული სწავლების პირობებში, მთელი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციური ფორმით, გარდა ამავე ბრძანების 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევისა, რომლის მიხედვითაც, „სწავლების ან გამოცდის ეტაპზე შესაძლოა განხორციელდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის ვიზიტი სტუდენტ მსჯავრდებულთან“. ამრიგად, ზოგადი წესის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სტუდენტ მსჯავრდებულის უფლებას, მიიღოს უმაღლესი განათლება სრულად დისტანციური ფორმით. ამ მიდგომით, სახელმწიფო თავადვე აღიარებს დისტანციური ფორმით ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას.

41. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ სადავო რეგულირება მომეტებული ინტენსივობით ზღუდავს მოსარჩელის უფლებას, რაც არა მხოლოდ დისტანციური ფორმით განათლებამიღებული პირების უფლებებს ლახავს, არამედ აზიანებს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ლეგიტიმურ ინტერესსაც, რადგან პირებს, რომელთაც მაღალკვალიფიციური განათლება მიიღეს ავტორიტეტულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრულად დისტანციური ფორმით, ერთმევათ მიღებული ხარისხის აღიარების შესაძლებლობა.

42. ამრიგად, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

4. სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის გადავადება

43. განსახილველ შემთხვევაში სადავო რეგულირების არაკონსტიტუციურად ცნობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ იგი ბლანკეტურად გამორიცხავდა პირის მიერ უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს შესაძლოა, მართლაც გააჩნდეს სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უარის თქმის ლეგიტიმური ინტერესი განათლების ხარისხის კონტროლის მიზნიდან გამომდინარე. თუმცა საჯარო ინტერესის უზრუნველსაყოფად, ასეთი შეზღუდვის დაწესების აუცილებლობა არ დგას ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით. ამგვარი შეზღუდვის დაწესებისას სახელმწიფოს ევალება, მხედველობაში მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური და საგანმანათლებლო მიმართულება, შეაფასოს შესაბამის პროგრამაზე პრაქტიკული კომპონენტის ათვისების ინტერესი და დასწრებული ფორმით გამოცდების ჩატარების საჭიროება და ამ ფაქტორების მიხედვით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სადავო ნორმების დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად ცნობა სახელმწიფოს დაავალდებულებს, აღიაროს ნებისმიერი პირის მიერ სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ინტერესებს.

44. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სადავო ნორმები ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2024 წლის პირველი ივლისიდან, რათა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრს მიეცეთ შესაძლებლობა, საკითხი მოაწესრიგონ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლისა და 45-ე მუხლის საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
     :

1. დაკმაყოფილდეს №1528 კონსტიტუციური სარჩელი („ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“) და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს უცხოეთში სრულად დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2024 წლის პირველი ივლისიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

კოლეგიის წევრები:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

ხვიჩა კიკილაშვილი

თეიმურაზ ტუღუში