ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1514
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 06/06/2005
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.05.001.001.846
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1514
02/06/2005
სსმ, 26, 06/06/2005
320.110.000.05.001.001.846
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (05/06/2007 - 27/06/2008)

საქართველოს კანონი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო

ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, მათი გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აბონენტი – ბოლო მომხმარებელი, რომელსაც ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდება საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;

ბ) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემა – ტექნოლოგიური სისტემა, ტექნიკური საშუალებები და მათთან დაკავშირებული საოპერაციო მართვის პროგრამული უზრუნველყოფის რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს აბონენტის მიერ ინდივიდუალური, კოდირებული ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიღებას;

გ) ადგილობრივი დაშვების ქსელი – ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპერატორის სადენიანი (ელექტროსადენიანი ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი) საკაბელოსახაზო მეურნეობა ან უსადენო (ფიქსირებული რადიოსიხშირული ან ღია ოპტიკური) დაშვების ტექნიკური საშუალებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ ტერმინალურ მოწყობილობასა და საკომუტაციო ან გადამცემ სადგურს შორის გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების გასატარებლად, ციფრული მაუწყებლობის სიგნალების გადასაცემად;

დ) ადგილობრივი მომსახურების ზონა – მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული (ტერიტორიული) სეგმენტი, სადაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ბოლო მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

ე) ავტორიზაცია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობის რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით;

ვ) ავტორიზებული პირი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი);

ზ) ავტორიზებული პირების ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ორი ან მეტი ავტორიზებული პირის ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზრის ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებული კონიუნქტურა და კონკურენციის მახასიათებლები მათი შეთანხმებულად მოქმედებისა და ბაზარზე არაკონკურენტული უპირატესობის ერთობლივად მოპოვების შესაძლებლობას იძლევა, მაშინაც კი, თუ მათ შორის არ არსებობს სტრუქტურული ან სხვა სახის, მათ შორის, სახელშეკრულებო ურთიერთობები;

თ) ამოწურვადი რესურსი – რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაციის რესურსი;

ი) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური – რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობისათვის ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადასახდელი თანხა, რომლის ოდენობა განისაზღვრება აუქციონის საფუძველზე და რომელიც სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;

კ) არაპირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება სხვა ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორის ქსელების გავლით;

ლ) აუქციონი – კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება აუქციონში გამარჯვებულ მაძიებელს;

მ) მომსახურების ბაზრის კონიუნქტურა – მომსახურების ბაზრის სტრუქტურული და დინამიკური ფაქტორებისა და მომსახურების კონკრეტულ სახეზე მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედებით ბაზარზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა;

ნ) ბილინგის ინფორმაცია – მომხმარებლისთვის მიწოდებული მომსახურების ან ოპერატორის ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთვის (ტრაფიკის) და მათი საოპერაციო რესურსების გარკვეულ პერიოდში გამოყენებული მოცულობის შესახებ მონაცემები, რომელთაც ოპერატორები აწვდიან ერთმანეთს ან ბოლო მომხმარებელს ანგარიშსწორების ჩატარების მიზნით;

ო) ბოლო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისათვის იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება და მიზნად არ ისახავს მის შემდგომ მიყიდვას სხვა მომხმარებლისათვის;

პ) გადაპირება – ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ;

ჟ) გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისი – ციფრული მაუწყებლობის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მომსახურების სახეების სამომხმარებლო რესურსებისა და ციფრული მაუწყებლობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონალური რესურსების დამაკავშირებელი პროგრამული ინტერფეისი;

რ) დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით; ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებით და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებით და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით; თანალოკაციის ფართობით; ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით); აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით, ასევე ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;

ს) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მსურველი – ავტორიზებული პირი, რომელიც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორისაგან მოითხოვს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებას და/ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

ტ) დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელსაც მოეთხოვება მის ქსელთან, სისტემასთან, ქსელის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან, ან ამ ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მსურველი ოპერატორის დაშვება ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება;

უ) ურთიერთჩართვის წერტილი – თანალოკაციის ფართობზე განთავსებული წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის დაშვებასთან ან/და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა, მათ შორის, ბილინგის ინფორმაციის უზრუნველყოფა;

ფ) დაშვების ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების საფასური;

ქ) ეკონომიკური საქმიანობა – საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საქმიანობა;

ღ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირი განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ სთავაზობს მსურველ ოპერატორს ან მომხმარებელს;

ყ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები (ელექტრო-კავშირგაბმულობის ქსელები) – გამოძახებებისა და სხვადასხვა საინფორმაციო სიგნალების ელექტრონული დამუშავების, დამისამართების (კომუტაციის), გატარების და გადაცემის ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს სადენიან (მათ შორის, ოპტიკურბოჭკოვან), თანამგზავრულ, რადიოსიხშირულ ან ოპტიკურ აღჭურვილობას, სხვა ტექნოლოგიურ საშუალებებს და საოპერაციო ტექნიკურ რესურსებს, მათ შორის, ფიქსირებული (არხული და პაკეტური კომუტაციის, მათ შორის, ინტერნეტის) და მობილური კომუნიკაციების, ციფრული მაუწყებლობის, საეთერო და საკაბელო ქსელებს. სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ორგანოების ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა ითვალისწინებს ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების არსებობასაც;

შ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა – ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობა, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება;

ჩ) ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელი – ქსელი, რომელიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, ფუნქციონირებს შიდასაწარმოო საჭიროებისათვის და ჩართულია საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელში;

ც) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი – ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ან ქსელის შესაბამისი ელემენტებით უზრუნველყოფას და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ავტორიზებული პირის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას, ასევე მათი გამოყენებით მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

ძ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ან მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან ან რესურსებთან დაშვებული ავტორიზებული პირი, რომელსაც განზრახული აქვს ან ახორციელებს ქსელის ამ ელემენტებით ან რესურსებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

წ) ერთობლივი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კონკრეტული ელემენტის განცალკევებად ფუნქციონალურ რესურსებთან ან სიმძლავრეებთან ორი ან მეტი მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება;

ჭ) ვერტიკალურად ინტეგრირებული ოპერატორი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე თავისი საქმიანობისას ფლობს და იყენებს ქსელის შესაბამისი ელემენტების ან მათი ფუნქციონალური რესურსების სრულ სპექტრს, მნიშვნელოვნად აკონტროლებს კონკრეტული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მთლიან პროცესს;

ხ) ზღვრული ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ტარიფის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი ზედა ზღვარი;

ჯ) თანალოკაცია – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდების მიზნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ გამოყოფილ სათანადო სიდიდის თანალოკაციის ფართობზე მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება და მისი ტექნიკური საშუალებების განთავსებისა და საოპერაციო მომსახურების განხორციელების უზრუნველყოფა;

ჰ) ინტერფეისი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, საოპერაციო პროგრამული რესურსებისა და სისტემების ურთიერთმოქმედების ფიზიკური ან ლოგიკური ფორმატი, რომელიც განსაზღვრულია საერთო ფუნქციონალური, ელექტრული, ოპტიკური, კონსტრუქციული და სხვა თავსებადობის მახასიათებლებით, პროტოკოლის მიმართ ერთგვაროვანი მოთხოვნებით;

1) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

2) კონკურენციის წინასწარი რეგულირება – კომისიის მიერ ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრა და მისთვის ამ კანონით წინასწარ დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება;

3) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც პირს განსაზღვრული ვადით ანიჭებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლებას;

4) მიწოდების მხარის ჩანაცვლება – მომსახურების ბაზარზე დამკვიდრებული კონკურენციის პირობებში ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლისათვის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების მიწოდების შესაძლებლობა;

5) მნიშვნელოვანი წილის შეძენა – ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის საწესდებო კაპიტალში იმ ოდენობის წილის შეძენა, რომელიც განაპირობებს ამ პირის საქმიანობის მნიშვნელოვან კონტროლს (საკონტროლო წილი);

6) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს მას, ცალმხრივად არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე და შეზღუდოს კონკურენცია;

7) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები – მომსახურების ბაზარზე ჩამოყალიბებული ტარიფების, კონიუნქტურის, კონკურენციის, მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების ფაქტორების გათვალისწინებით გამოყოფილი მომსახურების სახეები, ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჩათვლით;

8) მომსახურების ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები – კონკურენციის ერთგვაროვანი პირობებით გამოყოფილი მომსახურების ბაზრის გეოგრაფიული (ტერიტორიული) სეგმენტი;

9) მომხმარებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ან განზრახული აქვს გამოიყენოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;

10) მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა – აბონენტის ან ბოლო მომხმარებლის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაღებად განკუთვნილი, მობილური ან ფიქსირებულ მისამართზე განთავსებული ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც არ არის ოპერატორის ქსელის ნაწილი, თუმცა დაკავშირებულია მასთან;

11) მოთხოვნის მხარის ჩანაცვლება – მომხმარებლის მიერ ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახის არჩევის შესაძლებლობა, რომელიც მეტნაკლებად იმავე საფასურით, ხარისხითა და მოცულობით აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს;

12) მომსახურების ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტები – მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტები, სადაც ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების ან მათი ქსელების სტრუქტურული კავშირის გამო ბაზრის ერთ სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება შესაძლებელია მათ ცალ-ცალკე ან ურთიერთშეთანხმებულად გამოიყენონ სხვა სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მოსაპოვებლად ან გასაძლიერებლად;

13) ნუმერაციის სისტემა – სიმბოლოების განსაზღვრული კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების პროცესში ელექტრონული საკომუნიკაციო ოპერატორის ქსელის ან მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის;

14) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის მინიჭებისას;

15) პირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის უშუალოდ დაშვება;

16) რეგულირების საფასური – ამ კანონისა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი საფასური;

17) სააბონენტო ნუმერაცია – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული ციფრული სისტემა აბონენტის ტერმინალური მოწყობილობის იდენტიფიცირებისათვის;

18) საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ერთიანი სისტემა, რომელიც განკუთვნილია მომხმარებლებლისთვის საზოგადოებისათვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;

19) საზიანო ხელშეშლა – ხელშეშლა, რომელიც საზიანო გავლენას ახდენს რადიოდანადგარზე ან/და მომხმარებლის ტერმინალურ მოწყობილობაზე;

20) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჭირო სახით იდენტიფიცირებული მოწყობილობა ან მომსახურება შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;

21) სიმძლავრე – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტის ფუნქციონალური რესურსის რაოდენობრივი მახასიათებელი;

22) ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელები – საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელისგან ფიზიკურად განცალკევებული ქსელები, რომლებიც შექმნილია არაკომერციული მიზნით, სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად;

23) სპეციფიკური ვალდებულება – მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება;

24) სტრუქტურული ქვედანაყოფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის შიდაორგანიზაციული სტრუქტურის ფუნქციური ქვედანაყოფი, რომელიც ავტორიზებული პირის საქმიანობიდან გამომდინარე ასრულებს კონკრეტულ სამუშაოს და ახორციელებს განსაზღვრული სახის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებას;

25) ტექნიკური საშუალებები – ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების ფორმირების, დამუშავების, გატარების, გადაცემის ან მიღების მიზნით გამოყენებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის აღჭურვილობა და საშუალებები;

26) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – პრინციპი, რომლის მიხედვითაც მარეგულირებელი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს და არა ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს;

27) ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორი – პირი, რომელიც ფლობს და საქმიანობს ტრანზიტული გატარების ან გადაცემის ქსელის ელემენტებით და მათი გამოყენებით აერთებს ერთ ან რამდენიმე ადგილობრივი მომსახურების ზონაში მოქმედი სხვადასხვა ოპერატორების ქსელებს, ან ახორციელებს სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ან ციფრული მაუწყებლობის საინფორმაციო სიგნალების გატარებას ან/და გადაცემას;

28) ტრაფიკი – ოპერატორის ქსელის ელემენტებისა და ტექნიკური საშუალებების ჯამური დატვირთვა დროის ინტერვალში;

29) ურთიერთჩართვა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით;

30) (ამოღებულია);

31) (ამოღებულია);

32) (ამოღებულია);

33) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა, რომელსაც შეუძლია უშუალო გავლენა მოახდინოს მათ შორის გარიგებების პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ასეთ განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება, კერძოდ, ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირის საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; ერთი პირი თანამდებობრივი მდგომარეობით ექვემდებარება მეორე პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; პირები არიან ფილიალი საწარმოები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; პირები ნათესავები არიან (ამ კანონის მიზნებისთვის ნათესავებად ითვლებიან: ოჯახის წევრები, პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავები, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობლის და შვილის გერები);

34) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები – სახის, ხარისხის, საფასურის და სხვა მახასიათებლების მიხედვით ერთგვაროვანი მომსახურების სახეები, რომლებიც ერთობლიობაში იმდენად მსგავსია, რომ მომხმარებელი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი მომსახურება მეორეთი;

35) ურთიერთოპერაბელურობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ინტერფეისების, აგრეთვე ტექნიკური, საოპერაციო და ფუნქციონალური მახასიათებლების ურთიერთთავსებადობა და ურთიერთმართვადობა;

36) ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება – ტელემაუწყებლობა, რომლის პროგრამების წარმოება, რედაქტირება და მომხმარებლისთვის მიწოდება უზრუნველყოფილია ფართოეკრანიან (16/9) ფორმატში;

37) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შემადგენელი, ფუნქციონალურად განცალკევებული ტექნიკური ან ტექნოლოგიური საშუალებები, მათი საოპერაციო რესურსები და სიმძლავრეები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით უზრუნველყოფს გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებას, გადაცემას, დამისამართებას (კომუტაციას); ბილინგის ინფორმაციის შეგროვებას; ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების პირობების მართვას და ურთიერთოპერაბელურობას; სააბონენტო ნომრების პორტაბელურობას; ოპერატორის საოპერაციო, საცნობარო, დამხმარე და საგანგებო მომსახურებას; ქსელების სინქრონიზაციასა და სიგნალიზაციას; გამოძახებებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში შეღწევას; მულტიმედიას; ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას; კონვერსიას, კოდირებას, უსაფრთხოების დაცვას; პეიჯინგს; ციფრული მონაცემების ტელედამუშავებას და ინტერნეტის ან სხვა პროტოკოლის გამოყენებით გადაცემას და სხვა;

38) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფასთან ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასთან უშუალოდ დაკავშირებული ქსელის ელემენტები ან ტექნიკური საშუალებები და მათი ფუნქციონალური რესურსები, მათ შორის, ციფრული მაუწყებლობის მიწოდებასთან დაკავშირებული აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემის რესურსები;

39) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის თავისუფალი ელემენტი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტი, მისი ფუნქციონალური რესურსი ან სიმძლავრე, რომელიც არ არის დატვირთული და რომლის გამოყენებაც ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნების დაცვით შესაძლებელია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;

40) შერწყმა – „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ორი ავტორიზებული პირის გაერთიანება ერთ სამეწარმეო პირად, რომელიც თავდაპირველი ავტორიზებული პირების სამართალმემკვიდრეა;

41) ციფრული ტელემაუწყებლობის აღჭურვილობა – ბოლო მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობა, რომელიც მიერთებულია სატელევიზიო მიმღებთან ან ინტეგრირებულია მასში და განკუთვნილია ციფრული, ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მისაღებად;

42) ლიცენზიის გაუქმება – ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადება;

43) პირი – ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი;

44) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, საჰაერო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედები და სახაზო ტრაქტები ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებისათვის ან/და გადაცემისათვის.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006წ., მუხ.310

    მუხლი 3. საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

1. საქართველოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ორგანიზებისა და ურთიერთობების რეგულირების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.

2. უცხო ქვეყნის მოქალაქე და იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი სარგებლობენ საქართველოს სამეწარმეო პირისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

    მუხლი 4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზნები და პრინციპები

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნილებათა უზრუნველყოფა და საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად:

ა) საქმიანობისას და მიღებული შედეგების გამოყენებისას იურიდიულ და ფიზიკურ პირთა თანასწორუფლებიანობა;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობაში მონოპოლიური მდგომარეობის დაუშვებლობა და მომსახურების ბაზრის ლიბერალიზაცია;

გ) თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარება;

დ) ავტორიზებული პირებისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებისას და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობისას მათ შორის ექსკლუზიური ხელშეკრულებების დადების დაუშვებლობა;

ე) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების დანერგვის, ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვისა და ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა;

ვ) მომსახურების სახეების გაფართოებისა და ტექნიკური ნორმების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა;

ზ) მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა;

თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საერთაშორისო ინტეგრაცია;

ი) აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა;

კ) კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, არადისკრიმინაციულობა, გამჭვირვალეობა და ტექნოლოგიური ნეიტრალურობა.

    მუხლი 5. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანო

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია.

    მუხლი 6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და წარმართვა

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინადადებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმართავს საქართველოს პრეზიდენტი. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. კომისია თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით.

    მუხლი 7. ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების მართვა და ფლობა

ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების მართვისა და ფლობის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ორგანოებს. მათი სტრუქტურა და ორგანიზაციული საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 8. ინფორმაციის საიდუმლოების დაცვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით გადაცემული ინფორმაცია ამ მომხმარებლის საიდუმლოა და მისი დაცვა გარანტირებულია საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნული უფლების შეზღუდვა შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული ყველა სუბიექტი ვალდებულია დაიცვას გადაცემული ინფორმაციის საიდუმლოება. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მუშაკები და სხვა პირები, რომლებიც დაარღვევენ ინფორმაციის საიდუმლოებას, პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9. საერთაშორისო თანამშრომლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში და უცხო ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ადმინისტრაციებთან ურთიერთობისას საქართველოს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა, აგრეთვე კომისია საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში.

3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ დამოუკიდებელ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოთა საერთაშორისო გაერთიანებებში საქართველოს წარმოადგენს კომისია. საქართველოს წარმოდგენის უფლებამოსილება კომისიას უნარჩუნდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებშიც, რომლებშიც იგი უკვე გაწევრიანებულია.

4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უცხო ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების ადმინისტრაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას საქართველოს მთავრობა და კომისია იცავენ საქართველოს ინტერესებს.

თავი II. კომისია

    მუხლი 10. კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი

1. კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი, კომისიის თავმჯდომარის უფლებები და მოვალეობები, კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კომისიის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის გარემოებები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის დებულებით.

2. კომისიის დებულება მტკიცდება კომისიის დადგენილებით.

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006წ., მუხ.310

    მუხლი 11. კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

2. კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება, შენარჩუნება და განვითარება;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ ბოლო მომხმარებლებისათვის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის) ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, მათთვის მომსახურების ფართო არჩევანისა და სატარიფო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მფლობელი ავტორიზებული პირების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში ეფექტიანი ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობა.

3. კომისიის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია;

ბ) ამოწურვადი რესურსის მართვა და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა. რადიოსიხშირული სპექტრის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, შესაბამისი ლიცენზიების გაცემა და გაუქმება;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარება, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა, კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების სერტიფიცირების, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური მოწყობილობების სერტიფიცირების რეგლამენტის შესაბამისად;

ე) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ტექნიკურ-ეკონომიკური და სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება;

ვ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა შორის, აგრეთვე მათსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ზ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

თ) საზოგადოებასთან ღია, საჯარო და გამჭვირვალე ურთიერთობა;

ი) რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და მისი საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის ღონისძიებათა კოორდინაცია;

კ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა საკუთარი უფლებამოსილებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) სამოყვარულო რადიოკავშირის დამყარებისა და სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების წესების განსაზღვრა;

მ) სხვა ფუნქციები, რომლებიც გამომდინარეობს ამ კანონიდან და კომისიის ამოცანებიდან;

ნ) რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთა შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ამ კანონის VI თავით დადგენილი წესებით.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 12. კომისიის ბიუჯეტი

1. კომისია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი.

11. კომისია უფლებამოსილია კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი საბიუჯეტო სახსრები, არსებობის შემთხვევაში, მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

3. რეგულირების საფასური არის კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყარო, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს. რეგულირების ყოველწლიური საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ავტორიზებული პირები, ხოლო მაუწყებლობის სფეროში – „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირები.

4. რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიან ღირებულებასა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ გაწეულ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 0,5 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4867 - სსმ I, №21, 18.06.2007წ., მუხ.182

    მუხლი 13. კომისიის ანგარიში

1. კომისია ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და საბუღალტრო ანგარიშების ფინანსურ აუდიტს მოქმედი წესების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება არა უმეტეს წელიწადში ერთხელ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი ტენდერის საფუძველზე შეარჩევს საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორს. სატენდერო კომისიის შემადგენლობას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. ამ მუხლით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს გაიღებს კომისია.

2. კომისია არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს და აქვეყნებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.

3. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს მთავრობას უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვონ და მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

თავი III. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია, ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები

    მუხლი 14. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის საფუძვლები

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის ავტორიზაციის საფუძველზე.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია ხდება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად.

3. საქმიანობის ავტორიზაცია არ არის საჭირო, თუ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელები და საშუალებები გამოიყენება:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის;

ბ) საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის ორგანიზებისათვის, რომელიც იქმნება არაკომერციული მიზნით, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის შიდასაკომუნიკაციო კავშირის უზრუნველსაყოფად.

    მუხლი 15. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის განმახორციელებელი ორგანო

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს კომისია, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით:

ა) ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ პირთა ავტორიზაციას და აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს;

ბ) აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, შესრულებას.

    მუხლი 16. ავტორიზაციის დეკლარაცია

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას დეკლარაციით, რომლის ფორმას ამტკიცებს კომისია.

2. დეკლარაციაში მითითებული უნდა იყოს:

ა) ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები;

ბ) იურიდიული პირისათვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი;

გ) საქმიანობის ან/და მომსახურების სახეები, რომლის ავტორიზაციასაც მოითხოვს ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი;

დ) ქსელის ან/და მომსახურების მოკლე აღწერილობა.

3. დეკლარაციას უნდა დაერთოს ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდებისა და ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 17. ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრი

1. კომისია აწარმოებს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრს, რომელშიც შეიტანება დეკლარაციის მონაცემები.

2. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არსებულ მონაცემებს.

    მუხლი 18. ერთიანი ავტორიზაციის წესი

1. კომისია ახორციელებს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ავტორიზაციას;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციას.

2. დეკლარაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდების ავტორიზაციას ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციით.

3. თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

4. ავტორიზაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში კომისია გასცემს ავტორიზაციის მოწმობას.

5. თუ ავტორიზებული პირი წყვეტს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებას, ან განზრახული აქვს საქმიანობის მოდიფიცირება, იგი ვალდებულია 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას ამის თაობაზე. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის მოდიფიცირების შესახებ მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

6. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით.

7. პირს უფლება აქვს დაიწყოს საქმიანობა ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის დღიდან.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 19. ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები

1. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია:

ა) საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს მოსთხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება;

ბ) თავისი საქმიანობისას, ამ კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს ამოწურვადი რესურსით და დაადგინოს საკუთარი ქსელის ელემენტებთან დაშვების და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფები;

გ) ამ კანონით დადგენილი წესით, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირებს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები;

დ) (ამოღებულია);

ე) კომისიის სამართლებრივი აქტი გაასაჩივროს სასამართლოში.

2. ავტორიზებული პირი ვალდებულია:

ა) სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

ბ) შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები;

გ) თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

დ) მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება;

ე) შეინარჩუნოს ქსელის ინტეგრაცია და დაცულობა;

ვ) არ დაუშვას ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით არასანქცირებული სარგებლობა;

ზ) უზრუნველყოს მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვა;

თ) უზრუნველყოს გამოყოფილი ნუმერაციის რესურსის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ყველა ბოლო მომხმარებლისათვის, ამ კანონით დადგენილი პირობების დაცვით;

ი) უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით სარგებლობისას მომხმარებლის უსაფრთხოების წესების დაცვა;

კ) უზრუნველყოს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას ელექტრომაგნიტური თავსებადობა და ხელშეშლებისა და მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა;

ლ) გადაიხადოს რეგულირების საფასური, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური და სალიცენზიო მოსაკრებელი;

მ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

3. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის და ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006წ., მუხ.310

თავი IV. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება

    მუხლი 20. კონკურენციის რეგულირების მიზნები და კომისიის ამოცანები

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირების მიზნებია:

ა) ავტორიზებული პირების საქმიანობისას თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფა და ეფექტიანი კონკურენციის წახალისება;

ბ) ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებსა და საშუალებებში ინვესტიციების წახალისება და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა;

გ) რამდენიმე ავტორიზებული პირის ხელში საბაზრო ძალაუფლების ზედმეტად კონცენტრაციის თავიდან აცილება;

დ) ავტორიზებული პირების საქმიანობის მარეგულირებელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული რისკების მართვის გამჭვირვალე სტრუქტურის უზრუნველყოფა;

ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების საქმიანობის, შერწყმისა და წილის შეძენის დროს გამჭვირვალე, ობიექტური და ეფექტიანი მარეგულირებელი რეჟიმის არსებობა.

2. კომისიის ამოცანებია:

ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბება;

ბ) ავტორიზებული პირების დისკრიმინაციის დაუშვებლობა და მათი თანასწორუფლებიანობა; მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან არადისკრიმინაციული დაშვება ან/და ურთიერთჩართვა;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას ბოლო მომხმარებლების დისკრიმინაციის დაუშვებლობა, მათი უფლებების დაცვა, მიწოდებული მომსახურების სახეებზე სუბსიდირების დაუშვებლობა საერთო სარგებლობის ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებთან და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებასთან თანაბარი ხელმისაწვდომობა;

დ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა მიერ იმ სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, რომლებიც მათ შეიძლება დაეკისროს ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად;

ე) ამოწურვადი რესურსით სარგებლობისას გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.

    მუხლი 21. კონკურენციის რეგულირება, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის პრინციპები

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის რეგულირება ხორციელდება კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით.

2. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების და გეოგრაფიული საზღვრების კრიტერიუმების მიხედვით კომისია განსაზღვრავს წინასწარი რეგულირების მიზნით.

3. მომსახურების ბაზრის კვლევას და ანალიზს, რომელიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით.

4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის რეგულირების უზრუნველყოფა, მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტებისა და ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა განსაზღვრის კრიტერიუმების შესაბამისად, ხორციელდება ობიექტურობის, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის, ფუნქციონალური ეკვივალენტურობის (ფუნქციონალური კრიტერიუმების ერთგვაროვანი გამოყენების), მინიმალური საჭირო რეგულირების, პროპორციულად თანაზომადი სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების, ეფექტიანი კონკურენციის წახალისების, გამჭვირვალეობის და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით.

5. მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარების, ავტორიზებული პირების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის, ასევე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია ითვალისწინებს საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური შეთანხმებისა „მომსახურებისა და ვაჭრობის შესახებ“.

    მუხლი 22. მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ეტაპები, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის განსაზღვრის ზოგადი დებულებები

1. მომსახურების ბაზრის კვლევა და ანალიზი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა;

ბ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარება;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრა.

2. მომსახურების ბაზრის ანალიზის პროცედურები, ასევე ამ თავში აღწერილი სხვა პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისას კომისია ითვალისწინებს იმ ობიექტურ კრიტერიუმებს, რომლებიც ერთგვაროვნად განსაზღვრავს მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებს.

4. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კონკურენტუნარიანობის ანალიზის ჩატარებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ ანალიზურ ფაქტორებს:

ა) მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე ჩამოყალიბებულ კონიუნქტურას, კონცენტრაციის დონეს და ავტორიზებული პირების მიერ დაკავებულ ფარდობით საბაზრო წილებს;

ბ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მომსახურების სახეებზე მოთხოვნისა და მიწოდების მახასიათებლებს (ელასტიურობა, მოთხოვნის ზრდა და სხვ.), აგრეთვე მოთხოვნისა და მიწოდების მხარეების ჩანაცვლების პირობებს;

გ) პოტენციურად არაკონკურენტული მომსახურების და ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეებზე ჩამოყალიბებული ტარიფების დონეებს და მათ ისტორიულ ცვალებადობას;

დ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების ფინანსურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათი ურთიერთდამოკიდებულების ხარისხს და ავტორიზაციის მსურველი პირების მიერ ამ სეგმენტზე საქმიანობის დაწყების შესაძლებლობებს, ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელ ინფრასტრუქტურულ და დინამიკურ ფაქტორებს, შესაბამის საინვესტიციო რისკებს;

ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მოქმედი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ვერტიკალურად ინტეგრირებულობის ხარისხს და ხასიათს;

ვ) (ამოღებულია);

ზ) სხვა დაკავშირებულ მახასიათებლებს, რომლებიც განისაზღვრება კომისიის დადგენილებით.

5. მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ასაბუთებს მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის არაკონკურენტულობას, მისი კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია;

ბ) სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით, რომლებიც ასაბუთებენ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის დაწყების საჭიროებას, და ამ დასაბუთებას ეთანხმება კომისია;

გ) საკუთარი ინიციატივით.

6. კომისია უფლებამოსილია დისკრეციულად მიიღოს გადაწყვეტილება როგორც მომსახურების მთლიანი ბაზრის, ისე მისი ცალკეული სეგმენტების კვლევისა და ანალიზის ჩატარების თაობაზე.

7. კონკურენცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ეფექტიანია, თუ ამ სეგმენტზე არ საქმიანობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი. კონკურენცია ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არის ეფექტიანი, თუ ამ სეგმენტზე მოქმედ ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება. თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებულ პირს აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, მას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება აქვს ასევე ბაზრის მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტზე.

8. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება მის მიერ მიღებული შემოსავლების, ბოლო მომხმარებელთა ან აბონენტთა რაოდენობის ან გარკვეულ პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის) წილობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე მის საკუთრებაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების რეზერვების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და სათანადო ძირითადი კრიტერიუმის გამოყენების შესახებ.

9. თუ მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შედეგად კომისია დაადგენს, რომ ერთ ან რამდენიმე ავტორიზებულ პირს აქვს ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, იგი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ხასიათიდან გამომდინარე, განსაზღვრავს აღნიშნული პირებისათვის დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს ამ კანონის V თავის შესაბამისად.

10. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების დადგენის ძირითადი კრიტერიუმის შესაბამისად ავტორიზებული პირი განისაზღვრება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე უკავია საბაზრო წილის არანაკლებ 40 პროცენტისა.

11. რამდენიმე ავტორიზებული პირი განიხილება ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ, თუ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე:

ა) ორი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 60 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 25 პროცენტისა;

ბ) სამი ავტორიზებული პირის ჯამური საბაზრო წილი აღწევს სულ მცირე 80 პროცენტს, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი უნდა იყოს არანაკლებ 15 პროცენტისა.

12. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის დადგენისას და მისთვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებისას ძირითადი კრიტერიუმის გარდა გამოიყენება მეორეული კრიტერიუმები, რომლებიც ობიექტურად განსაზღვრავს ძირითადი კრიტერიუმების შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის შეზღუდვისა და არაკონკურენტული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობებს. მეორეულ კრიტერიუმებს ანალიზური ფაქტორების გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისია.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 23. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება

1. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულმა პირმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება.

2. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონის V თავით განსაზღვრული და კომისიის გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობას.

    მუხლი 24. მომსახურების ბაზრის ანალიზთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება

კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ამ თავით განსაზღვრული კონკურენციის უზრუნველყოფისა და მომსახურების ბაზრის ანალიზის საფუძველზე, გარდა სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი ნაწილებისა, ქვეყნდება ინტერნეტში – კომისიის ვებ-გვერდზე. ასევე საჯაროდ ქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ჩამონათვალი გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მითითებით;

ბ) ავტორიზებული პირების სია, რომელთაც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე აქვთ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება;

გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები;

დ) იმ ძირითადი ან მეორეული კრიტერიუმების აღწერილობა, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრა ავტორიზებული პირი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ.

    მუხლი 25. შერწყმისა და წილის შეძენის რეგულირება

ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლებით განსაზღვრული შერწყმისა და წილის შეძენის მარეგულირებელი ნორმები გამოიყენება:

ა) ავტორიზებული პირების მიმართ;

ბ) თუ შერწყმას აპირებს ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია.

    მუხლი 26. შეტყობინების ვალდებულება და ინფორმაციის გამოთხოვა

1. კომისიას შერწყმის ან წილის შეძენის განზრახვის შესახებ უნდა ეცნობოს შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებამდე.

2. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის შეძენაც ხდება.

3. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან წილის შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას ყოველი მონაწილე ავტორიზებული პირის შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეულ მომსახურებაზე;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტზე მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის შეძენის შემთხვევაში, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე და მათთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) პირების შესახებ. კომისიას უნდა ეცნობოს ავტორიზებულ პირსა და აფილირებულ პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას და წილობრივ მონაწილეობას. შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას.

4. ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის შეძენისას კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ავტორიზებული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ.

5. კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს შერწყმის ან წილის შეძენის პირობების კორექტირება, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან წილის შეძენა გამოიწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევა.

6. კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ან წილის შემძენ ავტორიზებულ პირს შემდგომ საქმიანობაში ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის შენარჩუნებას.

7. შერწყმის ან წილის შეძენის შედეგად მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ახალჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს საოპერაციო აქტივების ან შესაბამისი წილების გაყიდვა.

8. შერწყმაში ან წილის შეძენაში მონაწილე მხარეები უფლებამოსილი არიან შერწყმის ან წილის შეძენის ნებისმიერ ეტაპზე შესთავაზონ კომისიას საკუთარი წინადადებები მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 27. შერწყმის ან წილის შეძენის გამოკვლევა

1. კომისია ამოწმებს შერწყმის ან წილის შეძენის შესახებ ავტორიზებული პირის შეტყობინებაში მითითებულ, ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს. თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს.

2. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან წილის შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში განახორციელოს ამ კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

3. შერწყმის ან წილის შეძენის გამოკვლევის კონფიდენციალობა დაცულია.

    მუხლი 28. კომისიის მიერ კონკურენციის უზრუნველყოფის უფლებამოსილებები

1. თუ კომისია დაადგენს ავტორიზებული პირის საქმიანობის შეუსაბამობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველმყოფ პირობებთან, რომლებიც განსაზღვრულია ამ კანონით, ან მისთვის, როგორც მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისთვის, დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, ან შერწყმის ან წილის შეძენის განხორციელებისას მისთვის დაკისრებული ერთი ან მეტი ვალდებულების შეუსრულებლობას, კომისია უფლებამოსილია გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.

2. კომისია უფლებამოსილია დააკისროს ან აუკრძალოს გარკვეული მოქმედების შესრულება იმ ავტორიზებულ პირს, რომელიც ბოროტად იყენებს მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას, ხოლო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ამ კანონის VII თავით დადგენილი სანქციები.

3. თუ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც პირდაპირ საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ადამიანთა ჯანმრთელობას ან რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან საოპერაციო პრობლემები შეუქმნას სხვა მიმწოდებლებს ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მომხმარებლებს, კომისია უფლებამოსილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად უზრუნველყოს აღსრულება უშუალო იძულების გამოყენებით.

4. იმ გარემოებების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ობიექტურად განაპირობებს ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათს და მიზეზებს, ეკისრება ავტორიზებულ პირს. ობიექტურად დასაბუთებული მტიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისთვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის ხასიათის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს ამ ვალდებულებების პირობებში.

5. კომისიის მიერ დაკისრებულ სპეციფიკურ ვალდებულებებში ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ცვლილებების შეტანა არ ათავისუფლებს ავტორიზებულ პირს სპეციფიკური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობისაგან.

6. კომისიამ შეიძლება შეარჩიოს მხოლოდ ის ობიექტური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს გამოვლენილი დარღვევის უსწრაფეს და ნაკლებდანახარჯიან აღმოფხვრას და არ მიაყენებს ზიანს მომხმარებლებს და შესაბამის ავტორიზებულ პირს.

თავი V. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკური ვალდებულებები

    მუხლი 29. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის სპეციფიკური ვალდებულებები

1. კომისია უფლებამოსილია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს გადაწყვეტილებით დააკისროს ერთი ან რამდენიმე, ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკური ვალდებულება:

ა) ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება;

ბ) დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება;

გ) დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება;

ე) სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების შესრულება არ გამორიცხავს ავტორიზებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას.

    მუხლი 30. სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება

1. სპეციფიკური ვალდებულებები ეკისრება მხოლოდ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს.

2. სპეციფიკური ვალდებულებების ძალაში შესვლის თარიღი განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით; თუ კომისიამ არ განსაზღვრა ეს თარიღი, ავტორიზებულმა პირმა კომისიის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

3. კომისია უფლებამოსილია დააკონკრეტოს ამ კანონით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები, აგრეთვე მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ცვლილებები და დამატებები შეიტანოს სპეციფიკური ვალდებულებების პირობებში.

4. კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები უნდა შეესაბამებოდეს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის საბაზრო ძალაუფლებისა და მისი ბოროტად გამოყენების ხასიათს, უნდა იყოს პროპორციულად თანაზომადი და ობიექტურად დასაბუთებული.

5. თუ მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არ არსებობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, სპეციფიკური ვალდებულებები უქმდება და ბაზრის შესაბამისი სეგმენტი კონკურენტულად ითვლება.

    მუხლი 31. ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალეობა და საჯაროდ გამოაქვეყნოს:

ა) მისი საქმიანობის ამსახველი ფინანსური საანგარიშგებო დოკუმენტაცია;

ბ) ქსელის შესაბამისი ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, ფუნქციონალური რესურსებისა და ინტერფეისების აღწერილობა, აგრეთვე ინფორმაცია თავისუფალი სიმძლავრეების შესახებ;

გ) ქსელის ტექნიკური მახასიათებლები, მათ შორის, გამოყენებული ინტერფეისების აღწერილობა, თანალოკაციის ფართობები და ურთიერთჩართვის წერტილები;

დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების პირობები, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მსურველი ავტორიზებული პირების მოთხოვნების გათვალისწინებით;

ე) დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფები, ანგარიშსწორების პირობები.

2. ავტორიზებული პირი ვალდებულია გამოაქვეყნოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას: ოპერატორის ქსელის ელემენტების, მათი ფუნქციონალური რესურსებისა და თავისუფალი სიმძლავრეების, აგრეთვე დაშვებისა და ურთიერთჩართვის ტარიფების შესახებ, რათა მსურველ ავტორიზებულ პირს არ მოეთხოვოს ქსელის იმ ელემენტებისათვის, ტექნიკური საშუალებებისათვის ან ფუნქციონალური რესურსებისათვის დამატებითი საფასურის გადახდა, რომლებიც მას არ მოუთხოვია.

3. კომისია უფლებამოსილია ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით დაადგინოს, თუ რა არსებით მონაცემებს უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), აგრეთვე დადგენილ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვოს ოპერატორის საჯაროდ გამოქვეყნებულ მოწვევის ოფერტაში ცვლილებების ან დამატებების შეტანა.

4. კომისიის მიერ ავტორიზებული პირისათვის ადგილობრივი დაშვების ქსელთან შეუზღუდავი დაშვების ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში ადგილობრივი მომსახურების ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) გამოქვეყნება, რომელიც უნდა მოიცავდეს ადგილობრივი დაშვების ქსელთან დაშვების, მათ შორის, ერთობლივი დაშვებისა და კომისიის მიერ დადგენილ სხვა არსებით პირობებს.

5. ინფორმაცია, რომელიც არსებითად დაკავშირებულია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებასთან, დაშვების მსურველის არადისკრიმინაციული, თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფასთან და ხელს უწყობს მის მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების პირობების შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებას, არ არის დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის კომერციული საიდუმლოება.

    მუხლი 32. დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების შეთავაზებისას, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, ვალდებულია უზრუნველყოს მოთხოვნილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მსურველი ავტორიზებული პირისათვის არადისკრიმინაციულად (შეუზღუდავად), ერთსა და იმავე ვადებში და ერთნაირი პირობებით მიწოდება.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების, მათ შორის: მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მიწოდების ვადების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალეობის, აგრეთვე ურთიერთოპერაბელურობის უზრუნველყოფას.

3. მსურველი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან არადისკრიმინაციული დაშვება იმგვარი პირობებით, რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში, დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირებისათვის.

4. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი უფლებამოსილია შესთავაზოს მსურველ ავტორიზებულ პირს დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდება უკეთესი პირობებით, ვიდრე ეს მოცემულია მის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებაში (მოწვევის ოფერტაში). უკეთესი პირობების შეთავაზებისას, დისკრიმინაციის დაუშვებლობის მიზნით, ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში შეიტანოს ცვლილება თავისი მოწვევის ოფერტის შესაბამის პირობებში.

5. მსურველი ავტორიზებული პირის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებისაგან (მოწვევის ოფერტისაგან) განსხვავებული პირობებით დაშვების წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია თავის მოწვევის ოფერტაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ან დამატებები, გამოაქვეყნოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების აღნიშნული პირობები.

6. (ამოღებულია).

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 33. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია არ დაუშვას კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები, მათ შორის, მომხმარებელთა რომელიმე ჯგუფის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა ავტორიზებულ პირთა ან მომხმარებელთა ჯგუფების ხარჯზე.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია კომისიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად აწარმოოს ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან დაკავშირებული დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად, ობიექტურად და გამჭვირვალედ აღრიცხვა და განაწილება ქსელის ელემენტების, საოპერაციო საქმიანობისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიხედვით.

3. დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვისა და განაწილების, ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სპეციფიკური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს ავტორიზებულ პირს სააღრიცხვო, ფინანსური ინფორმაციის, მათ შორის, დანახარჯების განაწილებისა და სხვა ავტორიზებული პირებისგან მიღებული შემოსავლების თაობაზე ინფორმაციის, წარმოდგენა. კომისია უფლებამოსილია ამ კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და კომერციული ან პირადი ინფორმაციის საიდუმლოების დაცვის თაობაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, თავისი გადაწყვეტილებით საჯარო გახადოს ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ან იმ ნაწილში, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წახალისებას.

4. ვერტიკალურად ინტეგრირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, ან ერთობლივი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები მსურველი ავტორიზებული პირებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებისას დისკრიმინაციის აკრძალვის მიზნით ვალდებული არიან უზრუნველყონ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან დაშვების, აგრეთვე მომსახურების ბაზარზე შეთავაზებული საბითუმო და შიდასაწარმოო სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ტრანსფერული ტარიფების გამჭვირვალეობა.

    მუხლი 34. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი, რომელიც ფლობს ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელს, ვალდებულია უზრუნველყოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, ტექნიკურ საშუალებებთან, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან სხვა ავტორიზებული პირის შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება.

2. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები კანონმდებლობით დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დონეზე.

3. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური და ტექნიკური მახასიათებლები, საკმარისი თანალოკაციის ფართობების და ამ ფართობებზე განთავსებულ ურთიერთჩართვის წერტილებში საოპერაციო სიმძლავრეების მიწოდება.

4. ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების მსურველმა ავტორიზებულმა პირმა თავის განაცხადში ცხადად უნდა ასახოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის დაშვებისა და ურთიერთჩართვის შეთავაზების წინადადებით (მოწვევის ოფერტით) განსაზღვრული პირობების უპირობო აქცეპტი და მის მიერ ურთიერთჩართვის მოთხოვნის შემთხვევაში საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიწოდების არსებითი პირობები.

5. მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის შესახებ ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

6. თუ ხელშეკრულება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ან დაშვებისა და ურთიერთჩართვის მიმწოდებელი ოპერატორის შეთავაზების წინადადების (მოწვევის ოფერტის) არსებით პირობებს, ან/და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეიცვალა კანონმდებლობა, კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა, შესწორება ან გაუქმება.

7. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარების, აგრეთვე მომხმარებლებისათვის მიწოდებული მომსახურების სახეების გაფართოების და ახალი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით კომისია უფლებამოსილია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორს შესაბამისი გადაწყვეტილებით მოსთხოვოს მსურველი ავტორიზებული პირის მიერ მოთხოვნილი პირობების გათვალისწინებით ქსელის შესაბამის ელემენტებთან და მათ თავისუფალ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვება. გადაწყვეტილების მიღებისას კომისია ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:

ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განვითარების დონეს;

ბ) დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ტექნიკურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს;

გ) დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის ქსელის ელემენტების თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებისა და მოთხოვნილი სიმძლავრეების არსებობას;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ გასაწევი ინვესტიციების მოცულობას და შესაბამის საინვესტიციო რისკებს;

ე) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე გრძელვადიანი კონკურენციის უზრუნველყოფის აუცილებლობას;

ვ) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის უზრუნველყოფას.

8. კომისიის გადაწყვეტილებით ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების განცალკევება, რომელთა გამოყენებასაც დასაბუთებულად ითხოვს მსურველი ავტორიზებული პირი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ასეთი განცალკევება მას ადრე არ განუხორციელებია.

9. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების განცალკევებაზე, თუ მისი განხორციელება:

ა) ტექნიკურად ან ტექნოლოგიურად შეუძლებელია ან დაარღვევს ოპერატორის ქსელის მთლიანობას (ინტეგრირებულობას);

ბ) ქსელის ელემენტის მოთხოვნილი სიმძლავრის არასაკმარისობის პირობებში შეზღუდავს სხვა ოპერატორებისათვის მოქმედი ხელშეკრულებების შესაბამისად დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ბოლო მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;

გ) არსებითად არ არის დაკავშირებული მოთხოვნილი დაშვების ან/და ურთიერთჩართვის მიწოდებასთან.

    მუხლი 35. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულება

1. მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდება უნდა განახორციელოს დანახარჯებზე ორიენტირებული და არადისკრიმინაციული ტარიფით.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ დაწესებული ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მომსახურებისათვის გამოყენებულ ქსელის შესაბამის ელემენტებზე, რესურსების და სიმძლავრეების უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას, ოპერატორის უფლებას, მიიღოს გაწეულ ინვესტიციებზე გონივრული უკუგება, და ოპერატორის საკომუნიკაციო ქსელების შემდგომი განვითარებისა და გაფართოების გრძელვადიან ტენდენციას.

3. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დაკისრებისას კომისია უფლებამოსილია თავისი გადაწყვეტილებით დაადგინოს:

ა) ავტორიზებული პირის მიერ დაწესებული ტარიფის დანახარჯებზე ორიენტირებულობის და კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიური წესების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასაბუთება;

ბ) ავტორიზებული პირის მიერ დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული მონაცემების კომისიისთვის წარდგენა;

გ) ავტორიზებული პირების მიერ დადგენილი, კონკურენციის შემზღუდველი ტარიფების ცვლილება;

დ) ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ზღვრული ტარიფები.

4. დაშვებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ დაწესებულმა ტარიფმა, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში კომისიის მიერ დადგენილმა ზღვრულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში გრძელვადიანი და ქმედუნარიანი კონკურენცია, ბოლო მომხმარებლების ეკონომიკურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება, არ უნდა დაუშვას ოპერატორების მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე არაგონივრულად მაღალი ტარიფების დაწესება ან სატარიფო ზეწოლა.

5. კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესები, რომელთა დაცვა სავალდებულოა ავტორიზებული პირების მიერ სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისათვის.

6. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში ავტორიზებული პირი კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად ქმნის დანახარჯების აღრიცხვის სისტემას, აქვეყნებს მის აღწერას, წარუდგენს კომისიას და ხარჯების აღრიცხვას აწარმოებს ამ სისტემის შესაბამისად.

თავი VI. ავტორიზებულ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვისა და გადაწყვეტის წესები

    მუხლი 36. დავის განხილვის დაწყება

1. კომისია ავტორიზებულ პირებს შორის წარმოშობილ დავებს წყვეტს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილი დავების გადასაწყვეტად იყენებს ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებს სურთ ურთიერთობა ამ კანონით მოაწესრიგონ.

2. ავტორიზებულ პირს უფლება აქვს მიმართოს კომისიას დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით.

3. მხარეები კომისიაში საქმის წარმოებას იწყებენ კომისიისთვის სათანადო განცხადების წარდგენით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) განმცხადებლის გვარი, სახელი, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – სამეწარმეო რეესტრის ან დაფუძნების აქტის მონაცემები, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) წარმომადგენლის გვარი, სახელი და საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში), თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;

გ) იმ პირის დასახელება, რომლის წინააღმდეგაც შეტანილია განცხადება;

დ) განმცხადებლის მოთხოვნა;

ე) ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს განმცხადებელი თავის მოთხოვნას;

ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებებს.

4. განცხადებას უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.

5. განცხადება მიიღება, თუ მისი მოთხოვნა არ სცილდება კომისიის უფლებამოსილებების ფარგლებს.

    მუხლი 37. დავის განხილვის პრინციპები

1. დავა განიხილება შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, კომისიის სხდომაზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ისინი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეჯიბრებითობის პრინციპი არ ზღუდავს კომისიას, საქმის გარემოებათა გასარკვევად საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და გამოითხოვოს მტკიცებულებები.

3. კომისია დავას განიხილავს ღია სხდომაზე, გარდა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. დავის განხილვა მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.

    მუხლი 38. მოსამზადებელი სხდომა

1. განცხადების რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ნიშნავს მოსამზადებელ სხდომას. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის განხილვის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაადგენს, რომ დავის საგანი არ უკავშირდება მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელებას, ან განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, თუ განმცხადებელი განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დამატებით ინფორმაციას ან დოკუმენტს.

2. კომისია მხარეებს აცნობებს მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას, მისი ჩატარების დღეს, დროსა და ადგილს.

3. მხარეებმა დავასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და მტკიცებულებები კომისიას უნდა წარუდგინონ მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე.

4. მხარე უფლებამოსილია მოსამზადებელ სხდომამდე ან უშუალოდ სხდომაზე კომისიას წარუდგინოს შეგებებული განცხადება (საპასუხო მოთხოვნა) ძირითად განცხადებასთან ერთად განსახილველად. შეგებებული განცხადების წარდგენა შესაძლებელია ამ მუხლით დადგენილი წესით.

5. განმცხადებელი უფლებამოსილია გაეცნოს შეგებებულ განცხადებას.

6. მოსამზადებელ სხდომაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

    მუხლი 39. შეტყობინება და მოწვევა

1. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს ეცნობებათ დავის განხილვის დღე, დრო და ადგილი.

2. კომისია, საჭიროების შემთხვევაში, დავის განხილვაზე იწვევს მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

3. შეტყობინება იგზავნება ფოსტით ან დამტარებლის მეშვეობით, აგრეთვე შესაძლებელია ჩაბარდეს მხარეებს მოსამზადებელი სხდომის დასრულებისთანავე. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) კომისიის მისამართს;

ბ) კომისიის სხდომის დღის, დროისა და ადგილის მითითებას;

გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იწვევენ ამა თუ იმ პირს;

დ) კომისიაში მოსაწვევი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული;

ე) მხარეების მიმართ წინადადებას, წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება;

ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს.

4. შეტყობინებასთან ერთად კომისია მხარეებს უგზავნის ან ჩააბარებს დავის თაობაზე განცხადებისა და თანდართული საბუთების ასლებს. კომისია დავის თაობაზე განცხადების შემტან მხარეს უგზავნის ან ჩააბარებს მეორე მხარის შეგებებული განცხადების ასლს, თუ ის შემოვიდა კომისიაში შეტყობინების გაგზავნის დროისთვის. კომისიაში შემოსული ყველა წერილობითი დოკუმენტის ასლი შეიძლება გაეგზავნოს მხარეებს მას შემდეგაც, როცა შეტყობინება უკვე გაგზავნილი ან ჩაბარებულია.

5. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მხარეები მოწვეულ იქნენ კომისიის სხდომაზე ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის მეშვეობით.

    მუხლი 40. მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება

1. მხარეებმა უნდა დაამტკიცონ ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზედაც ამყარებენ საკუთარ მოთხოვნებს.

2. გარემოებათა დამტკიცება შესაძლებელია მხარეთა ახსნა-განმარტებით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მოწმეთა ჩვენებით, ექსპერტთა და სპეციალისტთა დასკვნებით, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით.

3. წერილობითი მტკიცებულებებია დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ. წერილობითი მტკიცებულების წარდგენა, როგორც წესი, ხდება დედნის სახით.

4. მოწმედ იკითხება პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ.

5. კონკრეტულ საკითხზე განმარტების ან დასკვნის მისაცემად შეიძლება ექსპერტის მოწვევა.

6. კომისია აფასებს მტკიცებულებებს, რაც ემყარება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

    მუხლი 41. დავის განხილვა

1. დავის განხილვა მხარის (მხარეების) გამოუცხადებლობის შემთხვევაში გადაიდება კომისიის შემდეგი სხდომისთვის. არასაპატიო მიზეზით განმეორებითი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომისიის მიერ დავის განხილვას.

2. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა იწყება საქმის გარემოებების მოხსენებით, მხარეთა დასახელებით, დავის საგნისა და საფუძვლის მითითებით.

3. საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენის პროცესი იწყება მხარეთაგან ახსნა-განმარტებების მიღებით.

4. სხდომაზე გამოცხადებული მხარის უარი ახსნა-განმარტების მიცემაზე არ აბრკოლებს მეორე მხარისგან ახსნა-განმარტების მიღებას.

5. სხდომის თავმჯდომარე, კომისიის წევრები მხარეებს უსვამენ შეკითხვებს, რომლებიც ხელს უწყობს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა სრულად და ზუსტად განსაზღვრას. მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები.

6. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი. ოქმი უნდა ასახავდეს საქმის განხილვის ყველა არსებით მომენტს, კერძოდ, კომისიის სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს: სხდომის ჩატარების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი; სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო; სხდომის შემადგენლობა და სხდომის მდივანი; საქმის დასახელება; ცნობები წარმომადგენელთა, მოწმეთა, ექსპერტთა და თარჯიმანთა გამოცხადების შესახებ; მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებანი; მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტების მიერ თავიანთი დასკვნების განმარტებები; ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ.

    მუხლი 42. დავის გადაწყვეტა

1. დავა არსებითად წყდება კომისიის გადაწყვეტილებით.

2. მხარეები უფლებამოსილი არიან დავის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვონ საქმის მორიგებით დამთავრება.

3. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით დაამტკიცოს მორიგება.

4. კომისია უფლებამოსილია არ დაეთანხმოს მორიგებას და მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, თუ მხარეთა მორიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

5. განმცხადებელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს განცხადებაზე, ხოლო მეორე მხარე უფლებამოსილია ცნოს განმცხადებლის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

6. ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვის ვადაა 1 თვე. თუ ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული დავის განხილვისას მხარეები ვერ მიაღწევენ მორიგებას, კომისია უფლებამოსილია თვითონ დაადგინოს ურთიერთჩართვის პირობები.

7. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

თავი VII. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი და პასუხისმგებლობა

     მუხლი 43. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი

1. კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

2. კომისია აკონტროლებს ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი და სპეციალური ქსელებით საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, რომელთა შეუსრულებლობისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

3. კომისია აკონტროლებს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.

4. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია გამოიყენოს ის ადმინისტრაციული უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მაგრამ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006წ., მუხ.310

    მუხლი 44. მონიტორინგი და შემოწმება

1. ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად.

2. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმებას კომისია ახორციელებს სალიცენზიო პირობების შერჩევით შემოწმებით ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულარული ანგარიშგებით. გარდა ამისა, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს შემოწმება კომისიაში შესული საჩივრის, ექს-პარტე შეტყობინების, საგაზეთო ან სხვაგვარი ინფორმაციის საფუძველზე.

3. კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების დროს უფლება არა აქვს შეამოწმოს ან მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების წარდგენა, რომლებიც უშუალოდ არ არის დაკავშირებული ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სალიცენზიო პირობების შესრულებასთან.

4. შემოწმების ჩატარების შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა.

5. შემოწმების ჩატარებამდე შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესამოწმებელი პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს წარუდგინოს პირადობის მოწმობა და თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იგი უფლებამოსილია შეამოწმოს ავტორიზებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მათი განთავსების ადგილზე, გადაიღოს დოკუმენტების ასლები, სპეციფიკური საშუალებებით შეამოწმოს ტექნიკური მოწყობილობები, მოსთხოვოს თანამდებობის პირებსა და სხვა მუშაკებს ინფორმაცია, ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებები შესამოწმებელ საკითხთან დაკავშირებით.

6. შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ადგენს შემოწმების აქტს, რომელიც შეიტანება სპეციალურად ამისთვის წარმოებულ რეესტრში. შემოწმების აქტში უნდა მიეთითოს: შემოწმების ჩატარების დღე, დრო და ადგილი; შემოწმების ჩატარების საფუძველი; შესამოწმებელი პირის მხრიდან შემოწმებაზე დამსწრე პირის ვინაობა; შემოწმებული დოკუმენტების ჩამონათვალი, თუ ისინი ადგილზე შემოწმდა (ასლის გადაღების შემთხვევაში ასლი უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებული მოწყობილობების ჩამონათვალი და მათი ტექნიკური პარამეტრები; მიღებული ზეპირი ახსნა-განმარტებების მიმოხილვა (მათი წერილობით მიწოდების შემთხვევაში წერილობითი მასალა უნდა დაერთოს აქტს); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირის კომენტარები (მათი არსებობის შემთხვევაში); შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის) სხვა ახსნა-განმარტებანი (მათი არსებობის შემთხვევაში); შემოწმებაზე უფლებამოსილი პირისა და შესამოწმებელი პირის (მისი წარმომადგენლის), ხოლო მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში – სულ ცოტა 2 დამსწრე მოწმის ხელმოწერა.

7. თუ შემოწმების აქტის გარეშეც საკმარისი მტკიცებულებები არსებობს დარღვევის შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწყება ადმინისტრაციული წარმოება დამრღვევი პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რაც ეცნობება დამრღვევს.

8. თუ შემოწმებაზე უფლებამოსილი პირი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი პირის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის ნიშნებს, იგი შემოწმების მასალებს დაუყოვნებლივ წარუდგენს კომისიას შესაბამისი რეაგირებისთვის.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 45. პასუხისმგებლობა

1. ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა.

2. ავტორიზებული პირის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20000 ლარისა.

3. ავტორიზებული პირის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და პირველი დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 25000 ლარისა.

4. (ამოღებულია);

5. (ამოღებულია);

6. (ამოღებულია);

7. (ამოღებულია);

8. (ამოღებულია);

9. (ამოღებულია).

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 46. სანქციებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება

1. გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. გადაწყვეტილების მიღების თაობაზე წერილობით ეცნობება პირს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.

2. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების დამრღვევისათვის ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმა ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. დამრღვევის მიერ ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი კომისიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

4. თუ არ არსებობს გაფრთხილების ან ჯარიმის საფუძველი, ადმინისტრაციული წარმოება დაუყოვნებლივ წყდება.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

თავი VIII. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის რეგულირება

    მუხლი 47. რადიოსიხშირული სპექტრი

1. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია საქართველოს საკუთრებაა. გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოსათვის გამოყოფილი პოზიცია, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სფეროში გამოყენებული რადიოსიხშირული სპექტრი არ ექვემდებარება კერძო საკუთრებასა და მუდმივ სარგებლობაში გადაცემას და პრივატიზებას. რადიოსიხშირულ სპექტრს და გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს კუთვნილი საკომუნიკაციო თანამგზავრის პოზიციას იცავს სახელმწიფო.

2. საერთაშორისო წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გეოსტაციონარულ ორბიტაზე საქართველოს პოზიციის გამოყენებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით განსაზღვრავს რადიოსიხშირეებს, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად – სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებათა ჩასატარებლად.

3. საჰაერო მოძრავი და საჰაერო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.

4. რადიოსიხშირულ სპექტრს ანაწილებს, აგრეთვე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობას არეგულირებს კომისია.

5. რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას ადგენს კომისია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ კომისიასთან შეთანხმებით სახელმწიფოს საჯარო ფუნქციების უზრუნველსაყოფად განსაზღვრული რადიოსიხშირეების გათვალისწინებით.

6. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის წესით.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 471. რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭება

1. რადიოსამოყვარულო სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს რადიომოყვარულისთვის რადიოსახმობის მინიჭებას ამ რადიოსიხშირულ ზოლებში რადიოსამოყვარულო კავშირის განსახორციელებლად.

2. საზღვაო მოძრავი და საზღვაო რადიონავიგაციის სამსახურისათვის რადიოსიხშირული ზოლები გამოყოფილია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის შესაბამისად. კომისია ახორციელებს საზღვაო ხომალდებისთვის რადიოსახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭებას.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 48. ნუმერაციის რესურსი

1. ნუმერაციის ეროვნულ სისტემას ადგენს საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით.

2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. კომისია ახორციელებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემას.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

 

    მუხლი 49. ლიცენზია, ლიცენზიის მოქმედების ვადა

1. კომისია გასცემს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას.

2. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას კომისია გასცემს ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გასამართი აუქციონის ტიპებს, მათი გამართვის პროცედურებს და ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშების წესებს.

3. ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით.

4. ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ ერთი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006წ., მუხ.310

    მუხლი 50. ლიცენზიის მიღების საფუძველი

1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა, პირის განცხადება და აუქციონში მისი გამარჯვება.

2. აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, თუ არსებობს:

ა) რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით გათვალისწინებული თავისუფალი რადიოსიხშირული სპექტრი ან/და ნუმერაციის ეროვნული სისტემით განსაზღვრული ნუმერაციის თავისუფალი რესურსი და პირის მოთხოვნა რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის თაობაზე. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში განისაზღვრება აუქციონზე გასატანი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ შესაბამისად;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის განაცხადი, მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მის სარგებლობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება ნებისმიერ პირს. ამ შემთხვევაში კომისია აუქციონს მართავს ამ კანონით დადგენილი საერთო წესის საფუძველზე.

3. კომისიის გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული სპექტრიდან კომისიის მიერ დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

 

     მუხლი 51. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების სხვა პირებისთვის გადაცემა

1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია ხელშეკრულების წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში ამოწმებს ხელშეკრულების ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობას, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას ან მოქმედებს ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

     2. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობების და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიას წარუდგენს ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების თაობაზე სათანადო ინფორმაციას და ამ კანონით განსაზღვრული წესით გაივლის ავტორიზაციას.

3. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006წ., მუხ.310

 

    მუხლი 52. ლიცენზიის აუქციონის საფუძველზე გაცემა

1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

2. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:

ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები;

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობისას მისი გამოყენების ტექნიკური და საოპერაციო პირობები, რომლებიც უზრუნველყოფს საზიანო ხელშეშლებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილებას;

გ) საწყისი ან შეთავაზებული საფასური;

დ) განცხადებათა მიღების დაწყებისა და დამთავრების, აუქციონის გამართვის ვადები;

ე) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული სხვა მონაცემები.

3. (ამოღებულია).

4. აუქციონის გამართვის დროს კომისია ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალეობის, საჯაროობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით.

5. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის მაქსიმალური ოდენობის შეთავაზება, რომლის 30 პროცენტის გადახდა ხორციელდება აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან ინტერნეტის ქსელით.

6. ლიცენზია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30 პროცენტის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა ხორციელდება ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

7. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიზანია ავტორიზებული საქმიანობის დაწყება (მომსახურების გაწევის დაწყება) და შესაბამისად მის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის თანახმად მიღების მიზნით აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. აუქციონში გამარჯვებულ პირს ეძლევა დამატებითი ვადა აღნიშნული შეუსაბამობის გამოსასწორებლად.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3453 - სსმ I, №29, 26.07.2006წ., მუხ.230

    მუხლი 53. ლიცენზიის მოდიფიცირება

1. ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილება;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა.

2. ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

      მუხლი 54. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა ან სალიცენზიო პირობების დარღვევა, როცა ლიცენზიის მფლობელის მიმართ უკვე გამოყენებულია ამ დარღვევისათვის ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილებისა და სულ ცოტა ერთხელ დაჯარიმების სანქციები.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006წ., მუხ.310

    მუხლი 55. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტერიტორიით სარგებლობა, მიწათსარგებლობა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების დაცვა

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესს და მათი დაცვის ზონებს. სახაზო ნაგებობების დაცვის ზონაში ნებისმიერი მიწის სამუშაოების ჩატარება შეიძლება მხოლოდ სახაზო ნაგებობების მფლობელთან შეთანხმებით.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები კომისიასთან კოორდინირებულად შეიმუშავებენ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და მიწის ნაკვეთებზე ავტორიზებული პირებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სისტემების, ელემენტების, ტექნიკური საშუალებების, აღჭურვილობებისა და დამატებითი რესურსების განთავსებისათვის უფლების მინიჭების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციულ პროცედურებს.

3. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს უფლება აქვთ მიწისა და ობიექტების მფლობელებთან (მესაკუთრეებთან) შეთანხმების საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციები გაიყვანონ მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, ხიდებზე, გვირაბებში, ქუჩებში, საინჟინრო ნაგებობებში, კოლექტორებსა და დაცულ ზონებში.

4. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ სოციალური ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობასა და რეკონსტრუქციას, ვალდებული არიან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში გაითვალისწინონ და აწარმოონ საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება, მშენებლობა ან რეკონსტრუქცია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების განთავსების მიზნით.

5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების დაპროექტების, მშენებლობისა და მონტაჟის სამუშაოები სრულდება მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების მშენებლობისათვის დადგენილი ტექნიკური სტანდარტების დაცვით.

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006წ., მუხ.310

თავი IX. ციფრული მაუწყებლობა და ინდივიდუალური დაშვების სისტემები

    მუხლი 56. ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო მომსახურება

1. საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორები, რომლებიც საქმიანობენ ადგილობრივი დაშვების ქსელის საშუალებებით ბოლო მომხმარებლებისთვის ციფრული მაუწყებლობის მიწოდების სფეროში, ვალდებული არიან იმგვარად უზრუნველყონ თავიანთი ქსელებისა და ტექნიკური საშუალებების ტექნიკური მახასიათებლები, რომ შეძლონ ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო სიგნალების გადაცემა და პროგრამების განაწილება (დისტრიბუცია).

2. ციფრული მაუწყებლობის მიმწოდებელი ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორი, რომელიც ახორციელებს ფართოფორმატიანი ციფრული სატელემაუწყებლო სიგნალების ბოლო მომხმარებლისთვის ტრანზიტულად განაწილებას (დისტრიბუციას), ვალდებულია სათანადოდ უზრუნველყოს თავისი ქსელის ტექნიკური საშუალებების მახასიათებლები და ფართოფორმატიანი სატელევიზიო პროგრამების ბოლო მომხმარებლისთვის მიწოდება ფორმატის შენარჩუნებით.

    მუხლი 57. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების ურთიერთოპერაბელურობა და მისი უზრუნველყოფა

1. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ღია გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისის გამოყენება. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ შორის, აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებთან, მსურველი ავტორიზებული პირების შეუზღუდავი დაშვება.

2. ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ავტორიზებულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ურთიერთოპერაბელურობა და ღია გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისების შესაბამისობა დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან, ასევე უნდა მიაწოდოს კომისიას ინფორმაცია არჩეული გამოყენებითი პროგრამული ინტერფეისის მახასიათებლების შესახებ.

3. ციფრული ტელემაუწყებლობის ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ავტორიზებულმა ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების მიმწოდებლებისათვის სამართლიანი, გონივრული და არადისკრიმინაციული პირობებით ყველა იმ არსებითი მნიშვნელობის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც უზრუნველყოფს მსურველი ავტორიზებული პირების შეუზღუდავ დაშვებას მათ ტექნიკურ საშუალებებთან, ფუნქციონალურ რესურსებთან და საოპერაციო სიმძლავრეებთან.

4. ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის მომსახურების და ციფრული მაუწყებლობის სააბონენტო აღჭურვილობის მიმწოდებელმა ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების ურთიერთოპერაბელურობა, აგრეთვე არადისკრიმინაციული და გამჭვირვალე პირობებით ყველა იმ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რომელიც უზრუნველყოფს ციფრული ტელემაუწყებლობის მომსახურების შეუფერხებლად და ხარისხიანად მიწოდებას.

5. ციფრული მაუწყებლობის სააბონენტო აღჭურვილობამ, რომელიც განკუთვნილია ციფრული ინტერაქტიული ტელემაუწყებლობის სიგნალების მისაღებად, უნდა უზრუნველყოს:

ა) ამ კანონით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად დადგენილი კოდირების ალგორითმით მიღებული კოდირებული სიგნალების გაშიფვრა;

ბ) ციფრული ტელემაუწყებლობის გადაცემული სიგნალების გარკვევით და ხარისხიანად გამოსახვა სატელევიზიო ეკრანზე;

გ) ციფრული ინტერაქტიული მაუწყებლობის მომსახურების სახეების ბოლო მომხმარებლისთვის შეუფერხებლად მიწოდება;

დ) ტექნიკური საშუალებებისა და მომსახურების სახეების ურთიერთოპერაბელურობა.

თავი X. სტანდარტიზაცია, სერტიფიკაცია და მეტროლოგიური ნორმების დაცვა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში

    მუხლი 58. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი სტანდარტები

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათვალს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. რადიოდანადგარები და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარები შეესაბამება რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს.

    მუხლი 59. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირება

1. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირება ხორციელდება კომისიის მიერ დამტკიცებული რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტის შესაბამისად.

2. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირებას ახორციელებენ სერტიფიცირების საგამოცდო ცენტრები და ლაბორატორიები, რომლებიც კომისიის წარდგინებით აკრედიტებული არიან საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოში. აკრედიტებული საგამოცდო ცენტრის (ლაბორატორიის) მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების დარღვევისას კომისიის წარდგინების საფუძველზე აკრედიტაცია უქმდება.

3. რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირება ხორციელდება შესაბამისი ტექნიკური ნორმების დაცვით.

    მუხლი 60. ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების მეტროლოგიური ნორმების დაცვა

1. ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების მეტროლოგიურ ნორმებს იცავენ სერტიფიცირების საგამოცდო ცენტრები და ლაბორატორიები.

2. კომისია დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში არეგულირებს და აკონტროლებს ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების მეტროლოგიური ნორმების დაცვას.

თავი XI. მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა

საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 61.  (ამოღებულია).

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 62. მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მომსახურების ზოგადი წესები

1. მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება.

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია.

3. მომხმარებელს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის, გაწეული ან არჩეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის ინფორმაციის შესახებ.

4. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარ აბონენტს დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მიაწოდოს მომსახურება სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა მოიცავდეს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის დასახელებასა და მისამართს;

ბ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ;

გ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;

დ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებს;

ე) დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;

ვ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, მოქმედების შეწყვეტისა და მოქმედების ვადის გაგრძელების პირობებს;

ზ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;

თ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენისა და დავის გადაწყვეტის პროცედურას.

5. კომისია ადგენს მომსახურების გაწევის ხარისხს და ზედამხედველობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ამ ხარისხის დაცვას.

6. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით, მათ შორის, ბილინგის ინფორმაციისა და დავალიანების შესახებ უფასო საინფორმაციო მომსახურებით და შესაბამისი ანგარიშით.

 7. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი აბონენტისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოს საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრები.

8. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს კომისია ნორმატიული აქტით.

    მუხლი 63. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელსა და ბოლო მომხმარებელს შორის დავის განხილვის წესი

1. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელსა და ბოლო მომხმარებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ურთიერთობა რეგულირდება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შექმნას საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების ეფექტიანი შიდა მექანიზმი. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს თავად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს ან/და კომისიას ან პირდაპირ სასამართლოს.

3. ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საჩივარი განიხილოს 15 დღის ვადაში.

4. (ამოღებულია);

5. მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს კომისია განიხილავს ზეპირი მოსმენით, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც დავის გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. მომხმარებელთა იმ განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც შეეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს, აგრეთვე დაკავშირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან, კომისია განიხილავს მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

6. ზეპირი მოსმენის სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებათა გამოკვლევა, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამსწრე პირთა მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორციელება.

7. ბოლო მომხმარებელსა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს შორის დავის განხილვისას კომისია ხელმძღვანელობს ამ კანონის V თავით დადგენილი წესით, თუ ამ თავით არ არის დადგენილი განსხვავებული წესი.

8. ზეპირი მოსმენის შესახებ დგება ოქმი. ოქმში უნდა მიეთითოს: ადმინისტრაციული წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა; ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; განხილვის წელი, თვე და რიცხვი, დრო და ადგილი; სხდომის თავმჯდომარის, ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის, ექსპერტის, მოწმის ვინაობა; ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა; მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მოკლე აღწერა; შემთხვევის ადგილის (არსებობის შემთხვევაში) დათვალიერების შედეგის აღწერა.

9. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები ოქმის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ კომისია ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.

10. ზეპირი მოსმენის ძირითადი მიზანია დავის მხარეთა მორიგებით გადაწყვეტა.

11. ზეპირი მოსმენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მხარეებისთვის სავალდებულოა შესასრულებლად. გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს კომისიის მხოლოდ იმ წევრს, რომელიც მონაწილეობდა ზეპირ მოსმენაში.

12. თუ დადასტურდება დარღვევის ფაქტი, კომისია იღებს გადაწყვეტილებას დამრღვევი პირის მიმართ სანქციების გამოყენებისა და დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 64. გარდამავალი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში კომისია ახდენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზირებული პირის ავტომატურ ავტორიზაციას ამ კანონის შესაბამისად და გასცემს სათანადო მოწმობებს, აგრეთვე ახდენს იმ პირების კუთვნილი ლიცენზიების ამ კანონის შესაბამისად მოდიფიცირებას, რომლებიც სარგებლობენ ამოწურვადი რესურსით.

2. ყველა პირი, რომელიც ამოწურვად რესურსს იყენებს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულნი არიან საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყონ ქსელის ნუმერაციის სისტემათა შესაბამისობა ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან.

4. (ამოღებულია);

5. საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში მიიღოს საქართველოს კანონი:

ა) „ფოსტის შესახებ“;

ბ) „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“.

6. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონი.

7. კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“;

ბ) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ;

გ) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე;

დ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების“ დამტკიცების თაობაზე;

ე) „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე;

ვ) „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების თაობაზე.

8. ავტორიზაციის სისტემაზე სრულყოფილად გადასვლამდე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა ლიცენზიის მფლობელმა, რომელიც თავის საქმიანობაში იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს (გარდა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელებისა და იმ ლიცენზიის მფლობელებისა, რომლებსაც რადიოსიხშირეები მიენიჭათ შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით, ან სახელმწიფო თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის და ეკოლოგიური მონიტორინგის ღონისძიებათა ჩასატარებლად საკომუნიკაციო სპეციალური ქსელების ორგანიზებისათვის), „რადიოსxიშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის ნორმატიული აქტის მიღებამდე, ეს რადიოსიხშირეები გამოიყენოს მხოლოდ მის ლიცენზიაში განსაზღვრული საქმიანობისათვის.

9. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი და ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოში აღიარებული ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტები განსაზღვრულია „რადიოდანადგარებისა და სატელეკომუნიკაციო ტერმინალური დანადგარების სერტიფიცირების რეგლამენტით“.

10. ავტორიზებული პირები, რომლებსაც შიდატექნოლოგიური ან/და დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის მინიჭებული აქვთ რადიოსიხშირეები, აგრეთვე თუ კომისიის ნებართვით მათზე გაცემულია ნუმერაციის რესურსი, ინარჩუნებენ ამ რადიოსიხშირეებს ან ნუმერაციის რესურსს შესაბამისი ვადის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი პირის მიერ კომისიისათვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის 10 წლის ვადით, აუქციონის გამართვის გარეშე გაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში პირი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს.

11. არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

12. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ძალადაკარგულად ცნოს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №10 დადგენილება.

13. კომისიის მიერ ლიცენზიის საფუძველზე გაცემული ან/და კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირის შეცვლა ლიცენზიის მოქმედების ან/და კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში შეიძლება ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, თუ რადიოსიხშირის შეცვლით პირს მიადგა ზიანი, მიყენებული ზიანის კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ხოლო გადახდის პირობები და ფორმა – ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კომისიის მიერ.

14. უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალურ ანგარიშზე არსებული თანხა მიიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

15. ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006წ., მუხ.310

    მუხლი 641. კანონის მოქმედება

თუ ამ კანონით დადგენილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიების გაცემისა და სალიცენზიო პირობების შესრულების შემოწმების განხორციელების „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებული წესი, აგრეთვე პასუხისმგებლობის განსხვავებული ფორმა ან/და ოდენობა, გამოიყენება ეს კანონი.

საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

    მუხლი 65. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს კომისიის:

ა) 2000 წლის 1 სექტემბრის დადგენილება „კავშირგაბმულობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

ბ) 2001 წლის 10 ივლისის დადგენილება „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე;

გ) 2002 წლის 20 დეკემბრის დადგენილება „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე.

2. ამ კანონის შესაბამისად კომისიის მიერ ნორმატიული აქტის მიღებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც აწესრიგებს კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ ურთიერთობებს.

    მუხლი 66. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა 45-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის 45-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 2 ივნისი.

№1514Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006წ., მუხ.34

2. საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3453 - სსმ I, №29, 26.07.2006წ., მუხ.230

3. საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3921 - სსმ I, №46, 13.12.2006წ., მუხ.310

4. საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4867 - სსმ I, №21, 18.06.2007წ., მუხ.182

47. 05/09/2024 - საქართველოს კანონი - 4415-XVIმს-Xმპ - ვებგვერდი, 23/09/2024 46. 14/06/2023 - საქართველოს კანონი - 3148-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 03/07/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 45. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2570-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 44. 24/05/2022 - საქართველოს კანონი - 1577-VIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 06/06/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 43. 30/12/2021 - საქართველოს კანონი - 1329-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 42. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 893-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 41. 16/09/2020 - საქართველოს კანონი - 7131-Iს - ვებგვერდი, 21/09/2020 40. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 6962-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 39. 17/07/2020 - საქართველოს კანონი - 7065-რს - ვებგვერდი, 17/07/2020 38. 12/06/2020 - საქართველოს კანონი - 6305-IIს - ვებგვერდი, 26/06/2020 37. 21/05/2020 - საქართველოს კანონი - 5922-სს - ვებგვერდი, 25/05/2020 36. 19/12/2019 - საქართველოს კანონი - 5617-რს - ვებგვერდი, 24/12/2019 35. 20/09/2019 - საქართველოს კანონი - 5022-Iს - ვებგვერდი, 27/09/2019 34. 08/05/2019 - საქართველოს კანონი - 4590-რს - ვებგვერდი, 08/05/2019 33. 27/12/2018 - საქართველოს კანონი - 4241-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 32. 22/12/2018 - საქართველოს კანონი - 4086-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 31. 06/12/2018 - საქართველოს კანონი - 3887-რს - ვებგვერდი, 14/12/2018 30. 21/07/2018 - საქართველოს კანონი - 3286-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 29. 27/06/2018 - საქართველოს კანონი - 2623-IIს - ვებგვერდი, 06/07/2018 28. 23/12/2017 - საქართველოს კანონი - 1929-რს - ვებგვერდი, 11/01/2018 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 27. 22/03/2017 - საქართველოს კანონი - 480-IIს - ვებგვერდი, 27/03/2017 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 26. 27/04/2016 - საქართველოს კანონი - 5021-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 25. 14/04/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 1/1/625,640 - ვებგვერდი, 22/04/2016 24. 08/07/2015 - საქართველოს კანონი - 3929-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 23. 12/06/2015 - საქართველოს კანონი - 3693-IIს - ვებგვერდი, 15/06/2015 22. 30/11/2014 - საქართველოს კანონი - 2871-Iს - ვებგვერდი, 30/11/2014 21. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2637-რს - ვებგვერდი, 18/08/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 01/08/2014 - საქართველოს კანონი - 2632-რს - ვებგვერდი, 12/08/2014 19. 20/02/2014 - საქართველოს კანონი - 2039-IIს - ვებგვერდი, 27/02/2014 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 18. 20/11/2013 - საქართველოს კანონი - 1591-რს - ვებგვერდი, 03/12/2013 17. 06/09/2013 - საქართველოს კანონი - 1036-Iს - ვებგვერდი, 23/09/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 16. 25/05/2012 - საქართველოს კანონი - 6328-Iს - ვებგვერდი, 12/06/2012 15. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5546-რს - ვებგვერდი, 30/12/2011 14. 20/12/2011 - საქართველოს კანონი - 5561 - ვებგვერდი, 111228057, 28/12/2011 13. 24/11/2011 - საქართველოს კანონი - 5293-IIს - ვებგვერდი, 111208012, 08/12/2011 12. 08/04/2011 - საქართველოს კანონი - 4526-Iს - ვებგვერდი, 110502024, 02/05/2011 11. 09/03/2011 - საქართველოს კანონი - 4319-Iს - ვებგვერდი, 110322020, 22/03/2011 10. 24/09/2010 - საქართველოს კანონი - 3619-რს - სსმ, 51, 29/09/2010 9. 16/07/2010 - საქართველოს კანონი - 3450 - სსმ, 42, 22/07/2010 8. 03/11/2009 - საქართველოს კანონი - 1968 - სსმ, 35, 19/11/2009 7. 26/12/2008 - საქართველოს კანონი - 888 - სსმ, 40, 29/12/2008 6. 15/07/2008 - საქართველოს კანონი - 224 - სსმ, 17, 28/07/2008 5. 27/06/2008 - საქართველოს კანონი - 67 - სსმ, 12, 14/07/2008 4. 05/06/2007 - საქართველოს კანონი - 4867 - სსმ, 21, 18/06/2007 3. 08/12/2006 - საქართველოს კანონი - 3921 - სსმ, 46, 13/12/2006 2. 14/07/2006 - საქართველოს კანონი - 3453 - სსმ, 29, 26/07/2006 1. 28/12/2005 - საქართველოს კანონი - 2564 - სსმ, 4, 18/01/2006