„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3921
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 13/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.05.001.002.456
  • Word
3921
08/12/2006
სსმ, 46, 13/12/2006
320.110.000.05.001.002.456
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ44 ქვეპუნქტი:

„ჰ44) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, საჰაერო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედები და სახაზო ტრაქტები ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებისათვის ან/და გადაცემისათვის.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 10. კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი

1. კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი, კომისიის თავმჯდომარის უფლებები და მოვალეობები, კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კომისიის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის გარემოებები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის დებულებით.

2. კომისიის დებულება მტკიცდება კომისიის დადგენილებით.“.

3. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის და ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.“.

4. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 43. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის კონტროლი

1. კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

2. კომისია აკონტროლებს ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი და სპეციალური ქსელებით საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას, რომელთა შეუსრულებლობისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხს აგებენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

3. კომისია აკონტროლებს რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებას. ლიცენზიის მფლობელთა მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია მათ მიმართ გამოიყენებს ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილ სანქციებს.

4. ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

5. საჭიროების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია გამოიყენოს ის ადმინისტრაციული უფლებამოსილება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით, მაგრამ არ არის გათვალისწინებული ამ კანონით.“.

5. 49-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 1 თვით ადრე მიმართოს კომისიას განცხადებით ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ. თუ პირის მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესების შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელს, კომისიის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მოქმედების ვადა უგრძელდება 10 წლით.

5. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

ა) ლიცენზიის მფლობელი იხდის მისი გაგრძელების მომენტისათვის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ დანაწილებული იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 2 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

ბ) თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის (2 წელი) განმავლობაში იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის იმავე რადიოსიხშირული სპექტრის შესაბამისი ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში გამართულ აუქციონებზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

გ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ბოლო 3 წლის განმავლობაში არ გამართულა 2-ზე მეტი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულ ბოლო 3 (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, ბოლო 2) აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გამართულია მხოლოდ ერთი აუქციონი, ლიცენზიის მფლობელი იხდის ამ აუქციონზე დაფიქსირებულ საფასურს;

ე) თუ „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად დანაწილებული რადიოსიხშირული სპექტრის სათანადო ზოლით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონი არ გამართულა, ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად იხდის შესაბამისად რადიოსიხშირული სპექტრით ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“;

ვ) ლიცენზიის მფლობელი იხდის ასევე სალიცენზიო მოსაკრებელს.“.

6. 51-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია ხელშეკრულების წარმოდგენიდან 7 დღის ვადაში ამოწმებს ხელშეკრულების ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობას, რის შემდეგაც 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას ან მოქმედებს ამ კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“.

7. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 54. ლიცენზიის გაუქმება

ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა ან სალიცენზიო პირობების დარღვევა, როცა ლიცენზიის მფლობელის მიმართ უკვე გამოყენებულია ამ დარღვევისათვის ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული გაფრთხილებისა და სულ ცოტა ერთხელ დაჯარიმების სანქციები.“.

8. 55-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესს და მათი დაცვის ზონებს. სახაზო ნაგებობების დაცვის ზონაში ნებისმიერი მიწის სამუშაოების ჩატარება შეიძლება მხოლოდ სახაზო ნაგებობების მფლობელთან შეთანხმებით.“.

9. 64-ე მუხლის:

ა) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.“;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია.“.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 8 დეკემბერი.

№ 3921- IIს