„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2632-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017490
2632-რს
01/08/2014
ვებგვერდი, 12/08/2014
320110000.05.001.017490
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ53“–„ჰ55“ ქვეპუნქტები:

„ჰ53) რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთი (რადიოსიხშირული დიაპაზონი) – ევროპის ფარგლებში ან/და საერთაშორისო დონეზე ჰარმონიზებული ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დანაწილებული/შემოფარგლული და „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული დაწყვილებული ან დაუწყვილებელი რადიოსიხშირული რესურსი;

54) მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობა – კომისიის მიერ დადგენილი რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება ერთი და იმავე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მისაწოდებლად;

55) რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალური ოდენობა – რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის მეგაჰერცებით ან პროცენტებით გამოხატული მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დგინდება აუქციონის გამოცხადების შესახებ ან ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.“.

2. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 471 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროება რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მის მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირე აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 472  და  473  მუხლები:

„მუხლი 472. რადიოსიხშირული სპექტრის ჰარმონიზაცია

1. რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიები გაიცემა ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად, 15 წლის ვადით, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ან/და დირექტივებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით.

3. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ევროკომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად დანაწილებული გეგმის თანახმად გაცემული ლიცენზია ექვემდებარება მოდიფიცირებას შემდეგი პირობებით:  

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დანიშნულება მოდიფიცირებული უნდა იქნეს ისე, რომ ლიცენზიის მფლობელმა შეძლოს ამოწურვადი რესურსის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ან/და დირექტივებით განსაზღვრული ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით ელექტრონული საკომუნიკაციო ავტორიზებული საქმიანობისათვის ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად გამოყენება;

ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადად უნდა განისაზღვროს კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წელი, მიუხედავად ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადისა;

გ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ექვემდებარება გადაანგარიშებას კომისიის დადგენილებით განსაზღვრული წესით, შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

გ.ა) კომისია განსაზღვრავს მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს;

გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საფასურს აკლდება ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი/გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა, რომელიც კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე პერიოდისთვის გადაანგარიშებული ოდენობის პირდაპირპროპორციულია.

4. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოდიფიცირება მოითხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსის მხოლოდ ნაწილზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი დათმოს. შესაძლებელი უნდა იყოს დათმობილი ნაწილის დამოუკიდებლად გამოყენება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად. ლიცენზიის ნაწილობრივ დათმობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საფასურს აკლდება კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე პერიოდისთვის გადაანგარიშებული და ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური.

5. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სრულად თქვას უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოდიფიცირებაზე და შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობა. ამ შემთხვევაში ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის ინიციატივით გაუქმებულად ითვლება. ლიცენზიის ლიცენზიის მფლობელის ინიციატივით  გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს მის მიერ გადახდილი, ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

6. ამ მუხლის საფუძველზე გაცემულ/მოდიფიცირებულ ლიცენზიაზე არ ვრცელდება ამ კანონის 49-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების მოქმედება.

7. ამ მუხლის საფუძველზე მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის წესსა და გრაფიკს განსაზღვრავს კომისია. გადახდის გრაფიკი არ უნდა ითვალისწინებდეს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 50 პროცენტზე მეტის 1 წლის განმავლობაში გადახდის ვალდებულებას.

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია მოდიფიცირებული უნდა იქნეს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციის მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანიდან 3 თვის განმავლობაში.

მუხლი 473. რადიოსიხშირეების შეცვლა, მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა

 1. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის ამ კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს არ აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია.

2. კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის საფუძველზე გაცემული რადიოსიხშირული რესურსი ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეცვალოს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული იმავე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ფარგლებში არსებული იმავე ოდენობის სხვა რადიოსიხშირული რესურსით, თუ ლიცენზიის მფლობელი დანერგილი ტექნოლოგიის ცვლილების გარეშე შეძლებს საქმიანობისა და მომსახურების მიწოდების გაგრძელებას. რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის გამო ლიცენზიის მფლობელის ხარჯის წარმოშობის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ხარჯის დაფარვის დასაბუთებული მოთხოვნით. ხარჯის ოდენობას, გადახდის ფორმასა და პირობებს განსაზღვრავს კომისია რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნას. 

3. ამ კანონის 472 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც შეუძლებელს ხდის არსებული და ახალდაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  თანაარსებობას,  კომისია უფლებამოსილია ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს:

ა) არ გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამის შესახებ ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე;

ბ) თუ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 წელზე ნაკლები, გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელზე  ნაკლები ვადით. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია:

ბ.ა) შეატყობინოს ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის 10 წელზე ნაკლები ვადით გაგრძელების განზრახვის თაობაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან 3 წელზე ნაკლები;

ბ.ბ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა გაიანგარიშოს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის (წელი, თვე) მიხედვით;

 გ) მოსთხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. კომპენსაციის ოდენობა, გადახდის პირობები და ფორმა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო კომპენსაცია გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომისია ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მომსახურების შესასყიდად ტენდერს აცხადებს კომისია. მომსახურების შესყიდვის ხარჯი ანაზღაურდება კომისიის ბიუჯეტიდან ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით;

დ) მასთან შეთანხმებით, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის სანაცვლოდ შესთავაზოს სხვა რადიოსიხშირული რესურსი. ამ რადიოსიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს კომისიის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას. შეთავაზებული რადიოსიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებისას:

დ.ა) კომისია ითვალისწინებს შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში (რადიოსიხშირულ დიაპაზონში) ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებულ აუქციონზე (აუქციონებზე) 1 მეგაჰერცისათვის დაფიქსირებულ საფასურს/საფასურთა საშუალო არითმეტიკულს;

დ.ბ) თუ შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში (რადიოსიხშირულ დიაპაზონში) ბოლო 1 წლის განმავლობაში აუქციონი არ ჩატარებულა, შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის 1 მეგაჰერცის საფასური გამოიანგარიშება ამ კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;

დ.გ) თუ ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუქციონი არ არის ჩატარებული და კომპენსაციის სანაცვლოდ შეთავაზებულია ამ კანონის 472 მუხლით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსი, კომისია ითვალისწინებს 472 მუხლის საფუძველზე მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული  შესაბამისი ამოწურვადი რესურსის 1 მეგაჰერცისათვის გამოანგარიშებულ საფასურს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია უნდა მოიცავდეს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი წლებისა და დათმობილი ამოწურვადი რესურსის ოდენობის პირდაპირპროპორციულად გაანგარიშებულ, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადახდილ თანხას და ქსელის მოშლის ან მოდიფიცირების ხარჯს.

5. კომისია ამ მუხლის საფუძველზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.“.

5. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს პირს, რომელიც აუქციონის გამოცხადების მომენტისათვის დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად არის ან აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში გახდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთზე (რადიოსიხშირულ დიაპაზონზე) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი.“.

6. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის  ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი;“.

7. 64-ე მუხლის მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აგვისტო 2014 წ.

N2632-რს