„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2637-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/08/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017492
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2637-რს
01/08/2014
ვებგვერდი, 18/08/2014
320110000.05.001.017492
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე-8 მუხლის:

  ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებული სუბიექტი ვალდებულია 2 წლის ვადით შეინახოს განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები:  

  ა) კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები:

  ა.ა) ფიქსირებული ქსელური ტელეფონისა და მობილური ტელეფონის შემთხვევაში: ზარის ინიციატორი ტელეფონის ნომერი; რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და მისამართი;

  ა.ბ) ინტერნეტწვდომის, ინტერნეტფოსტისა და ინტერნეტტელეფონის შემთხვევაში: მიკუთვნებული მომხმარებლის იდენტიფიკატორი (ID); მომხმარებლის იდენტიფიკატორი (ID) და ტელეფონის ნომერი, მიკუთვნებული ნებისმიერი კომუნიკაციისთვის, რომელიც უკავშირდება საჯარო სატელეფონო ქსელს; რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და მისამართი, რომელსაც მიაკუთვნეს ინტერნეტპროტოკოლის (IP) მისამართი, მომხმარებლის იდენტიფიკატორი (ID) ან ტელეფონის ნომერი კომუნიკაციის დროს, დომეინის სახელის სისტემის (DNS) მიმართვები; პორტების ციფრული ნომრები; გაგზავნილი პაკეტების რაოდენობა;

  ბ) კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები:

  ბ.ა) ფიქსირებული ქსელური ტელეფონისა და მობილური ტელეფონის შემთხვევაში: აკრეფილი ნომრები (განუხორციელებელი კომუნიკაცია − მიუღებელი ზარი), დარეკილი ნომრები (განხორციელებული კომუნიკაცია − მიღებული ზარი) და ისეთი დამხმარე სერვისის გამოყენებისას, როგორიცაა გადამისამართება ან ზარის ტრანსფერი, ნომერი ან ნომრები, რომელზედაც/რომლებზედაც მოხდა გადამისამართება; რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და მისამართი;

  ბ.ბ) ინტერნეტფოსტისა და ინტერნეტტელეფონის შემთხვევაში: ინტერნეტტელეფონის ზარის განკუთვნილი ადრესატის მომხმარებლის იდენტიფიკატორი (ID) ან ტელეფონის ნომერი; რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და მისამართი და კომუნიკაციის განკუთვნილი ადრესატის მომხმარებლის იდენტიფიკატორი (ID), დომეინის სახელის სისტემის (DNS) მიმართვები; პორტების ციფრული ნომრები; მიღებული პაკეტების რაოდენობა;

  გ) კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები:

  გ.ა) ფიქსირებული ქსელური ტელეფონისა და მობილური ტელეფონის შემთხვევაში: კომუნიკაციის დაწყებისა და დასრულების თარიღი და დრო;

  გ.ბ) ინტერნეტწვდომის, ინტერნეტფოსტისა და ინტერნეტტელეფონის შემთხვევაში: ინტერნეტწვდომის სერვისის ჩართვისა და გამორთვის თარიღი და დრო, ადგილობრივი დროის გათვალისწინებით, ინტერნეტწვდომის სერვისის მიმწოდებლის მიერ კომუნიკაციისთვის მიკუთვნებულ დინამიკურ თუ სტატიკურ ინტერნეტპროტოკოლის (IP) მისამართთან ერთად, და რეგისტრირებული მომხმარებლის იდენტიფიკატორი (ID); ინტერნეტფოსტის ან ინტერნეტტელეფონის სერვისის ჩართვისა და გამორთვის თარიღი და დრო, ადგილობრივი დროის გათვალისწინებით;

  დ) კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები:

  დ.ა) ფიქსირებული ქსელური ტელეფონისა და მობილური ტელეფონის შემთხვევაში: გამოყენებული სატელეფონო სერვისი;

  დ.ბ) ინტერნეტწვდომის, ინტერნეტფოსტისა და ინტერნეტტელეფონის შემთხვევაში: გამოყენებული ინტერნეტსერვისი;

  ე) მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები:

  ე.ა) ფიქსირებული ქსელური ტელეფონის შემთხვევაში: შემომავალი და დარეკილი ნომრები;

  ე.ბ) მობილური ტელეფონის შემთხვევაში: შემომავალი და დარეკილი ნომრები; ზარის განმახორციელებლის საერთაშორისო მობილური მომხმარებლის იდენტიფიკატორი (IMSI); ზარის განმახორციელებლის საერთაშორისო მობილური აღჭურვილობის იდენტიფიკატორი (IMEI); ზარის მიმღების საერთაშორისო მობილური მომხმარებლის იდენტიფიკატორი (IMSI); ზარის მიმღების საერთაშორისო მობილური აღჭურვილობის იდენტიფიკატორი (IMEI); წინასწარ ანაზღაურებული ანონიმური სერვისის შემთხვევაში სერვისის პირველადი გააქტიურების თარიღი და დრო და ადგილმდებარეობის მაჩვენებელი, საიდანაც გააქტიურდა სერვისი;

  ე.გ) ინტერნეტწვდომის, ინტერნეტფოსტისა და ინტერნეტტელეფონის შემთხვევაში: ზარის განმახორციელებელი ტელეფონის ნომერი DIAL-UP წვდომისთვის; ციფრული სამომხმარებლო ხაზი (DSL) ან კომუნიკაციის ინიციატორის სხვა საშუალება;

  ვ) მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები: ადგილმდებარეობის მაჩვენებელი (CELL ID) ქსელების გეოგრაფიული ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები იმ პერიოდისათვის, რომლისთვისაც ინახება მონაცემები.“;

  ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

  „4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დასაქმებულმა სუბიექტმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით განსაზღვრული წესით უნდა გადასცეს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ ორგანოს, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესებით − შესაბამისად, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების განმახორციელებელ ორგანოებს, ხოლო „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით − ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განმახორციელებელ ორგანოს შემდეგ შემთხვევებში: უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას, თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას; დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას.

 5. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით მომხმარებლის მიერ განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის შესახებ ინფორმაცია მისი გადაცემისთანავე, დაუყოვნებლივ, ავტომატურად უნდა განადგურდეს. აღნიშნული ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ ამ კანონის 81 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტისათვის.“.

  2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 8და 8მუხლები:

„მუხლი 81. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების მეშვეობით განხორციელებულ კომუნიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების წესი

ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიას უნდა ჰქონდეს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის, აგრეთვე მისი ქსელების მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შინაარსის შესახებ ინფორმაციის ამგვარი ინფორმაციის მიღების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსათვის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა.

მუხლი 82. მონაცემთა გადაცემის ფაქტების აღრიცხვა და ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მიწოდება

ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიამ უნდა აღრიცხოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის გადაცემის (როდესაც გადაცემა არ ხორციელდება ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით) ფაქტები და სათანადო ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.“.   

3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოობის დაცულობის ხარისხის კონტროლი.“.

 

მუხლი 2

1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდეა მოპოვებული, შეინახება ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის განმავლობაში.

2. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციის მიღება, რომლითაც განისაზღვრება უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოთა მიერ ინფორმაციის რეალურ დროში მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვების წესი, რომელიც უზრუნველყოფს ფარული მიყურადებისას და ჩაწერისას, ინფორმაციის მოხსნისას და ფიქსაციისას სუბიექტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების პროგრამულად, ავტომატურ რეჟიმში აღრიცხვას და აღრიცხული მონაცემების დაცვას, აგრეთვე აღნიშნული ინფორმაციის მოპოვების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი.

3. 2014 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს უფლება აქვს:

ა) ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ფიზიკური ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, აგრეთვე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა. აღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით;

ბ) ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენებით ახორციელებდეს კავშირგაბმულობის არხში არსებული, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მონაცემების კოპირებას. ამ შემთხვევაში კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით.

საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2754 - ვებგვერდი, 31.10.2014წ.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

1 აგვისტო 2014 წ.

N2637-რს