დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3148-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/06/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/07/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 320110000.05.001.020941 |
|
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) დაემატოს შემდეგი შინაარსის 85 მუხლი:
„მუხლი 85. ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადები 1. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია უფლებამოსილია: ა) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები: მომხმარებლის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე არსებული ინფორმაცია, მომსახურების მიწოდების მიზნით მინიჭებული სააბონენტო ნომერი და მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული სხვა მონაცემები; ბ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი შემდეგი მონაცემები: ბ.ა) მომხმარებლის კომუნიკაციის აღჭურვილობის ან შესაძლო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ბ) კომუნიკაციის წყაროს კვალის დადგენისა და იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.გ) კომუნიკაციის ადრესატის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.დ) კომუნიკაციის თარიღის, დროისა და ხანგრძლივობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ე) კომუნიკაციის სახის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; ბ.ვ) მობილური კომუნიკაციის აღჭურვილობის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები; გ) კომუნიკაციის განხორციელებიდან არაუმეტეს 4 წლისა შეინახოს ანგარიშისა და გადასახადების (მათ შორის, მომსახურების საფასურის) შესახებ ინფორმაცია. 2. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების შენახვის ვადების ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამ მონაცემების წაშლა ან განადგურება. მონაცემთა ავტომატური განადგურების ტექნიკური აღსრულების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 დღეს.“. მუხლი 2. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია ვალდებულია ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 85 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ის მონაცემები, რომლებიც დაცულია მატერიალური სახით და რომელთა შენახვის ვადაც გასულია ამ კანონის ამოქმედების თარიღისთვის, გაანადგუროს 2025 წლის 9 ივნისამდე. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან. |
თბილისი, 14 ივნისი 2023 წ. N3148-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები