„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3693-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2015
ძალაში შესვლის თარიღი 17/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 320110000.05.001.017779
3693-IIს
12/06/2015
ვებგვერდი, 15/06/2015
320110000.05.001.017779
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 191 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 191. ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ მითითებული ვადით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს;

გ) საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა.

2. ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს ავტორიზებული საქმიანობის აკრძალვას მის განახლებამდე.

3. ავტორიზაცია შეჩერდება:

ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) ავტორიზებული საქმიანობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით, მოტივისა და საფუძვლის მითითებით ეცნობება ავტორიზებულ პირს.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განახლება ხდება ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის აღმოფხვრის დადასტურებიდან 7 დღის ვადაში კომისიის მიერ მისი ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან.

7. ავტორიზაცია გაუქმდება:

ა) ავტორიზებული პირის განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს კომისიის წინაშე ყველა კანონისმიერი ვალდებულება უნდა ჰქონდეს შესრულებული;

ბ) ავტორიზებული პირის გარდაცვალებისას ან ლიკვიდაციისას.

8. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს, ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია კანონით დადგენილი წესით.“.

2. 501 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს კომისია ანიჭებს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ტერმინალური მოწყობილობების საიდენტიფიკაციო კოდს ლიცენზიის მოქმედების ვადით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

12 ივნისი 2015 წ.

N3693-IIს