დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 67 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 14/07/2008 |
სარეგისტრაციო კოდი | 320.110.000.05.001.003.209 |
საქართველოს კანონი
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) არაპირდაპირი დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ საკუთარი ქსელის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და თავისუფალ სიმძლავრეებთან, ან მათი გამოყენებით განხორციელებულ (ან განხორციელებად) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებთან მომხმარებლის ან მსურველი ავტორიზებული პირის დაშვება სხვა ტრანზიტული კავშირის (მომსახურების) ოპერატორის ქსელების გავლით;“;
ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) დაშვება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
რ.ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის საკუთარი ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ბ) ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებითა და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებითა და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.გ) თანალოკაციის ფართობით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.დ) ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით) სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ე) აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ვ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.ზ) ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;
რ.თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის სხვა შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით ან საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას;“;
გ) „უ“, „ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) დაშვების (ურთიერთჩართვის) წერტილი – თანალოკაციის ფართობზე განთავსებული წერტილი, სადაც მთავრდება ერთი ოპერატორის და იწყება მეორე ოპერატორის დაშვებასთან ან/და ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა;
ფ) დაშვების (ურთიერთჩართვის) ტარიფი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის საფასური;
ქ) ეკონომიკური საქმიანობა – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საქმიანობა;“;
დ) „ჰ2“ და „ჰ3“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ2) კონკურენციის წინასწარი რეგულირება – კომისიის მიერ ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენა და მისთვის ამ კანონით წინასწარ განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრება;
ჰ3) ლიცენზია – სპეციალური ნებართვა, რომელიც პირს განსაზღვრული ვადითა და პირობებით ანიჭებს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლებას;“;
ე) „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ5) მნიშვნელოვანი წილის შეძენა – ავტორიზებული პირის მიერ სხვა ავტორიზებული პირის საწესდებო კაპიტალში იმ ოდენობის წილის შეძენა, რომელიც განაპირობებს ამ პირის საქმიანობის მნიშვნელოვან კონტროლს (საკონტროლო წილი). მნიშვნელოვანი წილის შეძენა განაპირობებს პირების ურთიერთდამოკიდებულებას;“;
ვ) „ჰ14“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ14) ნუმერაციის რესურსი – ნუმერაციის სისტემის საფუძველზე არსებული სიმბოლოების სისტემა, რომელიც გამოიყენება ნუმერაციის მინიჭებისას ან/და ლიცენზიის გაცემისას;“;
ზ) „ჰ34“ და „ჰ35“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ34) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები – სახის, ხარისხის, საფასურის და სხვა მახასიათებლების მიხედვით ფუნქციონალურად ერთგვაროვანი მომსახურების სახეები, რომლებიც ერთობლიობაში იმდენად მსგავსია, რომ მომხმარებელი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი მომსახურება მეორეთი;
ჰ35) ურთიერთოპერაბელურობა – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და სისტემების ინტერფეისების, აგრეთვე ტექნიკური, საოპერაციო და ფუნქციონალური მახასიათებლების ურთიერთთავსებადობა ან/და ურთიერთმართვადობა;“;
თ) „ჰ37“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ37) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შემადგენელი, ფუნქციონალურად განცალკევებული (ან განცალკევებადი) ტექნიკური ან ტექნოლოგიური საშუალებები, მათი საოპერაციო ფუნქციონალური რესურსები და სიმძლავრეები, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით უზრუნველყოფს: გამოძახებებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებას, გადაცემას, დამისამართებას (კომუტაციას); ბილინგის ინფორმაციის შეგროვებას; ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების პირობების მართვას და ურთიერთოპერაბელურობას; სააბონენტო ნომრების პორტაბელურობას; ოპერატორის საოპერაციო, საცნობარო, დამხმარე და საგანგებო მომსახურებას; ქსელების სინქრონიზაციასა და სიგნალიზაციას; გამოძახებებთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზებში შეღწევას; მულტიმედიას; ციფრული მაუწყებლობის მომსახურების მიწოდებას; კონვერსიას, კოდირებას, უსაფრთხოების დაცვას; პეიჯინგს; ციფრული მონაცემების ტელედამუშავებას და ინტერნეტის ან სხვა პროტოკოლის გამოყენებით გადაცემას და სხვა;“;
ი) „ჰ44“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ44) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, საჰაერო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედები და სახაზო ტრაქტები ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარებისათვის ან/და გადაცემისათვის;“;
კ) „ჰ44“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ45“ და „ჰ46“ ქვეპუნქტები:
„ჰ45) მაუწყებლობის ტრანზიტი – ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;
ჰ46) სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა (ტრანსლირება) – ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) არჩევანის შესაძლებლობა, შეინარჩუნოს იგივე სააბონენტო ნომერი ფიქსირებული ან მოძრავი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირის სხვა ავტორიზებული პირით შეცვლისას.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ავტორიზებული პირებისათვის ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით საქმიანობისას ექსკლუზიური ხელშეკრულებების დადების დაუშვებლობა;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) კომისიის მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალური საჯაროობა, ობიექტურობა, არადისკრიმინაციულობა, გამჭვირვალობა და ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი.“.
3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგულირება ხორციელდება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად.“.
4. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ავტორიზებულ პირებზე 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.“.
5. მე-19 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის:
ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება;“;
ა.ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:
„ნ) უზრუნველყოს სააბონენტო ნომრის პორტაბელურობა (ტრანსლირება) კომისიის მიერ დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება. დაუშვებელია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს შორის მოქმედი ურთიერთჩართვის შეწყვეტა. ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.“.
6. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 21. კონკურენციის წინასწარი რეგულირება, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის პრინციპები
1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის წინასწარი რეგულირება ხორციელდება კომისიის მიერ განსაზღვრული მომსახურების ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების, ბაზრის შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით.
2. მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების და გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმების მიხედვით კომისია განსაზღვრავს კონკურენციის წინასწარი რეგულირების მიზნით.
3. მომსახურების ბაზრის კვლევასა და ანალიზს, რომლებიც ხორციელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენის მიზნით, კომისია ატარებს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიის და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც მტკიცდება კომისიის დადგენილებით.
4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის რეგულირების უზრუნველყოფა, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის უზრუნველყოფა და ამ სეგმენტებზე პირველადი და მეორეული კრიტერიუმების შესაბამისად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირთა დადგენა ხორციელდება ობიექტურობის, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის, ფუნქციონალური ეკვივალენტობის (ფუნქციონალური კრიტერიუმების ერთგვაროვანი გამოყენების), მინიმალური საჭირო რეგულირების, პროპორციულად თანაზომადი სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების, ეფექტიანი კონკურენციის წახალისების, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების გათვალისწინებით.
5. მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის ჩატარების, ავტორიზებული პირების მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენის, ასევე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირებისათვის სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია ითვალისწინებს საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს, მათ შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ შეთანხმებას „მომსახურებისა და ვაჭრობის შესახებ“.“.
7. 22-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) პირველადი და მეორეული კრიტერიუმების გათვალისწინებით მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების დადგენას და მათთვის ამ კანონის V თავით განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებას კონკრეტული პირობებით.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტუნარიანობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმი არის ავტორიზებული პირის ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფის მიერ ბაზრის ამ სეგმენტზე დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მიერ დაკავებული ფარდობითი საბაზრო წილი განისაზღვრება მის მიერ მიღებული შემოსავლების, ბოლო მომხმარებელთა ან აბონენტთა რაოდენობის ან გარკვეულ პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის) წილობრივი მაჩვენებლების, აგრეთვე მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ან ფუნქციონალური რესურსების რეზერვების გათვალისწინებით. ბაზრის შესაბამისი სეგმენტის მახასიათებლების გათვალისწინებით კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზებული პირის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე დაკავებული წილის გაზომვისა და სათანადო ძირითადი კრიტერიუმის გამოყენების შესახებ.“.
8. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 24. მომსახურების ბაზრის ანალიზთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება
კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ამ თავით განსაზღვრული კონკურენციის წინასწარი რეგულირებისა და მომსახურების ბაზრის ანალიზის საფუძველზე, გარდა სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი ნაწილებისა, ქვეყნდება ინტერნეტში – კომისიის ვებ-გვერდზე. ასევე საჯაროდ ქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების ჩამონათვალი გეოგრაფიული საზღვრების განმსაზღვრელი კრიტერიუმებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მითითებით;
ბ) ავტორიზებული პირების სია, რომელთაც მომსახურების ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე აქვთ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება;
გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები და ამ ვალდებულებების კონკრეტული პირობები;
დ) იმ ძირითადი ან მეორეული კრიტერიუმების აღწერილობა, რომელთა მიხედვითაც ავტორიზებული პირი დადგინდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ.“.
9. 34-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა სამართლიანი და გონივრული ზომა, განაცხადის მიღების თარიღიდან 30 დღის ვადაში შეთანხმდნენ და გააფორმონ ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ან/და ურთიერთჩართვის ხელშეკრულება და მისი ასლი უნდა წარუდგინონ კომისიას ორმხრივი ხელმოწერიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.“.
10. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. თუ განცხადებაში პირის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა არსებითად დაკავშირებულია იმგვარ მოთხოვნასთან ან გარემოებასთან, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას მიღებული აქვს კონკურენციის უზრუნველმყოფი და წინასწარ რეგულირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, განცხადების საფუძველზე მხარეთა შორის დავა არ განიხილება. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, ამ კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად.“.
11. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 45. პასუხისმგებლობა
1. ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.
2. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 30000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
3. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და პირველი დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში მეორე ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 60000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად.
4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.“.
12. 471 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რადიოსახმობებისა და ამოცნობის ნიშნების, რადიოსიხშირეებისა და ნუმერაციის ამოწურვადი რესურსის მინიჭება“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
4. კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად დამხმარე ტექნოლოგიური, არაკომერციული დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით“. „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს კომპენსაცია.“.
13. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში კომისიის მიერ დანაწილებული კონკრეტული ზოლის 50 პროცენტის ან მეტის მფლობელი.“.
14. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში დაიწყოს პრაქტიკული საქმიანობა.
9. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა, ექსპლუატაცია და მათი გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე ქსელის ამ ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის ან მომხმარებლისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება.“.
15. 55-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებებისა და ნაგებობების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესს და მათი დაცვის ზონებს. სახაზო ნაგებობების დაცვის ზონაში ნებისმიერი მიწის სამუშაოების ჩატარება შეიძლება მხოლოდ სახაზო ნაგებობების მფლობელთან შეთანხმებით.“.
16. 64-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლა განხორციელდეს 2009 წლის 1 იანვრამდე, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ოპერატორები, საუწყებო ქსელების მფლობელი პირები და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან საკუთარი ხარჯებით უზრუნველყონ ქსელის სისტემათა შესაბამისობა ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასთან.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 1 მაისამდე საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინოს „საფოსტო კავშირის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.“;
გ) მე-11 და მე-15 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
დ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:
„16. კომისიამ 2009 წლის 1 იანვრამდე მიიღოს დადგენილება „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 27 ივნისი.
№67–Iს
დოკუმენტის კომენტარები