დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1028 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 31/10/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.290.000.05.001.000.283 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (21/11/1997 - 22/03/2005)
საქართველოს ორგანული კანონი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში – პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.
მუხლი 2
პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.
მუხლი 3
პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:
ა) პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;
ბ) დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;
გ) არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;
დ) პარტიების თანასწორობა კანონის წინაშე;
ე) პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.
მუხლი 4
პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.
მუხლი 5
1. პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.
2. დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
მუხლი 6
დაუშვებელია პარტიის შექმნა რეგიონული ან ტერიტორიული ნიშნის მიხედვით.
მუხლი 7
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პარტიის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.
2. დაუშვებელია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ჩარევა პარტიის საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავი II
პარტიის შექმნა და მისი საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 8
პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს.
მუხლი 9
საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი.
მუხლი 10
მოქალაქეს, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, ან გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, უწყდება პარტიის წევრობა.
მუხლი 11
დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მუხლი 12
1. პარტიის შესაქმნელად მოქალაქეთა არანაკლებ 300-კაციანი ჯგუფი წინასწარი ნებართვის გარეშე ატარებს პარტიის დამფუძნებელ ყრილობას (კონფერენციას, კონგრესს, ასამბლეას ან სხვ.).
2. დამფუძნებელი ყრილობა იღებს პარტიის წესდებას.
3. დამფუძნებელ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი.
მუხლი 13
1. წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:
ა) სახელწოდება, აგრეთვე მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი გამოიყენება;
ბ) იურიდიული მისამართი;
გ) საქმიანობის მიზნები (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმები;
დ) წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესი და პირობები;
ე) წევრის უფლება-მოვალეობები;
ვ) ორგანიზაციული სტრუქტურა;
ზ) ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესი, მათი კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადა;
თ) ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და წარმომადგენლობის ფარგლები;
ი) ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი;
კ) წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი და პირობები;
ლ) საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები (რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესები);
მ) სიმბოლიკის აღწერილობა, თუ ასეთი გამოიყენება.
2. წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ეხება პარტიის საქმიანობას და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
მუხლი 14
1. პარტიის სახელწოდება, მისი შემოკლებული დასახელება და სიმბოლიკა არ შეიძლება ემთხვეოდეს სხვა, უკვე რეგისტრირებული ან ლიკვიდირებული პარტიის სახელწოდებას, შემოკლებულ დასახელებასა და სიმბოლიკას, თუ ამ პარტიის ლიკვიდაციის დღიდან 4 წელზე ნაკლებია გასული.
2. აკრძალულია პარტიის სახელწოდების, შემოკლებული დასახელებისა და სიმბოლიკის გამოყენება ამ პარტიის ნებართვის გარეშე.
მუხლი 15
1. პარტიის წესდებით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოები წესდებითვე დადგენილი პროცედურით, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას პარტიის წევრად მიღების თაობაზე. წევრად მიღებაზე უარის თქმის მიზეზის დასაბუთება აუცილებელი არ არის.
2. პარტიიდან გასვლა თავისუფალია.
3. პარტიის წევრთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების ფარგლები, აგრეთვე საფუძვლები, რომლებიც ამართლებს მათ გამოყენებას, და პარტიის ორგანოები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტი-ლებას ასეთი ზომების შეფარდების თაობაზე, განისაზღვრება პარტიის წესდებით.
4. პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს წესდებით უფლებამოსილი ორგანო. ეს გადაწყვეტილება წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული. იგი შეიძლება გასაჩივრდეს პარტიის ზემდგომ ორგანოში.
მუხლი 16
1. პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოები არიან: პარტიის წევრთა ყრილობა (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.), გამგეობა (საბჭო, დარბაზი, სამდივნო, კომიტეტი და სხვ.), სარევიზიო კომისია (საზედამხედველო კომისია, საკონტროლო კომისია და სხვ.).
2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე პარტიის სხვა ორგანოების შექმნას და ხელმძღვანელი თანამდებობების შემოღებას.
მუხლი 17
1. პარტიის ხელმძღვანელი ორგანო – პარტიის წევრთა ყრილობა არის პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. იგი მოიწვევა წესდებით დადგენილ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ.
2. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყრილობაში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის ყველა წევრს. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ყრილობაში პარტიის წევრთა ჯგუფების მიერ არჩეული წარმომადგენლების მონაწილეობას. ამ წარმომადგენელთა კვოტები დგინდება წესდებით ან გამგეობის გადაწყვეტილებით, ისე, რომ აირჩეს არანაკლებ 200 წარმომადგენლისა.
3. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარტიის წევრთა ან წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს.
4. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
5. ყრილობის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევა, პარტიის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.
მუხლი 18
1. პარტიის აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას წესდებით დადგენილი ვადით, არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა.
2. გამგეობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს.
3. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ცალკეული საკითხების კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტას.
მუხლი 19
1. პარტიის სარევიზიო ორგანოს – სარევიზიო კომისიას წესდებით დადგენილი ვადით, არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა.
2. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს.
3. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ცალკეული საკითხების კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტას.
4. სარევიზიო კომისიის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კომისიის სხვა საკონტროლო ფუნქციებს.
მუხლი 20
პარტიის ყრილობის მოწვევის, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევის წესს, აგრეთვე მათი უფლებამოსილების ფარგლებს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრავს პარტიის წესდება.
მუხლი 21
1. პარტიას უფლება აქვს შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები (ფილიალი, წარმომადგენლობა, ახალგაზრდული ორგანიზაცია და სხვ.) იურიდიული პირის უფლების გარეშე.
2. თუ პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ქვედანაყოფის დებულებას ამტკიცებს პარტიის გამგეობა.
3. თუ ქვედანაყოფის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაშინ მის დებულებას და პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებულ ნიმუშებს პარტიის გამგეობა (ხელმძღვანელი თანამდებობის პირი) ერთი თვის ვადაში უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
4. თუ ქვედანაყოფის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს რომელიმე ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, მაშინ მის დებულებას, პარტიის წესდებას და პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებულ ნიმუშებს პარტიის გამგეობა ერთი თვის ვადაში უგზავნის შესაბამის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს.
მუხლი 22
1. პარტიის რეგისტრაცია ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
2. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;
დ) პარტიის წესდება;
ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;
ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.
მუხლი 23
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების სისწორეს და პარტიის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
2. პარტიის მარეგისტრირებელი ორგანო წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) რეგისტრირებულ იქნეს;
ბ) უარი ეთქვას რეგისტრაციაზე.
3. პარტიის რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო მოწმობას გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.
4. პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს.
5. პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგისტრი-რებელი ორგანო ვალდებულია განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში, წერილობით აცნობოს ამის თაობაზე, უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის მითითებით.
6. პარტიას შეუძლია რეგისტრაციაზე უარი ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.
7. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია ხელახლა წარადგინოს დოკუმენტები სარე-გისტრაციოდ.
8. თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ განხორციელდა რეგისტრაცია და განმცხადებელს არ ეცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან, თუ პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, პარტია რეგისტრირებულად ჩაითვლება და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია მომდევნო 7 დღის ვადაში გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.
მუხლი 24
1. პარტია ვალდებულია წესდებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები.
2. ცვლილების რეგისტრაცია ხდება ამ კანონის 23-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.
3. წესდებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ.
თავი III
პარტიის ქონება და ფინანსები
მუხლი 25
1. პარტიის ქონებას ქმნის:
ა) საწევრო შენატანები;
ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შემოწირულობები;
გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში – სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები;
დ) პარტიის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, პარტიის მიერ ლექციების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები, რომლებიც არ ცვლის პარტიის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის, ხასიათს.
2. პარტიას უფლება არა აქვს ეწეოდეს სხვა დამხმარე სამეწარმეო საქმიანობას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 26
1. აკრძალულია ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება:
ა) სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობის, ლიტერატურის შეძენისა და გავრცელების, ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემის გარდა;
ბ) სახელმწიფო ორგანოსა და ორგანიზაციისაგან, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა;
გ) სახაზინო საწარმოსა და საწარმოსაგან, რომელშიც სახელმწიფოს წილი 20%-ზე მეტია;
დ) საზოგადოებრივი გაერთიანებისაგან.
2. პარტიის მიერ მიღებული ანონიმური ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების საერთო ღირებულება წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.
მუხლი 27
პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების საერთო ღირებულება წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს:
ა) ფიზიკური პირისაგან – 30 000 ლარს;
ბ) იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს.
მუხლი 28
1. ამ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობები პარტიამ ერთი თვის ვადაში უნდა გადასცეს სახელმწიფო ხაზინას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პარტიის მიერ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობები იძულებით გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, თუ ამ შემოწირულობების საერთო ღირებულება წელიწადში:
ა) 2000-დან 15000 ლარამდეა, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 1 წლის განმავლობაში;
ბ) 15000-დან 50000 ლარამდეა, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 2 წლის განმავლობაში;
გ) 50000 ლარზე მეტია, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 4 წლის განმავლობაში.
3. იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც არა აქვთ სახელმწიფო დაფინანსების უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება ამ უფლების მიღების შემდეგ.
მუხლი 29
სახელმწიფოს მიერ პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე.
მუხლი 30
1. სახელმწიფო თავისი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფს გარკვეულ თანხას პარტიების ორგანიზაციული და სხვა საქმიანობისათვის.
2. გამოყოფილი თანხის საერთო ოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ.
3. გამოყოფილი თანხა მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდება იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტი.
4. საარჩევნო ბლოკისათვის გამოყოფილი თანხა თანაბრად ნაწილდება მასში გაერთიანებულ პარტიებს შორის.
მუხლი 31
ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება პროპორციულად, ყოველთვიურად.
მუხლი 32
1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნასთან ერთად. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (წყაროების მითითებით) და გასავალი, აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში.
2. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების შემოსავალ-გასავალი დეკლარაციაში ცალკე უნდა იყოს ნაჩვენები.
3. პარტია გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში აგზავნის გამოქვეყნებული დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნის ასლს.
მუხლი 33
პარტიის სამეწარმეო და საფინანსო საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 34
თუ პარტია დროულად არ გამოაქვეყნებს საფინანსო დეკლარაციას, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაფინანსების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.
თავი IV
პარტიის საქმიანობის შეწყვეტა
მუხლი 35
პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი 36
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
მუხლი 37
1. პარტიის საქმიანობა შეიძლება აგრეთვე შეწყდეს რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა) ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე.
2. პარტიის რეორგანიზაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პარტიის (პარტიების) რეგისტრაცია – ამ კანონით დადგენილი წესით.
3. რეორგანიზაციის შემთხვევაში პარტიის ქონების განაწილების საკითხს წყვეტს ყრილობა, დადგენილი წესით.
4. პარტიის თვითლიკვიდაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, წესდებით დადგენილი წესით.
მუხლი 38
პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.
თავი V
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 39
1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიები ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 1998 წლის 1 მარტამდე.
2. ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში პარტიაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-12 მუხლით, აგრეთვე 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
3. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული წესით პარტიების სახელმწიფო დაფინანსება დაიწყება 2000 წლის 1 იანვრიდან.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 40
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 41
ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” (საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №8, მუხ. 591).
საქართველოს პრეზიდენტი
ე. შევარდნაძე .
თბილისი,
1997 წლის 31 ოქტომბერი .
№1028 –Iს
დოკუმენტის კომენტარები