დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4918 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/06/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 19/06/2007 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 010.290.000.04.001.002.876 |
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. 25-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები.“.
2. 26-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ანონიმური ფორმით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4–მე-6 პუნქტები:
„4. საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებულ შემოწირულებებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში.
5. პარტიის საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ვალდებულია საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები 7 დღის ვადაში გადარიცხოს პარტიის ანგარიშზე.
6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.“.
3. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27.
1. პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს:
ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან – 30 000 ლარს;
ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები ვრცელდება ყველა სახის შემოწირულებაზე, მათ შორის, პარტიის მიზნებისათვის და მისი სახელით გაწეულ მომსახურებაზე.
3. პარტიის მიერ საწევროები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ერთი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულ შენატანებზე, თუ მათი ოდენობა წელიწადში არ აღემატება 300 ლარს.
4. დაუშვებელია სხვისი სახელით შემოწირულების განხორციელება.“.
4. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30.
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა პარტიებზე ნაწილდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახა 4%-იანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 3%-იანი ბარიერი.
4. საბიუჯეტო დაფინანსების სახით მიღებული თანხა შედგება საბაზისო ნაწილის, პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეული წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების ოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან.
5. პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსება გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
Z=B+(M*Y*12)+(V*1,5)+(W*1),
სადაც Z არის პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა; B – საბაზო დაფინანსების ოდენობა; M – პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეული წევრების რაოდენობა; Y – პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეული ერთი წევრისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა; V – 200 000 ამომრჩევლამდე მიღებული ხმების ოდენობა, ხოლო W – 200 000 ამომრჩევლის ზემოთ მიღებული ხმების ოდენობა.
6. საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 150 000 ლარი.
7. თუ საარჩევნო სუბიექტი (პარტია/საარჩევნო ბლოკი) უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახავს 8%-იან ბარიერს ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 6%-იან ბარიერს, საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში იქნება 300 000 ლარი. „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით შეიძლება საბაზო დაფინანსებისათვის გათვალისწინებულ იქნეს უფრო დიდი ოდენობის თანხა.
8. თუ ამ მუხლით განსაზღვრული ფორმულის მიზნებისათვის M აღემატება 50-ს, მაშინ Y=200, ხოლო თუ M არ აღემატება 50-ს, მაშინ Y=600.
9. ამ მუხლით განსაზღვრული ფორმულის მიზნებისათვის, უკანასკნელი საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნების შედეგები გამოყენებული იქნება პარტიის შეხედულებისამებრ, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით. ამასთანავე, თუ პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით იღებს სახელმწიფო დაფინანსებას და იმავდროულად ჰყავს საპარლამენტო წარმომადგენლობა, მას უფლება აქვს აგრეთვე მიიღოს პარლამენტში პროპორციული სისტემით არჩეული წევრისათვის გამოყოფილი დანამატი.
10. თუ ამ მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება საარჩევნო ბლოკის მიერ შესაბამის არჩევნებში ნაჩვენები შედეგები, მიღებული ხმების ოდენობა იყოფა შესაბამის საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ოდენობაზე.
11. საბაზო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს შორის.
12. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა.“.
5. 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარტია, დეკლარაციის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და, პარტიის იურიდიული მისამართის შესაბამისად, ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგენს გამოქვეყნებული დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნის ასლებს.“.
6. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 33.
1. პარტია ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტი.
2. ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით პარტია უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს.
3. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ უნდა წარედგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.“.
7. 39-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2007 წლის IV კვარტალის საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად პარტიამ წერილობითი თანხმობა უნდა წარადგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ კანონის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი წესი 2011 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება იმ პარტიაზე, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს 2007 წლის 1 ოქტომბრამდე ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით.“;
გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:
„8. პარტიას უფლება აქვს 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით სახელმწიფო დაფინანსება მიიღოს 2011 წლის 1 იანვრამდე.
9. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 ივნისი.
№4918–Iს
დოკუმენტის კომენტარები