მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • Word
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1028
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
სარეგისტრაციო კოდი 010.290.000.05.001.000.283
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1028
31/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 45, 21/11/1997
010.290.000.05.001.000.283
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (25/12/2009 - 28/12/2011)

საქართველოს ორგანული კანონი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში – პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.

    მუხლი 2

პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.

    მუხლი 3

პარტიის შექმნასა და საქმიანობას საფუძვლად უდევს შემდეგი პრინციპები:

ა) პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;

ბ) დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;

გ) არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;

დ) პარტიების თანასწორობა კანონის წინაშე;

ე) პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.

    მუხლი 4

პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს.

    მუხლი 5

1. პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საქართველოს ყოველი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.

2. დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

    მუხლი 6

დაუშვებელია პარტიის შექმნა რეგიონული ან ტერიტორიული ნიშნის მიხედვით.

    მუხლი 7

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პარტიის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას.

2. დაუშვებელია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა ჩარევა პარტიის საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თავი II

პარტიის შექმნა და მისი საქმიანობის ორგანიზება

     მუხლი 8

პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს.

    მუხლი 9

საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი.

    მუხლი 10

მოქალაქეს, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, დაინიშნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურში სპეციალური უფლებამოსილებების მქონე მოსამსახურედ ანდა გამწესდება მოსამართლედ ან პროკურორად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, შეუწყდება პარტიის წევრობა.

საქართველოს 2005 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №1136 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.75

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4272 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.43

    მუხლი 11

დაუშვებელია პარტიის წევრობის შეზღუდვა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 12

1. პარტიის შესაქმნელად მოქალაქეთა არანაკლებ 300-კაციანი ჯგუფი წინასწარი ნებართვის გარეშე ატარებს პარტიის დამფუძნებელ ყრილობას (კონფერენციას, კონგრესს, ასამბლეას ან სხვ.).

2. დამფუძნებელი ყრილობა იღებს პარტიის წესდებას.

3. დამფუძნებელ ყრილობას ესწრება და მის ოქმს ამოწმებს ნოტარიუსი.

    მუხლი 13

1. წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

ა) სახელწოდება, აგრეთვე მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი გამოიყენება;

ბ) იურიდიული მისამართი;

გ) საქმიანობის მიზნები (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმები;

დ) წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესი და პირობები;

ე) წევრის უფლება-მოვალეობები;

ვ) ორგანიზაციული სტრუქტურა;

ზ) ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესი, მათი კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადა;

თ) ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და წარმომადგენლობის ფარგლები;

ი) ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი;

კ) წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი და პირობები;

ლ) საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები (რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესები);

მ) სიმბოლიკის აღწერილობა, თუ ასეთი გამოიყენება.

2. წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ეხება პარტიის საქმიანობას და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

    მუხლი 14

1. პარტიის სახელწოდება, მისი შემოკლებული დასახელება და სიმბოლიკა არ შეიძლება ემთხვეოდეს სხვა, უკვე რეგისტრირებული ან ლიკვიდირებული პარტიის სახელწოდებას, შემოკლებულ დასახელებასა და სიმბოლიკას, თუ ამ პარტიის ლიკვიდაციის დღიდან 4 წელზე ნაკლებია გასული.

2. აკრძალულია პარტიის სახელწოდების, შემოკლებული დასახელებისა და სიმბოლიკის გამოყენება ამ პარტიის ნებართვის გარეშე.

    მუხლი 15

1. პარტიის წესდებით განსაზღვრული კომპეტენტური ორგანოები წესდებითვე დადგენილი პროცედურით, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას პარტიის წევრად მიღების თაობაზე. წევრად მიღებაზე უარის თქმის მიზეზის დასაბუთება აუცილებელი არ არის.

2. პარტიიდან გასვლა თავისუფალია.

3. პარტიის წევრთა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების ფარგლები, აგრეთვე საფუძვლები, რომლებიც ამართლებს მათ გამოყენებას, და პარტიის ორგანოები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტი-ლებას ასეთი ზომების შეფარდების თაობაზე, განისაზღვრება პარტიის წესდებით.

4. პარტიიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში იღებს წესდებით უფლებამოსილი ორგანო. ეს გადაწყვეტილება წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული. იგი შეიძლება გასაჩივრდეს პარტიის ზემდგომ ორგანოში.

    მუხლი 16

1. პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოები არიან: პარტიის წევრთა ყრილობა (კონგრესი, ასამბლეა, კონფერენცია და სხვ.), გამგეობა (საბჭო, დარბაზი, სამდივნო, კომიტეტი და სხვ.), სარევიზიო კომისია (საზედამხედველო კომისია, საკონტროლო კომისია და სხვ.).

2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე პარტიის სხვა ორგანოების შექმნას და ხელმძღვანელი თანამდებობების შემოღებას.

    მუხლი 17

1. პარტიის ხელმძღვანელი ორგანო – პარტიის წევრთა ყრილობა არის პარტიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. იგი მოიწვევა წესდებით დადგენილ ვადაში, მაგრამ არანაკლებ 4 წელიწადში ერთხელ.

2. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყრილობაში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის ყველა წევრს. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ყრილობაში პარტიის წევრთა ჯგუფების მიერ არჩეული წარმომადგენლების მონაწილეობას. ამ წარმომადგენელთა კვოტები დგინდება წესდებით ან გამგეობის გადაწყვეტილებით, ისე, რომ აირჩეს არანაკლებ 200 წარმომადგენლისა.

3. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება პარტიის წევრთა ან წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს.

4. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყრილობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.

5. ყრილობის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, პარტიის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევა, პარტიის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა.

    მუხლი 18

1. პარტიის აღმასრულებელ ორგანოს – გამგეობას წესდებით დადგენილი ვადით, არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა.

2. გამგეობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს.

3. გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ცალკეული საკითხების კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტას.

    მუხლი 19

1. პარტიის სარევიზიო ორგანოს – სარევიზიო კომისიას წესდებით დადგენილი ვადით, არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა.

2. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს უფრო მაღალ კვორუმს.

3. სარევიზიო კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ცალკეული საკითხების კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტას.

4. სარევიზიო კომისიის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა პარტიის საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კომისიის სხვა საკონტროლო ფუნქციებს.

    მუხლი 20

პარტიის ყრილობის მოწვევის, გამგეობისა და სარევიზიო კომისიის არჩევის წესს, აგრეთვე მათი უფლებამოსილების ფარგლებს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრავს პარტიის წესდება.

    მუხლი 21

1. პარტიას უფლება აქვს შექმნას სტრუქტურული ქვედანაყოფები (ფილიალი, წარმომადგენლობა, ახალგაზრდული ორგანიზაცია და სხვ.) იურიდიული პირის უფლების გარეშე.

2. თუ პარტიის წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ქვედანაყოფის დებულებას ამტკიცებს პარტიის გამგეობა.

3. თუ ქვედანაყოფის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაშინ მის დებულებას და პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებულ ნიმუშებს პარტიის გამგეობა (ხელმძღვანელი თანამდებობის პირი) ერთი თვის ვადაში უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

4. თუ ქვედანაყოფის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს რომელიმე ადმინისტრაციული ერთეულის ფარგლებში, მაშინ მის დებულებას, პარტიის წესდებას და პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებულ ნიმუშს (ნიმუშებს) პარტიის გამგეობა ერთი თვის ვადაში უგზავნის შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

საქართველოს 2007 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №4817 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ164

    მუხლი 22

1. პარტიის რეგისტრაცია ხდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

2. პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);

ბ) ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;

გ) პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;

დ) პარტიის წესდება;

ე) ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;

ვ) პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;

ზ) ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.

    მუხლი 23

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების სისწორეს და პარტიის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

2. პარტიის მარეგისტრირებელი ორგანო წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) რეგისტრირებულ იქნეს;

ბ) უარი ეთქვას რეგისტრაციაზე.

3. პარტიის რეგისტრაციის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო მოწმობას გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში.

4. პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს.

5. პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგისტრი-რებელი ორგანო ვალდებულია განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში, წერილობით აცნობოს ამის თაობაზე, უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის მითითებით.

6. პარტიას შეუძლია რეგისტრაციაზე უარი ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

7. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია ხელახლა წარადგინოს დოკუმენტები სარე-გისტრაციოდ.

8. თუ ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ განხორციელდა რეგისტრაცია და განმცხადებელს არ ეცნობა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ამასთან, თუ პარტიის მიერ წარდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, პარტია რეგისტრირებულად ჩაითვლება და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია მომდევნო 7 დღის ვადაში გასცეს სარეგისტრაციო მოწმობა.

    მუხლი 24

1. პარტია ვალდებულია წესდებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები.

2. ცვლილების რეგისტრაცია ხდება ამ კანონის 23-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.

3. წესდებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ.

თავი III

პარტიის ქონება და ფინანსები

    მუხლი 25

1. პარტიის ქონებას ქმნის:

ა) საწევრო შენატანები;

ბ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შემოწირულობები;

გ) კანონით დადგენილ შემთხვევებში – სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები;

დ) პარტიის სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, პარტიის მიერ ლექციების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული თანხები, რომლებიც არ ცვლის პარტიის, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის, ხასიათს ;

ე) საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები.

2. პარტიას უფლება არა აქვს ეწეოდეს სხვა დამხმარე სამეწარმეო საქმიანობას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.186

    მუხლი 26.

1. აკრძალულია ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღება:

ა) სხვა ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოძრაობებისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;

ბ) სახელმწიფო ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სახელმწიფო ორგანიზაციისა და იმ საწარმოსაგან, რომელშიც სახელმწიფო წილი აღემატება 10%-ს, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა;

გ) არასამეწარმეო იურიდიული პირისაგან და რელიგიური ორგანიზაციისაგან, ლექციების, სემინარებისა და სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიებების მოწყობის გარდა;

დ) მოქალაქეობის არმქონე პირისაგან;

ე) ანონიმური ფორმით.

2. შემოწირულობის შემტანი იურიდიული პირი ვალდებულია მიუთითოს საკუთარი სახელწოდება და იურიდიული მისამართი, ხოლო ფიზიკურმა პირმა უნდა მიუთითოს სახელი, გვარი, მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (საქართველოს მოქალაქის პასპორტის) და პირადი ნომრები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების მითითების გარეშე შეტანილი ფულადი სახსრები ითვლება ანონიმურად. ანონიმური შემოწირულობები პოლიტიკური გაერთიანების საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ დაუყოვნებლივ უნდა გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებულ შემოწირულებებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს წელიწადში.

5. პარტიის საფინანსო საქმიანობაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირი ვალდებულია საჯარო ღონისძიებების მეშვეობით მიღებული შემოწირულებები 7 დღის ვადაში გადარიცხოს პარტიის ანგარიშზე.

6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.186

    მუხლი 27.

1. პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულებების მოცულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს:

ა) თითოეული ფიზიკური პირისაგან – 30 000 ლარს;

ბ) თითოეული იურიდიული პირისაგან – 100 000 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები ვრცელდება ყველა სახის შემოწირულებაზე, მათ შორის, პარტიის მიზნებისათვის და მისი სახელით გაწეულ მომსახურებაზე.

3. პარტიის მიერ საწევროები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ერთი ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულ შენატანებზე, თუ მათი ოდენობა წელიწადში არ აღემატება 300 ლარს.

4. დაუშვებელია სხვისი სახელით შემოწირულების განხორციელება.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.186

    მუხლი 28

1. ამ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობები პარტიამ ერთი თვის ვადაში უნდა გადასცეს სახელმწიფო ხაზინას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პარტიის მიერ კანონის დარღვევით მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობები იძულებით გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, თუ ამ შემოწირულობების საერთო ღირებულება წელიწადში:

ა) 2000-დან 15000 ლარამდეა, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 1 წლის განმავლობაში;

ბ) 15000-დან 50000 ლარამდეა, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 2 წლის განმავლობაში;

გ) 50000 ლარზე მეტია, პარტიას მოეხსნება სახელმწიფო დაფინანსება 4 წლის განმავლობაში.

3. იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც არა აქვთ სახელმწიფო დაფინანსების უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება ამ უფლების მიღების შემდეგ.

    მუხლი 29

სახელმწიფოს მიერ პარტიების საარჩევნო კამპანიის დაფინანსება რეგულირდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის საფუძველზე.

    მუხლი 291

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი თანხებით პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებისათვის თანხის გადაცემის გზით;

ბ) ამ კანონის შესაბამისად, ფონდიდან პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის თანხის განაწილების გზით.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.296

    მუხლი 30.

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილი თანხა პარტიებს გადაეცემათ ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ის პარტია, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახა 4%-იანი ბარიერი ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 3%-იანი ბარიერი.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა შედგება საბაზისო ნაწილის, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრისათვის გამოყოფილი დანამატისა და მიღებული ხმების ოდენობის შესაბამისი კომპონენტისაგან.

4. პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსება გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

Z=B+(M*600*12)+(L*100*12)+(V*1,5)+(W*1),

სადაც Z არის პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობა; B – საბაზო დაფინანსების ოდენობა; M – პროპორციული სისტემით არჩეული 30 და 30-მდე პარლამენტის წევრთა რაოდენობა; L – პროპორციული სისტემით არჩეული 30 წევრის ზემოთ პარლამენტის წევრთა რაოდენობა; V – 200 000 ამომრჩევლამდე მიღებული ხმების ოდენობა; W – 200 000 ამომრჩევლის ზემოთ მიღებული ხმების ოდენობა.

5. საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში არის 150 000 ლარი.

6. თუ საარჩევნო სუბიექტი (პარტია/საარჩევნო ბლოკი) უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში გადალახავს 8%-იან ბარიერს ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 6%-იან ბარიერს, საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში იქნება 300 000 ლარი. საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით შეიძლება საბაზო დაფინანსებისათვის გათვალისწინებულ იქნეს უფრო დიდი ოდენობის თანხა.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის M და L ტოლია ნულის, თუ პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილება შეწყდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. M და L ასევე იცვლება (მცირდება ან იზრდება) შესაბამისი ოდენობით, თუ პროპორციული სისტემით არჩეულმა პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ სამი თვის ვადაში დატოვეს პარტია ან შეუერთდნენ პარტიას, რომელიც იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას ამ კანონით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ფორმულის მიზნებისათვის, უკანასკნელი საპარლამენტო ან უკანასკნელი ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნების შედეგები გამოყენებული იქნება პარტიის შეხედულებისამებრ, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობებით.

9. თუ ამ მუხლის მიზნებისათვის გამოიყენება საარჩევნო ბლოკის მიერ შესაბამის არჩევნებში ნაჩვენები შედეგები, მიღებული ხმების ოდენობა იყოფა შესაბამის საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიათა ოდენობაზე.

10. საბაზო დაფინანსება თანაბრად ნაწილდება საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს შორის.

11. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ყოველწლიურად, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას წერილობით აცნობებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია პარტიის მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან 5 დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.186

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.119

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.296

    მუხლი 301

1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გადაირიცხება თანხა ფონდში, რომლის მიზანიცაა პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

2. ფონდიდან პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფონდის ფუნქციას ასრულებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.

4. ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასარიცხი თანხა უნდა იყოს ამ კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად პარტიებზე პირდაპირ გასანაწილებელი თანხის ნახევარი.

5. ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გადარიცხვა განხორციელდება ყოველკვარტალურად.

6. ფონდში თანხების მოზიდვა შესაძლებელია სხვა წყაროებიდანაც.

7. ფონდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხის 50% უნდა განაწილდეს პარტიებზე, ხოლო 50% – არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

8. ფონდიდან პარტიებისთვის გამოყოფილი თანხა ნაწილდება მათ მიერ მისაღები საბაზო დაფინანსების პროპორციულად.

9. ფონდიდან თანხის გაცემა ხდება მხოლოდ კვლევების, სწავლების, კონფერენციების, მივლინებებისა და რეგიონული პროექტების დაფინანსების მიზნით.

10. არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტების გაცემა უნდა მოხდეს მხოლოდ პარტიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარდგენილი პროექტების საფუძველზე. ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გასაცემი თანხა არ უნდა აღემატებოდეს არასამთავრობო სექტორზე გასანაწილებელი თანხის 5%-ს. არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების განხილვისას ფონდის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით უნდა მონაწილეობდეს სულ მცირე 3 საერთაშორისო ორგანიზაციის ან შესაბამისი გამოცდილების მქონე უცხოური ფონდის წარმომადგენელი.

11. პარტიამ ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს ფონდს ანგარიში მიღებული თანხის მიზნობრივად გამოყენების შესახებ. თუ პარტია ანგარიშს არ წარადგენს კანონით დადგენილი წესით ან თანხას არ გამოიყენებს ამ მუხლით დადგენილი მიზნებისათვის, პარტიას შეუწყდება ფონდიდან მისაღები დაფინანსება ერთი წლის განმავლობაში.

12. თუ პარტიები ან არასამთავრობო სექტორი ვერ გამოიყენებენ ამ ფონდიდან მათთვის გასაცემ თანხას, ეს თანხა გასანაწილებლად გადავა მომდევნო წელს.

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.296

საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის ორგანული კანონი №2476 - სსმ I, №49, 30.12.2009 წ., მუხ.368

    მუხლი 31.

1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საბიუჯეტო დაფინანსების გაცემა იწყება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადებიდან.

2. საბიუჯეტო დაფინანსების სახით მისაღები თანხა პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხება ყოველთვიურად, პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების 1/12-ის ოდენობით.

3. თუ პარტიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა წლის განმავლობაში, მაგრამ წლის ბოლომდე დარჩენილია სულ მცირე 6 კალენდარული თვე, პარტია ამ წლის საბიუჯეტო დაფინანსებას სრულად მიიღებს და თანხა განაწილდება პროპორციულად, დარჩენილი თვეების მიხედვით, ხოლო თუ წლის ბოლომდე დარჩენილია 6 კალენდარულ თვეზე ნაკლები, პარტია დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ დარჩენილი თვეების ოდენობით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი საბიუჯეტო დაფინანსების გაცემის წესის შესაბამისად.

4. თუ პარტია უარს იტყვის ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ ფულად სახსრებზე, ისინი ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.362

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.119

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.296

    მუხლი 32.

1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე ბეჭდვით ორგანოში აქვეყნებს გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნასთან ერთად. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანების და შემოწირულობების ოდენობა, შემოწირულობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების თაობაზე მონაცემები, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, აგრეთვე საგამომცემლო და პარტიის მიერ სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებაზე, მივლინებაზე და სხვა გაწეული ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).

2. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების შემოსავალ-გასავალი დეკლარაციაში ცალკე უნდა იყოს ნაჩვენები.

3. არჩევნების დროს პარტიის საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემთხვევაში პარტიის მიერ მიღებულ და გამოყენებულ სახსრებად ითვლება პარტიის საარჩევნო ბლოკში გაერთიანებამდე მიღებულ და გამოყენებულ თანხებს დამატებული საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული და გამოყენებული შემოწირულობების იმდენჯერ ნაკლები თანხა, რამდენი პარტიაც იყო გაერთიანებული საარჩევნო ბლოკში.

4. პარტია, დეკლარაციის გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და, პარტიის იურიდიული მისამართის შესაბამისად, ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგენს გამოქვეყნებული დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტური ფირმის) დასკვნის ასლებს.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.186

    მუხლი 33

1. პარტია ვალდებულია ყოველწლიურად განახორციელოს თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტი.

2. ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით პარტია უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს.

3. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ უნდა წარედგინოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.186

    მუხლი 34

თუ პარტია დროულად არ გამოაქვეყნებს საფინანსო დეკლარაციას, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო დაფინანსების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.

თავი IV

პარტიის საქმიანობის შეწყვეტა

    მუხლი 35

პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

    მუხლი 36

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

    მუხლი 37

1. პარტიის საქმიანობა შეიძლება აგრეთვე შეწყდეს რეორგანიზაციის (შერწყმა, შეერთება, გაყოფა) ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე.

2. პარტიის რეორგანიზაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი პარტიის (პარტიების) რეგისტრაცია – ამ კანონით დადგენილი წესით.

3. რეორგანიზაციის შემთხვევაში პარტიის ქონების განაწილების საკითხს წყვეტს ყრილობა, დადგენილი წესით.

4. პარტიის თვითლიკვიდაცია ხდება ყრილობის გადაწყვეტილებით, წესდებით დადგენილი წესით.

    მუხლი 38

პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.

თავი V

გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 39

1. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიები ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 1998 წლის 1 მარტამდე.

2. ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში პარტიაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-12 მუხლით, აგრეთვე 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

3. (ამოღებულია).

4. (ამოღებულია).

5. (ამოღებულია).

6. (ამოღებულია).

7. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესი 2011 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება იმ  პარტიაზე, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს 2007 წლის 1 ოქტომბრამდე ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით.

8. (ამოღებულია).

9. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგებზე.

10. 2009 წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების შესახებ პარტიებმა წინასწარი წერილობითი თანხმობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ არა უგვიანეს 2009 წლის 31 იანვრისა.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.362

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.186

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5292 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.301

საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.119

საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.296

საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის ორგანული კანონი №1026 - სსმ I, №3, 11.03.2009 წ., მუხ.13

თავი VI

 დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 40

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 401.

ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.362

    მუხლი 41

ამ კანონის ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” (საქართველოს უზენაესი საბჭოს უწყებები, 1991 წ., №8, მუხ. 591).

 

საქართველოს პრეზიდენტი        

ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 31 ოქტომბერი .

№1028 Iს

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №1136 - სსმ I, №13, 12.04.2005 წ., მუხ.75

2. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2260 - სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.362

3. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4272 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.431

4. საქართველოს 2007 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №4817 - სსმ I, №19, 01.06.2007 წ., მუხ164

5. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის ორგანული კანონი №4918 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.186

6. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №5292 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.301

7. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №230 - სსმ I, №17, 28.07.2008 წ., მუხ.119

8. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №963 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.296

9. საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის ორგანული კანონი №1026 - სსმ I, №3, 11.03.2009 წ., მუხ.13

10. საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის ორგანული კანონი №2476 - სსმ I, №49, 30.12.2009 წ., მუხ.368

42. 15/12/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 4019-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2023 41. 15/12/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 4009-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 26/12/2023 40. 09/02/2023 - საქართველოს ორგანული კანონი - 2582-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 39. 22/12/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2476-Xრს-Xმპ - ვებგვერდი, 29/12/2022 38. 01/12/2022 - საქართველოს ორგანული კანონი - 2279-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 37. 21/04/2022 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/2/1277 - ვებგვერდი, 29/04/2022 36. 30/12/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 1341-VIIრს-Xმპ - ვებგვერდი, 13/01/2022 35. 22/06/2021 - საქართველოს ორგანული კანონი - 671-IVმს-Xმპ - ვებგვერდი, 24/06/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 34. 15/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6861-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 33. 02/07/2020 - საქართველოს ორგანული კანონი - 6724-რს - ვებგვერდი, 03/07/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 32. 29/11/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 5408-Iს - ვებგვერდი, 10/12/2019 31. 02/04/2019 - საქართველოს ორგანული კანონი - 4410-IIს - ვებგვერდი, 08/04/2019 30. 27/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 4254-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 29. 27/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 4255-რს - ვებგვერდი, 29/12/2018 28. 22/12/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 4103-რს - ვებგვერდი, 28/12/2018 27. 20/09/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3434-Iს - ვებგვერდი, 03/10/2018 26. 21/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3302-რს - ვებგვერდი, 09/08/2018 25. 05/07/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 3133-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 24. 18/04/2018 - საქართველოს ორგანული კანონი - 2142-IIს - ვებგვერდი, 10/05/2018 23. 26/07/2017 - საქართველოს ორგანული კანონი - 1276-რს - ვებგვერდი, 29/07/2017 22. 22/06/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 5439-IIს - ვებგვერდი, 12/07/2016 21. 27/05/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 5143-IIს - ვებგვერდი, 04/06/2016 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 20. 27/04/2016 - საქართველოს ორგანული კანონი - 5037-IIს - ვებგვერდი, 13/05/2016 19. 08/07/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3972-რს - ვებგვერდი, 15/07/2015 18. 01/05/2015 - საქართველოს ორგანული კანონი - 3561-IIს - ვებგვერდი, 18/05/2015 17. 07/03/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2097-IIს - ვებგვერდი, 14/03/2014 16. 07/03/2014 - საქართველოს ორგანული კანონი - 2095-IIს - ვებგვერდი, 14/03/2014 15. 07/08/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 923-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 14. 29/07/2013 - საქართველოს ორგანული კანონი - 900-რს - ვებგვერდი, 20/08/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 22/06/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6551-Iს - ვებგვერდი, 29/06/2012 12. 08/05/2012 - საქართველოს ორგანული კანონი - 6116-Iს - ვებგვერდი, 29/05/2012 11. 28/12/2011 - საქართველოს ორგანული კანონი - 5661-რს - ვებგვერდი, 111229001, 29/12/2011 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 25/12/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 2476 - სსმ, 49, 30/12/2009 9. 27/02/2009 - საქართველოს ორგანული კანონი - 1026 - სსმ, 3, 11/03/2009 8. 30/12/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 963 - სსმ, 41, 30/12/2008 7. 15/07/2008 - საქართველოს ორგანული კანონი - 230 - სსმ, 17, 28/07/2008 6. 11/07/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 5292 - სსმ, 29, 27/07/2007 5. 08/06/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4918 - სსმ, 22, 19/06/2007 4. 25/05/2007 - საქართველოს ორგანული კანონი - 4817 - სსმ, 19, 01/06/2007 3. 29/12/2006 - საქართველოს ორგანული კანონი - 4272 - სსმ, 51, 31/12/2006 2. 16/12/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 2260 - სსმ, 55, 27/12/2005 1. 22/03/2005 - საქართველოს ორგანული კანონი - 1136 - სსმ, 13, 12/04/2005 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას