დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1315-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 02/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010290000.04.001.018162 |
|
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 241 თუ პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში არ წარუდგენს ან მის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილ ყველა ასეთ საფინანსო დეკლარაციაში ასახული ყველა შემოსავალი და ხარჯი ნულის ტოლია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გენერალური აუდიტორის მიმართვის საფუძველზე აუქმებს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციას. მისი რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ამ პარტიის დარჩენილი ქონება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.“. 2. 251 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის პარტიას.“. 3. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს) საჯაროა. აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვებგვერდის მეშვეობით ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.“. 4. 261 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ აღარ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საკუთარი ინიციატივით ან ამავე მუხლით დადგენილი შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს პირისთვის შეზღუდვების გაუქმების საკითხს.“. 5. 271 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ყოველი თვის განმავლობაში შემოწირულების მიღების, აგრეთვე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 2. თუ შემოწირულების მიღებით, აგრეთვე საწევრო შენატანის განხორციელებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს/საწევრო შენატანის განმახორციელებელ პირს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ პარტიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შემოწირულების უკანონობის შესახებ, თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნის მომენტიდან.“. 6. 32-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოს ეგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანების ოდენობა, შემოწირულებების ოდენობა, საწევრო შენატანების განმახორციელებელ პირთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი სუბიექტების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობები, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული ფულადი თანხების ოდენობა).“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის წლიურ საფინანსო დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას შეიმუშავებს და პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტებს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“. 7. 322 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 322 ამ კანონით გათვალისწინებული პარტიის ფინანსურ მდგომარეობასა და შემოწირულებების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“. 8. 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ სტანდარტებს. 3. პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“. 9. 34-ე და 341 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34 თუ პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საფინანსო დეკლარაციას დროულად არ წარუდგენს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის ვადაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო 1 წლის განმავლობაში. მუხლი 34 1 1. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის ფორმა; ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები; გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება; დ) ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებისას გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა; ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს; ე) არაუმეტეს წელიწადში ერთხელ განახორციელოს პარტიის ფინანსური საქმიანობის აუდიტი; ვ) პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის განხორციელების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს; ზ) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა; თ) მონიტორინგის განსახორციელებლად პარტიისგან, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ; ი) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების საკითხებზე; კ) მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები; ლ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის ორგანოებს; მ) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის თაობაზე; ნ) პირზე ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების ასლი მხარეს უნდა გადაეცეს აქტის გამოცემის დღის მომდევნო დღის 18 საათამდე; ო) შეიმუშაოს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია; პ) პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს; ჟ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები: ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა ამ კანონით დადგენილი წესით; ბ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა. 4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ ინფორმაციას აწვდიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა. 6. ყველა სუბიექტი, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. 7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.“. 10. 342 მუხლის: ა) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან კანონის თანახმად პარტიისთვის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის მიცემული შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით. 51. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.“; ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. იგი დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. 12. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შეიძლება დააბრკოლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად სასამართლოს წარედგინება.“. 11. 343 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია. 2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოსაკითხ პირს ეს უფლებები გამოკითხვის დაწყებამდე უნდა განუმარტოს. ამ პუნქტის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.“; ბ) მე-4−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. ამ განმარტების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 5. გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. 6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. ამ გაფრთხილების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასაკითხად იქნეს დაბარებული.“. 12. 393 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი. აღნიშნული ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. ამასთანავე, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზე ვრცელდება ამ კანონის 342 მუხლის შესაბამისი ნორმები, აგრეთვე სხვა სათანადო საკანონმდებლო ნორმები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2025 წ. N1315-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები