დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4215-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010290000.04.001.018101 |
|
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 241 მუხლი: „მუხლი 241 თუ პარტია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ანტიკორუფციულ ბიუროს ამ კანონით გათვალისწინებულ საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში არ წარუდგენს ან მის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ანტიკორუფციული ბიუროსთვის ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილ ყველა ასეთ საფინანსო დეკლარაციაში ასახული ყველა შემოსავალი და ხარჯი ნულის ტოლია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართვის საფუძველზე აუქმებს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციას. მისი რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ ამ პარტიის დარჩენილი ქონება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.“. 2. 341 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარტიისგან, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ;“; ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი: „პ1) პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ ამ თავით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს;“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები: ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა ამ კანონით დადგენილი წესით; ბ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაციის, გამოთხოვა.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ მიეკუთვნება, ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო სასამართლოს წარუდგენს მიმართვას თავისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“; დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „5. ყველა სუბიექტი, რომლებსაც ანტიკორუფციული ბიურო მოსთხოვს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. 6. ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ანტიკორუფციული ბიურო ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.“. 3. 342 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ანტიკორუფციული ბიუროსთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ან კანონის თანახმად პარტიისთვის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის მიცემული შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას 2 000 ლარით.“; ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.“; გ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი: „17. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალულ შემოწირულებად, აკრძალულ საწევრო შენატანად, აკრძალულ ხარჯად მიიჩნევა ამავე კანონის რომელიმე მოთხოვნის დარღვევით ან/და დაუსაბუთებელი ქონების გამოყენებით განხორციელებული შემოწირულება, განხორციელებული საწევრო შენატანი, გაწეული ხარჯი.“. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 343 მუხლი: „მუხლი 343 1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს ანტიკორუფციულმა ბიურომ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია. 2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს. ამ პუნქტის მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე. 3. გამოკითხვის დაწყებამდე უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 4. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. ამ განმარტების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 5. გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას ანტიკორუფციულ ბიუროს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. 6. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თაობაზე. გაფრთხილების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს. 7. ანტიკორუფციული ბიურო ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ შეიძლება იგი მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად იქნეს დაბარებული. 8. გამოკითხვისას დასაშვებია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მისი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს. 9. გამოსაკითხი პირი შეიძლება დისტანციურად, ელექტრონული საშუალების გამოყენებით გამოიკითხოს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 29 მაისი 2024 წ. N4215-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები